გოგრა და შირაზის შუშა
2003 წლის არჩევნების დღეს უზბეკეთში ვიყავი. მე და ჩემმა კოლეგებმა, სამოქალაქო ვალის მოსახდელად, საქართველოს საელჩოს მივმართეთ. არაფერი გამოგვივიდა, რადგან ამომრჩევლის ბარათი თან არ გვქონდა.
თბილისში დაბრუნებულს, უკვე წინარევოლუციური მდგომარეობა დამხვდა. მთელი გულით და გონებით ჩავერთე მასში, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავისუფლების, თანასწორობის და სამართლიანობის იდეების ერთგულია და მათი დამკვიდრების საქმეში საკუთარ ადგილს/მნიშვნელობას აცნობიერებს.
რევოლუციისადმი ჩემს მხარდაჭერაში მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა (თუმცა, ამ პროცესის ლიდერთაგან ჩემი ფავორიტი ყოველთვის ზურაბ ჟვანია იყო) , როგორც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ და უკომპრომისო დამცველს და არავითარ შემთხვევაში, - როგორც მასების მობილიზატორს. აქედან გამომდინარე , “ვარდების რევოლუციისადმი” ჩემს სიმპატიებს ცვლილების მოლოდინი და სურვილი განაპირობებდა და არა – კერპთთაყვანისმცემლური ვნებები.
თუმცა, უკვე 2004 წლიდან ნათელი გახდა, რომ რევოლუციის ავანგარდში მდგომი ადამიანების მიმართ უფრო მეტი კითხვები მქონდა, ვიდრე – ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია – ამ პრობლემების განსჯისა და პასუხის გაცემის სივრცე შეიზღუდა და თანდათან შსს-ს იმ ოთახს დაემსგავსა, საიდანაც ადამიანები “შემთხვევით ცვივოდნენ”.
დღეს უკვე სანახაობად/კარიკატურად ქცეული ქართული დემოკრატიის ლიდერი პრეზიდენტი საბჭოთა ხელმძღვანელებს უფრო მაგონებს, ვიდრე რეფორმატორს. ამ შეფასების ნათელსაყოფად მინდა ილია ჭავჭავაძის და მიხეილ სააკაშვილის სჯარო განცხადებები შევადარო ერთმანეთს:
ილია ჭავჭავაძე, 1887 წელი: “ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს...
ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ? “
მიხეილ სააკაშვილი, 2010 წელი: ”ჩვენ უნდა ვიყოთ მზად:: ერთ ხელში უნდა გვეჭიროს თოხი და მეორეში იარაღი... ერთ ხელში უნდა გვეჭიროს თოხი, კომპიუტერი, წიგნი, სხვა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა 21-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყნის მშენებლობისთვის...
სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ჩვენ შვეიცარიაში და ჰოლანდიაში და არა ვართ გარშემორტყმული ერთი მიმართულებიდან ძალიან მეგობრული ქვეყნით და საქართველოს სჭირდება ყველაფერი ეს და არაფერი მილიტარისტული ეს არ არის. მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი. საქართველოს სჭირდება თავის თავის დაცვა. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, მაგრამ ჩვენ გვაქვს
ტერიტორიების 20% ოკუპირებული.
დათვს ბაბაია რომ დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ დათვს მოეწონო და სხვათაშორის, თუ მოეწონები კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. და ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის, რომ ჯოხი აიღო ხელში, ჯოხი ჩაარტყა და ყველაზე კარგია, თუ გაქვს პისტოლეტი ან თოფი, კიდევ უფრო კარგი, მსხვილკალიბრიანი.”
ოპონენტებთან დამოკიდებულებაში ილიაც შეუპოვარი და დაუნდობელია, მაგრამ მისი კრიტიკული წერილების ლომის წილი არგუმენტებზე მოდის და არა - ქარაგმებსა და შეურაცხმყოფელ სარკაზმზე.
19-20-ე საუკუნეთა გზაგასაყარზე, ნოე ჟორდანიამ საადგილმამულო ბანკს “ბურჟუაზიულ-ფინანსური დაწესებულება” უწოდა. ილიამ კი მას, როგორც გერმანიაში “განსწავლულ” მარქსისიტს ურჩია ელემენტარული პოლიტეკონომიკური კატეგორიები “ფინანსური” და
“საკრედიტო” ერთმანეთისგან განესხვავებინა.
ჟორდანიას მეორე არგუმენტი ბანკის თავადაზნაურულ-წოდებრივობას ეხება. მის საპასუხოდ ილია დაწესებულების გამგეობის შემადგენლობასა და ზედამხედველობის კომიტეტზე მიუთითებს, რომლის წევრობა ყველა წოდების კაცს შეუძლიან, ოღონდ კი ამორჩეული იქნას. (თავადაზნაურთა კრება 3 წელიწადში უნდა გაიმართოს, ხოლო ბანკის მორიგი კრება ყიველწლიურია).
ბანკის მესამე ნაკლად მარქსისიტი ასახელებს დამფუძნებლების სავალალო მდგომარეობას, რადგან მათ მამული ეყიდებათ და დღითიდღე ღატაკდებიან. ცხადია, ხვდება ილია, რომ მოპაექრე მხარეს რეალობაზე წარმოდგენა არა აქვს, მაგრამ მაინც ეხმიანება: “მამული ეყიდებათ მათ, ვისაც ბანკში მამული გირაოდ შეუტანია და ვალად ფული გაუტანია. ამისთანა კაცს “ვალის ამღები” ჰქვია და არა – “დამფუძნებელი”. “დამფუძნებელი” მარტო ბანკის დამაარსებელია და ფულის ჩამომსვლელი და სხვა ცალკე ქონებრივი დამოკიდებულება არ აქვს ბანკთან და ვისი რა პასუხისმგებელია, ვისი რა მზღვეველია თავისი მამულით?”
მეოთხე, საადგილმამულო ბანკის იდეის საწინააღმდეგო, არგუმენტი ჟორდანიასთვის არის “ფულის” და “წოდების” ურთიერთშეუთავსებლობა. ამ შეხედულების სისუსტეს ილია ამ სგანზე გავრცელებული შეხედულებების მოხმობით ცდილობს:
“საკომერციო ბანკები ვაჭართა წოდებისთვის უფროა დაარსებული, სასოფლო ბანკები - გლეხთა წოდებისთვის, სახელმწიფო სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი - მარტო და განსაკუთრებით თავადაზნაურთა წოდებისათვის, სახელმწიფო საგლეხო საადგილმამულო ბანკი - მარტო და განსაკუთრებით გლეხთა წოდებისათვის. რადგან აქ ერთი მხრით ფულია და მეორე მხრით – წოდება, და რადგან ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მაშინ ჟორდანის ლოღიკით ეს ბანკები იძულებუილნი არიან ამ წინააღმდეგობაში იტრიალონ და ამით თავის თავს ებრძოლონ.
ამ ჩვენს უებრო მარქსისტს და ლოღიკას სწორედ ის საქმე დაჰმართნიათ, რაც ფულსა და წოდებას, ბ-ნ ჟორდანიას თუ დავუჯერებთ.”
ჭავჭავაძე-ჟორდანიას ორთაბრძოლა 1900 წელს გაგრძელდა. ილიამ ევროპიდან ახლადდაბრუნებულ “ქადაგს” (რომელიც უკვე რუსეთის ცოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრია!) მიმდევრების შერჩევის წესი დაუწუნა: თანამებრძოლებს მხოლოდ ერთგულების მიხედვით არჩევ და არა - ზნეობისა და პროფესიონალიზმის ნიშნითო. ასეთები კი ქართველი ერის წარმომადგენლებად ვერ ჩაითვლებიანო. განრისხებულმა მარქსისტმა, აქაო და ბევრნი ვართო – 101 ადამიანის ხელმოწერილი წერილი გამოაქვეყნა. ამის პასუხად ილია ამბობს: “სადაც ეთიკაზე და მართებულობაზეა ლაპარაკი, ხმა უნდა აწონილ იქნას და არა – დათვლილ, რაც გინდ ბლომად ნულები გაამწკრივოთ, მაინც ნული გამოვა”.
სოციალ-დემოკრატების “განულებით” თავზარდაცემული ნოე ჟორდანია ცდილობს ეს ყველაფერი “ქართველი ხალხის” შეურაცხყოფად თარგმნოს და საზოგადოებას “ივერიის” მესვეურებთან ანგარიშის გასწორებისკენ მოუწოდებს.
ილია კარგად ხედავს – რა საშიშ თამაშს თამაშობს ოპონენტი. ამიტომ მოუწოდებს გაიხსენოს აზრები, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინათ ტავს იწონებდა:
“გონება საზოგადოდ იშვიათი რამ არის, ის სანთლით საძებარია, ხოლო უგუნურება ყოველგან და ყოველთვის ადვილი მისაგნებია. ცხადია, პირველის ჭურჭელი – ინტელიგენცია – ძლიერ ცოტაა, სულ ერთი მუჭაა, მეორესი (ე.ი უგუნურების) მთელი
ხალხი, მთელი ერია. ხალხი და ინტელიგენცია, ინტელიგენცია და ხალხი – აი, ორი მეტოქე და მებრძოლი ელემენტი. ამნაირად ინტელიგენტი გონებას აგდებს ხალხიდამ და ხალხს - გონებიდამ” (კვალი, 1898, Nნომერი 12, გვ.201)
არ ცხრება ჟორდანია: ყველას, ვინც კი მისი მხურვალე მხარდამჭერია არ არის “ძველებში” ათავსებს, ხოლო საკუთარ თავს და მისიანებს “ახლებად” ნათლავს და სამოქმედო პროგრამას აძლევს:
“ჩვენი მიზანია ცხოვრების ფურცლებზე ის წავიკითხოთ, რაც დაწერილია და იწერება და არა ის, რაც წამკითხველის ოცნებაში აღბეჭდილა”. ასეთი საქმიანობის მაგალითად კი კახეთში მისი მოგზაურობა და ამ ვოიაჟიდან გამოტანილი დასკვნები მოაქვს: გლეხის, თავადის, მღვდლის განსხვავებული ჩაცმულობა, საუბარი, მიხვრა-მოხვრა, ხასიათი და ზრდილობა უტყუარი საბუთია იმისა, რომ კახეთში კასტური წყობააო.
ამ აბსურდული აზრის უარსაყოფად ილია იძულებულია უამრავი მაგალითი მოიტანოს ევროპული (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) სინამდვილიდან: გლეხი, პროლეტარი, წვრილი ფერმერი, ფეოდალი, ლორდი ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ არავის მოუვა აზრად ამ საზოგადოებებს კასტურობა დასწამოს:
“თავისთვის რომ ვერ აუხსნია, ვერ გამოურკვევია ეს სიტყვა, ვის რას აუხსნის, ვის რას გამოურკვევს ამისთანა ყოვლად უმეცარი და ქარაფშუტა მოუბარი. “
ამ პოლემიკაში ილია არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ნოე ჟორდანიას მიერ ქართული და ევროპული საზოგადოებების შედარებას:
“როცა რომელიმე მოღვაწე ევროპაში იტყვის – ხალხიო – მაშინ ის და სხვებიც ერთს ყველაზე მოძრავ და მოწინავე ელემენტს გულისხმობს. ჩვენში თუ ხალხი ახსენე, უთუოდ ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილს, ანდა სოფლის უძრავ ელემენტს გულისხმობენ.”
ეს აზრი კი საბოლოოდ აცლის ნიადაგს ნოე ჟორდანიას, რადგან მისი მომხრეები ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდნენ 19-20-ე საუკუნის გზაგასაყართან დარაზმულ მოწინავე ადამიანებად.
“ეხლა სწორედ მე მეთქმის: აი, სადამდე უკან ჩამორჩენილა ევროპას ეს ჩვენი გუდაფშუტა ვითომდა ახალი მოღვაწე. სასაცილო არ არის ეს ამბავი: კაცი სიტყვით წინ იწევდეს თავგადაგლეჯილი, საქმით კი – ფეხები დამბლასავით უკან რჩებოდეს?!.. განა სასაცილო არ არის, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ ასე გაიბა თავი საკუთარ მახეში?”
აბა, ვეცადოთ და აღმოვაჩინოთ მსგავსი პოლემიკა თანამედროვე საქართველოში. ტყუილად გავირჯებით, რადგან პრეზიდენტი, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მხოლოდ თანამოაზრეებს ელაპარაკებიან. ხოლო თუ ვინმემ მათ ნააზრევში წინააღმდეგობა აღმოაჩინა, მაშინ კამათი ან წყდება ან ლანძღვა-გინებაში გადადის. სწორედ ასეთ მოაზროვნეებზე თქვა ილიამ: “გოგრა ვერ იქცევა შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასდვა”-ო.
ლელა გაფრინდაშვილი
სტატია დაიბეჭდა ჟურნალში "ცხელი შოკოლადი", 2010 N66
No comments:
Post a Comment