OMNIS DETERMINATIO EST NEGATIO

1855 წელს ჟურნალ `Зурна~-ში გამოჩნდა მოთხრობა `კატო და ანა~. ავტორის “Будущая Грузинская Писательница~-ს ტექსი მეფელეტონეს (მიხეილ თუმანიშვილი) მიმართ საყვედურით იწყება: `ნება მიბოძეთ, მოწყალეო ხელმწიფე, მოგმართოთ მცირე შენიშვნით: მალე ერთი წელი სრულდება, რაც მიცნობთ; წაკითხული გაქვთ ჩემი კალმის ზოგიერთი ნამოქმედარი, მაგრამ აქამდე არა ცდილხართ გაგეგოთ, თუ ვინ არის თქვენი ნაცნობი ლიტერატორი და რა უხილავი ძალა ამოძრავებს საწყალ და უსწავლელ აზიელ ქალს, სერიოზულ სალიტერატურო მუშაობას მოჰკიდოს ხელი? და რომ მოგესურვებინათ ახლო გასცნობოდით იმ გარემოებათ, რომელთაც იგი იმ აუცილებლობამდე მიიყვანეს, რომ ნუგეში ეძია ამ არაქალურ მუშაობაში, _ თქვენს კეთილ თვალთა წინაშე გარდაიშლებოდა ბევრი რამ მოულოდნელი და ახალი. თქვენ იქნებ მოგწონებოდათ კიდეც აზიელი ქალის მოთმინება და თქვენი დასტური ძალიან შეამსუბუქებდა მის ტანჯვას. მაგრამ თქვენ საამისოდ არა გცალიანთ. მაშ ნება მიბოძეთ, მე თვითონ გითხრათ ჩემი ცხოვრების თუნდ ერთი მეათასედი. გამოთქმის საჭიროებასა ვგრძნობ... ვწუხვარ მხოლოდ, რომ არ შემიძლიან რუსულად, ლამაზი სიტყვით გადმოცემა და იქნებ ზიზღითაც მომისმინოთ... მე ისიც კი არ ვიცი, თუ საიდან დავიწყო... მაგრამ სულ ერთია: როგორი საძაგელიც არ უნდა იყოს ჩემი მოთხრობა, ვიმეორებ, დადგა დრო, რომ გულახდილი მოყოლით შევიმსუბუქო ჩემი მდგომარეობა.

მოდგმით ნამდვილი ქრისტიანი ქართველი გახლავართ, იმ ძველი და საჩინო ხის უჩინარი შტოთაგანი, რომელსაც ორი საუკუნის განმავლობაში ნეტარ ფესვებს მიწის ძირამდე, მაღლა სტყორცნის ახალ ღეროებს... მეც ამ ხის ჩრდილქვეშ დავიბადე, სოფელში, რომელიც ერთ დროს ჩვენი მეფის რეზიდენციას შეადგენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცუდ ვარსკვლავზე დავბადებულვარ... რასაკვირვეია, ნაზი მოპყრობის გამო სწრაფად გავზრდილვარ, მაგრამ სავაგლახოდ. სწრაფად გავზრდილვარ იმ ბრძოლისათვის, რომელიც მელოდა... მართლაც, მე რაღაც თავისებური და უცნაური ბავშვი ვყოფილვარ... ორი წლისა სიზმრებს ვხედავდი, და ისე, თითქოს ვეხებოდი კიდეცდ. სამი წლისა, სიზმრად ნანახს ვუამბობდი ჩვენს მოახლეებს, რომელნიც თავისებურად ჰხსნიდნენ და მიწინასწარმეტყველებდნენ საშინელ მომავალს. ვწუხვარ, რომ ვერავინ გაიგო, რაც მელოდა და არ მაფრთხილებდნენ შესაფერისად... ექვსი წლის ბავშვი ლექსებს ვთხზავდი...

ამ ხანებშივე ძალიან მომინდა ენათა შესწავლა და უნდა გამოგიტყდეთ, რომ საამისო ნიჭი დიდი მქონდა, მაგრამ ღმერთმა არ მომცა საამისო შემთხვევა, მშობლებიც მიშლიდნენ, არ უნდოდათ, რომ მცოდნოდა რომელიმე ენა მშობლიურის გარეშე. ამას გარდა, სიმღერის და მუსიკის შესწავლის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა, რადგან ჩვენში, აზიაში, დედათა სქესს ეს დიდ სირცხვილად ეთვლებოდა. სამაგიეროდ, მე პირველი ვუმეგობრდებოდი იმათ, ვინც მღეროდა და ზღაპრები იცოდა.

...მეთორმეტე წელს წიგნები კითხვამ გამიტაცა. ქალურ ხელსაქმესაც წყურვილით ვეკიდებოდი. ჩემი მოქმედება ჩემთვისვე იყო გასაოცარი. არც ერთ წუთს არ ვრჩებოდი უსაქმოდ, და ამ ჩემი დაუდგრომელი ცხოვრებით ვსნეულდებოდი, ხშირად ავადვმყოფობიდი, რაც მეტად აწუხებდა ჩემს მშობლებსა~. რადგან ოთახში წიგნის კითხვას უშლიან, იგი ვენახში გაიპარება, წაიკითხავს, დაწერს, წიგნს და ქაღალდს ბალახს წააყრის და სახლში ბრუნდება. ამ ვითარებაში შეისწავლა რუსული და აზერბაიჯანული.

მელანიას ინტერესები შეეჯახა/დაუპირისპირდა დედის სურვილებს: დიდედა მარინეს მსგავსად მწყაზარი და თვინიერი ყოფილიყო, გათხოვილიყო და აღესრულებინა ვალი ოჯახის წინაშე.

`...გათხოვების შემდეგ კვლავ წიგნებს დავუბრუდი, რაც ჩემს ქმარს მრავლად მოეპოებოდა... პირველად ხელში ჩამივარდა `დაბადება~, რომელიც ჩემზე უფრო დიდი იყო და მძიმე... ხან მანცვიფრებდა შემოქმედის საქმენი, მის დასვენების დღემდე, ხან მაინტერესებდა ადამიანის ცხოვრება ქრისტეს მოსვლამდე, ხან ლმობიერებაში მოვყავდი დავით მეფის ერთგულებას ღვთისადმი და მის სათნოებას სულის სიმკაცრის წინაშე. მახსოვს, რომ ამ დროს ჩემი აზრი აფორიაქებული იყო საშინელი გაოცებით. ბიბლიურ მეფეთა ცხოვრებას რომ ვეცნობოდი, ისე ცოცხლად წარმოვიდგენდი, თითქოს ოდესმე მცნობოდნენ ან მენახნენ. ამასთან მომაგონდა, რომ ქართველები ცხედარს მკვდარს კი არ უწოდებდნენ, არამედ მიცვალებულს, გარდაცვალება, ე. ი. სახის შეცვლა, ერთი სახიდან მეორეში გადასვლა... მეჩვენა, თითქოს მეც, შესაძლოა ოდესღაც მეცხოვროს, და ახლა კი სახეშეცვლილი ვიყვე~.

ყველაფერში, რაც მელანიამ წაიკითხა მთავარია ავტორი/აქტორი, რომელიც შეპყრობილია თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრებისაკენ სწრაფვით: `რატომ არ შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო ჩემს თავზედაც? რატომ არ უნდა ვცადო ჩემი ძალა? ვცდი რას გავაკეთებ?~ ამ კითხვებით აფორმებს იგი მის მიზანს და იწყებს მელანია-შემოქმედის წარმოებას/კვლავწარმოებას ანუ იხსნებს/აღწერს/მოგვითხრობს იმას, რაც აგონდება ბავშვური ოცნებებიდან _ უფლებების მოპოვებამდე.

`...რომ ოდნავ მაინც განვითარებულიყავი, დავწერე რომანი ქართულ ენაზე. მინდოდა ექვს ნაწილად გამეყო... მას მე ვუწოდე აზიელი ქალის პირველი განცდა. წარმოუდგენლად ძნელი იყო ჩემი მუშაობა. ზოგჯერ ღამით მომივლიდა რაიმე აზრი ანდა გამოთქმა; მე ავდგებოდი და, თუ ბნელაში ვიპოვნიდი ქაღალდს, ვსწერდი ალღოთი. შემდეგ, როცა ყველანი ადგებოდნენ, ძლივს ვარჩევდი დაწერილს, ხან კი, როცა ქაღალდს ვერ ვიპოვიდი, ვიჯექ თვალდახუჭული ლოგინში და საათობით ვიზეპირებდი იმას, რაც უნდა დამეწერა. ასე დავამთავრე რომანის წერა... შემდეგ დავეჭვიანდი მის ღირსებაში. ჩემი თავი მოუმზადებლად ჩავთვალე. წარმოვიდგინე, რომ ჩემი მოთხრობა გამოიწვევვდა დაუმსახურებელ დაცინვას და დაწუნებას. დიდხანს არ მიფიქრია, ისე დავჯღაბნე ნაწერი რომ ჩემს მეტს ვერავის წაეკითხა... ხან დაწვა მინდოდა, ხან მინდოდა გამეზიარებინა ვისთვისმე... დაუდგრომლობამ და შინაგანმა ბრძოლამ გამოიწვია ეს ჩემი ავადმყოფობა. ლოგინად ჩავარდი...~

ასე, პრეზენტაციის გარეშე დაიკარგა მელანია მამაცაშვილი-ბადრიძის პირველი ტექსტი: თვითკრიტიკისა და კრიტიკისადმი შიშმა მისი `პირმშო~ შეიწირა, ხოლო `დედა~ ავად გახადა.

`მეორე შვილი~, მოთხრობა `კატო და ანა~ ჯერ პიესის სახით უნდოდა დაეწერა, მაგრამ როცა ქართული, რუსების მიმბაძველობით შექმნილი სცენები გაახსენდა, _ გადაიფიქრა!

სულიერი ბრძოლის, სკეფსისის, მელანქოლიის ნაკადში უცებ ჩნდება სიხარულის სამი ნიშანსვეტი: პოეტური სიხარული, ეროვნული გარდაქმნებით გამოწვეული აღტაცება და ოჯახზე გამარჯვების გამო განცდილი სიამაყე.

`...ჩემს სიცოცხლეში ყველაზე დიდი ზეიმობა განვიცადე მაშინ, როდესაც დაუვიწყარმა რუსულმა ოჯახმა (მათ მელანია თბილისში წამოიყვანეს _ ლ. გ.) მოიწონა ჩემი საყვარელი საქმე და მით დამარწმუნა, რომ ჩემი მისწრაფება არ იყო უაზრო...

ასეთივე წუთები განვიცადე კიდევ ორჯერ, და როცა მათ ვიგონებ, სიამოვნებით ვივიწყებ განვლილ სიმწარეს. ...დიდი ხანი არ ვყოფილვარ საქართველოს დედაქალაქში და როცა დავბრუნდი, ვეღარ ვიცანი... ჩემთვის დადგა ზეიმის მეორე წუთი: დავინახე ჩემს თვალთ წინ, როგორც ჯადოსნობა, რომ ახლა ის, რაზედაც ვოცნებობდი; მივხვდი, რომ მოვესწარ საქართველოს განათლების საუკუნეს, რომ მაშასადამე, ამაოდ არ მიმეცადინია, რაც შემეძლო ჩემს ცოდნას რომ შევსწირე ძალა, რომ ახლა არავინ გამკიცხავს, რომ ახლა თვით ჩვენ ქალ-ვაჟები გამოდიან თეატრის სცენაზე, თამაშობენ პიესებს და როგორს? _ ქართულს!.. თითქოს ახალი წვიმა დამეპკურა და ჩემი ძველებიდან გადარეცხა აზიური ჟანგი. მაშ, ამიერიდან ჩვენშიაც შეიძლება ქალმა იაროს თავისი მოწოდების გზით.

მაშ ახლა მეც ნება მექნება გავიხსნა ხელები და თავისუფლად განვაგრძო ის, რასაც აქამდე ხალხს ვუმალავდი...

...სრული დამშვიდებისათვის მე მაკლდა კიდევ ერთი სიხარული; არ ვიცოდი ჩემი მშობლებიდან დასტური ჩემი საქმისადმი და ჩემი ცხოვრების მიმართულების გამო. მათ გამოუსადეგარად მიაჩნდათ ის, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო. მაგალითად დიდი შრომა დამჭირდა, რომ გამემგზავრებინა ერთი ჩემი ძმათაგანი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. მოხუცებმა დამითმეს, თუმც ძალაუნებურად შემდეგ დიდხანს ვიტანჯე მათი უკმაყოფილებით, თუმც მუდამ შორს ვიყავი მათგან. ბოლოს განგებამ მესამე სიხარულიც გამომიგზავნა. ჩემი გამარჯვება სათაყვანებელ მშობლებზე.

რუსმა მეგობრებმა და ჩემმა კეთილისმყოფელებმა, რომლებთანაც ნაცნობობას თბილისში კვლავ განვაგრძობდი, მიიღეს ჩემი მშობლებისაგან წერილი შემდეგი შინაარსის: ღვთის გულისათვის შეგვატყობინეთ ჩვენი ქალის ამბავი. მას კი გადაეცით, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ არ გვესმოდა მაგისი, ვერ ვაფასებდით, და დღეს კი ვრწმუნდებით. მის საყვარელ ძმებს, რომლებიც ძალით წაგვართვა, რომ კადეტთა კორპუსში გაეგზავნა, გაუთავებიათ სასწავლებელი. უფროსი არტილერისტი გამოსულა, უმცროსი ქვეითი და წასულა დუნაიზე, არტილერისტი კი ჩამოვიდა ჩვენთან, ახსოვს მხოლოდ თავისი და, ჩვენ ვერც კი გვიცნო. მან მოიტანა პეტერბურგიდან დიდი ფაიფურის წითელი კვერცხი, მაცხოვრის აღდგომის სურათი და გვიამბო, რომ წარსულ წელსა, აღდგომას შვიდი რჩეული კადეტი წარუდგენიათ მეფისათვის სასახლეში და რომ დიდმა მთავარმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძემ აკოცა მათ და სათითაოდ აჩუქა ეს ფაიფურის კვერცხები საკუთარი, მეფური ხელით. წარმოიდგინეთ ჩვენო მეგობრებო, ეს მოულოდნელი ბედნიერება. ჩვენ ქალმა გააბედნიერა ძმები, ჩვენ კი მას უსაყვედურებდით, რომ შვილები წაგვართვა და ციმბირში გადაგვაკარგვინა. უთხარით, რომ ახლა ვლოცავთ მაგას, ძმა კი ხატის წინ ინახავს მეფის ფასდაუდებელ საჩუქარს და ამბობს: მაჩვენეთ ჩემი და, ის არის ჩემი ბედნიერების მიზეზი და მანვე უნდა შეინახოს ეს ძვირფასი საუნჯე. ეს საამო და საღმთო მოვალეობაა, მას ეკუთვნის სრული უფლებით... უთხარით კიდევ, რომ ვხედავთ, თუ ქვეყანა როგორ გამოიცვალა, თუ როგორ დედ-მამა ფულებს ხარჯავენ ქალების განათლებაზე და რომ მისი რუსული წერა-კითხვა არ არის დასაწუნი და გასაკიცხი~. არც ჩვენთვის და აღარც სხვისთვის

ამგვარად მელანიამ განიცადა სრული ნეტარება: მოხდა მისი ქცევის/ცოდნის/მისწრაფების ლეგიტიმაცია-ლეგალიზაცია, მაგრამ მხოლოდ სხვების წარმატების, თვითდგენის, თვითდამკვიდრების შედეგად. რომ არა ძმების აღიარება, მას არავინ გაიხსენებდა. ამას გრძნობს `მარადი შვილი~/ `მარადი და~, ამიტომაც ეს გამარჯვება რიგით მესამეა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიხარული კი სხვების მიერ მისი გადაწყვეტილების (გახდეს მწერალი!) მოწონებაა.

მოთხრობის `კატო და ანა~ 19-ე საუკუნის ქართულ საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობას ასახავს: ძველ, პატრიარქალურ ტრადიციებსა და ახალ, რუსი გენერლებისა და პოლიციელების მიერ დაპირებულ, გარდაქმნებს შორის. ოჯახის მამა, ლუარსაბი ადათ-წესების აპოლოგეტია, მისი ცოლი თამარი კი _ რუსოფილი, რომელიც მზად არის თავისი ქალიშვილი, ხვიხვინ ხვიხვინიჩის მიერ შერჩეულ სასიძოს მიათხოვოს. ნაწარმოების ფინალი დაკარგულია. ჩვენ ასევე არა გვაქვს იმ ორი მოთხრობის ტექსტი, რომელიც მან რუსულად, მაგრამ ქართული ასოებით დაწერა, მერე ვიღაცამ მოაწესრიგა და გაზეთ `Кавказ~-ში მიიტანა.

ამ საინტერესო ბედის გაცნობით ჩვენ აღვწერთ იმ კულტურულ პარადიგმებს/პარადოქსებს/დეტერმინანტებს, რომლებიც აფორმებენ/აწარმოებენ 19-ე საუკუნის ქალთა ცხოვრებას და შემოქმედებას:

1. ქალის/ქალისქალიშვილის ფუნქციების და მისწრაფებების წინასწარგანსაზღვრულობა გარეშე/სხვა/სხვათა საჭიროებებით და მიზნებით;

2. ქალი-შემოქმედის პრეზენტაციის მიუღებლობა როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების მიერ. ამიტომ ავტორი უმეტესად უცნობი/ამოუცნობი/დაფარული და შენიღბულია ფსედონიმით.
მელანია მამაცაშვილი_ბადრიძე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, 19- ე საუკუნის 70-იან წლებში.


ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე

1895 წელს მარიამ დემურია აქვეყნებს მოგონებას, სადაც მოთხრობილია ბარბარეს გათხოვების ამბავი: `საზოგადოთ იმ დროს ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავ, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონაო, როდესაც მღვდელი ქორწინების წესს ასრულედა, ამ დროს ეკლესიაში ღამურა შემოფრინდა, დავინახე თუ არა ღამურა, მღვდელს ვუთხარი: `მღვდელო, მღვდელო, შენი ჭირიმე გაჩუმდი, მე მგონი, ჩემი იადონი შემოფრენილა და მინდა დავიჭიროვო~. ასე დასრულდა ბარბარეს ოცნებები სწავლა-განათლებაზე: `უწინდე დროში თავად-აზნაურობას საძნელოდ თურმე მიაჩნდა ქალის სასწავლებლად პენციონში მიცემა და ოჯახშივე ასწავლიდნენ საღმრთო-საერო წიგნებს, მაშინდელ დროსავე ჩასაცმელ-დასახურავის მოთხორვნილებების ხელსაქმეებს და ის იყო და ის, მით იყვნენ კმაყოფილნი და არ საჭიროებდნენ ქალების სხვადასხვა ენების ცოდნას და სწავლა-განათლებას~. გამდელი დილავარდისას საშუალებით სასულეირო განათლების მიღების შემდეგ თუ რაიმე შეისწავლა, მხოლოდ ცოდნისადმი მისი დაუოკებელი სწრაფვის წყალობით. რელიგიური დღესასწაულები, რიტუალები, ძველი გადმოცემები და მომაბეზრებელი ყოველდღიურობა ერნაირად საინტერესო იყო ყმაწვილი ქალისათვის. იგი (ისევე, როგორც მელანია მამაკაცაშვილი) დაუსრულებლად კითხულობს წიგნებს, რომლებიც ქმრის ოჯახში აღმოჩნდა.

60-იან წლებში ზაქარია ჯორჯაძეს (ქმარს) უკვე გაფლანგული აქვს ქონების დიდი ნაწილი და სამუშაოს საძებნელად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: ტფილისი, ცაგერი, ლაილაში, ზუგდიდი. ბარბარე სამი მცირეწლოვანი შვილით (მიხეილი, ნოშრევანი, მანანა) მეურნეობას პატრონობს. ხშირად შესთხოვს ძმას რაფიელს ჩაერიოს მის გაჭირვებულ ცხოვრებაში: `მაგ შენს სიძეს ურჩიე წამოვიდეს. მეჟევანიაში აბა, ვინ უნდა იყოს. მთელი ჯორჯაძიანი დადიან და მე ასე მითვლიან, რომ ზაქარია რადგან არ არის, ეს მამულები დაგეკარგებათო. თუ მიანდობს ვისმე, ექვსი თუმანი და ექვსი მანეთი არის თქვენზე ხარჯის და თუ არ გამოგზავნა წილი დაეკარგებაო. მაგას ასე ჰგონია, რომ აქ არაფერს ყურის გდება არ უნდოდეს და ჰყვანდეს ვინმე საქმის წამმართავი, ყველას ხომ არ დაჰკარგამს და ცარიელი არ დარჩება?~

იმედგაცრუებული ბარბარე იძულებულია წავიდეს ქმართან. როგორც ჩანს, იგი აქაც ნაყოფიერ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ამას მოწმობს მის არქივში დაცული წერილი `გამომშვიდობება და ჩემი ანდერძი~ : “მშვიდობით, ჩემო მშვეიერო დ დაუვიწყარო კახო, კაკო! მართალია მოვშორდი შენს ტურფა სახეს, შენს ამწვანებულ ტყით მოსილ გორაკებს, შენს ამღვრეულს, მაგრამ ზოგჯერ სარკიან კურმუხს, შენს ნაკადულს, შენს შფოთიან წისქვილ-დანგებს, შენს წმინდა გიორგის სალოცავს, შენს ტურფა და უმანკო შკოლას და შენც კაკელო, კახეთელის ძმაო! გეუბნები, მოვშორდი ყოველიფერს შენისას კაკო, მაგრამ გული ჩემი მაინც შენსკენ არის!.. მრავალი სანუგეშო და არა სანუგეშო საქმენი ვნახე მე, ამ ოთხ წელში, შენში მრავალ-წამებულო.

...გახსოვს, რა მდგომარეობაში, რა ყოფაში, რა ცხოვრებაში და რა დაჩაგრულობაში ვიყავით ამ ერთი წლის წინათ? გახსოვს, როგორ გათამაშებდნენ ძრიელნი ამ წუთისოფლისა? გახსოვს, როგორ ჩუმათ ვტიროდით შენთან ერთად? მაგრამ აწინდელმა ნეტარებამ, მგონია, იგრე მაღლა აიტაცა შენი არსება, რომ ყოველი შხამი წარსულისა უნებლიეთ დაივიწყე.

...ახლა რა შევიძინოთ და რა დავიმკვიდროთ უთუოდ იკითხავთ და პასუხსაც მოელოდებით ჩემგან. ბევრი რამე კაკელებო და აი განსაკუთრებით: დღეს თქვენს შკოლაში, ჩემს მაგიერად ჰხედავთ სხვას! მაგის დანიშნულება ის არის, რაც ჩემი იყო, მაგან დაუღალავად და მოუსყიდავად თქვენ შვილებზე (და სხვათა შორის თქვენზედაც) უნდა იზრუნოს. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: `სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელეო~. მგონი, თქვენც მრავალჯერ გაგიგონიათ. მაშ, ისწრაფეთ სწავლისადმი, ვიდრე დრო არის! ახლა ხომ ცხადათ ხედავთ მის საჭიროებას? ნუ მოაკლებთ თქვენს შვილებს უბრალო ქართული წერა-კითხვის ცოდნას! ხომ კაგათ გახსოვთ ყასიმა, კოსტა, მურადა, ჰაჯი-ქაუზა, აღა შირინა, ალავერდა, რუშინა და სხვანი რა დროს მოდიოდნენ ჩემთან წერა-კითხვის სასწავლებლათ? ესენი დღისით მუშაობაში თავს იკლავდნენ, ღამით კი შკოლაში მოგროვდებოდნენ! თუ თქვენ მესტიას შეუძლია ოთხს თავის შვილს შკოლაში აღზრდა მისცეს, რატომ ყველა თქვენგანს ერთის შვილის სწავლა არ შეუძლია? ვიდრე დრო და კეთილი შემთხვევა გაქვს, ისწავლე და განსაკუთრებით შენი შვილები შკოლაში გაგზავნე. ხომ გაგიგონიათ: საუკუნე იცოცხლეო, საუკუნე ისწავლეო!~

ამ ანდერძს მისდევს ბარბარეც. იგი არასოდეს უსურვებს სხვას იმას, რაშიც დარწმუნებული არ არის, რაზეც არ უფიქრია. ეს მრწამსი განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა მის პუბლიცისტიკაში. 1859 წელს იგი ლავრენტი არდაზიანს ქართული მწერლობის შესახებ ეკამათება. მის პოზიციას დიმიტრი ბაქრაძეც დაეთანხმა და 1860 წელს ისტორიული მიმოხილვა `ქართველი ქალები~ ასე დაიწყო: `...ღირსება `გარკვევისა~ (იგულისხმება ბ.ჯ.-ის წერილი –ლ.გ.) სძევს თვით იმის საგანში... იგი დაწერილია სასიამოვნო საუბრის ენით, აზრები გამოხატულია საღად და აღბეჭდილი ნამდვილის დედობრივის გრძნობით. სჩანს, კნ. ჯორჯაძისა ცნობის-მოყვარეა, კითხვაში და მსჯელობაში დახელოვნებული, სამამულო ენისა და სიტყვიერების წარმატება გულითა სურს. არღვევს არდაზიანის კრიტიკას, რომლითაც ვითამც ის აღკრძალავს ლექსების საჭიროებას. თავისის სიტყვის დასამტკიცებლად ბუნებითს წესს იხსენებს, რომელსაც ადამიანში სხვა და სხვა ნიჭი დაუნერგია. კნ. ჯორჯაძისა შიშობს, რომ ამ გვარმა უსაფუძვლო და აჩქარებულმა კრიტიკამ ახლად დაწყებული საქმე არ დაამციროს. ამას გარდა, ისტორიისაკენაც მიაქცევს ჩვენს ყურადღებას და მოიხსენებს ძველთაგანს საქართველოს მეცადინეობას, სიბრძნეს და ხელოვნებას. თუმცა ჩვენი მამული დიდს გაჭირვებაში და აღრეულობაში ყოფილაო და იმისს შვილებს არა ჰქონიათ არც ლიცეები, არც უნივერსიტეტები და არც ენების ცოდნაო. ვიცით მხოლოდ ერთი ან-ბანი.

ეს ან-ბანი არის საღმრთო წერილიო. აქ ავტორი გვირკვევს, რა სარგებლობა გამოგვაქვს საღმრთო წერილის ცოდნითა. ეს სარგებლობა არის _ მითვისება ჭეშმარიტებისა, დაწესება სჯულისა, მნიშვნელობა ქრისტიანობისა, დამარხვა მცნებისა, სიყვარული მოყვასისა და პატიოსნება. ამ ანაბანის ცოდნას უმეტესად ქალნი ეტანებოდნენო~.

დ. ბაქრაძის გარდა, ბარბარეს სხვა მრავალი მხარდამჭერიც ჰყავდა: აკ. წერეთელი, ეფემია ანდრონიკაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, გიორგი ანდრონიკაშვილი.

1861 წელს გამოქვეყნებული წერილები: `თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ~ და `პასუხს პასუხი~ აგრძელებს ქართული ენის მოდერნიზაციის შესახებ დისკუსიას. ილიას წინასწარი განწყობა და პათოსი პასუხის პათოსი მან ეპიგრაფშივე ნათელყო:

`Из нашей литературы хотят устроить бальную залу и уже зазывают в нее дам, из íàøèõ литераторов хотят сделать светских людей в модных фраках и белых перчатках, энергию хотят заменить вежливостью, чувство – приличием, мысль – модною фразою, изяшество – щеголоватостью, критику – комлиментами~. (ბ. ბელინსკი). ამას ემატება მწერალი ქალის მისამართით გამოთქმული მრავალი ეპითეტი: `კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები: ეგ ხელოსნობაა და არა ხელოვნება~, `თუ `ცისკარი~ უვარგისია, კიდევ თქვენგან, ყვავებო, ფარშევანგის ფრთებითა, ბულბულებო ყორნის ჩხავილითა!~ `ეხლა რომ კაცმა ჰსწეროს, ცოდნის და განათლების გარდა, ნიჭიც უნდა ჰქონდეს!.. ეს რომ ჩვენ მწერალ ქალს არ ესმის, _ ეგ გასაკვირელი არ არის, რადგანაც ბევრიც სხვა არ ესმის და ანბანის თეორეტიკაზედ აუშენებია თავის ხელოვნება და შინიდგა ფეხი არ გაუდგამს~. `მე იმისთვის ვლაპარაკობ ეგრე სასტიკდ, პირმოუფერებლად, რომ უნიჭონი და ამასთან უსწავლელნიც თავის ოთახიდან ფეხს ნუ გამოდგამენ გარეთ, ლიტერატურაში, ამას ვთხოვ ხალხის სახელითა, ხალხისვე სახელის დაცვისათვის!..~

`უნიჭო და ამასთან უცოდინარი მწერალი არა მარტო ენას ახდენს, ამასთან გონებას, გემოვნებას, გულს და სულს მკითხველისას. ამას ჩვენ მწერალ ქალს არ მივაწერთ, რადგანაც მაგათ არც წახდენა შეუძლაით რისიმე და არც გაკეთება.~

`ესტეტიკური, სენტიმენტალური, დრამატიზმი და სხვანი _ ეს სიტყვები საჭმელად მიუღია ამ მწერალ ქალსა. მე აქ არა მეთქმის რა ამის გარდა, რომ ეგ სიტყვები სუსტ არსებისათვის ძალიან ძნელი მოსანელებელია~.

«ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მწერალი ქალი აღარ აპირობს ჩემზედ პასუხის დაწერას და, თუ პოეტობაზეც ხელს აიღებს, _ ღმერთი, რჯული _ დიდ ღვაწლს მხოლოდ მაშინ დასდებს ჩვენს `ცისკარს~».

`სულ შინ მჯდომელს სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს, თუ არა მაგისთანა კეთილგონიერი მასხარაობა განათლებაზედ. მაღალ სასწავლებელს დაბალი გონება ვერ მისწვდება, ტყუილია!~

`...თუ კნ. ბ. ჯორჯაძისას არ ესმის ეგ სიტყვები, ჩემი რა ბრალია. მიბრძანებს, აგვიხსენიო: მე არაფრის მასწავლებელი არა ვარ და ნამეტნავად ანბანისა, რომ ეგენი აგიხსნათ...~

დაკვირვებული თვალი/გონება იოლად აღმოაჩენს ილიას გაღიზიანების უხილავ მიზეზებს: ქალი კრიტიკოსის გამბედაობა, მისივე მკაფიო არგუმენტები. ეს ფისქოლოგიური, გაუცნობიერებელი საფუძვლები აპირობებს მწერლის სურვილებს, რომლებიც ბარბარეს სახლში ჯდომასა და მისი ოთახიდან გამოუსვლელობაში, პოეტობისათვის თავის დანებებაში ვლინდება. ამის მიუხედავად ჯორჯაძის პასუხი თანხმობაზეა ორიენტირებული.

`შინიდამ კარში არ გამოსულხართ და უნივერსიტეტის გავლენის ქვეშ არ ყოფილხართ _ ვითომც არ ვარგოდეთ. ვითომც თქვენი ნაწერი იყოს უაზრო, უსაგნო, თვინიერ ყოვლის მშვენიერებისა, ყოვლის ხელოვნებისა...

მე არასოდეს არა მწამდა, როგორც აღვითქვი კიდეც, მიმეცა პასუხი თ. ილია ჭავჭავაძისათვის, თუ რომ იქნებოდა ჩემი რამდენიმე აზრი დარღვეული ზრდილობიანის და განათლებულის კალმით, მაგრამ რადგან ჭავჭავაძეს პასუხის შორავს ზრდილობას და უშვერებით დაუბადებია ახალი ენა, უეჭველია ამ ახალს ენას პასუხი მოეთხოვება...

დიდო პოეტო! ახლა კი დრო არის შევრიგდეთ. დალოცვილო, კარგათ იცით და დარმწუნებული ხართ, აქ მტრობა არ არის რა, არც ყმაზედ და არც მამულზედ, არამედ მცირედი დავა სიტყვიერების ღირსების დაცვაზედ და, ეს შერიგებაც ამით იქნება. თქვენის სურვილისამებრ, როგორც თქვენ თვითონ ინებეთ, შედგენილი გვაქვს ჩვენ და ჩვენთა მოძმეთა კვარტეტი კრილოვისა, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ერთი გვაკლია, _ მომღერალი. იმედი გვაქვს, როგორც პოეტი და კარგი მაღალხმოვანი, მიიღებთ მონაწლეობას და ამასთანავე დაგვარიგებთ თუ როგორ დავსხდეთ... ახლა კი მშვიდობით და თუ გსურსთ კიდევ მეორედ ნახვამდინ~.

წერილის (პასუხის პასუხი) ასეთმა დასასრულმა ცხადია დააცხრო `გაბრაზებული~ ილია, მაგრამ ქალი-შემოქმედის მიუღებლობა კიდევ მრავალჯერ გამოვლინდა. 1886 წელს მან დაწერა რეცენზია ბ. ჯორჯაძის პიესაზე `რას ვეძებდი და რა ვიპოვე~, რომელიც ჯერ კიდევ 1867 წელს გათამაშდა ქუთაისის თეატრში და მას შემდეგ წარმატებით იდგმებოდა (მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა, ვასო აბაშიძე, მანანა ჯორჯაძე, დავით აწყურელი).

`ეს პიესა, როგორც გვითხრეს, ამ ექვსის წლის წინ დაწერილა... ჩვენის ფიქრით, ურიგოს არ იზამდა თეატრის ეხლანდელი გამგეობა, რომ, თუ შეიძლება, იშვიათად შეაწუხონ ხოლმე ეს პიესა...~

ამას მოჰყვება მსახიობთა ოსტატობის კრიტიკა, ქალების კოსტიუმების დაწუნება და დავით აწყურელის ქება.

1880 წელს ბარბარემ დაამუშავა დრამა `მშვენიერი კეკელა~, რომელიც არ გამოქვეყნებულა. ამ წლებში მან შექმნა საყმაწვილო სახელმძღვანელო `დასაწყისი სწავლისა~, რომელიც ან-ბანის შესწავლის ახალ კონცეფციას გვთავაზობდა: `მე ამისათვის მომივიდა ეს ფიქრი, რომ სკოლის მასწავლებლები ჩიოდნენ ხოლმე _ ბატონო, მოვაყოლებთ ხოლმე ყმაწვილს ანბანს და რამდენიმე ხანი სწავლობს და როდის გავა ბოლომდე ანბანსო, დასასრული არა აქვსო. მე რომ ესენი მქონდა გაგონილი, ვამჯობინე ასე: ჯერ მთელი ანბანი მხატვრობით შეისწავლოს ბავშვმა, ცალკე დაჭრილებიც უნდა იყოს და წიგნშიაც ასე დახატული, რაც კი წაუშლელია უნდა დაიხატოს, მაშინ ყმაწვილი მთელს ანბანს შეისწავლის შემოკლებით~. ამ სახელმძღვანელოს შესახებ ბარბარე ანასტასია თუმანიშვილსაც ატყობინებს: `ერთი საყმაწვილო წიგნი დავსწერე დასაწყისი სწავლისა, რომელშიაც იყო შედგენილი ანბანი სულ მხატვრობით ერთ მარცვლოვანი და ორმარცვლოვანი ასოებით, ესე იგი, რომ დაიხატოს ხე, ბუ, ჭა, ია, გზა და სხვანი... რადგან ყმაწვილი უფრო მალე შეისწავლის და გასაკვეთათაც ისევ ან-ბანის ასოებით იყო სიტყვები შეერთებული. ამასთანავე წვრილ-წვრილი ლექსები და ზნეობითი მოთხრობები იყო შიგა და შიგ ჩართული~... რამოდენიმე წლის შემდეგ გამოსულ წიგნზე `დედა ენა~ ბარბარე რაფიელს წერს: `ეგ ვიღა ბრძანდება გულისაშვილი, რომ ჩემი შედგენილი დასაწყისი სწავლისა თავისად გადაუკეთებია და ისე დაუბეჭდვინებია, ესეც ხომ სამზარეულოს წიგნი არ არის, რომ ვიღაცას დაუბეჭდია და უსახელოთა ყიდიან~.

როგორც ჩანს, ბარბარე ჯორჯაძის ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობდა საზოგადო მოღვაწეთა წრეში, მაგრამ ოჯახური ცხოვრებით კარჩაკეტილი და ასპარეზდახშული მათი ავტორის წვლილი არავის ახსენდებოდა.

მას, ვისაც ბარბარე ჯორჯაძის შემოქმედებიდან მხოლოდ `ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი~ ახსენდება, ვეტყვით, რომ გარდა ლექსებისა, მის კალამს ეკუთვნის რეალისტური მოთხრობები და ხუთი პიესა (მათგან სამი: `მკითხავი~, მშვენიერი კეკელა~, `სარკით მოტყუება~ გამოუქვეყნებელია).

ბ. ჯორჯაძის პროზაული ნაწარმოებები ნოველებს მოგვაგონებს. მათში დომინანტ მოტივს ავტორის თანამონაწილეობა და თანაგანცდა წარმოადგენს. ქალის ბედისა მიმართ სოლიდარობა ზოგჯერ მოულოდნელად იჭრება ნაწარმოების კომპოზიციაში და მთლიანად წარმართავს მკითხველის განწყობას/განწყობილებას. პუბლიცისტურ წერილში `რამდენიმე აზრი ახლანდელს მდგომარეობაზე~, მოულოდნელად იწყება საუბარი ერთ გაუბედურებულ ქალზე, რომლის საქმრო, ავი ენების და მოშურნეთა წყალობით, სხვაზე ქორწინდება. იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილი ქალის გარდაცვალებას ბარბარე ასეთ კომენტარს უკეთებს; `ოჰ! ვინ მოსპო, ვი არის პასუხისმგებელი?..~

ქალის შესახებ ტრადიციული შეხედულებების გადააზრების მოტივი მონაწილეობს მის ყველა მოთხრობასა და პიესაში: ერთი მხრივ, პატრიოტი, გმირი დედა და ქალიშვილი, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი/რეალური და ყოველდღიური ცხოვრების მიერ შექმნილი ქალი. იდეალსა და რეალურს შორის მოქცეული ავტორი არჩევს იყოს დამკვირვებელი, აღმწერი და არა განმსჯელი ან გამკილავი. მისი მგრძნობელობა ქალის ხვედრისადმი პირადი გამოცდილებით არის განსაზღვრული. ამიტომაც ბ. ჯორბაძე თამამად და დაუფარავად ცხოვრობს თავის ნაწარმოებებში, მონაწილეობს პიესების ინსცენირებაში და ძალიან ბრაზობს, როცა ქალები სცენაზე გამოსვლას გაურბიან.

წერილში `ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ~ ბ. ჯორჯაძე ეძებს საფუძვლებს ქალის დაბეჩავებული, დამორჩილებული მდგომარეობისა: `პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ `შენ, რადგანა შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ,... სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო~. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: `მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდე, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო~. გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა ლუკმას ვერ შესჭამო, _ რა იყო უფრო დაემონებინა... მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვითონ დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: `თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით,... ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი...

...ჩვენმა იესო ქრიტემ ბრძნაა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არც დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.

საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა, და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქლი, როდესაც კაცები მამულის დამცველებად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი?..

...ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუკი საქმეს არ უშველიან რასმე~.

ბ. ჯორჯაძის შემოქმედებაში მთელი სიცხადით/სიმძაფრით არის ასახული 19-ე საუკუნის II ნახევარში საქართველოში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაციები. ბარბარეს პუბლიცისტიკა, პოეზია, პროზა ისეთივე პოლიფონიური და დრამატულია, როგორც მისი ცხოვრება. იგი 1895 წლის 11 აპრილს ლენქორანიდან თბილისში მომავალი გარდაიცვალა.


ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი

ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი ასე აღწერს თავის ცხოვრებას: `ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, მალე დავწვრილშვილდი (თერთმეტი შვილი მყავდა), ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. მე არ დაუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, _ ყმობას და თავშეწირვას კერისას, _ ამისათვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა... მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გაუკეთე და იქიდამ მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას, შევეცადე ორიოდე აგური მაინც დამედო იმ წმინდა საძირკველზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩაჰყარეს ჩემი ქვეყნის საუკეთესო შვილთ. ორი აგურის მომატება საზოგადო სამსხვერპლოზე დიდი რამ არ არის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ: საცა არა რაა, იქ ცოტაც ბევრად გამოჩნდებაო~.

ეკატერინემ განათლება ჯერ მწიგნობარ შარიკოვის ქვრივის საშინაო სკოლაში, ხოლო შემდეგ - მადამ ფავრის პანსიონში მიიღო.

1868 წლიდან ეკატერინე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას: ხსნის სამრევლო სკოლებს და ცდილობს დროების კვალდაკვალ თვითგანვითარებისაკენ სწრაფვაც არ შეანელოს. მის არქივში ხშირად შეხვდებით მრავალგზის გადაკეთებულ, ჩასწორებულ გამონათქვამებს ქალის განათლების აუცილებლობასა და საჭიროებაზე. მაგ.: `გონება ყოველთვის ცივი და მიუდგომელია, სანამ იგი ყმაწვილი ქალის იერზედ არ გაიელვებს~ ან `იაზროვნე, იაზროვნე, თუნდა შეცდომით, რადგან თვით აზროვნებაშია სიცოცხლის არსიო~.

1870 წელს `ივერიაში~ გამოჩნდა წერილი `გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე~, სადაც ეკატერინე აღწერს განათლებისადმი/სწავლისადმი თანასოფლელების დამოკიდებულებას, გაუცნობიერებელ შიშს ახალი, მათთვის უცხო საჭიროებების მიმართ. ამ პუბლიკაციაში პირველად გაისმა ხალხოსნური, განმანათლებლური შეგონება უბრალო ადამიანების მიმართ: `განა ვერა ხედავ, როგორ ყველაში გჯობიათ სწავლულნი ხალხი: როგორც გონივრობაში, ისე ცხოვრებაში, თუ ჭამით, თუ სმით და ჩაცმით? აქედან ჩანს, რომ სწავლას უფრო ადვილად მოაქვს კეთილი ცხოვრება. გარდა ამისა, განა დრიური ლუკმა მარტო ხვნითა და თესვით მოიპოვება? არა, თქვენისთანა მხვნელ-მთესველს კარგი ცხოვრება ვერ ვუპოვნია და ვერც თქვენ იპოვნით, იმიტომ ხვნასა და თესვასაც სწავლა უნდა. მეორეც ესა, რომ არიან კიდევ სხვა ბევრი გზები ცხოვრებისა, მაგალითად: ვაჭრობა, ხელოსნობა, ოსტატობა, მხატვრობა, მწერლობა, ხელმწიფის სამსახური და სხვა. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილებს არ შეეძლოთ ასრულება ყველაფრისა, რაც მე ჩამოვთვალე. სწავლას ბევრი რამ შეუძლიან, შენიშნულია, რომ წარჩინებულნი კაცნი ხშირად უფრო თქვენისთანა ხალხიდგან გამოდიან. ასე, ჩემო ნინო, სიხარულით მიეცით თქვენი შვილები სკოლაში, სწავლა დიდი სამკაულია კაცისათვის და მარტო სწავლას შეუძლიან გამოიყვანოს ხალხი იმ უმეცარი მდგომარეობიდგან, რომელშიაც აქამდისინ ყელამდინ არის ჩაფლული...~

ეს პუბლიკაცია აღმოჩნდა კარიბჭე მწერალი ქალის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ასევე ნათელი მაგალითი/მოდელი მთელი მისი შემდგომი ცხოვრების. ამ გზაზე ეკატერინე-მოღვაწე არასოდეს დაშორებია ეკატერინე-შემოქმედს. ეს ორი მხარე მისი არსებისა ყოველთვის ურთიერთგანმაპირობებელი და ურთიერთშემავსებელი იყო. ამიტომაც არ დარჩენილა სოციალური სინამდვილის არცერთი მხარე, რომელიც ვერ შეაფასა მისმა ნათელმა გონებამ და ვერ იგრძნო მშფოთვარე გულმა.

სოციალ-დემოკრატია და ჰუმანიზმი ეკატერინეს ნააზრევში არის არა დასწავლილი, გადმოღებული მრწამსი, არამედ საკუთარი ბედიდან, ცხოვრებიდან გამომდინარე სულისკვეთება. ამიტომაც იგი არასოდეს არ ცდილობს მომეტებული გულმოდგინებით შეგვიტყუოს გმირების განცდებსა და თავგადასავალში, არამედ მარტივად, უშუალოდ მიგვიძღვის მათი სულისაკენ. მას არ სჭირდება ბუნების, გარემოს აღწერით გაგვიხსნას გზა ხდომილებებისაკენ. დიალოგი და ექსპრესიული აზრების პაექრობა – ეს არის ნაწარმოების გმირების სიყვარულით განპირობებული მცდელობა მათ მიმართ თანაგრძნობის გამოწვევისა.

ადამიანის ბედის და სოციალური უსამართლობა/უთანასწორობის გულწრფელი, ძალდაუტანებელი წვდომა განაპირობებს ეკატერინეს გმირების პალიტრაში სქესობრივ-ასაკობრივ და წოდებრივ პარიტეტს. იგი თანაბრად მგრძნობიარეა დაჩაგრული და მოტყუებული ლუარსაბის, გიგოლას, ნინიკას, პავლიკას, სოსიკას, პავლეს, გიორგის, თედოს, მაქსიმეს და ქეთოს, ნენეს, მაროს, ქუჩეს, ბაბოს, ლიზას ბედისადმი, რომელთაგანაც ზოგი მსხვერპლია, ზოგი _ დამნაშავე, ზოგი _ ზნედაცემული, ზოგი _ ზნეობრივი, ზოგი კონსერვატორია, ზოგი – პროგრესული.

ე. გაბაშვილის პოზიცია _ იყოს საზოგადოებრივ ასპარეზზე, აქტიურად იმოქმედოს, აშკარად კონფლიქტშია იმდროინდელი ყოფის რეალიებთან. ავტობიორგრაფიულ პიესაში `ფრთებდაგლეჯილი~ აღწერილია მწერალი ქალის ცხოვრების ერთ დღე : შეურაცხყოფა, დამცირება, სასოწარკვეთა. გაზეთის რედაქტორი _ აი, ქეთოს ერთადერთი გულშემატკივარი! სწორედ მას მიმართავს სანუგეშოდ: `...მე კი მგონია, ადამიანები ბოროტნი და შურიანნი რომ არ იყვნენ, შეიძლებოდა ოჯახის მოვლაც და საზოგადო საქმეც შეერთებინა დედაკაცს; აქ მხოლოდ საჭირო იქნებოდა ცოტაოდენი დათმობა, პატივისცემა...~

ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში აღწერილი პრობლემა არაერთხელ გამხდარა XIX საუკუნის პერიოდიკაში გამართული პოლემიკის საგანი. ამ `პაექრობათა~ ინიციატორები ყოველთვის მამაკაცები იყვნენ. ისინი ხედავდნენ საზოგადოებაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და რატომღაც ყოველთვის ქალებს ადანაშაულებდნენ. აღშფოთებული ადრესატების პასუხებს კი არასოდეს გამოხმაურებიან. გთავაზობთ ეკატერინეს პასუხს ერთ-ერთ ასეთ შეურაცხმყოფელ პუბლიკაციაზე:

`რა იდეალი გაქვთ თქვენ (მამაკაცებს), რომ ჩვენ არ თანავუგრძნობთ? რომელ რაზმს გავუძღვეთ ან რომელს მივდიოთ? წადით თქვენ და თუ ვერ მოგყვეთ, მაშინ გვიკიჟინეთ! და თუ თქვენ თვითონ ტორტმანებთ, მაშასადამე, ორთავეს ერთად, თქვენც და ჩვენც ჯერ ჩანჩალი, უფერულობა, ძილმორეულობა გვხვდა წილად და ერთმანეთს ნურას ვსაყვედურებთ...

...დღეს თქვენ სძრახავთ დედა-კაცს რომ იმას თვალები შეძლებული საქმროს დასაჭერათა აქვს დაჭყეტილი. ეგ მართლაც საძრახისია და ზნეობით დაცემის ნიშანია, მაგრამ ის მხოლოდ მაგიერს გიხდით თქვენ! თქვენ, რომლებიც დედა-კაცის პატივს და ღირსებას მხოლოდ იმის მზითვის რაოდენობით ზომავთ~.

განსხვავებულობა/მრავალგვარობა ეკატერინეს აინტერესებს არა მხოლოდ ადამიანში, არამედ სოციალურ ფაქტში, ისტორიულ მოვლენაში. საგულისხმოა, რომ ამ სახის ნაწარმოებები (უმეტესად 80-90-იანი წლების) მხოლოდ ერთხელ ან არასოდეს გამოქვეყნებულა. მაგალითად, `ქალების პორტრეტები~, `ზაფხულის სურათები~, `სხვადასხვაგვარი ქორწილი~. იგივე ბედი ეწია ტრადიციული ნორმების, ცრურწმენებისა და კულტურული კარჩაკეტილობის ამსახველ ნაწარმოებებსაც; `გურგენაულის ბაბო~, `ლუარსაბს პატრონი გამოუჩნდა~, `მიტოვებული~, `ყვავილს ზამთარმა მოუსწრო~, `ფრთებდაგლეჯილი~.

ამ სელექციის წყალობით ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ ე. გაბაშვილის სოციალური ან აღმზრდელობითი ხასიათის მოთხრობები, მაგრამ ვერ გავიცნოთ იგი, რადგან მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ სოციალური უსამართლობის ასახვა. ეკატერინე ცხოვრებაში ჩართული, ცვლილებების გამომწვევი და განახლების მოტრფიალე ქალია, რომელიც სწორედ ისე ხედავდა, როგორც წერდა და სწორედ ისე წერდა, როგორც გრძნობდა. იგი აბსოლუტურად თავისუფალი იყო `ლიტერატურული კეკლუცობისაგან’. იგი განსხვავებულია და შეპყრობილი თავისი იდეებით და იდეალებით.

1882 წლიდან ეკატერინე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრია, 1897-1922 წლებში ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი, 1872-1905 _ ქალთა წრის დაარსების და მისი რეგიონული ფილიალების შექმნის ინიციატორი, 1925-26 _ `ქართველ მწერალ ქალთა ალმანახის~ გამოცემის ორგანიზატორი. სამწუხაროა, რომ არც ჩემმა და არც ჩემი მშობლების თაობამ არაფერი იცის ამ `ქართველი ჟორჟ სანდის~ საზოგადოებრივი მოღვაწეობის და იმ წვლილის შესახებ, რომელიც მან ქალის კულტურული უფლებების მოპოვების საქმეში შეიტანა.

`ამ ოცი წლის განმავლობაში, როცა ჩვენი ვაჟების სკოლები წარმოებენ და ასობით თუ არა, ოცობით მაინც უმზადებენ სამშობლო ნიადაგზე აღზრდილ ვაჟკაცებს, არავითარ ზრუნვას და გულისტკივილს არ ხედავენ ჩვენი ქალიშვილნი მაშინ, როდესაც ყოველი მივიწყებული კუთხიდან, ყოველ განმარტოვებული სოფლიდან ღარიბ აზნაური-შვილებს გზა აქვს თავისი ვაჟიშვილი სააზნაურო სკოლაში მიაბაროს. ქალიშვილები კი რჩებიან უნუგეშოდ სიბნელეში და უმეცრობაში. რამდენჯერ ყოფილა ყოველი თქვენთაგანი მოწმე, როცა ძმა ბრუნდება შინ სწავლითა და მეცნიერებით აღჭურვილი და ბეჩავი და _ კი მოწიწებით შეჰყურებს იმას სწავლით ძლევამოსილს და ბევრჯერ შურით მდუღარებასაც აბნევს. რათა? რისთვის?..~ (1899 წელი, თავადაზნაურთა კრებაზე წარმოთქმული სიტყვა-ლ.გ.) ეკატერინემ თავისი შემოქმედებით და ცხოვრებით ცდილობდა გამოეწვია/დაერწმუნებინა მისი თანამედროვენი თანასწორობის იდეის საჭიროებასა და აუცილებლობაში.

1912 წელს ჟურნალმა `გრდემლი~ მკითხველს შემდეგი ნაწარმოებები შესთავაზა (სულ 17 ავტორი, მათგან მხოლოდ ორია ქალი) :

ვ. ბარნოვი _ ფარჩის ახალუხი
ა. შანშიაშვილი _ მედია და ელენე
უიარაღო _ მამელუკი
ს. აბაშელი _ ლექსები
ჯ. ჯორჯიკია _ ქალი, რომელსაც თავისი სახე არ უნდა ენახა
ი. ევდოშვილი _ უცხო მდინარის ნაპირზე
ა. პაპავა _ ქალის ცრემლები
ი. გრიშაშვილი _ ლექსები
ნ. ლორთქიფანიძე _ მრისხანე ბატონი
კიკნა-ფშაველა _ დაუსრულებელი კვნესა
ჭ. უმბაძე _ ზღვის ქალი
მ. უზნაძე _ გაზაფხული
ეკ. გაბაშვილი _ ფრთებდაგლეჯილი
გ. ტაბიძე _ დახუჭული თვალები
დ. მეგრელი _ პატარა სოფოს სიკვდილი
კ. აბაშისპირელი _ თანამედროვე პოეტს
ნ. ნაკაშიძე _ ვინ არის დამნაშავე?


ნინო ანთაძე-ნაკაშიძის ეს პიესა ძალიან მალე გახდა პოპულარული და წარმატებით იდგმებოდა თბილისისა და სხვა ქალაქების/დაბების სცენაზე. ამის მიზეზი იყო საკითხის/კითხვის აქტუალურობა და მასზე პასუხის პოვნის აუცილებლობა. გზა, რომლითაც ავტორი გვაძებნინებს გამოსავლებს (იგივე ეხება მის მოთხრობებს: `ძიძა~, `დამნაშავე~, `მოვალეობა~, `გურიის სოფელში~, `საახალწლო სურათი~) ორდინალური/ყოველდღიური/ჩვეულებრივი ცხოვრებაზე გადის. ამბავი და დიალოგი ორგანული მთელია და ავტორის პოზიციის ამოცნობას ძალიან აადვილებს. ოჯახი, ქმარი, დედამთილი, ტრადიცია _ ეს არის პერსონათა და პრობლემათა/თემათა ის ძირითადი ნაკადები, რომელთაც მუდამ/დაუღალავად უტრიალებს მწერალი. მაგრამ ეს საკითხები მოწოდებულია არა სწორხაზოვნად, გეგმიურად დ დიდაქტიკურად, არამედ მრავალფეროვნად, იმპროვიზირებულად და დიალოგურად.

ნ. ნაკაშეძე 1905 წლის რევოლუციის მონაწილეა (1906 წელს დააპტიმრეს, ხოლო 1908 წელს გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში). იგი სოციალ-დემოკრატიულ იდეებს აქტიურად ეცნობა და ეწაფება. `სოციალიზმში” მისთვის საინტერესოა “სოციალური” და არა “იდეოლოგიური”. ამიტომაც ახალ ცხოვრებას/დროებას სწორედ ყოფის, ადამიანური ბედის კუთხიდან აკვირდებოდა და აღწერდა. მისი კრიტიციზმი რეალობიდან გამოდის/გამომდინარეობს/იბადება. ახალი ხედვების/პოზიციების წარმოების და დასვკნების გამოტანის ნათელი მაგალითია მოთხრობა `ატესტატი~.

ოჯახის მამა: _ ღმერთო! რამ გააჩინა ეს ქალები!.. ჭკუა სად გაქ ადამიანო? _ ერთს შენ გეკითხები... რათ მინდა მე თინას კარგი ატესტატი?.. რომელი სუდია იგი იქნება, რომელი ინჯინერი?.. მე კალისტრატეს ატესტატზე ვჩივი, მე იმის ატესტატი მინდა... ჩემ ცოლს ატესტატი რომ არ აქვს? ა? ხა, ხა, ხა!..

ოჯახის დედა: _ დიაღ, რომ მქონოდა; ასე ვეღარ დამიჯაბნიდი: მომკალი შენ, დამაღრჩვე!

ოჯახის მამა: _ ...ქალები, შორს ხართ ჩვენთან, თქვენი ჭკუა და ჩვენი ჭკუა სხვადასხვაა; ჩვენი ნაჩალნიკიც ამ აზრისაა...

თინა: _ მამილო, დედილო... მომილოცეთ, მომილოცეთ... ოქროს მედალი, ნაჩალნიცამ მომილოცა თავის ხელით... ...რა უსამართლობაა... 21 წლამდის არ ღებულობენ საექიმო კურსებზე, მაგრამ მე ჯერ საბუნებისმეტყველოზე შევალ... კალისტრატე ოდესაში აპირობს... თორემ პეტერბურგში ერთად ვიცხოვრებდით...

მამა: _ რაო, ექიმი ვიქნებიო? რანაირად იქნები ექიმი?

თინა: _ საექიმო კურსებზე მივდივარ.

მამა: _ ქალების კურსებზე წასვლისა, სწორედ გითხრა არაფერი მწამს, ჩვენი ნაჩალნიკიც ამ აზრისაა. ქალის საქმე გათხოვებაა, _ შვილები ეყოლება, და მისი კურსები ქმარ-შვილია. ჩემი აზრით, რაც უნდა ისწავლო, ბოლოს ხომ მაინც უნდა გათხოვდე და ამ სიშორეზე რიგიანი ქალის წასვლა დიდი უგუნურობაა!..

კალისტრატე: _ ყველანი თავისუფალი სიყვარულის მიმდევარი არიან. თინასაც და სონასაც იმიტომ უნდათ კურსებზე წასვლა, რომ თმები გაიკრიჭონ, სათვალეები გაიკეთონ, მოკლე კაბები ჩაიცვან და სტუდენტებს ეკოპწიაონ...

მამა: _ ყველას რომ თავი დავანებოთ, შენ უნდა დაგვეხმარო, შვილო, ახლა... ვაჟს ხომ არ დავტოვებ სახლში და ქალს არ გავგზავნით...

ბებია: _ ექიმი, აი ისე, როგორც ჩვენი მაზრის ექიმი?.. დარია, თუ ავდარი, მთებში და ღრეებში, შეჯდება ცხენზე და ჩვენ სოფელში ამოვა ვიღაც ოტროველა გლეხის მოსარჩენად?

თინა: _ ოჰ, ჰო, მოსარჩენად, შენ თვითონ არ ამბობდი, ერთმა აფხაზის ქალმა ოცდაათი თათარი მოკლა თეთრ ცხენზე შემჯდარმაო. მეც წავიკითხე წიგნში ერთი მეომარი ფრანგი ქალის ამბავი... თათრების მოსაკლავად თუ კი მოახტება ცხენს ქალი დარში და ავდარში; კაცის მოსარჩენად რატომ არ შეიძლება მოახტეს? რატომ?~

აი, ასე მივედით ძირითად კითხვამდე რომლის პასუხი ცოტა ადრე 1898 წელს დაწერა ილია ჭავჭავაძემ მის წერილში `პატარა საუბარი~:

`...ახლა დედაკაცად თქვენი ხსენება საწყენია, სათაკილოა. ეს დიდი სხელი დაიფუყა, შეიმკუმშა, დაპატარავდა. დღეს დედა დედაკაცი კი არ არის, ქალია. მთა ბექად გადაიქცა, მუხა ლელწად, ზღვა წყაროდ, ადამიანი პეპელად. ცოდვა არ არის, სად დედაკაცობა და სად ქალობა!.. ქალისათვის ეს წუთისოფელი სასეირნო წალკოტია, დედაკაცისათვის _ სახლია პატიოსანი შრომისა, მინდორია სახნავ-სათესი, ყანაა სამკალი, ძნაა სალეწი, სარბიელია საომარ ჭკუითა და მარჯვენითა. ქალი უფარ-ხმლო დედაკაცია, დედაკაცი ფარ-ხმლიანი ქალია და სად მოვლენ ერთმანეთთან!..

ვაი, რომ `დედაკაცნი~ წავიდნენ, აღარ გვყვანან და მარტო `ქალები~-ღა დაგვრჩნენ და, ჩვენის ფიქრით, აქ არის სხვათა შორის სათავე ჩვენის უბედურებისა~.

ამგვარად განისაზღვრა/წინასწარგანისაზღვრა ის სარბიელი, სადაც ქალებს თავიანთი ძალები უნდა ეცადათ და გამოეცადათ: ოჯახი და საოჯახო მეურნეობა! უცნაურია, რომ იგივე დეფინიცია არა გვაქვს `მამაკაცთან~ დაკავშირებით. აღმაშფოთებელია, რომ „ეპოქის მამა“ არაფერს ამბობს იმ საუკუნის დედაკაცებზე/ქალებზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ საქართველოში განათლების/განმანათლებლობის იდეების გავრცელებისა და დამკვიდრებისათვის.

ნათელია, რომ როცა რამეს განსაზღვრავ/შემოსაზღვრავ ამითვე შენ უარყოფ მის სხვაგვარობას/განსხვავებულობას. ამგვარად, უნებლიედ, შეიძლება დაუპირისპირდე კიდეც მას, როგორც ახალს/უცხოს/გაურკვეველს და საშიშს.

მართალია სპინოზა?! _ `~ OMNIS DETERMINATIO EST NEGATIO “

ლელა გაფრინდაშვილი
კრებული „ქალი – სახე და პრობლემა“, II ტომი,
კრიტიკული წერილები, კავკასიური სახლი,
თბილისი, 2005 (გვ: 19-34)


1 comment:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete