სიმღერას ასრულებს ანსამბლი "ანჩისხატი"
1893 წლის 5 იანვარს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი “კვალი” გამოვიდა. რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი მოწინავე სტატიაში აღნიშნავს:
“გონებით დამშეულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გამოცემა, რომელიც მისთვის სასარგებლო საკითხავს თავის დროზე აწვდის და კვალდაკვალ მისდევს ყოველსავე მოვლენას, რომელიც კი საზოგადოების ყურადრების ღირსია…....
უგაზეთოდ, საჯაროდ ხმის ამოუღებლად და აზრის შეუჯიბრებლად ცხოვრება არამც თუ ძნელია, - შეუძლებელია...
ჩვენ ვეცდებით ჩვენსა და მკითხველს შორის მგრძნობიარე სიმები გავაბათ, იმის სიხარულით გავიხაროთ, იმის მწუხარებით შევწუხდეთ. შევეცდებით ყოველსავე მოვლენაზედ უტყუარი და საფუძვლიანი სიტყვა წარმოვსთქვათ, სამართლიანი აზრი დავადგინოთ. ცხოვრებას მეცნიერება გვერდში ამოვუყენოთ და მეცნიერების ყურით ვუსმინოთ , მეცნიერების თვალი ვადევნოთ ქვეყნის ჩარხის წაღმა-უკუღმა ტრიალს”.
ამ სიახლეს ფელეტონით გამოეხმაურა აკაკი წერეთელი : თქვენი გაზეთის სათაურს პირველი ასო “კ” რომ მოვაცილოთ ანუ კანი გავაძროთ - “ვალს” მივიღებთო. ანასტასიამ დაუდასტურა მგოსანს მიგნება, თომცა დააზუსტა, რომ სარედაქციო ჯგუფის “ვალი” სესხს ან ვალს კი არა, არამედ - საზოგადო მოვალეობას და ვალდებულებას ნიშნავს.
სწორედ ამ ისტორიითა ვარ შთაგონებული ახლა, როცა ჩემს ირაკლი ჩარკვიანთან შეხვედრას ვიხსენებ, როგორც“კანის გაძრობის” ერთ-ერთ მაგალითს.
ყველა ის საკითხი, რომლებიც ხუთი წლის წინ, ზამთრის სუსხიან დილას, ჩვენს გულსა და გონებას აწუხებდა, დღემდე აქტუალურია: ომი და საომარი რიტორიკა, სახელმწიფო მოხელეთა უპასუხისმგებლო და ავტორიტარული ქმედებები, არჩევანის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური და სამოქალაქო უფლებები.
“მეფეს შოუში” გამართული ინტერაქცია კარგად აჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მედიის მიერ სოციალური სინამდვილის, როგორც ორგანიზმის, სრულფასოვანი ასახვა და როგორი ნაკლოვანია მედია, რომელიც “საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის” წერს/მაუწყებლობს. ასეთი პოზიციის მიმდევრებმა ალბათ არც კი იციან, რომ დემოკრატიისთვის მხოლოდ კონკრეტული ადამიანი არსებობს და არა – საშუალო სტატისტიკური. თავისუფალ მედია სივრცეში ყოველი მოქალაქის ხმა/პოზიცია უნდა ისმოდეს და გათვალისწინებულ იქნას ისევე, როგორც - ჩინოვნიკების, მათი მეგობრების და ოჯახის წევრების.
ქალიშვილობა და დემოკრატია
იმ დღეს ისე ციოდა, რომ ”მწვანე ტალღისადმი” ჩემი ერთგულება რომ არა, - სახლიდან ფეხს არ გავადგამდი. ამას ისიც დაემატა, რომ ირაკლი ჩარკვიანი ”მეფეს შოუში” სასაუბროდ მიხმობდა თემაზე ”ქალიშვილობა: ტაბუ რელიგიური ელ-ფერით” .
გადაცემის დაწყებამდე ერთმანეთი გავიცანით და რადგან უკვე 2005 წლის დეკემბერი იყო, ჩვენს საუბარს უფრო დაძაბული და ნერვული სახე ჰქონდა, ვიდრე - მშვიდი და გაწონასწორებული. მასპინძელი ზომაზე მეტად ბობოქრობდა . არც მე შევხვდი მწყაზარი და მოდუდუნე. როგორც კი იგი მსჯელობას წამოიწყებდა, - მეორე წინადადებიდან მე ვაგრძელებდი და - პირიქით. ცოტა ხანში ისეთი ალიაქოთი ავტეხეთ, რომ რადიოს თანამშრომლები, როგორც სანახაობას, ისე გვიყურებდნენ. ჩვენი გაშმაგება პირველი ლედის ერთმა ინტერვიუმ გამოიწვია, მაგრამ ამაზე ბოლოს!
ეთერში გასვლის დრომ რომ მოაწია, მივხვდით რომ ”სიმხურვალე” უნდა დაგვეძლია და ქცევის წესებზე მაინც უნდა შევთანხმებულიყავით: მონოლოგი და სინქრონული მასლაათი არ გვინდა, - პოლიფონიას მივაწვეთ, რადგან მოქალაქეებიც ჩაგვერთვებიან და მათი აზრიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი შეხედულებები.
12 საათზე ირაკლი მსმენელს მიესალმა, მე წარმადგინა და პრობლემაში ”შესვლა” მისი პატარა ესსეთი დაიწყო:
”ბავშვობიდან ქალის საშოსთან დაკავშირებული პრობლემები ყველა ღირსეული და უღირსი ბიჭის განხილვის საგანია. პრიორიტეტული და დაფასებული სწორედ ის ბიჭი ხდება, რომელმაც ნახა ეს იდუმალებით მოცული ”ბერმუდის სამკუთხედი”, რომელიც მხოლოდ ქალებს აქვთ და მათ შორის - ბიჭების დედებსაც. ეს საშინელი, კომფუზის მომგვრელი ფაქტია. ამ ეტაპზე, როგორც წესი, საუბრები ბიჭებს შორის წყდება და სხვა თემებზე გადადის.
პირველად, როცა ქალიშვილთან მქონდა ურთიერთობა, ვერაფერი ვიგრძენი ტკივილის გარდა. ჩემი საწოლი სისიხლით იყო მორწყული და ჩემი პირველი სიყვარული გულამოსკვნილი ტიროდა. იმას კი რა მეკითხებოდა - მიყვარდა თუ არა, არამედ იმას - რა ეთქვა მშობლებისთვის? ყველაზე მეტად მამის ეშინოდა. ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც გავუმხელდით, - ეს იყო დედამისი, მხოლოდ მას გაუხსნიდა გულს.
მიღებული გადაწყვეტილებით გულდამშვიდებულებმა კიდევ რამდენჯერმე გავიმეორეთ ”ის”, რაც ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ცივად და უსიყვარულოდ იყო აღწერილი. სინამდვილეში კი ეს ღვთაებრივი აღგზნება არაფერს შეედრება ამ ქვეყნად. როგორც დიდებული საჩუქარი, სრულფასოვანი სიყვარული მხოლოდ რამდენჯერმე გეძლევა ცხოვრებაში და სხვა ყველაფერი იმ დიდი გრძნობის ლანდები და ანარეკლებია.
როცა პირველ სიყვარულზე ვწერ, მე ყოველთვის პირველი სექსუალური გამოცდილება მიდგას თვალწინ, რადგან სექსუალური ვნების, მიმზიდველი კანის, სურნელის გარეშე ძნელადწარმოსადგენია სიყვარული.
ასე რომ, ქალიშვილობა და მასთან გამოთხოვება სულაც არაა ადვილი არც დემოკრატიულ დასავლეთში და არც - აღმოსავლეთში, სადაც ქალებს ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის.
ნება მომეცით მოვწყდე მსოფლიო კონტექსტს და ქართველ ქალს დავაკვირდე დიდი ლუპით და დავინახო ის აკრძალვები, რომელიც უშლის მას ხელს სრულფასოვან ინტელექტუალურ წინსვლაში ისევე, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის, მათი საჯარო დეკლარირების. მე უნდა გავაღვიძო თქვენში მეფე, რომელიც ათი ათასჯერ მეტს შეძლებს, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვენი მეფე დღეს ლიბერალური დემოკრატიაა!!! რა შუაშია აქ ქალწულობა?
ჩვენი დემოკრატია ხომ ქალწულია და თითქმის ხელუხლებელი ხალხის მიერ.
ჩემი შოუს მიზანია: არ გვეშინოდეს გამოთქმის, გამხელის, მამის და ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ტაბუირებულია. ამ გზით უნდა მოვაღწიოთ მედიაორგაზმს.”
ამ საინტერესო შესავლის შემდეგ, მე ”ქალწულობის” და ”ქალიშვილობის” დაკავშირებას შევეცადე. სავარაუდოა, რომ სწორედ ღვთისმშობლის უმანკოება არის ის სათავე, საიდანაც გოგონებისთვის ქორწინებამდელი სექსუალური ურთიერთობის აკრძალვა მოდის. სწორედ იგი განაპირობებს ქალების დაქვემდებარებას და უუფლებობას:
”არჩევანის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნები ურთიერთდაკავშირებულია. თუ მე, როგორც სუბიექტი არა ვარ თავისუფალი, - ვერასოდეს ვიქნები თავისუფალი მოქალაქე. ვინც საქართველოში ცხოვრობს და არ არის ”ბრმა”, აქვს დაკვირვების და ანალიზის უნარი, ის მიხვდება, რომ ქალის ბედს ჯერ კიდევ ქალწულობა, ბიოლოგია განსაზღვრავს. ამის გამო ინარჩუნებს თავს უამრავი სხვა ჩამორჩენილობები, მაგალითად მოტაცება”.
ირაკლის გაუკვიდა, რომ ბოლოდროინდელი ევროპეიზაციის ნაკადის მიუხედავად მოტაცება, როგორც ქორწინების არქაული და ველური ფორმა, კვლავ სიცოცხლისუნარიანია. ნუთუ ჩვენ ვერ გავიგეთ, არ მივიღეთ დასავლური ღირებულებები? ამაზე მე ვუპასუხე, რომ ლიბერალური, დემოკრატიული იდეები დასავლეთში დაიბადა. ჩვენ ისინი უნდა გავიზიაროთ, ”ვთარგმნოთ”, რათა დემოკრატია ”ჩემოკრატია” არ გვეგონოს, ხოლო ევროპა - ”ევრორემონტი”. (კოტე ყუბანეიშვილის და ემზარ ჯგერენაიას ტერმინები). ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ღირებულებები, რომლებიც აქამდე მხოლოდ მექანიკურად ”ჩავაკერეთ” ქართულ სინამდვილეში და ამიტომ პოსტოპერაციული ტკივილები გვაქვს და შეიძლება განმეორებითი ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდეს. მე რომ “თანასწორობის” იდეა მივიღო, ამისათვის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეთნიკურად არაქართველებსაც, განსხვავებული შეხედულებების, პოზიციების მქონეთაც ჩემს ტოლად და სწორად უნდა განვიხილავდე”.
აქ ირაკლიმ გაიხსენა 90-იანი წლების დასაწყისი: “უზარმაზარი შეცდომები იყო დაშვებული. არანაირი ომი არ ყოფილა. ომი იყო შედეგი. დაიწყო სიტყვებით, (პირველად იყო სიტყვა!), ქსენოფობიით. ნებისმიერი ევროპელი რომ მიგვეყვანა ამ მიტინგებზე, - გული წაუვიდოდა, შეეშინდებოდა.”
უკვე პირველი მსმენელი შემოგვიერთდა. ძალიან ღელავდა , რადგან ის, რაზედაც ჩვენთან საუბარს აპირებდა, მისი პირადი განსაცდელი იყო: თავს ებრძოდა, შიგადაშიგ ხმა უკანკალებდა და ტიროდა, მაგრამ მაინც მოახერხა საუბარი:
”მე ჩემს თავზე ვილაპარაკებ, თუ ნებას მომცემთ. ოცი წელია გათხოვილი ვარ, მყავს ერთი შვილი. ვისთანაც ვცხოვრობ, არასოდეს არ მინდოდა ის ადამიანი. მან ძალა იხმარა, ამიტომ დავრჩი. ჩემი ოჯახის კი არ მრცხვენოდა, არამედ - ხალხის. რომ გამემხილა, ასეთი უბედური არ ვიქნებოდი. ჩემი დედ-მამა ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, - ეგონათ რომ მიყვარდა. შემიძულა დედამთილმა, როგორც მისი შვილის ”შემბმელი”. როცა დავფეხმძიმდი, ამ კაცმა აბორტი გამაკეთებინა, რომ სახლში ამ მდგომარეობაში არ მივეყვანე.
10 წელი არ მყავდა შვილი. ღმერთმა მომცა შვილი, “სახარების” კითხვა დავიწყე. ახლა ბიჭი მყავს და ის რომ არა, - თავს ჩამოვიხრჩობდი” (ტირის!).
ირაკლი ნუგეშად დაიღვარა:
”თქვენ განუყრელად იყავით ღმერთთან და მანაც სიყვარული დაგიბრუნათ. თქვენ გაუძელით გამოცდას. ბოლომდე უნდა გწამდეთ ცხოვრების. ყველას მინდა ვუთხრა, რომ შეუძლებელია შეგიყვარდეთ ადამიანი, რომელიც არ გიყვართ ან რომელმაც თქვენზე იძალადა. მომიკითხეთ შვილი. კარგია რომ მოგვიყევით ეს ყველაფერი. შეკავებული ინფორმაცია და ემოცია დემონია, აკუმულირებული უარყოფითი ენერგიაა, რომელიც გებრძვის, როგორც მარა ებრძოდა ბუდას”.
მეც დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველა, ვინც თქვენს ისტორიას მოისმენს, აუცილებლად თანაგიგრძნობთ და დაინახავს, რომ თქვენ უკვე გამოხვედით მსხვერპლის როლიდან და ამით ბედნიერი უნდა იყოთ. გაუხარდა ნუგეშისცემა და დაგვემშვიდობა.
მუსიკალური პაუზის შემდეგ ვაჟი მსმენელიც შემოგვიერთდა. მისი აზრით ქალიშვილობასთან დაკავშირებული ველური შემთხვევები ბიჭების ბრალია. ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ ეს სულელური ტრადიციული ნორმაა, მაგრამ თვითონ ცოლად მაინც უბიწოებს ეძებენ:
”გლობალიზაცია ჯერ ვერ ავუწყვეთ ფეხი. ინფორმაციულმა ვაკუუმმა განაპირობა უფროსი თაობის ჩამორჩენილობა. რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა მამა ზრდასრულ გოგოს 7 საათის შემდეგ გარეთ არ უშვებს? ”
ამით მშობლების კონსერვატიზმსა და ავტორიტარიზმს მივადექით, ამიტომ გვერდი ვერ ავუარე ქალების დაქვემდებარების საკითხს:
”ჩვენ ვცხოვრობთ მშობლების ოჯახში, მათზე ვართ ეკონომიკურად, ემოციურად, მენტალურად დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება საკუთარი სივრცე, რათა მოვიპოვოთ საკუთარი ადგილი. ვირჯინია ვულფი ამბობს, რომ სანამ ქალს არ ექნება საკუთარი ოთახი, - იგი ვერაფერს სერიოზულს ვერ შექმნის. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი ”ოთახი” აუცილებელია პირად და საჯარო სფეროში.
გლობალიზაციის პროცესი ქალს ახალ, ავტონომიურ ადგილს კი არ სთავაზობს, არამედ სექსუალიზებულ, დეკორატიულ იმიჯს, რომელმაც უნდა გაალამაზოს მამაკაცური წესრიგი. ტრადიციულ დედის ხატს ვნებისაღმძვრელი ლამაზმანის ხატი დაემატა. მოდერნიზაცია ქალებისთვის ”მოდელიზაციად” გაფორმდა.
ხომ ვხედავთ, როგორ შევიწროვდა მედია სივცე, იმისათვის, რომ ”ჯეობარი” დაწყებულიყო, დაიხურა ”ფსიქო’, - განსჯის, ალტერნატიული ხედვების, ანალიზის ასპარეზი.”
რადგან რუსთავი 2-ის ეს პროექტი ვახსენე, მსმენელთა ნაწილი იმ ისტერიკაზე ალაპარაკდა, რომელიც შოუს მონაწილეთა სითამამეს მოჰყვა: ზოგი დახურვას ითხოვდა, ზოგი - ახალგაზრდების დასჯას. ირაკლის ამ ამბავმა საღერღელი აუშალა:
”გახდა, სტრიპტიზი საქართველოს ყოველთვის უჭირდა, საკუთარი სიშიშვლის დანახვა. იდეოლოგებს უნდათ, რომ საქართველომ არ ”გაიხადოს”, არ ჩაიცვას საცურაო კოსტუმი და ტრადიციული, ილუშას და ნინოს სამოსი ატაროს. სანამ ქვეყანა საკუთარ ტანს არ დაინახავს, - მანამ დემოკრატიული ცხოვრება ვერ დაიწყება”.
აქ უკვე მეც ფრთები გავშალე:
”ამ ტანში არის ლამაზიც და უშნოც, მიმზიდველიც და გულისამრევიც, განუმეორებელიც და ორდინარულიც, პროგრესულიც და ჩამორჩენილიც. ჩვენი თვითშეფასება ცალმხრივია, თუ მთლიანობაში არ შევიცანით საკუთარი თავი. დადებითის იდეალიზება იწვევს ინტელექტუალურ კარჩაკეტილობას და სიბრმავეს, ნარცისიზმს.”
შემდეგმა მსმენელმა ეთნოგრაფიული წყაროები მოიშველია და აღნიშნა, რომ ქალწულობის ინსტიტუტს ეკონომიკური საფუძვლები აქვს. მისი საშუალებით ვაჟის ოჯახი სარძლოს ინარჩუნებდა, რადგან ქორწინება ორ ოჯახს შორის ეკონომიკური ხელშეკრულება იყო:
”ქმრის ოჯახისთვის ქალი ახალ მუშახელს, უფროსების მომვლელს წარმოადგენდა. სიყვარულზე და განქორწინებაზე საუბარის არ იყო. დროთა ვითარებაში, როცა წყვილები ცალკე იცხოვრებენ, ეს დრომოჭმული შეხედულებაც აუცილებლად შეიცვლება. თავისუფალი ეკონომიკა შეცვლის ტრადიციულ ნორმებს. ”თავისუფლება” და ”თავისუფალი ბაზარი” ახალ ტრადიციას აყალიბებს. ურბანულ კულტურაში ცვლილებები ხდება, ხოლო სოფლად პატრიარქატული ოჯახი უფრო მომგებიანია ეკონომიკურად.
ამავე მსმენელმა განმარტა, რომ ”ჯეობარი” ვუაიერისტული ვნებების კომერციალიზაციის მაგალითია. გოგი გვახარიას ინტელექტუალური შოუ ტელევიზიას შემოსავალს ვერ მოუტანდა. გაიხსენა ნიკა ტაბატაძის განცხადება, რომ მის მიზანს წარმოადგენს რეკლამის დამკვეთთა და თანამშრომელთა დაკმაყოფილება ანუ ჩვენი, მოქალაქეების, ადგილი მის ღირებულებებში არ არის.
ირაკლი ასეთმა პოზიციამ ძალიან გააღიზიანა:
”გოგი მაგ არხის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, რომელიც შემეცნებით სურვილს გვიკმაყოფილებდა. კულტურა პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნისათვის, რადგან იგი ერთ ადამიანს კი არ ავითარებს, არამედ - მთელს ხალხს. სანამ ამაზე არ იქნება აქცენტი, მანამ ეს ქვეყანა იქნება ველური და ასეთი ხელისუფლება ყოველთვის წააგებს არჩევნებს. სიბნელეს სინათლე ჯობია, - უკეთესია შედეგი.”
გადაცემის ბოლოს ახალგაზრდა ქალი შეგვეხმიანა. აღშფოთებული იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მეგრელიშვილის კომენტარით, რომელიც მან ახალ შრომის კანონთა კოდექსთან დაკავშირებით გააკეთა - ქალს, როგორც პოტენციურ დედას, სამსახურში არასდროს ავიყვანო. ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე ირაკლიმ პრეზიდენტის მუქარაც გაიხსენა: უცხო გემი როგორც კი გამოჩნდება, - ჩავძირავ ან გავანადგურებო. სახელმწიფო მოხელეთა უამრავი ასეთი უპასუხისმგებლო, წინდაუხედავი განცხადება ამოგვიტივტივდა გონებაში.
გადაცემის თემას რომ დავბრუნებოდით , ქალმა ძალადობის პრობლემაზე საუბარი წამოიწყო, მაგრამ დაგვამუნათა: ასეთი თემების ”გარეთ გამოტანა” ჩვენს კულტურაში არ არის მიღებულიო.
ამ პოზიციამ მოთმინება დააკარგვინა ირაკლის და ჩაერთო საუბარში:
”ქალბატონო, არ არის ასე! ჩვენთან მიღებულია არა დუმილი, არამედ - კონსტიტუცია, შეიძინეთ კონსტიტუცია, ის სამოქალაქო ცხოვრების ძირითადი წიგნია , როგორც საეკლესიო ცხოვრებისთვის - ”ბიბლია”. სხვა კანონებიც უნდა შეიძინოთ და გამოიყენოთ ცხოვრებაში”.
ამ მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო მოწოდებით შევეგებეთ შემდეგ მსმენელს, შუახნის მამაკაცს, რომელმაც ანეგდოტი მოგვიყვა:
”გარდაცვლილი მიხოს ცოლმა ტელევიზორის ყურება შეწყვიტა და გაბრაზებული ქმრის სასაფლაოსკენ გარბის: უნდა ამოვთხარო - რამდენი პოზა ყოფილა და ერთში ამომხადა სულიო”.
მსმენელი ჩვენგან აშკარად განრისხებულ შეძახილებს ელოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა ირაკლიმ მოკლე კომენტარი გააკეთა:
- რა ექნა კაცს, თუ ერთი პოზა იცოდა მხოლოდ?
მე კი სული კბილით მეჭირა, მაგრამ ეთერში მუსიკა შემოვიდა და ჩვენც მის ფონზე დავემშვიდობეთ მსმენელებს.
მკაცრი ხელი
სტუდიიდან ისევ სამზრეულოს დავუბრუნდით და გავაგრძელეთ დილით დაწყებული საუბარი სანდრა რულოვსის ინტერვიუზე, რომელიც მას, 2004 წლის თებერვალში, დანიური ჟურნალისთვის მიუცია (ციტირებულია შემდეგი სტატიის მიხედვით ” Georgia On His Mind – George Soros’s Potemkin Revolution”, by Amb. Richard Carlos, Sunday, 23 May 2004)
მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსა და პრეზიდენტის შესახებ პირველ ლედის ასეთი აზრი ექნებოდა:
“საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები: სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს, იმ პერიოდამდე მაინც, ვიდრე მას ძალაუფლების დაუძლეველი წყურვილი შეიპყრობდა. ამ ლიდერთა თვალთახედვა ცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება მკაცრი ხელი.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აღდგეს ხელისუფლებისადმი პატივისცემა, კანონი ნაკლები სიხშირით ირღვეოდეს და ხალხმა როდესმე ისწავლოს გადასახადების გადახდა. პასუხისმგებლობის გრძნობა აქ უაღრესად ნაკლებია... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს. აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინცობაა მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემისტული თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ. დღეს ხომ ყველა ჩვენ გვიყურებს..”
ხუთი წლის შემდეგ ეს ტექსტი გაასკეცებული ინტერესით იკითხება, რადგან ის, რისი ვარაუდიც 2005 წელს არ შეგვეძლო – უკვე მოხდა. თუმცა, მაშივნე რომ ქართულ “თავისუფალ” მედიას ამაზე ემსჯელა და დასკვნები გამოეტანა, შეიძლება ხელისუფალთა თავაშვებული ქმედებათაგან რომელიმე აგვეცილებინა.
ირაკლის მეორედ და უკანასკნელად ნაახალწლევს შევხვდი. პოსტსაცივური სტრესით დაქანცული ქალაქელები კაფეებს შეესივნენ და მეც ერთ-ერთ მათგანში შევძვერი. ერთმანეთი მოვიკითხეთ და რადგან მეპატრონე “რადიო თავისუფლებას “ უსმენდა, - ყურები ვცქვიტეთ:
“სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ ოსი სამართალდამცველები დააპატიმრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, თუ ისინი, როგორც თვითონ განაცხადეს, შობის დღესასწაულზე კონფლიქტის ზონაში ჩავლენ”.
მთელი კაფე ხარხარებდა, მაგრამ ძნელი იყო ამოცნობა : თვითგამოცხადებულებს დასცინოდნენ თუ - საკუთარ ხელისუფლებას. ირაკლის სიტყვები კი კარგად დამამახსოვრდა: “თამაშობენ ბიჭები!”
ლელა გაფრინდაშვილი
სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”, 2010, N65
გადაბეჭდილია: netgazeti.ge, 2010.10.27
უცნაური კაცი იყო, ძალიან უცნაური! სოფლის ბირჟაზე შეკრებილების საუბარი ყველაზე მეტად რომ დაიძაბებოდა, - თვალებს ხუჭავდა. ხოლო როცა ყველა დადუმდებოდა - თვალებს ახელდა და თავის აზრს ნელა, მომეტებული სიფრთხილით გამოთქვამდა. უკვე დიდი ვიყავი, როცა ამ მანერის შესახებ ვკითხე და დაუფიქრებლად მიპასუხა: თვალები არ აგეხილება, თუ არ დახუჭეო. ასე უფრო ლაპარაკს ვუსმენ, სიტყვებს ვუფიქრდები და დასკვნის გამოტანა მიადვილდება.
ამ “ბირჟავიკის” პოზას ხშირად ვიყენებ: განსაკუთრებით მარშუტკაში, უკანმსხდომთა საუბრის მოსასმენად. რამდენიმე სიანსი ჩამივარდა: როგორც კი ჩემი სკამის საზურგეს თავი მივადე, თვალები დავხუჭე და ყურები გავახილე, ვიღაცამ მკითხა: ცუდად ხომ არა ხარო? უარის მიუხედავდ, საუბარი მაინც გამიბა და ექსპერიმენტმა აზრი დაკარგა.
ისეთი ისტორიები მაქვს მოსმენილი?! აი, ერთ-ერთი:
- გოგო, ნახე გუშინდელი “სამოთხის მსხლები”? რა მაგრად ილაპარაკა ოთარმა?!
ცოლის გადაკეთება, მორჯულება და ასეთი “სირობები” ყველაზე დიდი სისულელეაო. თუ ცოლი ქმრად შეგირთავს, მაშინ მზად უნდა იყო, რომ მას ემსახურო, თუ არა და – დაიხურე ქუდი, ჩაალაგე ჩემოდანი და წადიო. მართალია, ვეთანხმები.
- რა სისულელეა?! რომელი საუკუნეა, რა დროს მხვერპლშეწირვაა?! მე ვერავის ვერ მივუძღვნი ჩემს სიცოცხლეს, რადგან იგი ჩემია და მორჩა!
- ჰოდა, ბევრს მოიგებ მაგით? სად იპოვი საქართველოში ქალს, რომელიც შენნაირს აიტანს. მამაჩემმა მთელი სიცოცხლე დედაჩემს და მე მოგვიძღვნა და სულ არ არის უბედური.
- უბედური შეიძლება არ არის, მაგრამ უფრო ბედნიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი ნახატები რომ ვნახე, გავგიჟდი. არ გეწყინოს, მაგრამ შენი და დედაშენის ნამუშევრებს მირჩევნია, ასი თავითაა თქვენზე მაღლა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მთელი ცხოვრება სწავლობთ, მუშაობთ, გამოფენებს აწყობთ. ძალიან ორიგინალური მანერა აქვს, ასეთი პოტრეტები ჯერ არ მინახავს. თან ყველანაირ ხალხს ხატავს: ღარიბს, მდიდარს, მეძავს, კეთილშობილს. პირველად მასთან ვნახე ბომჟის პორტრეტი. ვერ დამისახელებ ქართველ მხატვარს, ვისაც ასეთი ბოგანო აინტერესებდეს და ფული გადაუხადოს, - დაგხატავო. უნიკალური შემთხვევაა.
ისეთი დუმილი ჩამოვარდა, რომ თვალები თავისით /გ/ამეხილა და უცერემონიოდ მივიხედე უკან: შვილი ჭარხალივით წითელი იყო და მობილურზე ნერვულად წერდა მესიჯს. გამარჯვებული გოგო კი თვალდახუჭული უსმენდა მუსიკას – " Hey, teacher! Leave the kids alone! All in all your just anouther brick in the wall ! "
I.
თანამედროვე სამყაროშ, ინტელექტუალთა დიდი ნაწილი ენითაუწერელი სიხარბით ეწაფება წარსულს, მითებს და ბიბლიურ სიუჟეტებს – თითქოს მხოლოდ იქ არის კაცობრიობის გადარჩენის და ადამიანის ბედნიერების გასაღები.
ყველაზე ძალუმი და მრავალჯერადი ა/ი/ლუზიები კი პირველ ცოდვას უკავშირდება:
- ადამ, ნუთუ მართლა აგიკრძალათ ღმერთმა ყველა ხილის ჭამა?
- რა, ჩვენ მხოლოდ მსხლის ხის ნაყოფის გასინჯვას უნდა ვერიდოთ, თორემ უთუოდ დავიხოცებით.
- ტყუილად გეშინიათ! კი არ დაიხოცებით, არამედ თვალი აგეხილებათ: კეთილს და ბოროტს შეიცნობთ!
გველის/ეშმაკის მიერ წაქეზებული ადამი ინტერესით, ცნობისწადილით დააშტერდა მსხალს, მოეწონა, მოწყვიტა და იგემა, ხოლო მეორე – მეუღლეს წაუღო, უქო და გაასინჯა.
სირცხვილი და შიში – ორი, მათთვის აქამდე უცნობი გრძნობა დაეუფლა გულსა და გონებას. შემოქმედთან თავის მართლება დაიწყეს: ევამ ადამს დააბრალა მისი შეცდენა, ხოლო ადამმა – გველს.
დედა ღმერთმა ევა, როგორც მის რჩეული შეაჩვენა: რადგან შენ გაუგონე ქმარსა შენსას და ჭამე ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე, წყეული იყოს დედამიწა შენს სატანჯველად, ნარი და ეკალი მოჰყავდეს მას შენთვის, ოფლითა შენითა ჭამდე შენ პურსა შენსა, სანამ მიწაში არ ჩახვალ, რადგან მიწა ხარ და მიწადვე იქცევი.
ადამი, მთავარი დამნაშავე, ცოდვის პირველწყარო დაწყევლა: ვარამში და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლეს, განსაკუთრებული წვალებისა და ტანჯვის შედეგად მოიპოვებდე ცოლისგან სიყვარულისა და შვილების ყოლის უფლებას, იყო ცოლის მორჩილებაში და იგი უფლობდეს შენსა ზედა.
გველს კი მუცელზე ხოხვა, მიწის ჭამა და მამაკაცის მტრობა მიესაჯა.
ქერუბიმმა ადამი და ევა სამოთხიდან გამორეკა და ცხოვრების ხეს დაუდარაჯდა, რათა ცოდვილ წყვილს მისი ნაყოფის გასინჯვით უკვდავება არ მოეპოვებინა.
დაისაჯნენ “შვილები”, რადგან ისინი დაუპირისპირდნენ დედა ღმერთის წესრიგს: ყური უგდეს ამ წესრიგის მიღმურ, სურვილის ხმას.
თუმცა, ადამის ცოდვა უფრო დაიმახსოვრა კაცობრიობამ, მაგრამ არა როგორც წესების დამრღვევის, გაბედულის ან შემეცნებას მოწყურებული ქმნილების, არამედ - როგორც მაცდურის, ეშმაკისეულის და ზნედაცემულის. ევას არავინ მოიხსენიებს, რადგან იგი მსხვერპლია მამაკაცის და გველის/ეშმაკის ალიანსის.
ეს სიუჟეტი ყოველ დილას გვახსენებს თავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “სამოთხის მსხლების” წყალობით. მას 3 მამაკაცი უძღვება (ადრე ოთხნი იყნენ!) ცხადია, პირველ ცოდვისთვის არცერთი გადაცემა არ მიუძღვნიათ, მაგრამ მამაკაცების მეორეხარისხოვნებას და ქალების ყოვლადსრულობას, ნიჭიერებას და გენიალურობას ბევრჯერ “უმღერეს.”
გადაცემა ერთერთი იმათგანია, ქართული ტელესივრცის ოკეანეში ქალებს მშვიდი ცურვის საშუალებას რომ აძლევს, ხოლო მამაკაცებს – აიძულებს დაემორჩილონ უზენაესის კანონებს: არასოდეს გადაუხვიონ დადგენილი, შემტკბარი წესებიდან, არასოდეს დასვან ჩაგვრასთან, იგნორირებასთან, დაქვემდებარებასთან დაკავშირებული კითხვები. ეს ცოდვაა, რომელიც დედაღმერთის, დედების, დედა სამშობლოს ანუ ადამიანური არსებობის დედაბოძს არყევს. მორჩილება ჯობია: რაღა მაინცდამაინც “მსხალი” უნდა იგემო, როცა გარშემო ამდენი ხილია, უფრო ტკბილი, იაფი და ნაკლებად ხიფათიანი.
II.
კარგახანი არ ამომივიდა თავიდან მარშუტკაში, თვალდახუჭული მოსმენილი ამბავი, ამიტომ ინტერნეტში მოვიძიე ჩემთვის საინტერესო გადაცემა და შევუდექი საქმეს.
სტუდია გაფორმებულია მწვანე მსხლებით და წამყვანი მამაკაცებით. ისინი, ოთხივენი, მოუთმენლად ელიან მაყურებლის ზარს, რადგან გადაცემის თემაა – როგორ მოვარჯულოთ ცოლი/ქალი? ანუ როგორ შეინარჩუნოს ოჯახის კაცმა ცოლი და როგორ „გადააკეთოს“ იგი, თუ აღმოაჩენს, რომ მოლოდინი გაუცუდდა. ოჯახს ხომ არ დაანგრევს?! კაცი იმის კაცია, რომ დიპლომატიით, მოთმინებით მოარჯულოს ქალი, რომელიც ამ თანაცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანია და ოჯახის უფროსია.
წამყვანი I – კაცი ხომ უფრო ეშმაკია. მე ადამი ვითამაშე. ნანა ფაჩუაშვილი იყო ევა. როგორ მოვუგრიხე კისერი ცოლს, როგორ გამომოვაშტერე და გამოვათაყვანე?! ოღონდ ამისთვის ხერხებია საჭირო, კაცური ხერხები!
მაყურებელი კაცი – გააჩნია ოჯახი რა ასაკში შეიქმნება. თუ ქალმა გააცნობიერა – აღმზრდელია ის კაცი თუ დამანგრეველი? თუ ქმარი დამანგრეველია, მაშინ ცოლი კი არა, - ქმარია მოსარჯულებელი.
25 წლის შემდეგ ასაკში შექმნილ ოჯახში ცოლი შეიძლება მორჯულდეს. უფრო ადრე არც ცოლი იქნება დამჯერე და არც - კაცი ვარგა აღმზრდელად.
წამყვანი II – არ მომწონს ეს სიტყვა „მორჯულება“. რაღაც სასაცილოა და ცუდი ასოცოაციები მიჩნდება „ვეძებ დამჯერე ქალს, რომელიც კარგად ექვემდებარება აღზრდას...“ (იცინის).
წამყვანი III – არა, ჩვენ ადამიანი გვინდა, რომ მოგვეხმაროს.
წამყვანი IV – ბევრი კაცი იცი, რომელსაც ცოლის მოხმარება უნდა?! არ მინდა, რომ ცოლმა ჭურჭელი დამირეცხოს.
მაყურებელი კაცი – თუ აღმზრდელის ტონით დავიწყებთ კაცები, მაშინ ყველაფერი დაინგრევა..
წამყვანი I – ჩუმი მორჯულება, ეშმაკურად!
მაყურებელი კაცი – თუ ქმარი ჭკვიანია, - ისე მოირგებს ახალ ნიღაბს, რომ ეს გადასარევი შერწყმა იქნება.
წამყვანი III – თანაცხოვრება არის პასუხისმგებლობა. ოჯახის შექმნის შემდეგ, როცა ჩნდება ბავშვები, - იზრდება პასუხისმგებლობა , რომელიც თუ არ გადანაწილდა, მაშინ იწყება კონფლიქტები.
წამყვანი IV – არაჩვეულებრივად ფანტასტიური, ცნობილი წყვილია (არ მინდა ახლა დასახელება, ყველამ იცის!) წავიდნენ მოსკოვში გასტროლებზე. კაცი ნომრიდან გავიდა, მაგრამ გზიდან მობრუნდა, რადგან რაღაც დარჩა და ცოლი დახვდა ვიღაც კაცთან ერთად ძალიან პიკანტურ სიტუაციაში. რამხელა ადამიანი უნდა ყოფილიყო ეს კაცი, როცა სკანდალი კი არ ატეხა, არამედ თქვა – უკაცრავად, რაღაც დამრჩაო და გავიდა. მერე ცოლი გაეკიდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა..
წამყვანი I – ამბობენ, ხასიათი ბედიაო. შეიძლება ადამიანი შეგიყვარდეს, მაგრამ ისეთი ხასიათი არ ჰქონდეს, როგორსაც მოელოდი, მაგრამ გიყვარდეს.
წამყვანი II – არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არსებობენ ნორმალური და არანორმალური ადამიანები. ისეთ ადამიანს პოულობ, როგორსაც ეძებ. მე ბედმა გამიღიმა და შემხვდა , როგორიც მინდოდა.
ხშირად კაცებს უყვარდებათ „ძველი გოგოები“ და სახლში უნდათ, რომ მათ ჭურჭელი დარეცხონ, რაც ხშირად არ ხდება.
წამყვანი III – ბატონი ოთარია დღეს ჩვენი სტუმარი – არაჩვეულებრივი ადამიანი და ფანტასტიური მეუღლე, რომელსაც უნდა ვკითხოთ : შესაძლებელი თუ არა ცოლის მორჯულება და როგორი ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ?
ოთარი – მინდა გითხრათ (ირონიულად), რომ ქალის მორჯულება არის სისულელე, წარმოუდგენელია, თუ კაცი არ არის დუროვი (ცხოველთა მომთვინიერებელი) , ამას ხომ საყვარელ ადამიანს ვერ გაუკეთებს? წაიკითხეთ შექსპირის „ჭირვეული ქმრის მორჯულება“ და დაწყნარდით, კაცებო! რატომ ხართ ასე ანერვიულებულები?
წამყვანი IV – არის თუ არა იუმორის გრძნობა ერთერთი საშუალება იმისათვის, რომ მოვარჯულოთ ცოლი ან შევეგუოთ მოცემულობას?
ოთარი – მახსოვს, ერთხელ მე და გურანდა წავეკიდეთ და უცებ მითხრა:
-შენ როგორ მელაპარაკები, ხომ არ გავიწყდება ვის ელაპარაკები?!
- როგორ ვის ველაპარაკები? შენ გელაპარაკები! – გავიკვირვე მე.
- არა! დაფიქრდი, იცოდე!
გავჩუმდი, ვიფიქრე - ღამე გავა და დილით რამეს მოვიფიქრებ-მეთქი.
დილით გავამზადე საუზმე, გავიკეთე წინსაფარი, თავზე – პუჭპუჭები და აკანკალებული ხმით დავუკაკუნე:
- მე ვიცი ვის ველაპარაკები, მოწყალეო ქალბატონო, შეიძლება შემოვიდე?
რომ დამინახა, აუტყდა სიცილი. „ხერხი სჯობია ღონესა....“ გურანდას უყვარს იუმორი.!
წამყვანი III – ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ ვის მივყვებით, მაგრამ ადამიანები იცვლებიან. როგორც კი იქმნება პრობლემა, - ვინ უნდა დათმოს?
ოთარი – კაცი უნა იყო დამთმობი! მორჩა და გათავდა! ის შენი ცოლია და უნდა გაუფრთხილდე. რაც არ უნდა მოხდეს და გააკეთოს, - შენ გვერდში უნდა დაუდგე, მოითმინო და ყველაფერზე უთხრა “ჰო!“
წამყვანი III – ემანსიპაცია?!
ოთარი – ემანსიპაციას ვერ ვიტან! თუ ადამიანი ესეთია, - მას ვერ შეცვლი! ქალი არის ქალი, მას ვერ შეცვლი, შენ უნდა შეიცვალო! BOT!
წამყვანი IV – ასაკს ხომ აქვს მნიშვნელობა? ახლა მეცინება ბევრ რამეზე, რაზეც ახალგაზრდობაში რეაქცია მქონდა.
ოთარი – უარესს გეტყვი: ახალგაზრდობაში საერთოდა არაფერზე არ ვპასუხობდი, ყველაფერს ვითმენდი. მერე ბევრი რამ შეიცვალა, ახლა ჩვენ ვართ მეგობრები.
წამყვანი II – რა ეტაპზე მოხდა ცვლილება?
ოთარი – სანამ ბევრი წელი არ გავიდა. რეპეტიციებზე, როცა რამე არ გამომივიდოდა, მიყვიროდა :
- კარგი რა, ვერ უნდა გააკეთო? დებილი ხარ, რა!
მე ვუთხარი:
- ჩაინიშნე შენიშვნა და სახლში მითხარი, ყველას თანდასწრებით რატომ მაყენებ შეურაცხყოფას?
მერე სახლში ვაკეთებდით ყველა როლს.
წამყვანი I – ცოლ-ქმრის ურთიერთობა იმდენად ინდივიდუალურია, ხელშეუხებელია! იტან, რადაგან გიყვარს!
წამყვანი III – ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენ ბევრჯერ საკუთარ თავზე უარი გითქვამთ გურანდას სასარგებლოდ? თანაბარუფლებიანები იყავით? ის ყოველთვის წინ იდგა, ძალიან წარმატებული და ცნობილი იყო.
- უნდა მდგარიყო! თავიდანვე ვიცოდი ეს. მას იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ ღმერთმა მისცეს ყველა ქალს.
წამყვანი I – გურანდა ყოველთვის ზენიტში იყო, გმირი იყო. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მაინც შენ გაყენებდა მის გვერდით და ამიტომ სცემდი პატივს!.
წამყვანი III – თქვენ ხომ გქონდათ ნიჭი, შინაგანი ენერგია?! რატომ არ უნდა ყოფილიყავით თანაბარ პირობებში?
წამყვანი I – მაგაზე გვიპასუხა: ის ქალია და იმიტომო, უნდა დაუთმო პირველობაო.
ოთარი – ყველა ქმარმა უნდა დაუთმოს ცოლს! ან უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ არსებობ ამ ქალისთვის, მისი სიცოცხლის გასაგრძელებლად!
წამყვანი I – რამდენია, ვინც შესწირა თავის ნიჭი, რათა გზა მისცეს ცოლს?! არასოდეს გიჩხუბია, თვინიერს არ ჰგავხარ.
ოთარი – გურანდასთან? არასოდეს! მასთან სიტყვის შებრუნება შეუძლებელია. საერთოდ ტვინი იმისთვის გაქვს, რომ იფიქრო სულ იმაზე, რომ გული არ ატკინო და შენ გეტკინება თუ არა – ამას მნიშვნელობა არა აქვს. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ ჩაალაგე ჩემოდანი და „ჩაო!“
წამყვანი II – უნდა შევეწიროთ ცოლებს?!
წამყვანი IV – დიდი მადლობა! ასეთი დამოძღვრა ბევრ ოჯახს შეინარჩუნებს!
წამყვანი II – მე მაინც მგონია, რომ ცოლ-ქმრობა ეს არ არის მსხვერპლშეწირვა, ადამიანს უნდა უყვარდე. მაგრამ რაც უფრო მეტს მოითმენ, - უფრო შეინარჩუნებ ოჯახს.
წამყვანი IV – დათმობა ორივე მხრიდან უნდა იყოს და ასეც არის.
წამყვანი I– გამოსავალს ცოლ-ქმარი თავად პოულობს.
წამყვანი IV- .. და ისიც ვიცი, თუ სად პოულობს! (იცინიან!)
მაყურებელი კაცი – პირველი ეტაპი არის მოთმინება. მერე – ინტუიციით უნდა მიხვდე კაცი – სად მოითმინო და სად – არა.
წამყვანი III – რაც დიდხანს არის პატივისცემა, - მით უკეთესი!
მაყურებელი კაცი – ოთარი იყო მართალი, რადგან მან თქვა: მიყვარდა, ვაღმერთებდი ამ ქალს, მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება , ამიტომ ვიქცეოდი ასე, - ვითმენდი.
ჭამყვანი II- მოთმინება არ უნდა იყოს ჩაგვრა, მაშინ იქნები ბედნიერი.
მაყურებელი კაცი – ოჯახების დანგრევის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური გაჭირვებაა. როცა ქვეყანაში ტოტალური გაჭირვებაა, მაშინ ქმარი უნდა შეეხიდოს ცოლს.
წამყვანი I – ჩვენ მაინც საქართველო ვართ. კაცი უნდა იყოს დამთმობი. მდედრი ყოველთვის არის მესაკუთრე და „მე“.
მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, - შემეცოდნენ მორჩილებისთვის და მოთმინებისთვის განწირული მამაკაცები და 1898 წლის ქართული ამბავი გამახსენდა, როცა ერთი მეცნიერი ქალი „დროებაში“ ამტკიცებდა: მამაკაცების გონებრივი შესაძლებლობები ძალიან ჩამორჩება ქალისასო. ამ ნაკლს იგი იმით ხსნიდა, რომ კაცები უფრო ადვილად და ხშირად აღიგზნებიან სექსუალურად და მთელი ტვინი ფალოსში მისდითო. ეს ბუნების ვეტოა, რომელსაც ვერავინ შეცვლის, ამიტომ მამაკაცები უმჯობესია სახლში იჯდნენ და კერას მოუარონ და მოთმინებით ელოდონ –როდის „გაიღებს მოწყალებას“ მათი ცოლი და საქვეყნო, საკაცობრიო საქმეებით დაღლილი, საკუთარ სხეულს შესთავაზებს ქმრის მოჭარბებულ სპერმას. სხვა ასპარეზის კაცისთვის მიცემა ისეთივე აზრი აქვს, როგორც – წყლის საცერით შეგროვებას.
განრისხებული ემანსიპაციის მომხრე კაცი რამოდენიმე სტატიას უძღვნის ამ შეურაცხმყოფელ, კაცთმოძულე მეცნიერს: ბოლომდე ამხელს ბიოლოგისტური არგუმენტების სისუსტეს იმ საუკუნეში, როცა განათლებულმა საზოგადოებებმა ადამიანის ჩამორჩენილობის უმთავრეს მიზეზად სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები აღიარეს და არა – მისი ანატომია.
“.. ნუთუ თანამედროვე ოჯახს ასაზრდოებს მარტო ოჯახის ინტერესები? ნუთუ კერასთან აღმოცენდა და გაიზარდა ან უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში ქართველი ერის თვითცნობიერება? ოჯახიდან გამოიტანეს მესამოცე წლების მოღვაწეებმა თავისი საკაცობრიო იდეალები? რატომ უნდა ასპეტაკოს ქართველმა კაცმა ზნეობა მარტო ოჯახში? თუ ზნეობა არის გამოხატულება საზოგადოებისა, ერის წევრთა შორის ურთიერთობისა, თუ კი ეს ურთიერთობა ცხოვრების ყველა კუთხეში არსებობს, მაშინ რატომ ყოველგან არ უნდა ჰქონდეს ქართველ კაცს ადგილი თავის ზნეობის ვარჯიშისა, გაძლიერების და გასპეტაკებისა? ვინ მოგცათ თქვენ ნება კაცის ზნეობას ფარგალი შემოავლოთ, მატრიარქატული ცხოვრების ჩარჩოებში ჩასვათ? ამას არ ამართლებს არც ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, არც ჩვენი ეროვნული ინტერესი, არც საზოგადო საკაცობრიო იდეალი. საზოგადოდ თქვენს მოძღვრებას სრულიად უარყოფს მთელი ისტორია. მაშ შორს, შორს ჩვენგან თქვენისთანა მოძღვარი!.“
დიახ, ამ თანასწორობის მომხრე მამაკაცმა გაბედა და დაუპირისპირდა „დედების“ წესრიგს, დასვა კითხვები და გამოუვალ ჩიხში მოიმწყვდია ვითომ გონებაგახსნილი ქალები, რომელთათვისაც თავიანთი უპირატესობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამ შეპასუხების შემდეგ, ასე უპრაგონოდ ვეღარ ბედავდნენ „ერის დედები“ მამაკაცებზე ქირქილს და მათ შესაძლებლობებზე ტრაქტატების წერას.
მაგრამ რა ხდება დღეს? ვინ დგას მამაკაცის უფლებების დაცვის სადარაჯოზე? თუ ასეთებია არიან, მაშინ რატომ არ იღებენ ხმას იმ მატრიარქატული სტერეოტიპების წინააღმდეგ, რომლებიც ნიაღვარივით მოჩქეფს ტელევიზიებიდან, ინტერნეტ ფორუმებიდან?
ვინ იქნება გამბედავი და იტყვის:
- შორს, შორს ჩვენგან თქვენისთანა მოძღვარი!.“
ან
- Hey, teacher! Leave the kids alone! All in all your just anouther brick in the wall!
ლელა გაფრინდაშვილი
სვანურიდან თარგმნა ლელა გაფრინდაშვილმა
- რა უნდა გითხრა უსინათლო მოხუცმა ქალმა? ახლანდელ დროს არ ჰგავდა ძველი დრო, ასე დალხინებულად ვერ ვცხოვრობდით მაშინ. თუ კი რამ ჭირი და დაუნდობელი გამოჩნდებოდა, - ყველაფერი საცოდავ ქალს დაეძგერებოდა. რაც მახსოვს და გამახსენდება, - ყველაფერს მოგიყვები.
“ჟამიანობა” (იგულისხმება ქოლერის პერიოდი- ლ.გ) და მზის დაბნელება კარგად მახსოვს . ამას რა დამავიწყებდა. მაშინ კარგა მოზრდილი გოგო ვიყავი.
მე პირველი შვილი ვყოფილვარ და კრიჭა ისეთი შეკრული მქონია, რომ დედას პირი გაუხვრეტია ჩემთვის, - ძუძუ რომ ეჭმია. ამ გზით სული შემარჩინეს და გამომზარდეს. 6-7 წლის ვიყავი, როცა ჯერ ღორების მწყემსვა დამავალეს, შემდეგ – ცხვრების. დედაჩემი მატყლის ჩეჩვას. დართვას, დაგრეხვას, ქსოვას და კანაფის ძაფის დამზადებას მასწავლიდა. მხოლოდ ეს იყო ძველად ქალის საოსტატო საქმე.
ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი, როცა ჩემი საქმროს მშობლებმა “ფეხები გამიხსნეს” (იგულისხმება ადათი, რომლის მიხედვითაც დანიშნულ ქალს მომავალი დედამთილ-მამამთილი უფლებას აძლევს მამისეული სახლი დატოვოს და ქმრის ოჯახში გადავიდეს – ლ.გ.) და ერთი კვირა იქ, მათთან, ვიყავი.. მაგრამ მაშინ “გვირგვინის დადგმამდე” (დანიშნული ქალისა და სასიძოს ცოლ-ქმრად გამოცხადება – ლ.გ) ქმართან წოლა არ შეიძლებოდა.
თავისახლში (დანიშნული ქალის მშობლიური ოჯახი, სადაც იგი , ნიშნობის შემდეგ, 3-4 წელი რჩებოდა – ლ.გ) ყოფნისას ბევრი მოციქული მომდიოდა: ვინმე შეიყვარე, ერთი კაცის ამარა ხომ არ იქნებიო – მეუბნებოდნენ. ამიტომ საყვარელი გავიჩინე, მაგრამ ეს ამბავი, ქმრისა და ოჯახის წევრების გარდა, უამრავმა ადამიანმა იცოდა.
ერთ წელსაც ჩემს ძმას ვიღაც შემოაკვდა. კაცები გარეთ ვერ გამოდიოდნენ სამუშაოდ, ამიტომ კაცის და ქალის საქმე მხოლოდ ქალების გასაკეთებელი შეიქნა.. სათიბში და სახნავში ჩემი ქმარი და სხვა სიძეები მოდიოდნენ. მაშინ ახლანდელივით ცოტა ხალხი არ ცხოვრობდა ერთად (იგულისხმება “დიდი ოჯახი”, სადაც არა მხოლოდ ძმები, არამედ ბიძაშვილები ცხოვრობდნენ თავიანთი მონაგარით – ლ.გ). ძალიან ძნელად და იშვიათად იყოფოდნენ , ამიტომ სახლში უამრავი ადამიანი ირეოდა.
ორი წლის თავზე ჩემი ძმა მოკლეს. მიცვალებულის ჭირისუფალი ხომ ყოველთვის მხოლოდ ქალია?! დაკრძალვის შემდეგ ერთი წელი “ურწყვი” ვიყავი (იგულისხმება წესი, რომლის მიხედვითაც ცხოველური პროდუქტის ჭამა იკრძალება – ლ.გ.) მალე მამაჩემი მოკვდა, მერე – ბიძა და გამოვიდა, რომ სამი წელი “ბალახზე და პურზე გავატარე” .
“ქალის წესი” როცა მეწყებოდა, თუ უპატრონო სახლს ვერ ვიპოვიდი, მაშინ ბოსელში ან წისქვილში ვეგდე. მხოლოდ კვირის თავზე შემიშვებდნენ ხოლმე სახლში. ამის გამო, განსაკუთრებით ზამთარში, ხან რა სენი შემეყრებოდა და ხან – რა. საშინელად ვიტანჯებოდი და მხოლოდ “ცეცხლის მოტარებით” მწამლობდნენ. (გავარვარებულ ხის ნაჭერს მტკივნეულ წერტილებთან მიაახლოებდნენ, რათა სიმხურვალეს ტკივილი “დაეძლია” – ლ.გ.)
20 წლის არ ვიყავი, - ჩემი “ნაჭვლაში” (საქმროს მიერ ქალის მშობლებისთვის მირთმეული გამოსასყიდი - ლ.გ) მოიტანეს, რაშიც მაშინ ორი ყველაზე ნაყოფიერი ყანა, წყილი ხარი, სამი ძროხა და პირგასამტეხლო შედიოდა. ამის შემდეგ, ზუსტად ერთ წელიწადში გამიშვეს ქმართან. იქ ჯერ გოგო, მერე კი – ორი ვაჟი გამიჩნდა, მაგრამ ქმარი გარდამეცვალა და ობლების ბედი ჩემზე დაეკიდა.
მეორედ მოხუც და შეძლებულ კაცზე გამათხოვეს და ჩემიანებმა “ნაჭვლაში” მასაც ძველი წესით და ოდენობით გამოართვეს. ქმარი ოხერი, ავი ზნის გამოდგა: ძუნწი იყო და ყველაფერზე მეჩხუბებოდა, ყველა ჭაბუკის საყვარლობას მწამებდა. მაგრამ მე საცოდავს ეს ყველაფერი უნდა ამეტანა. მალე მეორე ძმაც მომიკვდა და სამი წელი ისევ “ურწვი” ვიყავი.
მეორე ქმართან ქალ-ვაჟი გამიჩნდა. მაგრამ ერთ წელს ქოლერა გაჩნდა და ავადმყოფების გარდა, ყველა შორი_შორს გავიქეცით. ქმარი, მაზლი და მისი ცოლი მოუვლელობისგან დაიხიცნენ. ჭირი სოფელს რომ არ გადასდებოდა, მეზობლებმა ჩვენი სახლი და მიცვალებულები დაწვეს.
როცა ქოლერამ გადაიარა, ყველა გადარჩენილი კერას დაუბრუნდა. შინ აღარაფერი დამიხვდა. კაცებმა, როგორც იქნა, სოფლის დახმარებით, სახლი გადახურეს, ორი გოდორი ფქვილი მოისესხეს ჩემთვის და საშოვარზე წავიდნენ.
მე და ჩემი შვილები კინაღამ შიმშილით დავიხოცეთ, ამიტომ მშობლებმა შემიფარეს უმცროსი ობლებით, უფროსებზეც თავლი მეჭირა.
ქალს მაშინ დიდი ჯაფა ჰქონდა: თოხნა, ფორცხვა, კარ-მიდამოს ქვებისგან გასუფთავება, თესვა, მარცვლეულის მკა, ლეწვა და განიავება, რეცხვა, ფქვილის დამზადება, ძროხის წველა, პურის ცხობა, საჭმლის მომზადება – ქანცის გაცლამდე მუშაობა.
მესამედ ისევ გამათხოვა თავისახლმა, მსუყე ოჯახში. ქმარი მეც მიყვარდა. ახლაც კაი გვარიანი “ნაჭვლაში” აიღეს. მე მხოლოდ სამი ნაბადი და სამი თექის ნაჭერი გადმომიგდეს, მეტი არაფერი! ასეთი წესი იყო მაშინ. ამ სახლში სამი ბიჭი გავაჩინე.
ახლა ყველა შვილი დამიბერდა, ზოგი – გარდამეცვალა. მხოლოდ მე შემრჩა სული და ვცოცხლობ, დარდების შემგროვებლად. სამი ქმარი მომიკვდა, ხუთი – შვილი, ოთხი –ძმა, სამი – და, ექვსი – შვილიშვილი და ამის გარდა – რამდენი ახლობელი და სახლიკაცი?!
თეთრ ლეჩაქს ვერ ვეღირსე თავზე!
სვანური ტექსტი იხილეთ საიტზე:
http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/svan/sc/sc.htm?sc174.htm
დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”, 2010/ N62