ბოლშევიზმი და კონფორმიზმი


პოპოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში რამდენჯერმე მოხდა სტალინის ფენომენის გახსენება, მაგრამ ძალიან იშვიათად ან ძალიან სუსტად – “სტალინიზმის” გააზრება. 1988 წლის ნოემბერში მწერალმა რევაზ მიშველაძემ ლამის ჰიმნოგრაფიული ტექსტი “მთავარი დანაშაული ანუ სტალინი საიქიოში” მიუძღვანა ბელადს. წერილში 20-ე საუკუნის ტირანი წარმოდგენილია, როგორც ისტორიული ხვედრით და პასუხისმგებლობით დაღდასმული კეთილი “ულვაშა”, რომელსაც თურმე ქართველობის, გამორჩეული უნარების გამო განიკითხავენ. “ჰუმანისტი” მწერლისთვის არაა საინტერესო და ანგარიშგასაწევი სისასტიკე, რომელსაც პირსისხლიანი დიქტატორი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ იჩენდა, არ ახსენდება მისი ”სამაგალითო გულმოწყალება” საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავების მიმართ: 

1937 წელს დააპატიმრეს და 1942 წელს დახვრიტეს სტალინის პირველი ცოლის ძმა ალექსანდრე სვანიძე, ხოლო მისი ცოლი, მარია, ამავე წელს ყაზახეთის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. მათი შვილი ჯონი 1956 წლამდე პატიმრობაში იყო. 1937 წელს დააპატიმრეს და ციხეში გარდაიცვალა აგრეთვე პირველი ცოლის და, მარო. მეორე ცოლმა ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა 1932 წელს. ნადეჟდას დის ქმარი სტანისლავ რედენსი დახვრიტეს 1938 წელს, ხოლო თვითონ და, ანა, დააპატიმრეს 1948 წელს და 10 წლით გადაასახლეს.

1947 წელს დააპატიმრეს ნადეჟდას ძმის, პავლეს, ცოლი ევგენია, ხოლო 1948 წელს მათი ქალიშვილი - კირა და ორთავეს 10-10 წელი მიუსაჯეს. 1941 წელს დააპატიმრეს გერმანელთა ტყვეობაში მყოფი სტალინის შვილის, იაკობის, ცოლი იულია მელცერი, რომელიც გაათავისუფლეს მისი ქმრის სიკვდილის შემდეგ. 1943 წელს გადაასახლეს სტალინის ქალიშვილის , სვეტლანას, საქმრო ალექსეი კაპლერი (ოფიციალური ბრალდება: დიდი ბრიტანეთის სასარგებლო ჯაშუშობა) და მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს. სვეტლანამ არ მოინდომა არც მამის გვარი და არც მის აშენებულ ქვეყანაში ცხოვრება. მესამე შვილი კი ლოთობით მოკვდა.

30-იანი წლების საბჭოთა კანონმდებლობას ფაქტიურად  პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტბიურო წერდნენ. სტალინი ამ “რეფორმების” სულისჩამდგმელია და საპროგრამო ხედვებს აყალიბებს: “ისმება კითხვა – რატომ უნდა იყვნენ სახელმწიფო უშიშროების სოციალისტური ორგანოები უფრო ჰუმანურები ბურჟუაზიის ცოფიანი აგენტების, მუშათა კლასისა და კოლმეურნეების დაუძინებელი მტრების მიმართ?

კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი თვლის, რომ ფიზიკური მოქმედების მეთოდები, როგორც გამონაკლისი, გამოყენებულ უნდა იქნას ხალხის ცნობილი და გამოუსწორებელი მტრების მიმართ...” სასამართლო პროცესები მოწმეების, ადვოკატებისა და ხშირად ბრალდებულების მონაწილეების გარეშე იმართება, ხოლო “სამართლის” და “სამართლიანობის” კრიტერიუმებს ტროიკები, საგანგებო საბჭოები (ОСО) ადგენენ. 1934 წლის სპეციალური დადგენილება კი ასეთ პუნქტებს შეიცავს: 1. საბრალდები დასკვნა ბრალდებულს გადაეცეს სასამართლომდე ერთი დღე-ღამით ადრე და 2. საქმეები მოსმენილ იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე. 3. არ იქნას დაშვებული განაჩენის საკასაციო გასაჩივრება და თხოვნა შეწყალების შესახებ 4. სასჯელის უმაღლესი ზომის (დახვრეტა) განაჩენი სისრულეში იქნეს მოყვანილი დაუყოვნებლივ, განაჩენის გამოტანისთანავე.

სტალინის მიერ ნებადართული ანგარიშსწორება ცხოვრების ყველა სფეროს მოედო. 1931 წლის 9 მაისის დადგენილებით, საქართველოს მწერალთა ფედერაციამ საკუთარი რიგების წმენდა დაიწყო:

“მწერალთა ფედერაცია შემავალი დაჯგუფებებით და ორგანიზაციებით უნდა იძლეოდეს მთლიანათ საბჭოთა სინამდვილის დამცველ და მის ინტერესებისთვის მებრძოლ მწერლობას.

სოციალისტურ მშენებლობის მიმდინარე ეტაპზე მწერლების ამოცანები დიდია და მისი ჯანსაღი ორგანიზმი უნდა სჩანდეს ფედერაციის შემადგენლობაში.

ხსენებული დებულება იძულებულს გვხდის გადავსინჯოთ მწერალთა ფედერაციის შემადგენლობა და მისი საზოგადოებრივი საქმეები.

გადასინჯვის შედეგათ ვღებულობთ მწერალთა ფედერაციის მოდუნებულსა და ინერტულ ცხოვრებას, აპოლიტისტურ ტენდენციებს (რომელიც თავის ძირითადში რიაქციონური განწყობილებაა) და უკანასკნელად “წითელ ხალტურის ნიმუშებსაც”.

მართალია, ერთი მხრივ დარაზმულია პროლეტარული მწერლობის ძლიერი ორგანიზაცია და მათთან შეთანხმებით იზრდება და მაგრდება თანამგზავრთა კადრები, მაგრამ მწერალთა ფედერაციაში შეკედლებული თითქოს აპოლიტიკური მწერლები ქმნიან მოდუნებულ ატმოსფერას და ამით ხელს უშლიან რეკონსტრუქციულ პერიოდისთვის საჭირო მწერლობის აღორძინებას. საუკეთესო გამომხატველი ფერშეცვლილი კონტრ რევოლუციისა არის ზედმეტი ესთეტიზმი, აპოლიტიზმი, რომელიც დღიურ საკითხებით დაინტერესების წინააღმდეგია და მწერლობას ჩვენთვის საჭირო პოლიტიკურ სიმახვილეს უკარგავს.

არ არის გარანტია, რომ ეს მწერლები გარდაიქმნებიან ახლო მომავალში და გახდებიან აქტიური მუშაკები პროლეტარიატის საქმიანობისა. “კანის ცვლა”, რომელიც გამოიარეს ბევრჯერ ხსენებულმა პირებმა ვერ სცვლის მათ შინაგან ბუნებას და ისინი ხშირათ ეგრეთ წოდებული “პასიური წინაარმდეგობითაც” იბრძვიან თანამედროვე მწერლობის პოზიციაზე.

მწერალთა ფედერაციაში შემავალი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტად ასეთი ძალებით დამძიმებულია აკადემიურ მწერლების ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობა უმთავრესად მემარჯვენე და რეაქციონერ მწერლობას უჭირავს ხელში. შემდეგ მოდის მათი მიმყოლი და ახლობელი ჯგუფები.

საჭიროა ამ ატმოსფერის გარკვევა და ფედერაციის შემადგენლობის ფილტრაციაში გატარება, საჭიროა მწერალთა ფედერაციიდან ისეთი ხალხის მოშორება, რომელის მწერლების საერთო საქმიანობას ხელს უშლის და რეაქციონურ ატმოსფერას აფართოებს. საჭიროა ახალი ძალების ფედერაციაში დაწინაურება და მწერალთა ფედერაციის აკადემიური და კაბინეტური საქმიანობიდან დაძვრა.

მწერალთა ფედერაციის არსებობა და მნიშვნელობა კითხვის ქვეშ რომ არ იყვეს, მწერალთა ფედერაციამ უნდა გაიწმინდოს თავის ორგანიზმი ყველ მავნე ელემენტებისაგან და მუშაობა გაამძაფროს მასსაში გადატანით.

მწერალთა ფედერაცია უნდა გახდეს მიმდინარე სოციალისტურ მშენებლობაში საჭირო და უშუალო მონაწილე ორგანიზაცია.

დღეს მწერალთა ფედერაცია მოდუნებული ორგანიზმია და მის საბოლოო დაავადებამდე საჭიროა სამკურნალო წმენდის დაწყება.”

თანამედროვე ქართველი მწერალი დუმს ამ ეპოქაში რეპრესირებულ კოლეგებზე, რომელთა დევნა და შევიწროება სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. 1935 წლიდან 1940 წლამდე 55 მწერალთა კავშირის წევრი დააპატიმრეს და მათი უმრავლესობა დახვრიტეს.  არ ახსენდება არც გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც გერმანიაში გაასწრო ჯალათებს, ხოლო მის მეგობრებს სამარცხვინო ჩვენებები მიაცემინეს. აი, ამ სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი:

დაადგინეს - სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმმა განიხილა რა ფაშისტ გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ მწერალთა ერთი ჯგუფის - პ. იაშვილის, ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილის და ნ. მიწიშვილის განცხადება, რომელსაც ერთსულოვნად შეუერთდა საქართველოს საბჭოთა კავშირის მთელი აქტივი, დაადგინა:

ეთხოვოს ს.ს.ს.რ. ცაკის პრეზიდიუმს, რათა გრიგოლ რობაქიძე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხისა თვალთმაქცურად გადასული კონტრევოლუციონურ, ფაშისტურ ბანაკში, გამოცხადებულ იქნას სოციალისტურ სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას მას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგების განხორციელებით.”

ნუთუ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გრიგოლ რობაქიძის საწინააღმდეგო ჩვენების მომცემთაგან რომელიმე კონფორმისტია? როცა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ირჩევ, მაშინ ასეთ ფენომენზე საუბარი წარმოუდგენელია. ნუთუ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებსა და ალპინისტებს კომფორმიზმის გამო მიაქვთ ბერიას, სტალინისა და ვოროშილოვის ბარელიეფები ყაზბეგის მწვერვალზე და იქედან რაიკომს უპატაკებენ? :

РАДИОГРАМА № 21
11 августа 1936 года

Из Казбека

Управлению по делам искусств  - Горделадзе
ЦК Союза рабис  - ШАВГУЛИДЗЕ
Копя:  Дирекции театра   МАРДЖАНИШВИЛИ
РАИКОМУ им СТАЛИНА -  тов.  АРУТЮНОВУ.

Группа альпинистов  им. тов. Лаврентия  БЕРИЯ,  артисты театра им. МАРДЖАНИШВИЛИ в составе 9 человек совершили поход на вершину Казбека 10 Августа в 2 часа 50 минут дня.  Все поднялись и с собой взяли барельеф товарища БЕРИЯ вместе с бюстами СТАЛИНА  и  ВОРОШИЛОВА.

Все товарищи чувствуют себя бодро.
РУКОВОДИТЕЛЬ ГРУППЫ  -  ЧХЕЙДЗЕ.

Передал Начю Связи Зак. Аэрофлота  -  БАРИНОВ
Приняла  -  Ананиашвили.

მაგრამ რა ემართება თანამედროვე მწერალს, რა მიზეზი აქვს თანაგრძნობის ამპუტაციას, რომელიც მის ნააზრევსა და ნამოქმედარში იკითხება? შიში? რისი ეშინია რევაზ მიშველაძეს 1988 წელს? დახვრეტის? ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასჯის? არა! ის კონფორმისტია, მთვლემარე ზნეობის და ფხიზელი მადის კონფორმისტი, რომელსაც ესმის, რომ ხელუხლებელი კერპის კრიტიკა მტრებს შესძენს, “ულვაშას” მიერ გამობრძმედილ და დღემდე არსებულ სისტემას ბზარს გაუჩენს. ეს ყველაფერი კი მწერლის წლობით ნაშენებ და ნალოლიავებ კეთილდღეობას დაემუქრება. ამიტომ არ “ამღვრევს წყალს”.

კონფორმისტია ყველა, ვინც დღეს “ნულოვანი ტოლერანტობისა” და “ესროლეთ დამნაშავეს” წინააღმდეგ ხმას არ იღებს, არაფერს უპირისპირებს ხელისუფლების თავგასულობას და სისასტიკეს, მართვის ავტორიტარულ სტილს. გაგახსენებთ პრეზიდენტის და შსს მინისტრის საპარლამენტო გამოსვლებს:

“თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც რომ არ მოეკლა კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (ვანო მერაბიშვილი, 2005 წლის 10 ნოემბერი, პარლამენტი).

“მოკლეს დამნაშავე ქუთაისში და ძალიან კარგი რომ მოკლეს! მან დაგვიჭრა პოლიციელი და ღმერთმა ქნას, რომ არ დაინვალიდდეს.... მე ვადასტურებ, რომ მექნება ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავის მიმართ. (2011 წლის, 11 თებერვალი, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა).

2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია არსებით კავშირშია ამ მკვლელობისკენ მოწოდებებზე დუმილთან, საბჭოთა პერიოდის რეპრესიების ლაბირინთებთან, კრემლის მიერ საბჭოთა სივრცეში გაბმულ საიდუმლო ქსელებთან. დავფიქრდეთ: იქნებ წელთა სიმრავლემ ვერაფერი დააკლო ძმურ, საბჭოურ კავშირებს? იქნებ რღვევის საფრთხემ უფრო შეადუღაბა ეს ერთობა?

წარსულის და თანამედროვეობის დაკავშირების, წარსულის ხელახალი წაკითხვა-გააზრების გზაზე ბევრი, ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი, შეიძლება აღარ მოგვეწონოს: ზოგი მათგანი დიდ კომპრომისზე წავიდა, ზოგი – მცირეზე, ზოგმა ყველაფერს გაუძლო (უფრო სწორად – შეეწირა რეპრესიებს), ზოგმა – რეჟიმთან თანამშრომლობა შეიტკბო კიდეც. ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ, უნდა ავიტანოთ და განვიცადოთ ეს სიმართლე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლუსტრაცია ანუ განწმენდა.

ლელა გაფრინდაშვილი

მცირედი შემოკლებით დაიბეჭდა ჟურნალში "ცხელი შოკოლადი"
მაისი, 2011, N 71


Femme Unique


ინტელექტუალური სიხარბე და პასუხისმგებლობა – ეს ორი, განუყრელი მეგობარი სულ თან მახლდა, ამ უნიკალური ქალის ცხოვრებისა და შემოქმედებას რომ ისე დავწაფებოდი, როგორც განუმეორებელი ტკბობისა და აღმოჩენების საგანძურს.

მაგრამ სიმონ დე ბოვუარის შესახებ წერისას საკმარისი საგზალი ვერ იქნება ის, რაც წაიკითხე. ამასთან აუცილებელია თვითრეფლექსია, შემეცნებულის საკუთარ ბედში, გამოცდილებაში და გონებაში გატარება, თანაგანცდისა და თანაწვდომის პერმანენტული მონაცვლეობა. ამის გარეშე ვერასდროს შეძლებ იმ სისავსის და მრავალმხრივობის გადმოცემას, რომლითაც იგი მარტივ, თვითტკბობას მიცემულ გონებათაგან გამოირჩევა.

თუ სიმონ დე ბოვუარის გზას მასთან ერთად გაივლი, შენთვის ახალი ჰორიზონტი გაიხსნება : სინამდვილე, რომელშიც ცხოვრობ და რჩები, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება, მაგრამ შეცვლას, სილის გაწნას და გამოფხიზლებას მოითხოვს. და თუ შენს მეგზურს დაუჯერებ, მაშინ დღემდე “წაუკითხავ” შინაარსებს წაიკითხავ და “დაუწერელ” წიგნებს დაწერ.

ძველ, ეთნოგრაფიულ ტექსტებში ჩემი ხეტიალი სწორედ ბოვუარის დამსახურებაა. ძალიან მინდა სვანურიდან ნათარგმნი “ქალების წესი” ამ ესსესთან ერთად წაიკითხოთ, როგორც ერთერთი “წაუკითხავი” შინაარსი. ვინ იცის, რა ინტელექტუალური საზრდო იქნებოდა იგი კულტურაში ქალის ადგილის მკვლევარი ფრანგი ფემინისტისთვის?!

გზა ზრდილი გოგონადან ექსისტენციურ მარტოობამდე


სიმონ დე ბოვუარის გაცნობა მისი მემუარების გარეშე შეუძლებელია. აქ ამ უნიკალური ქალის აკადემიური და ლიტერატურული ნააზრევის გასაღებია. (ზრდილი ქალიშვილის მოგონებები- 1958; მოწიფულობის ძალა - 1960; საგნების ძალა -1963; შეჯამება - 1972). აქ ჩანს, რომ ცხოვრების სისავსის შეგრძნება, სინამდვილის წვდომა, განცდა და გააზრება მისი თანდაყოლილი ვნებაა. როგორ დაიწყო? თავდაპირველად საკუთარ თავს რელიგიაში ეძებდა: ლოცვებსა და აღსარებებში, შემდეგ – ინტელექტუალურ შრომაში, მოგვიანებით კი –
ლიტერატურაში. შეძლებული ოჯახის შვილმა კურ დეზირის კოლეჯი დაასრულა, როგორც კეთილშობილმა ქალიშვილმა და საუკეთესო მომავალმა დედამ. თოთხმეტი წლის ასაკში კი სულიერი მამის მარტენის დაუმსახურებელი საყვედურის შემდეგ ამბოხებას აწყობს: “... მისი სულელური ხელი კეფაზე მაწვებოდა, მაიძულებდა თავი უფრო დამეხარა, მიწისთვის მეცქირა, იგი სიკვდილამდე მაიძულებს ... მიწაზე ვიხოხო”.

ამ მომენტიდან იწყება წიგნების ეპოქა. “ჭეშმარიტების სიყვარულის გამო მე საკუთარი თავი უსაფრთხო მყუდროებას, საიმედო და მზამზარეულ ცხოვრებას გამოვგლიჯე”. ოჯახურ წესრიგსა და იდილიას გამოქცეული გოგონა ჟაკს უკავშირდება, ბიძაშვილს, რომელიც მას ლიტერატურული გმირების ბედში, ღამეული პარიზის ბოჰემურ სიმხურვალეში, ვნებების, “ნორმისა” და “მარგინალურის” წვდომაში მეგზურობდა. აქედან კი მისი გზა სორბონის უნივერსიტეტში მიდის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც “ინტელექტუალური ბედისწერა”, ჟან-პოლ სარტრი, ელოდება:

“ჩვენ უამრავ საკითხზე ვსაუბრობდით, მაგრა ძირითადად იმაზე, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა: თავად ჩემს შესახებ. სხვები საკუთარ სამყაროში მექაჩებოდნენ, ... სარტრი, პირიქით, ჩემს გაგებას ჩემივე სისტემის, ღირებულებების, ჩანაფიქრების შუქზე ცდილობდა.

... მისი აზრით, მე უნდა გავფრთხილებოდი ყველაზე მნიშვნელოვანს ჩემში: თავისუფლებისკენ სწრაფვას, სიცოცხლის სიყვარულს, ცნობისწადილს, წერის სურვილს...

... პირველად ვიგრძენი, რომ ვიღაც ინტელექტუალურად ჩემზე ძლიერია... სარტრი ზუსტად შეეფერებოდა იმას, რაც თხუთმეტი წლის ასაკში ვისურვე: მასში მე იგივე მგზნებარე ვნებები აღმოვაჩინე, რაც საკუთარ თავში... უკვე სამუდამოდ: მე მას ყველაფერს გავუზიარებ. როცა, აგვისტოს დასაწყისში, ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, უკვე ვიცოდი, რომ ეს ადამიანი არასოდეს წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან...”


ორი უნიკალური მოაზროვნის ცხოვრება სამუდამოდ შეერთდა , თან ისე, რომ ორივე მათგანი მკაფიოდ ჩანდა, რადგან არცერთი არ ცდილობდა მეორის დაჩრდილვას, დაქვემდებარებას, იგნორირებას და შთანთქმას. სარტრთან ერთ ჭერქვეშ არასოდეს უცხოვრია, მაგრამ სხადასხვა სასტუმროების ბინადარი ყოველთვის მისკენ იჩქაროდა: იდეების და მიზნების გადასახედად, შემეცნებითი წინსვლის განსაჭვრეტად.

ეს იყო ორი თვითობის თანაარსებობა და არა - მთელი, სადაც ერთი სუბიექტია, ხოლო მეორე – ობიექტი, სადაც ერთი თვითგამორკვეული და თვითრეალიზებულია, ხოლო მეორე – ამით ბედნიერი. ეს იყო ურთიერთობა ურთიერთ ვალდებულებების, იმპერატივების გარეშე. ინტელექტუალური მარტოობა და პერსონალური ავტონომია ის აუცილებელი პირობებია, რომლის გარეშეც სიმონ დე ბოვუარი მისი მეგზურისკენ არასდროს გაიხედავდა. რეალობა, სადაც ვერაფერს ცვლი და სადაც მოძრაობის შანსი არ არსებობს, მიუღებელია მისთვის.

ყოფიერების ერთადერთი რეალობა ადამიანია, რომელმაც თავისი სამყარო თავადვე უნდა აავსოს შინაარსით. თავისუფალი ნება და თავისუფლებისკენ სწრაფვა საზოგადოებრივ კანონებზე და ცრურწმენებზე ძლიერია. ამიტომაა, რომ ფრანგი ფემინისტი არასოდეს ერიდებოდა “წინააღმდეგ” წასვლას, სკეპტიკურ, დამანგრეველ, შემაჯანჯღარებელ კითხვებს. ამიტომაა, რომ 1949 წელს გამოსული მისი “მეორე სქესი” საფუძველს აცლის ქალის ჩაგვრის/დამორჩილების პატრიარქატულ ინჟინერიას, “ქალურობის” მშენებლობის ინტელექტუალურ ტრადიციას: აღზრდის სისტემა, მითოლოგია, ლიტერატურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, თეოლოგია.

სიმონ დე ბოვუარის აზრით, ფროიდისეული ფსიქოანალიზი (ანატომია – ეს ბედისწერაა) და ვულგარული მარქსიზმი (ადამიანის ბედი ეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებული) ისევე , როგორც მთელი ისტორია ქალებს თავისუფლების ასპარეზს უხშობს, აფერხებს თვითგამორკვევისა და თვითდგენის პროცესს:

... ქალებად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიკური, თუ ეკონომიკური ხვედრი არ განსაზღვრავს იმ ხატს, რომელსაც იძენს ადამიანის მდედრი საზოგადოებაში; მარტოოდენ ცივილიზაცია აყალიბებს მთლიანობაში ამ შუალედურ წარმონაქმნს მამრსა და კასტრატს შორის,.. “


“ქალის” კონსტრუირების აქამდე დაფარული და იგნორირებული გამოცდილება “მეორე
სქესის” უმთავრესი ნაწილია: მენსსტრუაცია და სექსუალური ინიციაცია, ნარცისი, შეყვარებული, მისტიკოსი და ლესბოსელი ქალი.

“მე ვიყავი თვრამეტი წლის როცა პირველად მენსტრუაცია მომივიდა. არავითარი გაფრთხილება ჩემთვის არ მოუციათ. ღამით დამეწყო ძლიერი სისხლდენა, რომელსაც მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ახლდა. მთელი ღამე, ვერცერთი წამით ვერ მოვისვენე. დილით გული მიცემდა; გავიქეცი დედასთან და ტირილ-ტირილით ვკითხე რჩევა. მაგრამ პასუხად მხოლოდ ეს მკაცრი შენიშვნა მივიღე: ` შენ უნდა შეგემჩნია უფრო ადრე და ასე არ დაგესვარა თეთრეული და ლოგინი~. სულ ეს იყო ახსნა. რასაკვირველია, თავს ვიტეხდი, რათა გამეგო რა დანაშაული შეიძლებოდა ჩამედინა...”

“... ქალის ვნება, ყოველგვარი საკუთარი უფლებების ტოტალური უარყოფაა... ქალს სურს, რომ მას დაეუფლონ... მაშასადამე, ის მოითხოვს ვიღაცას, ვინც მას დაეუფლება, ვინც თვითონ არ მიეცემა, ვინც საკუთარ მე-ს არ დაივიწყებს; პირიქით, ვისაც სურს თავისი მე სიყვარულში გაამდიდროს... ქალი მიეცემა და ამის წყალობით მამაკაცი ამაღლდება...”

“მე დავიწყე კეკლუცობა. მჭირდებოდა რაღაც `გამღიზიანებელი~. ძალიან მიყვარდა ცეკვა; ცეკვისას თვალებს ვხუჭავდი, რათა ამ სიამოვნებას სრულად მივცემოდი. . . ცეკვისას მე განვიცდიდი ერთგვარ ეკსგიბიციონიზმს, რადგანაც მგრძნობელობა ჩემში სიმორცხვეს ჯაბნიდა. პირველი წელი მგზნებარედ ვცეკვავდი. მიყვარდა ძილი და ბევრი მეძინა, ვმასტურბირებდი ყოველდღე, ხშირად მთელი საათის განმავლობაში . . . ხშირად იქამდე, რომ ოფლში ვიღვრებოდი, აღარ შემეძლო გაგრძელება და დაღლილი ვიძინებდი... ვიწვოდი და თანახმა ვიყავი ნებისმიერ მამაკაცზე, რომელიც ჩემს დამშვიდებას მოინდომებდა. მე ვეძებდი არა ინდივიდს, არამედ კაცს...”

“...რომ აღარ ვილაპარაკოთ თითქმის პათოლოგიურ შემთხვევებზე ისინი კი ხშირია, როდესაც დედა ერთგვარი ჯალათია, რომელიც ბავშვის ჩაგვრაში იკმაყოფილებს თავის დომინირებისა და სადისტურ ინსტინქტებს, მისი ქალიშვილი წარმოადგენს მოხერხებულ ობიექტს, რომლის სახითაც ის ცდილობს განმტკიცდეს როგორც სუვერენული სუბიექტი: დედის ეს პრეტენზიები გოგონას წინააღმდეგობისა და ამბოხისკენ უბიძგებს...”

“...არაფერია იმაზე მცდარი, ვიდრე ლესბოსური ინვერსიისა და მამაკაცურობის ერთმანეთში აღრევა. ბევრი ჰომოსექსუალი ქალია ოდალისკებს, კურტიზან ქალებს შორის, ყველაზე უფრო `ქალურ~ ქალებს შორის, და პირიქით, `მამაკაცური~ ქალების დიდი რაოდენობა ჰეტეროსექსუალურია. სექსოლოგები და ფსიქიატრები ასაბუთებენ, და ყოველდღიური დაკვირვებაც მოწმობს: `დაწყევლილი~ ქალების უმრავლესობა სწორედ სხვა ქალთა მსგავსია. არავითარი `ანატომიური ხვედრი~ არ განსაზღვრავს მათ სექსუალობას...”

“...როდესაც მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ურთიერთობებზე პირველად დამელაპარაკნენ, მე განვაცხადე, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც მაშინ ჩემს მშობლებსაც უნდა ჰქონოდათ ეს, მე კი მათ მეტისმეტად ვცემდი პატივს და მათ შორის ასეთ ურთიერთობას ვერ ვიჯერებდი. ვამბობდი, რომ ეს მეტისმეტი საზიზღრობაა, რათა მე როდისმე იგივე ჩავიდინო. სამწუხაროდ ძალიან მალე, როდესაც გავიგონე რას აკეთებდნენ ჩემი მშობლები, დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. ეს მომენტი აუტანელი იყო, მე დავიფარე სახეზე საბანი, დავიცე ყურები და მინდოდა ამ ადგილიდან ათასი კილომეტრით შორს ვყოფილიყავი...”

ასეთმა, აქამდე /გ/ამოუთქმელმა შინაარსებმა გამოიწვია დუმილსა და მსხვერპლშეწირვაში ჩაძირული საზოგადოების გაღიზიანება, მაგრამ ქალებისათვის სიმონ დე ბოვუარი ალტერნატივების არსებობის სიმბოლოდ იქცა და რწმენად, რომ ქალს, ყველაფრის მიუხედავად, შეუძლია საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, საკუთარ ნებაზე, საკუთარი თავისთვის, თუ პირობითობებსა და ცრურწმენებს დაუძვრება. “50-60-იანი წლების წყვდიადში “მეორე სქესი” იყო საიდუმლო კოდი, რომლითაც ჩვენ, ახლახან გამოფხიზლებული ქალები, ერთმანეთთან ურთიერთობისას ვსარგებლობდით”- წერს ფრანგი ქალი.

ცხოვრება საკუთარი ნებით

სკანდალი საზოგადოების შეცნობას აჩქარებს. ეს ძალიან ჰგავს ჩვენს პიროვნებაში დაწყებულ შინაგან კონფლიქტს, რომელსაც ფარული ვნებების მიზეზებამდე მივყავართ. “ორიგინალური მწერალი ყოველთვის სკანდალურია” – ამბობს სიმონ დე ბოვუარი და ნევროზებისა და ფსიქოზების დაკვირვებას იწყებს. იგი აღმოაჩენს, რომ აქ ადამიანის ქცევა და ვნებები დაწმენდილი, პირველყოფილი სახითაა მოცემული. ფსიქოზების უთვალავ წახნაგში კი არსებული რეალობის მამხილებელი მასალა იმალება. მარგინალების სამყარო მისთვის ბევრად მიმზიდველია, ვიდრე წარმატებული მეცნიერების გარემოცვა. როგორც ფილოსოფოსს და მწერალს, განცდილი და შესწავლილი სამყარო ერთნაირად სჭირდებოდა.

ინტელექტუალური თანაცხოვრების ხუთი წლის თავზე სარტრისა და ოლგა კაზაკევიჩის სიყვარული იწყება. მასთან გატარებული შვებულება თრიაქივით აბრუებს ფილოსოფოსს. სიმონ დე ბოვუარი კი, როგორც მემატიანე “შედის” ამ კომუნიკაციაში და მთლიანად ივსება აკრძალვების წინააღმდეგ მებრძოლი ქალის სულისკვეთებით: “... იგი ადამიანური ხვედრის ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობდა... საიმოვნებას ზღვარდაუდებლად ეძლეოდა, ხანდახან გულისწასვლამდე ცეკვავდა...” 1943 წელს გამოქვეყნებულ რომანში “სტუმარი ქალი” სწორედ ეს “დანის პიზე გავლის” ისტორიაა გააზრებული და საფრთხე, რომელიც ამ საარაკო სტუმრმა მათ შეუქმნა.


სარტრი 1945 წლიდან ნიუ-იორკშია, მსახიობ დოლორეს ვანეტა ერენრაიხით გატაცებული. სიმონ დე ბოვუარი კი - ნელსონ ოლგრენს შეხდა. განუმეორებელი ქალით მოხიბლული ამერიკელი მწერალი მას ოჯახის შექმნას სთავაზობს. ეს შეუძლებელია, რადგან პარიზში კლოდ ლანცმანია, 17 წლით უმცროსი ჟურნალისტი, ვინც ასაკის სიავეებით შეშინებულ ქალს თავდავიწყებით უყვარს.

1954 წელს, როცა რომანი “მანდარინები” გონკურის პრიზით აღინიშნა, ნელსონი გაოგნებული დარჩა: ჩემი გრძნობების განსაჯაროებას ვერასდოს წარმოვიდგენდიო. ვინ იცის, რა ძალისხმევა დასჭირდა ოლგრენის დარწმუნებას, რომ მხატვრულ ნაწარმოებში მათი ურთიერთობის განზოგადებაა ნაცადი და არა – სარკისებური ასახვა.

ამ სიყვარულის ისტორიამ საზოგადოებას თავი მოგვიანებითაც შეახსენა, როცა 1998 წელს, ბოვუარისა და ამერიკელი მწერლის პირადი მიმოწერა გამოქვეყნდა სათაურით “ტრანსატლანტიკური სიყვარული”. აქ მკითხველი აბსოლუტურად მიწიერ სიმონ დე ბოვუარს ეზიარება: ოჯახზე, სახლის ზღურბლთან მომლოდინე საყვარელ ადამიანზე მეოცნებეს, რომელიც ადრესატს ხშირად “ქმარსაც” კი უწოდებს. “... მე ძილშიაც გელოდები, ჩემი გული სავსეა დაუოკებელი სურვილებით, რომლებიც სიხარულს მანიჭებს, რადგან ვიცი, რომ შენც იმავეს განიცდი. ღამე მშვიდობისა, საყვარელო, რა ნაზია ჩემი შენდამი სიყვარული ამ საღამოს..” სამასზე მეტი წერილის წაკითხვის შემდეგაც გაქვს განცდა, რომ ეს ვიღაც სხვაა და არა ის, ვინც მანამდე როგორც მეამბოხე და მოუხელთებედ ქალად გაგეცნო.

მოგზაურობა და ძიება, წვდომა და აღმოჩენა, სამყაროს მრავალფეროვნებასთან ზიარება – ეს ის საკვებია, რომელიც სიმონ დე ბოვუარს ეპისტემოლოგიურ შიმშილს უკმაყოფილებს. ამის გამოა, რომ ალჟირი, ბრაზილია, ისრაელი, იტალია, კუბა და საბჭოთა კავშირი ერთნაირად აინტერესებს. მაგრამ სოციალური მოძრაობა, საზოგადოებრივი ან პიროვნული ამბოხი მის გულს და გონებას ყველაზე მეტად ახარებს: ნუთუ ადამიანი ყველგან თავისუფლებას ესწრაფვის, ანგრევს და აშენებს, უარყოფს და ამკვიდრებს, ნუთუ საბჭოთა დისიდენტებს, რადიკალ-მემარცხენე, მაოისტ ახალგაზრდებს, ფრანგ სტუდენტებს, აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით გამოსულ ქალებს, უნგრელ ანტისაბჭოთა აქტივისტებს და ერნესტო ჩე გევარას ერთი და იგივე ნება ამოძრავებს? დიახ, ასეა!. “ადამაინის ცხოვრება არ კარგავს აზრს მანამ, სანამ მას სიყვარულით, მეგობრობით, თანაგრძნობით და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტით სხვების ცხოვრებაში საზრისის შეტანა შეუძლია. ადამიანი მხოლოდ სხვების თავისუფლებით შეიძლება გახდეს თავისუფალი.”- ამბობს სომონ დე ბოვუარი და სარტრთან ერთად ასეთი ადამიანების თუნდაც ზოგჯერ სუსტ, განწირულ სულისკვეთებას საკუთარ ხმას უერთებს.


1963 წელს საბჭოთა კავშირშიც “ყინულის ლღობის” პროცესზე დაკვრვების სურვილმა ჩამოიყვანა. იგი და სარტრი საქართველოს 5 სექტემბერს ესტუმრნენ. ყველაფერი მოსკოვში შედგენილი, “თვალის ამხვევი” პროტოკოლის მიხედვით ხდებოდა: მცხეთა, მუზეუმები და კოლეურნეობა მოატარეს, მაგრა, ახალგაზრდა ფილოსოფოსებთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. მათთვის ნათელი გახდა, რომ ამ ქვეყანაში საიმედო ძვრები ძალიან იგვიანებდა: მართალია თვალები არ მივარგა, მაგრამ ბრმა არ ვარ და მაღაზიების ვიტრინებიც დავინახე და პურის რიგებიც – უთხრა სარტრმა მზია ბაქრაძეს, რომელიც მისი და ბოვუარის მეგობარი იყო და თბილისური დღეები მათთან ერთად გაატარა. მანვე არაჩვეულებრივად აღწერა საკუთარი დაკვირვება, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა:

“... მათ ყოველთვის ჯერ ცალ-ცალკე ვხვდებოდი, ჯერ ბოვუარს, შემდეგ კი სარტრს. ხშირად ერთიდაიგივე შეკითხვებს ვუსვამდი. ძალიან ვნანობ, რომ იმხანად დიქტოფონი არ გამაჩნდა ჩვენი საუბრების ჩასაწერად. უფრო სწორად, მათი პასუხების აღსაბეჭდად ფირზე. ეს პასუხები ჩაწერილი რომ ყოფილიყო, ჩანაწერებში მსმენელი ქალისა და მამაკაცის ხმებს, ცხადია, გაარჩევდა, ინტონაციას, ხმის ტემბრს, მაგრამ რაც შეეხება მათი პასუხების შინაარსს, მოსაზრება იქნებოდა თუ რჩევა, პრობლემის ახსნა თუ არგუმენტების ლოგიკა, ნაწარმოებთა, პერსონაჟებისა თუ მწერლების მიმართ მათი დამოკიდებულება, ყველაფერი ზუსტად ერთნაირი ჰქონდათ. ერთნაირად აზროვნებდნენ, ერთნაირ დასკვნებს აკეთებდნენ, ერთნაირად უყურებდნენ ამა თუ იმ საკითხს ისე, როგორც ტყუპებს ერთმანეთისგან ხშირად ვერ არჩევენ, მათი გონებაც და აზროვნებაც წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ერთმანეთს.” ( მზია ბაქრაძე “დაუვიწყარ მოგონებათა რამდენიმე ეპიზოდი”, გაზეთი “ჩვენი მწერლობა”, 19-26 აპრილი, 2002).

დაშორება და სიკვდილი


60-იან წლებში ჟან-პოლ სარტრის ცხოვრებაში ახალი სიყვარული, ორლეტა ელკაიმი გამოჩნდა, რომელიც მოგვიანებით ფილოსოფოსმა იშვილა კიდეც და მემკვიდრედაც აღიარა. ამბობენ, რომ ამ საქციელმა სიმონ დე ბოვუარი შეძრა და საპასუხოდ სილვია ლე ბონის შვილობილობა გადაწყვიტა.

1980 წელს სარტრი გარდაიცვალა. სულ მალე კი ფრანგი ფემინისტის ახალი ნაშრომი “ გამომშვიდობების ცერემინია” გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობ : “მისმა სიკვდილმა ჩვენ დაგვაშორა. ჩემი სიკვდილი კვლავ ვერ შეგვაერთებს. ეს უკვე თავისთავად მშვენიერია, რომ ჩვენ ასე ხანგრძლივად შევძელით ჰარმონიულად გვეცხოვრა”. მან უკვე შეიცნო და განიცადა სიცოცხლე, გაიაზრა და შემოიჩვია სიკვდილი თავის ნოველებში: “ყველა ადამიანი მოკვდავია” (1946), “უნაზესი სიკვდილი” (1964) და “სიბერე”(1970). ალბათ ამიტომ გადაწყვიტა, - პარიზის ერთერთ საავადმყოფოში, საკუთარ აღსასრულს მარტო შეხვედროდა, მის უკვდავმყოფელ ექსისტენციურ მარტოობაში!

პ.ს. სიმონ დე ბოვუარის “მეორე სქესი” მალე ქართულად გამოვა. მას ფრანგულიდან პროფესორი მზია ბაქრაძე თარგმნის, თავისი განუმეორებელი მეგობრისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად. მე კი მაქვს ბედნიერება წიგნის რედაქტორი ვიყო.


ლელა გაფრინდაშვილი
დაიბეჭდა ჟურნალში "ცხელი შოკოლადი"
მარტი, 2011, N 69


რატომ ემართებათ ქალებს
“ქალების წესი”


1. ძველად მენსტრუაციის ბეგარა მამაკაცებს ჰქონიათ გადასახდელი და სისიხლი იღლიებიდან მოსდიოდათ თურმე. ამბობენ, ვითომ ამის ნიშანიაო, რომ კაცებს ნამეტანი თმიანი იღლიები აქვთ და სულ ეფხანებათ, ამიტომაც იგლიჯავენ ბეწვს. ამ დროს თურმე კაცები იღლიებში გოგრას იმაგრებდნენ და სისიხლი იქ ჩაედინებოდა.

ახლა ქალები ნაბდის ნაჭრებს იყენებენ სისხლის შესაკავებლად.
ისინი დღესაც წყევლა-კრულვას უგზავნიან იმ პირველ ქალს, ვინც ეს წესი კაცებიდან ქალებზე გადმოიტანა.

ეს ამბავი ასე ყოფილა: ძველად სვანეთს ბევრი მტერი ჰყოლია და თავადაც ბევრს მტრობდა, სულ შიშში ცხოვრობდა და იქეთაც ბევრს აშინებდა თურმე. უფრო მეტად ყაბარდო-ბალყარელებს და სვანებს ჰქონიათ ურთიერთქიშპობა, კვლა და წართმევა. ერთ დროს ყაბარდო-ბალყარელებს თავკაცად მირზაბეგი ჰყოლიათ. ის ისეთი ავისმქნელი და მარჯვე ყოფილა, რომ ღამით, მძინარე ქალებს ბავშვებს აკვნიანად ჰპარავდა და იტაცებდა. შვილებს დედები “მირზაბეგით” აშინებდნენ თურმე. როგორც კი ამ სახელს გაიგებდნენ მტირალა ბავშვები, მაშინვე ხმას ჩაიგდებდნენ.

ამ მირზაბეგმა შეიტყო თურმე, რომ ერთ სოფელში ყველა კაცს მენსტრუაცია ჰქონდა. დრო შეარჩია და თავისი ჯარით შეუხტა მათ. კაცებისთვის, თავიანთი მდგომარეობის გამო, გარეთ გამოსვლა არ შეიძლებოდა. მტრებმა შეაგროვეს ამ სოფლის ყველა სულიერი, ყველა სიკეთე, ქალი და ბავშვი და თან წაასხეს. ამ უბედურებას ერთი ქალი გადარჩენილა და უყურებდა, როგორ მიერეკებოდნენ მომხდურნი თავისიანებს.

მუხლებზე დაცემულა მაშინ ქალი და მარიამისთვის უთხოვია: “მადლიანო მარიამ, შეიბრალე ქრისტიანი ადამაინები, კაცებს მენსტრუაცია მოაცილე და მე დამმართე!”

მარიამს შეუსმენია მუდარა: კაცები განკურნებულან და ქალს შეჰყრია მათი სენი. იგივე დამართნიათ დატყვევებულ ქალებსაც. ეს რომ ყაბარდო-ბალყარელებს შეუტყვიათ, შეზიზღებიათ ქალები და დაუტოვებიათ. ამასობაში განკურნებული კაცებმა აისხეს თავიანთ თოფ-ხანჯალი, დაედევნენ მტერს, ამოწყვიტეს და მთელი ნადავლი დაატოვებინეს. ამის შემდეგ იქცა თურმე მენსტრუაცია “ქალების წესად”.


2. მთელს ქვეყნიერებაზე ყველგან ქალებს მენსტრუაცია ემართებათ. მაგრამ სვანეთში იგი სხვა სახით და წესით არის შეჩვეული ქალებზე. ეს ბეგარა ყველა ქალის სახადია და არც ესირცხვილებათ ისევე, როგორც ქმრისგან დაორსულება.

როცა ქალს ეს ბეგარა სჭირს, მაშინ იგი ერთი დღით ადრე გაერიდება ყველას უკაცრიელ სახლში ან განმარტოებით მდგარ სადგომში. ამით ყველა ხვდებოდა, რომ იგი უწმინდური იყო. ამ სადგომში , ზამთარში, ბავშვები მას შეშას და კვარს უგროვებენ ცეცხლის დასანთებად, ასევე მოაქვთ ფეტვის ან ქერის ჩალა , ძველმანი ნაბადი და რამე ზემოდან დასაფარებელი და ამ ყველაფერს სადგომიდან მოშორებით ალაგებენ, რომ უწმინდურობა არ გადაედოთ და სახლი არ შებილწონ.

ასე იყო ქალი ერთი კვირა უკაცრიელ ალაგში. საჭმელ-სასმელს თუ მოუტანდნენ, იმასაც განზე, შორიახლო ალაგებდნენ. თუ სოფელში სხვასაც სჭირდა ეს წესი, მაშინ ქალები ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე.

სისხლის წამოსვლიდან მესამე დღეს, პირველ პირ წყალს ივლებდნენ, მეხუთე დღეს – მეორე პირს. ახლა ვითომ ნაკლებად უწმინდური იყო ქალი. მაგრამ სახლში მაინც არ შეიშვებოდა. კვირის თავზე მესამე პირ წყალს ივლებდა და საგულდაგულოდ ბანაობდა. ამის შემდეგ შინ ბრუნდებოდა.

ისეც მომხდარა, რომ მეორე პირი წყლის გადვლების შემდეგ, ქალს მისი საყვარელი დაუბარებია სადგომში. მაგრამ თუ ამას ვინმე შეიტყობდა, ნამეტანი სამარცხვინო იყო სვანეთში. ასეთ ყმაწვილს ჩხუბის დროს “უწმინდურის სარეცელის მოწილეს” მიაძახებენ ხოლმე.

თუ სახლში უწმინდურია, მაშინ სანადიროდ არავინ მიდის, რადგან მონადირეს ბედი არ სწყალობს და უკან ხელცარიელი ბრუნდება. ამის გარდა, ასეთ სახლში ლოცვაც არ ვარგოდა, რადგან მლოცველის წადილი გაქარწყლდება და არ გაჭრის.


სვანურიდან თარგმნა ლელა გაფრინდაშვილმა
გუჩა ფილფანის თქმით, 1940 წელს ჩაიწერა მაქსიმე ქალდანმა

დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”, მარტი, 2011, №69

ბეცხი და ცოცხლების სასაფლაო


ბავშვობაში, როცა სოფელი ვინმეს უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა, მეც გულამოსკვნილი ვქვითინებდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ბებიაჩემი ტიროდა. არანაირი სიბრალულს არ ვგრძნობდი გარდაცვლილის მიმართ. ჩემთვის მხოლოდ სიცოცხლე არსებობდა! ასეა ყველა მოზარდი, თუ ერთი მოსიყვარულე ადამიანი მაინც არსებობს, ვინც მისი სიმშვიდის, კეთილდღეობის გარანტიაა.

დროთა განმავლობაში, ცხადია, ყველას გვიწევს დავფიქრდეთ ბუნების ამ ულმობელ კანონზე და სულ მალე აღმოვაჩენთ, რა მყიფეა სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარი, რა ძნელია სააქაოდან წასვლა მაშინ, როცა არა გაქვს უკვდავების მყარი გარანტია: შვილები, მეგობრები, ნათესავები, საკუთარი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომის ნაყოფი.

“სვანეთში სიკვდილი და სიცოცხლე ღვიძლი დები არიან” – მითხრა ბაბუაჩემმა, როცა თავს დაუძლურება შეატყო. ბოლო ორი წელი სასურველი სტუმარივით ელოდებოდა აღსასრულს მშვიდად და აუღელვებლად, რადგან ბევრი “დამტირებელი” და “სულის მომხსენიებელი” ჰყავდა. მაგრამ სწორედ მისგან მსმენია, რომ მოსახლე, რომელსაც შთამომავალი არ ჰყავდა, სიცოცხლეშივე აწყობდა რიტუალურ დასაფლავებას. აი, რას მოგვითხრობს ერთი ქვემოსვანი კაცი ამ წესის შესახებ:

“უშვილო ანუ ამოწყვეტილი ცოლ-ქმარი სიცოცხლეშივე იხდიდა საკუთარ ქელეხს : რადგან უკან არავინ გვრჩება, ამიტომ სიცოცხლეშივე წავიდგამთ საკურთხსო. მათი უმრავლესობა სახელითა და ქონებით თავმომწონე ადამიანები ყოფილან.

ეს რიტუალი ანუ “ბეცხი” რომ უნაკლოდ ჩაგეტარებინა, - შეძლებული და მრავალი სიკეთის პატრონი უნდა ყოფილიყავი. ერთ ოჯახს ოცდახუთი ხარი დაუკლავს “ბეცხზე”. ისე კი ოთხ-ხუთზე მეტს არავინ კლავდა.

გადაწყვეტილების მიღებისთანავე ცოლ-ქმარი მთელს სოფელს ამცნობდა “ბეცხის” დროს და ყველას დაპატიჟებდა. ხორცს და პურს დანიშნულების ადგილზე გოდრებით
ეზიდებოდნენ, სასმელი კი დოქებით მიჰქონდათ.

ამ დღეს თუ დარი იქნებოდა, მაშინ კალოზე შეიკრიბებოდნენ, წვიმიანში კი – გადახურულში აფარებდნენ თავს.

სუფრას ჯერ ამოწყვეტილი ცოლ-ქმარი მიუჯდებოდა: საკუთარ სულს მაგიდაზე დახვავებულ საკვებს წაუდგამდნენ და შემდეგ კი - სტუმრებს უხმობდნენ მოსალხენად.

მასპინძლები თურმე გამორჩეულად კარგ გუნებაზე იყვნენ, რადგან ამ საქმის თავის მობმა და ღირსეული გაძღოლა სახელს და დიდებას მატებდა მათ.

რიტუალის ბოლოს, უზარმაზარი გობით შემოჰქონდათ თურმე “საყეენო” სასმელი, რომელსაც ყველა ამ ჭურჭლიდან უნდა დაწაფებოდა და იმდენი დაეხვრიპა, - რამდენიც შეეძლო.

უამრავი წელია, რაც ბეცხი არავის გადაუხდია. ბეცხობა ძველად ჰქონიათ წესად”.

ეს სვანური ტექსტი 1943 წელსაა ჩაწერილი და სწორედ ახლა მომინდა მისი თარგმნა და მკითხველისთვის გაზიარება. ამის მიზეზი ის რეალობაა, რომელიც ჩემს დედულეთში დამხვდა: უშვილო და ქვრივ ქალებს თავიანთი დანაზოგით საფლავის ქვები დაუმზადებიათ და საგვარეულო სასაფლაოზე დაუდგამთ. ადრე თუ “ამოწყვეტილი” ადამიანი ფიქრობდა “ღირსეულ გარდაცვალებაზე”, ახლა მათ რიცხვს შვილიანებიც შეემატნენ.

თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, რადგან სწორედ ისეთი სიძლიერით ვიგრძენი სიკვდილის არსებობა, როგორც ბავშვობაში სიცოცხლის უძლეველობას განვიცდიდი. ვუყურებდი ამ “ცოცხლების სასაფლაოს” და მთელი ჩემი გონებით ვტიროდი, მაგრამ უკვე არა იმიტომ , რომ ბებია ტიროდა, არამედ იმიტომ, რომ “გარდაცვლილები” მეცოდებოდა.

ლელა გაფრინდაშვილი
2 თებერვალი 2011