სადა ხარ, ჩემო ვარინკა?!

ხელების გათბობა/დაბანა

1949 წელს გამოცემული ”დედა ენა” რომ ნახოთ და იაკობ გოგებაშვილისეულს შეადაროთ, - მაშინვე მიხვდებით, თუ რა საშინელებას აშენებდნენ ბოლშევიკები: ლენინ-სტალინ-ბერიას პორტრეტები, მათი ბავშვობის შესახებ ტყუილ-მართალი, ბელადთა სადიდებელი, ჩამტკბარი ლექსები, ოქტომბრელთა, პიონერთა, კომუნისტთა, საბჭოთა არმიელთა გმირობის ამბები.

მოთხრობაში ”ოჯახის სიხარული” მეოცე საუკუნის ტირანის დაბადებაა აღწერილი: გორელ მეჩექმეს, ბესარიონს და მის მეუღლეს, კეკეს, პირველი ორი ვაჟი დაეღუპათ და შვილის მოლოდინით ედგათ სული. ამიტომაა, რომ სანდალა თავისი მეგობრის სახელოსნოსკენ გახარებული გარბის, რათა ვაჟის დაბადება ამცნოს .

- შენს პირს შაქარი, ჩემო სანდალა, შენს პირს შაქარი! წავიდეთ, ვნახოთ ჩვენი ნუკრი და მისი დედა!- პასუხობს ბედნიერი მამა.

ამას მოსდევს პატარა სოსოს კეთილშობილებისა და გულჩვილობის ამბები. ნიშანდობლივია, რომ მას ცხოველები უყვარს, ადამიანების მიმართ მის თბილ გრძნობებზე კი ”დედა ენა” არაფერს გვეუბნება. ერთი მოთხრობა განსაკუთრებით შემზარავია: ციგაში ცხენივით შებმული ბესარიონი აღმა-დაღმა ასრიალებს შვილს. მალე მას პატარა დარიკო ენაცვლება და შებინდებამდე ანებივრებს ძმობილს. ბოლოს გუნდაობა იმართება ანუ ”ნამდვილი ომი”, როგორც ავტორი უწოდებს და იქვე დასძენს:

”სოსომ წინასწარ იცოდა გუნდების მომარაგება. ვაი მას, ვისაც დაუმიზნებდა! არასოდეს არ ააცდენდა. პირველ გუნდას მიაყოლებდა მეორეს, მესამეს... როცა თამაშობით გულს იჯერებდა, სოსო თავის ცუგას, გიშერას, ციგაში ჩასვამდა და აჭარხლებული ლოყებით შინისაკენ მირბოდა, სადაც აგუზგუზებულ ბუხარს მიუჯდებოდა ხოლმე და გაყინულ ხელებს ითბობდა”.

ხომ გენიშნათ, ტირანის სისასტიკე და ”ომის” შემდეგ ”ხელების გათბობა” ანუ ”ხელების დაბანა”?!

თანამედროვე საქართველოში სტალინისა და ”სტალინიზმის” შესახებ პოლემიკას აშკარად აკლია საბჭოთა ეპოქაში გამეფებულ სისასტიკის, დაუნდობლობის და ვერაგობის მხილება. ჩვენი, ამ წარსულის აღმოჩენის, განათებისა და დაგმობის გარეშე, გამოვა, რომ ჩვენც ხელები დავიბანეთ ყველაფერზე, რაც ბოლშევიკებმა, ჩეკისტებმა და მათმა პირსისხლიანმა მიმდევრებმა ჩაიდინეს.

ჩვენ უნდა შევძლოთ საბჭოთა ისტორიის წიგნიდან მტვრის, ხავსისა და შემხმარი სისხლის გადაწმენდა. შემდეგ კი - ამ წიგნის გადაშლა და მასში ”ადამიანის” და ადამიანების აღმოჩენა: დავიწყებულთა, იგნორირებულთა, დაჩაგრულთა და განადგურებულთა ალაპარაკება და ისტორიის ისე დაწერა, როგორც ტირანიას შეწირულნი დაწერდნენ.

სულიკო-ვარინკა

19-ე საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოში ფართოდ გაიშალა საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელსაც რუსიფიკაციის ტალღა უნდა შეეკავებინა. ამ მოძრაობის მონაწილე იყო გვიტია აგიაშვილი, რომელსაც სოფელ ჭორვილაში საშინაო სკოლა ჰქოდა გამართული. მისი მეუღლე, გენერალი სპირიდონ მაჭავარიანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1874 წელს ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი, ბარბარე/ვარინკა, შეეძინათ. ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებული მუსიკალურობის გამო, ზინაიდა ვორობეცს (ფილიმონ ქორიძის მეუღლე) მიაბარეს.



ნიჭიერ გოგონას მაჭავარიანების ოჯახის ყველა ახლობელი და სტუმარი შეჰხაროდა: ”მოსწონდათ ჩემი სიმღერა და მამხნევებდნენ. განსაკუთრებით მაგულიანებდა აკაკი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა, ჩემი სიმღერა ყველაზე უფრო ტკბილად ესაუბრებოდა. მუსიკას უფრო დაეჯერება, ვინემ სიტყვებსაო, - მეტყოდა პოეტი და მეც უფრო ხშირად მის ლექსებს ვმღეროდი” - იხსენებს ვარინკა. იგი მალე მგოსნის რძალი გახდა - ჩვიდმეტი წლისამ სერგო წერეთელზე იქორწინა. ორ წელიწადში წყვილს ვაჟი შეეძინათ, პატარა სპირიდონი, რომელსაც შინაურობაში ”გუგულის” ეძახდნენ. ერთხელ აკაკი სახლიკაცს გახუმრებია: ”შენ რა მოგკლავს, ძამია, ბულბულიც სახლში გყავს და გუგულიც”-ო.


1895 წელს , ჟურნალ ”კვალში” დაიბეჭდა აკაკის ”სულიკო” , რომელიც პოეტმა მალევე გადასცა ვარინკას და სთხოვა - რამე ჰანგი შეერჩია მისთვის.: ”საგონებელში ჩავვარდი, რა თქმა უნდა. ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალურო სახე აღძრა. მე ღრმა ინტერესით მოვკიდე ხელი გიტარას და არსებული კილოების დაუხმარებლად შევქმენი ორიგინალური მუსიკა. ამაში დიდად დამეხმარა თვით ლექსის რიტმულობა, სიმსუბუქე. დიდ პოეტს ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა ძალიან მოეწონა. იგი მთელი გრძნობით უგდებდა ყურს ”სულიკოს” სიმღერას და მის ნათელ სახეზე უსაზღვრო სიამოვნება იხატებოდა. აღფრთოვანების გამოსახატავად აკაკიმ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით: ”ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან”. აკაკის მიერ სიმღერა ”სულიკოს” ასეთი მოწონების შემდეგ ხშირად გამოვდიოდი საღამოებზე ამ სიმღერით და ამგვარად გავრცელდა იგი ხალხში”.

1898 წელს იგლისურმა ფირმამ ”ფონოგრაფი” ვარინკას მიერ შესრულებული ”სულიკო’ ცვილის ლილვალებზე ჩაწერა ვანო მაჩაბლის სახლში, ხოლო 1900 წელს - კოტე ფოცხვერაშვილმა ნოტებზე გადაიტანა მეჩონგურეთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის, რომელიც ორკესტრმა 1905 წლის აგვისტოში შეასრულა ქუთაისის საქალაქო თეატრში.

1909 წლიდან ვარინკა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეა ყვირილის (ზესტაფონი) თემში. რამდენიმე წელიწადში მან აქ სამკითხველოს გახსნაც მოახერხა და საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში, სკოლაც გამართა. ეს პატარა განათლების კერა ათამდე სოფელს ემსახურებოდა.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის წლებში, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ლაშქრობას შეეწირა ზესტაფონის თეატრი, სადაც ოხრანკა დიდი რაოდენობით იარაღს ეძებდა. ახალგაზრდა რევოლუციონერი სტალინი კი ჟანდარმებს სწორედ ვარინკას სახლის სარდაფში ემალებოდა. როგორც ჩანს, აქედან მოდის ტირანის ”სულიკოსადმი” განსაკუთრებული სიყვარული.

ვარინკამ მალევე აღადგინა გადამწვარი თეატრი, სადაც საქველმოქმედო წარმოდგენებზე იწვევდა ქუთაისის და თბილისის შემოქმედებით ჯგუფებს.

ამასობაში დედისერთა ვაჟმა საშუალო სკოლა დაამთავრა და საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, გაემგზავრა მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად. 1919 წელს, სამშობლოში მომავალს, პეტერბურგში ჭლექის უმძიმესი ფორმა შეეყარა. დაუღალავი მკურნალობისა და რუდუნების მიუხედავად, იგი მალევე გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი დედა კარგა ხნით მოწყდა გარესამყაროს: ხალიჩებაკრულ ფანჯრებში მზის სხივს არ უშვებდა და დღენიადაგ დასტიროდა დაკარგულ იმედს.

ამ წლების საქართველო, სასომიხდილი და დაბეჩავებული, ითმენდა ბოლშევიკების უსასტკეს თარეშს. 1924 წელს სწორედ ზესტაფონში, ანტისაბჭოთა აჯანყებაში მონაწილეობაში ბრალდებული იმერლები რამოდენიმე ვაგონში შეყარეს და მსხვილკალიბრიანი იარაღი დაუშინეს. ჯალათები ისროდნენ მანამ, სანამ სასაკლაო სისხლისგან არ დაიცალა.

20-იან წლებს ვინც გადაურჩა, მათ წინ 30-იანები ელოდა. ეს არის სტალინ-ბერიას ჯოჯოხეთური ერთობისა და ამიტომ მათი ერთადხსენების პერიოდი, როგორც ალიო მირცხულავას ამ ლექსშია:

”ჩემო სამშობლო, დღეს შენი ერი
განახლებული ქართლის ერია,
ასე ხმიერად და ბედნიერად
შენ არასოდეს არ გიმღერია.
ალისფერია შენი მიდამო,
ეგ შენი დროშაც ალისფერია,
შენი სიცოცხლე არის სტალინი,
შენი მარჯვენა არის ბერია!”

1934 წელს მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო ფილმი ”უკანასკნელი მასკარადი”, რომლის საოცარი წარმატება განაპირობა გონებამახვილურმა სიუჟეტმა - როგორ ენაცვლება ერთმანეთს საქართველოში თვითმპყრობელობის, პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ეპოქები და როგორ იბადება ახალი დროება. თუმცა, დღემდე არავინ იცის, რომ იმავე წელს რეჟისორს დრამატურგი ქალმა, ნატალია აზიანმა უჩივლა - ფილმის ლიბრეტო მე მეკუთვნის და ჩემი სახელი ვერსად ამოვიკითხეო.

ფილმის წარმატების მეორე, უმიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ის, რომ მასში სიმღერა ”სულიკო” გაისმა და რაც ყველაზე საინტერესოა, - სწორედ რეჟისორის შესრულებით. ადვილი მისახვედრია, თუ ვის უღერის ჭიაურელი, ვის ვნებებს ელაციცება?! ამისათვის კი სხვის ნაშრომს უშურველად ეწაფება და მის საკუთრებად აქცევს - თავად ხდება აქტიორიც და ავტორიც.

1937 წელის იანვარში, მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე, ქართველებმა ”სულიკოც” ჩაიტანეს. მას ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლი ასრულებდა, როგორც ხალხურ სიმღერას. ამ დღიდან მთელმა ქვეყანამ გაიგო სტალინის, ამ სიმღერისადმი, განსაკუთრებული სიყვარული და ამიტომაც მთელი საბჭოეთის შემოქმედებითი ჯგუფები ერთმანეთს ასწრებდნენ მის შესრულებას, გადამღერებას თუ გადამუშავებას.

დეკადაზე ვარინკა წერეთელი, ცხადია, არავის უხსენებია. მისი ნათესავი, პაპუნა წერეთელი, რომელიც მოსკოვში რუსთაველის თეატრს ახლდა, სამშობლოში გულდამძიმებული დაბრუნდა: ”სულიკოს” არნახული წარმატება და ვარინკას უნუგეშო მდგომარეობა ერთმანეთთან ვერ თავსდებოდა.

მიხვდა ვარინკა, რომ მას ყოველთვის დაივიწყებდნენ, თუ თავად არ გაიხსენებდა საკუთარ არსებობას, ამიტომაც დაიწყო ”ბრძოლა გახსენებისთვის”: ჩამოვიდა თბილისში და შესაბამის სამინისტროს მიმართა:

”საქართველოს სსრ. სახკომსაბჭოსთან არსებულ
ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსს
ზესტაფონის რაიონის, სოფელ ცხრაწყაროს
26 კომუნარების სახელობის კოლმეურნეობის წევრის
ვარინკა წერეთლის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სიმღერა ”სულიკო”, რომელიც ამჟამად გავრცელებულია მთელს საბჭოთა კავშირში, მისი სიტყვების ავტორის, აკაკი წერეთლის თხოვნით 1895 წელში ჩემ მიერ არის გამოთქმული და გიტარაზე დასამღერებლად აწყობილი. ამ სიმღერას აღნიშნულ წლიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ მე ვასრულებდი და სწორედ ამ გზით გავრცელდა იგი მთელს საქართველოში. ყოველივე ამის დასადასტურებლად მე შემიძლია წარმოვადგინო როგორც წერილობითი საბუთები, აგრეთვე სანდო მოწმეებიც, რომელთა ჩვენებით გამოირკვევა ჩემი განცხადების სრული სისწორე. ასეთ მოწმეებად ჩემის მხრით მე ვასახელებ: საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს წევრს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, ორდენოსანს აკაკი ხორავას და საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტს, კომპოზიტორს, ორდენოსანს კოტე ფოცხვერაშვილს.

გთხოვთ, მოაწყოთ თქვენი თანდასწრებით ჩემი საბუთების განხილვა, ჩემს მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა და მომცეთ თქვენმიერი საბუთი სიმღერა ”სულიკოს” კილოზე ჩემი ავტორობის დამტკიცების შესახებ”.

საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის, 1938 წლის 5 ოქტომბრის სხდომამ ( თავმჯდომარე ვანო გოკიელი, ესწრებოდნენ: კოტე ფოცხვერაშვილი, შალვა დადიანი, ავქსენტი მეგრელიძე და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ორდენოსანი სანდრო კავსაძე) დადაგინა, რომ სიმღერა ”სულიკოს” ავტორი ვარინკა წერეთელია.

მაგრამ ავქსენტი მეგრელიძეს არ სურს, რომ შემოსავალი ავტორს გაუყოს და თანაავტორობას იჩემებს. ამიტომ ვარინკა იძულებულია საკითხს უფრო მეტი გარკვეულობა შესძინოს და 1939 წლის 3 იანვარს, იუსტიციის კომისარს მიმართავს:

”მას შემდეგ, რაც სრულიად გამოირკვა და დადასტურდა, რომ სიმღერა ”სულიკო” მე მეკუთვნის, ამ ნაწარმოებზე შემოსული საავტორო ჰონორარი მე უნდა მეძლეოდეს უკლებლივ.

მაგრამ ეს ასე არ ხდება, რადგან ”საუდი” (ჰონორარის დამრიგებელი ორგანიზაცია) გადაჭრით ვერ ერკვევა იმ ერთადერთი პიროვნების პრეტენზიაში, რომელიც მე ამ შემთხვევაში ჰონორარის ნაწილში მედავება. ეს არის მოქალაქე ავქსენტი მეგრელიძე, რომელიც თავის პრეტენზიას ამყარებს არა კანონიერ საფუძველზე, რომ მას ჩემთან შეთანხმებით არსებითად გადაემუშავებინოს და ახალი , განსხვავებული ფორმა-შინაარსი მიეცეს ჩემი კილოსთვის, არამედ მხოლოდ მასზე, რომ იგი მას არა ჩემგან, არამედ მრავალ უკვე ჩამწერთა შემდეგ , მხოლოდ უბრალოდ ჩაუწერია და ეს ჩანაწერი ჩონგურზე დაუმღერებია.

ასეთი ოპერაციის ჩამტარებელს, ამ შემთხვევაში კი ავქსენტი მეგრელიძეს, ჩემის ცნობით კანონი არ უნდა ანიჭებდეს თანაავტორობის უფლებას.
თუ ვინმე ჩემს ”სულიკოს” გადაამუშავებს და ახალ განსხვავებულ ფორმა-შინაარსს მისცემს, - ეს სხვა საკითხია. ავქსენტი მეგრელიძეს კი გამოქვეყნებული აქვს ჩემი დანამღერის პირდაპირი განმეორება. გთხოვთ წერილობითი განმარტება მომცეთ ამის შესახებ. ამასთანავე დავსძენ ”სულიკოს” შესახებ რამოდენიმე საბუთს. (დაურთო ლევან ასათიანის, კოტე ფოცხვერაშვილის, სანდრო კავსაძის წერილები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ ვარინკას ავტორობას, ასევე კომპოზიტორთა კავშირის 1938 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებას).

1939 წლის 7 აპრილს, ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლეო ესაკია ., ”საუდს” უგზავნის წერილს:

”ხელოვნების საქმეთა სამმართველო გაცნობებთ, რომ სიმღერა ”სულიკო”-ს ავტორობის საკითხის გარკვევის შემდეგათ, თანახმად წარმოდგენილი ფაქტიური მასალებისა, დადასტურდა, რომ აღნიშნული სიმღერის ავტორათ უნდა ჩაითვალოს ვარინკა წერეთელი. ჰონორაროს 75%-ი უნდა მიეცეცს ვარინკა წერეთელს და 25% ავქსენტი მეგრელიძეს, ვინაიდან უკანასკნელს ეკუთვნის სიმღერის ჩონგურზე დამურავება და პოპულარიზაცია”.

ვარინკას ავტორობა სულ მალე მოსკოვშიც გაიგეს. 1939 წელს თბილისში ლენინგრადის კაპელა ჩამოვიდა, ალექსანდრე სვეშნიკოვის ხელმძღვანელობით. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გამართული კონცერტის ბოლოს მათ ”სულიკოც” შეასრულეს და მისი ავტორი სცენაზე აიყვანეს. ასეთი ყურადღებით გაკვირვებული ვარინკა, აღტაცებას ვერ მალავდა. შინ მიმავალმა, როცა მას ტრამვაიში ადგილი დაუთმეს, ნათესავს უჩურჩულა : ”ეტყობა მიცნო ამ ახლგაზრდამ”-ო.

1940 წლიდად ქართულ კულტურას ხალხური და ქალაქური სიმღერის განუმეორებელი შემსრულებლები შეემატნენ, - დები იშხნელები. მათი დედა , ვასასი ლოლაძე, ვარინკას მეგობარი და საუკეთესო მომღერალი იყო. იშხნელების რეპერტუარში ”სულიკოს” გარდა შედიოდა ვარინკას მეორე არანაკლებ პოპულარული ”მუხამბაზი”. სამწუხაროდ, დღეს უკვე ძალიან რთულია მის მიერ შექმნილი სხვა მელოდიების დადგენა, რადგან აღარავინაა ისეთი, ვისაც ამ საკითხზე დაელაპარაკები.

ვარინკა წერეთელი 1948 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ცხრაწყაროში, მისი ვაჟის გვერდით.

სიმღერა ”სულიკო” -ს უამრავ, სანოტო გამოცემათაგან, მუსიკის ავტორს მხოლოდ 1939 წლის გამოცემა აღნიშნავს. ესეც იმიტომ, რომ ეს საკითხი ახალი გარკვეულია. სხვა ყველა გამოცემას აწერია: ”ტექსტი აკაკი წერეთლისა, მუსიკა - ხალხური” . მათ შორის არის 1954 წელს, ვანო გოკიელის მიერ , გუნდისა და ფორტეპიანოსთვის გამოცემული ნოტები. აქ უცნაური ის არის, რომ სწორედ ეს ადამიანი თავმჯდომარეობდა სხდომას, რომელმაც ვარინკას ავტორობა დაადგინა.

დავიწყების ამ მისტიკას ეძღვნება ლია ჯაყელის ფილმი ”სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”. რეჟისორი დეტალურად მოგვითხრობს ”სულიკოს” ისტორიას და დემონსტრაციულად აღადგენს სამართლიანობას - ტიტრებში ხაზგასმულად აჩვენებს წარწერას: ”კომპოზიტორი ვარინკა წერეთელი” , - ამბობს სიმართლეს, რომელიც აქამდე ვერავის დასცდა.

1981 წლიდან , მამუკა ასლანიკაშვილის ინიციატივით, ვარინკას მშობლიურ ცხრაწყაროში ”ვარინკობა” აღინიშნება: იმართება კონკურსი ხალხური და ქალაქური სიმღერის საუკეთესო შემსრულებელთა გამოსავლენად.

წელს პირველად მოვხვდი ამ ზეიმზე. მოწვეული სტუმრები, ორგანიზატორები, შემსრულებლები, მსმენელები ერთნაირად კმაყოფილები დარჩნენ, რადგან ბევრი კარგი სიმღერა მოისმინეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს . ვარინკაც მრავალჯერ მოიხსენიეს, მისდამი უდიდესი სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით, მაგრამ სულიკო-ვარინკას საფლავი, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე დაეძებს, არავის გახსენებია. არადა, იგი საკონკურსო ეზოდან სულ რაღაც 40-50 მეტრში მდებარეობს.

გავბრაზდი! მარტო წავედი ვარინკას საფლავზე და მისი ”სულიკო” მოვასმენინე - მობილურზე მაქვს ჩაწერილი, დები იშხნელების შესრულებით.
კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამ განმანათლებელი ქალის ტრაგიკულ ბედზე. თითქოს სწორედ მასზეა დაწერილი აკაკის ”სულიკო”, 12 კუპლეტიანი ლექსი: საყვარლის საფლავის საძებნელად მოხეტიალე მგოსანი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სატრფოს სული ვარდის, ვარსკვლავების და ბულბულის მშვენიერებას შენივთებია და გახარებული ამბობს:

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითადა,
რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარეთ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი სადა ხარ,
სამგან გაქვს ბინა სულიკო!”


ლელა გაფრინდაშვილი
დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”
ნოემბერი, 2009 N54


ინტელექტუალები და ინწელექტუალები

”ჰომოსოციალური ლოგოცენტრიზმი” - ამ ტერმინით ავტორიტარული საზოგადოების ავადმყოფობა აღინიშნება - როცა სახელმწიფოს მართვაში მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფი მონაწილეობს და მხოლოდ ის ”ლაპარაკობს”, ხოლო დანარჩენები სოციალურ-პოლიტიკური პროცესიდან გამორიცხულნი არიან და მხოლოდ ”მსმენელებს” შეადგენენ. მათი მიზანსწრაფვა, შესაძლებლობები და პოზიციები ან იგნორირებულია ან - მარგინალიზებული.

”მოლაპარაკენი” ტყავიდან ძვრებიან, რათა თავიანთი ადგილის სამართლიანობა დაამტკიცონ. ამისათვის ათასნაირ არგუმენტებს იგონებენ: ”ჩვენ უზენაესის ხელდასმულები ვართ, მისი სიბრძნის და სიქველის ამქვეყნიური ხორცშესხმა გვაკისრია” ან ” ჩვენ საზოგადოების ელიტა ვართ, ყველაზე ზუსტად, სწორად და სამართლიანად ვჭვრეტთ ქვეყნის მომავალს”.

სრულყოფილი დემიკრატია კი - ვერ იტანს სოციალური ჯგუფების პრივილეგიებს, მოქმედ პირთა უსამართლო სელექციას, სოციალურად ძლიერთათვის და სოციალურად სუსტებისთვის თვითგამოხატვის და ღირსეული ცხოვრების თანასწორი გარანტიების არარსებობას. სწორედ აქ იწყება პრივილეგიებს მიჩვეულთა და ხანგრძლივი დუმილის მდგომარეობიდან გამოსულთა ორთაბრძოლა, ახალი/განსხვავებული/რეპრესირებული სინამდვილის აღიარების ტკივილები.

გადავხედოთ ქართულ სინამდვილეს : ”მოლაპარაკეთა” სიმრავლის მიუხედავად , მათი სწრაფვა - იყვნენ მოსმენილები და გაგებულები, ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება.

სოციალური პოლიფონიის მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია და ამ საქმეში განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალთა ამბიციას - შეცვალონ ძველი სურათი და შექმნან ძალაუფლების, გავლენის მოხდენის ახალი, დემოკრატიული კულტურა. ამ სამუშაოს შესრულება მხოლოდ ”სხვების” მოსმენით, ”განსხვავებულის” მიმართ ემპათიითაა შესაძლებელი, რასაც ქართველ ინტელექტუალებს ნამდვილად ვერ დააბრალებ. მათი უმრავლესობა ინარჩუნებს კაბინეტურ, ელიტური მჭვრეტელის პოზას და სოციალური სინამდვილის წიაღისგან დისტანციას. ეს კი უფრო საბჭოთა ტრადიციის ერთგულებაა, ვოდრე - ქართული, ახლო წარსულის მოღვაწეთა დანატოვარის გაგრძელება.
თავად დააკვირდით და შეაფასეთ!

ჰარემის ქალი და სულთნის მევირე

19-ე საუკუნის მეორე ნახევრის პუბლიცისტიკა სავსეა პოლემიკებით, სადაც გაჩუმებული, დაშინებული და დავიწყებული ხალხი ლაპარაკის უნარს იბრუნებს. ამ პროცესის ინიციატორები სწორედ ინტელექტუალები არიან. მიზნის მისაღწევად, პირველი, რასაც ისინი აკეთებდნენ - “ხალხში შერევა” და ყოველდღიური ყოფის მიყურადება იყო. ამ საქმეს ემსახურებოდა მთელი 19-ე საუკუნის მოწინავე მედია: გიორგი წერეთლის , ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, სერგეი მესხის და სხვათა თაოსნობით გამოცემული ჟურნალები _ “საქართველოს მოამბე”, “კრებული”, “ივერია”, “დროება” , სადაც ჟურნალისტებიც და ანალიტიკოსებიც თვითონვე იყვნენ.

საზოგადო მოღვაწეთა პუბლიკაციების და საჯარო გამოსვლების უმეტესობა სწორედ ხალხის წიაღიდან მიღებული ინფორმაციით იყო სავსე და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაზე იყო ორიენტირებული. ქართულ სინამდვილესთან, საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებულ სტატიებში უმეტესად სწორედ ხალხის აზრს ციტირებდნენ და არა – მათი მეგობრების/კლასის ან უცხოელი მკვლევარების შეხედულებებს. მეტიც, დასცინოდნენ კიდეც იმათ, ვინც მისი ნააზრევის წონის და დამაჯერებლობის მისაღწევად, მხოლოდ “პარიჟის აკადემიის წევრთა” ან დასავლელი ორიენტალისტების მიერ კავკასიაში/საქართველოში მოგზაურობის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს ეყრდნობოდა და ქართველ მკვლევართა შეხედულებებით არც ინტერესდებოდა:

“მე თვალით ნახულს და ჩვენებურს ზოგიერთს მივიწყებულ მწერალთა თხზულებებს უფრო პატივს ვცემ, ვიდრე - პარიჟის ორიენტალისტებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნისა და ენის არა იციან რა, მაგრამ მაინც ყველანი იმათი თხზულებების შემწეობით იძიებენ ჩვენს წარსულს ცხოვრებას, რადგან პარიჟის აკადემიის წევრები არიან და სახელი აქვთ გავარდნილი, როგორც ჩვენს ზოგ მეცნიერს ციცერონისგან ნათხოვარი აზრის ნაგლეჯებით. სწორედ მოგახსენოთ, მე არც ამისთანა მეცნიერთა საკითხავად ვწერ, რადგან წინათვე ვიცი, რომ ისინი ჩემს ნაჩხაბნს არ წაიკითხავენ, როგორც მე – იმათსას. ამ შემთხვევაში, მე უფრო მდაბიური მკითხველისა მეშინია – ვაი, თუ გამიწყრეს, ხელი რათ მოვკიდე ამისთანა საგანს, რომელზეც ბევრი ცნობა არ იპოვება და რომლის სიმძიმემ ვაი თუ ისე დაღალოს იგი, რომ პირველ ფურცელზევე ხვრინი გაამართვინოს. მე უფრო ამის რიდი მაქვს და ეს მაწუხებს და არა – ზემოთხსენებულ მეცნიერთა წყენა. ვისაც ძილი ეკიდება, იმას მე ვერ გავაფხიზლებ. მთავარია - ვინც ფხიზელია, იმას ძილი არ მოვკიდო...” (გიორგი წერეთელი).

იგივე ავტორი, უკვე საჯარო მოხელე, ახალგაზრდობის გაუნათლებლობის პრობლემაზე სტატიას ამზადებს, რისთვისაც ერთ გონიერ მოხუცს ეკამათება და მისგან დაუფარავ კრიტიკასაც ისმენს:

“ეგ ჯამაგირი შენი სწავლის ფასი კი არ არის, არამედ შენი მოწმობის ფასია. რაც გეძლევა, შენი ცოდნა იმის მეასიასადესიც არ ღირს. შენ გაქვს იერუსალიმის ბაშპორტი და იმის გამო სამოწყალოს გაძლევენ. აბა, ერთი წელიწადი მოგიკვეთონ თანამდებობის პური, - თუ შიმშილით არ მოჰკვდე?! როგორც კაცს რა შეგიძლია, რა მოხერხება გაქვს ქაღალდის წერის მეტი? შენ ხარ მონა შენი თანამდებობის, რომელიც გაჭმევს და თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მაშინ უბრალო მეურმეც შენზე წინ იქნება ათი ნაბიჯით. შენი ცოდნა არ არის ისეთი თავნი, კაპიტალი, რომ ცხოვრებაში თავისუფალი კაცი იყო”.

მოკამათის პირდაპირობამ და დამცინავმა მანერამ სიბრაზით აავსო წარმატებული მოხელე. ამიტომ დაბეჯითებით განუმარტა სკეპტიკოსს, რომ სამსახურით ძალიანაც კმაყოფილია: “ჩემისთანა ცხოვრება უწინ მეფეებსაც არ ჰქონდათ”-ო.

მოხუცი ამაზე კიდევ უფრო გაცხარდა: “ უკაცრავათ არ ვიყო, ეგ თქვენი კმაყოფილება მომაგონებს სულთნის ჰარემის ლამაზ ქალსა, რომლისთვისაც ბუნებას ერთი რაღაც პაწია საქონელი მიუცია და თურმე სულთანი ისე აფასებს იმ საქონელს, რომ ქალი სულ თვალსა და მარგალიტშია ჩაფლული. მაგრამ ამბობენ, რომ სულთნის მევირეს რომ არჩევინო თავის მდგომარეობის გაცვლა იმ ქალის მდგომარეობაზედ, - უწინ თავს დაიხრჩობს, ვიდრე – გასცვლისო...”

წამოვიდა დაღონებული, ფიქრის, გამოსავლის ძიებისთვის პროვოცირებული გიორგი წერეთელი. უკვე განსწავლულმა, ხალხის ხმას ნაზიარევმა, რეალური სურათი დაინახა:
საეჭვო ზნეობის რუს მოხელეთა გარყვნილება, ქართველობის უმრავლესობის აფიცრებად და კანცელარიის ჩინოვნიკობად ქცევა, თავად-აზნაურთა პრიკაზში ჩაბარებული ქონება, რუსეთში ჩაკარგულ-გარდაცვლილი ახალგაზრდობა ან იქედან დაბრუნებული, მათი გადაგვარებული ნაწილი და ხელმოცარული, დაბნეული და სასოდაკარგული მშრომელი ხალხი.

რუსეთიდან გამოგზავნილ, ხშირად უმეცარ, მოხელეებს დიდი ჯამაგირი ჰქონდათ და განცხრომაში ცხოვრობდნენ. გაჩნდა საზოგადოება, გაუნათლებელი და მდიდარი. ამის შემხედვარე ჩვენებურებმაც იგივე მოინდომეს – კოხტა მხედრული მუნდირი, მშვენიერი სახლის მორთულობა, ევროპულ წესზე მოწყობილი ბალ-ვეჩერები, ევროპული ფარჩა-ტანისამოსი და მებელი, ევროპული სტოლი და მასზე მშვენიერი მუზიკა. ყველაფერი ამის მისაღწევად, დაიწყეს შვილების კორპუსებში გაგზავნა, საიდანაც მათი უმრავლესობა ხელმოცარული და გადაგვარებული ბრუნდებოდა.

ავტორი ხედავს, რომ საზოგადოება შიგნიდან უნდა გაჯანსაღდეს და არა – გარედან (მით უფრო საკმაოდ ჩამორჩენილი რუსეთიდან) შემოსული რეფორმებით.

რეალობის ასეთი მიუკერძოებელი აღწერა-ანალიზის შემდეგ, გიორგი წერეთელმა გამოსავლის ძებნა დაიწყო: “მაშ რა გვეშველება, რა გვეჭირვება?

- გვეჭირვება ისეთი ცოდნის წყარო, რომ იმან ჩვენს ახლგაზრდობას თვალი აუხილოს, ეს დრო კარგად გააცნოს და იმდენათ გაავარჯიშოს მისი გონება, რომ ყოველს ახალს დროს შეეთვისოს. ასეთი რამ უნდა მოახდინოს ჩვენში უმაღლესმა სასწავლებლებმა (ინჟინრების აკადემია, ტეხნოლოგიური ინსტიტუტი ან სამეურნეო/ოჯახობის მასწავლებელი აკადემია) , რომელთაგან გამოირჩევა უნივერსიტეტი – აქ გაზრდილ ყმაწვილს ყოველ საქმეზე მიუწვდება გონება და ცხოვრების მოთხოვნათა გაგებაში განსაკუთრებით გონებამახვილია. იგი ზრდის მოხერხებულს, მშრომელს და ახალ მოთხოვნილების ნათლათ მჭვრეტელ თაობას, ამრავლებს მეცნიერებაში და ბევრსნაირ ხელობაში განვითარებულ კაცებს, სპეციალისტებს...”

ასე მივიდა 19-ე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა ნაწილი საგანმანათლებლო მოძრაობისა და საუნივერსიტეტო განათლების იდეამდე, რომელსაც იმპერია ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა, როგორც მისი ასიმილაციური და დამპყრობლური ზრახვების დასასრულის დასაწყისს.

ქალბატონი დემიკრატია

ქართველი დრამატურგი ნატალია აზიანი აკვირდება 1905 -1919 წლებში ხელისუფალთა მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღმოაჩენს, რომ მათი მცდელობები ადამიანების ცხოვრებას უფრო ამძიმებს, ვიდრე - აუმჯობესებს. თუმცა, ყველა მათგანი ”დემოკრატიის” სახელით ლაპარაკობს. არადა, ვერ დაუჯერებია დემოკრატიის ასეთი ვერაგობა, სისასტიკე და სიბრმავე, ამიტომაც მასთან სტუმრობას გადაწყვეტს:

”მეც ავდექ და გადავწყვიტე: წავალ, პირდაპირ ვენახვები ქალბატონ დემოკრატიას და ვკითხავ – დაო, ისეთი რა დამიშავებია შენთვის, რომ ასე მიმწარებ დღეებს და ასეთ გაჭირვებას მაყენებ-მეთქი?! ისე დილა არ გათენდება, რომ შენმა მრისხანე ბრძანებებმა ფანჯარას არ დააბრახუნონ და გული არ გადმომიბრუნონ. შენი სახელით სოფლიდან ბრაგანი მიკრეს, თბილისში სახლი ჩამომართვეს, ნაქირავებ ოთახებში ვიღაც ხეპრე, ხამი კომისარი ჩამისახლეს , გაზეთი, სადაც დარდიან გულს ვიოხებდი-ხოლმე, დამიხურეს. ახლა ესეც არ მაკმარეს და ამ ცივ ზამთარში შეშის საჭრელად ტყეში მგზავნიან, თუმცა იცის ღმერთმა, ჩემს გაჩენაში ცული არ ამიღია ხელში და უგუნურობის ტყეს მხოლოდ კალმითა ვჩეხდი მეთქი!.....”

ბევრი ძებნის შემდეგ, ნატალია ბნელ და გამოყინულ მიწურს მიადგა, სადაც ქალბატონი დემოკრატია საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს და არა - ნეტარებასა და განცხრომაში.

” - რათ დგეხარ შენ ამ ნესტიან, ბნელ სარდაფში, როცა იქ , ქალაქის საუკეთესო ნაწილში , შენი კანონიერი, ჯვარდაწერილი პატრონები, კომისარ-მინისტრები რვა-რვა ოთახში არიან გამოჭიმულნი?! გაიხედე, შენი თვალით მაინც დაათვალიერე, რა ზეიმით დაბრძანდებიან სამსახურში ავტომობილ-ეკიპაჟებით და ბრუნდებიან იქიდან სამ-ოთხ საათზე...

- მაშ არ იცოდი, რომ მეორე ქმარიც მღალატობს? მზითვის გულისთვის ჯვარი დაიწერა ჩემზე და ახლოს აღარ გამკარებია... ეგეც ბურჟუაზიას ეარშიყება...

- მაშ, რაც მე ჩამომართვეს, რაც მე დამაკლეს , შენთან არ მოუტანიათ, შენ კი არ გაგინაწილეს?!

- შენ არ მომოკვდე, რომ თვალითაც არ მინახავს!.... ეგ არაფერი, უბედურება ის არის, რომ მესამეთ მიპირებენ გათხოვებას. რა ვიცი , ვიღაც ბოლშევიკი გამოჩენილა, ეხლა ის მეარშიყება, დიდ ბედნიერებას მპირდება, მაგრამ რა ვქნა, როგორ გავბედო?...

- აღარ გათხოვდე, შე უბედურო, იკმარე მაგდენი ქმრები! – შევბედე მე სიბრალულით და ნაღვლიანი დავბრუნდი სახლში. ”

მიხვდა ნატალია, რომ მეფის რუსეთის მოხელეებს, სოციალ-დემოკრატებს და ბოლშევიკებს ”დემოკრატია” მხოლოდ ”მზითევისთვის” უნდოდათ და ერთნაირი მონდომებით ღალატობდნენ მას.


ინწელექტუალები

თანამედროვე საქართველოში კი ინტელექტუალების დიდი ნაწილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საბჭოთა “ინწილიგენციისთვის” დამახასიათებელი, მედიდური მანერით დასცქერის. კაბინეტების სიგრილე-სიმხურვალეში ჩაკეტილები, ვიწრო ჭუჭრუტანიდან (ტელევიზორი, ინტერნეტი) აკვირდებიან სამოქალაქო პროტესტს. მათი უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ დემოკრატიის პირობებში საზოგადოებაზე წერა საზოგადოების ცოდნას და შიგნიდან დანახვას ნიშნავს.

სინამდვილეზე რომ კომპეტენტური აზრი გქონდეს, ამ სინამდვილეს უნდა ”შეერიო” და განიცადო იგი: შენს დასავლურ ან საბჭოურ ცოდნას კი არ უნდა მოარგო რეალობა, არამედ რეალობის შეცნობამ უნდა მოგცეს ცოდნა და ანალიზისთვის საჭირო მასალა. მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან ეშინიათ რეალობის, ხალხის, რომელსაც “სუნი ასდის”.
ამ ადამიანებში არიან ისეთებიც, ვისაც საბჭოთა პარტბილეთი 9 აპრილის ტრაგედიამაც ვერ გააგდებინა ხელიდან და ვინც საკუთარი უპირატესობით გაბრუებული, გაავებული დასცინოდა გამსახურდიას მიმდევრებს და არასოდეს გაუპროტესტებია ის ძალადობა/მკვლელობები, რომელიც ჯერ “მხედრიონმა”, ხოლო შემდეგ - შევარდნაძის გოშიებმა ჩაიდინეს “ზვიადისტების” მიმართ. რაც ყველაზე ამაზრზენია, - ხელისუფლებაში მოკალათებული, ყოფილი რეპრესირებულები, თავიანთი წარსულიდან დისტანცირდნენ და ახლა თავად იქცნენ ძალადობის აპოლოგეტებად და წამქეზებლებად.

ამიტომაც არ მიკვირს, როცა ძველი და ახალი “მოაზროვნე გვარდია” არაფერს ამბობს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებზე. არ მიკვირს ინწელექტუალების დამცინავი ქირქილი რუსთაველზე გამოსული პროტესტანტების მიმართ: - არ გეგონოთო, რომ ამ პროტესტს “საკანი” ჰქვია! ეს “გალიაა”, სადაც ისეთი არსებები ბინადრობენ, რომლებიც საკვებს სწორედ იქ ინელებენ, სადაც - ჭამენ. ეს ცინიკური ინტონაცია ბუნებრივად მაბრუნებს იმ ფაქტებთან, რომლებიც ჯერ კიდევ გვახსოვს: აფხაზების “აფსუებად” და კოკოითის “ფანდარასტად” მოხსენიება, ბადრი პატარკაციშვილის სახელზე პამპულაობა და დამცინავი ღიმილით წარმოთქმული “არკადი” , აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მისული, ეროსი კიწმარიშვილისთვის იმის შეხსენება, რომ მას “ერასტი” ჰქვია. იოლი მისახვედრია, თუ რა მცირე მანძილია პიროვნების ღირსების შელახვიდან - მასზე განხორციელებული ძალადობის დაშვება-განხორციელებამდე.

იგივე “ზემოდან მზერით” არის ნაკარნახები, ინწელექტუალთა მიერ, ოპოზიციონერთა და მათ მხარდამჭერთა გამოსვლებიდან მხოლოდ კომიკური და ქსენოფობიური “მარგალიტების” ამოკრება. ეს “სამართლიანი” აღშფოთება უფრო გაუგებარი ხდება, როცა იცი, რომ ამ განსწავლულთაგან არავის გაუპროტესტებია სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობა” და ვანო მერაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა: “ თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც რომ არ მოეკლა კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (2005 წლის 10 ნოემბერი).

ადამიანი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელის მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობისა და მკვლელობისკენ მოწოდებას (რაც წარმოთქმის მომენტიდან უკვე ამ ყველაფრის რეალიზებას ნიშნავს!) არ აპროტესტებს და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გრამატიკის, ლიტერატურის, ისტორიის და ადამიანის უფლებების საკითხების უცოდინარობა აღიზიანებს, ღირსეულ მოქალაქედ და ინტელექტუალად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ინწელექტუალი იქნება მანამ, სანამ თავად არ მობეზრდება.

მიშელ ფუკოს ეს აზრი სწორედ იმათ მინდა შევახსენო, ვინც ძალა/ხელის/უფლების აპოლოგეტად და წამქეზებლად იქცა, ხოლო ფრანგი მოაზროვნის გამონათქვამებს მხოლოდ სტატიებისა და საჯარო გამოსვლების “სამკაულად” იყენებს:“ინტელექტუალმა უკვე აღარ უნდა ითამაშოს მრჩეველის როლი, აღარ უნდა ადგენდეს გეგმებს იმათთვის, ვინც იბრძვის ან თავს იცავს, არ უნდა იგონებდეს მათთვის ტაქტიკას და არ უნდა უსახავდეს მიზნებს.ინტელექტუალს ანალიზის ინსტრუმენტების შეთავაზება შეუძლია...სინამდვილეში, ლაპარაკია იმაზე, რომ გაგვაჩნდეს თანამედროვეობის აღქმის მყარი, ხანგრძლივი უნარი, რომლის საშუალებითაც შევამჩნევთ, თუ სად გადის რღვევის ხაზები, სადაა ძლიერი წერტილები, რომელსაც ძალაუფლება მიეჯაჭვა და დამკვიდრდა. სხვა სიტყვებით, - საჭიროა ბრძოლის ველის ტოპოგრაფიული და გეოლოგიური სურათის გადაღება.... აი, ინტელექტუალის როლი...”

ცხადია, რომ ასეთი სამუშაოს შესრულების უნარს ძალა/ხელის/უფლებისადმი ვნება არა მარტო აჩლუნგებს, არამედ - სპობს. შეუძლებელია ასეთი მიუკერძოებელი ანალიზი იმ ადამიანებმა გააკეთონ, ვინც თავის შეხედულებებს “ზემოდან” წამოსულ ინსტრუქციებს ან კონიუნქტურას არგებს.

ლელა გაფრინდაშვილი

დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”
დეკემბერი, 2009 N54

ფრ/ლ/უსტრაცია

ნაცნობი უცნობნი

თვითდაკვირვებამ მაჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტკური სიტუაცია რაც უფრო იძაბება, - მით უფრო ვიძირები მრავალწლიანი კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალებში. თითქოს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი სწორედ აქ უნდა აღმოვაჩინო. მათ შორის ბევრი ისეთი ტექსტი და ფაქტია, რომელიც სააშკარაოზე არავის გამოუტანია და მივიწყების მტვერი ადევს.

ზოგიერთი მასალის გაცნობისას კი ვერაფრით ვხვდები – როგორ გახდა შესაძლებელი ფაქტებისა და ხდომილებების ასეთი აღვირახსნილი გაყალბება? როგორ მიეცა უსამართლო დავიწყების მორევს ქვეყვის სვე-ბედზე მზრუვნელი უამრავი ღირსეული ადამინი? და რა უდევს საფუძვლად ამ დავიწყება-დამახსოვრებას?

არ მიყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, არავის ვეტყვი – ჩემი ხედვა და ანალიზი ერთადერთი და სწორუპოვარია-მეთქი. მე მხოლოდ ჭკუა-გონების პროვოცირებას ვესწრაფვი: როცა წაკითხული და ნანახი იმდენად შეგძრავს, რომ ველური გზნებით ანთებული, მანამდე ვერ მოისვენებ, სანამ კითხვების დასმას და შენეული პასუხის გაცემას არ დაიწყებ.

წუხელ ალექსანდრე გრიბოედოვის მეგობრის, პეტრე კარატიგინის მოგონებებს ვკითხულობდი. ძალიან მენიშნა, რომ 1831 წელს მას საქართველოში თავისი პიესა “ნაცნობი უცნობნი” დაუდგამს. მთავარი გმირი, სარკაზმოვი, ფარისეველთა გასაგონად ასეთ ფრაზას ამბობს: “პირადი მტრები მირჩევნია ორპირ მეგობრებს”.

მოკლედ, ჩვენს ახლო და უახლოეს წარსულში ბევრი, ჩვენთვის უცნობი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფურცელია. ამიტომ აუცილებლად დასაწყებია მათი რეანიმაცია-რეპრეზენტაცია. ეს სამუშაო არა მხოლოდ შემეცნებითი ან კვლევითი მიზანსწაფვის დასაკმაყოფილებლად გვჭირდება, არამედ “აწმყოში” ყოფნისა და “მომავალში” გადასვლისთვისაც.

გვაჩვენეთ სტალინი!

2007 წლის თებერვლის დასაწყისში, “რუსთავი 2”-მა სტალინის შესახებ რუსეთში გადაღებული სერიალის ჩვენება დაიწყო. სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტში ავტორმა, დავით ნიკურაძემ, საზეიმოდ გვამცნო: “მინდა განვაცხადო, რომ დასავლურმა კამპანიამ დიდად შეუწყო ხელი სტალინის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ეს გასაკვირი არც არის – დასავლეთი ხომ მას ყველა ბოროტების სათავედ თვლიდა”. ხოლო არხის გენერალური დირექტორი, კობა დავარაშვილი, ბესარიონოვიჩზე ჩვენი მცდარი წარმოდგენების ნგრევას დაგვპირდა : “ეს ფილმი საშუალებას გავძლევს გავიგოთ, თუ რაზე ფიქრობდა სტალინი, ვინ სძულდა და ვინ უყვარდა, ასევე – იყო თუ არა სტალინი მართლა ასეთი ცუდი, როგორც ჩვენ ამდენი წლები თავში გვიტენიდნენ?! თურმე ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა.”

ორ კვირაში, 16 თებერვალს კი – საქართველოს პარლამენტში ჩავარდა ოპზიციის მიერ ინიცირებული კანონი ლუსტრაციის შესახებ. (ამ კანონის მიღებას რევოლუციის ლიდერები ჯერ კიდევ 2004 წელს გვპირდებოდნენ). ეს დოკუმენტი საბჭოთა წარსულის უარყოფითი შეფასებაა და ამასთან იგი საბჭოთა სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურს უკრძალავს. გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ უმრავლესობის შიგნით ამ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია ჯერ არ დასრულებულა და პირობა დადო, რომ პარლამენტი ამ საკითხს მალე დაუბრუნდება. მანვე “რუსთავი 2”-ის მიერ სტალინის ძლიერ ქართველ პოლიტიკოსად წარმოჩენას “სამარცხვინო მცდელობა” უწოდა.

... შედეგად კი რა მივიღეთ?: ნაცვლად იმისა, რომ ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიები დაწყებულიყო, - ეს თემა “სტალინი LIVE”-ის აკრძალვასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა.

ეს დებატი მხოლოდ ერთხელ ამომიტივტივდა გონებაში და ისიც მაშინ, როცა დეკანოზ ლევან ფირცხალაიშვილის ხილვის შესახებ წავიკითხე: “ ერთხელ ისე მოხდა, 20 დღის უჭმელი ვიყავი, მხნეობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ მართალი გითხრა, ცოტა დავღალდი და ჩამეძინა. და სწორედ ამ დროს დედა ღმრთისასგან მეუწყა ჩემი გასვლის დრო..... გიორგი ბრწყინვალე ძალიან დიდი სულია.... იცოდეთ, სტალინი სამოთხეშია!!! “.

არა და , საბჭოთა წარსულისაგან დისტანცირება, მისი შეფასება შეუძლებელია იმ სიმართლის დადგენის გარეშე, რომელზეც ბოროტების იმპერია და მეოცე საუკუნის ტირანის ძალაუფლება იკვებებოდა.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენი არქივების საიდუმლო მასალების 80% გამქრალი ან დამწვარია. ქვეყანაში დარჩენილი დოკუმენტებიდან აგენტების იდენტიფიცირება ჭირს, რადგან მათი პირადი საქმეები, 1990-91 წლებში, საბჭოთა უშიშროების ოფიცრებმა რუსეთში გაიტანეს.

ქართული საზოგადოება დარჩენილია “ოკუპაციის მუზეუმის “ ამარაა, რომელიც ევროპული, ანალოგიური დაწესებულებებისაგან განსხვავებით, მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მხოლოდ კეთილმოწყობილი შენობაა, სადაც საბჭოეთის ამსახველი მასალებია გამოფენილი. მუზეუმიდან გამოსული მოქალაქე შეიძლება პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს შეუერთდეს, მაგრამ იშვიათად დაფიქრდება, თუ რა კავშირია თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ცოტა ხნის წინ ნანახ გამოფენას შორის, ჩვენს ცხოვრებასა და ხელისუფლების ქმედებებს შორის? ასეთი დაკავშირების გარეშე, ადამიანს ფრუსტრაცია გარანტირებული გაქვს: საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დაეჭვებული, გამოუვალობის განცდაში ჩაძირული, შენდაუნებურად გაურკვეველი და არაცხადი მიზნისთვის იბრძვი. სულ უფრო მეტად შორდები “რეალობას” და შინაგანად დაძაბული და აგრესიული, ფანტაზიას ეპოტინები.

სახალხო პროტესტიდან თუ მანიფესტაციიდან შინდაბრუნებულს, არაფრის თავი აღარ გაქვს და ცოტა რომ სული მოითქვა, - “წითელი ზონის” ნაცვლად “სიცილის ზონას” უყურებ.

მე ნამდვილად არ მხიბლავს ასეთი პერსპექტივა, ამიტომ “ლუსტრაციისკენ” მიმავალ გზაზე და ფრუსრტაციის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე სააზროვნო სიტუაცია მინდა შემოგთავაზოთ და თქვენთან ერთად ამოვხსნა: რა კავშირია წარსულის უცოდინარობას, ცალმხრივ ცოდნასა და ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობას შორის?

კაენინა

1783 წელს, რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთს შორის დადებული “სამეგობრო შეთანხმება” , 19-ე საუკუნის დასაწყისში “ჩვენმა მხსნელებმა” თავზე დაგვახიეს და 1801-1810 წლებში, სამეფოების გაუქმების გზით, დაგვიპყრეს. სამეფო ოჯახის წევრები დაშინებითა და მოტყუებით იმპერიის ქალაქებში მიმოფანტეს: ზოგი მოისყიდეს და მიიმხრეს, ზოგსაც – სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში ამოხადეს სული. მათში გარუსებულებიც ერივნენ ანუ ისინი, რომლებიც მეფის სამსახურში ჩამდგარები, პატარა ხალხების ასიმილაციას ქადაგებდნენ. ასეთი იყო გიორგი მუხრანსკიც, რომელიც ერთ, ქართულ, საზოგადოებაში ასეთ რამეს ამტკიცებდა: “პატარას ნება არა აქვს თავის-თავობისა, უნდა ცდილობდეს, რომ დიდში გადაიტანოს თავისი თავი და იმაში განხორციელდეს”. მსენელთაგან, ამ “რუსეთუმეს” ბარბარე ჯორჯაძე გამოეპასუხა: “აქლემები უფრო დიდები არიან კაცებზე და მაშ ჩვენ გააქლემება უნდა ვისურვოთო?”. ატეხილი ხორხოცის ფონზე, ორატორმა თავის მართლება დაიწყო: მე მხოლოდ მწერლობას ვგულისხმობდი: დიდ ერებს დიდი მწერლები ჰყავთ, რადგან იქ დიდი ნიჭია, ხოლო პატარებში ასეთი რამ შეუძლებელიაო. მოპასუხე აქაც არ დაიბნა და თავადს, უკვე გაცხარებულმა, მიახალა: “მაგისი რა მოგახსენოთ, ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, ნასწავლი და მეცნიერი კაცი ბრძანდებით, მაგრამ ეს კი შემინიშნავს, რომ პატარა ბულბული მშვენივრად ჰგალობს და დიდი მამალი “ყიყლიყოს” მეტს ვერაფერს ახერხებს”.

იმპერიის ნამესტნიკებმა, სამხედროებმაც და სამოქალაქოებმაც, სისხლში ჩაახშეს საქართველოს სამთავროების აღდგენის ყველა ცდა და ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდნენ ამ პროცესში ჩართულ ქართველებს: შემოიღეს სიკვდილის დასჯის ახალი, ჩვენთან აქამდე უცნობი, წესი – ჩამოხრჩობა, მას დაუმატეს გამათრახება და ქვეყანაში შიშიანობა დაამკვიდრეს.

ზაქრია ჭიჭინაძე, თავის გამოუქვეყნებელ წერილში, დეტალურად აღწერს გეორგიევსკის ტრაქტატით გამოწვეულ სიავეებს და თვლის, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთებაში (“საქართველოს გაყიდვაში”) მთავარი დამნაშავენი გარსევან ჭავჭავაძე და მისი მეგობრები: ავალიშვილი და ფალავანდიშვილი არიანო. სხვა საბუთებთან ერთად, ავტორი ასახელებს იოანე ბატონიშვილის “კალმასობას”. მისი გმირები: ბერი ივანე ხელაშვილი და ზურაბ ღამბარაშვილი, სამშობლოში მოგზაურობენ და გზადაგზა მომხდარი ფათერაკების ფონზე, დაუფარავად ამხელენ იმდროინდელი საზოგადოების მანკიერებებს: წარჩინებულთა ნაწილის დაკნინებას, მოხელეთა ანგარება-უმეცრებას, სამღვდელოების ფარისევლობას.

“კალმასობა” 1813 წელს გამოვიდა, მაგრამ ცენზურამ ტექსტიდან ამოიღო ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი: გარსევან ჭავჭავაძეს ბერებისთვის თავისი სოფლის ეკლესიაში წირვის ჩატარება უთხოვია და შემდეგ სასახლეში სადილად მიუწვევია. წირვას თავადის მეუღლე, მარიამ ავალიშვილიც, დასწრებია, მაგრამ შინ უგუნებოდ დაბრუნებულა: შენმა მოწვეულებმა ეკლესიაში საქვეყნოდ გამკიცხეს, “კაენინა” მიწოდეს. კაენი ძმის, აბელის, მკვლელია. მათ შენ ძმის მკვლელი გაგხადეს და მეც იმისი ცოლი.

თავადმა დაიჯერა მეუღლის ნაამბობი - მით უფრო, რომ საქართველოს დაღუპვას მას სხვაც ბევრი ჰყვედრიდა. სადილად მოსულ სტუმრებს გულუხვად უმასპინძლა და ეკლესიაში მომხდარი შემთხვევის გარკვევა მოსთხოვა: ჯერ “კაენინას” მნიშვნელობა განუმარტა და შემდეგ აუხსნა, რომ მას ძმა არ ჰყოლია და არც მოუკლავს.

“ – ჩვენმა თავადის ცოლებმა ეგრე იწოდეს თავი და ყველა მაგ სიტყვებით მიმართავენ-ხოლმე. Gგვეგონა, რომ ამით ვასიამოვნებდით…... რუსული ენა არ ვიცით და სიტყვის გამოთქმაში რომ რამე შეგვეშალოს, ეს მაინცა და მაინც დიდი ცოდვა არ უნდა იყოს არამცოდნესაგან.”

ბოლოს, როცა სტუმრები მიხვდნენ, რომ მათი ახსნა-განმარტება მასპინძელმა არ მიიღო და მათგან რაღაც გაურკვეველს ითხოვდა, პირდაპირ მიახალეს:

“- მართალი ბრძანდებით, ბატონო, თქვენი ძმა არ მოგიკლავთ, მაგრამ მის ნაცვლათ უფრო უარესი საქმე გაქვთ ნაქნარი”.

”კალმასობის” ეს ეპიზოდი არც 1860 და არც 1895 წლის გამოცემებში არ შესულა, რადგან ცენზურამ იგი საგულდაგულოდ წაშალა.

გველის პერანგოსანი

პირველ ქართულ რესპუბლიკას ბევრი მეხოტბე გამოუჩნდა. მათ შორის იყო “ცისფერი ყანწების” ყოველკვირეული გაზეთი “ბარრიკადი”. (ეს ორდენი ასევე გამოსცემდა გაზეთებს: “ბახტრიონი”, “რუბიკონი”, «Фигаро»). 1920 წელს აქ გრიგოლ რობაქიძემ თავისი წერილი “ნოე ჟორდანია” გამოაქვეყნა. ავტორი შედარებებს, ეპითეტებს და ჰიპერბოლებს არ იშურებს, რათა მმართველის განუმეორებელი სახე სრულად წარმოგვიდგინოს:

“ჟორდანიას პროფილი ძველი ღერბია სურნელოვან პერგამენტზე. მისი სახე თეთრი მედალიონია მოხუცი ბიბლიის. მასში მოსჩანს კეთილშობილი რასსა: ქალდეას ველებში გამოხურვებული და კავკასიონის კალთებით განელებული. ქურუმები ძველ ღმერთებს ალბათ ასეთი სახით ელაპარაკებოდნენ. არის ჟორდანიას პროფილში უცნაური სირბილე არა მარტო გურიის ველების, არამედ მთელი იბერიის მიწის. ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი, რუსთაველის ტარიელი, რაინდია ყოვლის გადამლახველი, მაგრამ მიუხედავად ამისა გულჩვილია მეტად. თეთრი გიორგი ტაიჭზე მჯდომელი, მახვილით ჰკვეთავს ვეშაპს და ამავე დროს მის თვალებში ნათელი ბავშვის გვერდული მზერაა. გოირგი სააკაძე, რისხვით შემართებული, საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამონაკლისია. მე მიყვარს ჟორდანიას აცეცხლება: მაგრამ მის ანთებაში ტემპერამენტია სათნოების და არა – ცეცხლი სიავის.”

შემდეგ მოდის არგუმენტები მმართველის “სირბილის” ასახსნელად: ღვთისმშობლის წილხვედრობა, წმინდა ნინოს ჯვარი და ქეთევანის ცრემლები. რობაქიძე დარწმინებულია, რომ სწორედ ამ ნაკადთან ნოეს სულიერი კავშირი განაპირობებს მის აგრესიისგან დაცლილობას.

“.. მე მესმის ჟორდანიას წუხილი შვილის დაკარგვის გამო (ლენინს ასეთი წუხილი არ შეუძლია) . ამ წუხილში მე ვხედავ სიახლოვეს მიწასთან, რომელსაც ჩვენ დედას ვუწოდებთ. მე არ ვიცი ჟორდანია ლოცულობს თუ არა, მაგრამ მე ვიცი, რომ მრავალი ლოცულობს მისთვის (გამაგებინეთ ვინ ლოცულობს ლენინისთვის?).... “

გრიგოლ რობაქიძის მიხედვით, ჩვენი მმართველი ინტუიციით გრძნობს ინტერნაციონალური იდეოლოგიის , ერთა სოლიდარობის სიკეთეებს საქართველოსთვის, ურომლისოდაც პატარა ერს არ ეყოფა ბიოლოგიური ენერგია ნაციონალური განვითარებისთვის. ჟორდანიასთვის ასევე აუცილებელია დასავლური ორიენტაცია. რუსეთთან შეერთებას მხოლოდ იმიტომ ეთანხმებოდა, რომ ევროპისკენ გზა გაგვეჭრა, მაგრამ როცა იმპერიის ბოროტი ზრახვები გააცნობიერა ( როგორ ლამობდა იგი ქართველების აზიაში საბოლოო ჩატოვებას!), მაშინვე მისგან გამოყოფას მიემხრო. ბოლოს ავტორი ნოეს კალმის ქებაზე გადადის:

“ქართველი პოეტისთვის საამაყოა, რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მწერალია ნამდვილი. ის ნაწერებში არ არის არც კორძიანი ხაზი და არც – დაგრაგნილი ხვეული. აქ ყოველი სიტყვა სადათ მოკვეთილია და ყოველი ფრაზა – სხარტად გამოჭრილი. ჟორდანია უფრო ლაპიდარული ფორმებით ლაპარაკობს, ვიდრე დისკურსიული პერიოდებით. მის ფორმულებში მონუმენტალური პრიმიტივის ქვებია. მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება: მის სიტყვაში ჭვირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა...”

ამ წერილის გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: უმრავლესობას მოეწონა. თუმცა, პირველი პირის ზღვარგადასულმა ქებამ საზოგადო მოღვაწე, კატო მიქელაძე , ძალიან გააღიზიანა. მას გამორჩეულად არ უყვარდა “ცისფერ ყანწელები“ - “ეროტომანებს” ეძახდა, ქალის როლისა და დანიშნულების ვულგარიზაციასა და დაკნინებაში, ძალაუფლებისადმი სწრაფვასა და ხელისუფალთა მიმართ აღტყინებულ ლაციცში ადანაშაულებდა. ამიტომაც სტატიას პატარა ლექსით გამოეხმაურა:

“დიაკვნის შვილი თავადობ, დენდობ,
გნათესაობენ მხოლოდ ყადები,
შენ , უანგაროვ, არვის დაინდობ,
გადაგიშლია “ბარრიკადები”.
ასეთ “გმირს” როგორ არ დაგეკითხო
კითხვა, მოსული შენგან უცები:
დემონის ამაყ “მეს” რომ ჩემულობ,
ჟორდანიას რას ელაქუცები?
სახე ნოესი ოცი წლით ადრე
განა არ იყო უფრო ნათელი?
რათ ვერ ამჩნევდი? დღეს დაინახე
მისთვის, რომ არის ქვეყნის მმართველი?
გინდა კათედრის შეაღო კარი,
რომ შეგვასწავლო განცდა ველური,
მაღალი კომლის რომ ხარ მაყარი,
იცი სად უნდა ხოხვა გველური!”

1926 წელს გრიგოლ რობაქიძე უკვე ძალიან პოპულარული მწერალია. “გველი პერანგის” გამოსვლით წარმატება გაასკეცდა. (1928 წელს გამოიცა გერმანულად, იენაში). რომანში თითქოს ჩაკარგულია, მაგრამ მაინც ყურადრებას იმსახურებს სოციალისტური რევოლუციის ბელადთან “შეთამაშება”:

“1908 წელი, პარიზი, მაისი. კათედრაზე ტანმორჩილი მამაკაცი დგას... მისი ფრაზა; “მეტი მოძრაობა, სიტყვა, მეტი ნება. თუცებზე უცვლელი ირონია, ფიგურაში “ძალა” და ‘გამარჯვება”, არანაირი გაორება, არანაირი დაეჭვება, მხოლოდ ერთი მთავარი მიმართულება, ერთი ძლიერი ხერხემალი: ნებას აწრთობს მოძრაობისთვის, თითქოს ხანძრის ასანთებად უხმობს, სრულყოფილი პირონვება, თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთ ადამიანში თავმოყრილი. ჰაერში ისმის “ლენინი’, “ძირს ომი”, “ფაბრიკები – მუშებს!”, “მიწა – გლეხებს!”

1930 წელს მწერალმა გერმანიაში გაასწრო ბოლშევიკებს და ამით სიკვდილს გადაურჩა. 1939 - 41 წლებში ორი საყურადღებო სტატია დაწერა : “ადოლფ ჰიტლერი, უცხო პოეტის თვალით დანახული” და “მოსოლინი – მზის ნიშნული”.

1934 წელს გრიგოლ მუშიშვილი (ხოფერია) გამოსცემს წიგნს “გველის პერანგოსანი”, რომელიც სარკასტული ესკიზებით ლადო გუდიაშვილმა გააფორმა. ავტორი გრიგოლ რობაქიძეს სიმბოლიზმის, რასიზმის, კაციჭამია შოვინიზმის პროპაგანდისტს უწოდებს და რამდენჯერმე მოჰყავს ციტატა “გველის პერანგიდან”:

“ დღეს რასის ზეიმია. რასიული თვალსაზრისი უნდა ბატონობდეს ყველგან და ყველაფერზე. ზეიმობს ქართული რასა, ქართული ჯიში, ქართული სისხლი. ქართულმა რასამ გადაარჩინა კაცობრიობა ადამიანის ჯიშის მოსპობისგან. ქართული რასა რასიული დახვეწილობის, სიწმინდის, კრისტალურობის სიმბოლოა და რა იქნებოდა ადამიანთა მოდგმა ამ რასის გარეშე! აიღეთ ერთი ურია, ერთი ბერძენი, ერთი სომეხი – ეს სამი რასა. შედეგიც აუცილებელი და საბედისწერო: ამ სამებაში უბედურება გეწვევათ. არის რაღაც საიდუმლო რასის დომხალში. უზენაესი ძალა განაგებს ამ საიდუმლოს. თვითონ რასაა ეს ძალა უზენაესი...”

1935 წლის 19 აპრილს, საქართველოს საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმმა მოისმინა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის და ნიკოლოზ მიწიშვილის მოხსენებები ფაშისტი გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ და დაადგინა, რომ “მწერალი გამოცხადდეს სოციალისტური სამშობლოს მოღალატეთ და ჩამოერთვას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგების გათვალისწინებით”. ერთ-ერთი ასეთი შედეგი იყო ის, რომ 30 წლის განმავლობაში მისი “ლამარა” ვაჟა-ფშაველას სახელით გამოდიოდა და იდგმებოდა.

1937 წლის რეპრესიები ცისფერყანწელთა უმრავლესობას შეეხო, გრიგოლ მუშიშვილიც ზედ მიაყოლეს.

კატო მიქელაძე კი – ჯერ კიდევ 1925 წელს “ეროტომანებმა” გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. ყოველგვარ სახსარს მოკლებულმა და პირადი დრამებით დატანჯულმა, მარტოობაში დალია სული. 1942 წელის იანვარში, მხოლოდ ოთხმა მეგობარმა გააცილა იგი უკანასკნელ გზაზე: ირინე და ნიკოლო იუშკოვებმა, ანდრო თევზაძემ და მარიამ გარიყულმა.

P.S. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, - მოგვიწევს ჩვენი ახლო და უახლოესი წარსულის კარგად გახსენება და თავიდან წაკითხვა. როგორც პარლამენტარი, გია თორთლაძე გვირჩევს, ისე არ გამოვა: მხოლოდ 1991-1992 წლების პროცესები გამოვააშკარავოთო. ლუსტრაცია დღევანდელი, სახელისუფლო რიგების გამომზეურებასაც გულისხმობს: იმ ადამიანების დადგენას, ვინც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებს და იღებს ანუ ვინც ფლობს ძალაუფლებას და მართავს პროცესებს ქვეყანაში.

საბჭოთა პერიოდს ვერ ავცდებით. რეპრესიების ლაბირინთებშიც უნდა გავიაროთ და კრემლის მიერ საბჭოთა სივრცეში გაბმული ქსელების საიდუმლოებას ჩავწვდეთ. იქნებ წელთა სიმრავლემ ვერაფერი დააკლო ძმურ, საბჭოურ კავშირებს? იქნებ რღვევის საფრთხემ უფრო შეადუღაბა ეს ერთობა?

მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ გზაზე ბევრი, ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი, შეიძლება აღარ მოგვეწონოს: ზოგი მათგანი დიდ კომპრომისზე წავიდა, ზოგი – მცირეზე, ზოგმა ყველაფერს გაუძლო (უფრო სწორად – შეეწირა რეპრესიებს), ზოგმა – რეჟიმთან თანამშრომლობა შეიტკბო კიდეც. ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ, უნდა ავიტანოთ და განვიცადოთ ეს სიმართლე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლუსტრაცია ანუ განწმენდა.

ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N50, 2009
ნუ მოკლავ ჯაფარას!

ამბობენ, რომ ათასმა ქართველმა ინტელიგენტმა, საკანონმდებლო ორგანოსგან, საახალწლო საჩუქარი, ინდაური, მიიღო. სწორედ ისე, როგორც არჩევნების წინ მღვდელმთავრებმა- ჯიპები.

ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძღვენის შეთავაზება არ გამკვირვებია, მაგრამ მიმღებთა საქციელმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. თავი მხოლოდ იმით დავიმშვიდე, რომ მსგავსი საფრთხე მე არ მელოდება. და თუ ოდესმე "რჩეულებში" ჩამწერეს და რაიმე მისახსოვრეს, ნეტა იცოდეს, რა ელოდება იმ ადამიანს, ვინც ამ ნობათით ხელში გამომეცხდება: ისეთ დღეს დავაყრი, რომ მღვდელი დიაკვნად მოეჩვენება!

სანამ ელიტარული ინდაური "ერის საუკეთესო ნაწილის" ქვაბებში თუხთუხებდა, პირველი არხის გენერალურმა პროდიუსერმა, გიორგი ჭანტურიამ, უნიკალური ნობათი მოგვართვა: "საქართველოს მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და სიყვარულით სავსე” ფრაზები, სადაც იგი განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანებს “ხეიბრებად” მოიხსენიებს, ჰომოსექსუალებს - “პიდარასტებად”, ტოლერანტობა “კორკოტას” ძმაბიჭური შეძახილები ჰგონია, ხოლო პირველი არხის განახლება - გოგო-ბიჭებით მისი დაკომპლექტება. თანაც, დარწმუნებულია, რომ სიცოცხლე მხოლოდ “ნორჩებს” გულისხმობს, ხოლო დანარჩენები, განსაკუთრებით ხანდაზმული ქალები, უნდა "მოკლა", რათა ახალგაზრდებით დასახლებულ კუნძულს, ანუ ტელევიზიას, სული შთაბერო; "ეს ტელევიზია ცოცხალია. ჩვენი პირველი ამოცანა იყო ბებერი ქალი მოგვეკლა, რომელთანაც ასოცირდებოდა ეს ტელევიზია..." - ამბობს იგი.

ხელისუფლების ფავორიტთაგან, ცხადია, სახელმწიფო მოხელის ქსენოფობია არავის გაუპროტესტებია. საზოგადოების ნაწილი კი ახმაურდა, აყვირდა, მაგრამ კულუარულად და არა - ორგანიზებულად!

ამას პირველი არხის მესვეურთა თავის მართლება მოჰყვა: ჩვენ გამოკვლევა ჩავატარეთ და რესპოდენტთა უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოხუც ქალს შეადარაო.

ჰოი, საოცრებავ! საზოგადოებამ გითხრათ, ტელევიზია მოხუც ქალს ჰგავსო და არა - მოხუცი ქალი უნდა მოკლათო!

იქნებ საქართველოს მოქალაქეებს “ქალის” ტანსაცმელი ანუ აპარატურა და სტუდიები არ მოსწონთ? იქნებ, თანამედროვე კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ასახვის სიმწირეზე მიგანიშნათ, რის გამოც ტელეეთერი ბებიების მიერ მრავალჯერ მოყოლილ, მოყირჭებულ ზღაპარს ემსგავსება.

ამ საკითხებზე რომ გეფიქრათ, მაშინ მიხვდებოდით, რომ "ახლის" შესაქმნელად "ძველი" კი არ უნდა "მოკლა", არამედ ამ ორი უკიდურესობის თანაარსებობა უნდა ასახო. ასეთ შემთხვევაში ტელევიზია სოციალიზმზე დამყნულ პატრიარქატს კი არ დაემსგავსება, არამედ - რეალურ ცხოვრებას, სადაც სოციალურად სუსტები და ძლიერები, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები, კულტურული და პოლიტიკური ერთობები თანაარსებობენ. აი, ეს არის საინტერესო და ეს ზრდის სოციუმში ტოლერანტობის ხარისხს, რომელიც თურმე, მისი წარმომადგენლის განმარტებით, პირველი არხის პრიორიტეტი არ არის.

უნდა გამოგიტყდეთ და გითხრათ, რომ გიორგი ჭანტურიას აზრების წაკითხვის შემდეგ პირველი, ვინც გამახსენდა, - სწორედ ამ სახელმწიფო მოხელის ბებია იყო, - აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე, აფხაზურ-ადიღეური ენების სფეროში უნიკალური გამოკვლევების ავტორი. მაშინ, როცა ბევრი ქართველი მკვლევარი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე აფხაზების დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გამოკვლევების ტირაჟირებაში იყო გართული, ქალბატონი ქეთევანი სწორედ აფხაზური და აბაზური ენების თვითმყოფადობაზე და ჩვენს საერთო კავკასიურ ნათესაობაზე საუბრობდა. მისი რედაქტორობით, 2003 წელს გამოცემული “ქართულ-აფხაზური ლექსიკონი” ხომ უნიკალურია თავისი მნიშვნელობით. ამიტომ გამორჩეულად უყვარდათ იგი აფხაზებს და ასე მოიკითხავდნენ ხოლმე: "Хан табакоу?" ანუ სად არის ჩვენი დედაო? ჩვენს უახლოეს წარსულში, ეს ჭარმაგი ენათმეცნიერი რომ ვინმეს გახსენებოდა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩაერთო, ან ტელევიზიით მისი წვლილის ამსახველი სიუჟეტები მოემზადებინათ, - ვინ იცის, იქნებ თავიდან აგვეცილებინა ძველი და ახალი ომი?! ქეთევან ლომთათიძე ხომ 2007 წლის 22 სექტემბერს, 96 წლის ასაკში, გარდაიცვალა?! მაგრამ ასეთი საქმის გაკეთებას ჯერ ცოდნა სჭირდება, შემდეგ – სოციალური პრობლემებისადმი მგრძნობელობა და ადამიანებისადმი თანაგრძნობა, რისი დეფიციტიც, ქართულ მედიასივრცეში, ნამდვილად დიდია.

ახლა კი მთავარი! ისტორიები, რომელმაც თავის დროზე ბევრი რამ მასწავლა და როგორც ბებიამ - შვილიშვილს, ისე მინდა მოვუყვე პირველი არხის გენერალურ პროდიუსერს.

VERBA MAGISTRA

ჩემს ქუჩაზე ერთი გეოლოგი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ბავშვების ჭკუის დარიგება უყვარდა. დაგვინახავდა თუ არა ერთად შეკრებილებს, მაშინვე რაიმე გრძელ, დიდაქტიურ ლექციას ჩაგვიტარებდა, ბოლოს ხელს ზეცისკენ გაიშვერდა და იტყოდა: "VERBA MAGISTRA"და იქვე განმარტავდა - "მასწავლებლის სიტყვა".

ზაფხულობით "მაგისტრასთან" მოსკოვიდან მისი ძმისშვილი, თემო ჩამოდიოდა: გაბღენძილი, ხმელი და მაღალი ბიჭი. შორიდან, სახეზე დამცინავი ღიმილით, გვათვალიერებდა "კლასობანას" თამაშით გართულ გოგონებს. მერე თვის ღობეზე შემოჯდებოდა და გამაყრუებელ სტვენას იწყებდა.

ვერ იქნა და ვერ გამოგვიწვია. მას ალბათ არასოდეს გავიცნობდი, რომ არა ერთი შემთხვევა: ჩვენი ქუჩის ოღრო-ჩოღრო ქვაფენილზე, თუ დაკვირვებით არ გაივლიდი, - ნამდვილად კისერს მოიტეხდი. ერთხელაც მოხუცი ქალი ისე დაეცა, რომ რამოდენიმე წუთი უგონოდ ეგდო. ქუდმოგლეჯილი გავვარდი დასახმარებლად: წამოვაყენე. მოსულიერდა თუ არა, - მადლიერებით შემომხედა, თავი დამიკრა და გზა გააგრძელა.
როცა გამოვერკვიე, თავის ღობეზე შემომჯდარი თემო დავინახე, უცნაურად იღრიჯებოდა და ფეხებს იქნევდა. არც განძრეულა. ვიფიქრე _ მივალ, ხელს ვკრავ და გადავაყირავებ-მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა? შორიდანვე შემომძახა:

– А ты Кристи читала?

უარის ნიშნად თავი გავიქნიე, რაზეც ერთი კარგად გადაიხარხარა და მითხრა:

– Как я не догадался, ты ведь по-русский читать не умеешь?

სიბრაზისაგან ენა დამება, მაგრამ მაინც სხაპასხუპით ჩამოვუთვალე მოთხრობები, რომლებიც სწორედ რუსულად წავიკითხე.

– О, эти-же наши! Я про заграничных спрашивал. Я бы одолжил, но с собой не взял, через год принесу.

მადლობა გადავუხადე და მისი ქართულის ცოდნით დავინტერესდი. მითხრა, 3 წელია ვსწავლობო და უკვე მოთხრობებსაც ვწერ ქართულადო, თუ გინდა - წაგაკითხებო. სიხარულით დავთანმხდი.
მეორე დღესვე 48-ფურცლიანი რვეული მომიტანა, რომელზეც წითელპომადიანი ქალი ეხატა და დიდი ასოებით ეწერა: "ნუ მოკლავ მგალობელ ჩიტს!" გამალებული დავიწყე კითხვა. მოთხრობა სულ 40-45 გვერდი იყო, თან დიდი, უსწორმასწორო ასოებით ნაწერი. ფანქრის რუხ უფერულობას წითელი პასტით შესრულებული ადგილები არღვევდა. თანაც ეს წითელი ჩანართები იმდენად გულმოდგინედ, ლამზად იყო დაწერილი, რომ როცა კითხვას მოვრჩი, ჩემს წიგნაკში დიდი რუდუნებით გადავწერე და ხშირად ვიყენებდი თანატოლების დასამოძღვრად. აი, ისინიც:

"ადამიანს შეუძლებელია გაუგო, თუ ცოტა ხნით მის თვალსაზრისზე არ გადახვედი. მის კანში უნდა შეძვრე და გაიარ-გამოიარო. თუ ეს ფოკუსი აითვისე, მაშინ ძალიან გაგიადვილდება შენგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა..."

"იცი რა არის კომპრომისი? ეს არის, როცა ადამიანები ერთმანეთს უთმობენ და ამ გზით შეთანხმდებიან."

"არასოდეს მოიხსენიო შავკანიანები ”ზანგებად"!

"თეთრკანიანმა ქალმა შავკანიან მამაკაცს აკოცა, აცდუნა იგი და ამით მორალური კანონი დაარღვია. მისმა სურვილმა კანონზე გაიმრჯვა, ახლა კი - მისი სირცხვილის მოწმე, ტომ ტეილორი, უნდა მოიშოროს. მას საზოგადოებაც ეთანხმება, რადგან ჩვენი აზრით ხომ ყველა შავკანიანი მატყუარა და უზნეოა. მაგრამ ჩვენ ასევე ყველას მოგვეხსენება, რომ მხოლოდ ზოგიერთი შავკანიანია მატყუარა და უზნეო. მაგრამ ეს მსჯელობა ხომ არა მხოლოდ ერთ რასაზე, არამედ ყველა ადამიანზე თანაბრად ვრცელდება?! აბა რომელ ჩვენგანს არ უცრუია და არ მოქცეულა უღირსად?!..."

"ადამიანმა, რომელსაც ბავშვები "საშინელებას" ვეძახდით, მე და ჯიმის სიცოცხლე გვაჩუქა... ყველა ადამიანი კარგია, თუ ის ბოლოს და ბოლოს გაიცანი..."

ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ თემოს დავუმეგობრდი. თვალი სულ მისი ეზოსკენ მეჭირა. მე "ღამურა" ვარ და რადგან მათი სხვენი მთელი ღამე განათებული იყო, ვიფიქრე -ნამდვილად ახალ მოთხრობებს წერს-მეთქი, მაგრამ გამაწბილა: იქ უბრალოდ შუქს არ ვაქრობთო. უცნაურად კი გაწითლდა და თავი მკვეთრი მოძრაობით გვერდზე მიაბრუნა.

ერთ თვეში თემოს ეზო ხალხით გაივსო. მეზობლებმა თქვეს _ "მაგისტრას" დედა, კეკე, გარდაიცვალაო. სახტად დავრჩი! მათთან მესამე ადამიანი არასდროს დამინახავს.

დაკრძალვაზე უამრავი ხანაზმული ქალი მოვიდა. აღმოჩნდა, რომ კეკე რუსულის მასწავლებელი იყო, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი.

საპანაშვიდო მითქმა-მოთქმაში ისიც გავარკვიე, რომ განათებული სხვენის ბინადარი სწორედ ის იყო: სიცოცხლის ბოლო წუთამდე შრომისუნარიანი, ბევრს კითხულობდა და შვილიშვილისთვის მოთხრობებს ქართულად თარგმნიდაო. როცა უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, თვალი ცხედრისკენ გამექცა და ჩემი გადარჩენილი მოხუცი შევიცანი.

რა დიდი ჭკუა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ მეზობელი ბიჭის მიერ თავისადგასაღებული მოთხრობა “სხვენის ჩიტმა” დაწერა. ხოლო, როცა 1986 წელს, ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" ქართულად წავიკითხე, მივხვდი საქმის ნამდვილ არსს: კეკე ბებიამ ეს ნოველა რუსულიდან, იმპროვიზირებულად თარგმნა.

კიდევ ერთხელ გავბრაზდი მოხუცი ქალის გამო, რომლის გონიერებას და ნიჭს ნამდვილად უნდა ვუმადლოდე ამ უკვდავი თხზულების იდეებთან ზიარებას: როგორ არ უნდა დაჩაგრო შენზე სუსტი და შენგან განსხვავებული ადამიანი ისევე, როგორც არ უნდა მოკლა ჯაფარა, _ ჩიტი, რომელიც არ ერჩის ნათესებს, არ ემტერება გლეხის ნუგეშად გამოვსებულ ბეღელს, _ მხოლოდ გალობით გვატკბობს და თვისუფლად დაფრინავს!

სასწრაფოდ ჩემი წიგნაკი მოვძებნე: უკვე მერამდენედ ვკითხულობდი ჰარპერ ლის აზრებს და გულს ამოუცნობი სევდა მიმძიმებდა - ალბათ, კეკე ბებიას გამო. როგორ ცდილობდა შვილიშვილისათვის თანაგრძნობა ესწავლებინა?! შეცდა! სიყვარული არ ისწვლება, ეს ნიჭი ან გეძლევა, ან - არა. მის ცდას რომ ნაყოფი გამოეღო, მაშინ თემო მოამაგე ბებიას სხვენის მარტოობისთვის არ გაიმეტებდა, ქვაფენილზე უსულოდ დაგდებულს - წამოაყენებდა და როგორც ავტორს და მასწავლებელს, არასდროს ”მოკლავდა”. აბა, წარმოიდგინეთ, - რას უზამს ჩიტებს ასეთი ადამიანი?!

Helichrysum ანუ უკვდავა

ჩემი შთაგონების წყარო ბუნება არასოდეს ყოფილა. მისი სიდიადე და სწორუპოვრობა უფრო მაშინებდა, სევდას მგვრიდა, ვიდრე - სიხარულს. აი, ცხოველები და ადამიანები, მათი ზნის დაკვირვება, ამოცნობა და თანაგრძნობა ინტერესს მიღვივებდა. ამიტომაც როგორც გიჟს, ისე ვუყურებდი ჩემს ნათესავს, მექის, რომელიც დედამ მიატოვა და მამა და დედინაცვალი ზრდიდნენ. საზაფხულო არდადეგებზე იგი, დედაჩემის მშობლიურ სახლში თავმოყრილ ბავშვებს, ერთი-ორი კვირით აუცილებლდა გვესტუმრებოდა ხოლმე. დილაუთენია გარბოდა ტყეში. უამრავი ყვავილი, ფოთოლი, ფესვები მოჰქონდა, დერეფნის მზიან მხარეს ალაგებდა და ყველას გვაფრთხილებდა: "ხელი არ ახლოთ, არ შეაწუხოთ, თორემ ჰერბარიუმი გამიფუჭდება!" შეპყრობილი იყო მცენარეებით. ლექსებსც მხოლოდ მათ უძღვნიდა. ერთი მათგანი მახსოვს _ "Fragaria annanassa" ერქვა.

შუადღისას მსხლის ძირში ბავშვებს თავს მოგვიყრიდა და, მაგალითად, გვკითხავდა: იცით რას ნიშნავს "Helichrysum"?

უარის ნიშნად, თავებს გავაქნევდით თუ არა, იწყებოდა გულანთებული საუბარი ამ მცენარის ბუტკოზე, გვირგვინის ფურცლებზე, მტვერზე, ფოთლებზე, ფესვებზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ავად იყო ამით, ამიტომ თხრობა და მსმენელები წამალივით სჭირდებოდა. ერთხელ, დედამიწაზე ბჭობა ბებიაჩემის აზრმა გააწყვეტინა:

- მეტი შენ რა გითხარი! დედამიწაა რომ ბრუნავდეს, ერთხელ მაინც როგორ არ მოვხვდებოდი მოსკოვში?

- ჰა, ჰა, ჰა! დედამიწა შენს გარშემო კი არა, - თავისი ღერძის გარშემო მოძრაობს! - უპასუხა მექიმ სახტად დარჩენილ გოგუცას.

ზაფხული ზაფხულს მოსდევდა და ჰერბარიუმი ჰერბარიუმს ემატებოდა. მაგრამ მოხდა უბედურება: ერთხელაც, ეს სასოებით დაგროვილი "სიმდიდრე" დედინაცვალმა დაუწვა, ხოლო ლექსები სულ ნაკუწებად უქცია - რა ბიჭის საქმეა ეს სისულელეებიო. მექი თვითგვემას მიეცა: არც სკოლაში დადიოდა და სახლიდანაც ფეხს არ დგამდა გარეთ. ნელ-ნელა მოეგო გონს. ამასობაში მე სკოლა დავამთავრე და სტუდენტი გავხდი. მოულოდნელად დამირეკა და მესტუმრა:

- სახლიდან წამოვედი, ვეღარ გავუძელი იმ კუდიანს. მითხრა, - ახლა ცოლი უნდა შეირთოო. თან მის ბიძაშვილს მირიგებს: აბა, ეს ჩემი სიმწრით ნაგროვები ქონება ვიღაც გომბიოს ხომ არ უნდა დარჩეს, არ ჯობია ჩემიანმა გაიხაროსო? ეგ გოგო ჩემი ნათესავიც გამოდის-მეთქი რომ ვუთხარი, კინაღამ გაგიჟდა – შენ რა ჩემი ნათესავი ხარო?

ისეთი თავზარდაცემული და შეურაცხყოფილი იყო, რომ ძლივს დავამშვიდე. შუაღამისას წავიდა. კარებში იდგა, როცა თქვა:

- გეფიცები, მაინც არ მძულს, უფრო მეცოდება!

იმ წუთში მისი გულმოწყალება არ დავიჯერე. მეგონა იტყოდა – მძულს ქალებიო (დედისა და დედინაცვლის გამო!), მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მართალი იყო, რადგან ამ ბიჭს მხოლოდ სიყვარული შეეძლო და ამისთვის ისჯებოდა. მეორე დღესვე დავურეკე მამამისს, მაგრამ ტელეფონთან ”ის” მოვიდა. მექი ისე მოვიკითხე, ვითომ არაფერი ვიცოდი.

- შენც კაი იმერელი აფერისტი ხარ! როგორ დავიჯერებ, რომ არ გნახა და არ ჩაგიკაკლა ამბები. წინ - წყალი, უკან - მეწყერი, მაგ არაკაცს! სულ დაამტვრია ყველაფერი, ”მადონაც” კი! - მითხრა და ყურმილი დაახეთქა.

ვიფიქრე: ახლა მოვა და რაც თავის გერს დააკლო, სულ ჩემზე აანაზღაურებს-მეთქი. მაგრამ დამიფარა მამა ზეციერმა და დედა ღვთისმშობელმა!

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გენერალური პროდიუსერისთვის მექი პიდარასტია, დედინაცვლისთვის - არაკაცი, ხოლო ჩემთვის - მცენარეთა სულთამპყრობელი ბერბიჭა, Helichrysum ანუ იგივე უკვდავა.

ეპილოგი

სანამ ჩვენ სახელმწიფო მოხელეთა ქსენოფობიას ვებრძვით, "ნუ მოკლავ ჯაფარას" ავტორი, ჰარპერ ლი, 82 წლის გახდა და მხოლოდ ეტლით გადაადგილდება. გია ჭანტურიას სიტყვებით "ბებერი ხეიბარი ქალია", მაგრამ იგი არავის დავიწყებია: არც სახელმწიფოს და არც -საზოგადოებას. 2007 წელს "აშშ-ს პრეზიდენტის მედალი მშვიდობისათვის" მიიღო, ხოლო 2008-ში - ალაბამას შტატის იურისტთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. ტელეგადაცემებიც მიუძღვნეს, სადაც სამართალმცოდნე ქალი უზადო გულმოდგინებით იხსენებდა იმ ჯილდოებსა და აღიარებას, რომლებიც 1960 წლიდან, ანუ წიგნის გამოსვლიდან, დღემდე მისმა, "საუკუნის საუკეთესო ნოველად" აღიარებულმა მოთხრობამ და მის საფუძველზე გადარებულმა ფილმმა (რეჟისორი რობერტ მალიგანი) მიიღეს. უამრავ გამოხმაურებას შორის, ჰარპერს ყველაზე მნიშვნელოვნად ერთი აფრო-ამერიკელი ქალის აზრი მიაჩნია: "როცა თქვენი წიგნი წავიკითხე, 14 წლის ვიყავი. მან შეცვალა ჩემი ცხოვრება!"

დიახ, ასეთ წიგნებსა და ჰარპერ ლის მსგავს ადამიანებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვების შეხედულებებზე, ცხოვრებაზე, გახადონ ისინი უფრო ჰუმანურები და ტოლერანტულები. ხოლო როცა "კორკოტა" ამბობს - ჩემი მეზობელი ვანია პეტროვი რა ჯიგარი ბიჭი იყოო - ეს არის "ძმობა და გაგება" და არა - ტოლერანტობა!

ლელა გაფრინდაშვილი
ჟურნალი ”სოლიდარობა” N1 (28), 2009
გადაბეჭდილია:
გაზეთი ”ბათუმელები” 01/2009
ჟურნალი ”მე” N1 (10) 2009

ინტერვიუ ფონდი ნიკლუზივის ჟურნალისთვის ”მე”

ჰომოსექსუალთა შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული როლების ერთგვარ ინვერსიას წარმოადგენს. მითი გეების ფემინურობასა და ლესბოსელთა მასკულინობაზე, გენდერული სტერეოტიპების მსგავსად, ხშირად წინასწარგანწყობას ეფუძნება და არა მეცნიერულ ცოდნას. ანთროპოლოგიურმა თუ ეთნოგრაფიულმა კვლევებმა არაერთგზის დაადასტურა, რომ წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს “ტიპიური ქალი” ან “ტიპიური მამაკაცი” საკმაოდ ფარდობითი ცნებებია და შეიძლება იცვლებოდეს როგორც სხვადასხვა კულტურაში, ისე კონკრეტული საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ერთადერთი, რაც ამ “მრავალფეროვნების” საერთო მახასიათებლად შეიძლება მივიჩნიოთ, გენდერული ასიმეტრიაა, რომელიც ვლინდება ქალის/მამაკაცის სტატუსსა და მდგომარეობაში საზოგადოებასა და მის ინსტიტუტებში და ასახავს კულტურაში არსებულ შეფასებებსა და მოლოდინებს სქესთან დაკავშირებით.

ლელა გაფრინდაშვილი: საუბარს ბოვუარის ცნობილი გამოთქმით დავიწყებ: “ქალებად არ იბადებიან, ქალებად ხდებიან”, რაც იმას ნიშნავს რომ სქესს კულტურა აწარმოებს. თავისთავად, დაბადება ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლად ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამა თუ იმ სქესის კუთვნილებას. მთავარია არა ის, რომელი სქესის წარმომადგენლად იბადები, არამედ რომელ სქესს მიგაწერს, მიგაკუთვნებს კულტურა. როდესაც ვსაუბრობთ სქესსა და სქესთან მიბმული როლების ადგილზე ამა თუ იმ კულტურაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია, სადაც მთავარი სუბიექტი მამაკაცია. სწორედ ისაა დომინანტი ამ კულტურაში, ქალი კი – ობიექტია. მისი სქესი, სტატუსი, როლი, რაც მას მიეწერება, დაქვემდებარებულია. ჯონ სტიუატ მილის, უფრო ადრინდელი შრომას, სწორედ ასე ჰქვია “ქალთა დაქვემდებარებულობა”. საინტერესოა, თუ როგორ აისახება ეს ასიმეტრიულობა ენაშიც.

ილია ჭავჭავაძეს აქვს აქვს ერთი ძალიან საინტერესო წერილი “პატარა საუბარი”, რომელსაც ხშირად ვიშველიებ ხოლმე ამ გენდერზე საუბრისას. წერილს თავისი პრედისტორია აქვს და XIX საუკუნის 50-იან წლებს უკავშირდება, როცა პირველად გახდა ქალთა საკითხი აქტუალური საქართველოში. ილია იწყებს საკითხის პრობლემატიზაციას თუ როგორ ადგენს ენა ქალურობას და მამაკაცურობას და ამბობს, რომ გვაქვს ქალთან დაკავშირებული ცნება “დედაკაცი” და კაცთან დაკავშირებული – “მამაკაცი”. ამ კომპოზიტების პირველი მდგენელები (დედა და მამა), ანუ რეპროდუქციული როლის დომიონანტობა და უპირატესი მნიშვნელობა კულტურაში ხაზგასმულია როგორც კაცისათვის, ასევე ქალისათვის. აქვე ავტორი შენიშნავს, რომ “ვაჟკაცის” ანალოგიური ცნება ქალისთვის არ მოგვეპოვება. ხვდებით, ალბათ, რომ “ვაჟკაცი” უკვე მოღვაწე, საზოგადოებაშო, ოჯახს გარეთ მოქმედი კაცია და ამ სფეროში ქალი არ არის. ამ ნაკლის კომპენსაციაა გამონათქვამები: “მამალი ქალი”, “ვაჟკაცური ქალი”, “კაცის ტვინიანი ქალი”, სადაც სწორედ ქალის “მამაკაცურ” სფეროებში დაუშვებლობის თავისთავადობაა ხაზგასმული.

საინტერესოაა უკვე კომუნისტური, საბჭოთა ეპოქის ცნებებიც ამასთან დაკავშირებით: ნაციონალიზმის აღზევების პერიოდში დამკვიდრებული “დედაკაცი”, რომელიც, გასაბჭოებამდე სულ სხვა დატვირთვას ატარებდა, შეურაცხმყოფელი გახდა. საბჭოთა პერიოდში და დღესაც – გახსოვთ ალბათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო გამოსვლა, როცა ანა დოლიძე “პირდაუბანელ დედაკაცად” მოიხსენია.

საინტერესოა რა ემართება ცნება “ქალს”. ილია ჭავჭავაძის ამ სტატიაში, “ქალი” გაიგივებულია რუსულ “ბაბასთან”, რომელიც რუსულ კულტურაში საგინებელი სიტყვაა და ქალის უარყოფითი თვისებების აკუმულაციას ახდენს. ავადსახსენებელი საბჭოთა პერიოდის შემდეგ ბრუნდება ეს ცნება, მაგრამ იგივე უარყოფითი აზრით, როგორითაც “დედაკაცი”. რომ დავაკვირდეთ და გავაანალიზოთ მედია სივრცეს, აღმოვაჩენთ, რომ “ქალი” უფრო იშვიათად გამოიყენება, ვიდრე “მანდილოსანი” და “ქალბატონი”. შეიძლება ასეთი ფრაზასაც კი მოკრათ ყური ტელევიზიით “მეძავი ქალბატონები...” ან “მანდილოსანი პატიმარი”. ამ გამონათქვამების კომიკურობას განაპირობებს სწორედ ის, რომ ის სოციალური შინაარსი, რომელსაც ვდებთ “მეძავში” და “პატიმარში”, არაფერ კავშირშია არც ქალბატონთან და არც მანდილოსანთან. ამგვარი უცნაური კომპილაცია იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქალი როგორც სოციალური სუბიექტი, როგორც პარიტეტული სუბიექტი ჩვენთან ჯერ კიდევ არაა დამკვიდრებული და ეს ენაშიც აისახება. ცხადია, უცვლელი რჩება მასკულინობა/ფემინურობასთან დაკავშირებული ასიმეტრია და შეფასებებიც კულტურაში...

საერთოდაც, ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი საზოგადოება დემოკრატიულ გარდაქმნებსა და ლიბერალურ ფასეულობებზე ლაპარაკს უბრალოდ ითმენდა, როგორც რაღაც ტკივილს. ახლა რომ შევხედოთ ქართულ ტელესივრცეს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, გრჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე მეტის მოთმენა აღარ შეუძლიათ. იმდენად მოწყვეტილები არიან იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ არხის ყურებისას შეიძლება იფიქრო, რომ ამ ხნის განმავლობაში ეს ადამიანები მარსზე ცხოვრობდნენ, იქ ჩაწერეს გადაცემები და ეხლა გვიჩვენებენ. თითქოს არც ომი ყოფილა, არც საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ადამიანები ჩანან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ალბათ, არ ცხოვრობენ ქვეყანაში. არსად ჩანან რელიგიური უმცირესობები, აღარაფერს ვამბობ სექსუალურ უმცირესობებზე, რომელთა ხსენებაზეც ისტერიკა ემართება ბევრ ინტელექტუალსაც და საზოგადო მოღვაწესაც. თავი რომ დავანებოთ გია ჭანტურიას ქსენოფობიურ გამონათქვამებს, სოციალური სინამდვილისა და მრავალფეროვნების მიმართ მართლა არსებობს საზოგადოებაში გაურკვეველი ფობიები. შეიძლება იქიდან გამომდინარეც, მრავავლფეროვნება რომ ასახო, შენ უნდა იყო ემპატიური ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ. ან ინტერესი უნდა გქონდეს, ან განათლება უნდა გქონდეს ამ სფეროში ან უნდა გრძნობდე კომპეტენციას და შენი ადგილის მნიშვნელობა უნდა იცოდე. ამის მიხედვით თუ შევაფასებთ საზოგადოებას, საკმაოდ ბევრი მინუსი გვაქვს.

ეკა აღდგომელაშვილი: რადგან ცვლილებებსა და შეფასებებს შევეხეთ... ქართული კულტურა დასაშვებად მიიჩნევდა ქალის “გამამაკაცურებას”. ისტორიიდან ცნობილია თინა წავკისელის, მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვნელის სახელები... მათ გმირებად მოიხსენიებენ და მათ ქცევასაც მისაბაძად თვლიდნენ. არ მახსენდება არც ერთი მაგალითი ჩვენი ისტორიიდან, როცა პირუკუ პროცესთან გვქონდეს საქმე – კაცის თუნდაც დროებით “გადედაკაცურებას” ვგულისხმობ – და დადებითად იყოს შეფასებული კულტურის მიერ.

ლ.გ. დავუბრუნდები ბოვუარს, რომ კულტურისათვის მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არის სუბიექტი. კულტურაში, სხვა დანარჩენი, ყველა და ყველაფერი ემსახურება მას, როგორც სუბიექტს. მისი, როგორც სუბიექტის, როგორც ერთადერთობის შეუბღალაობას. ის ვინც აღწერს, შეისწავლის კულტურას, მას მხოლოდ დომინანტური იდენტობა აინტერესებს ან “სქესური” და არა “სექსუალური”. შეიძლება არიან, იყვნენ ასეთები, მაგრამ ან ძალიან ცოტა ვიცით მათ შესახებ, ან საერთოდ არაფერი. კულტურა იმახსოვრებს ამორძალებს, ის ქალური კი არ არის მისი სექსუალობის აზრით, ის არის მამაკაცური სოციალური აზრით. შეიძლება, ესეცაა ერთ-ერთი და მთავარი არგუმენტი, რომ კულტურისათვის მთავარია დაინახოს და შეამჩნიოს მხოლოდ ამორძალობასთან დაკავშირებული კონკრეტულად ასეთი თვისებები.

ამ ყველაფერს კიდევ ერთ საკითხთან მივყავართ, ნიშნავს თუ არა “ქალურობა” ქართულ კულტურაში “ქალურობას” ევროპული გაგებით? აქვს თუ არა ქალურ მომხიბვლელობას, სიკეკლუცეს ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც ევროპულ კულტურაში. არის თუ არა ეს თვისება გენერალური, გამომდინარეობს თუ არა მისგან ყველა სხვა მახასიათებელი.…

რაც შეეხება მამაკაცურობას, გაუთავებელი ომების ისტორიას თუ გავიხსენებთ, “მასკულინურობა” უშუალოდ უკავშირდებოდა მამაკაცის, როგორც მებრძოლის, მეომრის პრეზენტაციას...

ეკა აღდგომელაშვილი საომარი პროპაგანდისათვის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია ერთგვარი გენდერული მეტაფორიზაცია: “ჩვენის” მასკულინიზაცია და მტრის, როგორც “უცხოს” უკიდურესი გამოვლინების ფემინიზაცია. ფემინიზებული მამაკაცის ხატი კი თავის მხრივ, როგორც საუბრის დასაწყისში ავღნიშნეთ, კულტურაში ჰომოსექსუალ მამაკაცის სტერეოტიპს უკავშირდება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეპროდუქციული ფუნქციაც, რომელიც პრობლემატიზებულია ჰომოფობიურ რიტორიკაში...

ლელა გაფრინდაშვილი: თუ გავითვალისწინებთ ფემინურობა/მასკულინობის მიმართების ასიმეტრიულ, იერარქიულ ხასიათს კულტურაში, ასეთ კრიზისულ პერიოდში, ის რაც კულტურულად არის ლეგიტიმური, ის “ჩემიანს” მიეწერება, “სხვას”, “უცხოს” მიეწერება ფემინურობის ის პრედიკატები, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ეს ყოველთვის გამოიყენება იდეოლოგიის კომპონენტად... ომის დროს, განადგურების საფრთხე გემუქრება და ამიტომაც ააქტიურებ, პროპაგანდას უწევ ისეთ თვისებებს, იხსენებ ისეთ ისტორიულ მომენტებს რომელთანაც იდენტიფიცირებულია “ქართველობა”, “ვაჟკაცობა”. ბევრი რამეა ამ მხრივ საინტერესო.

საერთოდ, გარდამავალ პერიოდში, რა ტიპის პერიოდიც არ უნდა იყოს ის, ერთი იდეოლოგიის შეცვლა მეორით, მშვიდობიდან საომარ სიტუაციაზე გადასვლა თუ პირიქით, ასეთი დომინანტური კულტურული მოდელები, შეხედულებები, რწმენა-წარმოდგენები ირყევა. ბუნებრივია, რომ ამ დაძაბულ სიტუაციაში ადამიანები გაუცნობირებელად ეჭიდებიან იმას, რაც მათ მიაჩნიათ რომ უნდა გადარჩეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვახსოვს პოსტსაბჭოთა ეპოქის გარიჟრაჟზე, როცა დისკუსიები იწყებოდა იგივე ქალთა უფლებების თაობაზე, დისკუსიების მეინსტრიმი იყო მეთორმეტე, ჰა-ჰა მეთექვსმეტე საუკუნე. არა საბჭოთა პერიოდი, არა დღევანდელობა, არამედ უშორესი წარსული. ეს რაღაცნაირად გასაღებს გვაძლევს კითხვაზე, რას ეჭიდება კულტურა, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი კრიტიკულ მომენტებში, რას მიიჩნევს კულტურა მისთვის არსებითად და ღირსახსოვრად.

ლელა გაფრინდაშვილი
ჟურნალი ”მე” N1 (10), 2009


ჭაბურღილების სქესი

ადამიანი მხოლოდ მაშინაა კეთილშობილი, თუკი იგი ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას თანაბრად თანაუგრძნობს. ასეთი კი თითქოს პირველყოფილი, სამყაროში დედიშობილა მოხეტიალე, შემგროვებელი და მონადირე ადამიანი უფროა, ვიდრე მისი მემკვიდრე – ცივილიზაციისა და მეცნიერული რევოლუციების პირმშო.

მიმოიხედავ და აღმოაჩენ, რომ კეთილშობილება ნელ-ნელა უცხო ხილად იქცა. რა საკვირველია, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ადამიანში სათნოებათა მარაგი ამოიწურა. არა! უბრალოდ, ბუნების ეს უმშვენიერესი ქმნილება ყველას დაავიწყდა და მანაც დაივიწყა საკუთარი თავი.

როცა პირველყოფილი იდილიიდან გამოერკვა და მიხვდა, რომ მისი ტყის გადაღმა სხვისი, უცხო და განსხვავებული სივრცეა, მაშინვე “მიღმურის” მონახულების მიზანსწრაფვამ შეიპყრო. ჰოდა, - დაიწყო “ჩაკეტილი წრიდან გასვლის” და წრეგადასული მოპოვება-მისაკუთრება-დაცვის ეპოქა.

მოხვეჭის ვნება კი დაიკმაყოფილა, მაგრამ ბედნიერების განცდისგან დაიცალა. მოენატრა წარსული – ანიმიზმის პერიოდი, როცა ეგონა, რომ განგებამ ყველა საგანს და არსებას თანაბრად შთაბერა სული. ახლა კი სამყარო, ქარხნებისა და ფაბრიკების ალყაში მოქცეული, თითქოს სულისგან დაიცალა და განივთდა.

ადამიანის არსზე დაფიქრებულმა მკვლევარებმა მისი მარტოობა უფრო გაამძაფრეს: რაც არის, არის! ვერაფერს შეცვლი, შენი ბედი წინასწარგანსაზღვრულია ადრეული ბავშვობის განცდებით (ფროიდი) ან ეკონომიკური პირობებით (მარქსი).

კიდევ კარგი, რომ ქომაგებიც მალე გამოჩდნენ: შენ სამყაროს გვირგვინი ხარ, მისი არქიტექტორი, ძლევამოსილი არსი, სახელმწიფოსა და სამართლის ზრუნვის ობიექტი. ნუ დაგამძიმებს ვალდებულებები, რადგან მათ საპირწონედ, ჩვენ უფლებებით უზრუნველგყოფთ.

... ის მაინც მარტოა, დაღლილი და გაძარცვული. მისტირის წარსულს და ენატრება ადამიანის, ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის ერთადერთობა. თუმცა, ხვდება, რომ ვეღარასოდეს დაუბრუნდება იდილიურ, მოკრძალებულ და თბილ წიაღს, რადგან ჩათრეულია ამაოების ორომტრიალში, - სწორედ ისე, როგორც წყალუხვ მდინარეში შესული გულზვიადი არსება, თავიდან რომ იოლად უმკლავდება აქოჩრილ ზვირთებს, მაგრამ როცა შუამდე მისული აღმოაჩენს, რომ ვეღარაფერს გახდება, - თავადვე ნებდება ბედის მდინარებას.

ადამიანი გვიან მიხვდა იმ სიავეებს, რაც ბუნების უხეშმა დამორჩილებამ, მისი მთლიანობის შერყევამ მოიტანა. მაგრამ დღესაც – ერთი ხელით რომ ხეს რგავს და ცოცხალ არსებას უვლის, მეორე ხელით იარაღს ეფერება, ერთი სიტყვით, რომ სიყვარულს ადიდებს, მეორე სიტყვით – სიძულვილს თესავს.

ბუნება, დედამიწა და ვარსკვლავები მხოლოდ “ომიდან” დაბრუნებულს ან გამოქცელს ახსენდება. ისიც ცოტა ხნით, - სანამ ახალი “ომი” დაიწყება.

დაგწყევლოს თეთრმა გიორგიმ!

ზაფხულის ეს დღე, თეთრი გიორგობა, ყველას უყვარს, რადგან ერთად იკრიბებიან და ლოცულობენ. შემდეგ, მზის ჩასვლამდე, ბალახზე სხედან, სადღესასწაულო კერძებს შეექცევიან და ლაღობენ.

დღესასწაული ჩინებულად წარიმართა. შთამბეჭდავი დღე გამოვიდა. დასასრულს, ხალხი მიმოიფანტა. სანთლის სუნითა და გაუთავებელი ლოცვების წარმოთქმით დაღლილი ხუცესი შვილმა თივით სავსე მარხილით წააბრძანა შინ.

ქალაქიდან ამოსულებიც ჩასხდნენ თავიანთ მანქანებში და კმაყოფილი ღიმილით დაგვემშვიდობნენ. უცნაური ის იყო, რომ ყველასთვის მოულოდნელად, ნახევარი გზიდან მობრუნდნენ და თავიანთი “ბედაურებით” სოფელს რამდენჯერმე შემოუარეს. ეს “აღლუმი” არავის ესიამოვნა და მეც - მთელი დღის ნეტარება რაღაც უცნაური სევდით შემეცვალა. ამას დაღლილობაც დაემატა და სახლში დაბრუნებულს, ძილი ადვილად მომერია. ღრმა ბურანში ჩავიძირე და ...

ვხედავ, ეს ქალაქელი მანქანები არსადაც არ წასულან, უვლიან და უვლიან სოფელს. ბოლოს ხეებზეც ავიდნენ, ყანები და სათიბები გადაჯეგეს, მდინარეში შეიჭრნენ, სიპ ქვებზე ბორბლები აღრჭიალეს და წისქვილებთან დაბანაკდნენ.

მალევე ავზნიანებივით დაირაზმნენ, გეზი ბოსლებისკენ აიღეს – კარები შტურმით შეამტვრიეს და თავზარდაცემული საქონელი შარაზე გამოყარეს. მოკლედ, იავარქმნეს იქაურობა.

ბოლოს, “წავედითო” ვიღაცამ დაიძახა. შარაზე გამოლაგდნენ და ნელი სვლით გაუდგნენ გზას. თუმცა, ყველაზე საშინელი რამ სწორედ მერე დაიწყო.

“მაოხრებლებმა” მდინარის გასწვრივ, რაღაც შავი კვამლი დატოვეს, რომელიც ზანტად ამოძრავდა, სახლებს მოედო და სახურავები გადახადა. ყველანი გარეთ გამოვცვივდით და მომხვდურის ნებას დავმორჩილდით: სულიერ კვამლს ბეღლებიდან გამოაქვს ყველის კასრები, ფქვილის კიდობანები, ჰაერში ატყორცნის და აუჩინარებს.

მალე ადამიანებზეც გადავიდა: სოფლის ბებიაქალი, დაუძლურებული ხუცესი, დურგალი და მისი მასწავლებელი ცოლი, მეთუნუქე, - ყველა ერთად შეყარა, ჩვენი ძაღლი “ბელხვა”, ბებიაჩემის ვარცლი და ქვასანაყიც ზედ მიაყოლა და ავისმომასწავებლად დაიგრიალა.

გული მწუხარებით ამევსო და ხმა ამოვიღე, უფრო ზუსტად – მრისხანება ამოვაფრქვიე:
- შე კუდიანო ქაჯო, დაგწყევლოს თეთრმა გიორგიმ!ამის თქმა იყო და სოფელს პირველადი სახე დაუბრუნდა, მაგრამ მე ისეთი ელდანაკრავი სახით გავიღვიძე, რომ დედაჩემის მამიდა მთელი ღამე შეშინებულის ლოცვას მიკითხავდა: “ შემოგილოცავ ნათალყვისა, ქალისა, კაცისა, დიდისა, პატარეისა, მტერისა, მოყვრისა, შავთვალიანისა, ჭრელთვალიანისა. ვინ იყოს შენი მთვალავი, ვინ იყოს შენი მღალავი, - ქვა დატკვიროს, ქვა შეჭამოს, ქვა გულზე დეიკიდოს, შენ ჯვარი დაგწეროს…... “ (დანარჩენი მერე!)

დაბინდულ ქლიავის ფერი

ეს ჩემი სიზმარი ბევრჯერ გამხსენებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქური რუტინადან გამოქცეული, სადმე ბუნების სავანეში აღმოვჩნდებოდი. მაგრამ სტუდენტობის დროს კი თავი ისეთნაირად შემახსენა, რომ აღარასოდეს დამავიწყდება.

80-იანი წლების მიწურულს, ზურაბ კაკაბაძის პატარა წერილს წავაწყდი - “ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ”.ქართველ ფილოსოფოსი ეკოლოგიის პრობლემათა დასავლური კონტექსტის ქართულ სინამდვილეში ტრანსლიაციას ცდილობს და თვალსაჩინოდ აღწერს ინდუსტრიალიზაციის საფრთხეებს: ბუნების გარდაქმნა და ბუნებრივი რესურსების გაუაზრებელი ხარჯვა როგორ ემუქრება არა მარტო სიცოცხლეს, არამედ - კულტურასაც. “ინდუსტრიული გარდაქმნები აუცილებლად გამოიწვევს ქვეყნების ბუნებრივ თავისებურებათა ნიველირებას და აქედან გამომდინარე კულტურათა წაშლა-დაკარგვას და საბოლოოდ, კაცობრიობის კულტურის უკიდურეს გაღარიბებას. ბუნების, ბუნებრივი გარემოს გადაგვარება, შესაბამისი ხალხის ხასიათისა და კულტურის, მისი ეროვნული სახის გადაგვარებას მოასწავებს”.

არადა, ლანდშაფტის სხვადასხვაობა კულტურათა თავისებურებებს აყალიბებს: კახური “მრავალჟამიერი”-ს მოსმენისას კავკასიონი გვახსენდება, გურული კრიმანჭულის ჰანგზე კი - ხუჭუჭა მთებსა და გორაკებზე “მორბენალი” ნაკადული. ტიპიური რუსული სიმღერა - ვრცელი ტრამალებისა და სტეპების წიაღში დაგვატარებს. გალაქტიონის “დაბინდულ ქლიავის ფერი” იმერეთთან ასოცირდება, ხოლო ლეონიძის ლექსი, - კახური პეიზაჟის მსგავსად, მკვეთრი და ჩახჩახაა.

ბუნების გადაგვარება კულტურათა უთანასწორო აღრევას, “გასაშუალოებას” გვიქადის:

“... ამიტომ გასაგები უნდა იყოს, რომ ბუნების დაცვისათვის აღძრული მოძრაობის აზრი არ ამოიწურება სიცოცხლის ელემენტარული პირობების დაცვის ამოცანით; კიდევაც რომ მოხერხდეს, ბუნების დიდი გარდაქმნების მიუხედავად, სიცოცხლის ელემენტარული პირობების შენარჩუნება, გადასაწყვეტი დაგვრჩება ერის სიცოცხლის გადარჩენის პრობლემა”.

ავტორი დაგვაფიქრებს იმაზეც, რომ ხშირად, ამ დაუოკებელი ნგრევის მესვეურები, თავს იმით იმართლებენ, რომ ბუნებრივი რესურსების ხარჯვის ასეთ ტემპს ადამიანის მზარდი საჭიროებები განაპირობებსო.

ბუნების დამცველები კი აღნიშნავენ, რომ ეს “საჭიროებები” ხელოვნურად არის შექმნილი, თავსმოხვეული და პრობლემის დასასურათხატებლად ასეთ ანეკდოტს იშველიებენ:

“ ერთ პატარა ქალაქში მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ საკუთარ ავტომანქანებს, ისინი მაინცადამაინც არცა გრძნობდნენ საამისო საჭიროებას, რადგან მანძილების შედარებითი სიმცირის გამო, მისვლა-მოსვლას ფეხითაც იოლად ახერხებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ დიდი ქალაქიდან ინდუსტრიული პროგრესისა და, სახელდობრ, ავტოქარხნის მშენებლობის იდეა შემოიტანა. იდეა გავრცელდა და ბოლოს განხორციელდა კიდევაც – ქალაქში ავტოქარხანა ააშევეს, ამას, გასაგებია, თან მოჰყვა ქალაქისა და მასში სამოძრაო მანძილების ზრდა. რამაც, თავის მხრივ, მოქალაქეებისათვის საკუთარი სწრაფმავალი ტრანსპორტის საჭიროება წარმოშვა. რამდენიმე ხანში დიდი ქალაქიდან ავტოქარხნის მასშტაბის ზრდის იდეა იქნა შემოტანილი.; ქარხანა გაიზარდა და მასთან ერთად გაიზარდა ქალაქი, გაიზარდა მასში სამოძრაო მანძილები. მან, თავის მხრივ, გაზარდა საკუთარი ავტომანქანის ყოლის საჭიროება – აქამდე თუ ოჯახში ერთი საერთო მანქანა კმაროდა, ახლა მის თითოეულ წევრს ცალკე მანქანა დასჭირდა... ასე ხელოვნურად, ავტომანქანების წარმოების შედეგად, იქნა ნაწარმოები მათი საჭიროება...”

ეს ადგილი რამდენჯერმე წავიკითხე და რაღაც უცნაური ნაცნობი განცდა დამეუფლა. გამახსენდა ჩემი ბავშვობის სიზმარი: მოულოდნელი, უცხო, ქედმაღლური და თავზარდამცემი ინტერვენცია და წინააღმდეგობის შეუძლებლობით გამოწვეული სასოწარკვეთა.

დედობა და დედამიწა

ადამიანის ადგილს თანამედროვე სამყაროში მისი ძალაუფლების სტატუსი განსაზღვრავს. დაპყრობა-ფლობა-მორჩილების მარათონს ისინი ლიდერობენ, ვინც ყველაზე მეტად და მონდომებით ბურღავს დედამიწას და “ბურღავს” ადამიანის გონებას. კიდევ კარგი, რომ მომპოვებელთა, მონადირეთა და დამმონებელთა მტაცებლური ინსტიქტების წინააღმდეგ მებრძოლები ჯერ კიდევ არსებობენ. მათი ხმა, მბურღველებში, კასტრაციის შიშის ანალოგიურ ფობიებს იწვევს.

სამყაროს მომავლისადმი გულგრილობას, დედამიწის “ქონების” ანგარიშმიუცემელ ამოხაპვას და თქვლეფას გამუდმებით აკრიტიკებენ ფემინისტები და ბუნების “მორჯულების” სათავეს პატრიარქატში ხედავენ. ქალი, თავისი დედობის უნივერსალური უნარით, სამყაროზე ზრუნვის, მისი მთლიანობის გაფრთხილების და შენარჩუნების მომხრეა.

“არაფერი ისე ღრმად არ აკავშირებს ადამიანს ბუნებასთან, როგორც ქალის რეპროდუქციული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მთელ დანარჩენ ცოცხალ სამყაროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს სიცოცხლის დაბადებასა და მხარდაჭერაში. სწორედ ამითაა ქალი ბუნების ჭეშმარიტი შვილი, ამ ბუნებრივ სიმრთელეშია ჩადებული მისი სიძლიერის წყარო. (A. Collard, “Rape of the Wild. Man’s Violence against Animals and Eath”, London: Women’s Press, 1988).

მამაკაცი კი - უკიდეგანო ვოლუნტარიზმით ხარჯავს/ფლანგავს ბუნების და მისი ხელქვეითების რესურსებს, რადგან პატრიარქატის გარიჟრაჟიდან დღემდე, თავს სამყაროს ერთპიროვნულ ბატონ-პატრონად განიცდის. Aაი, რას წერს ამის შესახებ თავის წიგნში “ქალად დაბადებული” ადრიენ რიჩი:

“ადამიანის ცნობიერებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა მაშინ, როცა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ქალს ანაყოფიერებს არა მთვარე, გაზაფხულის წვიმა ან მიცვალებულთა სულები, არამედ - სწორედ ის, მამაკაცი და რომ ქალის მიერ მუცლით ნატარები და გაჩენილი ბავშვი, მისი შვილია, მისი უკვდავმყოფელი.” (Adrienne Rich, “Of Woman Born”, 1977).

ამ ცნობიერების რევოლუციამ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ სიავეთა დიდი ნაწილი განაპირობა. ალბათ ამიტომაა, რომ ნავთობში ამოვლებული ჭაბურღილების შემხედვარეს, სულ ეს აზრი მახსენდება:

“....შეღწევა უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობის აქტია, რომლის საშუალებითაც მჩაგვრელი შედის ჩაგრულის სხეულში და იპყრობს მას, სჯის და აკონტროლებს...შეღწევის ყოველი აქტი თავდასხმაა, რომელიც არყევს მის თავდაჯერებულობას და აძაბუნებს მის შინაგან ძალებს….” (The Leeds Revolutionary Feminist Group). ადვილი მისახვედრია, რომ ამ ციტატაში ნაცვალსახელებში “მას” და “მის” ქალი და დედამიწა თანაბრად იგულისხმება.

ლელა გაფრინდაშვილი
”დრო მშვიდობისა”, 2009