“დამოურჩილებლობიდან” დამოუკიდებლობამდე
ვუძღვნი ზურაბ ჟვანია ხსოვნას

არ ვიცი სხვისთვის როგორ, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერი ჩემთვის რაღაც უმნიშვნელოვანესი გარდატეხის დღეა: ზღვარი, როცა მე აღარ მინდა ვიყო “მოსახლეობა” და პოლიტიკოსების კეთილდღეობის სამშენებლო მასალა, მათი ვნებების ასპარეზი.

მინდა მოქალაქე ვიყო ანუ საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც გაბრაზებული და აღტაცებული კი არა, - დაფიქრებული ირჩევს!

ვიცი, როგორ საარაკოდ ძნელია ქართული პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების შეფასება, მათში საკუთარი ადგილის და მნიშვნელობის დადგენა. მაგრამ დღეს ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა პასუხმა, 1990 წელს, მერაბ მამარდაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე: “: ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?..”

ამ გონებივი სამუშაოს ჩატარების გარეშე, დარწმუნებული ვარ - კვლავ გავიმეორებ შეცდომებს. ვინც ამ გზაზე უკვე დაწინაურდით, ნუ დაიზარებთ და კიდევ ერთხელ შეუდექით სიზიფეს აღმართს, რადგან “განმეორება ცოდნის დედაა”.

დღეს 7 ნოემბერია. მთელი ღამე მილოშ ფორმანის ფილმის კადრები მიტრიალებს თვალწინ: სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ ექთანი რეჩედი მშვიდად, ჩვეული მლიქვნელური ღიმილით ესალმება პაციემტებს, მუსიკას ურთავს და წამლის მისაღებად ეპატიჟება.

ყველა ბედნიერია, მხოლოდ კრისტოფერ ლოიდის გმირია (თეიბისი, მაიაკოვსკის რომ ჰგავს) უცნაურად ჩაფიქრებული: კარგად იცის რა მოხდა და ამიტომ ვერ ღებულობს ამ წესრიგს, ძალადობის შეუმჩნევლობას და შეუფასებლობას, საგანგებოდ გამოცხადებულ სიჩუმეს და გაჩუმებას. მთელი ღამე რაღაც საშინელის მოლოდინშია და აი, - მეამბოხე რენდელ პატრიკ მაკმარფი საგანგებოდ დასაჯეს და გათიშული აგდია თავის საწოლზე. გუგულის ბუდე სასაკლაოდ იქცა – ყველა დაისჯება, ვინც წესებს დაარღვევს ან მათ სამართლიანობაში დაეჭვდება.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის გამოჩენა ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო. სხვების მსგავსად, წინააღმდეგობის გაწევაც ვცადე, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ხელკეტით მიპასუხეს. ხელისუფლებამ დასაჯა ხალხი, რომელიც მისგან დალაპარაკებას ითხოვდა და თვალი აღარ დახუჭა ძალადობაზე.

მგონი დადგა დრო გულდასმით წავიკითხოთ ჩვენი უახლესი ისტორია, კარგად დავაკვირდეთ მის ლაბირინთებს, შევაფასოთ ჩვენი ადგილი მასში, რადგან მხოლოდ ამ სამუშაოს შესრულება აგვიხელს თვალებს და მოგვცემს საშუალებას შემდეგი არჩევანი მაინც დაფიქრებულებმა გავაკეთოთ და არა –გაბრაზებულებმა ან აღტაცებულებმა. რათა ამიერიდან აღარ ვიყოთ “მოსახლეობა” (ამ ნოემბრის დღეებში პოლიტიკოსთა უმრავლესობა სწორედ ასე მოგვიხსენიებდა!) და ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე დავიჯეროთ: “მე ვარ ქართველი” ნიშნავს “მე ვარ საქართველოს მოქალაქე”, პასუხისმგებელი და მონაწილე ამომრჩეველი.

არ ვიცი, ეს წერილი სხვებისთვის კრიტიკული რეფლექსიის გასაღების როლს რამდენად შეასრულებს, მაგრამ ჩემთვის, საქართველოს სამოქალაქო ისტორიაში და დღევანდელ პროცესებში საკუთარი ადგილის დანახვა, დღეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Only Blood

მე კი მეგონა, - იმ ღამის შემდეგ
მსოფლიო წესრიგს აღსასრული დაუდგებოდა,
და ხის საათში დამწყვდეული რკინის გუგული
ვეღარასოდეს აუწყებდა ქალაქს განთიადს,
ხვალინდელ აისს დაასწრებდა ჩემი დაისი,
მაგრამ...

აქ, ჩემს ქალაქში ყველაფერი საათივით აწყობილია
და ვით ამ წესრიგს, უგერგილო წესრიგს – ქაოსი,
ისე მჭირდება დილიდანვე წასული დედა!

ასეთი მძიმე, მელანქოლიით შევუდექი სწავლას 1988 წელს. დედის დაღუპვით დანაწევრებულს, რაღაც მძაფრი და უფრო დამანგრეველი მჭირდებოდა, რომ უკიდურეს სასოწარკვეთას ჩემთვის გონების თვალი აეხილა და ფიზიკური და სულიერი სხეული აღმედგინა. მოკლედ, - ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ სულზე მომისწრო. სასწრაფოდ დავიწყე პირველი რესპუბლიკის შესახებ მასალის ძებნა და ერთი წერილი გამოვჩხრიკე. იგი 1919 წლის მარტში დამფუძნებლი კრების ანუ პარლამენტის არჩევნებს აღწერდა. აქვე იყო ნოე ჟორდანიას აზრიც – ამ ჩვენ თავყრილობას სიტყვა “პარლამენტი” ისე უხდებოდა, როგორც ძროხას უნაგირიო.

სახალხო გამოსვლებმა თავის აპოთეოზს მიაღწია. წერა-კითხვის სურვილი გამიქრა. ცოდნაზე, ინფორმაციაზე, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია მიტინგმა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მოიპოვეს. საზოგადოებრივი სივრცე იმპერიის სიძულვილის რიტორიკით გაჯერდა. თითქოს კრემლის ლანძღვა და დაუმორჩილებლობა საკმარისი იყო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამიტომაც კამერის წინ მდგომმა ერთერთმა მომიტინგემ დროშა მაღლა ასწია, წარბები შეიჭმუხნა და ეროვნული მოძრაობის მიზანი და საშუალება ერთ სიტყვაში მოაქცია : “ჩვენი მთავარი ამოცანაა დამოურჩილებლობა!”.

რადიკალური ნაციონალიზმის სულისკვეთებამ ზომიერი და ლიბერალური ხედვები აშკარად დაჯაბნა. დღესაც მახსოვს ფილოსოფოს ოთარ ჯიოევის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია: ოსები უნდა დაგმო, შენ ეს გევალება, რადგან საქართველოს წინაშე ვალში ხარო – აკადემიკოსობა მოგეცითო. ზურაბ ჭავჭავაძეს კი აფხაზების მიმართ აგრესიის კრიტიკა ვერ აპატიეს: ტელევიზიით მრავალჯერ გადაიცა ვიდეო ჩანაწერი იმ შეხვედრისა, სადაც გიორგი ჭანტურია მას შუბლის გახვრეტით ემუქრებოდაა, ხოლო ზვიად გამსახურდია ეუბნებოდა: შენი პოზიციის გამო კაცად აღარ მიმაჩნიხარო.

მარტის ბოლოდან უკვე ხმები დადიოდა - მიტინგს დაარბევენო და 9 აპრილს ასეც მოხდა – გამორჩეული სისასტიკით დავისაჯეთ. შინდაბრუნებულმა პირველად გავაცნობიერე საბჭოთა რეჟიმის ძალადობრივი ბუნება.

მალე თბილისში უცხოელების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავრცელდა, სადაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე “სისხლს” ერთადერთ, აუცილებელ პირობად მიიჩნევდა (Only Blood!).

უნივერსიტეტის წინ შეკრებილ ჩემს მეგობრებს აღშფოთებული ვუმტკიცებდი ამ პოზიციის არაჰუმანურობას. დღემდე მახსოვს, როგორ მწვდა ყელში ერთი ფილოლოგი გოგო და ასეთი აზრების გამოთქმა ამიკრძალა. მისი გადმოკარკლული თვალები და არაბუნებრივად გრძელი ფრჩხილები მთელი წელი მესიზმრებოდა.

სახალხო პროტესტის ახალი ტალღა ისე დაიწყო, რომ მომხდარის შეფასებას და , მით უფრო კრიტიკას, ვერავინ ბედავდა. ადამიანებს არ მიეცათ ამ პროცესებში მათი ადგილის, პასუხისმგებლობის გააზრების საშუალება. ისინი ძალადობას კი აპროტესტებდნენ, მაგრამ მომავლის პერსპექტივას ძალიან ბუნდოვნად ხედავდნენ. ამიტომაც ბრმად მიჰყვებოდნენ “ყოვლად ბრძენი” და “ყოვლად კეთილი” ლიდერის ქადაგებას, ხოლო ყველას, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, ერის მოღალატედ აცხადებდნენ.

ასე დაიწყო “მტრების” ძიება ხან განსხვავებულად მოაზროვნეებში, ხან – პოლიტიკურ ოპონენტებში, ხან – საქართველოსკენ დაძრულ 300 000 მესხეთელ თურქში. ისეთი განცდა მქონდა, რომ მტერი თუ არ გყავდა, - ადამიანი არ იყავი!

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მერაბ მამარდაშვილთან ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ “თბილისში”: “ხომ არ დადგა ჟამი, ვერტიკალური მდგომარეობა მივიღოთ და თვალი გავუსწოროთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს? ხომ არ დადგა ჟამი, დავძლიოთ მიტინგის ისტერია, ავირჩიოთ ერთი ღვეთაება – აზრი, ღირსება და სულგრძელობა ადამიანისა, რომელიც დარწმუნებულია თავის შინაგან სიმყარესა და ძალაში? მაგრამ ამისათვის საჭიროა არა დატუქსვა, არა ზევიდან ბრძანება, არამედ – მოთმინება. ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი მანძილი. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულამდე.. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა”.

1990 წლის არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან უკვე ვიცოდი ვის აირჩევდნენ. რეფერენდუმში კი - ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მივეცი.

ერთ წელიწადში, ხელისუფლებასა და ოპზიციას შორის დიალოგის, კრიტიკული აზრის შეუძლებლობამ საზოგადოება ნელ-ნელა ორად გაყო, რუსთაველის გამზირზე მიიყვანა და ერთმანეთს დაუპირისპირა. პრეზიდენტის მხარდამჭერთა პათოსი ერთერთმა მათგამნა ასე ჩამოაყალიბა «Ему не нужны интелигенты, он сам интелигент...»

ბარიკადის მეორე მხარეს კი - პირველი ტყვიის გავარდნამდე, გია აბესაძემ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ ეს ზვარაკი მხარეებს დიალოგის დაწყებას აიძულებდა, მაგრამ სიძულვილით დაბრმავებულებს ვეღარაფერი შეაჩერებდა და 1992 წლის 10 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობის წევრები ქვეყვიდან გაიქცნენ..

დაიწყო “გამარჯვებულების” მიერ “დამარცხებულთა” მხილება და დევნა. პროპაგანდა ისე ძლიერი იყო, რომ მიტინგების უმოწყალოდ დახვრეტის წინააღმდეგაც კი ხმას არავინ იღებდა. ქვეყანას კრიმინალები მართავდნენ და ბევრს ანგარიშსწორების ეშინოდა. ზოგი დუმილს ირჩევდა, მტყუან-მართალის გარკვევისათვის თავს არ იწუხებდა, რადგან გულის სიღრმეში ეთანხმებოდა მოძალადეებს. ზოგს კი - ასეთი სისასტიკე, უბრალოდ, ვერ წარმოგვედგინა. გაჩუმებულებს, ამ ზნეობრივი დაუდევრობის გამო, ჩვენმა მეგობარმა ნინო ცირამუამ გვითხრა: “დრო მოვა და შეგრცხვებათ ამ დუმილის გამოო”.

ეს დრო მოვიდა და ნამდვილად მრცხვენია, რომ ამ გაუგონარ სისასტიკეს არაფერი დავუპირისპირე.

რუსეთიდან დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, 1994 წელს, არჩევნები ჩატარდა. სამხედრო საბჭოს მემკვიდრე პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან კონვენციასა და დოკუმენტს შეუერთდა. მაგრამ კანონისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა ხელისუფლებაში მოკალათებულ “ავტორიტეტებთან” დაპირისპირებას ნიშნავდა. ამიტომაც ერთ-ერთ სხდომაზე ჯაბა იოსელიანმა ქვეყნის მმართველს შიდა, საკადრო პოლიტიკის წარმოების რუსული მანერა დაუწუნა და მას ასეთი ფორმულირება მოუძებნა «Бей своих, чтобы другие пугались» ანუ ჩვენ ნუ გვებრძვი, ჩვენ შენიანები ვართო. 1995 წელს, დავით ზეიკიძის პარლამენტში შევარდნის შემდეგ, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობის ფანჯარასთან მდგომ, წასასვლელად გამზადებულ პრეზიდენტს ხალხმა დაუჩოქა – არ წახვიდეო და მანაც დაუჯერა ხალხს. თუმცა, მის მოსაკლავად ჯერ თავისიანებმა, მოგვიანებით კი – რევანშისტებმა ტერაქტები მოაწყვეს, მაგრამ გადავრჩით!

მე თვითონ ანუ თანამშრომლობა თანასწორობისათვის

რომ არა ქალიშვილის, ნატალიას, დაბადება, ის წლები უკვე წონასწორობას მაკარგვინებდა. შუქი და გაზი გამოირთო, პროდუქტებზე დეფიციტი გამძაფრდა. ჩემი პირმშოს წყალობით ოჯახს ნათესავები კარაქით, შაქრით და რძის პროდუქტებით უშურველად ამარაგებდნენ.

დაუსრულებელი ენერგო კრიზისით გაგიჟებული, სწორედ მომიტინგესავით ვიქცეოდი. ამ დროს ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, ნატალი კუხინკამ, დამირეკა. ცოტა ხანს მისმინა, როგორ ვილანძრებოდი და მერე მკითხა:

- შენ თვითონ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შეცვალო? მიდი, იპოვე თანამოაზრეები და იმოქმედე უკეთესი საქართველოსთვის. ტირილით და ლანძღვით ვერაფერს შეცვლი. პოლიტიკოსები ყველგან ერთნაირები არიან, საზოგადოებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

- როგორ, შენ გინდა თქვა, რომ გერმანიის მთავრობა ქართულს ჰგავს? – ვკითხე ირონიულად, რაზეც მანაც დამცინავი კილოთი მიპასუხა:

- აბა, რა გგონია? გენშერი ხომ შევარდნაძის მეგობარია? გააკეთე დასკვნები!

ეს საუბარი გველის ნაკბენივით მახსენდება, მაგრამ არასამთავრობო სექტორში საქმიანობისკენ სწორედ მან მიბიძგა. 1997 წელს ქალის უფლებების დამცველი ასოციაცია დავაფუძნე, დარწმუნებულმა, რომ ქალების სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის გაზრდას ბევრი, ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა შეეძლია.

ორგანიზაციის რეგისტრაცია კი ძალიან მარტივი იყო, მაგრამ თანამოაზრეთა პოვნა - საარაკოდ ძნელი, ამიტომ სოციალრუი აქტიურობის მორევში მარტო გადავეშვი. ამავე წელს გახსნილი ომბუცმენის ოფისი მოქმედების სტიმულს მაძლევდა. პარადოქსია, რომ ამ ოფისს ომბუცმენის მოვალეობის შემსრულებლები უფრო დიდხანს ხელმძღვანელობდნენ, ვიდრე - თავად სახალხო დამცველები. მათგან პირველსაც, ყოფილ პოლიციელ დავით სარალიძეს, აშკარად გული უწუხდა და ამიტომ 1999 წელს მაჟორიტარობა გადაწყვიტა.

ამ არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვიყავი. მარათონში 33 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა(!). საარჩევნო კამპანიის მთელი სიმძიმე სწორედ ქალებზე გადადიოდა: ამომრჩეველთან შეხვედრების ორგანიზება, პარტიის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. პარტიათა ნდობით აღჭურვილი პირები, საარჩევნო უბნებზე, ძირითადად ქალები იყვნენ. მაგრამ მათ თვითონ პოლიტიკაში მინაწილეობის ამბიცია არ ჰქონდათ – პარტიის წევრი მამაკაცებისთვის იბრძოდნენ.

ვაკის რაიონში, ჩემს უბანზე პროპორციული არჩევნები “ლეიბორისტებმა” მოიგეს, ხოლო მაჟორიტარულში – დავით სარალიძემ მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა. სახლში წამოსასვლელად გამზადებულმა დავინახე, როგორ ტიროდა კომისიის თავმჯდომარე ქალი, რომელსაც თურმე სულ სხვა შედეგზე მოაწერინეს ხელი. შევთავაზე გავაპროტესტოთ-მეთქი, მაგრამ ჩემს წინადადებაზე კომისიის დანარჩენი წევრები კინაღამ სიცილით გაიგუდნენ. მარტო მე რას გავხდებოდი?! რამეს რომ მიღწიო თანამოაზრეთა თანამშრომლობა გჭირდება, მაგრამ ეს მაშინ ძალიან დიდი დეფიციტი იყო, რადგან მოქალაქეებს ვერც კი წარმოედგინათ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობა, იდეის გარშემო გაერთიანება და არა –კერპების ძებნა და პოლიტიკური ლიდერის გაქაჩვა.

მე მაინც ვმოძრაობდი. სამი-ოთხი წელი ბევრი ქართველი, საქმიანი პარტნიორი ჩემი ორგანიზაციის სახელწოდებაში (“ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის”) სიტყვა “თანასწორობას” რატომღაც “თანამშრომლობით” ცვლიდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ამას ცნებათა მსგავსი ჟღერადობა და ანატომია იწვევდა. მაგრამ, როცა ჟურნალისტთაგან ერთმა ჩემს ნაწერში იგი “მშვიდიდობით” შეცვალა, ხოლო მეორემ - “წონასწორობით”, - დავფიქრდი. ცხადია, ეს უკვე არც სმენის პრობლემა იყო და არც – მხედველობის, არამედ - მენტალური დეფექტი, თანასწორობის იდეის ფარული მიუღებლობა. ამ გაუცნობიერებელი მიკერძოებაში როლს ისიც თამაშობდა, რომ იმ ეპოქის ადამიანისთვის მშვიდობა და წონასწორობა (სტაბილურობა!) განუზომლად მნიშვნელოვანი იყო.

იანვარში საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი” – ზურაბ ჟვანიას ეს გამონათქვამი დასავლეთისკენ სწრაფვის ქართულ ფორმულად იქცა.მაგრამ ევროპის მოქალაქე რომ იყო, - ჯერ შენი ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდე ანუ უნდა ჩაერიო, მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ პროცესში. უნდა დაიჯერო, რომ შენი მონაწილეობის გარეშე არაფერი შეიცვლება. მე ეს უკვე მტკიცედ მჯეროდა.

ხალხის სახელით, ხალხის გარეშე

უკვე 2001 წელს ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა: ძალოვანების “რუსთავი 2”- ში შესვლა და სახელმწიფო ტელევიზიის ისტორიული/ისტერიული გადაცემა - ეკა ბერიძის, ინგა გრიგოლოას, ნინო დარასელის ხელებაკაპიწებული შეტევა ელდარ შენგელაიას წინააღმდეგ.

პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის მოთხოვნის გამო ზურაბ ჟვანია, 2 ნოემბერს, შემდეგი სიტყვებით გადადგა:

“ 1995 წლის შემდეგ პარლამენტს პირველად უხდება ექსტრემალურ პირობებში მუშაობა...

პრეზიდენტის გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი დღესაც კი არ აფასებს რეალურად იმ საზოგადოებაში შექმნილ ვითარებას, რომლის მეთაურიც ის გახლავთ. ის საკმაოდ დისტანცირებულია ამომრჩევლისგან, რომელმაც იგი ამ საზოგადოების ლიდერად აირჩია.

სპიკერის სავარძელს ზურაბ ჟვანიასთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მე გადავდგები ჩემი თანამდებობიდან, ოღონდ ეს განცხადება ავტომატურად შევა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც თავის თანამდებობებს დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი... საჭიროა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ვიფიქროთ...”

დღესაც მახსოვს პოზიცია-ოპოზიციის საკვირველი შეხმატკბილება და საუბრები ზურაბ ჟვანიას ღირსებებზე, ვაჟკაცობაზე და გაბედულებაზე. ამ სურათით შთაგონებულმა კახა თარგამაძემაც კი დაუყოვნებლივ შესძახა: “თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო”. პროკურორ გია მეფარიშვილს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ სკამი მანაც დათმო.

ედუარდ შევარდნაძემ ყველა ხერხს მიმართა, ბოლომდე აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე – საქართველოს მტრად მონათლული ასლანისადმი ფარული სიყვარული, ძალაუფლების ფლობის დაუოკებელი ვნება, მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ და თავიანთი ხმების დასაცავად გამოსულ უამრავ მოქალაქეს ვეღარაფერი დაუპირისპირა და გადადგა.

2004 წლის იანვარში, რევოლუციის ტალღის ქიმზე ამხედრებული მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი იყო და ხალხმა აირჩია კიდეც. მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების კანდიდატთა სიები ბევრი ვეძებე და ვერსად ვიპოვე. “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობით მოვიდა და რამოდენიმე მაჟორიტარი, რესპუბლიკელი და მემარჯვენე, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ამიტომ უმრავლესობის წევრები მალე ბოლშევიკებს დაემსგავსნენ: კონსტიტუცია შეცვალეს, ხელფასები გაიზარდეს და ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა ცემეს ან ქვეყნის მტრად გამოაცხადეს.

2004 წლის 15 ივნისს, პარლამენტართა მიერ საკუთარი ხელფასების 1300 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან ენუქიძე გამოეხმაურა და პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ღია წერილი გაუგზავნა.

მან გააკრიტიკა პარლამენტართა უზომოდ გაბერილი რაოდენობა და არაპროფესიონალიზმი: “ხომ არ გეჩვენებათ (ჩვენ კი ნამდვილად ასე ვფიქრობთ), რომ ჩვენი პარლამენტი, მისი არაპროფესიონალობის გამო, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს ემსგავსება, რომლის დეპუტატები ძირითადად სოფლის მეურნეობის მშრომელები იყვნენ. ისინი მშრომელები მაინც იყვნენ, ზოგიერთი მათგანი შრომის გმირიც და გარკვეული დამსახურება ჰქონდათ ერისა და ქვეყნის წინაშე. ახლა კი ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთი დეპუტატის შრომის წიგნაკი პარლამენტში გაიხსნაო...”

ქალბატონი რუსუდანმა სწორად დაინახა, პენსიების 3 ლარით გაზრდის ფონზე, ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებული ამორალურობა: “ მეტყვით არ გვაქვს საშუალებაო. მჯერა, მაგრამ რატომ ქმნით ხელოვნურად ასეთ დაპირისპირებას პარლამენტსა და ხალხს შორის? სახელმწიფოს სიღარიბე პარლამენტართა და მთავრობის წევრთა ხელფასებზეც უნდა აირეკლოს!”...

ავტორის აღშფოთება მედიის მხრიდან ამ საკითხის იგნორირებამაც გამოიწვია და ამის მიზეზზეც მიუთითა: “ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, მცირეხელფასიანები კი მათი ყურადღების მიღმა რჩებიან, უთუოდ როგორც დაბალი რანგის და არასაინტერესო ადამიანები”.

წერილის დასასრულს, პროფესორმა ხელისუფალთ ამ ცვლილების მხარდამჭერ პარლამენტართა სიის გამოქვეყნება სთხოვა და დასძინა:

“და ბოლოს ჩემი (და არა მარტო ჩემი) შენიშვნა, რომელიც შეიძლება რჩევად ან გაფრთხილებად მიიღოთ: საქართველოში მცხოვრები ხალხი დაცინვას და აბუჩად აგდებას არავის არ აპატიებს – ამის დასტური ვარდების რევოლუციაც იყო.” ( “24 საათი”, 22 ივნისი)
თავისი სამართლიანი სამოქალაქო პოზიციის გამო ქალბატონ რუსუდანს მაშინვე დავურეკე და მადლობა გადავუხადე, თან 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ სართაშორისო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებული მასალა გავიხსენე. იგი 1994 წლის მოწვევის პარლამენტართა მიერ სხდომებზე დასწრების მაჩვენებლებს ასახავდა. ყველაზე მეტი, 652 გაცდენა, ბუნებრივია, ასლან აბაშიძეს აღმოაჩნდა, ხოლო მასთან მიახლოებულ პირველ სამეულს თორნიკე ფიფია, ნესტან კირთაძე და ირინა სარიშვილი-ჭანტურია შეადგენდნენ. ზოგადი სურათი კანონშემოქმედთა დიდი ნაწილის სწორედ ხელფასით და არა - საკანონმდებლო რეფორმებით დაინტერესებას ცხადყოფდა.

პოსტრევოლუციური გარდაქმნების მარათონში სოციალური პოლიტიკა “რეფორმების” იდეას შეეწირა. ტელესივრცეში პოლიტიკური, მრავალპარტიული დისკუსიები შეწყდა. ეს სივრცე გაივსო სკანდალური მოვლენებით, იუმორისტული მასხარაობითა და ჟონგლიორებით, შოუებით, ფეშენ ფართების და ცნობადი სახეების დემონსტრირებით. ჟურნალისტთა ნაწილი დიქტორად იქცა, ნაწილმა ჩათვალა, რომ თუ ხმამაღლა და შეუპოვარი გამომეტყველებით ილაპარაკებს, - უფრო დაუჯერებენ. ზოგიერთის რიტორიკა სასულიერო პირის ქადაგებას დაემსგავსა და რომ არა ჰალსტუხი და კოსტიუმი, - შეიძლება მღვდელიც კი გგონებოდათ.

მოკლედ, ხალხი ყველამ დაივიწყა. მედიამ და პოლიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ადამიანისთვის აქტუალური ყოფილიყო კითხავა: “ვინ ამბობს?” და არა – “რას ამბობს?” ანუ არა აზრი, არამედ - კერპი, ბელადი, ავტორიტეტი ან ავტორიტარი.

ტელე-მედია სივრცის აბსოლუტური მოხიბლულობის და პარადულობის ფონზე, სოციო-კულტურულ დისკურსს, კრიტიკულ აზრს გადაცემა “ფსიქო” ინარჩუნებდა, მაგრამ გოგი გვახარიას საავტორო თოქ-შოუები ჯერ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ” დახურა (2005 წლის ივნისი), ხოლო შემდეგ - “სახელმწიფო შეთქმულების ორგანიზატორმა არხმა” (2007 წლის თებერვალი). დებატების უარმყოფელი ხელისუფლების წევრები მხოლოდ თანამოაზრეებს ელაპარაკებოდნენ ან კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ დისკუსიებს სტუმრობდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოსულმა სახელმიფო მოხელემ პირდაპირ ჩამოაყალიბა ხელისუფლების საქმიანობის დევიზი: “ხალხის სახელით და ხალხის გარეშე”. მეგონა მომესმა-მეთქი, მაგრამ როცა ორატორი არგუმენტირებას შეუდგა, მივხვდი, რომ არ ხუმრობდა.

კმარა შევარდნა ანუ ავტორიტარი ავტორიტეტები

“კმარა შევარდნა” – განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე კარტოზიას, ეს რეპლიკა პოსტრევოლუციური ძალადობისა და აგრესიის ეპოპეის მიმართ ზედგამოჭრილი ფრაზა აღმოჩნდა: ტელევიზიების დარბევა, დამნაშავეთა საჩვენებელი აყვანა ტელე-კამერების წინ.

პარლამენტი მდუმარედ შეხვდა ვანო მერაბიშვილის მოხსენებას, სადაც მინისტრი პატრულს პირდაპირ მოუწოდებდა მკვლელობისაკენ – ხელი არ აგიკანკალდეთ, თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრაო.

ამავე პარლამენტმა არაფერი მოიმოქმედა მისი მოამაგის, ზურაბ ჟვანიას, უცნაური გაუჩინარების ამოსაცნობად და გამოსაძიებლად!

გახმაურებული მკვლელობების შემდეგ წაიშალა ზღვარი დამნაშავის დასჯა/გასამართლებასა და დამნაშავის მოკვლას შორის. არასრულწლოვანთა სისასტიკის მიზეზებთან ბრძოლის ნაცვლად სახელმწიფომ ომი თვით მცირეწლოვან, გზააბნეულ ბავშვებს გამოუცხადა და განსასჯელთა ასაკი 12 წლამდე შეამცირა.

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უყვართ მათი რეფორმების სტალინურთან შედარება, მაგრამ საბჭოეთში რეპრესირებულთა უმრავლესობა თავიანთ მემუარებში სწორედ 1934 წელს გამოცემულ კანონზე ლაპარაკობს რომელმაც 12 წელს გადაცილებული მაწანწალები, პროდუქტების ქურდები, “ხალხის მტრების” შვილები, მეძავები და ჯიბის ქურდები ზრდასრულ დამნაშავეებს გაუთანაბრა ანუ ისევე ისჯებოდნენ, როგორც სრულწლოვანი რეციდივისტები.

დიქტატურა და ბელადის მეხოტბეები გამახსენა ნოდარ ლადარიას ერთმა საქციელმა: მან, როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ კონკურსში მოწვეულმა ექსპერტმა, ჯერ კიდევ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, გაზეთ “24 საათში” გამოაქვეყნა მისი რეცენზია, სადაც ორ პროფესორს სალექციო კურსი დაუწუნა, ხოლო მესამეს – ხოტბა შეასხა. ეს წერილი სხვების დაცინვა და თვითტკბობა უფრო იყო, ვიდრე - არგუმენტირებული კრიტიკა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც შემდეგ მოხდა!

ექსპერტის საქციელით აღშფოთებული პროფესორის, ლელა ალექსიძის, წერილი გაზეთმა არ დაბეჭდა, მაგრამ, სამაგიეროდ პროფესორის არგუმენტებზე სარკასტულად მოქილიკე ნოდარს ასპარეზი დაუთმო.

თუ ვინმეს გინდათ კარგად დაინახოთ ხელისუფლების და მისი მეხოტბეების სახე, არ დაიზაროთ და წაიკითხთ ეს ყველაფერი: გამოქვეყნებული რეცენზია, გამოუქვეყნებელი პასუხი და გამოქვეყნებული პასუხის პასუხი. (ლელას სატატიას მე გპირდებით!)

რეფორმისტების პათოსი, კულუარებში დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარი, დაფარული ან მათთან შეუთანხმებელი აღმოჩნდა.

რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმოება პარლამენტში შეუძლებელი შეიქნა, - პოლიტიკოსებმა ქუჩას მიმართეს. მათ ბევრი არავინ გამოყვებოდა, რომ არა ხელისუფლების ამპარტავნობა და მანამდე მრავალგზის ორგანიზებული პროტესტის ქედმაღლური მიყრუება.

ოპოზიციურმა ძალებმა შეძლეს მოთხოვნების ჩამოყალიბება, სადაც ცენტრალური არჩევნების სამართლიან ვადაში ანუ 2008 წლის მარტში ჩატარება იყო. ხელისუფლება დიალოგზე არ წამოვიდა და მალე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც აქტუალური გახადა. როცა ამანაც არ გაჭრა, პროტესტს შიმშილობის კომპონენტიც დაემატა. აქ კი - “მეამბოხე ხალხის” ხელისუფლებამ ხმალი იშიშვლა: საკუთარ მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას ტრანსპორტის მოძრაობის თავისუფლება ანაცვალა და ძალადობრივი მეთოდებით დაშალა პროტესტანტები. აქ კი უნდა გავიმეორო პროფესორ რუსუდან ენუქიძის სიტყვები:

“ საქართველოში მცხოვრები ხალხი დაცინვას და აბუჩად აგდებას არავის არ აპატიებს – ამის დასტური ვარდების რევოლუციაც იყო.”

მეკი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს (და არა მოსახლეობას!), ძველი ავტორიტარი ავტორიტეტებისგან ახალი გმირების გამოძერწვა-გამოგონების წინააღმდეგ, ისევ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები მინდა გავახსენო. ძალიან მწყდება გული, რომ 17 წლის წინ დაწერილი მისი ეს შეგონება დღეს უფრო მეტად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე:

“ქართველმა ერმა ჯერ უნდა ყურადრებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახის და უსაქმურობის, თავის მონური რეაქციებისა და სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? – შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისაკენ, ასაშენებელი თავისუფლებისაკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილიდან დაიბადება ენერგია ფერისცვალებისა.. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ვიღაც ყოველდღე ეუბნებოდეს თავის ხალხს: “მოისურვე ბელადი? ფრთხილად, იცოდე, ესაა მონობა”.

ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N35, 2008
გასათხოვარი, გათხოვილი, გაუთხოვარი, განათხოვარი
ვუძღვნი ნინო ლიკუჩოვას


რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანი განვითარებისთვის იბადება. გონებით წვდომის დაუოკებელი წყურვილი მას ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისგან გამოარჩევს. შემმეცნებელთაგან ზოგი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, - კრიტიკული და სკეპტიკურია, ზოგი კი - თვლის, რომ თავად არის სრულყოფილება და სად მოვა ვინმე მასთან?! ცოდნას რაღაც მომენტამდე აგროვებს, საგულდაგულოდ ინახავს (თანაც მხოლოდ თავისიანებისთვის!), შემდეგ კი - `მზეს ეუბნება _ შენ ჩადი და მე ამოვალ!-ო.პირველები არა მხოლოდ გონებით იმეცნებენ, არამედ - გრძნობებითაც. არა მარტო “საკუთარი”, მშობლიური”, “ნათესავური” და “სასიამოვნო” აინტერესებთ, არამედ “უცხო”, “სხვა”, “განსხვავებული” და “მათთვის მიუღებელიც”. ასეთებს “საკუთარის” სიყვარულისთვის “სხვების” სიძულვილი არ სჭირდებათ - შეიძლება ვინმეს პრინციპულად არ ეთანხმებოდნენ ან უპირისპირდებოდნენ კიდეც, მაგრამ “მე შენზე უკეთესი ვარო” - არასოდეს იტყვიან, ყოველთვის შეუძლიათ სხვების არა მხოლოდ გაგება, არამედ თანაგრძნობა-თანაგანცდაც.

მეორენი ან საერთოდ არ იმეცნებენ (რაში სჭირდება რაიმე ახლის გაგება, თუ თავი იმთავითვე სრულქმნილი ჰგონია?!) ან მხოლოდ ის აინტერესებთ, რაც მათ ერთადერთობას და განუმეორებლობას ადასტურებს, რაც სხვებზე უპირატესობას აგრძნობინებს.

რაღა ბევრი გავაგრძელო და გრძნობა-გონებით მოაზროვნეს ეთნიკურთან ერთად სამოქალაქო იდენტობაც აქვს, რითაც სამართლიანობისა და თანასწორობის იდეის ერთგულია და ტოლერანტულია, ხოლო “დამგროვებლები” კოსტუმირებული ქსენოფობები არიან. საშინლად აფრთხობთ და სძულთ ყველაფერი, რაც მათ მიერ “დატყვევებული” ცოდნისგან განსხვავებულია. ამ გუნდის წარმომადგენელი არასოდეს იკითხავს `რა მემართება, რატომ მძულს?~ თვითონ კი გაფაციცებულია და მაგალითად, თუ მისი ბრჭყალებისაგან არაქართველს იცავ, აუცილებლად გამოიძიებს - შენს პროტეჟესთან რამე ნათესაური ხომ არ გაკავშირებს. ასეთები იმ ბოლშევიკს მახსენებენ, არგუმენტი რომ გამოელია და მოკამათეს უთხრა: აბა, შენი პასპორტი მაჩვენეო.

კონკურსის “მის საქართველო - 2007” გარშემო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ფასადურად არის ტოლერანტული. როგორც წინა, ხილული მხრიდან შეღებილი შენობების მიღმა ხშირად სიღარიბე და სიბინძურე სუფევს, ისე - დეკლარირებული შემწყნარებლობის უკან შეიძლება აგრესიული ეთნოცენტრიზმი იმალებოდეს.

არაქართველი, მონატაცები, ნასამართვევი მისს-ი?!

მონაწილე არ შეიძლება იყოს ქორწინებაში ან ფეხმძიმედ. იგი არასოდეს უნდა ყოფილიყო ქორწიენაბში ან განქორწინებული და არც ნამშობიარევი. პრიზიორი კი ასევე ვალდებულია არ გათხოვდეს, სანამ იგი ამ ტიტულის მფლობელია~, _ ასეთია მოთხოვნა, რომელსაც კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს. პირადად ჩემთვის უკვე ასეთი პირობა საკმარისი იქნებოდა, რომ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობა აღარ მიმეღო. თუმცა, საქართევლოში ამ იდეას ბევრი გულშემატკიავრი და ტრფიალი გამოუჩნდა და 1997 წლიდან კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კონკურსის მოთხოვნებს დაარღვევდა ის, ვინც სამოქალაქო ქორწინებაში იყო ან განქორწინდა. ასეთი აღმოჩნდა ვიცე-მისი, ნინო ლეკვეიშვილი, რომლის საქციელი არავის განუსჯია, რადგან პირველი მისის ისტორია უფრო “გემრიელი ლუკმა” აღმოჩნდა ჩასაფრებული ადამიანებისთვის. მათ გაარკვიეს, რომ ლიკუჩოვა მონატაცებია (ალბათ, იცით, რომ ქორწინების ამ ყველაზე არქაულ ფორმას დღემდე ერთგულებენ კავკასიელი ხალხები, მათ შორის – ქართველები). არასრულწლოვანი გოგონას მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელთაც პოლიციას მიმართეს, საქმროს მხარემ ნინოს ჯვარი მაინც დასწერა. მოგვიანებით პატარძალმა, მოძალადის გრძელვადიანი პატიმრობისგან გადასარჩენად, ყალბი ჩვენება მისცა, რის გამოც ორწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო.

ნინო ლეკვეიშვილის ისტორია (ისიც მონატაცები, მშობლების რჩევით დაოჯახებული და შემდეგ განქორწინებულია!) არ გახმაურებულა და არც განხილულა, ხოლო ლიკუჩოვას ამბავი მედიის და საზოგადოების `საუკეთესო~ ნაწილმა ენაზე დაიხვია. მოკლედ, ყველაფერზე ილაპარაკეს _ იმაზე, რომ თითქოს ის აფერისტია, ვაჟებს ჯერ მიჰყვება, შემდეგ კი მომიტაცაო _ ამბობს და ფულს სძალავს, მის ნასამართლეობაზე, ეთინკურობაზე, ქალწულობაზე, მაგრამ აღელვებულთაგან ცოტამ თუ იკითხა, თუ ვინ, სად, როდის და რატომ დაარღვია კანონი? არც ის წამოსცდენია ვინმეს, რომ “მონატაცები” და “ძალით ჯვარდაწერილი” ქორწინების იურიდიული სტატუსი არ არის.

თბილისის ინტერნეტ ფორუმის ერთ-ერთ მონაწილეს კი ნინოს რუსულმა გვარმა (მისი ქართული სახელი აქტუალური არ გამხდარა!) საბჭოთადროინდელი აფიორაც გაახსენა:
`... იმაში, რაც სკანდალად აგორდა შეუძელბელი ან ახალი არაფერია. `ბაღნებს~ არ გეცოდინებათ, მაგრამ იყო სსრკ-ში ადგილები, სადაც ხელფასის ნომინალს ძალიან მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა მძიმე პირობების გამო, მაგალითად, უკიდურესი ჩრდილოეთი, ბამი და ა. შ.

მოსკოველმა და ლენინგრადელმა გოგოებმა ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადეს. კერძოდ კი, ჩადიოდნენ, იქ ქორწინდებოდნენ და დაორსულდებოდნენ თუ არა _ ბრუნდებოდნენ სახლში. ბავშვს გააჩენდნენ და ქმარს მაშინვე გაეყრებოდნენ (მანამდე _ ვინ იცის, რა ხდება და ისევ საჭირო გახდეს).

დაენიშნებოდა ბავშვს ალიმენტი _ ქმრის ხელფასი 25%, რაც 250 მანეთეს აღწევდა. თვითონ რომ ემუშავათ 100-150 მანეთზე მეტი ხელფასის შანსიც არ ჰქონდათ. ასე კი უმუშევრად სახლში მისდიოდათ 200-250 მანეთი. მერე სადმე დროის მოსაკლავად იქნებ დაეწყო კიდევაც მუშაობა, მაგრამ რაც მთავარია, შემოსავალი განრანტირებული ჰქონდა და შეღავათები, როგორც მაც ადინოჩკას. ისე რეკორდისტებიც იყვნენ, ვინც ამ მეთოდს რამოდენიმეჯერ იყენებდა... “

ხომ ხედავთ რუსი ქალების უზნეობას? ქართველები კი – პატრონს უმწიკლოები ბარდებოდნენ და მათგან მამაკაცის მოტყუება ვის გაუგონია?! მე კი ბევრისგან მსმენია, რომ ამ კომკავშირულ მშენებლობებზე გამწესებული ჰომო-სოვიეტიკუსი ვაჟები, საბჭოთაიდეოლოგიამირთმეულები, ქალის დანახვაზე გიჟდებოდნენ და ხშირად აუპატიურებდნენ მათ. მერე კი – შეშინებულები, რომ ეს ქალები შეიძლებოდა თავიანთ მამულში გაჰყოლოდნენ, - ყველაფერზე აწერდნენ ხელს.

ამ საყოველთაო აუტოდაფეს პროცესში საქართველოს პრესტიჟის გუშაგებიც აქტიურობდნენ:- “ასარჩევი ნაღდად არ იყო, ვერც ჭკუა-გონებით ქაჩავს და გარეგნობაზე ხო საუბარიც არაა. (მაგაზე ბევრად ლამაზები იყვნენ იმ კონკურსზე). ხო, გვარიშვილობაზე არაფერს ვამბობ”.

- “მთავარი ის არაა, რომ ნასამართლევია და არც ის, რომ განათხოვარია. უბრალოდ სირცხვილია ვიღაც უბრალო, ნათრევი ქალის გაშვება..”- “ რა შუაშია ბოღმა? უბრალოდ რეალისტი ვარ და სულ არ მინდა ვიღაცა მახინჯი კრიმინალკა რუსი იყოს მის საქართველო...”

ვირტუალურ სივრცეში არიან გრძნობებით შემმეცნებლებიც, თავგამოდებით რომ იგერიებდნენ აგრესიულებს. მათგან ერთ-ერთმა ასეთი რამ დაწერა: `საქართველო მაგრად გავს სილაში თავით ჩაფლულ სირაქლემას. ვერა ხედავენო, ვერაო! საზოგადოებას შევახსენებ, რომ 1921 წლიდან საქართველოს მთვრობა არ ყოფილა მასში ნასამართლევი, გასამართლებული ან გასასამართლებელი პირი რომ არ ყოფილიყოს. რა ამ გოგოსი გაუკვირდადთ, თუ მართლა ასეა?~

ამაზე უკეთესად შეუძლებელია ვუპასუხო იმათ, ვინაც `მის საქართველო~ ვირზე შესვა და გამეტებით ესროდა ტალახის გუნდებს და ვისაც დღემდე ვერ გაურკვევია, რომ საქართველოში დაბადებული და მცხოვრები ყველა ადამიანი (გვარის, წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა და მას კანონი ისევე უნდა იცავდეს, როგორც ეთნიკურად ქართველს. ჩვენი ქვეყანა რომ სახელმწიფო იყოს, - ნინო ლიკუჩოვა არაერთი ადამიანის და ინსტიტუციის წინააღმდეგ აღძრავდა საქმეს და მოიგებდა კიდეც სასამართლო პროცესს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ადათ-წესობრივი სამართლით იმართება და იკვებება. მის წევრებს სახელმწიფო/სამოქალაქო სამართალი იშვიათად ახსენდებათ, რადგან საქართველოში კი დაიბადნენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებად ვერ იქცნენ.

ნანა და მინადორა

ვფიქრობ, პირველი მისის ისტორია არა მხოლოდ სამართლებრივი კუთხითაა საინტერსო, არამედ ჩვენი კულტურის სერიოზულ ნაკლოვანებებს წარმოაჩენს. ამიტომ და, რა თქმა უნდა, - ნინოს მხარდასაჭერად, ერთი ისტორია მინდა გიამბოთ, რომელიც `ქალწულ-მოტაცებულ-განათხოვრის~ ერთთვიანმა ბზრიალ-ტრიალმა გამახსენა.

ნანა ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. ქალაქში ხშირად მწერდა წერილებს და სოფელში მისთვის წიგნების ჩატანას მთხოვდა. მეც დაუზოგავად ვამარაგებდი. მაგრამ სკოლა დაამთავრა თუ არა ანუ როცა გასათხოვარი გახდა, მაშინვე ვიღაცამ მოიტაცა. მისი ოთხი ძმა და მამა სასწრაფოდ პოტენციურ მძახლებთან შესახვედრად გავარდნენ. დედა და უფროსი და კი - სახლში სხედან. მათთან ყოველ ღამე ქალები იკრიბებიან: გასათხოვარი და გათხოვილი ნათესავები, მარიამი _ ჩემი უფროსი ბაბუდა, გაუთხოვარი, ღვთისმოსავი და სათნო; მინადორა _ ჩემი უმცროსი ბაბუდა, განათხოვარი და უშვილ-ძირო, რომელმაც მამისეულ სახლში მობრუნებისთანავე ერთი ძროხა `თვალო~ იშვილა და მასზე ზრუნვით გაიხანგრძლივა მისი, როგორც თვითონ ამბობდა, `ღმერთისგან დავიწყებული სიცოცხლე”. მეც აქ ვარ. ამ ერთობაში, ჩემი ასაკის გამო, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი მაქვს. სანამ საუბარი მშვიდი და აუღელვებელია, ვზივარ მუხლებზე ხელებდაწყობილი, მწყაზარი გამომეტყველებით და მხოლოდ თვალებს ვამოძრავებ. ყურებიც დაცქვეტილი მაქვს _ იქნებ რაიმე თვითონ გავარკვიო, თორემ ჩემი დარდი არავის აქვს. ხოლო თუ ვინმე ხმას აუწევს, ვიწყებ ჩემი კოპლებიანი კაბის ქაჩვას მუხლებიდან ტერფებისაკენ ისე ძლეირად, რომ არშიები ნაკუწებად იქცევა და შემდეგი მღელვარე მომენტისთვის აღარაფერი მაქვს დასაქაჩ-დასაქუცმაცებელი. (ეს კაბა ბებიაჩემს საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული, მაგრამ მას შემდეგ, რაც რძალი შემოუვიდა, სადღაც გაქრა – ვეღარ ვიპოვე).

შუაღამეა. ქალებს ზეზეულად დაეძინათ. მე თავი მინადორას კალთაში მიდევს და მისი თავსაფრის ფოჩებს ვწნავ. უეცრად ძაღლებმა განწირული ყეფა ატეხეს. ყველა გამოფხიზლდა და დაბრუნებულ `ემისრებს” მიეგება. იმედგაცრუების და უკმაყოფილების მათ არაფერი ეტყობათ. გაირკვა, რომ ამ `ვაჟკაცებმა~ ნანა მოძალადის ოჯახში დატოვეს, რადგან `ყველაფერი უკვე მომხდარიყო~. პირველი მინადორა წამოვარდა, ნანას მამას ჯოხი მოუღერა და უთხრა: `დაწყევლოს მამა ზეციერმა, იმ ტურას როგორ დაუტოვე შვილი?!~ ამის გაგონებაზე გასათხოვრებმა და გათხოვილებმა ერთხმად, ბატებივით კისერწაგრძელებულებმა, შესძახეს: `გაჩუმდი, გაჩუმდი, წადი სახლში! აბა, შენსავით განათხოვარი და მარიამივით გაუთხოვარი უნდა იყოს?!~ შეურაცხყოფილმა მარიამმა ლეჩაქი გაისწორა, ხელი ჩაიქნია და ჩემდაგასაკვირად - კარები გაიჯახუნა.

ის ღამე მინადორამ კარგა ხანს ვერ დაიძინა, ოხრავდა და ტიროდა. დილით ადრე თვალო დააპურა, მე რძე დამალევინა და ყანაში გავარდა.

ბაბუაჩემს წვრილად მოვუყევი მთელი ამბავი და ისიც, როგორ აწყენინეს მის დებს ქალებმა, რაზეც რამინმა მითხრა : “ასეა, - გასათხოვრებსა და გათხოვილებს არ უყვართ გაუთხოვრები და განათხოვრები!”. ორი კვირის თავზე ნანას სახლში სუფრა გაშალეს და მეფე-დედოფალს ელოდებიან. მთელი სოფელი ჩართულია სამზადისში. საღამოს გამოჩნდნენ სტუმრები. ჭიშკარი ფართოდ გამოხსნეს და მაყარიც დაიძრა.

უეცრად დამხვდურთა გუნდს პატარა ქალი გამოეყო და ნანასკენ გაიქცა, სახეზე ხელები დაუსვა და გადაკოცნა, ხოლო სიძეს - რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაულაწუნა და შეაფურთხა კიდეც. ატყდა ჩოჩქოლი, დავი-დარაბა. ისევ ქალებმა იმარჯვეს და მოხუცი ეზოდან გამოიტანეს. მეც იქ ვიდექი და თვალები დავქაჩე, როცა მინადორამ ხელი ჩამავლო და სახლისკენ გამაქანა. როგორ ვერ ვიცანი ჩემი განათხოვარი, სამართლიანი და გაბედული ბაბუდა?! გახარებულებს პირი უნებურად გვეხსნებოდა, ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდით და გული გამალებით გვიცემდა, - სწორედ ისე, როგორც გამარჯვებულებს!

იმ ზაფხულს, ქალაქში მომავალს, ნანა კი შემხვდა, მაგრამ წიგნები აღარ დაუბარებია!

ლელა გაფრინდაშვილი
”ცხელი შოკოლადი” N31, 2007
А где Люда? ანუ “დაისის” კაბის დაისი
ვუძღვნი გოგონებს და ქალებს,
რომლებიც მდინარეში კაბებით ბანაობენ

ქართულ ლუდს რომ “ალუდა” დაარქვეს, არავის გაკვირვებია. მაგრამ, როგორც ჩანს, სახელწოდებამ მყიდველთ სიუხვე ვერ განაპირობა და ამიტომ საქმეში რეკლამა ჩართეს. იგი ჩემთვის პორნოგრაფიის პროპაგანდა უფრო იყო, ვიდრე - ამ სასმელის პრეზენტაცია. თუმცა, სწორედ მისი ამგვარი ბუნება გახდა პოპულარულობის მიზეზი.

წარმოიდგინეთ: დედის და ბედის ნებიერა, რუსულენოვანი კაცი აბანოში მიდის.

რა საკვირველია, - იხდის და ხორციელ სიამეებს ეძლევა. გარანტირებული წყლის და ორთქლის აბაზანის, ქაფმოდებული ლუდის მიღების შემდეგ, გაკვირვებული ამბობს: “А где Дюда?” ქალი კადრში არ ჩანს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ არც კაბა აცვია და არც საცურაო კოსტიუმი, რადგან ჩაცმული ქალი ლუდთან, აბანოსთან და “ქაფთან” არ ასოცირდება, არ აღაგზნებს. ბოლოს ნებიერა, ადარებს რა ლუდით და ქალით მიღებულ სიამოვნებებს, დაასკვნის: “Алуда лучше, чем Люда”-ო. ეტყობა ქალმა ჩრდილოელი სტუმრის პატივსაცემად “დაისის” კაბა ჩაიცვა და მორჩილების ნიშნად ბავშვური/შვილობილის სახეც მიიღო. მაგრამ რადგან мужик-ი არც ნეკროფილი იყო და არც - პედოფილი, “ქაფი” კი გამოუშვა, მაგრამ ლუდის სმა უფრო სასიამოვნოდ ჩათვალა და ეს გულწრფელად აღიარა.

მე ამ мужик-ს და Люда-ს საერთოდ მოვაშთობდი აქედან როგორც გენდერული, ისე - პოლიტიკური მოსაზრებების გამო. კლიპს კი ასეთ შინაარსს მივცემდი: ხევსური ალუდა ლუდს ხარშავს, მაგრამ თვალი იქვე მოფუსფუსე, ხინკლის მოხვევით გართულ, მზექალასკენ გაურბის. აღარ იცის – როგორ გამოელაპარაკოს და უცებ:

მზექალა – ვაჟაუ, შენთან დაწოლა ნეტავი დამდვა ვალადა!

გალაღდა ვაჟი და უკვე თამამად გაესიტყვა ქალს:

ალუდა – დავწვეთ, ლუდი ვსვათ, სხვაიცა გამოვა თავისთავადა!

მაგრამ ამ სცენარით “აბანოიდები” (ეს ცნება აღებულია ფორუმ.გე –დან, რომელმაც თანამედროვე საქართველოში აბანოს პოპულარულობაში დაეჭვების ნიშანწყალიც კი არ დამიტოვა) დაგვეჩაგრებიან და მართლა ქართული ლუდის რეკლამა გამოგვივა და არა – გარყვნილების. ასეთი რეკლამის შემდეგ “პოსეიდონის” სტუმრები ლუდს აღარ მიეძალებოდნენ და ეს, ბორდელად ქცეული აბანო ვერ იმუშავებდა.

“ალუდას” მხარი მალე სხვა, სახინკლეებისა და განცხრომის ობიექტების არანაკლებ ბილწმა მოწოდებებმა დაუმშვენა და ქართული ტელევიზიებიც საკმაოდ უცნაურად იტკბარუნებდნენ პირს ვნების აღმძვრელი დაწესებულებების ჩვენებით. არც მართლმადიდებელ მშობლებს და სტუდენტებს, არც ქართულ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილებს ამოუღიათ ხმა. მაგრამ მათ ხომ მხოლოდ იმაზე აქვთ რეაქცია, როცა ვინმე მისი ნებით და სახალხოდ იხდის და ვინც ამბობს, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი არჩევანია და ჩემი პასუხისმგებლობაა ანუ როცა პიროვნება თვითონ ადგენს თავის მორალს და სხვები მის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევიან. თორემ Люда- მ ისე გაიხადა და “ვალიც ისე მოიხადა”, რომ არავის დაუნახავს.

ეტყობა მან “ქართული სექსუალობის” დაუფლების სპეციალური ტრეინინგი გაიარა. ხომ გახსოვთ, ეს ახალი ფენომენი, სულ ცოტა ხნის წინ, მუსიკალური არხის სახემ რომ შემოგვთავაზა : “ ქართული სექსუალობა უფრო “დაისის” კაბაში აღიქმება (მაინტერესებს ამ გოგოს ვკითხო: თუ “დაისით” ასე მოხობლულია, მაშინ რატომ არ უშვებს მის ეთერში არიებს ან ცეკვებს ამ ოპერიდან? – ლ.გ.), როცა ყველაფერი დაფარულია და მამაკაცს ფანტაზიის უნარი აქვს. ეს კაბა არის ქართული, ტრადიციული სამოსი, სადაც მამაკაცს ეძლევა საშუალება ფანტაზია გაიღვივოს (ახლა კი ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს კაბა ეცვა Люда-ს! ლ.გ), წარმოიდგინოს როგორია ეს ქალის ტანი შიგნით და არა ის, რომ ყველაფერი გახდილი გვქონდეს და აბსოლუტურად ფანტაზიის უნარს არ ვუტოვებთ მამაკაცს. მე მირჩევნია მდარე ხარისხის ჟურნალში ვიყო ძალიან ბავშვური სახით, ვიდრე “პლეიბოი”- ში ვულგარული სახით”.

ამ გამოსვლამ საგონებელში ჩამაგდო. ძლივს მოვუყარე თავი შეკითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა მინდა ვცადო: რატომ უნდა ჰქონდეს ზრდასრულ ადამიანს ბავშვური სახე? რატომ უნდა ჰქონდეს ამავე ადამიანს სხვადასხვა სახე ორ, თუნდაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟურნალში?

უცნაური იყო გაავებული წინააღმდეგობა და აჟიოტაჟი “პლეიბოის” ფოტოსესიის მონაწილე გოგონების წინააღმდეგ, რომელთაც თქვეს, რომ ეს მათი პროფესიაა, მათი არჩევანია და არაფერი უზნეო და ვულგარული ამაში არ არის.

მაგრამ საზოგადოებრივი მორალის გუშაგებს საოცრად არ სიამოვნებთ, როცა მათ ეუბნები, რომ შენი სხეული შენია და სხვისი არავისი.

ამ მორალისტებს მინდა გამოვეხმაურო და ვუთხრა ის, რაშიც დიდი ხანია დავრწმუნდი: როგორც ყველა ჩაცმულის ქცევა არ არის მისაბაძი, ისე ყველა შიშველზე ვერ ვიტყვით, რომ სამაგალითოა. მაგალითად ჩაცმული პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია ვერ იქნება მისაბაძი, რადგან მას შეუძლია კომპეტენტურად ილაპარაკოს იმაზე, რაც თვალით არ უნახავს და ვერ დაუჯერებია, რომ ერთს სიშიშვლე სიამოვნებს და მოსწონს, მეორეს – შემოსილობა. შენც მიდი და აირჩიე და სხვებს ნუ ჩაქოლავ იმისათვის, რომ ჯერ ვერ გადაგიწყვეტია რომელი აირჩიო. ეს ხომ არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი, როგორც ისტორიებში, რომლებიც მორალისტების საპასუხოდ უნებურად გამახსენდა და მინდა თქვენც გაგახსენოთ.

სემიონი იცმევს/ირჩევს დედის კაბას

8 წლის სემიონი ანდრეი პლატონოვის ერთი მოთხრობის გმირია. დედამისმა მეოთხე შვილი გააჩინა და გამთენიისას გარდაიცვალა. მამა საგონებელშია ჩავარდნილი:
ტირის, თავში ხელებს იცემს, პატარებს ემალება. სემიონი კი – სასწრაფოდ იცმევს დედის კაბას და ამბობს:

“- მოდი, მე ვიქნები მათი დედა!

ახლა, კაბაში გამოწყობილი, ბავშვური ნაღვლიანი სახით, სემიონი ისევე ჰგავდა გოგოს, როგორც – ბიჭს. ცოტა დიდი რომ ყოფილიყო, - გოგოც გეგონებოდათ...

- ქუჩაში ბავშვები გოგოს დაგიძახებენ! – ეუბნება ზახარი. ახლა სულელი გოგო ხარ და არა – ბიჭი.

- დამიძახონ, მალე მობეზრდებათ. მე მაინც მივეჩვევი გოგოდ ყოფნას.... მამა, მოდი დედა დავბანოთ, გავაპატიოსნოთ, მერე რამდენიც გინდა იტირე, ტირილი მეც მინდა – ერთად ვიტიროთ!”

ხომ ხედავთ, როგორ უყურებს სემიონი გახდა-ჩაცმას და საზოგადოებრივ აზრს? მისთვის მთავარია, რომ და-ძმამ უდედობა არ შეამჩნიოს, არ იგრძნოს და ამით არ დაიჩაგრონ პატარები. როცა სასწორზე სიცოცხლე გიდევს, მაშინ რას მიქვია ტოლ-ამხანაგების ქილიკი? ჰოდა, სემიონიც სიცოცხლეს, დედის კაბას ირჩევს და ზუსტად იცის, რომ მართალია!

უკანასკნელი “შაბაში”

19-ე საუკუნის მიწურულს საქართველოში საშინელი სიღარიბეა. 1898 წელსაა დაწერილი ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა “თინას ლეკური”.

ახალგაზრდობაში ცნობილი მოლეკურე თინას შვილიშვილები, სიცივისა და შიმშილისაგან შეწუხებულები, მგლებივით ყმუიან. ორი კომლის მოშორებით კი _ ბატონის დღეობაა, რამაც მოხუცს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა გულში.

“ თინამ პირი დაიბანა, თავზე სუფთა, ათასის საკერებლით დაკონკილი თეთრი ჯალაშის ლეჩაქი მოიხვია, ფეხებზე სუფთა ღაზლის წინდები ჩაიცვა, ფოსტლების ნაგლეჯში ფეხი წაჰყო და დუდუკის ხმისკენ გაეშურა.

... დარბაზის გაღებულ კარებში შევიდა, მოცეკვავე ყმაწვილთან მიიჭრა და გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს, დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო. სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებული იდგა და არ იცოდა, რა ექნა: გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი?.. თავმონმწონე ვაჟკაცი არ შეკრთა, არ იუკადრისა დაგლეჯილ, ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში და საერთო სიცილ-ხარხარით გახელებულმა დაჰკიჟინა და დაჰკიჟინა თავის მშვენიერ დამას, განივრად გაშლილი მკლავები თავზე დააწყო და მომღიმარი თვალები, ვითომ არშიყობით დამჭკნარ სახეზე დააშტერა. სიცილ-ხარხარმა სიგიჟემდე მიაღწია...

... დედაბერი უცებ შესდგა, თვალები გადაატრიალა. ერთი მძლავრად ამოიფშვინა და იატაკზე დაეცა...

უეცრად ობლებიც გამოჩნდნენ, დამტირებლები. არც ერთი მოძრაობა, არც ერთი ხმა არ არღვევდა იმ საშინელ სურათს...

- მოწყალება ობლებს! – წამოაყრანტალა ვიღაცამ.

გულგალმობიერებულმა საზოგადოებამ ხელი იკრა ჯიბეს და უხვად გასცა მოწყალება.
თინას ლოცვა ასრულდა. იმან სამუდამოდ განისვენა და მისმა უკანასკნელმა “შაბაშმა” მის ობლებს ლუკმა გაუჩინა.”ეს, საუკუნისწინანდელი ამბავიც ხომ მიგვახვედრებს, რომ თინაც სიცოცხლის გადასარჩენად გამოეწყო და უკანასკნელად იცეკვა “ლეკური”.

მარო, სხვები და მაროს არჩევანი

ზაქარია ფალიაშვილის ლირიკულ-დრამატული ოპერა “დაისი” 1923 წელს, ვალერიან გუნიას ლიბრეტოს საფუძველზე შეიქმნა.

ახალგაზრდა ქალი, მარო მოკლებულია ყოველგვარ თავისუფლებას. მის ბედს ჯერ მშობლები განაგებენ, შემდეგ – საქმრო. უფროსების ნების ძალით იგი ასისთავ კიაზოზე ინიშნება. ქალიშვილს კი – თავისი ბავშვობის მეგობარი, მალხაზი უყვარს. ეს საიდუმლო სოფლის მასხარამ, ცანგალამ, საქმროს აცნობა.

მტრის შემოსევის მოგერიების ნაცვლად, ეჭვით დაავადებული კიაზო ორთაბრძოლაში იწვევს მალხაზს და საიქიოს გაისტუმრებს. ასისთავს ხალხის მრისხანე სასამართლო ელოდება.

სამივე ახალგაზრდის ბედნიერების მზე ჩაესვენა. მარო დასტირის საყვარელ ადამიანს. კაბებს და საქმროს ის ვერასოდეს ირჩევდა და ამიერიდანაც ვერ აირჩევს, რადგან მას არ შეუძლია აირჩიოს: სამშობლო, ტრადიცია და მშობლების ვერდიქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – მისი გრძნობა და სურვილები.

სემიონის, თინას და მაროს ბედი გვაფიქრებინებს, რომ ბავშვისთვის, მოხუცისათვის და ახალგაზრდისთვის ყველაზე მთავარი არჩევანის თავისუფლებაა. ჩაცმაც და გახდაც შენი პერსონალური არჩევანი უნდა იყოს. ყველა საკითხი ჯერ შენს თავთან უნდა გაარკვიო და შემდეგ – მეგობრებს, ნათესავებს და მოძღვარს დაეკითხო, რადგან შენს საქციელზე მხოლოდ შენ აგებ პასუხს.

არიან გოგონები, რომლებიც მოძღვარმაც რომ დართოს ნება, - მაინც ჩაცმულები იბანავებენ მდინარეში, რადგან ეს მათი არჩევანია და არა – სხვების. მათ უბრალოდ არ სიამოვნებთ საკუთარ სხეულზე მიმართული მზერა, არც ვინმეს სიშიშვლეზე ეშლებათ ნერვები და ამის გამო ქვებს არავის ესვრიან. სწორედ ისინი ამჩნევენ, რომ “დაისის” კაბის დაისს საქართველოში ხელს უწყობს ის, ვინც თავისი ნებით ვერასოდეს გაიხდის. ხოლო ისინი, ვინც საკუთარ სხეულს თავად განაგებს, - პატივს სცემენ თავისუფალ არჩევანს.

ლელა გაფრინდაშვილი
”ცხელი შოკოლადი” N30, 2007
“ლიმურყვამაალ” ანუ ველაპარაკოთ მათ!
ვუძღვნი შვილებს და მათ მეგობრებს

ბედი ჩემი, რომ ბავშვობა სოფელში გავატარე _ დედაჩემის მშობლებთან. მათი წყალობით იგრძნო ჩემმა გულმა ყოველი ცოცხალი არსებისადმი სიყვარული და მათივე მეცადინეობით მიხვდა ჩემი გონება, რომ მეც სამაყროს განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ.

ბაბუაჩემი, რამინი, ფიქრისათვის იყო გაჩენილი და ურთიერთობებზე, ამბის მოყოლაზე გიჟდებოდა. მეც ასეთი "მარადი მომხსენებელი" დამამახსოვრდა, ჩემსკენ ოდნავ გადმოხრილი, ჩემი კითხვების და პასუხების მომლოდინე, თვალებანთებული, როცა ჩემს აზრს გამოვთქვამდი. ბებია, გოგუცა, ალმაცერად გვიყურებდა, ცოტას მოგვისმენდა და გასწევდა საქმეებზე.

დიალოგის ამ არაჩვეულებრივი გამოცდილების გამო ფიქრის, აზრის გულწრფელი გამოთქმისა და სხვისთვის გაზიარებისათვის სპეციალური კოსტიუმი (ჩოხა-ჩიხტიკოპი) არ მჭირდება. ხვების სახელით, მესამე პირში ლაპარაკს ჩემი განცდების და შეხედულებების პირველ პირში აღწერა და მსმენელ - მკითხველამდე ისე მიტანა მირჩევნია.

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, ამ ტექსტის ავტორიც და გმირიც მე ვარ. მისი საშუალებით მინდა ამ ცოტა ხნის წინ სექსუალური აღზრდისა და სექსუალური თავისუფლების საკითხებზე ატეხილ ვნებათა ღელვას გამოვეხმაურო.

ნაწილი I

როგორც იქნა, დადგა ზამთარი. მე და ჩემმა მეგობრებმა დედა-შვილობანას თამაშს მოვუხშირეთ. გოგო თოჯინები ყველას გვაქვს, მაგრამ ბიჭებში - გვიჭირს. ამიტომ ხისგან გამოვათლევინეთ უფროსებს. ვაძინებთ და ვაღვიძებთ უსასრილოდ ამ ქალ-ვაჟს, ერთმანეთს ვახეთქებთ საკოცნელად, ვმკურნალობთ, ოპერაციას ვუკეთებდით...

მალე ”ლიმურყვამაალის” დღესასწაულიც მოგვიახლოვდა. ბავშვები ჭალაში შევიკრიბეთ. თოვლის მოგროვებას და ორმეტრიანი მურყვამის (სვან. კოშკი) აშენებას მთელი დღე მოვანდომეთ, კენწეროზე ნაძვის ხე დავადგით, ზედ კალათა და ხმლები დავკიდეთ. ბოლოს კი, რიტუალის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ხისგან გამოთლილი ფალოსი, საგულდაგულოდ დავამაგრეთ. მერე ფერხული გავმართეთ, ორ ნაწილად გავიყავით და დაიწყო შეჯიბრება. რიგრიგობით ვეჯახებით მურყვამს, კვლავ და კვლავ! ბოლოს სოფლის ბოლოსკენ წამოიქცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ მცხოვრებ ოჯახებს ამ წელს უხვი მოსავალი და პირუტყვის ნამატი ექნებათ, ბავშვები გაუჩნდებათ. ზემოთა მხარის მკვიდრებმა ყურები ჩამოვყარეთ და სრულად გაყინულები წავლასლასდით სახლებისკენ.

კვირა დილით მთელი სოფელი მურყვამთან შეიკრიბა. საქმისა (ამ სიტყვიდან მოდის გამოთქმა: “იმ კაცს იმ ქალთან აქვს საქმე” ანუ ყვარობსო, რომ იტყვიან!) ძონძებში გამოწყობილი, პირზე ნახშირწასმული კაცია. ჩვენი ხის ფალოსი უკვე მას ჰკდია. მეორე მამაკაციც ჯადოქარივითაა მორთულ-მოკაზმული. მას მხარს დედფალარ (სვან. დედოფლები) უმშვენებენ, წინ "სიამაყე" ჰკიდია და ხელში ხმლები უჭირავს. საქმისა აღგზნებული ყიჟინით გარბის ქალებისკენ: დასდევს, ფალოსს არჭობს და ხელებს უფათურებს. მეორე კაცი კი - თოვლზე წევს, დედოფლებს უხმობს, აწვენს და ზემოდან მორიგეობით აწვება, კოცნის, თან ხმლებით საქმისას იგერიებს. ორთაბრძოლა საქმისას გამარჯვებით მთავრდება. იგი ახერხებს ქალების მოტაცებას! - თავისი წარმატებით მთვრალი, გადამწიფებული ლეღვივით პირდაფჩენილი და დორბლიანი, უცნაურად იღრიჯება და მოტაცებულ ”ნადავლს” ანუ დედოფლებს ხარბად ეალერსება.

ბავშვებიც დავსდევთ ერთმანეთს, ვცდილობთ რიტუალის ელემენტები ზუსტად გავითამაშოთ. ერთმანეთს ვეკვრით და თოვლში ვგორაობთ. ცოტა ხანში თავს ბებიები დაგვაცხრებიან და წყევლა-კრულვით მიგვერეკებიან სახლებისაკენ.

დაღამდა კიდეც. რა დამაძინებს - თავში მხოლოდ მურყვამი, ხის ფალოსი, საქმისა და დედოფლები მიტრიალებს, თან ახლო კადრებით. მაგრამ მთელი ამბავი წინ მელოდება! გავიხედე და ეს ჩემი რამინი ზუსტად ისე არ აწევს გოგუცას, როგორც საქმისა თავის ქალებს?!.. მეტი რაღა გავაგრძელო და მთელი ღამე ფართოდგახელილი თვალებით გავათენე. ყველაზე მეტად ბებიაზე ვბრაზობდი - ბიჭის გვერდით არ დაჯდეთ, საშიშიაო, რომ გვეუბნებოდა და თამაშს არ გვაცდიდა, გვერეოდა, სიტყვებს გვისწორებდა. მგონი, თვითონაც თამაშობდა ჩვენთან ერთად.

დილით ისეთი გამომეტყველება მქონდა, რომ უფროსები საგონებელში ჩავარდნენ. მე კი ბებიას თვალი გავუსწორე და ვუთხარი: “ჩვენთვის არ შეიძლება და თქვენთვის შეიძლება?!” იგი ადგილზე გაშეშდა და ბაბუას გადახედა _ რამე მიშველეო. რამინი არ დაიბნა, მანიშნა ჩაიცვი და წამომყევიო. "მე და ბებიაშენი იმას ვაკეთებდით, რასაც გუშინ მთელი სოფელი თამაშობდა. ამას ყველა სულიერი აკეთებს. მაგრამ ცხოველები თავს ვერ იკავებენ, ყველგან და ყველასთან ერთობიან, ადამიანი კი - მხოლოდ იმასთან, ვინც უყვარს. ყველას უნდა ეს. ჩვენს ბელხვასაც. (ამ ჩვენი ძაღლის ოხუნჯობანი მრავალჯერ მინახავს).

შენ მალე ტანს (სვან. მენსტრუაცია) დაგემართება, შენც მოგინდება ლიჩშვიელი (სვან. სექსი), შეგიყვარდება, გათხოვდები, შვილებს გააჩენ, როგორც მე და ბებიამ, დედამ და მამამ - ისე" .ახლაც მახსოვს ის შვება, რომელიც ამ საუბარმა მომგვარა. რა კარგია, როცა არის ადამიანი, რომელსაც შენთვის უყვარხარ და არა – თავისთვის; ყველაფერზე გელაპარაკება, არასოდეს გაურბის შენს წინაშე პასუხისმგებლობას და რომელმაც იცის, რა ძალა აქვს პრობლემის გარკვევას ადამიანის თვითგამორკვევაში. მე საიდუმლოს ამოხსნა-ამოცნობით გამოწვეული ეს ტკბობა 10 წლის ასაკში განვიცადე. ამიტომ ჩემი შვილები, მათი შემეცნებითი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, სხვებთან არასოდეს გამიგზავნია. ყველა კითხვაზე მეც არ მაქვს პასუხი, მაგრამ ერთად ჯობია გავარკვიოთ, ამიტომ ვლაპარაკობთ ნებისმიერ თემაზე. სექსუალურ საკითხებზე საუბარი სწორედ "ლიმურყვამაალით" დავიწყე.

ნაწილი II

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა გარდატეხის ასაკი. თოჯინებისკენ აღარც ვიხედებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთმა კლასელმა ბიჭმა ჩემთან დაჯდომას მოუხშირა. ერთხელაც, როცა გაკვეთილის დამთავრებას 2-3 წუთი აკლდა, მოულოდნელად ხელი ბარძაყზე დამადო (ნეტა თუ იგრძნო რამე - შალის კოლგოტკა, აბჯარივით მაგარი, ყავისფერი შალის ფორმა და აბრეშუმის წინსაფარი მეცვა) და თვალები უცნაურად გააშტერა. ზარი დაირეკა თუ არა, თოფნაკრავივით გავარდა კლასიდან და კაი ხანი თვალებში ვერ მიყურედბა.

სად მყავდა ჩემი რამინ ბაბუა? სოციალიზმის მშენებელ მშობლებს ჩემთვის არ ეცალათ და ვერც გავბედავდი მათთან ამ საკითხებზე საუბარს. ისინი მხოლოდ გაკვეთილებს იბარებდნენ (მესამე კლასამდე), მშობელთა კრებებზე დადიოდნენ და შინ კმაყოფილი ბრუნდებოდნენ.

ჩემი საიდუმლო გოგონებს გავანდე და აღმოვაჩინე, რომ ყველა მათგანს მსგავსი რამ უკვე გადახდენოდა და ვერავის უმხელდა. მივადექით დამრიგებელს. მანაც "ნუ გეშინიათ" - გვიპასუხა ღიმილით და სასწრაფოდ შევიდა თავის კაბინეტში.

მეორე დღიდან აღმოვაჩინეთ, რომ ოთარი მასწავლებელი საბჭოთა კავშირის ისტორიაზე საუბრის ნაცვლად სულ სასიყვარულო ისტორიებს გვიყვება, თანაც სასაცილო კითხვებს გვისვამს. მაგ.: “ყმაწვილებო, ამ ნაწარმოების გმირები, ქალ-ვაჟი, ერთ ვაგონში მოხვდნენ. დაიძინეს როგორც იქნა. აქ მწერალი მოულოდნელად გვეუბნება, რომ მატარებელი გვირაბში შევიდაო. ნეტა რას გულისხმობს?” ბიჭებს სიცილისაგან თვალები უწითლდებათ, გოგოები კითხვის ნიშნებივით ვიხრებით და მორიდებულად ვიღიმებით.

ერთხელაც რაღაც წარმართულ რიტუალში მონაწილეობა გაიხსენა: "სიმღერის ტექსტი დამავიწყდა, კაცო! ყველას ჩემი იმედი აქვს, თან იმ გოგოს ვეპრანჭები, ვის ჭიშკართანაც ვდგავართ. ნუ გეშინიათ, ხმები შემიწყვეთ და სიტყვებს მე ვიტყვი-მეთქი და დავიწყე: "მანანიას კარზეო კუტუ დამრჩა ქვაზეო, გამევიდა მანანია, მიიზომა ტანზეო! "უკვე ბიჭებსაც და გოგოებსაც ისტერიულად გვეცინება. ამით დასრულდა ხელების ფათურის ეპოპეა. ბიჭებს თვალები დაეწმინდათ, გოგონები კი - წელში გავიმართეთ. ვენაცვალე ოთარს! აბა, 13-14 წლისებს, ზვიად ძიძიგურივით ხომ არ გვეტყოდა _ ოჯახი შექმენითო, ან პიონერთა ბანაკებში ხომ არ გაგვისტუმრებდა, - ბუჩქის ძირას გასართობად. მოკლედ, თავიდან ხომ არ მოგვიცილებდა და ჩვენი ცნობისწადილს უპასუხოდ ხომ არ დატოვებდა? ადგა და დაგველაპარაკა, მიგვახვედრა რომ სექსუალური ლტოლვა ბუნებრივი, ადამიანური ვნებაა. მთავარია, იცოდე რა გემართება, რომ განთავისუფლდე მისი ტყვეობისაგან და იგი შენი ნების მიხედვით წარმართო.

ნაწილი III

"უნდა გითხრა, ჩემო კარგო,
გეტრფი არა მხოლოდ სულის გამო.
შენთვის - სული პირველადი,
ჩემთვის - სული პირველადი,
შენთვის - ხორცი მეორადი,
ჩემთვის - ხორციც პირველადი.
ჩემო ღვთაებავ, ჩემო ლელა!
ტყუილად ღელავ.
შენ როცა გხედავ, ტვინში მიელავს
და ტანში მტეხავს.
ლამაზი თავი,
ხელები ფრთებივით თეთრი და ძლიერი,
წვრილი კანჭები, გრძელი ბაყვები,
მკერდიც კარგი,
საჭირო ზომის ტრაკი,
და ალბათ, ისიც იმის იქით.
საერთო ჯამში - თხელი, ნატიფი,
ლამაზი ტანი.
ნუ ფრთხილაებ, გვრიტო,
უნდა გტაცო ხელი,
რადგან ეს ყველაფერი
მინდა იყოს ჩემი,
ჩემი და მხოლოდ ჩემი!"

აი, ასეთი ლექსი მომიძღვნა ჩემმა მომავალმა მეუღლემ. მეგობრებს რომ წავუკითხე, ძალიან ვიმხიარულეთ, ერთ-ერთმა კი გამაფრთხილა: "კაცი ასეთ ლექსს რომ გიძღვნის, ეს ნიშნავს, რომ გასართობად უნდიხარ!" ამის გაგონებაზე მე და დანარჩენებს ისტერიკა დაგვემართა და ლექსი კიდევ ორჯერ წავიკითხეთ.

ბევრისაგან განსხვავებით, არ მიყვარდა ინფანტილურები, წარსულიდან პირდაპირ მომავალში გადახტომას რომ ცდილობდნენ. 90-იან წლებში, საქართველოს სახელით, ერთმანეთს რომ დაერივნენ და ქვეყანა უმოწყალოდ გააპარტახეს. შემდგარი და რეალიზებული ადამიანი არ არის აგრესიული, ჩოხით, საეკლესიო ატრიბუტიკით და თოფ-იარაღით მოკეკლუცე. მათგან განსხვავებით, ისინი, ვისაც მომავალი თანამედროვეობის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, აი, ასე ფიქრობენ:

"ახალგაზრდებში, სადაც მანველიძის "მგლებია" პოპულარული, არ უნდა გვიკვირდეს, რომ აგრესიაა... წაიკითხე შექსპირი, ბოდლერი, აიღე გიტარა, კალამი, ყვავილი, გახდი პაციფისტი, იმღერე როკი... იარაღის დამჭერი ადამიანი პოტენციური მკვლელია... მე გოგოს თავს ვაწონებ ჩემი ლექსებით, მუსიკით, საქციელით და არა მკვლელობით" (გიორგი მუხაძე, ნანიკოს შოუ).

ახალგაზრდები რომ აგრესიისგან განთავისუფლდნენ მნიშნელობა უნდა მივანიჭოთ მათ აზრს, უნდა ველაპარაკოთ ყველაფერზე: სახელმწიფოზე, მოქალაქეობაზე, კანონზე, ჰუმანიზმზე და სექსზეც... აბა, რეალითი შოუების, სერიალების, პორნოფილმების და ყვითელი პრესის მესვეურებს გინდათ შეატოვოთ? ჩვენ ისინი გველოდებიან, ნუ დავაგვიანებთ!

ლელა გაფრინდაშვილი
”ცხელი შოკოლადი” N29, 2007
ცოდნა versus უმეცრება და
ტოლერანტობა versus ჰომოფობია

ჰომოფობიაზე საუბარს ბევრი გაურბის. ზოგი ხელებს ასავსავებს: ჰომოსექსუალი ავადმყოფი და ზნედაცემულია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ საზოგადოებასო, ზოგი –უხერხულად იღიმება და წითლდება. ზოგი კი ამ საკითხებზე კვალიფიციური აზრის გამოთქმას და ოპონირებასაც ერიდება, რადგან ეშინია ვინმე ნეობოლშევიკმა არ ჰკითხოს: რაღაც ისეთი გულმოდგინებით ლაპარაკობ, შენ თვითონ ხომ არ ხარ მაგ ჯგუფის წევრიო? მაგრამ თუ გიდა რეალისტი იყო, უნდა ჩაერიო, გამოხატო შენი შეხედულება, თუნდაც შიში და იმოქმედო სიძულვილის წინააღმდეგ. შეხედულებების, პოზიციების სიმრავლე ბადებს სწორედ ცოდნას და ებრძვის უმეცრებას.

ინგა გრიგოლიამაც მოახერხა და 2003 წლის 4 ივლისს, ამ თემაზე სასაუბროდ რამოდენიმე ადამიანი დაიყოლია. სწორედ მათ მიერ დაფრქვეული `მარგალიტები” მინდა გაგახსენოთ.

სანდრო ბრეგაძე, ფრაქცია `აღორძინება”:

`ეს (ჰომოსექსუალობა) არის სერიოზული პრობლემა... მე საკითხს ასე დავსვამ - რამდენად პრესტიჟულია ჰომოსექსუალიზმი დღეს საქართველოში?Pპოლიტიკიდან დაწყებული, კულტურის და ხელოვნების მუშაკებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალიზმის ნიშნით იკეთებს გარკვეულ კარიერას. (აქ ორატორმა გაიხსენა ფრანგული ფილმი, სადაც, მისი თქმით, წარუმატებელი ჰეტეროსექსუალი პირველხარისხოვანი ადამიანი ხდება მას შემდეგ, რაც თავს ჰომოსექსუალად გაასაღებს, ხოლო მიზანსწრაფული, რეგბისტი მაჩო - მეორე პლანზე ინაცვლებს)... საშა პარიკმახერი, რომელმაც მოიტყუა, რომ ჰომოსექსუალისტია, ამის შემდეგ წამოვიდა კლიენტები... ეს სომეხი, რომელიც ავლაბარში უნდა ყოფილიყო პარიკმახერი, გადამიქციეს მე თბილისში ერთერთ პრესტიჟულ ადამიანად... მერე ეს საშა წერს, რომ ქმნის გეი კლუბს, სადაც ყველა უნდა გაერთიანდეს. ეს არის დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ... ეს არის სექტა, რომელთაც ერთმანეთის გატანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს. ეს სექტა წარმოაჩენს უნიჭო ადამიანებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ იმ ღირებულებების დეგრადირება, რომელიც არსებობს.

მე, სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში შეიძლება დიდი სიამოვნებით დავეთანხმო ადოლფ გიტლერს, რომელმაც რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი. ამავე დროს ვერ გავიზიარებ იმას, რომ პარლამენტში მოგვდის ევროსაბჭოდან რეკომენდაციები, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჰომოსექსუალისტებს. და ეს იყო რამდენიმეჯერ გამოგზავნილი. მე ვთვლი, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა იქნას მიღებული, რომლითაც ამ ადამიანებს ჩაუტარდებათ იძულებითი მკურნალობა და თუ არ განიკურნებიან, მაშინ....

... მე ვზრუნავ ჩემს შვილზე, რადგანაც ეს აღიქმება მომდევნო თაობებისთვის რაღაცად, რაც შეიძლება მისთვის გახდეს წარმატების მოპოვების საწინდარი. არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში ისინი ნიჭიერები არ არიან, ისინი არიან ნეუდაჩნიკები, წარმატებას სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებულების წყალობით აღწევენ... მე ვიცი, რომ საქართველოში რამოდენიმე მინისტრი დანიშნულია მხოლოდდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა გარკვეული კონტაქტი ერთერთ ჰომოსექსუალისტთან..” (სტილი დაცულია –ლ.გ)

საკუთარი შეხდულება ფეშენის სფეროში მოღვაწე ნინო ჩქარეულმაც გამოთქვა: “ნამდვილად ვერ ვიქნები ლოიალური ამ პრობლემის მიმართ იმიტომ, რომ საქართველო ტრადიციული, მართლმადიდებლური ქვეყანაა. კაცმა არ უნდა დაკარგოს კაცურობა და ქალმა - ქალურობა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს”. (სტილი დაცულია-ლ.გ)

პოეტი დავით გოგიბედაშვილი:

“... თუ კი ქალბატონები დარჩებიან კაცების გარეშე, ხომ გადავშენდებით, ისედაც ცოტანი ვართ?..... თუ კი ქალის და კაცის ურთიერთობა არის ბუნებრივი, რადგან მოაქვს ნაყოფი, ამიტომAარ შეიძლება “+ და + / “ – და -“ იყოს ბუნებრივი, ნაყოფი არ მოაქვს, განვითარება არ ხდება. ანუ ავხორცულად აღტყინება, ახურება ამაზე და ამის თავსმოხვევა, რომ “მე ინვალიდი ვარ” თუ “მე უბრალოდ ასეთი ვარ” თუ კიდევ ემატება “მე გარყვნილი ვარ”. მანკიერი არის მაშინ საზოგადოება, რომ ასეთი ხალხი ორგანოზაციას აიღებს თავის ხელში და დაიწყება ამის დანერგვა, რაც ხშირად ხდება. მანკიერი და მომაკვდინებელი ცოდვა გულისხმობს ბუნების საწინააღმდეგო ცვლას ანუ რაც არ არის მეცნიერული, რაც არ არის ადამიანთან მიახლოებული მისი მისწრაფებით და სურვილებით.

თუ კი მიდრეკილება აქვს ამ კაცს ამისი მე საშიშროება არ უნად შემექმნას. მე დღეს მოქალაქეს მექმნება საშიშროება იმაში, რომ ვიცი არსებობს რაღაც ორგანოზაცია, კასტა, რომელიც იმართება და ფინანსდება....მე, რომელიც ვეტრფი ქალს, მესამე ცოლი მყავს... მე მგონია გარყვნილი კუთხით მომრავლდნენ (ჰომოსექსუალები). აგრესია მათი მხრიდან უფრო არის. მალე შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სექსუალური უმცირესობა...”(სტილი დაცულია-ლ.გ)

ნიკა ქავთარაძე (მაშინ რადიო 101-ს წარმომადგენელი) ჰომოსექსუალებისადმი შიშს ამ საკითხის უცოდინარობით ხსნიდა და ამტკიცებდა, რომ 5-6 წლის წინ საქართველოში საყურიანი მამაკაცებისაც ეშინოდათ, მაგრამ მერე “ვიღაცეებმა გაიცნეს ასეთები, ერთად იქეიფეს, პახმელიაზე ხაში ჭამეს და მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივები არიან. მათ წინააღმდეგაც იგივეს ამბობდნენ, რომ შემოდის რაღაც გაუგებარი და ვიღუპებითო. მე მქონდა შაყირი, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოში პიდარასტები უფრო მეტნი არიან-მეთქი, ვიდრე ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალი საშიში არ არის, რადგან მას არც პოლიტიკაზე და არც იდეოლოგიაზე ზემოქმედება არ შეუძლია. საშიშები არიან ღიპიანი და ულვაშებიანი ბიძები, რომლებიც პოლიტიკას გეგმავენ და ახორციელებენ”.(სტილი დაცულია –ლ.გ).

ინგა მთელი გადაცემის განმავლობაში მოუწოდებდა შეკრებილებს – ელაპარაკათ სიუჟეტის გმირზე (ჰომოსექსუალზე), რომელიც ძალადობისა და იზოლაციის მსხვერპლია. მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალ და რეალურ ადამიანებზე საუბარი არ შეგვიძლია, წარსულზე და მიცვალებულებზე – რამდენიც გინდა!

ბოლო სიტყვა ინგამ ნინოს მისცა. პოეტ დავითს მღელვარება დაეტყო _ ეპილოგზე პასუხისმგებლობა ქალს ვერ მიანდო, ყურში რაღაც უჩურჩულა და სთხოვა _ საქვეყნოდ გამოაცხადეო, რაც ნინომ ფრიადზე შეასრულა: “მამაკაცებო იყავით ფხიზლად! არ დაკარგოთ თქვენი კაცურობა და ხიბლი!”- თქვა მან და წამყვანიც დაგვემშვიდობა.

ამ გადაცემას არანაირი საზოგადოებრივი გამოხმაურება არ მოჰყოლია ისევე, როგორც გოჩა ფიფიას გამოსვლას - პარლამენტარების წარმომავლობის შესახებ დოსიეების შექმნის თაობაზე. ჩვენ გადავყლაპეთ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მოსაზრებაც, რომ საქართველოში პირველ პოზიციებზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველები უნდა იყვნენ და რომ მისთვის “წითლები” უფრო მისაღებია, ვიდრე - “ცისფერები” და აკაკი ასათიანის “შავი ქალი”.
ასეთი აზრების კრიტიკის გარეშე შეუძლებელია ჰომოფობიის (ჰომოსექსუალების მიმართ ირაციონალური, ფანატიკური შიში და სიძულვილი) დაძლევა. გაუცნობიერებელი შფოთვების მოხსნა კი მხოლოდ გონების, ცოდნის ძალით შეიძლება.

მაგრამ მთავარი ამ შიშის გაცნობიერება და დაძლევაა, თუ ვინ უნდა იბრძოლოს, ვისი სახელით და როგორ? საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ჯგუფის თანასწორი მონაწილეობისთვის სამი პირობაა საჭირო: ამ ჯგუფის ხილულობა (coming out), მათ მიერ მათი პრობლემების სახელდება და ამოთქმა (naming and speak out) და ამ პრობლემების მოგვარებისთვის ქმედება (acting). მე მშვენივრად მესმის, თუ როგორ რისკს უკავშირდება ჰომოსექსუალის თვითპრეზენტირება და საკუთარი სახელით ლაპარაკი. მაგრამ ასევე მესმის, რომ მხოლოდ ამით შეიძლება დაიძლიოს ეს მისტიკური, უგუნური თეორიები ჰომოსექსუალების, როგორც განსაკუთრებით საშიში ადამიანების მიმართ, რომელთაც, თურმე, როგორც კეთროვანებს ისე უნდა ერიდო. ვეღარც ტვინგაცხელებული იდეოლოგები და პოლიტიკოსები გაგვაცურებენ თავიანთი შეგონებებით, რომ ადამიანი მისი ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით უნდა შევაფასოთ და არა - გონებრივი მონაცემებით. დასრულდება შუასაუკუნეობრივი სიბნელით გაზავებული საყოველთაო მსჯელობა იმაზე - ვის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს. სექსუალობა ადამიანის პირადი საქმეა. საზოგადოებას კი უნდა აინტერესებდეს ადამიანი, როგორც პროფესიონალი და მოქალაქე.

ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულობა ჰუმანიზმის პროპაგანდაა და არა – ჰომოსექსუალობის. ამავე დროს ეს არის გაცნობიერებული უარი რასისტულ და ქსენოფობიურ იდეალებზე, შენთვის უცხო, შენგან განსხვავებული ადამიანების სიძულვილზე. ჰომოფობია, რომ კაცობრიობის ამ მანკიერებებთან კავშირშია, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ რამოდენომე დღის წინ, ისევ ინგა გრიგოლიას სტუმარმა მამუკა გიორგაძემ, (იგორ გიორგაძე არ გეგონოთ!). იგი ეკლესიის დანგრევის ფაქტს ეხმიანებოდა (რაც ნამდვილად ვანდალიზმია) და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა საქართველო გაურკვეველი სარწმუნოების, გაურკვეველი სქესის და გაურკვეველი რასის ქვეყნად აქციოსო. ეს აზრი არცერთ თანამოსაუბრე პოლიტიკოსს (ფიქრია ჩიხრაძე და სალომე ზურაბიშვილი) არ გაუპროტესტებია.

ჩვენ კი მოვდექით და ვაპროტესტებთ, მაგრამ ვინ გვისმენს?

ლელა გაფრინდაშვილი
”ცხელი შოკოლადი” N28, 2007



თავისუფლების დღიური 2007

კვირა, 21 მაისი

გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ დღიური არასოდეს დამიწერია. თუმცა კარგად მახსოვს, ბავშვობაში, როცა ძალიან გავბრაზდებოდი, სწორედ მაშინ მინდებოდა დღიურის წერა.

ახლაც ძალიან გაბრაზებული ვარ და ამიტომ სიხარულით შევხვდი რადიო `თავისუფლების~ შემოთავაზებას.

მიმაჩნია, რომ სულ გაბრაზებული რომ არ იყო, იმ საგანს, რომელიც ასე გაღიზიანებს, გონების თვალი უნდა მიაპყრო. დღიური საუკეთესო საშუალებაა ამისთვის: ერთდროულად შენს თავსაც ელაპარაკები და სხვასაც. აქედან გამომდინარე, ორივეს წინაშე პასუხისმგებელი ხარ.

დღეს საღამოს კი ტელევიზიის საშუალებით ყველამ ვიხილეთ გაბრაზებულთა ორი ისეთი ჯგუფი, რომელსაც ერთმანეთთან საუბრის არანაირი სურვილი არა აქვს. ლაპარაკია დენ ბრაუნის წიგნის `დავინჩის კოდის~ ეკრანიზაციით გამოწვეულ ვნებებზე, რომელმაც `ეკლესიურები~ (დღემდე არ მესმის რას ნიშნავს ეს ცნება) და ინტელექტუალები ერთად შეყარა.

თუმცა ინტელექტუალებმა თანამოსაუბრეებს უთხრეს, რომ ჩვენთან საკამათოდ მომზადება არ გეყოფათო (საკითხავია, მაშინ რატომ მივიდნენ ამ შეხვედრაზე). ხოლო `ეკლესიურებმა~ გაგვაფრთხილეს, რომ თუ ამ ფილმს ვნახავთ, მაშინ შეიძლება რაიმე სტიქიური უბედურება დაგვატყდეს თავს. ამვე დროს აღნიშნეს, რომ ფილმში ფაქტები დამახინჯებულია და ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ურთიერთობის შეურაცხმყოფელი სიუჟეტია მოფიქრებული.

ამ ტელე-დებატს ჩემი დაკვირვებით, ის შედეგი მოჰყვა, რომ იმ მოქალაქეთან, რომელთაც ამ ფილმის ნახვაზე არც კი უფიქრიათ, მეორე დღესვე ბილეთების შეძენის თადარიგი დაიჭირეს, ხოლო ვინც ეს ვერ მოახერხა - წიგნი იყიდა. მართალი გითხრათ, მე არც ერთის სურვილი არ გამჩენია.

ორშაბათი, 22 მაისი

კულტურის თანამედროვე მკვლევარები ერთხმად აღიარებენ, რომ კულტურის, როგორც მთელის ამოსაცნობად მისი ყოველდღიური, ორდინალური პლასტები უნდა შევისწავლოთ. სწორედ ამიტომ მინდა `კედლის მწერლობის~ ერთ-ერთი მაგალითი შემოგთავაზოთ, სადაც ორი უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა ერთმანეთს ებაასება. ეს `გაბაასება~ არც მეტი არც ნაკლები ტუალეტის კედელზე მიმდინარეობს. ვნახოთ რა აწუხებთ გოგონებს (პირობითად მათ ნანას და მაკას დავარქმევ).

ნანა: ლაშა, მიყვარხარ.

მაკა: ლაშა მე მიყვარს. თუ თვალს გაახელ, დაინახავ, 24 საათი ერთად ვართ, თავს ნუ იბრმავებ.

ნანა: თავს ნუ დადებ, თორემ დაგრჩება . . . (სამი წერტილი)

მაკა: მე შენნარი კონკურენტების არ მეშინია. ფაქტი სახეზეა.

ნანა: რომ არ გეშინოდეს ასე არ ავარდებოდი.

მაკა: ლაშას მე ვუყვარვარ, თუ გინდა ლაშას ჰკითხე, შე . . . (აქ ისეთი სიტყვა წერია, რომ ვერ გავიმეორებ).

ნანა: აბა, შენ იცი, შეეცადე ლაშას დასაცინი მაინც გახდე.

დამილოცნიხარ!! _ (დიალოგის დასასრული)

როგორ შეიძლება ერთდროულად იყო ასეთი ბილწსიტყვა და ამ მყარლი გამონათქვამების შემდეგ უყოყმანოდ ამბობდე სიტყვას `დამილოცნიხარ~?

ყველამ ვიცით, რომ კედლის შემოქმედება და კედლის მხატვრობა გამოქვაბულის პერიოდშიც არსებობდა. მაგრამ ადამიანების ინტერესებმა მალე გამოქვაბულიდან გარეთ გადმოინაცვლა. ცოდნის მოცულობა გაიზარდა. გარდა ამისა, შეიცვალა ცოდნის შინაარსიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ პირველყოფილი ადამიანი ჯერ მენტალურად გამოვიდა გამოქვაბულიდან: ინტერესებით, ემოციებით, სურვილებით და მერე დაწერა წიგნები. ამასვე ვუსურვებ ამ ორ გოგონას, რომელთაც გამოქვაბულიდან გამოსვლამდე, ტუალეტიდან გამოსვლა დასჭირდებათ.

სამშაბათი, 23 მაისი

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დიდი მიტინგი გაიმართა _ უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნით. მიტინგის დაწყებამდე ერთ-ერთმა მონაწილემ პატარა ბიჭი მიკროფონთან მიიყვანა და მანაც დიდი მონდომებით დაიყვირა: `საქართველო!~.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებით: პირველი _ უქმდება სამეცნიერო სექტორი; მეორე: ახლებური კონკურსების წყალობით კი მალე პროფესორ-მასწავლებლებსაც დაგვითხოვენო. რაც მთავარია, ჩვენ, ამ უნივერსიტეტის მესვეურებს არავინ არაფერს გვეკითხებაო.

მიტინგზე იყო ლექსებიც. ჯანსუღ ჩარკვიანმა წაიკითხა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ლექსი (გთავაზობთ ფრაგმენტს):

`რას ვქლესაობთ ნეტა,
ძმობას ვიღა გვიშლის,
ჩაიკეტა სულში შიში, შიში, შიში,
გაიღვიძე გესმის, უარყავი შიში~.

პოეტი რატომღაც `გაღვიებისკენ~ ჩვენ მოგვიწოდებდა, ალბათ თავს უკვე გაღვიძებულად მიიჩნევს:

მიტინგის პათოსი მიმართული იყო იმისკენ, რომ კანონის ძალით აღდგენილიყო უნივერსიტეტის დიდი საბჭო. გავრცელდა მოწოდება უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებისადმი, რათა ისინი შეკრებილიყვნენ და გაეგრძელებინათ ფუნქციონირება ანუ უნივერსიტეტის მართვა. ლია მუხაშავრიამ თავის გამოსვლაში სწორედ ამ საბჭოს ლეგიტიმურობაზე ისაუბრა.

ჩემთვის კი გასაკვირი ის იყო, რომ ამ მიტინგზე არ ჩანდნენ სტუდენტები, არ გამოთქვამდნენ აზრს. აქედან კითხვა: სად არიან ისინი, რატომ არ ერთვებიან ამ პროცესში? უნივერსიტეტი ხომ პირველ ყოვლისა მათ ინტერესებს უნდა იცავდეს?

ოთხშაბათი, 24 მაისი

დღეს ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში ვიყავი, რომლის გრძელ დერეფანში მიმავალს, ყველა თანამშრომელი ქალბატონი დიდი გულმოდგინებით მესალმებოდა. ვიფიქრე, ალბათ ძალიან ოფიციალურად გამოვიყურებოდ, თან ხელში საქაღალდე მეჭირა და ვინმე `უფროსი~ ვგონივარ-მეთქი.

ყველაზე ცუდ ხასიათზე მაშინ დავდექი, როცა ეს ყველაფერი იქ მომუშავე ჩემს მეგობარს ვუამბე. მას სახე შეეცვალა და მითხრა, რომ `დიახ, უფროსი ეგონე, მაგრამ არა ვიღაც `უფროსი~, არამედ მათი სამსახურიდან გამგდები და მათი შეურაცხმყოფელი~-ო.

გული მომეკუმშა და კიდევ ერთხელ გავბრაზდი იმ ადამიანებზე, რომელთაც ვერც კი დაელაპარაკები იმაზე, რომ რეფორმატორობა არ ნიშნვას ყველაფრის ხელაღებით უარყოფას. არც მემარცხენეობა ნიშნავს კომუნისტობას. ბევრს დღემდე ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან: `სოციალური~ და `სოციალისტური~. `სოციალიტური~ _ იდეოლოგიაა მხოლოდ, ხოლო `სოციალური~ არის პოზიცია, როცა სახელმწიფო პოლიტიკისთვის ერთნაირად საინტერესოა ყველა სოციალური ჯგუფი და აქედან გამომდინარე, ზრუნავს ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიოსებში სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც, კარგად თუ არა, ზედაპირულად მაინც ერკვევა სოციალურზე ანუ ადამიანზე ორიენტირებულ საკითხებში. სწორედ ამიტომ ჩვენთან მემარჯვენე მემარცხენეა, მემარცხენე – მემარჯვენე, ხოლო ორივე ერთად კონსერვატორი.

ხუთშაბათი 25 მაისი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორი საინტერესო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ამერიკელი პროფესორის რებეკა კაცის ნაშრომის `2003-2004 წლების საქართველოს რეჟიმის კრიზისი~ და ფლორიან მიულფრიდის წიგნის `პოსტსაბჭოთა წვეულება: ქართული სუფრის ტრანსფორმაციები~.

სამწუხაროა, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ ვერცერთი წიგნი ვერ მოიპოვა, მაგრამ ავტორი ორივე ვნახეთ.

რებეკა კაცმა თავისი გამოსვლა დაიწყო ფრაზით: `მე მიყვარს საქართველო~ და იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომელიც თანამედროვე საქართველოში რევოლუციის შემდეგ შეინიშნება.

ფლორიან მიულფრიდმა კი განგვიმარტა, რომ ქართულ სუფრას საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდა და აქვსო.

მართალი გითხრათ, ასეთი განმარტება შეიძლება ბევრ ქართველს გულზე მალამოდ წაეცხოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სუფრა, როგორც ინსტიტუტი ჩვენთან ძალიან განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ სად, როდის და რომელ სოციალურ ჯგუფში იმართებოდა.

სუფრას, მის არქიტექტურას, დინამიკას, სადღეგრძელოთა თემებს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ მისი ძირითადი ემოციური და აზრობრივი ნაკადი უფრო წარსულზეა ორიენტირებული, ვიდრე თანამედროვეობაზე. ამიტომაც მგონია, რომ ეს ინსტიტუტი წინაპართა კულტიდან მომდინაროებს, რომელიც დროთა განმავლობაში მიცვალებულთა კულტად, ხოლო შემდეგ წარსულის კულტად იქცა.

ქართული სუფრა იდეალისტური და კერპთაყვანისმცემლურია, მაგრამ არა რეალისტური. ამიტომ თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია თავყრილობა, სადაც `დემოკრატიის~, `თანასწორობის~ სადღეგრძელოს შესვამენ, თორემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო უკვე კაი ხანია გაჩნდა.

პარასკევი, 26 მაისი

`ომი ღვთის რისხვაა, უდიდესი რისხვა ღვთისა კაცთა მოქმედებაზედ მოვლენილი. ეს არის მოძმის სისხლის ღვრა, ვეფხვად ქცეული ადამიანისა.

... ღმერთმა ნუღარ მოასწროს, მოწამეთ ნუღარ გახადოს ამ კაცთ გაპირუტყვებისა ჩვენი მომავალი თაობა. ღმერთმა ნუღარ გაგაგონოთ ის ქება-დიდება, რომელსაც ასხამს ადამიანთა ხროვა ომს, რომელიც საუკეთესოდ ანგრევს საუკეთესოდ ნაშენებს...

...ყოველი შვილის დამკარგავი დედა ათასჯერ უფრო საბრალოა თვით დაკარგულ შვილზედ. დედის გული ცეცხლწაკიდებული კოცონია, რომლის წვა დაუსრულებელი და ბოლომოუღებელია. დედის ცრემლი უფრო მძლავრად სჭრის დედის გულს, მის არსებას, მინამ მტრის ტყვია შვილის სხეულს. და ეს ცრემლები კი, ეს შეუბრალებელი ცრემლები, ეს დამწვარი გულები რას ღაღადებენ ეხლა? რას ეუბნებიან დედის ცრემლები კაცობრიობას? რა პასუხს აძლევს მათ კაცობრიობა? ნუთუ არ ღაღად ჰყოფს, ნუთუ ბოლოს არ მოუღებს იმ ვაებას, რომელსაც ომიანობას ეძახიან და რომელიც შეაჩვენებს ომის დამწყებს და ზიზღს და თრთოლვას გამოიწვევს მომავალ თაობისას?~

_ არ ვიცი სხვას რა გრძნობები მოჰგვარა აღლუმმა, მაგრამ მე ეკატერინე გაბაშვილის ეს გამოუქვეყნებელი წერილი გამახსენა, რომელიც მას პირველი მსოფლიო ომის ტრაგედიამ დააწერინა. შემდეგ იყო დამოუკიდებლობა, შემდეგ რუსული ბოლშევიკური ოკუპაცია, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი მარო მაყაშვილიც შეეწირა. იგი 1919 წელს, თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი, მოხალისედ ჩაეწერა ქართული წითელი ჯვრის სანიტარულ რაზმში.

მარო ექვს იუნკერთან ერთად 1921 წლის 23 თებერვალს, 12 საათზე დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში. (სულ 21 იუნკერი დაიღუპა).

`დავიღალე... დავიჩაგრე... და შენი ვარ მხმობელი.
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი.
სამშობლო თუ შენ _ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?
დავდნი ცრემლად ორივესთვის,
სხვათა ცრემლთა მშრობელი~.

ეს მაროს მამის კოტე მაყაშვილის ლექსია. მისი დედის, თამარ გაბაშვილისა და ბებიის ეკატერინე გაბაშვილის განცდები ისტორიამ ვერ შემოგვინახა.

შაბათი, 27 მაისი

ისე გამიტაცა მოწყალების დების თემამ, რომ ბარემ ანა ერისთავზეც მინდა მოგითხროთ. იგი ბარბარე ჯორჯაძისა და რაფიელ ერისთავის დაა.

`ქალებმა გატკეპნეს და გაკვალეს მტკიცე ბილიკი იმ ადგილებში შესავალათ, რომელთა კერები აქამომდის მათთვის დახშული იყო~. ასეთ ასპარეზად რაფიელ ერისთავი 1877-1878 წლებში, რუსეთ-თურქეთის საომარი ოპერაციების დროს ქალების მიერ `ქველმოქმედი დების~ ჯგუფების შექმნას ასახელებს. სწორედ ასეთ გაერთიანებაში ჩაეწერა ანა დავითის ასული ერისთავიც `თავის სურვილით, ბედისაგან ხელაღებული და ბოლომდის უბედური, ერთის დიდი კაცის ცოლი~. მძიმე შრომამ თავისი ქნა _ ანა ტიფით დაავადდა, ამას დაერთო ხელის მოტეხილობა. 1878 წლის 18 აპრილს, არტაანში ანა გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა.

დამწუხრებული ბარბარე ჯორჯაძე ასე ემშვიდობება უმცროს დას:

`...მაგრამ რა გერგო, რა ნაყოფი
მოჰყვა შენს შრომას?
ჯილდო-სიკვდილმა სად მოგისწრო
უცხო ქვეყანას...
ვეღარა ნახავ საუკუნოდ თვისტომს,
დას და ძმას,
უგზო-უკვალოდ შეგამწყვდიეს, ქალო,
ბნელს სავანს~.

ამით ვასრულებ ჩემ სეპტალოგს. გული კი მწყდება, რადგან დღიურების წერას აღარ გავაგრძელებ. სამაგიეროდ, სიბრაზემ ცოტა გამიარა.

მარად თქვენი
ლელა გაფრინდაშვილი.