გასათხოვარი, გათხოვილი, გაუთხოვარი, განათხოვარი
ვუძღვნი ნინო ლიკუჩოვას


რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანი განვითარებისთვის იბადება. გონებით წვდომის დაუოკებელი წყურვილი მას ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისგან გამოარჩევს. შემმეცნებელთაგან ზოგი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, - კრიტიკული და სკეპტიკურია, ზოგი კი - თვლის, რომ თავად არის სრულყოფილება და სად მოვა ვინმე მასთან?! ცოდნას რაღაც მომენტამდე აგროვებს, საგულდაგულოდ ინახავს (თანაც მხოლოდ თავისიანებისთვის!), შემდეგ კი - `მზეს ეუბნება _ შენ ჩადი და მე ამოვალ!-ო.პირველები არა მხოლოდ გონებით იმეცნებენ, არამედ - გრძნობებითაც. არა მარტო “საკუთარი”, მშობლიური”, “ნათესავური” და “სასიამოვნო” აინტერესებთ, არამედ “უცხო”, “სხვა”, “განსხვავებული” და “მათთვის მიუღებელიც”. ასეთებს “საკუთარის” სიყვარულისთვის “სხვების” სიძულვილი არ სჭირდებათ - შეიძლება ვინმეს პრინციპულად არ ეთანხმებოდნენ ან უპირისპირდებოდნენ კიდეც, მაგრამ “მე შენზე უკეთესი ვარო” - არასოდეს იტყვიან, ყოველთვის შეუძლიათ სხვების არა მხოლოდ გაგება, არამედ თანაგრძნობა-თანაგანცდაც.

მეორენი ან საერთოდ არ იმეცნებენ (რაში სჭირდება რაიმე ახლის გაგება, თუ თავი იმთავითვე სრულქმნილი ჰგონია?!) ან მხოლოდ ის აინტერესებთ, რაც მათ ერთადერთობას და განუმეორებლობას ადასტურებს, რაც სხვებზე უპირატესობას აგრძნობინებს.

რაღა ბევრი გავაგრძელო და გრძნობა-გონებით მოაზროვნეს ეთნიკურთან ერთად სამოქალაქო იდენტობაც აქვს, რითაც სამართლიანობისა და თანასწორობის იდეის ერთგულია და ტოლერანტულია, ხოლო “დამგროვებლები” კოსტუმირებული ქსენოფობები არიან. საშინლად აფრთხობთ და სძულთ ყველაფერი, რაც მათ მიერ “დატყვევებული” ცოდნისგან განსხვავებულია. ამ გუნდის წარმომადგენელი არასოდეს იკითხავს `რა მემართება, რატომ მძულს?~ თვითონ კი გაფაციცებულია და მაგალითად, თუ მისი ბრჭყალებისაგან არაქართველს იცავ, აუცილებლად გამოიძიებს - შენს პროტეჟესთან რამე ნათესაური ხომ არ გაკავშირებს. ასეთები იმ ბოლშევიკს მახსენებენ, არგუმენტი რომ გამოელია და მოკამათეს უთხრა: აბა, შენი პასპორტი მაჩვენეო.

კონკურსის “მის საქართველო - 2007” გარშემო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ფასადურად არის ტოლერანტული. როგორც წინა, ხილული მხრიდან შეღებილი შენობების მიღმა ხშირად სიღარიბე და სიბინძურე სუფევს, ისე - დეკლარირებული შემწყნარებლობის უკან შეიძლება აგრესიული ეთნოცენტრიზმი იმალებოდეს.

არაქართველი, მონატაცები, ნასამართვევი მისს-ი?!

მონაწილე არ შეიძლება იყოს ქორწინებაში ან ფეხმძიმედ. იგი არასოდეს უნდა ყოფილიყო ქორწიენაბში ან განქორწინებული და არც ნამშობიარევი. პრიზიორი კი ასევე ვალდებულია არ გათხოვდეს, სანამ იგი ამ ტიტულის მფლობელია~, _ ასეთია მოთხოვნა, რომელსაც კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს. პირადად ჩემთვის უკვე ასეთი პირობა საკმარისი იქნებოდა, რომ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობა აღარ მიმეღო. თუმცა, საქართევლოში ამ იდეას ბევრი გულშემატკიავრი და ტრფიალი გამოუჩნდა და 1997 წლიდან კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კონკურსის მოთხოვნებს დაარღვევდა ის, ვინც სამოქალაქო ქორწინებაში იყო ან განქორწინდა. ასეთი აღმოჩნდა ვიცე-მისი, ნინო ლეკვეიშვილი, რომლის საქციელი არავის განუსჯია, რადგან პირველი მისის ისტორია უფრო “გემრიელი ლუკმა” აღმოჩნდა ჩასაფრებული ადამიანებისთვის. მათ გაარკვიეს, რომ ლიკუჩოვა მონატაცებია (ალბათ, იცით, რომ ქორწინების ამ ყველაზე არქაულ ფორმას დღემდე ერთგულებენ კავკასიელი ხალხები, მათ შორის – ქართველები). არასრულწლოვანი გოგონას მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელთაც პოლიციას მიმართეს, საქმროს მხარემ ნინოს ჯვარი მაინც დასწერა. მოგვიანებით პატარძალმა, მოძალადის გრძელვადიანი პატიმრობისგან გადასარჩენად, ყალბი ჩვენება მისცა, რის გამოც ორწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო.

ნინო ლეკვეიშვილის ისტორია (ისიც მონატაცები, მშობლების რჩევით დაოჯახებული და შემდეგ განქორწინებულია!) არ გახმაურებულა და არც განხილულა, ხოლო ლიკუჩოვას ამბავი მედიის და საზოგადოების `საუკეთესო~ ნაწილმა ენაზე დაიხვია. მოკლედ, ყველაფერზე ილაპარაკეს _ იმაზე, რომ თითქოს ის აფერისტია, ვაჟებს ჯერ მიჰყვება, შემდეგ კი მომიტაცაო _ ამბობს და ფულს სძალავს, მის ნასამართლეობაზე, ეთინკურობაზე, ქალწულობაზე, მაგრამ აღელვებულთაგან ცოტამ თუ იკითხა, თუ ვინ, სად, როდის და რატომ დაარღვია კანონი? არც ის წამოსცდენია ვინმეს, რომ “მონატაცები” და “ძალით ჯვარდაწერილი” ქორწინების იურიდიული სტატუსი არ არის.

თბილისის ინტერნეტ ფორუმის ერთ-ერთ მონაწილეს კი ნინოს რუსულმა გვარმა (მისი ქართული სახელი აქტუალური არ გამხდარა!) საბჭოთადროინდელი აფიორაც გაახსენა:
`... იმაში, რაც სკანდალად აგორდა შეუძელბელი ან ახალი არაფერია. `ბაღნებს~ არ გეცოდინებათ, მაგრამ იყო სსრკ-ში ადგილები, სადაც ხელფასის ნომინალს ძალიან მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა მძიმე პირობების გამო, მაგალითად, უკიდურესი ჩრდილოეთი, ბამი და ა. შ.

მოსკოველმა და ლენინგრადელმა გოგოებმა ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადეს. კერძოდ კი, ჩადიოდნენ, იქ ქორწინდებოდნენ და დაორსულდებოდნენ თუ არა _ ბრუნდებოდნენ სახლში. ბავშვს გააჩენდნენ და ქმარს მაშინვე გაეყრებოდნენ (მანამდე _ ვინ იცის, რა ხდება და ისევ საჭირო გახდეს).

დაენიშნებოდა ბავშვს ალიმენტი _ ქმრის ხელფასი 25%, რაც 250 მანეთეს აღწევდა. თვითონ რომ ემუშავათ 100-150 მანეთზე მეტი ხელფასის შანსიც არ ჰქონდათ. ასე კი უმუშევრად სახლში მისდიოდათ 200-250 მანეთი. მერე სადმე დროის მოსაკლავად იქნებ დაეწყო კიდევაც მუშაობა, მაგრამ რაც მთავარია, შემოსავალი განრანტირებული ჰქონდა და შეღავათები, როგორც მაც ადინოჩკას. ისე რეკორდისტებიც იყვნენ, ვინც ამ მეთოდს რამოდენიმეჯერ იყენებდა... “

ხომ ხედავთ რუსი ქალების უზნეობას? ქართველები კი – პატრონს უმწიკლოები ბარდებოდნენ და მათგან მამაკაცის მოტყუება ვის გაუგონია?! მე კი ბევრისგან მსმენია, რომ ამ კომკავშირულ მშენებლობებზე გამწესებული ჰომო-სოვიეტიკუსი ვაჟები, საბჭოთაიდეოლოგიამირთმეულები, ქალის დანახვაზე გიჟდებოდნენ და ხშირად აუპატიურებდნენ მათ. მერე კი – შეშინებულები, რომ ეს ქალები შეიძლებოდა თავიანთ მამულში გაჰყოლოდნენ, - ყველაფერზე აწერდნენ ხელს.

ამ საყოველთაო აუტოდაფეს პროცესში საქართველოს პრესტიჟის გუშაგებიც აქტიურობდნენ:- “ასარჩევი ნაღდად არ იყო, ვერც ჭკუა-გონებით ქაჩავს და გარეგნობაზე ხო საუბარიც არაა. (მაგაზე ბევრად ლამაზები იყვნენ იმ კონკურსზე). ხო, გვარიშვილობაზე არაფერს ვამბობ”.

- “მთავარი ის არაა, რომ ნასამართლევია და არც ის, რომ განათხოვარია. უბრალოდ სირცხვილია ვიღაც უბრალო, ნათრევი ქალის გაშვება..”- “ რა შუაშია ბოღმა? უბრალოდ რეალისტი ვარ და სულ არ მინდა ვიღაცა მახინჯი კრიმინალკა რუსი იყოს მის საქართველო...”

ვირტუალურ სივრცეში არიან გრძნობებით შემმეცნებლებიც, თავგამოდებით რომ იგერიებდნენ აგრესიულებს. მათგან ერთ-ერთმა ასეთი რამ დაწერა: `საქართველო მაგრად გავს სილაში თავით ჩაფლულ სირაქლემას. ვერა ხედავენო, ვერაო! საზოგადოებას შევახსენებ, რომ 1921 წლიდან საქართველოს მთვრობა არ ყოფილა მასში ნასამართლევი, გასამართლებული ან გასასამართლებელი პირი რომ არ ყოფილიყოს. რა ამ გოგოსი გაუკვირდადთ, თუ მართლა ასეა?~

ამაზე უკეთესად შეუძლებელია ვუპასუხო იმათ, ვინაც `მის საქართველო~ ვირზე შესვა და გამეტებით ესროდა ტალახის გუნდებს და ვისაც დღემდე ვერ გაურკვევია, რომ საქართველოში დაბადებული და მცხოვრები ყველა ადამიანი (გვარის, წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა და მას კანონი ისევე უნდა იცავდეს, როგორც ეთნიკურად ქართველს. ჩვენი ქვეყანა რომ სახელმწიფო იყოს, - ნინო ლიკუჩოვა არაერთი ადამიანის და ინსტიტუციის წინააღმდეგ აღძრავდა საქმეს და მოიგებდა კიდეც სასამართლო პროცესს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ადათ-წესობრივი სამართლით იმართება და იკვებება. მის წევრებს სახელმწიფო/სამოქალაქო სამართალი იშვიათად ახსენდებათ, რადგან საქართველოში კი დაიბადნენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებად ვერ იქცნენ.

ნანა და მინადორა

ვფიქრობ, პირველი მისის ისტორია არა მხოლოდ სამართლებრივი კუთხითაა საინტერსო, არამედ ჩვენი კულტურის სერიოზულ ნაკლოვანებებს წარმოაჩენს. ამიტომ და, რა თქმა უნდა, - ნინოს მხარდასაჭერად, ერთი ისტორია მინდა გიამბოთ, რომელიც `ქალწულ-მოტაცებულ-განათხოვრის~ ერთთვიანმა ბზრიალ-ტრიალმა გამახსენა.

ნანა ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. ქალაქში ხშირად მწერდა წერილებს და სოფელში მისთვის წიგნების ჩატანას მთხოვდა. მეც დაუზოგავად ვამარაგებდი. მაგრამ სკოლა დაამთავრა თუ არა ანუ როცა გასათხოვარი გახდა, მაშინვე ვიღაცამ მოიტაცა. მისი ოთხი ძმა და მამა სასწრაფოდ პოტენციურ მძახლებთან შესახვედრად გავარდნენ. დედა და უფროსი და კი - სახლში სხედან. მათთან ყოველ ღამე ქალები იკრიბებიან: გასათხოვარი და გათხოვილი ნათესავები, მარიამი _ ჩემი უფროსი ბაბუდა, გაუთხოვარი, ღვთისმოსავი და სათნო; მინადორა _ ჩემი უმცროსი ბაბუდა, განათხოვარი და უშვილ-ძირო, რომელმაც მამისეულ სახლში მობრუნებისთანავე ერთი ძროხა `თვალო~ იშვილა და მასზე ზრუნვით გაიხანგრძლივა მისი, როგორც თვითონ ამბობდა, `ღმერთისგან დავიწყებული სიცოცხლე”. მეც აქ ვარ. ამ ერთობაში, ჩემი ასაკის გამო, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი მაქვს. სანამ საუბარი მშვიდი და აუღელვებელია, ვზივარ მუხლებზე ხელებდაწყობილი, მწყაზარი გამომეტყველებით და მხოლოდ თვალებს ვამოძრავებ. ყურებიც დაცქვეტილი მაქვს _ იქნებ რაიმე თვითონ გავარკვიო, თორემ ჩემი დარდი არავის აქვს. ხოლო თუ ვინმე ხმას აუწევს, ვიწყებ ჩემი კოპლებიანი კაბის ქაჩვას მუხლებიდან ტერფებისაკენ ისე ძლეირად, რომ არშიები ნაკუწებად იქცევა და შემდეგი მღელვარე მომენტისთვის აღარაფერი მაქვს დასაქაჩ-დასაქუცმაცებელი. (ეს კაბა ბებიაჩემს საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული, მაგრამ მას შემდეგ, რაც რძალი შემოუვიდა, სადღაც გაქრა – ვეღარ ვიპოვე).

შუაღამეა. ქალებს ზეზეულად დაეძინათ. მე თავი მინადორას კალთაში მიდევს და მისი თავსაფრის ფოჩებს ვწნავ. უეცრად ძაღლებმა განწირული ყეფა ატეხეს. ყველა გამოფხიზლდა და დაბრუნებულ `ემისრებს” მიეგება. იმედგაცრუების და უკმაყოფილების მათ არაფერი ეტყობათ. გაირკვა, რომ ამ `ვაჟკაცებმა~ ნანა მოძალადის ოჯახში დატოვეს, რადგან `ყველაფერი უკვე მომხდარიყო~. პირველი მინადორა წამოვარდა, ნანას მამას ჯოხი მოუღერა და უთხრა: `დაწყევლოს მამა ზეციერმა, იმ ტურას როგორ დაუტოვე შვილი?!~ ამის გაგონებაზე გასათხოვრებმა და გათხოვილებმა ერთხმად, ბატებივით კისერწაგრძელებულებმა, შესძახეს: `გაჩუმდი, გაჩუმდი, წადი სახლში! აბა, შენსავით განათხოვარი და მარიამივით გაუთხოვარი უნდა იყოს?!~ შეურაცხყოფილმა მარიამმა ლეჩაქი გაისწორა, ხელი ჩაიქნია და ჩემდაგასაკვირად - კარები გაიჯახუნა.

ის ღამე მინადორამ კარგა ხანს ვერ დაიძინა, ოხრავდა და ტიროდა. დილით ადრე თვალო დააპურა, მე რძე დამალევინა და ყანაში გავარდა.

ბაბუაჩემს წვრილად მოვუყევი მთელი ამბავი და ისიც, როგორ აწყენინეს მის დებს ქალებმა, რაზეც რამინმა მითხრა : “ასეა, - გასათხოვრებსა და გათხოვილებს არ უყვართ გაუთხოვრები და განათხოვრები!”. ორი კვირის თავზე ნანას სახლში სუფრა გაშალეს და მეფე-დედოფალს ელოდებიან. მთელი სოფელი ჩართულია სამზადისში. საღამოს გამოჩნდნენ სტუმრები. ჭიშკარი ფართოდ გამოხსნეს და მაყარიც დაიძრა.

უეცრად დამხვდურთა გუნდს პატარა ქალი გამოეყო და ნანასკენ გაიქცა, სახეზე ხელები დაუსვა და გადაკოცნა, ხოლო სიძეს - რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაულაწუნა და შეაფურთხა კიდეც. ატყდა ჩოჩქოლი, დავი-დარაბა. ისევ ქალებმა იმარჯვეს და მოხუცი ეზოდან გამოიტანეს. მეც იქ ვიდექი და თვალები დავქაჩე, როცა მინადორამ ხელი ჩამავლო და სახლისკენ გამაქანა. როგორ ვერ ვიცანი ჩემი განათხოვარი, სამართლიანი და გაბედული ბაბუდა?! გახარებულებს პირი უნებურად გვეხსნებოდა, ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდით და გული გამალებით გვიცემდა, - სწორედ ისე, როგორც გამარჯვებულებს!

იმ ზაფხულს, ქალაქში მომავალს, ნანა კი შემხვდა, მაგრამ წიგნები აღარ დაუბარებია!

ლელა გაფრინდაშვილი
”ცხელი შოკოლადი” N31, 2007

11 comments:

  1. "...მონაწილე არ შეიძლება იყოს ქორწინებაში..."

    ნეტა "ქორწინებაში" ყოფნა - ქალიშვილობა-არქალიშვილობასაც ხომ არ გულისხმობს!

    - გათხოვილი ხართ?

    ამ შეკითხვას ყოველთვის ორაზროვანი მნიშვნელობა აქვს. ბევრჯერ ჩავვარდნილვარ კომინურ სიტუაციებში ამ შეკითხვის დასმის შემდეგ, განსაკუთრებით ექიმებთან ვიზიტის დროს. როდესაც მეკითხებიან: "გათხოვილი ბრძანდებით?" ყოველთვის ვფიქრობ, ჩემი სამოქალაქო სტატუსი აინტერესებთ (მაგალითად, პაციენტის დოსიეში ჩასაწერად!), თუ ჩემი სექსუალური ცხოვრების სტატუსი...

    თანაც ყოველთვის ერთი შეკითხვა მიჩნდება, რატომ აინტერესებს ყველა ქართველ ექიმს, ჩემი გათხოვილობა-არგათხოვილობის (ქალწულობა-არქალწულობის) საკითხი, მაშინ როდესაც საზღვარგარეთ, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ექიმს - მათ შორის გინეკოლოგს - ჩემთვის ეს შეკითხვა არც კი დაუსვამს...

    ნუთუ რაიმე მნიშვნელობა აქვს ამას დიაგნოზის დასმაში?! და თუ ასეა, რატომ არასდროს მისვამდნენ ამ შეკითხვას სხვა ქვეყანაში?!

    ვფიქრობ მედიცინასთან ნაკლები კავშირი უნდა ჰქონდეს... უფრო კულტურით არის განპირობებული. ბევრჯერ მომისმენია, თუ რამდენ დაავადებას "კურნავს" "გათხოვება". ერთხელ კაცი საუბრობდა, მის ქალიშვილს (14 წლისას!) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ერთ-ერთმა ქალბატონმა მეგობრულად ურჩია, გაათხოვეთ და გაუვლისო :)

    ReplyDelete
  2. Zosia, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.

    ”ქორწინებაში ყოფნა” სწორედ ქალიშვილობის საკითხის გარკვევას გულისხმობს, სექსუალური ან რეპროდუქციული სტატუსის/განწყობის დადგენას.

    როცა დამსაქმებელი/სამუშაოს მიმცემი გეკითხება - ხარ თუ არა გათხოვილი, იგი გულისხმობს : არის თუ არა საშიშროება, რომ დაფეხმძიმდე და შვილი გააჩინო?

    როცა რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი , მეზობელი, ნათესავი გეკითხება, - მას აინტერესებს გაქვს თუ არა სექსუალური ცხოვრება - ნორნა ხარ თუ - დევიაცია.

    ყველა შემთხვევაში ეს შეკითხვა დისკრიმინაციულია და უფრო კულტურული ნირმებით არის განპირობებული. ეს ნორმები კი ქალის თავისუფლების რეგლამენტს აწესებს და ეს რეგლამენტი თუ არ დაიცავი, მაშინ მარგინალიზების საფრთხე გემუქრება.
    ქალის სექსუალურ და რეპროდუქციულ არჩევანს სწორედ ”სხვები” აკონტროლებენ და არა - თავად ქალი. ეს არის მისი ჩაგვრისა და შევიწროების საფუძველი/მიზეზი კულტურათა უმრავლესობაში.

    ლელა

    ReplyDelete
  3. zosia,
    მე როდესაც ,,ქალთა კონსულტაციაში” მივედი და ვრეგისტრირდებოდი როგორც ფეხმძიმე, ექიმმა რასაკვირველია მკითხა როდის გავთხოვდი. ავსებდა რარაცას და იქ აქვთ ეგეთი გრაფა ნეტავ? მგონი ასეა :)) როდესაც ვუპასუხე არ ვარ გათხოვილი მეთქი, ძალიან დაიბნა, შეწუხდა და მეც შემაწუხა. ბოლოს ისევ მე მოვიკრიბე სითამამე, და ვთხოვე უფრო პირდაპირ ეკითხა, კონკრეტულად რა ინფორმაცია იყო ამ შემთხვევაში საჭირო :)

    ამ ამბავზე დღემდე მეცინება.

    ნინოს ამბავს რაც შეეხება, კონკურსის პირობებით ნასამართლეობა თუკი ხელს უშლიდა, ალბათ არ უნდა მიეღო მონაწილეობა. თუ არ უშლიდა, რაღაზე აგორდა სკანდალი? და თუკი უშლიდა და არ იცოდა, კიდევ ერთხელ ნამეტანი ქართული ამბავია :)))

    ReplyDelete
  4. ,,იმ ზაფხულს, ქალაქში მომავალს, ნანა კი შემხვდა, მაგრამ წიგნები აღარ დაუბარებია!”
    რა სამწუხაროა, რომ გათხოვება ქალისთვის განვითარებისთვის წერტილის დასმას ნიშნავს. ან უფრო ზოგადად, ადამიანები რაღაც ასაკში იმდენად ვერთვებით რუტინაში, რომ ვეღარ ვიცლით.
    ძალიან მეშინია ამის. მითუმეტეს ბოლო 3 წელიწადს რომ გადავავლებ თვალს :))

    მოტაცებაზე ერთი ისტორია გამახსენდა: ჩემი ერთი მეგობარი ხელიდან გამოგვგლიჯეს 2 კურსზე. მის ოჯახს მოსწონდა ის ბიჭი და შედეგად მხოლოდ მეორე დღეს მიაკვლიეს, და ,,ღამეგანათევ” გოგოს უკან ვიღა წამოიყვანდა. სადღაც 1 კვირაში სუფრაც გაშალა სიძემ და მეგობრებიც დაგპატიჟა.

    მამაოც იყო მოწვეული, სიძეც ძალიან რელიგიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ბოლოს გავბედე მეკითხა: ,,შენი ქმარი როგორი მორწმუნე ჩანს და როგორ მოგიტაცა”-თქო?

    ამომწურავი პასუხი: ,,მაშინ არ მარხულობდა”

    :))

    ReplyDelete
  5. ყოჩაღ, ლელ, კარგი იყო ძალიან :) ვაიმე, აღარაფერი მოგინდება ამ ქვეყანაში.

    ReplyDelete
  6. გული ამტკივდა, კიდევ ერთხელ.
    ნეტა ამის წაკითხვის ნებისყოფა რამდენს ეყოფა და ვისაც ეყოფა, იქედან რამდენი გაიგებს ადეკვატურად?
    თუ მხოლოდ ისინი მიყვებიან ბოლომდე, ვის გულშიც ეს ყველაფერი ისედაც იწვევს პროტესტის გრძნობას და მაინც არაფერი შეიცვლება?

    ისე სიტყვა "გა-თხოვ-ება" უკვე რამდენ რამეზე მეტყველებს :(

    ReplyDelete
  7. Anonymous1/3/11 18:13

    რამინი რომელი, ხბო რო დაკარგა?

    ReplyDelete
  8. Anonymous3/3/11 17:24

    პირადი ცხოვრება აქ სახელად იციან მარტო.

    ReplyDelete
  9. Anonymous10/6/11 15:09

    მშვენიერი სტატიაა. და გულიც ძალიან მეტკინა ამის კითხვისას. სხვათა შორის, ჩემი ბებია, დედის დედა, 16 წლის იყო, როცა მოიტაცეს და რადგან ,,ღამეგანათევი'' იყო, უკან აღარ მიიბრუნეს: ,,რას იტყვის ხალხი?''... დღეს 60 წლისაა. რომ დავუჯდები და ველაპარაკები წიგნებზე, მწერლებზე, მხატვრებზე, პოეტებსა და ფილოსოფოსებზე, სახე უნათდება და თვალებგაბრწყინებული შემომყურებს. ხსირადფ უთქვამს ჩემთვის, მინდოდა, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ არ დამცალდაო...

    გიორგი.

    ReplyDelete
  10. ნათია ხარატიშვილი13/2/12 02:06

    სამწუხაროდ ძალიან ნაცნობი სიტუაცია, პირადი ცხოვრების ნარატიული დეტალებიც კიდევ ერთხელ გამახსენდა დოკუმენტური კინოს კადრებივით... თუმცაღა ჩემს სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ ფემინისტური თვალთახედვა არ მაძლევს შანსს ზუსტად ვერ მივხვდე მსგავსი პრობლემის არსს... ამისათვის მადლობა ლელა შენც გეკუთვნის, როგორც ლექტორს ...

    ReplyDelete
  11. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete