სადა ხარ, ჩემო ვარინკა?!

ხელების გათბობა/დაბანა

1949 წელს გამოცემული ”დედა ენა” რომ ნახოთ და იაკობ გოგებაშვილისეულს შეადაროთ, - მაშინვე მიხვდებით, თუ რა საშინელებას აშენებდნენ ბოლშევიკები: ლენინ-სტალინ-ბერიას პორტრეტები, მათი ბავშვობის შესახებ ტყუილ-მართალი, ბელადთა სადიდებელი, ჩამტკბარი ლექსები, ოქტომბრელთა, პიონერთა, კომუნისტთა, საბჭოთა არმიელთა გმირობის ამბები.

მოთხრობაში ”ოჯახის სიხარული” მეოცე საუკუნის ტირანის დაბადებაა აღწერილი: გორელ მეჩექმეს, ბესარიონს და მის მეუღლეს, კეკეს, პირველი ორი ვაჟი დაეღუპათ და შვილის მოლოდინით ედგათ სული. ამიტომაა, რომ სანდალა თავისი მეგობრის სახელოსნოსკენ გახარებული გარბის, რათა ვაჟის დაბადება ამცნოს .

- შენს პირს შაქარი, ჩემო სანდალა, შენს პირს შაქარი! წავიდეთ, ვნახოთ ჩვენი ნუკრი და მისი დედა!- პასუხობს ბედნიერი მამა.

ამას მოსდევს პატარა სოსოს კეთილშობილებისა და გულჩვილობის ამბები. ნიშანდობლივია, რომ მას ცხოველები უყვარს, ადამიანების მიმართ მის თბილ გრძნობებზე კი ”დედა ენა” არაფერს გვეუბნება. ერთი მოთხრობა განსაკუთრებით შემზარავია: ციგაში ცხენივით შებმული ბესარიონი აღმა-დაღმა ასრიალებს შვილს. მალე მას პატარა დარიკო ენაცვლება და შებინდებამდე ანებივრებს ძმობილს. ბოლოს გუნდაობა იმართება ანუ ”ნამდვილი ომი”, როგორც ავტორი უწოდებს და იქვე დასძენს:

”სოსომ წინასწარ იცოდა გუნდების მომარაგება. ვაი მას, ვისაც დაუმიზნებდა! არასოდეს არ ააცდენდა. პირველ გუნდას მიაყოლებდა მეორეს, მესამეს... როცა თამაშობით გულს იჯერებდა, სოსო თავის ცუგას, გიშერას, ციგაში ჩასვამდა და აჭარხლებული ლოყებით შინისაკენ მირბოდა, სადაც აგუზგუზებულ ბუხარს მიუჯდებოდა ხოლმე და გაყინულ ხელებს ითბობდა”.

ხომ გენიშნათ, ტირანის სისასტიკე და ”ომის” შემდეგ ”ხელების გათბობა” ანუ ”ხელების დაბანა”?!

თანამედროვე საქართველოში სტალინისა და ”სტალინიზმის” შესახებ პოლემიკას აშკარად აკლია საბჭოთა ეპოქაში გამეფებულ სისასტიკის, დაუნდობლობის და ვერაგობის მხილება. ჩვენი, ამ წარსულის აღმოჩენის, განათებისა და დაგმობის გარეშე, გამოვა, რომ ჩვენც ხელები დავიბანეთ ყველაფერზე, რაც ბოლშევიკებმა, ჩეკისტებმა და მათმა პირსისხლიანმა მიმდევრებმა ჩაიდინეს.

ჩვენ უნდა შევძლოთ საბჭოთა ისტორიის წიგნიდან მტვრის, ხავსისა და შემხმარი სისხლის გადაწმენდა. შემდეგ კი - ამ წიგნის გადაშლა და მასში ”ადამიანის” და ადამიანების აღმოჩენა: დავიწყებულთა, იგნორირებულთა, დაჩაგრულთა და განადგურებულთა ალაპარაკება და ისტორიის ისე დაწერა, როგორც ტირანიას შეწირულნი დაწერდნენ.

სულიკო-ვარინკა

19-ე საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოში ფართოდ გაიშალა საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელსაც რუსიფიკაციის ტალღა უნდა შეეკავებინა. ამ მოძრაობის მონაწილე იყო გვიტია აგიაშვილი, რომელსაც სოფელ ჭორვილაში საშინაო სკოლა ჰქოდა გამართული. მისი მეუღლე, გენერალი სპირიდონ მაჭავარიანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1874 წელს ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი, ბარბარე/ვარინკა, შეეძინათ. ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებული მუსიკალურობის გამო, ზინაიდა ვორობეცს (ფილიმონ ქორიძის მეუღლე) მიაბარეს.



ნიჭიერ გოგონას მაჭავარიანების ოჯახის ყველა ახლობელი და სტუმარი შეჰხაროდა: ”მოსწონდათ ჩემი სიმღერა და მამხნევებდნენ. განსაკუთრებით მაგულიანებდა აკაკი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა, ჩემი სიმღერა ყველაზე უფრო ტკბილად ესაუბრებოდა. მუსიკას უფრო დაეჯერება, ვინემ სიტყვებსაო, - მეტყოდა პოეტი და მეც უფრო ხშირად მის ლექსებს ვმღეროდი” - იხსენებს ვარინკა. იგი მალე მგოსნის რძალი გახდა - ჩვიდმეტი წლისამ სერგო წერეთელზე იქორწინა. ორ წელიწადში წყვილს ვაჟი შეეძინათ, პატარა სპირიდონი, რომელსაც შინაურობაში ”გუგულის” ეძახდნენ. ერთხელ აკაკი სახლიკაცს გახუმრებია: ”შენ რა მოგკლავს, ძამია, ბულბულიც სახლში გყავს და გუგულიც”-ო.


1895 წელს , ჟურნალ ”კვალში” დაიბეჭდა აკაკის ”სულიკო” , რომელიც პოეტმა მალევე გადასცა ვარინკას და სთხოვა - რამე ჰანგი შეერჩია მისთვის.: ”საგონებელში ჩავვარდი, რა თქმა უნდა. ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალურო სახე აღძრა. მე ღრმა ინტერესით მოვკიდე ხელი გიტარას და არსებული კილოების დაუხმარებლად შევქმენი ორიგინალური მუსიკა. ამაში დიდად დამეხმარა თვით ლექსის რიტმულობა, სიმსუბუქე. დიდ პოეტს ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა ძალიან მოეწონა. იგი მთელი გრძნობით უგდებდა ყურს ”სულიკოს” სიმღერას და მის ნათელ სახეზე უსაზღვრო სიამოვნება იხატებოდა. აღფრთოვანების გამოსახატავად აკაკიმ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით: ”ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან”. აკაკის მიერ სიმღერა ”სულიკოს” ასეთი მოწონების შემდეგ ხშირად გამოვდიოდი საღამოებზე ამ სიმღერით და ამგვარად გავრცელდა იგი ხალხში”.

1898 წელს იგლისურმა ფირმამ ”ფონოგრაფი” ვარინკას მიერ შესრულებული ”სულიკო’ ცვილის ლილვალებზე ჩაწერა ვანო მაჩაბლის სახლში, ხოლო 1900 წელს - კოტე ფოცხვერაშვილმა ნოტებზე გადაიტანა მეჩონგურეთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის, რომელიც ორკესტრმა 1905 წლის აგვისტოში შეასრულა ქუთაისის საქალაქო თეატრში.

1909 წლიდან ვარინკა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეა ყვირილის (ზესტაფონი) თემში. რამდენიმე წელიწადში მან აქ სამკითხველოს გახსნაც მოახერხა და საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში, სკოლაც გამართა. ეს პატარა განათლების კერა ათამდე სოფელს ემსახურებოდა.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის წლებში, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ლაშქრობას შეეწირა ზესტაფონის თეატრი, სადაც ოხრანკა დიდი რაოდენობით იარაღს ეძებდა. ახალგაზრდა რევოლუციონერი სტალინი კი ჟანდარმებს სწორედ ვარინკას სახლის სარდაფში ემალებოდა. როგორც ჩანს, აქედან მოდის ტირანის ”სულიკოსადმი” განსაკუთრებული სიყვარული.

ვარინკამ მალევე აღადგინა გადამწვარი თეატრი, სადაც საქველმოქმედო წარმოდგენებზე იწვევდა ქუთაისის და თბილისის შემოქმედებით ჯგუფებს.

ამასობაში დედისერთა ვაჟმა საშუალო სკოლა დაამთავრა და საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, გაემგზავრა მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად. 1919 წელს, სამშობლოში მომავალს, პეტერბურგში ჭლექის უმძიმესი ფორმა შეეყარა. დაუღალავი მკურნალობისა და რუდუნების მიუხედავად, იგი მალევე გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი დედა კარგა ხნით მოწყდა გარესამყაროს: ხალიჩებაკრულ ფანჯრებში მზის სხივს არ უშვებდა და დღენიადაგ დასტიროდა დაკარგულ იმედს.

ამ წლების საქართველო, სასომიხდილი და დაბეჩავებული, ითმენდა ბოლშევიკების უსასტკეს თარეშს. 1924 წელს სწორედ ზესტაფონში, ანტისაბჭოთა აჯანყებაში მონაწილეობაში ბრალდებული იმერლები რამოდენიმე ვაგონში შეყარეს და მსხვილკალიბრიანი იარაღი დაუშინეს. ჯალათები ისროდნენ მანამ, სანამ სასაკლაო სისხლისგან არ დაიცალა.

20-იან წლებს ვინც გადაურჩა, მათ წინ 30-იანები ელოდა. ეს არის სტალინ-ბერიას ჯოჯოხეთური ერთობისა და ამიტომ მათი ერთადხსენების პერიოდი, როგორც ალიო მირცხულავას ამ ლექსშია:

”ჩემო სამშობლო, დღეს შენი ერი
განახლებული ქართლის ერია,
ასე ხმიერად და ბედნიერად
შენ არასოდეს არ გიმღერია.
ალისფერია შენი მიდამო,
ეგ შენი დროშაც ალისფერია,
შენი სიცოცხლე არის სტალინი,
შენი მარჯვენა არის ბერია!”

1934 წელს მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო ფილმი ”უკანასკნელი მასკარადი”, რომლის საოცარი წარმატება განაპირობა გონებამახვილურმა სიუჟეტმა - როგორ ენაცვლება ერთმანეთს საქართველოში თვითმპყრობელობის, პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ეპოქები და როგორ იბადება ახალი დროება. თუმცა, დღემდე არავინ იცის, რომ იმავე წელს რეჟისორს დრამატურგი ქალმა, ნატალია აზიანმა უჩივლა - ფილმის ლიბრეტო მე მეკუთვნის და ჩემი სახელი ვერსად ამოვიკითხეო.

ფილმის წარმატების მეორე, უმიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ის, რომ მასში სიმღერა ”სულიკო” გაისმა და რაც ყველაზე საინტერესოა, - სწორედ რეჟისორის შესრულებით. ადვილი მისახვედრია, თუ ვის უღერის ჭიაურელი, ვის ვნებებს ელაციცება?! ამისათვის კი სხვის ნაშრომს უშურველად ეწაფება და მის საკუთრებად აქცევს - თავად ხდება აქტიორიც და ავტორიც.

1937 წელის იანვარში, მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე, ქართველებმა ”სულიკოც” ჩაიტანეს. მას ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლი ასრულებდა, როგორც ხალხურ სიმღერას. ამ დღიდან მთელმა ქვეყანამ გაიგო სტალინის, ამ სიმღერისადმი, განსაკუთრებული სიყვარული და ამიტომაც მთელი საბჭოეთის შემოქმედებითი ჯგუფები ერთმანეთს ასწრებდნენ მის შესრულებას, გადამღერებას თუ გადამუშავებას.

დეკადაზე ვარინკა წერეთელი, ცხადია, არავის უხსენებია. მისი ნათესავი, პაპუნა წერეთელი, რომელიც მოსკოვში რუსთაველის თეატრს ახლდა, სამშობლოში გულდამძიმებული დაბრუნდა: ”სულიკოს” არნახული წარმატება და ვარინკას უნუგეშო მდგომარეობა ერთმანეთთან ვერ თავსდებოდა.

მიხვდა ვარინკა, რომ მას ყოველთვის დაივიწყებდნენ, თუ თავად არ გაიხსენებდა საკუთარ არსებობას, ამიტომაც დაიწყო ”ბრძოლა გახსენებისთვის”: ჩამოვიდა თბილისში და შესაბამის სამინისტროს მიმართა:

”საქართველოს სსრ. სახკომსაბჭოსთან არსებულ
ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსს
ზესტაფონის რაიონის, სოფელ ცხრაწყაროს
26 კომუნარების სახელობის კოლმეურნეობის წევრის
ვარინკა წერეთლის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სიმღერა ”სულიკო”, რომელიც ამჟამად გავრცელებულია მთელს საბჭოთა კავშირში, მისი სიტყვების ავტორის, აკაკი წერეთლის თხოვნით 1895 წელში ჩემ მიერ არის გამოთქმული და გიტარაზე დასამღერებლად აწყობილი. ამ სიმღერას აღნიშნულ წლიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ მე ვასრულებდი და სწორედ ამ გზით გავრცელდა იგი მთელს საქართველოში. ყოველივე ამის დასადასტურებლად მე შემიძლია წარმოვადგინო როგორც წერილობითი საბუთები, აგრეთვე სანდო მოწმეებიც, რომელთა ჩვენებით გამოირკვევა ჩემი განცხადების სრული სისწორე. ასეთ მოწმეებად ჩემის მხრით მე ვასახელებ: საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს წევრს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, ორდენოსანს აკაკი ხორავას და საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტს, კომპოზიტორს, ორდენოსანს კოტე ფოცხვერაშვილს.

გთხოვთ, მოაწყოთ თქვენი თანდასწრებით ჩემი საბუთების განხილვა, ჩემს მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა და მომცეთ თქვენმიერი საბუთი სიმღერა ”სულიკოს” კილოზე ჩემი ავტორობის დამტკიცების შესახებ”.

საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის, 1938 წლის 5 ოქტომბრის სხდომამ ( თავმჯდომარე ვანო გოკიელი, ესწრებოდნენ: კოტე ფოცხვერაშვილი, შალვა დადიანი, ავქსენტი მეგრელიძე და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ორდენოსანი სანდრო კავსაძე) დადაგინა, რომ სიმღერა ”სულიკოს” ავტორი ვარინკა წერეთელია.

მაგრამ ავქსენტი მეგრელიძეს არ სურს, რომ შემოსავალი ავტორს გაუყოს და თანაავტორობას იჩემებს. ამიტომ ვარინკა იძულებულია საკითხს უფრო მეტი გარკვეულობა შესძინოს და 1939 წლის 3 იანვარს, იუსტიციის კომისარს მიმართავს:

”მას შემდეგ, რაც სრულიად გამოირკვა და დადასტურდა, რომ სიმღერა ”სულიკო” მე მეკუთვნის, ამ ნაწარმოებზე შემოსული საავტორო ჰონორარი მე უნდა მეძლეოდეს უკლებლივ.

მაგრამ ეს ასე არ ხდება, რადგან ”საუდი” (ჰონორარის დამრიგებელი ორგანიზაცია) გადაჭრით ვერ ერკვევა იმ ერთადერთი პიროვნების პრეტენზიაში, რომელიც მე ამ შემთხვევაში ჰონორარის ნაწილში მედავება. ეს არის მოქალაქე ავქსენტი მეგრელიძე, რომელიც თავის პრეტენზიას ამყარებს არა კანონიერ საფუძველზე, რომ მას ჩემთან შეთანხმებით არსებითად გადაემუშავებინოს და ახალი , განსხვავებული ფორმა-შინაარსი მიეცეს ჩემი კილოსთვის, არამედ მხოლოდ მასზე, რომ იგი მას არა ჩემგან, არამედ მრავალ უკვე ჩამწერთა შემდეგ , მხოლოდ უბრალოდ ჩაუწერია და ეს ჩანაწერი ჩონგურზე დაუმღერებია.

ასეთი ოპერაციის ჩამტარებელს, ამ შემთხვევაში კი ავქსენტი მეგრელიძეს, ჩემის ცნობით კანონი არ უნდა ანიჭებდეს თანაავტორობის უფლებას.
თუ ვინმე ჩემს ”სულიკოს” გადაამუშავებს და ახალ განსხვავებულ ფორმა-შინაარსს მისცემს, - ეს სხვა საკითხია. ავქსენტი მეგრელიძეს კი გამოქვეყნებული აქვს ჩემი დანამღერის პირდაპირი განმეორება. გთხოვთ წერილობითი განმარტება მომცეთ ამის შესახებ. ამასთანავე დავსძენ ”სულიკოს” შესახებ რამოდენიმე საბუთს. (დაურთო ლევან ასათიანის, კოტე ფოცხვერაშვილის, სანდრო კავსაძის წერილები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ ვარინკას ავტორობას, ასევე კომპოზიტორთა კავშირის 1938 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებას).

1939 წლის 7 აპრილს, ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლეო ესაკია ., ”საუდს” უგზავნის წერილს:

”ხელოვნების საქმეთა სამმართველო გაცნობებთ, რომ სიმღერა ”სულიკო”-ს ავტორობის საკითხის გარკვევის შემდეგათ, თანახმად წარმოდგენილი ფაქტიური მასალებისა, დადასტურდა, რომ აღნიშნული სიმღერის ავტორათ უნდა ჩაითვალოს ვარინკა წერეთელი. ჰონორაროს 75%-ი უნდა მიეცეცს ვარინკა წერეთელს და 25% ავქსენტი მეგრელიძეს, ვინაიდან უკანასკნელს ეკუთვნის სიმღერის ჩონგურზე დამურავება და პოპულარიზაცია”.

ვარინკას ავტორობა სულ მალე მოსკოვშიც გაიგეს. 1939 წელს თბილისში ლენინგრადის კაპელა ჩამოვიდა, ალექსანდრე სვეშნიკოვის ხელმძღვანელობით. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გამართული კონცერტის ბოლოს მათ ”სულიკოც” შეასრულეს და მისი ავტორი სცენაზე აიყვანეს. ასეთი ყურადღებით გაკვირვებული ვარინკა, აღტაცებას ვერ მალავდა. შინ მიმავალმა, როცა მას ტრამვაიში ადგილი დაუთმეს, ნათესავს უჩურჩულა : ”ეტყობა მიცნო ამ ახლგაზრდამ”-ო.

1940 წლიდად ქართულ კულტურას ხალხური და ქალაქური სიმღერის განუმეორებელი შემსრულებლები შეემატნენ, - დები იშხნელები. მათი დედა , ვასასი ლოლაძე, ვარინკას მეგობარი და საუკეთესო მომღერალი იყო. იშხნელების რეპერტუარში ”სულიკოს” გარდა შედიოდა ვარინკას მეორე არანაკლებ პოპულარული ”მუხამბაზი”. სამწუხაროდ, დღეს უკვე ძალიან რთულია მის მიერ შექმნილი სხვა მელოდიების დადგენა, რადგან აღარავინაა ისეთი, ვისაც ამ საკითხზე დაელაპარაკები.

ვარინკა წერეთელი 1948 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ცხრაწყაროში, მისი ვაჟის გვერდით.

სიმღერა ”სულიკო” -ს უამრავ, სანოტო გამოცემათაგან, მუსიკის ავტორს მხოლოდ 1939 წლის გამოცემა აღნიშნავს. ესეც იმიტომ, რომ ეს საკითხი ახალი გარკვეულია. სხვა ყველა გამოცემას აწერია: ”ტექსტი აკაკი წერეთლისა, მუსიკა - ხალხური” . მათ შორის არის 1954 წელს, ვანო გოკიელის მიერ , გუნდისა და ფორტეპიანოსთვის გამოცემული ნოტები. აქ უცნაური ის არის, რომ სწორედ ეს ადამიანი თავმჯდომარეობდა სხდომას, რომელმაც ვარინკას ავტორობა დაადგინა.

დავიწყების ამ მისტიკას ეძღვნება ლია ჯაყელის ფილმი ”სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”. რეჟისორი დეტალურად მოგვითხრობს ”სულიკოს” ისტორიას და დემონსტრაციულად აღადგენს სამართლიანობას - ტიტრებში ხაზგასმულად აჩვენებს წარწერას: ”კომპოზიტორი ვარინკა წერეთელი” , - ამბობს სიმართლეს, რომელიც აქამდე ვერავის დასცდა.

1981 წლიდან , მამუკა ასლანიკაშვილის ინიციატივით, ვარინკას მშობლიურ ცხრაწყაროში ”ვარინკობა” აღინიშნება: იმართება კონკურსი ხალხური და ქალაქური სიმღერის საუკეთესო შემსრულებელთა გამოსავლენად.

წელს პირველად მოვხვდი ამ ზეიმზე. მოწვეული სტუმრები, ორგანიზატორები, შემსრულებლები, მსმენელები ერთნაირად კმაყოფილები დარჩნენ, რადგან ბევრი კარგი სიმღერა მოისმინეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს . ვარინკაც მრავალჯერ მოიხსენიეს, მისდამი უდიდესი სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით, მაგრამ სულიკო-ვარინკას საფლავი, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე დაეძებს, არავის გახსენებია. არადა, იგი საკონკურსო ეზოდან სულ რაღაც 40-50 მეტრში მდებარეობს.

გავბრაზდი! მარტო წავედი ვარინკას საფლავზე და მისი ”სულიკო” მოვასმენინე - მობილურზე მაქვს ჩაწერილი, დები იშხნელების შესრულებით.
კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამ განმანათლებელი ქალის ტრაგიკულ ბედზე. თითქოს სწორედ მასზეა დაწერილი აკაკის ”სულიკო”, 12 კუპლეტიანი ლექსი: საყვარლის საფლავის საძებნელად მოხეტიალე მგოსანი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სატრფოს სული ვარდის, ვარსკვლავების და ბულბულის მშვენიერებას შენივთებია და გახარებული ამბობს:

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითადა,
რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარეთ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი სადა ხარ,
სამგან გაქვს ბინა სულიკო!”


ლელა გაფრინდაშვილი
დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”
ნოემბერი, 2009 N54


ინტელექტუალები და ინწელექტუალები

”ჰომოსოციალური ლოგოცენტრიზმი” - ამ ტერმინით ავტორიტარული საზოგადოების ავადმყოფობა აღინიშნება - როცა სახელმწიფოს მართვაში მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფი მონაწილეობს და მხოლოდ ის ”ლაპარაკობს”, ხოლო დანარჩენები სოციალურ-პოლიტიკური პროცესიდან გამორიცხულნი არიან და მხოლოდ ”მსმენელებს” შეადგენენ. მათი მიზანსწრაფვა, შესაძლებლობები და პოზიციები ან იგნორირებულია ან - მარგინალიზებული.

”მოლაპარაკენი” ტყავიდან ძვრებიან, რათა თავიანთი ადგილის სამართლიანობა დაამტკიცონ. ამისათვის ათასნაირ არგუმენტებს იგონებენ: ”ჩვენ უზენაესის ხელდასმულები ვართ, მისი სიბრძნის და სიქველის ამქვეყნიური ხორცშესხმა გვაკისრია” ან ” ჩვენ საზოგადოების ელიტა ვართ, ყველაზე ზუსტად, სწორად და სამართლიანად ვჭვრეტთ ქვეყნის მომავალს”.

სრულყოფილი დემიკრატია კი - ვერ იტანს სოციალური ჯგუფების პრივილეგიებს, მოქმედ პირთა უსამართლო სელექციას, სოციალურად ძლიერთათვის და სოციალურად სუსტებისთვის თვითგამოხატვის და ღირსეული ცხოვრების თანასწორი გარანტიების არარსებობას. სწორედ აქ იწყება პრივილეგიებს მიჩვეულთა და ხანგრძლივი დუმილის მდგომარეობიდან გამოსულთა ორთაბრძოლა, ახალი/განსხვავებული/რეპრესირებული სინამდვილის აღიარების ტკივილები.

გადავხედოთ ქართულ სინამდვილეს : ”მოლაპარაკეთა” სიმრავლის მიუხედავად , მათი სწრაფვა - იყვნენ მოსმენილები და გაგებულები, ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება.

სოციალური პოლიფონიის მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია და ამ საქმეში განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალთა ამბიციას - შეცვალონ ძველი სურათი და შექმნან ძალაუფლების, გავლენის მოხდენის ახალი, დემოკრატიული კულტურა. ამ სამუშაოს შესრულება მხოლოდ ”სხვების” მოსმენით, ”განსხვავებულის” მიმართ ემპათიითაა შესაძლებელი, რასაც ქართველ ინტელექტუალებს ნამდვილად ვერ დააბრალებ. მათი უმრავლესობა ინარჩუნებს კაბინეტურ, ელიტური მჭვრეტელის პოზას და სოციალური სინამდვილის წიაღისგან დისტანციას. ეს კი უფრო საბჭოთა ტრადიციის ერთგულებაა, ვოდრე - ქართული, ახლო წარსულის მოღვაწეთა დანატოვარის გაგრძელება.
თავად დააკვირდით და შეაფასეთ!

ჰარემის ქალი და სულთნის მევირე

19-ე საუკუნის მეორე ნახევრის პუბლიცისტიკა სავსეა პოლემიკებით, სადაც გაჩუმებული, დაშინებული და დავიწყებული ხალხი ლაპარაკის უნარს იბრუნებს. ამ პროცესის ინიციატორები სწორედ ინტელექტუალები არიან. მიზნის მისაღწევად, პირველი, რასაც ისინი აკეთებდნენ - “ხალხში შერევა” და ყოველდღიური ყოფის მიყურადება იყო. ამ საქმეს ემსახურებოდა მთელი 19-ე საუკუნის მოწინავე მედია: გიორგი წერეთლის , ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, სერგეი მესხის და სხვათა თაოსნობით გამოცემული ჟურნალები _ “საქართველოს მოამბე”, “კრებული”, “ივერია”, “დროება” , სადაც ჟურნალისტებიც და ანალიტიკოსებიც თვითონვე იყვნენ.

საზოგადო მოღვაწეთა პუბლიკაციების და საჯარო გამოსვლების უმეტესობა სწორედ ხალხის წიაღიდან მიღებული ინფორმაციით იყო სავსე და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაზე იყო ორიენტირებული. ქართულ სინამდვილესთან, საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებულ სტატიებში უმეტესად სწორედ ხალხის აზრს ციტირებდნენ და არა – მათი მეგობრების/კლასის ან უცხოელი მკვლევარების შეხედულებებს. მეტიც, დასცინოდნენ კიდეც იმათ, ვინც მისი ნააზრევის წონის და დამაჯერებლობის მისაღწევად, მხოლოდ “პარიჟის აკადემიის წევრთა” ან დასავლელი ორიენტალისტების მიერ კავკასიაში/საქართველოში მოგზაურობის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს ეყრდნობოდა და ქართველ მკვლევართა შეხედულებებით არც ინტერესდებოდა:

“მე თვალით ნახულს და ჩვენებურს ზოგიერთს მივიწყებულ მწერალთა თხზულებებს უფრო პატივს ვცემ, ვიდრე - პარიჟის ორიენტალისტებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნისა და ენის არა იციან რა, მაგრამ მაინც ყველანი იმათი თხზულებების შემწეობით იძიებენ ჩვენს წარსულს ცხოვრებას, რადგან პარიჟის აკადემიის წევრები არიან და სახელი აქვთ გავარდნილი, როგორც ჩვენს ზოგ მეცნიერს ციცერონისგან ნათხოვარი აზრის ნაგლეჯებით. სწორედ მოგახსენოთ, მე არც ამისთანა მეცნიერთა საკითხავად ვწერ, რადგან წინათვე ვიცი, რომ ისინი ჩემს ნაჩხაბნს არ წაიკითხავენ, როგორც მე – იმათსას. ამ შემთხვევაში, მე უფრო მდაბიური მკითხველისა მეშინია – ვაი, თუ გამიწყრეს, ხელი რათ მოვკიდე ამისთანა საგანს, რომელზეც ბევრი ცნობა არ იპოვება და რომლის სიმძიმემ ვაი თუ ისე დაღალოს იგი, რომ პირველ ფურცელზევე ხვრინი გაამართვინოს. მე უფრო ამის რიდი მაქვს და ეს მაწუხებს და არა – ზემოთხსენებულ მეცნიერთა წყენა. ვისაც ძილი ეკიდება, იმას მე ვერ გავაფხიზლებ. მთავარია - ვინც ფხიზელია, იმას ძილი არ მოვკიდო...” (გიორგი წერეთელი).

იგივე ავტორი, უკვე საჯარო მოხელე, ახალგაზრდობის გაუნათლებლობის პრობლემაზე სტატიას ამზადებს, რისთვისაც ერთ გონიერ მოხუცს ეკამათება და მისგან დაუფარავ კრიტიკასაც ისმენს:

“ეგ ჯამაგირი შენი სწავლის ფასი კი არ არის, არამედ შენი მოწმობის ფასია. რაც გეძლევა, შენი ცოდნა იმის მეასიასადესიც არ ღირს. შენ გაქვს იერუსალიმის ბაშპორტი და იმის გამო სამოწყალოს გაძლევენ. აბა, ერთი წელიწადი მოგიკვეთონ თანამდებობის პური, - თუ შიმშილით არ მოჰკვდე?! როგორც კაცს რა შეგიძლია, რა მოხერხება გაქვს ქაღალდის წერის მეტი? შენ ხარ მონა შენი თანამდებობის, რომელიც გაჭმევს და თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მაშინ უბრალო მეურმეც შენზე წინ იქნება ათი ნაბიჯით. შენი ცოდნა არ არის ისეთი თავნი, კაპიტალი, რომ ცხოვრებაში თავისუფალი კაცი იყო”.

მოკამათის პირდაპირობამ და დამცინავმა მანერამ სიბრაზით აავსო წარმატებული მოხელე. ამიტომ დაბეჯითებით განუმარტა სკეპტიკოსს, რომ სამსახურით ძალიანაც კმაყოფილია: “ჩემისთანა ცხოვრება უწინ მეფეებსაც არ ჰქონდათ”-ო.

მოხუცი ამაზე კიდევ უფრო გაცხარდა: “ უკაცრავათ არ ვიყო, ეგ თქვენი კმაყოფილება მომაგონებს სულთნის ჰარემის ლამაზ ქალსა, რომლისთვისაც ბუნებას ერთი რაღაც პაწია საქონელი მიუცია და თურმე სულთანი ისე აფასებს იმ საქონელს, რომ ქალი სულ თვალსა და მარგალიტშია ჩაფლული. მაგრამ ამბობენ, რომ სულთნის მევირეს რომ არჩევინო თავის მდგომარეობის გაცვლა იმ ქალის მდგომარეობაზედ, - უწინ თავს დაიხრჩობს, ვიდრე – გასცვლისო...”

წამოვიდა დაღონებული, ფიქრის, გამოსავლის ძიებისთვის პროვოცირებული გიორგი წერეთელი. უკვე განსწავლულმა, ხალხის ხმას ნაზიარევმა, რეალური სურათი დაინახა:
საეჭვო ზნეობის რუს მოხელეთა გარყვნილება, ქართველობის უმრავლესობის აფიცრებად და კანცელარიის ჩინოვნიკობად ქცევა, თავად-აზნაურთა პრიკაზში ჩაბარებული ქონება, რუსეთში ჩაკარგულ-გარდაცვლილი ახალგაზრდობა ან იქედან დაბრუნებული, მათი გადაგვარებული ნაწილი და ხელმოცარული, დაბნეული და სასოდაკარგული მშრომელი ხალხი.

რუსეთიდან გამოგზავნილ, ხშირად უმეცარ, მოხელეებს დიდი ჯამაგირი ჰქონდათ და განცხრომაში ცხოვრობდნენ. გაჩნდა საზოგადოება, გაუნათლებელი და მდიდარი. ამის შემხედვარე ჩვენებურებმაც იგივე მოინდომეს – კოხტა მხედრული მუნდირი, მშვენიერი სახლის მორთულობა, ევროპულ წესზე მოწყობილი ბალ-ვეჩერები, ევროპული ფარჩა-ტანისამოსი და მებელი, ევროპული სტოლი და მასზე მშვენიერი მუზიკა. ყველაფერი ამის მისაღწევად, დაიწყეს შვილების კორპუსებში გაგზავნა, საიდანაც მათი უმრავლესობა ხელმოცარული და გადაგვარებული ბრუნდებოდა.

ავტორი ხედავს, რომ საზოგადოება შიგნიდან უნდა გაჯანსაღდეს და არა – გარედან (მით უფრო საკმაოდ ჩამორჩენილი რუსეთიდან) შემოსული რეფორმებით.

რეალობის ასეთი მიუკერძოებელი აღწერა-ანალიზის შემდეგ, გიორგი წერეთელმა გამოსავლის ძებნა დაიწყო: “მაშ რა გვეშველება, რა გვეჭირვება?

- გვეჭირვება ისეთი ცოდნის წყარო, რომ იმან ჩვენს ახლგაზრდობას თვალი აუხილოს, ეს დრო კარგად გააცნოს და იმდენათ გაავარჯიშოს მისი გონება, რომ ყოველს ახალს დროს შეეთვისოს. ასეთი რამ უნდა მოახდინოს ჩვენში უმაღლესმა სასწავლებლებმა (ინჟინრების აკადემია, ტეხნოლოგიური ინსტიტუტი ან სამეურნეო/ოჯახობის მასწავლებელი აკადემია) , რომელთაგან გამოირჩევა უნივერსიტეტი – აქ გაზრდილ ყმაწვილს ყოველ საქმეზე მიუწვდება გონება და ცხოვრების მოთხოვნათა გაგებაში განსაკუთრებით გონებამახვილია. იგი ზრდის მოხერხებულს, მშრომელს და ახალ მოთხოვნილების ნათლათ მჭვრეტელ თაობას, ამრავლებს მეცნიერებაში და ბევრსნაირ ხელობაში განვითარებულ კაცებს, სპეციალისტებს...”

ასე მივიდა 19-ე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა ნაწილი საგანმანათლებლო მოძრაობისა და საუნივერსიტეტო განათლების იდეამდე, რომელსაც იმპერია ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა, როგორც მისი ასიმილაციური და დამპყრობლური ზრახვების დასასრულის დასაწყისს.

ქალბატონი დემიკრატია

ქართველი დრამატურგი ნატალია აზიანი აკვირდება 1905 -1919 წლებში ხელისუფალთა მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღმოაჩენს, რომ მათი მცდელობები ადამიანების ცხოვრებას უფრო ამძიმებს, ვიდრე - აუმჯობესებს. თუმცა, ყველა მათგანი ”დემოკრატიის” სახელით ლაპარაკობს. არადა, ვერ დაუჯერებია დემოკრატიის ასეთი ვერაგობა, სისასტიკე და სიბრმავე, ამიტომაც მასთან სტუმრობას გადაწყვეტს:

”მეც ავდექ და გადავწყვიტე: წავალ, პირდაპირ ვენახვები ქალბატონ დემოკრატიას და ვკითხავ – დაო, ისეთი რა დამიშავებია შენთვის, რომ ასე მიმწარებ დღეებს და ასეთ გაჭირვებას მაყენებ-მეთქი?! ისე დილა არ გათენდება, რომ შენმა მრისხანე ბრძანებებმა ფანჯარას არ დააბრახუნონ და გული არ გადმომიბრუნონ. შენი სახელით სოფლიდან ბრაგანი მიკრეს, თბილისში სახლი ჩამომართვეს, ნაქირავებ ოთახებში ვიღაც ხეპრე, ხამი კომისარი ჩამისახლეს , გაზეთი, სადაც დარდიან გულს ვიოხებდი-ხოლმე, დამიხურეს. ახლა ესეც არ მაკმარეს და ამ ცივ ზამთარში შეშის საჭრელად ტყეში მგზავნიან, თუმცა იცის ღმერთმა, ჩემს გაჩენაში ცული არ ამიღია ხელში და უგუნურობის ტყეს მხოლოდ კალმითა ვჩეხდი მეთქი!.....”

ბევრი ძებნის შემდეგ, ნატალია ბნელ და გამოყინულ მიწურს მიადგა, სადაც ქალბატონი დემოკრატია საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს და არა - ნეტარებასა და განცხრომაში.

” - რათ დგეხარ შენ ამ ნესტიან, ბნელ სარდაფში, როცა იქ , ქალაქის საუკეთესო ნაწილში , შენი კანონიერი, ჯვარდაწერილი პატრონები, კომისარ-მინისტრები რვა-რვა ოთახში არიან გამოჭიმულნი?! გაიხედე, შენი თვალით მაინც დაათვალიერე, რა ზეიმით დაბრძანდებიან სამსახურში ავტომობილ-ეკიპაჟებით და ბრუნდებიან იქიდან სამ-ოთხ საათზე...

- მაშ არ იცოდი, რომ მეორე ქმარიც მღალატობს? მზითვის გულისთვის ჯვარი დაიწერა ჩემზე და ახლოს აღარ გამკარებია... ეგეც ბურჟუაზიას ეარშიყება...

- მაშ, რაც მე ჩამომართვეს, რაც მე დამაკლეს , შენთან არ მოუტანიათ, შენ კი არ გაგინაწილეს?!

- შენ არ მომოკვდე, რომ თვალითაც არ მინახავს!.... ეგ არაფერი, უბედურება ის არის, რომ მესამეთ მიპირებენ გათხოვებას. რა ვიცი , ვიღაც ბოლშევიკი გამოჩენილა, ეხლა ის მეარშიყება, დიდ ბედნიერებას მპირდება, მაგრამ რა ვქნა, როგორ გავბედო?...

- აღარ გათხოვდე, შე უბედურო, იკმარე მაგდენი ქმრები! – შევბედე მე სიბრალულით და ნაღვლიანი დავბრუნდი სახლში. ”

მიხვდა ნატალია, რომ მეფის რუსეთის მოხელეებს, სოციალ-დემოკრატებს და ბოლშევიკებს ”დემოკრატია” მხოლოდ ”მზითევისთვის” უნდოდათ და ერთნაირი მონდომებით ღალატობდნენ მას.


ინწელექტუალები

თანამედროვე საქართველოში კი ინტელექტუალების დიდი ნაწილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საბჭოთა “ინწილიგენციისთვის” დამახასიათებელი, მედიდური მანერით დასცქერის. კაბინეტების სიგრილე-სიმხურვალეში ჩაკეტილები, ვიწრო ჭუჭრუტანიდან (ტელევიზორი, ინტერნეტი) აკვირდებიან სამოქალაქო პროტესტს. მათი უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ დემოკრატიის პირობებში საზოგადოებაზე წერა საზოგადოების ცოდნას და შიგნიდან დანახვას ნიშნავს.

სინამდვილეზე რომ კომპეტენტური აზრი გქონდეს, ამ სინამდვილეს უნდა ”შეერიო” და განიცადო იგი: შენს დასავლურ ან საბჭოურ ცოდნას კი არ უნდა მოარგო რეალობა, არამედ რეალობის შეცნობამ უნდა მოგცეს ცოდნა და ანალიზისთვის საჭირო მასალა. მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან ეშინიათ რეალობის, ხალხის, რომელსაც “სუნი ასდის”.
ამ ადამიანებში არიან ისეთებიც, ვისაც საბჭოთა პარტბილეთი 9 აპრილის ტრაგედიამაც ვერ გააგდებინა ხელიდან და ვინც საკუთარი უპირატესობით გაბრუებული, გაავებული დასცინოდა გამსახურდიას მიმდევრებს და არასოდეს გაუპროტესტებია ის ძალადობა/მკვლელობები, რომელიც ჯერ “მხედრიონმა”, ხოლო შემდეგ - შევარდნაძის გოშიებმა ჩაიდინეს “ზვიადისტების” მიმართ. რაც ყველაზე ამაზრზენია, - ხელისუფლებაში მოკალათებული, ყოფილი რეპრესირებულები, თავიანთი წარსულიდან დისტანცირდნენ და ახლა თავად იქცნენ ძალადობის აპოლოგეტებად და წამქეზებლებად.

ამიტომაც არ მიკვირს, როცა ძველი და ახალი “მოაზროვნე გვარდია” არაფერს ამბობს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებზე. არ მიკვირს ინწელექტუალების დამცინავი ქირქილი რუსთაველზე გამოსული პროტესტანტების მიმართ: - არ გეგონოთო, რომ ამ პროტესტს “საკანი” ჰქვია! ეს “გალიაა”, სადაც ისეთი არსებები ბინადრობენ, რომლებიც საკვებს სწორედ იქ ინელებენ, სადაც - ჭამენ. ეს ცინიკური ინტონაცია ბუნებრივად მაბრუნებს იმ ფაქტებთან, რომლებიც ჯერ კიდევ გვახსოვს: აფხაზების “აფსუებად” და კოკოითის “ფანდარასტად” მოხსენიება, ბადრი პატარკაციშვილის სახელზე პამპულაობა და დამცინავი ღიმილით წარმოთქმული “არკადი” , აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მისული, ეროსი კიწმარიშვილისთვის იმის შეხსენება, რომ მას “ერასტი” ჰქვია. იოლი მისახვედრია, თუ რა მცირე მანძილია პიროვნების ღირსების შელახვიდან - მასზე განხორციელებული ძალადობის დაშვება-განხორციელებამდე.

იგივე “ზემოდან მზერით” არის ნაკარნახები, ინწელექტუალთა მიერ, ოპოზიციონერთა და მათ მხარდამჭერთა გამოსვლებიდან მხოლოდ კომიკური და ქსენოფობიური “მარგალიტების” ამოკრება. ეს “სამართლიანი” აღშფოთება უფრო გაუგებარი ხდება, როცა იცი, რომ ამ განსწავლულთაგან არავის გაუპროტესტებია სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობა” და ვანო მერაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა: “ თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც რომ არ მოეკლა კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (2005 წლის 10 ნოემბერი).

ადამიანი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელის მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობისა და მკვლელობისკენ მოწოდებას (რაც წარმოთქმის მომენტიდან უკვე ამ ყველაფრის რეალიზებას ნიშნავს!) არ აპროტესტებს და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გრამატიკის, ლიტერატურის, ისტორიის და ადამიანის უფლებების საკითხების უცოდინარობა აღიზიანებს, ღირსეულ მოქალაქედ და ინტელექტუალად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ინწელექტუალი იქნება მანამ, სანამ თავად არ მობეზრდება.

მიშელ ფუკოს ეს აზრი სწორედ იმათ მინდა შევახსენო, ვინც ძალა/ხელის/უფლების აპოლოგეტად და წამქეზებლად იქცა, ხოლო ფრანგი მოაზროვნის გამონათქვამებს მხოლოდ სტატიებისა და საჯარო გამოსვლების “სამკაულად” იყენებს:“ინტელექტუალმა უკვე აღარ უნდა ითამაშოს მრჩეველის როლი, აღარ უნდა ადგენდეს გეგმებს იმათთვის, ვინც იბრძვის ან თავს იცავს, არ უნდა იგონებდეს მათთვის ტაქტიკას და არ უნდა უსახავდეს მიზნებს.ინტელექტუალს ანალიზის ინსტრუმენტების შეთავაზება შეუძლია...სინამდვილეში, ლაპარაკია იმაზე, რომ გაგვაჩნდეს თანამედროვეობის აღქმის მყარი, ხანგრძლივი უნარი, რომლის საშუალებითაც შევამჩნევთ, თუ სად გადის რღვევის ხაზები, სადაა ძლიერი წერტილები, რომელსაც ძალაუფლება მიეჯაჭვა და დამკვიდრდა. სხვა სიტყვებით, - საჭიროა ბრძოლის ველის ტოპოგრაფიული და გეოლოგიური სურათის გადაღება.... აი, ინტელექტუალის როლი...”

ცხადია, რომ ასეთი სამუშაოს შესრულების უნარს ძალა/ხელის/უფლებისადმი ვნება არა მარტო აჩლუნგებს, არამედ - სპობს. შეუძლებელია ასეთი მიუკერძოებელი ანალიზი იმ ადამიანებმა გააკეთონ, ვინც თავის შეხედულებებს “ზემოდან” წამოსულ ინსტრუქციებს ან კონიუნქტურას არგებს.

ლელა გაფრინდაშვილი

დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”
დეკემბერი, 2009 N54