А где Люда? ანუ “დაისის” კაბის დაისი
ვუძღვნი გოგონებს და ქალებს,
რომლებიც მდინარეში კაბებით ბანაობენ

ქართულ ლუდს რომ “ალუდა” დაარქვეს, არავის გაკვირვებია. მაგრამ, როგორც ჩანს, სახელწოდებამ მყიდველთ სიუხვე ვერ განაპირობა და ამიტომ საქმეში რეკლამა ჩართეს. იგი ჩემთვის პორნოგრაფიის პროპაგანდა უფრო იყო, ვიდრე - ამ სასმელის პრეზენტაცია. თუმცა, სწორედ მისი ამგვარი ბუნება გახდა პოპულარულობის მიზეზი.

წარმოიდგინეთ: დედის და ბედის ნებიერა, რუსულენოვანი კაცი აბანოში მიდის.

რა საკვირველია, - იხდის და ხორციელ სიამეებს ეძლევა. გარანტირებული წყლის და ორთქლის აბაზანის, ქაფმოდებული ლუდის მიღების შემდეგ, გაკვირვებული ამბობს: “А где Дюда?” ქალი კადრში არ ჩანს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ არც კაბა აცვია და არც საცურაო კოსტიუმი, რადგან ჩაცმული ქალი ლუდთან, აბანოსთან და “ქაფთან” არ ასოცირდება, არ აღაგზნებს. ბოლოს ნებიერა, ადარებს რა ლუდით და ქალით მიღებულ სიამოვნებებს, დაასკვნის: “Алуда лучше, чем Люда”-ო. ეტყობა ქალმა ჩრდილოელი სტუმრის პატივსაცემად “დაისის” კაბა ჩაიცვა და მორჩილების ნიშნად ბავშვური/შვილობილის სახეც მიიღო. მაგრამ რადგან мужик-ი არც ნეკროფილი იყო და არც - პედოფილი, “ქაფი” კი გამოუშვა, მაგრამ ლუდის სმა უფრო სასიამოვნოდ ჩათვალა და ეს გულწრფელად აღიარა.

მე ამ мужик-ს და Люда-ს საერთოდ მოვაშთობდი აქედან როგორც გენდერული, ისე - პოლიტიკური მოსაზრებების გამო. კლიპს კი ასეთ შინაარსს მივცემდი: ხევსური ალუდა ლუდს ხარშავს, მაგრამ თვალი იქვე მოფუსფუსე, ხინკლის მოხვევით გართულ, მზექალასკენ გაურბის. აღარ იცის – როგორ გამოელაპარაკოს და უცებ:

მზექალა – ვაჟაუ, შენთან დაწოლა ნეტავი დამდვა ვალადა!

გალაღდა ვაჟი და უკვე თამამად გაესიტყვა ქალს:

ალუდა – დავწვეთ, ლუდი ვსვათ, სხვაიცა გამოვა თავისთავადა!

მაგრამ ამ სცენარით “აბანოიდები” (ეს ცნება აღებულია ფორუმ.გე –დან, რომელმაც თანამედროვე საქართველოში აბანოს პოპულარულობაში დაეჭვების ნიშანწყალიც კი არ დამიტოვა) დაგვეჩაგრებიან და მართლა ქართული ლუდის რეკლამა გამოგვივა და არა – გარყვნილების. ასეთი რეკლამის შემდეგ “პოსეიდონის” სტუმრები ლუდს აღარ მიეძალებოდნენ და ეს, ბორდელად ქცეული აბანო ვერ იმუშავებდა.

“ალუდას” მხარი მალე სხვა, სახინკლეებისა და განცხრომის ობიექტების არანაკლებ ბილწმა მოწოდებებმა დაუმშვენა და ქართული ტელევიზიებიც საკმაოდ უცნაურად იტკბარუნებდნენ პირს ვნების აღმძვრელი დაწესებულებების ჩვენებით. არც მართლმადიდებელ მშობლებს და სტუდენტებს, არც ქართულ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილებს ამოუღიათ ხმა. მაგრამ მათ ხომ მხოლოდ იმაზე აქვთ რეაქცია, როცა ვინმე მისი ნებით და სახალხოდ იხდის და ვინც ამბობს, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი არჩევანია და ჩემი პასუხისმგებლობაა ანუ როცა პიროვნება თვითონ ადგენს თავის მორალს და სხვები მის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევიან. თორემ Люда- მ ისე გაიხადა და “ვალიც ისე მოიხადა”, რომ არავის დაუნახავს.

ეტყობა მან “ქართული სექსუალობის” დაუფლების სპეციალური ტრეინინგი გაიარა. ხომ გახსოვთ, ეს ახალი ფენომენი, სულ ცოტა ხნის წინ, მუსიკალური არხის სახემ რომ შემოგვთავაზა : “ ქართული სექსუალობა უფრო “დაისის” კაბაში აღიქმება (მაინტერესებს ამ გოგოს ვკითხო: თუ “დაისით” ასე მოხობლულია, მაშინ რატომ არ უშვებს მის ეთერში არიებს ან ცეკვებს ამ ოპერიდან? – ლ.გ.), როცა ყველაფერი დაფარულია და მამაკაცს ფანტაზიის უნარი აქვს. ეს კაბა არის ქართული, ტრადიციული სამოსი, სადაც მამაკაცს ეძლევა საშუალება ფანტაზია გაიღვივოს (ახლა კი ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს კაბა ეცვა Люда-ს! ლ.გ), წარმოიდგინოს როგორია ეს ქალის ტანი შიგნით და არა ის, რომ ყველაფერი გახდილი გვქონდეს და აბსოლუტურად ფანტაზიის უნარს არ ვუტოვებთ მამაკაცს. მე მირჩევნია მდარე ხარისხის ჟურნალში ვიყო ძალიან ბავშვური სახით, ვიდრე “პლეიბოი”- ში ვულგარული სახით”.

ამ გამოსვლამ საგონებელში ჩამაგდო. ძლივს მოვუყარე თავი შეკითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა მინდა ვცადო: რატომ უნდა ჰქონდეს ზრდასრულ ადამიანს ბავშვური სახე? რატომ უნდა ჰქონდეს ამავე ადამიანს სხვადასხვა სახე ორ, თუნდაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟურნალში?

უცნაური იყო გაავებული წინააღმდეგობა და აჟიოტაჟი “პლეიბოის” ფოტოსესიის მონაწილე გოგონების წინააღმდეგ, რომელთაც თქვეს, რომ ეს მათი პროფესიაა, მათი არჩევანია და არაფერი უზნეო და ვულგარული ამაში არ არის.

მაგრამ საზოგადოებრივი მორალის გუშაგებს საოცრად არ სიამოვნებთ, როცა მათ ეუბნები, რომ შენი სხეული შენია და სხვისი არავისი.

ამ მორალისტებს მინდა გამოვეხმაურო და ვუთხრა ის, რაშიც დიდი ხანია დავრწმუნდი: როგორც ყველა ჩაცმულის ქცევა არ არის მისაბაძი, ისე ყველა შიშველზე ვერ ვიტყვით, რომ სამაგალითოა. მაგალითად ჩაცმული პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია ვერ იქნება მისაბაძი, რადგან მას შეუძლია კომპეტენტურად ილაპარაკოს იმაზე, რაც თვალით არ უნახავს და ვერ დაუჯერებია, რომ ერთს სიშიშვლე სიამოვნებს და მოსწონს, მეორეს – შემოსილობა. შენც მიდი და აირჩიე და სხვებს ნუ ჩაქოლავ იმისათვის, რომ ჯერ ვერ გადაგიწყვეტია რომელი აირჩიო. ეს ხომ არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი, როგორც ისტორიებში, რომლებიც მორალისტების საპასუხოდ უნებურად გამახსენდა და მინდა თქვენც გაგახსენოთ.

სემიონი იცმევს/ირჩევს დედის კაბას

8 წლის სემიონი ანდრეი პლატონოვის ერთი მოთხრობის გმირია. დედამისმა მეოთხე შვილი გააჩინა და გამთენიისას გარდაიცვალა. მამა საგონებელშია ჩავარდნილი:
ტირის, თავში ხელებს იცემს, პატარებს ემალება. სემიონი კი – სასწრაფოდ იცმევს დედის კაბას და ამბობს:

“- მოდი, მე ვიქნები მათი დედა!

ახლა, კაბაში გამოწყობილი, ბავშვური ნაღვლიანი სახით, სემიონი ისევე ჰგავდა გოგოს, როგორც – ბიჭს. ცოტა დიდი რომ ყოფილიყო, - გოგოც გეგონებოდათ...

- ქუჩაში ბავშვები გოგოს დაგიძახებენ! – ეუბნება ზახარი. ახლა სულელი გოგო ხარ და არა – ბიჭი.

- დამიძახონ, მალე მობეზრდებათ. მე მაინც მივეჩვევი გოგოდ ყოფნას.... მამა, მოდი დედა დავბანოთ, გავაპატიოსნოთ, მერე რამდენიც გინდა იტირე, ტირილი მეც მინდა – ერთად ვიტიროთ!”

ხომ ხედავთ, როგორ უყურებს სემიონი გახდა-ჩაცმას და საზოგადოებრივ აზრს? მისთვის მთავარია, რომ და-ძმამ უდედობა არ შეამჩნიოს, არ იგრძნოს და ამით არ დაიჩაგრონ პატარები. როცა სასწორზე სიცოცხლე გიდევს, მაშინ რას მიქვია ტოლ-ამხანაგების ქილიკი? ჰოდა, სემიონიც სიცოცხლეს, დედის კაბას ირჩევს და ზუსტად იცის, რომ მართალია!

უკანასკნელი “შაბაში”

19-ე საუკუნის მიწურულს საქართველოში საშინელი სიღარიბეა. 1898 წელსაა დაწერილი ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა “თინას ლეკური”.

ახალგაზრდობაში ცნობილი მოლეკურე თინას შვილიშვილები, სიცივისა და შიმშილისაგან შეწუხებულები, მგლებივით ყმუიან. ორი კომლის მოშორებით კი _ ბატონის დღეობაა, რამაც მოხუცს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა გულში.

“ თინამ პირი დაიბანა, თავზე სუფთა, ათასის საკერებლით დაკონკილი თეთრი ჯალაშის ლეჩაქი მოიხვია, ფეხებზე სუფთა ღაზლის წინდები ჩაიცვა, ფოსტლების ნაგლეჯში ფეხი წაჰყო და დუდუკის ხმისკენ გაეშურა.

... დარბაზის გაღებულ კარებში შევიდა, მოცეკვავე ყმაწვილთან მიიჭრა და გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს, დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო. სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებული იდგა და არ იცოდა, რა ექნა: გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი?.. თავმონმწონე ვაჟკაცი არ შეკრთა, არ იუკადრისა დაგლეჯილ, ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში და საერთო სიცილ-ხარხარით გახელებულმა დაჰკიჟინა და დაჰკიჟინა თავის მშვენიერ დამას, განივრად გაშლილი მკლავები თავზე დააწყო და მომღიმარი თვალები, ვითომ არშიყობით დამჭკნარ სახეზე დააშტერა. სიცილ-ხარხარმა სიგიჟემდე მიაღწია...

... დედაბერი უცებ შესდგა, თვალები გადაატრიალა. ერთი მძლავრად ამოიფშვინა და იატაკზე დაეცა...

უეცრად ობლებიც გამოჩნდნენ, დამტირებლები. არც ერთი მოძრაობა, არც ერთი ხმა არ არღვევდა იმ საშინელ სურათს...

- მოწყალება ობლებს! – წამოაყრანტალა ვიღაცამ.

გულგალმობიერებულმა საზოგადოებამ ხელი იკრა ჯიბეს და უხვად გასცა მოწყალება.
თინას ლოცვა ასრულდა. იმან სამუდამოდ განისვენა და მისმა უკანასკნელმა “შაბაშმა” მის ობლებს ლუკმა გაუჩინა.”ეს, საუკუნისწინანდელი ამბავიც ხომ მიგვახვედრებს, რომ თინაც სიცოცხლის გადასარჩენად გამოეწყო და უკანასკნელად იცეკვა “ლეკური”.

მარო, სხვები და მაროს არჩევანი

ზაქარია ფალიაშვილის ლირიკულ-დრამატული ოპერა “დაისი” 1923 წელს, ვალერიან გუნიას ლიბრეტოს საფუძველზე შეიქმნა.

ახალგაზრდა ქალი, მარო მოკლებულია ყოველგვარ თავისუფლებას. მის ბედს ჯერ მშობლები განაგებენ, შემდეგ – საქმრო. უფროსების ნების ძალით იგი ასისთავ კიაზოზე ინიშნება. ქალიშვილს კი – თავისი ბავშვობის მეგობარი, მალხაზი უყვარს. ეს საიდუმლო სოფლის მასხარამ, ცანგალამ, საქმროს აცნობა.

მტრის შემოსევის მოგერიების ნაცვლად, ეჭვით დაავადებული კიაზო ორთაბრძოლაში იწვევს მალხაზს და საიქიოს გაისტუმრებს. ასისთავს ხალხის მრისხანე სასამართლო ელოდება.

სამივე ახალგაზრდის ბედნიერების მზე ჩაესვენა. მარო დასტირის საყვარელ ადამიანს. კაბებს და საქმროს ის ვერასოდეს ირჩევდა და ამიერიდანაც ვერ აირჩევს, რადგან მას არ შეუძლია აირჩიოს: სამშობლო, ტრადიცია და მშობლების ვერდიქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – მისი გრძნობა და სურვილები.

სემიონის, თინას და მაროს ბედი გვაფიქრებინებს, რომ ბავშვისთვის, მოხუცისათვის და ახალგაზრდისთვის ყველაზე მთავარი არჩევანის თავისუფლებაა. ჩაცმაც და გახდაც შენი პერსონალური არჩევანი უნდა იყოს. ყველა საკითხი ჯერ შენს თავთან უნდა გაარკვიო და შემდეგ – მეგობრებს, ნათესავებს და მოძღვარს დაეკითხო, რადგან შენს საქციელზე მხოლოდ შენ აგებ პასუხს.

არიან გოგონები, რომლებიც მოძღვარმაც რომ დართოს ნება, - მაინც ჩაცმულები იბანავებენ მდინარეში, რადგან ეს მათი არჩევანია და არა – სხვების. მათ უბრალოდ არ სიამოვნებთ საკუთარ სხეულზე მიმართული მზერა, არც ვინმეს სიშიშვლეზე ეშლებათ ნერვები და ამის გამო ქვებს არავის ესვრიან. სწორედ ისინი ამჩნევენ, რომ “დაისის” კაბის დაისს საქართველოში ხელს უწყობს ის, ვინც თავისი ნებით ვერასოდეს გაიხდის. ხოლო ისინი, ვინც საკუთარ სხეულს თავად განაგებს, - პატივს სცემენ თავისუფალ არჩევანს.

ლელა გაფრინდაშვილი
”ცხელი შოკოლადი” N30, 2007