ვალიდური ადამიანები და
ინვალიდური საზოგადოება


ჩემი მამუკა

1984 წლის შემდეგ არ მინახავს, მაგრამ სულ მახსოვს. ყველაზე ნათლად მაშინ წარმოვიდგენ, როცა ზრუნვამოკლებულებზე, მიუსაფრებზე ან ჩვენგან დახმარების მომლოდინე ადამიანებზე ჩამოვარდება ლაპარაკი. სწორედ მაშინ ვაცნობიერებ, თუ როგორი ამაგი აქვს ამ ადამიანს ჩემზე და როგორი სითბო მეღვრება გულში, როცა მისი ფართე, გაღიმებული სახე მახსენდება.

მამუკა ჩვენგან განსხვავებული ბავშვი იყო: ზორბა ტანის, ხბოსავით მეტყველი და კეთილი თვალებით. გაკვეთილებსაც ამზადებდა და სასწავლო პროცესშიც ჩართული იყო, მაგრამ ზანტად, ფრაგმენტულად აზროვნებდა. ამიტომ მისთვის საკონტროლოები მე უნდა დამეწერა, ხოლო გაკვეთილის მოყოლისას სუფლიორობა “არქიმედეს” ანუ პაატას ევალებოდა. ამ ჩვენი “სამთა” კავშირის შესახებ სკოლაში ყველამ იცოდა. ხშირად ყოფილა, როცა ვალმოხდილის სახით ჩემი და მამუკას რვეულს მასწავლებელს მივაწოდებდი, იგი აუცილებლად შემაქებდა-ხოლმე: “შენიც დაწერე და მაგისიც? მალადეც გოგო!” ამ წუთებში ისეთ უცნაურ კმაყოფილებას ვგრძნობდი, რომ ზოგჯერ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.

არქიმედე თვითონაც შენელებული იყო და მამუკას კარნახისას საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ ამ ადგილს არავის უთმობდა: “თავი დამანებეთ, თქვენს საქმეს მიხედეთ!” – გვეტყოდა და ფეხებს გვიბაკუნებდა ანუ პირუტყვებივით გვიგერიებდა. განსაკუთრებით მაშინ ვუტევდით, როცა მისი ფალავანი “ორიანს” მიიღებდა და ყურებს ჩამოყრიდა. მოკლედ, ბევრჯერ ვცადეთ სხვა მერხზე გადაგვესვა და ვინმეთი ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. არადა, მთელი კლასი ელოდებოდა ამ ვაკანსიას.

მამუკას განსაკუთრებული სიყვარულის მოსაპოვებლად, ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, შეიძლება ითქვას - ვექიშპებოდით კიდეც, რადგან ვხვდებოდით, რომ მზრუნველის სტატუსი ყველასგან გამორჩეულ ადამიანებად გვაქცევდა. ბავშვისთვის, რომელიც თვითონ ალერსისა და ყურადრების საბურველშია გახვეული, ძალიან უცხო და ამიტომ საინტერესოა სხვაზე ზრუნვა, რუდუნება.

თვალწინ მიდგას – როგორ უსიტყვოდ მომადგებოდა ბიჭი და აიტუზებოდა ჩემს წინ. მეც, საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ავტომატურად ვუსწორებდი ამოჩაჩულ პერანგს ან პიჯაკის საყელოს. დედასავით ვიყავი მისთვის, პასუხს ვაგებდი მასზე. ისიც უშურველად მასაქმებდა. კმაყოფილებას არასოდეს მალავდა და მეც მეამაყებოდა, როცა თავის მძიმე ხელს, მადლიერების ნიშნად, მხარზე დამადებდა და სწრაფადვე გაიქცეოდა.

მამუკას რვეულში არაფერი უნდა შემშლოდა, რაგან ამისათვის კლასელები მისაყვედურებდნენ, მას კი - ხასიათი წაუხდებოდა. აი, ჩემთვის დაწერილში თუ რამეს მივქარავდი, - მასწავლებლები შეცდომად არც მითვლიდნენ, სიჩქარით მოუვიდაო, - ამბობდნენ.

დედამისი სევდიანი ქალი იყო. სკოლაში ხშირად მოდიოდა და ყოველთვის როგორც დიდს, ისე მელაპარაკებოდა. სარვამარტოდ სულ ლამაზ ჭურჭელს და სამზარეულოს აქსესუარებს მჩუქნიდა. ალბათ გულში ფიქრობდა კიდეც – ნეტავ, საჭმელსაც შენ უმზადებდე და აჭმევდე ამ ჩემს ბედოვლათ შვილსო.

მეათე კლასის გამოცდებიც ჩავაბარეთ და ჩვენი გზები გაიყო.

საინტერესოა, მას თუ ვახსენდები? ასეც რომ არ იყოს, მაინც არასოდეს ვიტყვი – არამია-თქო, რადგან ვთვლი, რომ მას უფრო დიდი ამაგი აქვს ჩემზე, ვდრე მე – მასზე. ამიტომ დავარქვი ამ მოგონებას “ჩემი მამუკა”. თუმცა თავიდან “ჩემი კლასელი მამუკა” მინდოდა მეწოდებინა, რაც სწორი კია, მაგრამ ამასთანავე უსიცოცხლო და არასამართლიანია. ასეთი ხელოვნურობისთვის როგორ გავიმეტებ ჩემს გაზრდილს.

გული ამიჩუყდა ამ ბიჭის გახსენებაზე! აუცილებლად უნდა ვნახო!

ჩემი დომკა

ყოველთვის, როცა ვინმესადმი უშურველად ვზრუნავდი, მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემი ბუნება კი არ იყო, არამედ თითქოს რაღაცას ვინანიებდი ამით.

სინდისის დამშვიდებისაკენ მიმართულმა გამოძიებამ ერთხელაც ჩემი ბავშვობისდროინდელი ამბავი გამახსენა, რომელიც დღემდე დროდადრო მახსენდება და სირცხვილისაგან ვიწვი.

დომკა ჩემი ნათესავი, გაუთხოვარი ქალი იყო, მამისეულ სახლში დარჩენილი და, როგორც ასეთი ქალების უმრავლესობა, - ოჯახის მოჯამაგირედ ქცეული. პატარა ქოხში ცხოვრობდა. მეტყველება უჭირდა, წელში მოხრილს და ფეხმტკივანს ხელში სულ ჯოხი ეჭირა და მოჩანჩალებდა. მისი ძირითადი საქმიანობა საქონლის მოვლა იყო.

დილით ადრე მიუყვებოდა სოფლის შარას, შემდეგ კარგ საძოვარს იპოვნიდა და იქ დაბანაკდებოდა. ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, სულ გვასაჩუქრებდა ტკბილეულით. ჩვენც გარს ვეხვეოდით, ვართობდით, მაგრამ ხშირად დავცინოდით კიდეც.

ერთხელ დავინახეთ, საძოვარზე ჩასძინებია და მობარებული საქონელიც არსად ჩანს. მისი გაღვიძება გადავწყვიტეთ. მე, ამ მიზნით, უშველებელი ქვა მოვიმარჯვე და ვესროლე მოხუცს. საშინელი გმინვის ხმა რომ მომესმა, - მივხვდი რა ჩავიდინე. ბავშვებს ისე შეეშინდათ, რომ მიმატოვეს და ამ ტყეში ჩემს დანაშაულთან პირის-პირ დავრჩი.

სასოწარკვეთილებისაგან თვალები მაგრად დავხუჭე, ყურებში თითები გავირჭე, პირქვე დავემხე და მიწაში თავი ჩავრგე. გონს მოვეგე თუ არა, - გავფრინდი სახლისაკენ... მხოლოდ ჩემს დას, ნატოს, მოვუყევი რაც მოხდა. მან კი სანუგეშოდ ნალიაში დამალვა შემომთავაზა.

როცა უფროსებმა დაიძინეს, სახლიდან გამოვძვერით, დიდი კიბით სასიმინდეში ავხოხდით და გულაღმა ვეყარეთ გათენებამდე. ენა არ გაგვიჩერებია. ეს უხვსიტყვაობა საშინელების მოლოდინით გამოწვეული ისტერიკა იყო.

მზის ამოსვლასთან ერთად ძროხის ბღავილის ხმა შემოგვესმა. სამალავიდან თავები გამოვყავით. ვხედავთ, დომკა ჩვეულებრივად მოაბიჯებს, თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს და საიქიოდან მობრუნებულის არაფერი ეტყობა.

კისრისტეხვით გამოვცვივდით შარაზე, მივვარდით დომკას და კოცნა დავუწყეთ. განსაკუთრებით მე ვაქტიურობდი. მან ცრემლმორეული თვალებით შემომხედა და ცივად მომიშორა. მიხვდა რომ “ის” მე ვიყავი, რადგან ლაპარაკი კი უჭირდა, მაგრამ გონებითა და გრძნობებით სხვებზე ღრმა და გულწრფელი იყო.

დაახლოებით ერთი თვე ვემალებოდი დომკას, მაგარმ როცა ნატოს ხელით კამფეტი გამომიგზავნა, - მივხვდი, რომ ზურგი მოურჩა და შემირიგდა, მაპატია.

მიხარია ეს წერილი რომ დავწერე. ამით კიდევ ერთხელ ვუბოდიშებ დომკას. გარდა ამისა, ვიცი, რომ ჩემი და ნატოს გარდა იგი სიყვარულით არასოდეს არავის გაახსენდება და ამიტომ ორმაგად კმაყოფილი ვარ. ჩაგვრისა და დაჩაგრულების მიმართ ჩემი, ზოგ შემთხვევაში გამძაფრებული მგრძნობელობა, სწორედ ამ მოხუცის დამსახურებაა.

საზოგადოება, სადაც მამუკა და დომკა არ ჩანან და მათი ხმა არ ისმის, სწორედ რომ ინვალიდურია (უვარგისია), რადგან მისი წევრები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ვალიდური და თანასწორუფლებიანია.

ლელა გაფრინდაშვილი
”სოლიდარობა” N1 (28), 2009

3 comments:

  1. საოცრად თბილი წერილია, მადლობა :)

    ReplyDelete
  2. თქვენი ორივე წერილი წავიკითხე. დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა. პატივისცემით! კახა ხუცაიძე

    ReplyDelete
  3. Anonymous24/9/13 19:01

    Dzalian magaria :) tkbili da tbili.
    Mariami

    ReplyDelete