სადა ხარ, ჩემო ვარინკა?!

ხელების გათბობა/დაბანა

1949 წელს გამოცემული ”დედა ენა” რომ ნახოთ და იაკობ გოგებაშვილისეულს შეადაროთ, - მაშინვე მიხვდებით, თუ რა საშინელებას აშენებდნენ ბოლშევიკები: ლენინ-სტალინ-ბერიას პორტრეტები, მათი ბავშვობის შესახებ ტყუილ-მართალი, ბელადთა სადიდებელი, ჩამტკბარი ლექსები, ოქტომბრელთა, პიონერთა, კომუნისტთა, საბჭოთა არმიელთა გმირობის ამბები.

მოთხრობაში ”ოჯახის სიხარული” მეოცე საუკუნის ტირანის დაბადებაა აღწერილი: გორელ მეჩექმეს, ბესარიონს და მის მეუღლეს, კეკეს, პირველი ორი ვაჟი დაეღუპათ და შვილის მოლოდინით ედგათ სული. ამიტომაა, რომ სანდალა თავისი მეგობრის სახელოსნოსკენ გახარებული გარბის, რათა ვაჟის დაბადება ამცნოს .

- შენს პირს შაქარი, ჩემო სანდალა, შენს პირს შაქარი! წავიდეთ, ვნახოთ ჩვენი ნუკრი და მისი დედა!- პასუხობს ბედნიერი მამა.

ამას მოსდევს პატარა სოსოს კეთილშობილებისა და გულჩვილობის ამბები. ნიშანდობლივია, რომ მას ცხოველები უყვარს, ადამიანების მიმართ მის თბილ გრძნობებზე კი ”დედა ენა” არაფერს გვეუბნება. ერთი მოთხრობა განსაკუთრებით შემზარავია: ციგაში ცხენივით შებმული ბესარიონი აღმა-დაღმა ასრიალებს შვილს. მალე მას პატარა დარიკო ენაცვლება და შებინდებამდე ანებივრებს ძმობილს. ბოლოს გუნდაობა იმართება ანუ ”ნამდვილი ომი”, როგორც ავტორი უწოდებს და იქვე დასძენს:

”სოსომ წინასწარ იცოდა გუნდების მომარაგება. ვაი მას, ვისაც დაუმიზნებდა! არასოდეს არ ააცდენდა. პირველ გუნდას მიაყოლებდა მეორეს, მესამეს... როცა თამაშობით გულს იჯერებდა, სოსო თავის ცუგას, გიშერას, ციგაში ჩასვამდა და აჭარხლებული ლოყებით შინისაკენ მირბოდა, სადაც აგუზგუზებულ ბუხარს მიუჯდებოდა ხოლმე და გაყინულ ხელებს ითბობდა”.

ხომ გენიშნათ, ტირანის სისასტიკე და ”ომის” შემდეგ ”ხელების გათბობა” ანუ ”ხელების დაბანა”?!

თანამედროვე საქართველოში სტალინისა და ”სტალინიზმის” შესახებ პოლემიკას აშკარად აკლია საბჭოთა ეპოქაში გამეფებულ სისასტიკის, დაუნდობლობის და ვერაგობის მხილება. ჩვენი, ამ წარსულის აღმოჩენის, განათებისა და დაგმობის გარეშე, გამოვა, რომ ჩვენც ხელები დავიბანეთ ყველაფერზე, რაც ბოლშევიკებმა, ჩეკისტებმა და მათმა პირსისხლიანმა მიმდევრებმა ჩაიდინეს.

ჩვენ უნდა შევძლოთ საბჭოთა ისტორიის წიგნიდან მტვრის, ხავსისა და შემხმარი სისხლის გადაწმენდა. შემდეგ კი - ამ წიგნის გადაშლა და მასში ”ადამიანის” და ადამიანების აღმოჩენა: დავიწყებულთა, იგნორირებულთა, დაჩაგრულთა და განადგურებულთა ალაპარაკება და ისტორიის ისე დაწერა, როგორც ტირანიას შეწირულნი დაწერდნენ.

სულიკო-ვარინკა

19-ე საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოში ფართოდ გაიშალა საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელსაც რუსიფიკაციის ტალღა უნდა შეეკავებინა. ამ მოძრაობის მონაწილე იყო გვიტია აგიაშვილი, რომელსაც სოფელ ჭორვილაში საშინაო სკოლა ჰქოდა გამართული. მისი მეუღლე, გენერალი სპირიდონ მაჭავარიანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1874 წელს ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი, ბარბარე/ვარინკა, შეეძინათ. ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებული მუსიკალურობის გამო, ზინაიდა ვორობეცს (ფილიმონ ქორიძის მეუღლე) მიაბარეს.



ნიჭიერ გოგონას მაჭავარიანების ოჯახის ყველა ახლობელი და სტუმარი შეჰხაროდა: ”მოსწონდათ ჩემი სიმღერა და მამხნევებდნენ. განსაკუთრებით მაგულიანებდა აკაკი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა, ჩემი სიმღერა ყველაზე უფრო ტკბილად ესაუბრებოდა. მუსიკას უფრო დაეჯერება, ვინემ სიტყვებსაო, - მეტყოდა პოეტი და მეც უფრო ხშირად მის ლექსებს ვმღეროდი” - იხსენებს ვარინკა. იგი მალე მგოსნის რძალი გახდა - ჩვიდმეტი წლისამ სერგო წერეთელზე იქორწინა. ორ წელიწადში წყვილს ვაჟი შეეძინათ, პატარა სპირიდონი, რომელსაც შინაურობაში ”გუგულის” ეძახდნენ. ერთხელ აკაკი სახლიკაცს გახუმრებია: ”შენ რა მოგკლავს, ძამია, ბულბულიც სახლში გყავს და გუგულიც”-ო.


1895 წელს , ჟურნალ ”კვალში” დაიბეჭდა აკაკის ”სულიკო” , რომელიც პოეტმა მალევე გადასცა ვარინკას და სთხოვა - რამე ჰანგი შეერჩია მისთვის.: ”საგონებელში ჩავვარდი, რა თქმა უნდა. ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალურო სახე აღძრა. მე ღრმა ინტერესით მოვკიდე ხელი გიტარას და არსებული კილოების დაუხმარებლად შევქმენი ორიგინალური მუსიკა. ამაში დიდად დამეხმარა თვით ლექსის რიტმულობა, სიმსუბუქე. დიდ პოეტს ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა ძალიან მოეწონა. იგი მთელი გრძნობით უგდებდა ყურს ”სულიკოს” სიმღერას და მის ნათელ სახეზე უსაზღვრო სიამოვნება იხატებოდა. აღფრთოვანების გამოსახატავად აკაკიმ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით: ”ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან”. აკაკის მიერ სიმღერა ”სულიკოს” ასეთი მოწონების შემდეგ ხშირად გამოვდიოდი საღამოებზე ამ სიმღერით და ამგვარად გავრცელდა იგი ხალხში”.

1898 წელს იგლისურმა ფირმამ ”ფონოგრაფი” ვარინკას მიერ შესრულებული ”სულიკო’ ცვილის ლილვალებზე ჩაწერა ვანო მაჩაბლის სახლში, ხოლო 1900 წელს - კოტე ფოცხვერაშვილმა ნოტებზე გადაიტანა მეჩონგურეთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის, რომელიც ორკესტრმა 1905 წლის აგვისტოში შეასრულა ქუთაისის საქალაქო თეატრში.

1909 წლიდან ვარინკა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეა ყვირილის (ზესტაფონი) თემში. რამდენიმე წელიწადში მან აქ სამკითხველოს გახსნაც მოახერხა და საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში, სკოლაც გამართა. ეს პატარა განათლების კერა ათამდე სოფელს ემსახურებოდა.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის წლებში, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ლაშქრობას შეეწირა ზესტაფონის თეატრი, სადაც ოხრანკა დიდი რაოდენობით იარაღს ეძებდა. ახალგაზრდა რევოლუციონერი სტალინი კი ჟანდარმებს სწორედ ვარინკას სახლის სარდაფში ემალებოდა. როგორც ჩანს, აქედან მოდის ტირანის ”სულიკოსადმი” განსაკუთრებული სიყვარული.

ვარინკამ მალევე აღადგინა გადამწვარი თეატრი, სადაც საქველმოქმედო წარმოდგენებზე იწვევდა ქუთაისის და თბილისის შემოქმედებით ჯგუფებს.

ამასობაში დედისერთა ვაჟმა საშუალო სკოლა დაამთავრა და საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, გაემგზავრა მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად. 1919 წელს, სამშობლოში მომავალს, პეტერბურგში ჭლექის უმძიმესი ფორმა შეეყარა. დაუღალავი მკურნალობისა და რუდუნების მიუხედავად, იგი მალევე გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი დედა კარგა ხნით მოწყდა გარესამყაროს: ხალიჩებაკრულ ფანჯრებში მზის სხივს არ უშვებდა და დღენიადაგ დასტიროდა დაკარგულ იმედს.

ამ წლების საქართველო, სასომიხდილი და დაბეჩავებული, ითმენდა ბოლშევიკების უსასტკეს თარეშს. 1924 წელს სწორედ ზესტაფონში, ანტისაბჭოთა აჯანყებაში მონაწილეობაში ბრალდებული იმერლები რამოდენიმე ვაგონში შეყარეს და მსხვილკალიბრიანი იარაღი დაუშინეს. ჯალათები ისროდნენ მანამ, სანამ სასაკლაო სისხლისგან არ დაიცალა.

20-იან წლებს ვინც გადაურჩა, მათ წინ 30-იანები ელოდა. ეს არის სტალინ-ბერიას ჯოჯოხეთური ერთობისა და ამიტომ მათი ერთადხსენების პერიოდი, როგორც ალიო მირცხულავას ამ ლექსშია:

”ჩემო სამშობლო, დღეს შენი ერი
განახლებული ქართლის ერია,
ასე ხმიერად და ბედნიერად
შენ არასოდეს არ გიმღერია.
ალისფერია შენი მიდამო,
ეგ შენი დროშაც ალისფერია,
შენი სიცოცხლე არის სტალინი,
შენი მარჯვენა არის ბერია!”

1934 წელს მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო ფილმი ”უკანასკნელი მასკარადი”, რომლის საოცარი წარმატება განაპირობა გონებამახვილურმა სიუჟეტმა - როგორ ენაცვლება ერთმანეთს საქართველოში თვითმპყრობელობის, პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ეპოქები და როგორ იბადება ახალი დროება. თუმცა, დღემდე არავინ იცის, რომ იმავე წელს რეჟისორს დრამატურგი ქალმა, ნატალია აზიანმა უჩივლა - ფილმის ლიბრეტო მე მეკუთვნის და ჩემი სახელი ვერსად ამოვიკითხეო.

ფილმის წარმატების მეორე, უმიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ის, რომ მასში სიმღერა ”სულიკო” გაისმა და რაც ყველაზე საინტერესოა, - სწორედ რეჟისორის შესრულებით. ადვილი მისახვედრია, თუ ვის უღერის ჭიაურელი, ვის ვნებებს ელაციცება?! ამისათვის კი სხვის ნაშრომს უშურველად ეწაფება და მის საკუთრებად აქცევს - თავად ხდება აქტიორიც და ავტორიც.

1937 წელის იანვარში, მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე, ქართველებმა ”სულიკოც” ჩაიტანეს. მას ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლი ასრულებდა, როგორც ხალხურ სიმღერას. ამ დღიდან მთელმა ქვეყანამ გაიგო სტალინის, ამ სიმღერისადმი, განსაკუთრებული სიყვარული და ამიტომაც მთელი საბჭოეთის შემოქმედებითი ჯგუფები ერთმანეთს ასწრებდნენ მის შესრულებას, გადამღერებას თუ გადამუშავებას.

დეკადაზე ვარინკა წერეთელი, ცხადია, არავის უხსენებია. მისი ნათესავი, პაპუნა წერეთელი, რომელიც მოსკოვში რუსთაველის თეატრს ახლდა, სამშობლოში გულდამძიმებული დაბრუნდა: ”სულიკოს” არნახული წარმატება და ვარინკას უნუგეშო მდგომარეობა ერთმანეთთან ვერ თავსდებოდა.

მიხვდა ვარინკა, რომ მას ყოველთვის დაივიწყებდნენ, თუ თავად არ გაიხსენებდა საკუთარ არსებობას, ამიტომაც დაიწყო ”ბრძოლა გახსენებისთვის”: ჩამოვიდა თბილისში და შესაბამის სამინისტროს მიმართა:

”საქართველოს სსრ. სახკომსაბჭოსთან არსებულ
ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსს
ზესტაფონის რაიონის, სოფელ ცხრაწყაროს
26 კომუნარების სახელობის კოლმეურნეობის წევრის
ვარინკა წერეთლის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სიმღერა ”სულიკო”, რომელიც ამჟამად გავრცელებულია მთელს საბჭოთა კავშირში, მისი სიტყვების ავტორის, აკაკი წერეთლის თხოვნით 1895 წელში ჩემ მიერ არის გამოთქმული და გიტარაზე დასამღერებლად აწყობილი. ამ სიმღერას აღნიშნულ წლიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ მე ვასრულებდი და სწორედ ამ გზით გავრცელდა იგი მთელს საქართველოში. ყოველივე ამის დასადასტურებლად მე შემიძლია წარმოვადგინო როგორც წერილობითი საბუთები, აგრეთვე სანდო მოწმეებიც, რომელთა ჩვენებით გამოირკვევა ჩემი განცხადების სრული სისწორე. ასეთ მოწმეებად ჩემის მხრით მე ვასახელებ: საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს წევრს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, ორდენოსანს აკაკი ხორავას და საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტს, კომპოზიტორს, ორდენოსანს კოტე ფოცხვერაშვილს.

გთხოვთ, მოაწყოთ თქვენი თანდასწრებით ჩემი საბუთების განხილვა, ჩემს მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა და მომცეთ თქვენმიერი საბუთი სიმღერა ”სულიკოს” კილოზე ჩემი ავტორობის დამტკიცების შესახებ”.

საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის, 1938 წლის 5 ოქტომბრის სხდომამ ( თავმჯდომარე ვანო გოკიელი, ესწრებოდნენ: კოტე ფოცხვერაშვილი, შალვა დადიანი, ავქსენტი მეგრელიძე და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ორდენოსანი სანდრო კავსაძე) დადაგინა, რომ სიმღერა ”სულიკოს” ავტორი ვარინკა წერეთელია.

მაგრამ ავქსენტი მეგრელიძეს არ სურს, რომ შემოსავალი ავტორს გაუყოს და თანაავტორობას იჩემებს. ამიტომ ვარინკა იძულებულია საკითხს უფრო მეტი გარკვეულობა შესძინოს და 1939 წლის 3 იანვარს, იუსტიციის კომისარს მიმართავს:

”მას შემდეგ, რაც სრულიად გამოირკვა და დადასტურდა, რომ სიმღერა ”სულიკო” მე მეკუთვნის, ამ ნაწარმოებზე შემოსული საავტორო ჰონორარი მე უნდა მეძლეოდეს უკლებლივ.

მაგრამ ეს ასე არ ხდება, რადგან ”საუდი” (ჰონორარის დამრიგებელი ორგანიზაცია) გადაჭრით ვერ ერკვევა იმ ერთადერთი პიროვნების პრეტენზიაში, რომელიც მე ამ შემთხვევაში ჰონორარის ნაწილში მედავება. ეს არის მოქალაქე ავქსენტი მეგრელიძე, რომელიც თავის პრეტენზიას ამყარებს არა კანონიერ საფუძველზე, რომ მას ჩემთან შეთანხმებით არსებითად გადაემუშავებინოს და ახალი , განსხვავებული ფორმა-შინაარსი მიეცეს ჩემი კილოსთვის, არამედ მხოლოდ მასზე, რომ იგი მას არა ჩემგან, არამედ მრავალ უკვე ჩამწერთა შემდეგ , მხოლოდ უბრალოდ ჩაუწერია და ეს ჩანაწერი ჩონგურზე დაუმღერებია.

ასეთი ოპერაციის ჩამტარებელს, ამ შემთხვევაში კი ავქსენტი მეგრელიძეს, ჩემის ცნობით კანონი არ უნდა ანიჭებდეს თანაავტორობის უფლებას.
თუ ვინმე ჩემს ”სულიკოს” გადაამუშავებს და ახალ განსხვავებულ ფორმა-შინაარსს მისცემს, - ეს სხვა საკითხია. ავქსენტი მეგრელიძეს კი გამოქვეყნებული აქვს ჩემი დანამღერის პირდაპირი განმეორება. გთხოვთ წერილობითი განმარტება მომცეთ ამის შესახებ. ამასთანავე დავსძენ ”სულიკოს” შესახებ რამოდენიმე საბუთს. (დაურთო ლევან ასათიანის, კოტე ფოცხვერაშვილის, სანდრო კავსაძის წერილები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ ვარინკას ავტორობას, ასევე კომპოზიტორთა კავშირის 1938 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებას).

1939 წლის 7 აპრილს, ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლეო ესაკია ., ”საუდს” უგზავნის წერილს:

”ხელოვნების საქმეთა სამმართველო გაცნობებთ, რომ სიმღერა ”სულიკო”-ს ავტორობის საკითხის გარკვევის შემდეგათ, თანახმად წარმოდგენილი ფაქტიური მასალებისა, დადასტურდა, რომ აღნიშნული სიმღერის ავტორათ უნდა ჩაითვალოს ვარინკა წერეთელი. ჰონორაროს 75%-ი უნდა მიეცეცს ვარინკა წერეთელს და 25% ავქსენტი მეგრელიძეს, ვინაიდან უკანასკნელს ეკუთვნის სიმღერის ჩონგურზე დამურავება და პოპულარიზაცია”.

ვარინკას ავტორობა სულ მალე მოსკოვშიც გაიგეს. 1939 წელს თბილისში ლენინგრადის კაპელა ჩამოვიდა, ალექსანდრე სვეშნიკოვის ხელმძღვანელობით. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გამართული კონცერტის ბოლოს მათ ”სულიკოც” შეასრულეს და მისი ავტორი სცენაზე აიყვანეს. ასეთი ყურადღებით გაკვირვებული ვარინკა, აღტაცებას ვერ მალავდა. შინ მიმავალმა, როცა მას ტრამვაიში ადგილი დაუთმეს, ნათესავს უჩურჩულა : ”ეტყობა მიცნო ამ ახლგაზრდამ”-ო.

1940 წლიდად ქართულ კულტურას ხალხური და ქალაქური სიმღერის განუმეორებელი შემსრულებლები შეემატნენ, - დები იშხნელები. მათი დედა , ვასასი ლოლაძე, ვარინკას მეგობარი და საუკეთესო მომღერალი იყო. იშხნელების რეპერტუარში ”სულიკოს” გარდა შედიოდა ვარინკას მეორე არანაკლებ პოპულარული ”მუხამბაზი”. სამწუხაროდ, დღეს უკვე ძალიან რთულია მის მიერ შექმნილი სხვა მელოდიების დადგენა, რადგან აღარავინაა ისეთი, ვისაც ამ საკითხზე დაელაპარაკები.

ვარინკა წერეთელი 1948 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ცხრაწყაროში, მისი ვაჟის გვერდით.

სიმღერა ”სულიკო” -ს უამრავ, სანოტო გამოცემათაგან, მუსიკის ავტორს მხოლოდ 1939 წლის გამოცემა აღნიშნავს. ესეც იმიტომ, რომ ეს საკითხი ახალი გარკვეულია. სხვა ყველა გამოცემას აწერია: ”ტექსტი აკაკი წერეთლისა, მუსიკა - ხალხური” . მათ შორის არის 1954 წელს, ვანო გოკიელის მიერ , გუნდისა და ფორტეპიანოსთვის გამოცემული ნოტები. აქ უცნაური ის არის, რომ სწორედ ეს ადამიანი თავმჯდომარეობდა სხდომას, რომელმაც ვარინკას ავტორობა დაადგინა.

დავიწყების ამ მისტიკას ეძღვნება ლია ჯაყელის ფილმი ”სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”. რეჟისორი დეტალურად მოგვითხრობს ”სულიკოს” ისტორიას და დემონსტრაციულად აღადგენს სამართლიანობას - ტიტრებში ხაზგასმულად აჩვენებს წარწერას: ”კომპოზიტორი ვარინკა წერეთელი” , - ამბობს სიმართლეს, რომელიც აქამდე ვერავის დასცდა.

1981 წლიდან , მამუკა ასლანიკაშვილის ინიციატივით, ვარინკას მშობლიურ ცხრაწყაროში ”ვარინკობა” აღინიშნება: იმართება კონკურსი ხალხური და ქალაქური სიმღერის საუკეთესო შემსრულებელთა გამოსავლენად.

წელს პირველად მოვხვდი ამ ზეიმზე. მოწვეული სტუმრები, ორგანიზატორები, შემსრულებლები, მსმენელები ერთნაირად კმაყოფილები დარჩნენ, რადგან ბევრი კარგი სიმღერა მოისმინეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს . ვარინკაც მრავალჯერ მოიხსენიეს, მისდამი უდიდესი სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით, მაგრამ სულიკო-ვარინკას საფლავი, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე დაეძებს, არავის გახსენებია. არადა, იგი საკონკურსო ეზოდან სულ რაღაც 40-50 მეტრში მდებარეობს.

გავბრაზდი! მარტო წავედი ვარინკას საფლავზე და მისი ”სულიკო” მოვასმენინე - მობილურზე მაქვს ჩაწერილი, დები იშხნელების შესრულებით.
კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამ განმანათლებელი ქალის ტრაგიკულ ბედზე. თითქოს სწორედ მასზეა დაწერილი აკაკის ”სულიკო”, 12 კუპლეტიანი ლექსი: საყვარლის საფლავის საძებნელად მოხეტიალე მგოსანი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სატრფოს სული ვარდის, ვარსკვლავების და ბულბულის მშვენიერებას შენივთებია და გახარებული ამბობს:

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითადა,
რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარეთ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი სადა ხარ,
სამგან გაქვს ბინა სულიკო!”


ლელა გაფრინდაშვილი
დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”
ნოემბერი, 2009 N54


10 comments:

  1. თავიდან გვაქვს, მართლაც, მთელი ისტორია დასაწერი..

    ReplyDelete
  2. ეჰ, არ ყოფნის ერთი ცხოვრება ამ სამუშაოს.

    მაგრამ აუცილებლად დაიწერება, რაღაც ნაწილს მე დავწერ, ნაწილს - თქვენ, სხვები კიდევ - სხვას და გავიგებთ ბოლოს და ბოლოს - სად ვართ და საით შეიძლება წავიდეთ! ლელაეჰ, არ ყოფნის ერთი ცხოვრება ამ სამუშაოს.

    მაგრამ აუცილებლად დაიწერება, რაღაც ნაწილს მე დავწერ, ნაწილს - თქვენ, სხვები კიდევ - სხვას და გავიგებთ ბოლოს და ბოლოს - სად ვართ და საით შეიძლება წავიდეთ! ლელა

    ReplyDelete
  3. :)))))) ასეა.. აუცილებლად დავწერთ!

    ReplyDelete
  4. ძალიან მომეწონა.

    დავინტერესდი ფილმით ”უკანასკნელი მასკარადი”, შეიძლება ინტერნეტ სივრცეში ამ ფილმის პოვნა?

    ReplyDelete
  5. ai am statias magaliTad shokoladshi gadavaxtebodi :)
    blogze gansakutrebit kargad ikitxeba kvelaferi :)
    da ufro sainteresoc chans

    nu chemtvis koveli shemtxvevisatvis

    ReplyDelete
  6. Hi, it is Georgian
    http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_language
    and alphabet too is Georgian
    http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_alphabet
    As to this blog, it is Lela Gaprindashvili’s blog where she is publishing her articles about the questions of social and cultural life of Georgian society. With best regards and marry Christmas!

    ReplyDelete
  7. it is very interesting, i like it 4-ever\
    (selena maria gomez) i dont lie iam real smg

    ReplyDelete
  8. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ReplyDelete
  9. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete