ნუ მოკლავ ჯაფარას!

ამბობენ, რომ ათასმა ქართველმა ინტელიგენტმა, საკანონმდებლო ორგანოსგან, საახალწლო საჩუქარი, ინდაური, მიიღო. სწორედ ისე, როგორც არჩევნების წინ მღვდელმთავრებმა- ჯიპები.

ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძღვენის შეთავაზება არ გამკვირვებია, მაგრამ მიმღებთა საქციელმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. თავი მხოლოდ იმით დავიმშვიდე, რომ მსგავსი საფრთხე მე არ მელოდება. და თუ ოდესმე "რჩეულებში" ჩამწერეს და რაიმე მისახსოვრეს, ნეტა იცოდეს, რა ელოდება იმ ადამიანს, ვინც ამ ნობათით ხელში გამომეცხდება: ისეთ დღეს დავაყრი, რომ მღვდელი დიაკვნად მოეჩვენება!

სანამ ელიტარული ინდაური "ერის საუკეთესო ნაწილის" ქვაბებში თუხთუხებდა, პირველი არხის გენერალურმა პროდიუსერმა, გიორგი ჭანტურიამ, უნიკალური ნობათი მოგვართვა: "საქართველოს მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და სიყვარულით სავსე” ფრაზები, სადაც იგი განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანებს “ხეიბრებად” მოიხსენიებს, ჰომოსექსუალებს - “პიდარასტებად”, ტოლერანტობა “კორკოტას” ძმაბიჭური შეძახილები ჰგონია, ხოლო პირველი არხის განახლება - გოგო-ბიჭებით მისი დაკომპლექტება. თანაც, დარწმუნებულია, რომ სიცოცხლე მხოლოდ “ნორჩებს” გულისხმობს, ხოლო დანარჩენები, განსაკუთრებით ხანდაზმული ქალები, უნდა "მოკლა", რათა ახალგაზრდებით დასახლებულ კუნძულს, ანუ ტელევიზიას, სული შთაბერო; "ეს ტელევიზია ცოცხალია. ჩვენი პირველი ამოცანა იყო ბებერი ქალი მოგვეკლა, რომელთანაც ასოცირდებოდა ეს ტელევიზია..." - ამბობს იგი.

ხელისუფლების ფავორიტთაგან, ცხადია, სახელმწიფო მოხელის ქსენოფობია არავის გაუპროტესტებია. საზოგადოების ნაწილი კი ახმაურდა, აყვირდა, მაგრამ კულუარულად და არა - ორგანიზებულად!

ამას პირველი არხის მესვეურთა თავის მართლება მოჰყვა: ჩვენ გამოკვლევა ჩავატარეთ და რესპოდენტთა უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოხუც ქალს შეადარაო.

ჰოი, საოცრებავ! საზოგადოებამ გითხრათ, ტელევიზია მოხუც ქალს ჰგავსო და არა - მოხუცი ქალი უნდა მოკლათო!

იქნებ საქართველოს მოქალაქეებს “ქალის” ტანსაცმელი ანუ აპარატურა და სტუდიები არ მოსწონთ? იქნებ, თანამედროვე კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ასახვის სიმწირეზე მიგანიშნათ, რის გამოც ტელეეთერი ბებიების მიერ მრავალჯერ მოყოლილ, მოყირჭებულ ზღაპარს ემსგავსება.

ამ საკითხებზე რომ გეფიქრათ, მაშინ მიხვდებოდით, რომ "ახლის" შესაქმნელად "ძველი" კი არ უნდა "მოკლა", არამედ ამ ორი უკიდურესობის თანაარსებობა უნდა ასახო. ასეთ შემთხვევაში ტელევიზია სოციალიზმზე დამყნულ პატრიარქატს კი არ დაემსგავსება, არამედ - რეალურ ცხოვრებას, სადაც სოციალურად სუსტები და ძლიერები, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები, კულტურული და პოლიტიკური ერთობები თანაარსებობენ. აი, ეს არის საინტერესო და ეს ზრდის სოციუმში ტოლერანტობის ხარისხს, რომელიც თურმე, მისი წარმომადგენლის განმარტებით, პირველი არხის პრიორიტეტი არ არის.

უნდა გამოგიტყდეთ და გითხრათ, რომ გიორგი ჭანტურიას აზრების წაკითხვის შემდეგ პირველი, ვინც გამახსენდა, - სწორედ ამ სახელმწიფო მოხელის ბებია იყო, - აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე, აფხაზურ-ადიღეური ენების სფეროში უნიკალური გამოკვლევების ავტორი. მაშინ, როცა ბევრი ქართველი მკვლევარი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე აფხაზების დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გამოკვლევების ტირაჟირებაში იყო გართული, ქალბატონი ქეთევანი სწორედ აფხაზური და აბაზური ენების თვითმყოფადობაზე და ჩვენს საერთო კავკასიურ ნათესაობაზე საუბრობდა. მისი რედაქტორობით, 2003 წელს გამოცემული “ქართულ-აფხაზური ლექსიკონი” ხომ უნიკალურია თავისი მნიშვნელობით. ამიტომ გამორჩეულად უყვარდათ იგი აფხაზებს და ასე მოიკითხავდნენ ხოლმე: "Хан табакоу?" ანუ სად არის ჩვენი დედაო? ჩვენს უახლოეს წარსულში, ეს ჭარმაგი ენათმეცნიერი რომ ვინმეს გახსენებოდა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩაერთო, ან ტელევიზიით მისი წვლილის ამსახველი სიუჟეტები მოემზადებინათ, - ვინ იცის, იქნებ თავიდან აგვეცილებინა ძველი და ახალი ომი?! ქეთევან ლომთათიძე ხომ 2007 წლის 22 სექტემბერს, 96 წლის ასაკში, გარდაიცვალა?! მაგრამ ასეთი საქმის გაკეთებას ჯერ ცოდნა სჭირდება, შემდეგ – სოციალური პრობლემებისადმი მგრძნობელობა და ადამიანებისადმი თანაგრძნობა, რისი დეფიციტიც, ქართულ მედიასივრცეში, ნამდვილად დიდია.

ახლა კი მთავარი! ისტორიები, რომელმაც თავის დროზე ბევრი რამ მასწავლა და როგორც ბებიამ - შვილიშვილს, ისე მინდა მოვუყვე პირველი არხის გენერალურ პროდიუსერს.

VERBA MAGISTRA

ჩემს ქუჩაზე ერთი გეოლოგი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ბავშვების ჭკუის დარიგება უყვარდა. დაგვინახავდა თუ არა ერთად შეკრებილებს, მაშინვე რაიმე გრძელ, დიდაქტიურ ლექციას ჩაგვიტარებდა, ბოლოს ხელს ზეცისკენ გაიშვერდა და იტყოდა: "VERBA MAGISTRA"და იქვე განმარტავდა - "მასწავლებლის სიტყვა".

ზაფხულობით "მაგისტრასთან" მოსკოვიდან მისი ძმისშვილი, თემო ჩამოდიოდა: გაბღენძილი, ხმელი და მაღალი ბიჭი. შორიდან, სახეზე დამცინავი ღიმილით, გვათვალიერებდა "კლასობანას" თამაშით გართულ გოგონებს. მერე თვის ღობეზე შემოჯდებოდა და გამაყრუებელ სტვენას იწყებდა.

ვერ იქნა და ვერ გამოგვიწვია. მას ალბათ არასოდეს გავიცნობდი, რომ არა ერთი შემთხვევა: ჩვენი ქუჩის ოღრო-ჩოღრო ქვაფენილზე, თუ დაკვირვებით არ გაივლიდი, - ნამდვილად კისერს მოიტეხდი. ერთხელაც მოხუცი ქალი ისე დაეცა, რომ რამოდენიმე წუთი უგონოდ ეგდო. ქუდმოგლეჯილი გავვარდი დასახმარებლად: წამოვაყენე. მოსულიერდა თუ არა, - მადლიერებით შემომხედა, თავი დამიკრა და გზა გააგრძელა.
როცა გამოვერკვიე, თავის ღობეზე შემომჯდარი თემო დავინახე, უცნაურად იღრიჯებოდა და ფეხებს იქნევდა. არც განძრეულა. ვიფიქრე _ მივალ, ხელს ვკრავ და გადავაყირავებ-მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა? შორიდანვე შემომძახა:

– А ты Кристи читала?

უარის ნიშნად თავი გავიქნიე, რაზეც ერთი კარგად გადაიხარხარა და მითხრა:

– Как я не догадался, ты ведь по-русский читать не умеешь?

სიბრაზისაგან ენა დამება, მაგრამ მაინც სხაპასხუპით ჩამოვუთვალე მოთხრობები, რომლებიც სწორედ რუსულად წავიკითხე.

– О, эти-же наши! Я про заграничных спрашивал. Я бы одолжил, но с собой не взял, через год принесу.

მადლობა გადავუხადე და მისი ქართულის ცოდნით დავინტერესდი. მითხრა, 3 წელია ვსწავლობო და უკვე მოთხრობებსაც ვწერ ქართულადო, თუ გინდა - წაგაკითხებო. სიხარულით დავთანმხდი.
მეორე დღესვე 48-ფურცლიანი რვეული მომიტანა, რომელზეც წითელპომადიანი ქალი ეხატა და დიდი ასოებით ეწერა: "ნუ მოკლავ მგალობელ ჩიტს!" გამალებული დავიწყე კითხვა. მოთხრობა სულ 40-45 გვერდი იყო, თან დიდი, უსწორმასწორო ასოებით ნაწერი. ფანქრის რუხ უფერულობას წითელი პასტით შესრულებული ადგილები არღვევდა. თანაც ეს წითელი ჩანართები იმდენად გულმოდგინედ, ლამზად იყო დაწერილი, რომ როცა კითხვას მოვრჩი, ჩემს წიგნაკში დიდი რუდუნებით გადავწერე და ხშირად ვიყენებდი თანატოლების დასამოძღვრად. აი, ისინიც:

"ადამიანს შეუძლებელია გაუგო, თუ ცოტა ხნით მის თვალსაზრისზე არ გადახვედი. მის კანში უნდა შეძვრე და გაიარ-გამოიარო. თუ ეს ფოკუსი აითვისე, მაშინ ძალიან გაგიადვილდება შენგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა..."

"იცი რა არის კომპრომისი? ეს არის, როცა ადამიანები ერთმანეთს უთმობენ და ამ გზით შეთანხმდებიან."

"არასოდეს მოიხსენიო შავკანიანები ”ზანგებად"!

"თეთრკანიანმა ქალმა შავკანიან მამაკაცს აკოცა, აცდუნა იგი და ამით მორალური კანონი დაარღვია. მისმა სურვილმა კანონზე გაიმრჯვა, ახლა კი - მისი სირცხვილის მოწმე, ტომ ტეილორი, უნდა მოიშოროს. მას საზოგადოებაც ეთანხმება, რადგან ჩვენი აზრით ხომ ყველა შავკანიანი მატყუარა და უზნეოა. მაგრამ ჩვენ ასევე ყველას მოგვეხსენება, რომ მხოლოდ ზოგიერთი შავკანიანია მატყუარა და უზნეო. მაგრამ ეს მსჯელობა ხომ არა მხოლოდ ერთ რასაზე, არამედ ყველა ადამიანზე თანაბრად ვრცელდება?! აბა რომელ ჩვენგანს არ უცრუია და არ მოქცეულა უღირსად?!..."

"ადამიანმა, რომელსაც ბავშვები "საშინელებას" ვეძახდით, მე და ჯიმის სიცოცხლე გვაჩუქა... ყველა ადამიანი კარგია, თუ ის ბოლოს და ბოლოს გაიცანი..."

ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ თემოს დავუმეგობრდი. თვალი სულ მისი ეზოსკენ მეჭირა. მე "ღამურა" ვარ და რადგან მათი სხვენი მთელი ღამე განათებული იყო, ვიფიქრე -ნამდვილად ახალ მოთხრობებს წერს-მეთქი, მაგრამ გამაწბილა: იქ უბრალოდ შუქს არ ვაქრობთო. უცნაურად კი გაწითლდა და თავი მკვეთრი მოძრაობით გვერდზე მიაბრუნა.

ერთ თვეში თემოს ეზო ხალხით გაივსო. მეზობლებმა თქვეს _ "მაგისტრას" დედა, კეკე, გარდაიცვალაო. სახტად დავრჩი! მათთან მესამე ადამიანი არასდროს დამინახავს.

დაკრძალვაზე უამრავი ხანაზმული ქალი მოვიდა. აღმოჩნდა, რომ კეკე რუსულის მასწავლებელი იყო, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი.

საპანაშვიდო მითქმა-მოთქმაში ისიც გავარკვიე, რომ განათებული სხვენის ბინადარი სწორედ ის იყო: სიცოცხლის ბოლო წუთამდე შრომისუნარიანი, ბევრს კითხულობდა და შვილიშვილისთვის მოთხრობებს ქართულად თარგმნიდაო. როცა უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, თვალი ცხედრისკენ გამექცა და ჩემი გადარჩენილი მოხუცი შევიცანი.

რა დიდი ჭკუა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ მეზობელი ბიჭის მიერ თავისადგასაღებული მოთხრობა “სხვენის ჩიტმა” დაწერა. ხოლო, როცა 1986 წელს, ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" ქართულად წავიკითხე, მივხვდი საქმის ნამდვილ არსს: კეკე ბებიამ ეს ნოველა რუსულიდან, იმპროვიზირებულად თარგმნა.

კიდევ ერთხელ გავბრაზდი მოხუცი ქალის გამო, რომლის გონიერებას და ნიჭს ნამდვილად უნდა ვუმადლოდე ამ უკვდავი თხზულების იდეებთან ზიარებას: როგორ არ უნდა დაჩაგრო შენზე სუსტი და შენგან განსხვავებული ადამიანი ისევე, როგორც არ უნდა მოკლა ჯაფარა, _ ჩიტი, რომელიც არ ერჩის ნათესებს, არ ემტერება გლეხის ნუგეშად გამოვსებულ ბეღელს, _ მხოლოდ გალობით გვატკბობს და თვისუფლად დაფრინავს!

სასწრაფოდ ჩემი წიგნაკი მოვძებნე: უკვე მერამდენედ ვკითხულობდი ჰარპერ ლის აზრებს და გულს ამოუცნობი სევდა მიმძიმებდა - ალბათ, კეკე ბებიას გამო. როგორ ცდილობდა შვილიშვილისათვის თანაგრძნობა ესწავლებინა?! შეცდა! სიყვარული არ ისწვლება, ეს ნიჭი ან გეძლევა, ან - არა. მის ცდას რომ ნაყოფი გამოეღო, მაშინ თემო მოამაგე ბებიას სხვენის მარტოობისთვის არ გაიმეტებდა, ქვაფენილზე უსულოდ დაგდებულს - წამოაყენებდა და როგორც ავტორს და მასწავლებელს, არასდროს ”მოკლავდა”. აბა, წარმოიდგინეთ, - რას უზამს ჩიტებს ასეთი ადამიანი?!

Helichrysum ანუ უკვდავა

ჩემი შთაგონების წყარო ბუნება არასოდეს ყოფილა. მისი სიდიადე და სწორუპოვრობა უფრო მაშინებდა, სევდას მგვრიდა, ვიდრე - სიხარულს. აი, ცხოველები და ადამიანები, მათი ზნის დაკვირვება, ამოცნობა და თანაგრძნობა ინტერესს მიღვივებდა. ამიტომაც როგორც გიჟს, ისე ვუყურებდი ჩემს ნათესავს, მექის, რომელიც დედამ მიატოვა და მამა და დედინაცვალი ზრდიდნენ. საზაფხულო არდადეგებზე იგი, დედაჩემის მშობლიურ სახლში თავმოყრილ ბავშვებს, ერთი-ორი კვირით აუცილებლდა გვესტუმრებოდა ხოლმე. დილაუთენია გარბოდა ტყეში. უამრავი ყვავილი, ფოთოლი, ფესვები მოჰქონდა, დერეფნის მზიან მხარეს ალაგებდა და ყველას გვაფრთხილებდა: "ხელი არ ახლოთ, არ შეაწუხოთ, თორემ ჰერბარიუმი გამიფუჭდება!" შეპყრობილი იყო მცენარეებით. ლექსებსც მხოლოდ მათ უძღვნიდა. ერთი მათგანი მახსოვს _ "Fragaria annanassa" ერქვა.

შუადღისას მსხლის ძირში ბავშვებს თავს მოგვიყრიდა და, მაგალითად, გვკითხავდა: იცით რას ნიშნავს "Helichrysum"?

უარის ნიშნად, თავებს გავაქნევდით თუ არა, იწყებოდა გულანთებული საუბარი ამ მცენარის ბუტკოზე, გვირგვინის ფურცლებზე, მტვერზე, ფოთლებზე, ფესვებზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ავად იყო ამით, ამიტომ თხრობა და მსმენელები წამალივით სჭირდებოდა. ერთხელ, დედამიწაზე ბჭობა ბებიაჩემის აზრმა გააწყვეტინა:

- მეტი შენ რა გითხარი! დედამიწაა რომ ბრუნავდეს, ერთხელ მაინც როგორ არ მოვხვდებოდი მოსკოვში?

- ჰა, ჰა, ჰა! დედამიწა შენს გარშემო კი არა, - თავისი ღერძის გარშემო მოძრაობს! - უპასუხა მექიმ სახტად დარჩენილ გოგუცას.

ზაფხული ზაფხულს მოსდევდა და ჰერბარიუმი ჰერბარიუმს ემატებოდა. მაგრამ მოხდა უბედურება: ერთხელაც, ეს სასოებით დაგროვილი "სიმდიდრე" დედინაცვალმა დაუწვა, ხოლო ლექსები სულ ნაკუწებად უქცია - რა ბიჭის საქმეა ეს სისულელეებიო. მექი თვითგვემას მიეცა: არც სკოლაში დადიოდა და სახლიდანაც ფეხს არ დგამდა გარეთ. ნელ-ნელა მოეგო გონს. ამასობაში მე სკოლა დავამთავრე და სტუდენტი გავხდი. მოულოდნელად დამირეკა და მესტუმრა:

- სახლიდან წამოვედი, ვეღარ გავუძელი იმ კუდიანს. მითხრა, - ახლა ცოლი უნდა შეირთოო. თან მის ბიძაშვილს მირიგებს: აბა, ეს ჩემი სიმწრით ნაგროვები ქონება ვიღაც გომბიოს ხომ არ უნდა დარჩეს, არ ჯობია ჩემიანმა გაიხაროსო? ეგ გოგო ჩემი ნათესავიც გამოდის-მეთქი რომ ვუთხარი, კინაღამ გაგიჟდა – შენ რა ჩემი ნათესავი ხარო?

ისეთი თავზარდაცემული და შეურაცხყოფილი იყო, რომ ძლივს დავამშვიდე. შუაღამისას წავიდა. კარებში იდგა, როცა თქვა:

- გეფიცები, მაინც არ მძულს, უფრო მეცოდება!

იმ წუთში მისი გულმოწყალება არ დავიჯერე. მეგონა იტყოდა – მძულს ქალებიო (დედისა და დედინაცვლის გამო!), მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მართალი იყო, რადგან ამ ბიჭს მხოლოდ სიყვარული შეეძლო და ამისთვის ისჯებოდა. მეორე დღესვე დავურეკე მამამისს, მაგრამ ტელეფონთან ”ის” მოვიდა. მექი ისე მოვიკითხე, ვითომ არაფერი ვიცოდი.

- შენც კაი იმერელი აფერისტი ხარ! როგორ დავიჯერებ, რომ არ გნახა და არ ჩაგიკაკლა ამბები. წინ - წყალი, უკან - მეწყერი, მაგ არაკაცს! სულ დაამტვრია ყველაფერი, ”მადონაც” კი! - მითხრა და ყურმილი დაახეთქა.

ვიფიქრე: ახლა მოვა და რაც თავის გერს დააკლო, სულ ჩემზე აანაზღაურებს-მეთქი. მაგრამ დამიფარა მამა ზეციერმა და დედა ღვთისმშობელმა!

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გენერალური პროდიუსერისთვის მექი პიდარასტია, დედინაცვლისთვის - არაკაცი, ხოლო ჩემთვის - მცენარეთა სულთამპყრობელი ბერბიჭა, Helichrysum ანუ იგივე უკვდავა.

ეპილოგი

სანამ ჩვენ სახელმწიფო მოხელეთა ქსენოფობიას ვებრძვით, "ნუ მოკლავ ჯაფარას" ავტორი, ჰარპერ ლი, 82 წლის გახდა და მხოლოდ ეტლით გადაადგილდება. გია ჭანტურიას სიტყვებით "ბებერი ხეიბარი ქალია", მაგრამ იგი არავის დავიწყებია: არც სახელმწიფოს და არც -საზოგადოებას. 2007 წელს "აშშ-ს პრეზიდენტის მედალი მშვიდობისათვის" მიიღო, ხოლო 2008-ში - ალაბამას შტატის იურისტთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. ტელეგადაცემებიც მიუძღვნეს, სადაც სამართალმცოდნე ქალი უზადო გულმოდგინებით იხსენებდა იმ ჯილდოებსა და აღიარებას, რომლებიც 1960 წლიდან, ანუ წიგნის გამოსვლიდან, დღემდე მისმა, "საუკუნის საუკეთესო ნოველად" აღიარებულმა მოთხრობამ და მის საფუძველზე გადარებულმა ფილმმა (რეჟისორი რობერტ მალიგანი) მიიღეს. უამრავ გამოხმაურებას შორის, ჰარპერს ყველაზე მნიშვნელოვნად ერთი აფრო-ამერიკელი ქალის აზრი მიაჩნია: "როცა თქვენი წიგნი წავიკითხე, 14 წლის ვიყავი. მან შეცვალა ჩემი ცხოვრება!"

დიახ, ასეთ წიგნებსა და ჰარპერ ლის მსგავს ადამიანებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვების შეხედულებებზე, ცხოვრებაზე, გახადონ ისინი უფრო ჰუმანურები და ტოლერანტულები. ხოლო როცა "კორკოტა" ამბობს - ჩემი მეზობელი ვანია პეტროვი რა ჯიგარი ბიჭი იყოო - ეს არის "ძმობა და გაგება" და არა - ტოლერანტობა!

ლელა გაფრინდაშვილი
ჟურნალი ”სოლიდარობა” N1 (28), 2009
გადაბეჭდილია:
გაზეთი ”ბათუმელები” 01/2009
ჟურნალი ”მე” N1 (10) 2009