“დამოურჩილებლობიდან” დამოუკიდებლობამდე
ვუძღვნი ზურაბ ჟვანია ხსოვნას

არ ვიცი სხვისთვის როგორ, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერი ჩემთვის რაღაც უმნიშვნელოვანესი გარდატეხის დღეა: ზღვარი, როცა მე აღარ მინდა ვიყო “მოსახლეობა” და პოლიტიკოსების კეთილდღეობის სამშენებლო მასალა, მათი ვნებების ასპარეზი.

მინდა მოქალაქე ვიყო ანუ საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც გაბრაზებული და აღტაცებული კი არა, - დაფიქრებული ირჩევს!

ვიცი, როგორ საარაკოდ ძნელია ქართული პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების შეფასება, მათში საკუთარი ადგილის და მნიშვნელობის დადგენა. მაგრამ დღეს ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა პასუხმა, 1990 წელს, მერაბ მამარდაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე: “: ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?..”

ამ გონებივი სამუშაოს ჩატარების გარეშე, დარწმუნებული ვარ - კვლავ გავიმეორებ შეცდომებს. ვინც ამ გზაზე უკვე დაწინაურდით, ნუ დაიზარებთ და კიდევ ერთხელ შეუდექით სიზიფეს აღმართს, რადგან “განმეორება ცოდნის დედაა”.

დღეს 7 ნოემბერია. მთელი ღამე მილოშ ფორმანის ფილმის კადრები მიტრიალებს თვალწინ: სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ ექთანი რეჩედი მშვიდად, ჩვეული მლიქვნელური ღიმილით ესალმება პაციემტებს, მუსიკას ურთავს და წამლის მისაღებად ეპატიჟება.

ყველა ბედნიერია, მხოლოდ კრისტოფერ ლოიდის გმირია (თეიბისი, მაიაკოვსკის რომ ჰგავს) უცნაურად ჩაფიქრებული: კარგად იცის რა მოხდა და ამიტომ ვერ ღებულობს ამ წესრიგს, ძალადობის შეუმჩნევლობას და შეუფასებლობას, საგანგებოდ გამოცხადებულ სიჩუმეს და გაჩუმებას. მთელი ღამე რაღაც საშინელის მოლოდინშია და აი, - მეამბოხე რენდელ პატრიკ მაკმარფი საგანგებოდ დასაჯეს და გათიშული აგდია თავის საწოლზე. გუგულის ბუდე სასაკლაოდ იქცა – ყველა დაისჯება, ვინც წესებს დაარღვევს ან მათ სამართლიანობაში დაეჭვდება.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის გამოჩენა ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო. სხვების მსგავსად, წინააღმდეგობის გაწევაც ვცადე, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ხელკეტით მიპასუხეს. ხელისუფლებამ დასაჯა ხალხი, რომელიც მისგან დალაპარაკებას ითხოვდა და თვალი აღარ დახუჭა ძალადობაზე.

მგონი დადგა დრო გულდასმით წავიკითხოთ ჩვენი უახლესი ისტორია, კარგად დავაკვირდეთ მის ლაბირინთებს, შევაფასოთ ჩვენი ადგილი მასში, რადგან მხოლოდ ამ სამუშაოს შესრულება აგვიხელს თვალებს და მოგვცემს საშუალებას შემდეგი არჩევანი მაინც დაფიქრებულებმა გავაკეთოთ და არა –გაბრაზებულებმა ან აღტაცებულებმა. რათა ამიერიდან აღარ ვიყოთ “მოსახლეობა” (ამ ნოემბრის დღეებში პოლიტიკოსთა უმრავლესობა სწორედ ასე მოგვიხსენიებდა!) და ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე დავიჯეროთ: “მე ვარ ქართველი” ნიშნავს “მე ვარ საქართველოს მოქალაქე”, პასუხისმგებელი და მონაწილე ამომრჩეველი.

არ ვიცი, ეს წერილი სხვებისთვის კრიტიკული რეფლექსიის გასაღების როლს რამდენად შეასრულებს, მაგრამ ჩემთვის, საქართველოს სამოქალაქო ისტორიაში და დღევანდელ პროცესებში საკუთარი ადგილის დანახვა, დღეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Only Blood

მე კი მეგონა, - იმ ღამის შემდეგ
მსოფლიო წესრიგს აღსასრული დაუდგებოდა,
და ხის საათში დამწყვდეული რკინის გუგული
ვეღარასოდეს აუწყებდა ქალაქს განთიადს,
ხვალინდელ აისს დაასწრებდა ჩემი დაისი,
მაგრამ...

აქ, ჩემს ქალაქში ყველაფერი საათივით აწყობილია
და ვით ამ წესრიგს, უგერგილო წესრიგს – ქაოსი,
ისე მჭირდება დილიდანვე წასული დედა!

ასეთი მძიმე, მელანქოლიით შევუდექი სწავლას 1988 წელს. დედის დაღუპვით დანაწევრებულს, რაღაც მძაფრი და უფრო დამანგრეველი მჭირდებოდა, რომ უკიდურეს სასოწარკვეთას ჩემთვის გონების თვალი აეხილა და ფიზიკური და სულიერი სხეული აღმედგინა. მოკლედ, - ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ სულზე მომისწრო. სასწრაფოდ დავიწყე პირველი რესპუბლიკის შესახებ მასალის ძებნა და ერთი წერილი გამოვჩხრიკე. იგი 1919 წლის მარტში დამფუძნებლი კრების ანუ პარლამენტის არჩევნებს აღწერდა. აქვე იყო ნოე ჟორდანიას აზრიც – ამ ჩვენ თავყრილობას სიტყვა “პარლამენტი” ისე უხდებოდა, როგორც ძროხას უნაგირიო.

სახალხო გამოსვლებმა თავის აპოთეოზს მიაღწია. წერა-კითხვის სურვილი გამიქრა. ცოდნაზე, ინფორმაციაზე, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია მიტინგმა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მოიპოვეს. საზოგადოებრივი სივრცე იმპერიის სიძულვილის რიტორიკით გაჯერდა. თითქოს კრემლის ლანძღვა და დაუმორჩილებლობა საკმარისი იყო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამიტომაც კამერის წინ მდგომმა ერთერთმა მომიტინგემ დროშა მაღლა ასწია, წარბები შეიჭმუხნა და ეროვნული მოძრაობის მიზანი და საშუალება ერთ სიტყვაში მოაქცია : “ჩვენი მთავარი ამოცანაა დამოურჩილებლობა!”.

რადიკალური ნაციონალიზმის სულისკვეთებამ ზომიერი და ლიბერალური ხედვები აშკარად დაჯაბნა. დღესაც მახსოვს ფილოსოფოს ოთარ ჯიოევის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია: ოსები უნდა დაგმო, შენ ეს გევალება, რადგან საქართველოს წინაშე ვალში ხარო – აკადემიკოსობა მოგეცითო. ზურაბ ჭავჭავაძეს კი აფხაზების მიმართ აგრესიის კრიტიკა ვერ აპატიეს: ტელევიზიით მრავალჯერ გადაიცა ვიდეო ჩანაწერი იმ შეხვედრისა, სადაც გიორგი ჭანტურია მას შუბლის გახვრეტით ემუქრებოდაა, ხოლო ზვიად გამსახურდია ეუბნებოდა: შენი პოზიციის გამო კაცად აღარ მიმაჩნიხარო.

მარტის ბოლოდან უკვე ხმები დადიოდა - მიტინგს დაარბევენო და 9 აპრილს ასეც მოხდა – გამორჩეული სისასტიკით დავისაჯეთ. შინდაბრუნებულმა პირველად გავაცნობიერე საბჭოთა რეჟიმის ძალადობრივი ბუნება.

მალე თბილისში უცხოელების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავრცელდა, სადაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე “სისხლს” ერთადერთ, აუცილებელ პირობად მიიჩნევდა (Only Blood!).

უნივერსიტეტის წინ შეკრებილ ჩემს მეგობრებს აღშფოთებული ვუმტკიცებდი ამ პოზიციის არაჰუმანურობას. დღემდე მახსოვს, როგორ მწვდა ყელში ერთი ფილოლოგი გოგო და ასეთი აზრების გამოთქმა ამიკრძალა. მისი გადმოკარკლული თვალები და არაბუნებრივად გრძელი ფრჩხილები მთელი წელი მესიზმრებოდა.

სახალხო პროტესტის ახალი ტალღა ისე დაიწყო, რომ მომხდარის შეფასებას და , მით უფრო კრიტიკას, ვერავინ ბედავდა. ადამიანებს არ მიეცათ ამ პროცესებში მათი ადგილის, პასუხისმგებლობის გააზრების საშუალება. ისინი ძალადობას კი აპროტესტებდნენ, მაგრამ მომავლის პერსპექტივას ძალიან ბუნდოვნად ხედავდნენ. ამიტომაც ბრმად მიჰყვებოდნენ “ყოვლად ბრძენი” და “ყოვლად კეთილი” ლიდერის ქადაგებას, ხოლო ყველას, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, ერის მოღალატედ აცხადებდნენ.

ასე დაიწყო “მტრების” ძიება ხან განსხვავებულად მოაზროვნეებში, ხან – პოლიტიკურ ოპონენტებში, ხან – საქართველოსკენ დაძრულ 300 000 მესხეთელ თურქში. ისეთი განცდა მქონდა, რომ მტერი თუ არ გყავდა, - ადამიანი არ იყავი!

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მერაბ მამარდაშვილთან ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ “თბილისში”: “ხომ არ დადგა ჟამი, ვერტიკალური მდგომარეობა მივიღოთ და თვალი გავუსწოროთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს? ხომ არ დადგა ჟამი, დავძლიოთ მიტინგის ისტერია, ავირჩიოთ ერთი ღვეთაება – აზრი, ღირსება და სულგრძელობა ადამიანისა, რომელიც დარწმუნებულია თავის შინაგან სიმყარესა და ძალაში? მაგრამ ამისათვის საჭიროა არა დატუქსვა, არა ზევიდან ბრძანება, არამედ – მოთმინება. ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი მანძილი. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულამდე.. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა”.

1990 წლის არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან უკვე ვიცოდი ვის აირჩევდნენ. რეფერენდუმში კი - ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მივეცი.

ერთ წელიწადში, ხელისუფლებასა და ოპზიციას შორის დიალოგის, კრიტიკული აზრის შეუძლებლობამ საზოგადოება ნელ-ნელა ორად გაყო, რუსთაველის გამზირზე მიიყვანა და ერთმანეთს დაუპირისპირა. პრეზიდენტის მხარდამჭერთა პათოსი ერთერთმა მათგამნა ასე ჩამოაყალიბა «Ему не нужны интелигенты, он сам интелигент...»

ბარიკადის მეორე მხარეს კი - პირველი ტყვიის გავარდნამდე, გია აბესაძემ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ ეს ზვარაკი მხარეებს დიალოგის დაწყებას აიძულებდა, მაგრამ სიძულვილით დაბრმავებულებს ვეღარაფერი შეაჩერებდა და 1992 წლის 10 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობის წევრები ქვეყვიდან გაიქცნენ..

დაიწყო “გამარჯვებულების” მიერ “დამარცხებულთა” მხილება და დევნა. პროპაგანდა ისე ძლიერი იყო, რომ მიტინგების უმოწყალოდ დახვრეტის წინააღმდეგაც კი ხმას არავინ იღებდა. ქვეყანას კრიმინალები მართავდნენ და ბევრს ანგარიშსწორების ეშინოდა. ზოგი დუმილს ირჩევდა, მტყუან-მართალის გარკვევისათვის თავს არ იწუხებდა, რადგან გულის სიღრმეში ეთანხმებოდა მოძალადეებს. ზოგს კი - ასეთი სისასტიკე, უბრალოდ, ვერ წარმოგვედგინა. გაჩუმებულებს, ამ ზნეობრივი დაუდევრობის გამო, ჩვენმა მეგობარმა ნინო ცირამუამ გვითხრა: “დრო მოვა და შეგრცხვებათ ამ დუმილის გამოო”.

ეს დრო მოვიდა და ნამდვილად მრცხვენია, რომ ამ გაუგონარ სისასტიკეს არაფერი დავუპირისპირე.

რუსეთიდან დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, 1994 წელს, არჩევნები ჩატარდა. სამხედრო საბჭოს მემკვიდრე პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან კონვენციასა და დოკუმენტს შეუერთდა. მაგრამ კანონისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა ხელისუფლებაში მოკალათებულ “ავტორიტეტებთან” დაპირისპირებას ნიშნავდა. ამიტომაც ერთ-ერთ სხდომაზე ჯაბა იოსელიანმა ქვეყნის მმართველს შიდა, საკადრო პოლიტიკის წარმოების რუსული მანერა დაუწუნა და მას ასეთი ფორმულირება მოუძებნა «Бей своих, чтобы другие пугались» ანუ ჩვენ ნუ გვებრძვი, ჩვენ შენიანები ვართო. 1995 წელს, დავით ზეიკიძის პარლამენტში შევარდნის შემდეგ, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობის ფანჯარასთან მდგომ, წასასვლელად გამზადებულ პრეზიდენტს ხალხმა დაუჩოქა – არ წახვიდეო და მანაც დაუჯერა ხალხს. თუმცა, მის მოსაკლავად ჯერ თავისიანებმა, მოგვიანებით კი – რევანშისტებმა ტერაქტები მოაწყვეს, მაგრამ გადავრჩით!

მე თვითონ ანუ თანამშრომლობა თანასწორობისათვის

რომ არა ქალიშვილის, ნატალიას, დაბადება, ის წლები უკვე წონასწორობას მაკარგვინებდა. შუქი და გაზი გამოირთო, პროდუქტებზე დეფიციტი გამძაფრდა. ჩემი პირმშოს წყალობით ოჯახს ნათესავები კარაქით, შაქრით და რძის პროდუქტებით უშურველად ამარაგებდნენ.

დაუსრულებელი ენერგო კრიზისით გაგიჟებული, სწორედ მომიტინგესავით ვიქცეოდი. ამ დროს ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, ნატალი კუხინკამ, დამირეკა. ცოტა ხანს მისმინა, როგორ ვილანძრებოდი და მერე მკითხა:

- შენ თვითონ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შეცვალო? მიდი, იპოვე თანამოაზრეები და იმოქმედე უკეთესი საქართველოსთვის. ტირილით და ლანძღვით ვერაფერს შეცვლი. პოლიტიკოსები ყველგან ერთნაირები არიან, საზოგადოებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

- როგორ, შენ გინდა თქვა, რომ გერმანიის მთავრობა ქართულს ჰგავს? – ვკითხე ირონიულად, რაზეც მანაც დამცინავი კილოთი მიპასუხა:

- აბა, რა გგონია? გენშერი ხომ შევარდნაძის მეგობარია? გააკეთე დასკვნები!

ეს საუბარი გველის ნაკბენივით მახსენდება, მაგრამ არასამთავრობო სექტორში საქმიანობისკენ სწორედ მან მიბიძგა. 1997 წელს ქალის უფლებების დამცველი ასოციაცია დავაფუძნე, დარწმუნებულმა, რომ ქალების სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის გაზრდას ბევრი, ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა შეეძლია.

ორგანიზაციის რეგისტრაცია კი ძალიან მარტივი იყო, მაგრამ თანამოაზრეთა პოვნა - საარაკოდ ძნელი, ამიტომ სოციალრუი აქტიურობის მორევში მარტო გადავეშვი. ამავე წელს გახსნილი ომბუცმენის ოფისი მოქმედების სტიმულს მაძლევდა. პარადოქსია, რომ ამ ოფისს ომბუცმენის მოვალეობის შემსრულებლები უფრო დიდხანს ხელმძღვანელობდნენ, ვიდრე - თავად სახალხო დამცველები. მათგან პირველსაც, ყოფილ პოლიციელ დავით სარალიძეს, აშკარად გული უწუხდა და ამიტომ 1999 წელს მაჟორიტარობა გადაწყვიტა.

ამ არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვიყავი. მარათონში 33 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა(!). საარჩევნო კამპანიის მთელი სიმძიმე სწორედ ქალებზე გადადიოდა: ამომრჩეველთან შეხვედრების ორგანიზება, პარტიის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. პარტიათა ნდობით აღჭურვილი პირები, საარჩევნო უბნებზე, ძირითადად ქალები იყვნენ. მაგრამ მათ თვითონ პოლიტიკაში მინაწილეობის ამბიცია არ ჰქონდათ – პარტიის წევრი მამაკაცებისთვის იბრძოდნენ.

ვაკის რაიონში, ჩემს უბანზე პროპორციული არჩევნები “ლეიბორისტებმა” მოიგეს, ხოლო მაჟორიტარულში – დავით სარალიძემ მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა. სახლში წამოსასვლელად გამზადებულმა დავინახე, როგორ ტიროდა კომისიის თავმჯდომარე ქალი, რომელსაც თურმე სულ სხვა შედეგზე მოაწერინეს ხელი. შევთავაზე გავაპროტესტოთ-მეთქი, მაგრამ ჩემს წინადადებაზე კომისიის დანარჩენი წევრები კინაღამ სიცილით გაიგუდნენ. მარტო მე რას გავხდებოდი?! რამეს რომ მიღწიო თანამოაზრეთა თანამშრომლობა გჭირდება, მაგრამ ეს მაშინ ძალიან დიდი დეფიციტი იყო, რადგან მოქალაქეებს ვერც კი წარმოედგინათ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობა, იდეის გარშემო გაერთიანება და არა –კერპების ძებნა და პოლიტიკური ლიდერის გაქაჩვა.

მე მაინც ვმოძრაობდი. სამი-ოთხი წელი ბევრი ქართველი, საქმიანი პარტნიორი ჩემი ორგანიზაციის სახელწოდებაში (“ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”) სიტყვა “თანასწორობას” რატომღაც “თანამშრომლობით” ცვლიდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ამას ცნებათა მსგავსი ჟღერადობა და ანატომია იწვევდა. მაგრამ, როცა ჟურნალისტთაგან ერთმა ჩემს ნაწერში იგი “მშვიდიდობით” შეცვალა, ხოლო მეორემ - “წონასწორობით”, - დავფიქრდი. ცხადია, ეს უკვე არც სმენის პრობლემა იყო და არც – მხედველობის, არამედ - მენტალური დეფექტი, თანასწორობის იდეის ფარული მიუღებლობა. ამ გაუცნობიერებელი მიკერძოებაში როლს ისიც თამაშობდა, რომ იმ ეპოქის ადამიანისთვის მშვიდობა და წონასწორობა (სტაბილურობა!) განუზომლად მნიშვნელოვანი იყო.

იანვარში საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი” – ზურაბ ჟვანიას ეს გამონათქვამი დასავლეთისკენ სწრაფვის ქართულ ფორმულად იქცა.მაგრამ ევროპის მოქალაქე რომ იყო, - ჯერ შენი ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდე ანუ უნდა ჩაერიო, მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ პროცესში. უნდა დაიჯერო, რომ შენი მონაწილეობის გარეშე არაფერი შეიცვლება. მე ეს უკვე მტკიცედ მჯეროდა.

ხალხის სახელით, ხალხის გარეშე

უკვე 2001 წელს ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა: ძალოვანების “რუსთავი 2”- ში შესვლა და სახელმწიფო ტელევიზიის ისტორიული/ისტერიული გადაცემა - ეკა ბერიძის, ინგა გრიგოლოას, ნინო დარასელის ხელებაკაპიწებული შეტევა ელდარ შენგელაიას წინააღმდეგ.

პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის მოთხოვნის გამო ზურაბ ჟვანია, 2 ნოემბერს, შემდეგი სიტყვებით გადადგა:

“ 1995 წლის შემდეგ პარლამენტს პირველად უხდება ექსტრემალურ პირობებში მუშაობა...

პრეზიდენტის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი დღესაც კი არ აფასებს რეალურად იმ საზოგადოებაში შექმნილ ვითარებას, რომლის მეთაურიც ის გახლავთ. ის საკმაოდ დისტანცირებულია ამომრჩევლისგან, რომელმაც იგი ამ საზოგადოების ლიდერად აირჩია.

სპიკერის სავარძელს ზურაბ ჟვანიასთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მე გადავდგები ჩემი თანამდებობიდან, ოღონდ ეს განცხადება ავტომატურად შევა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც თავის თანამდებობებს დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი... საჭიროა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ვიფიქროთ...”

დღესაც მახსოვს პოზიცია-ოპოზიციის საკვირველი შეხმატკბილება და საუბრები ზურაბ ჟვანიას ღირსებებზე, ვაჟკაცობაზე და გაბედულებაზე. ამ სურათით შთაგონებულმა კახა თარგამაძემაც კი დაუყოვნებლივ შესძახა: “თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო”. პროკურორ გია მეფარიშვილს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ სკამი მანაც დათმო.

ედუარდ შევარდნაძემ ყველა ხერხს მიმართა, ბოლომდე აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე – საქართველოს მტრად მონათლული ასლანისადმი ფარული სიყვარული, ძალაუფლების ფლობის დაუოკებელი ვნება, მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ და თავიანთი ხმების დასაცავად გამოსულ უამრავ მოქალაქეს ვეღარაფერი დაუპირისპირა და გადადგა.

2004 წლის იანვარში, რევოლუციის ტალღის ქიმზე ამხედრებული მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი იყო და ხალხმა აირჩია კიდეც. მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების კანდიდატთა სიები ბევრი ვეძებე და ვერსად ვიპოვე. “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობით მოვიდა და რამოდენიმე მაჟორიტარი, რესპუბლიკელი და მემარჯვენე, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ამიტომ უმრავლესობის წევრები მალე ბოლშევიკებს დაემსგავსნენ: კონსტიტუცია შეცვალეს, ხელფასები გაიზარდეს და ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა ცემეს ან ქვეყნის მტრად გამოაცხადეს.

2004 წლის 15 ივნისს, პარლამენტართა მიერ საკუთარი ხელფასების 1300 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან ენუქიძე გამოეხმაურა და პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ღია წერილი გაუგზავნა.

მან გააკრიტიკა პარლამენტართა უზომოდ გაბერილი რაოდენობა და არაპროფესიონალიზმი: “ხომ არ გეჩვენებათ (ჩვენ კი ნამდვილად ასე ვფიქრობთ), რომ ჩვენი პარლამენტი, მისი არაპროფესიონალობის გამო, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს ემსგავსება, რომლის დეპუტატები ძირითადად სოფლის მეურნეობის მშრომელები იყვნენ. ისინი მშრომელები მაინც იყვნენ, ზოგიერთი მათგანი შრომის გმირიც და გარკვეული დამსახურება ჰქონდათ ერისა და ქვეყნის წინაშე. ახლა კი ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთი დეპუტატის შრომის წიგნაკი პარლამენტში გაიხსნაო...”

ქალბატონი რუსუდანმა სწორად დაინახა, პენსიების 3 ლარით გაზრდის ფონზე, ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებული ამორალურობა: “ მეტყვით არ გვაქვს საშუალებაო. მჯერა, მაგრამ რატომ ქმნით ხელოვნურად ასეთ დაპირისპირებას პარლამენტსა და ხალხს შორის? სახელმწიფოს სიღარიბე პარლამენტართა და მთავრობის წევრთა ხელფასებზეც უნდა აირეკლოს!”...

ავტორის აღშფოთება მედიის მხრიდან ამ საკითხის იგნორირებამაც გამოიწვია და ამის მიზეზზეც მიუთითა: “ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, მცირეხელფასიანები კი მათი ყურადღების მიღმა რჩებიან, უთუოდ როგორც დაბალი რანგის და არასაინტერესო ადამიანები”.

წერილის დასასრულს, პროფესორმა ხელისუფალთ ამ ცვლილების მხარდამჭერ პარლამენტართა სიის გამოქვეყნება სთხოვა და დასძინა:

“და ბოლოს ჩემი (და არა მარტო ჩემი) შენიშვნა, რომელიც შეიძლება რჩევად ან გაფრთხილებად მიიღოთ: საქართველოში მცხოვრები ხალხი დაცინვას და აბუჩად აგდებას არავის არ აპატიებს – ამის დასტური ვარდების რევოლუციაც იყო.” ( “24 საათი”, 22 ივნისი)
თავისი სამართლიანი სამოქალაქო პოზიციის გამო ქალბატონ რუსუდანს მაშინვე დავურეკე და მადლობა გადავუხადე, თან 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ სართაშორისო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებული მასალა გავიხსენე. იგი 1994 წლის მოწვევის პარლამენტართა მიერ სხდომებზე დასწრების მაჩვენებლებს ასახავდა. ყველაზე მეტი, 652 გაცდენა, ბუნებრივია, ასლან აბაშიძეს აღმოაჩნდა, ხოლო მასთან მიახლოებულ პირველ სამეულს თორნიკე ფიფია, ნესტან კირთაძე და ირინა სარიშვილი-ჭანტურია შეადგენდნენ. ზოგადი სურათი კანონშემოქმედთა დიდი ნაწილის სწორედ ხელფასით და არა - საკანონმდებლო რეფორმებით დაინტერესებას ცხადყოფდა.

პოსტრევოლუციური გარდაქმნების მარათონში სოციალური პოლიტიკა “რეფორმების” იდეას შეეწირა. ტელესივრცეში პოლიტიკური, მრავალპარტიული დისკუსიები შეწყდა. ეს სივრცე გაივსო სკანდალური მოვლენებით, იუმორისტული მასხარაობითა და ჟონგლიორებით, შოუებით, ფეშენ ფართების და ცნობადი სახეების დემონსტრირებით. ჟურნალისტთა ნაწილი დიქტორად იქცა, ნაწილმა ჩათვალა, რომ თუ ხმამაღლა და შეუპოვარი გამომეტყველებით ილაპარაკებს, - უფრო დაუჯერებენ. ზოგიერთის რიტორიკა სასულიერო პირის ქადაგებას დაემსგავსა და რომ არა ჰალსტუხი და კოსტიუმი, - შეიძლება მღვდელიც კი გგონებოდათ.

მოკლედ, ხალხი ყველამ დაივიწყა. მედიამ და პოლიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ადამიანისთვის აქტუალური ყოფილიყო კითხავა: “ვინ ამბობს?” და არა – “რას ამბობს?” ანუ არა აზრი, არამედ - კერპი, ბელადი, ავტორიტეტი ან ავტორიტარი.

ტელე-მედია სივრცის აბსოლუტური მოხიბლულობის და პარადულობის ფონზე, სოციო-კულტურულ დისკურსს, კრიტიკულ აზრს გადაცემა “ფსიქო” ინარჩუნებდა, მაგრამ გოგი გვახარიას საავტორო თოქ-შოუები ჯერ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ” დახურა (2005 წლის ივნისი), ხოლო შემდეგ - “სახელმწიფო შეთქმულების ორგანიზატორმა არხმა” (2007 წლის თებერვალი). დებატების უარმყოფელი ხელისუფლების წევრები მხოლოდ თანამოაზრეებს ელაპარაკებოდნენ ან კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ დისკუსიებს სტუმრობდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოსულმა სახელმიფო მოხელემ პირდაპირ ჩამოაყალიბა ხელისუფლების საქმიანობის დევიზი: “ხალხის სახელით და ხალხის გარეშე”. მეგონა მომესმა-მეთქი, მაგრამ როცა ორატორი არგუმენტირებას შეუდგა, მივხვდი, რომ არ ხუმრობდა.

კმარა შევარდნა ანუ ავტორიტარი ავტორიტეტები

“კმარა შევარდნა” – განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე კარტოზიას, ეს რეპლიკა პოსტრევოლუციური ძალადობისა და აგრესიის ეპოპეის მიმართ ზედგამოჭრილი ფრაზა აღმოჩნდა: ტელევიზიების დარბევა, დამნაშავეთა საჩვენებელი აყვანა ტელე-კამერების წინ.

პარლამენტი მდუმარედ შეხვდა ვანო მერაბიშვილის მოხსენებას, სადაც მინისტრი პატრულს პირდაპირ მოუწოდებდა მკვლელობისაკენ – ხელი არ აგიკანკალდეთ, თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრაო.

ამავე პარლამენტმა არაფერი მოიმოქმედა მისი მოამაგის, ზურაბ ჟვანიას, უცნაური გაუჩინარების ამოსაცნობად და გამოსაძიებლად!

გახმაურებული მკვლელობების შემდეგ წაიშალა ზღვარი დამნაშავის დასჯა/გასამართლებასა და დამნაშავის მოკვლას შორის. არასრულწლოვანთა სისასტიკის მიზეზებთან ბრძოლის ნაცვლად სახელმწიფომ ომი თვით მცირეწლოვან, გზააბნეულ ბავშვებს გამოუცხადა და განსასჯელთა ასაკი 12 წლამდე შეამცირა.

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უყვართ მათი რეფორმების სტალინურთან შედარება, მაგრამ საბჭოეთში რეპრესირებულთა უმრავლესობა თავიანთ მემუარებში სწორედ 1934 წელს გამოცემულ კანონზე ლაპარაკობს რომელმაც 12 წელს გადაცილებული მაწანწალები, პროდუქტების ქურდები, “ხალხის მტრების” შვილები, მეძავები და ჯიბის ქურდები ზრდასრულ დამნაშავეებს გაუთანაბრა ანუ ისევე ისჯებოდნენ, როგორც სრულწლოვანი რეციდივისტები.

დიქტატურა და ბელადის მეხოტბეები გამახსენა ნოდარ ლადარიას ერთმა საქციელმა: მან, როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ კონკურსში მოწვეულმა ექსპერტმა, ჯერ კიდევ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, გაზეთ “24 საათში” გამოაქვეყნა მისი რეცენზია, სადაც ორ პროფესორს სალექციო კურსი დაუწუნა, ხოლო მესამეს – ხოტბა შეასხა. ეს წერილი სხვების დაცინვა და თვითტკბობა უფრო იყო, ვიდრე - არგუმენტირებული კრიტიკა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც შემდეგ მოხდა!

ექსპერტის საქციელით აღშფოთებული პროფესორის, ლელა ალექსიძის, წერილი გაზეთმა არ დაბეჭდა, მაგრამ, სამაგიეროდ პროფესორის არგუმენტებზე სარკასტულად მოქილიკე ნოდარს ასპარეზი დაუთმო.

თუ ვინმეს გინდათ კარგად დაინახოთ ხელისუფლების და მისი მეხოტბეების სახე, არ დაიზაროთ და წაიკითხთ ეს ყველაფერი: გამოქვეყნებული რეცენზია, გამოუქვეყნებელი პასუხი და გამოქვეყნებული პასუხის პასუხი. (ლელას სატატიას მე გპირდებით!)

რეფორმისტების პათოსი, კულუარებში დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარი, დაფარული ან მათთან შეუთანხმებელი აღმოჩნდა.

რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმოება პარლამენტში შეუძლებელი შეიქნა, - პოლიტიკოსებმა ქუჩას მიმართეს. მათ ბევრი არავინ გამოყვებოდა, რომ არა ხელისუფლების ამპარტავნობა და მანამდე მრავალგზის ორგანიზებული პროტესტის ქედმაღლური მიყრუება.

ოპოზიციურმა ძალებმა შეძლეს მოთხოვნების ჩამოყალიბება, სადაც ცენტრალური არჩევნების სამართლიან ვადაში ანუ 2008 წლის მარტში ჩატარება იყო. ხელისუფლება დიალოგზე არ წამოვიდა და მალე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც აქტუალური გახადა. როცა ამანაც არ გაჭრა, პროტესტს შიმშილობის კომპონენტიც დაემატა. აქ კი - “მეამბოხე ხალხის” ხელისუფლებამ ხმალი იშიშვლა: საკუთარ მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას ტრანსპორტის მოძრაობის თავისუფლება ანაცვალა და ძალადობრივი მეთოდებით დაშალა პროტესტანტები. აქ კი უნდა გავიმეორო პროფესორ რუსუდან ენუქიძის სიტყვები:

“ საქართველოში მცხოვრები ხალხი დაცინვას და აბუჩად აგდებას არავის არ აპატიებს – ამის დასტური ვარდების რევოლუციაც იყო.”

მეკი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს (და არა მოსახლეობას!), ძველი ავტორიტარი ავტორიტეტებისგან ახალი გმირების გამოძერწვა-გამოგონების წინააღმდეგ, ისევ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები მინდა გავახსენო. ძალიან მწყდება გული, რომ 17 წლის წინ დაწერილი მისი ეს შეგონება დღეს უფრო მეტად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე:

“ქართველმა ერმა ჯერ უნდა ყურადრებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახის და უსაქმურობის, თავის მონური რეაქციებისა და სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? – შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისაკენ, ასაშენებელი თავისუფლებისაკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილიდან დაიბადება ენერგია ფერისცვალებისა.. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ვიღაც ყოველდღე ეუბნებოდეს თავის ხალხს: “მოისურვე ბელადი? ფრთხილად, იცოდე, ესაა მონობა”.

ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N35, 2008

3 comments:

  1. arachveulebrivi statia iyo, gansakutrebit chventvis, vinc mxolod shoridan,ragac abdaubda wignebidan vicnobt am movlenebs. Madloba lela!

    ReplyDelete
  2. ლელა გაფრინდაშვილი არის ფილოსოფოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:-)

    ReplyDelete
  3. რამ გაგამხიარულათ, უხილავო/დამალულო მკითხველო?! )))

    ვერ ვქაჩავ ვერც ფილოსოფოსობას და ვერც თსუ პროფესორობას არა?! ))) სამაგიეროდ, არასოდეს ვმალავ სახეს, როგორც 20-30-იანი წლების და თანამედროვე პროსახელისუფლებო პროფესორები!

    ReplyDelete