ფრ/ლ/უსტრაცია

ნაცნობი უცნობნი

თვითდაკვირვებამ მაჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტკური სიტუაცია რაც უფრო იძაბება, - მით უფრო ვიძირები მრავალწლიანი კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალებში. თითქოს ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი სწორედ აქ უნდა აღმოვაჩინო. მათ შორის ბევრი ისეთი ტექსტი და ფაქტია, რომელიც სააშკარაოზე არავის გამოუტანია და მივიწყების მტვერი ადევს.

ზოგიერთი მასალის გაცნობისას კი ვერაფრით ვხვდები – როგორ გახდა შესაძლებელი ფაქტებისა და ხდომილებების ასეთი აღვირახსნილი გაყალბება? როგორ მიეცა უსამართლო დავიწყების მორევს ქვეყვის სვე-ბედზე მზრუვნელი უამრავი ღირსეული ადამინი? და რა უდევს საფუძვლად ამ დავიწყება-დამახსოვრებას?

არ მიყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, არავის ვეტყვი – ჩემი ხედვა და ანალიზი ერთადერთი და სწორუპოვარია-მეთქი. მე მხოლოდ ჭკუა-გონების პროვოცირებას ვესწრაფვი: როცა წაკითხული და ნანახი იმდენად შეგძრავს, რომ ველური გზნებით ანთებული, მანამდე ვერ მოისვენებ, სანამ კითხვების დასმას და შენეული პასუხის გაცემას არ დაიწყებ.

წუხელ ალექსანდრე გრიბოედოვის მეგობრის, პეტრე კარატიგინის მოგონებებს ვკითხულობდი. ძალიან მენიშნა, რომ 1831 წელს მას საქართველოში თავისი პიესა “ნაცნობი უცნობნი” დაუდგამს. მთავარი გმირი, სარკაზმოვი, ფარისეველთა გასაგონად ასეთ ფრაზას ამბობს: “პირადი მტრები მირჩევნია ორპირ მეგობრებს”.

მოკლედ, ჩვენს ახლო და უახლოეს წარსულში ბევრი, ჩვენთვის უცნობი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფურცელია. ამიტომ აუცილებლად დასაწყებია მათი რეანიმაცია-რეპრეზენტაცია. ეს სამუშაო არა მხოლოდ შემეცნებითი ან კვლევითი მიზანსწაფვის დასაკმაყოფილებლად გვჭირდება, არამედ “აწმყოში” ყოფნისა და “მომავალში” გადასვლისთვისაც.

გვაჩვენეთ სტალინი!

2007 წლის თებერვლის დასაწყისში, “რუსთავი 2”-მა სტალინის შესახებ რუსეთში გადაღებული სერიალის ჩვენება დაიწყო. სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტში ავტორმა, დავით ნიკურაძემ, საზეიმოდ გვამცნო: “მინდა განვაცხადო, რომ დასავლურმა კამპანიამ დიდად შეუწყო ხელი სტალინის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ეს გასაკვირი არც არის – დასავლეთი ხომ მას ყველა ბოროტების სათავედ თვლიდა”. ხოლო არხის გენერალური დირექტორი, კობა დავარაშვილი, ბესარიონოვიჩზე ჩვენი მცდარი წარმოდგენების ნგრევას დაგვპირდა : “ეს ფილმი საშუალებას გავძლევს გავიგოთ, თუ რაზე ფიქრობდა სტალინი, ვინ სძულდა და ვინ უყვარდა, ასევე – იყო თუ არა სტალინი მართლა ასეთი ცუდი, როგორც ჩვენ ამდენი წლები თავში გვიტენიდნენ?! თურმე ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა.”

ორ კვირაში, 16 თებერვალს კი – საქართველოს პარლამენტში ჩავარდა ოპზიციის მიერ ინიცირებული კანონი ლუსტრაციის შესახებ. (ამ კანონის მიღებას რევოლუციის ლიდერები ჯერ კიდევ 2004 წელს გვპირდებოდნენ). ეს დოკუმენტი საბჭოთა წარსულის უარყოფითი შეფასებაა და ამასთან იგი საბჭოთა სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურს უკრძალავს. გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ უმრავლესობის შიგნით ამ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია ჯერ არ დასრულებულა და პირობა დადო, რომ პარლამენტი ამ საკითხს მალე დაუბრუნდება. მანვე “რუსთავი 2”-ის მიერ სტალინის ძლიერ ქართველ პოლიტიკოსად წარმოჩენას “სამარცხვინო მცდელობა” უწოდა.

... შედეგად კი რა მივიღეთ?: ნაცვლად იმისა, რომ ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიები დაწყებულიყო, - ეს თემა “სტალინი LIVE”-ის აკრძალვასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა.

ეს დებატი მხოლოდ ერთხელ ამომიტივტივდა გონებაში და ისიც მაშინ, როცა დეკანოზ ლევან ფირცხალაიშვილის ხილვის შესახებ წავიკითხე: “ ერთხელ ისე მოხდა, 20 დღის უჭმელი ვიყავი, მხნეობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ მართალი გითხრა, ცოტა დავღალდი და ჩამეძინა. და სწორედ ამ დროს დედა ღმრთისასგან მეუწყა ჩემი გასვლის დრო..... გიორგი ბრწყინვალე ძალიან დიდი სულია.... იცოდეთ, სტალინი სამოთხეშია!!! “.

არა და , საბჭოთა წარსულისაგან დისტანცირება, მისი შეფასება შეუძლებელია იმ სიმართლის დადგენის გარეშე, რომელზეც ბოროტების იმპერია და მეოცე საუკუნის ტირანის ძალაუფლება იკვებებოდა.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენი არქივების საიდუმლო მასალების 80% გამქრალი ან დამწვარია. ქვეყანაში დარჩენილი დოკუმენტებიდან აგენტების იდენტიფიცირება ჭირს, რადგან მათი პირადი საქმეები, 1990-91 წლებში, საბჭოთა უშიშროების ოფიცრებმა რუსეთში გაიტანეს.

ქართული საზოგადოება დარჩენილია “ოკუპაციის მუზეუმის “ ამარაა, რომელიც ევროპული, ანალოგიური დაწესებულებებისაგან განსხვავებით, მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მხოლოდ კეთილმოწყობილი შენობაა, სადაც საბჭოეთის ამსახველი მასალებია გამოფენილი. მუზეუმიდან გამოსული მოქალაქე შეიძლება პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს შეუერთდეს, მაგრამ იშვიათად დაფიქრდება, თუ რა კავშირია თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ცოტა ხნის წინ ნანახ გამოფენას შორის, ჩვენს ცხოვრებასა და ხელისუფლების ქმედებებს შორის? ასეთი დაკავშირების გარეშე, ადამიანს ფრუსტრაცია გარანტირებული გაქვს: საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დაეჭვებული, გამოუვალობის განცდაში ჩაძირული, შენდაუნებურად გაურკვეველი და არაცხადი მიზნისთვის იბრძვი. სულ უფრო მეტად შორდები “რეალობას” და შინაგანად დაძაბული და აგრესიული, ფანტაზიას ეპოტინები.

სახალხო პროტესტიდან თუ მანიფესტაციიდან შინდაბრუნებულს, არაფრის თავი აღარ გაქვს და ცოტა რომ სული მოითქვა, - “წითელი ზონის” ნაცვლად “სიცილის ზონას” უყურებ.

მე ნამდვილად არ მხიბლავს ასეთი პერსპექტივა, ამიტომ “ლუსტრაციისკენ” მიმავალ გზაზე და ფრუსრტაციის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე სააზროვნო სიტუაცია მინდა შემოგთავაზოთ და თქვენთან ერთად ამოვხსნა: რა კავშირია წარსულის უცოდინარობას, ცალმხრივ ცოდნასა და ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობას შორის?

კაენინა

1783 წელს, რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთს შორის დადებული “სამეგობრო შეთანხმება” , 19-ე საუკუნის დასაწყისში “ჩვენმა მხსნელებმა” თავზე დაგვახიეს და 1801-1810 წლებში, სამეფოების გაუქმების გზით, დაგვიპყრეს. სამეფო ოჯახის წევრები დაშინებითა და მოტყუებით იმპერიის ქალაქებში მიმოფანტეს: ზოგი მოისყიდეს და მიიმხრეს, ზოგსაც – სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში ამოხადეს სული. მათში გარუსებულებიც ერივნენ ანუ ისინი, რომლებიც მეფის სამსახურში ჩამდგარები, პატარა ხალხების ასიმილაციას ქადაგებდნენ. ასეთი იყო გიორგი მუხრანსკიც, რომელიც ერთ, ქართულ, საზოგადოებაში ასეთ რამეს ამტკიცებდა: “პატარას ნება არა აქვს თავის-თავობისა, უნდა ცდილობდეს, რომ დიდში გადაიტანოს თავისი თავი და იმაში განხორციელდეს”. მსენელთაგან, ამ “რუსეთუმეს” ბარბარე ჯორჯაძე გამოეპასუხა: “აქლემები უფრო დიდები არიან კაცებზე და მაშ ჩვენ გააქლემება უნდა ვისურვოთო?”. ატეხილი ხორხოცის ფონზე, ორატორმა თავის მართლება დაიწყო: მე მხოლოდ მწერლობას ვგულისხმობდი: დიდ ერებს დიდი მწერლები ჰყავთ, რადგან იქ დიდი ნიჭია, ხოლო პატარებში ასეთი რამ შეუძლებელიაო. მოპასუხე აქაც არ დაიბნა და თავადს, უკვე გაცხარებულმა, მიახალა: “მაგისი რა მოგახსენოთ, ეგ თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ, ნასწავლი და მეცნიერი კაცი ბრძანდებით, მაგრამ ეს კი შემინიშნავს, რომ პატარა ბულბული მშვენივრად ჰგალობს და დიდი მამალი “ყიყლიყოს” მეტს ვერაფერს ახერხებს”.

იმპერიის ნამესტნიკებმა, სამხედროებმაც და სამოქალაქოებმაც, სისხლში ჩაახშეს საქართველოს სამთავროების აღდგენის ყველა ცდა და ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდნენ ამ პროცესში ჩართულ ქართველებს: შემოიღეს სიკვდილის დასჯის ახალი, ჩვენთან აქამდე უცნობი, წესი – ჩამოხრჩობა, მას დაუმატეს გამათრახება და ქვეყანაში შიშიანობა დაამკვიდრეს.

ზაქრია ჭიჭინაძე, თავის გამოუქვეყნებელ წერილში, დეტალურად აღწერს გეორგიევსკის ტრაქტატით გამოწვეულ სიავეებს და თვლის, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთებაში (“საქართველოს გაყიდვაში”) მთავარი დამნაშავენი გარსევან ჭავჭავაძე და მისი მეგობრები: ავალიშვილი და ფალავანდიშვილი არიანო. სხვა საბუთებთან ერთად, ავტორი ასახელებს იოანე ბატონიშვილის “კალმასობას”. მისი გმირები: ბერი ივანე ხელაშვილი და ზურაბ ღამბარაშვილი, სამშობლოში მოგზაურობენ და გზადაგზა მომხდარი ფათერაკების ფონზე, დაუფარავად ამხელენ იმდროინდელი საზოგადოების მანკიერებებს: წარჩინებულთა ნაწილის დაკნინებას, მოხელეთა ანგარება-უმეცრებას, სამღვდელოების ფარისევლობას.

“კალმასობა” 1813 წელს გამოვიდა, მაგრამ ცენზურამ ტექსტიდან ამოიღო ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი: გარსევან ჭავჭავაძეს ბერებისთვის თავისი სოფლის ეკლესიაში წირვის ჩატარება უთხოვია და შემდეგ სასახლეში სადილად მიუწვევია. წირვას თავადის მეუღლე, მარიამ ავალიშვილიც, დასწრებია, მაგრამ შინ უგუნებოდ დაბრუნებულა: შენმა მოწვეულებმა ეკლესიაში საქვეყნოდ გამკიცხეს, “კაენინა” მიწოდეს. კაენი ძმის, აბელის, მკვლელია. მათ შენ ძმის მკვლელი გაგხადეს და მეც იმისი ცოლი.

თავადმა დაიჯერა მეუღლის ნაამბობი - მით უფრო, რომ საქართველოს დაღუპვას მას სხვაც ბევრი ჰყვედრიდა. სადილად მოსულ სტუმრებს გულუხვად უმასპინძლა და ეკლესიაში მომხდარი შემთხვევის გარკვევა მოსთხოვა: ჯერ “კაენინას” მნიშვნელობა განუმარტა და შემდეგ აუხსნა, რომ მას ძმა არ ჰყოლია და არც მოუკლავს.

“ – ჩვენმა თავადის ცოლებმა ეგრე იწოდეს თავი და ყველა მაგ სიტყვებით მიმართავენ-ხოლმე. Gგვეგონა, რომ ამით ვასიამოვნებდით…... რუსული ენა არ ვიცით და სიტყვის გამოთქმაში რომ რამე შეგვეშალოს, ეს მაინცა და მაინც დიდი ცოდვა არ უნდა იყოს არამცოდნესაგან.”

ბოლოს, როცა სტუმრები მიხვდნენ, რომ მათი ახსნა-განმარტება მასპინძელმა არ მიიღო და მათგან რაღაც გაურკვეველს ითხოვდა, პირდაპირ მიახალეს:

“- მართალი ბრძანდებით, ბატონო, თქვენი ძმა არ მოგიკლავთ, მაგრამ მის ნაცვლათ უფრო უარესი საქმე გაქვთ ნაქნარი”.

”კალმასობის” ეს ეპიზოდი არც 1860 და არც 1895 წლის გამოცემებში არ შესულა, რადგან ცენზურამ იგი საგულდაგულოდ წაშალა.

გველის პერანგოსანი

პირველ ქართულ რესპუბლიკას ბევრი მეხოტბე გამოუჩნდა. მათ შორის იყო “ცისფერი ყანწების” ყოველკვირეული გაზეთი “ბარრიკადი”. (ეს ორდენი ასევე გამოსცემდა გაზეთებს: “ბახტრიონი”, “რუბიკონი”, «Фигаро»). 1920 წელს აქ გრიგოლ რობაქიძემ თავისი წერილი “ნოე ჟორდანია” გამოაქვეყნა. ავტორი შედარებებს, ეპითეტებს და ჰიპერბოლებს არ იშურებს, რათა მმართველის განუმეორებელი სახე სრულად წარმოგვიდგინოს:

“ჟორდანიას პროფილი ძველი ღერბია სურნელოვან პერგამენტზე. მისი სახე თეთრი მედალიონია მოხუცი ბიბლიის. მასში მოსჩანს კეთილშობილი რასსა: ქალდეას ველებში გამოხურვებული და კავკასიონის კალთებით განელებული. ქურუმები ძველ ღმერთებს ალბათ ასეთი სახით ელაპარაკებოდნენ. არის ჟორდანიას პროფილში უცნაური სირბილე არა მარტო გურიის ველების, არამედ მთელი იბერიის მიწის. ჟორდანია რასსიული ტიპია საქართველოსი, რუსთაველის ტარიელი, რაინდია ყოვლის გადამლახველი, მაგრამ მიუხედავად ამისა გულჩვილია მეტად. თეთრი გიორგი ტაიჭზე მჯდომელი, მახვილით ჰკვეთავს ვეშაპს და ამავე დროს მის თვალებში ნათელი ბავშვის გვერდული მზერაა. გოირგი სააკაძე, რისხვით შემართებული, საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამონაკლისია. მე მიყვარს ჟორდანიას აცეცხლება: მაგრამ მის ანთებაში ტემპერამენტია სათნოების და არა – ცეცხლი სიავის.”

შემდეგ მოდის არგუმენტები მმართველის “სირბილის” ასახსნელად: ღვთისმშობლის წილხვედრობა, წმინდა ნინოს ჯვარი და ქეთევანის ცრემლები. რობაქიძე დარწმინებულია, რომ სწორედ ამ ნაკადთან ნოეს სულიერი კავშირი განაპირობებს მის აგრესიისგან დაცლილობას.

“.. მე მესმის ჟორდანიას წუხილი შვილის დაკარგვის გამო (ლენინს ასეთი წუხილი არ შეუძლია) . ამ წუხილში მე ვხედავ სიახლოვეს მიწასთან, რომელსაც ჩვენ დედას ვუწოდებთ. მე არ ვიცი ჟორდანია ლოცულობს თუ არა, მაგრამ მე ვიცი, რომ მრავალი ლოცულობს მისთვის (გამაგებინეთ ვინ ლოცულობს ლენინისთვის?).... “

გრიგოლ რობაქიძის მიხედვით, ჩვენი მმართველი ინტუიციით გრძნობს ინტერნაციონალური იდეოლოგიის , ერთა სოლიდარობის სიკეთეებს საქართველოსთვის, ურომლისოდაც პატარა ერს არ ეყოფა ბიოლოგიური ენერგია ნაციონალური განვითარებისთვის. ჟორდანიასთვის ასევე აუცილებელია დასავლური ორიენტაცია. რუსეთთან შეერთებას მხოლოდ იმიტომ ეთანხმებოდა, რომ ევროპისკენ გზა გაგვეჭრა, მაგრამ როცა იმპერიის ბოროტი ზრახვები გააცნობიერა ( როგორ ლამობდა იგი ქართველების აზიაში საბოლოო ჩატოვებას!), მაშინვე მისგან გამოყოფას მიემხრო. ბოლოს ავტორი ნოეს კალმის ქებაზე გადადის:

“ქართველი პოეტისთვის საამაყოა, რომ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მწერალია ნამდვილი. ის ნაწერებში არ არის არც კორძიანი ხაზი და არც – დაგრაგნილი ხვეული. აქ ყოველი სიტყვა სადათ მოკვეთილია და ყოველი ფრაზა – სხარტად გამოჭრილი. ჟორდანია უფრო ლაპიდარული ფორმებით ლაპარაკობს, ვიდრე დისკურსიული პერიოდებით. მის ფორმულებში მონუმენტალური პრიმიტივის ქვებია. მას არ უყვარს სიბნელე და სძულს განყენება: მის სიტყვაში ჭვირვალი სინათლეა და სხეულიანი კონკრეტობა...”

ამ წერილის გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: უმრავლესობას მოეწონა. თუმცა, პირველი პირის ზღვარგადასულმა ქებამ საზოგადო მოღვაწე, კატო მიქელაძე , ძალიან გააღიზიანა. მას გამორჩეულად არ უყვარდა “ცისფერ ყანწელები“ - “ეროტომანებს” ეძახდა, ქალის როლისა და დანიშნულების ვულგარიზაციასა და დაკნინებაში, ძალაუფლებისადმი სწრაფვასა და ხელისუფალთა მიმართ აღტყინებულ ლაციცში ადანაშაულებდა. ამიტომაც სტატიას პატარა ლექსით გამოეხმაურა:

“დიაკვნის შვილი თავადობ, დენდობ,
გნათესაობენ მხოლოდ ყადები,
შენ , უანგაროვ, არვის დაინდობ,
გადაგიშლია “ბარრიკადები”.
ასეთ “გმირს” როგორ არ დაგეკითხო
კითხვა, მოსული შენგან უცები:
დემონის ამაყ “მეს” რომ ჩემულობ,
ჟორდანიას რას ელაქუცები?
სახე ნოესი ოცი წლით ადრე
განა არ იყო უფრო ნათელი?
რათ ვერ ამჩნევდი? დღეს დაინახე
მისთვის, რომ არის ქვეყნის მმართველი?
გინდა კათედრის შეაღო კარი,
რომ შეგვასწავლო განცდა ველური,
მაღალი კომლის რომ ხარ მაყარი,
იცი სად უნდა ხოხვა გველური!”

1926 წელს გრიგოლ რობაქიძე უკვე ძალიან პოპულარული მწერალია. “გველი პერანგის” გამოსვლით წარმატება გაასკეცდა. (1928 წელს გამოიცა გერმანულად, იენაში). რომანში თითქოს ჩაკარგულია, მაგრამ მაინც ყურადრებას იმსახურებს სოციალისტური რევოლუციის ბელადთან “შეთამაშება”:

“1908 წელი, პარიზი, მაისი. კათედრაზე ტანმორჩილი მამაკაცი დგას... მისი ფრაზა; “მეტი მოძრაობა, სიტყვა, მეტი ნება. თუცებზე უცვლელი ირონია, ფიგურაში “ძალა” და ‘გამარჯვება”, არანაირი გაორება, არანაირი დაეჭვება, მხოლოდ ერთი მთავარი მიმართულება, ერთი ძლიერი ხერხემალი: ნებას აწრთობს მოძრაობისთვის, თითქოს ხანძრის ასანთებად უხმობს, სრულყოფილი პირონვება, თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთ ადამიანში თავმოყრილი. ჰაერში ისმის “ლენინი’, “ძირს ომი”, “ფაბრიკები – მუშებს!”, “მიწა – გლეხებს!”

1930 წელს მწერალმა გერმანიაში გაასწრო ბოლშევიკებს და ამით სიკვდილს გადაურჩა. 1939 - 41 წლებში ორი საყურადღებო სტატია დაწერა : “ადოლფ ჰიტლერი, უცხო პოეტის თვალით დანახული” და “მოსოლინი – მზის ნიშნული”.

1934 წელს გრიგოლ მუშიშვილი (ხოფერია) გამოსცემს წიგნს “გველის პერანგოსანი”, რომელიც სარკასტული ესკიზებით ლადო გუდიაშვილმა გააფორმა. ავტორი გრიგოლ რობაქიძეს სიმბოლიზმის, რასიზმის, კაციჭამია შოვინიზმის პროპაგანდისტს უწოდებს და რამდენჯერმე მოჰყავს ციტატა “გველის პერანგიდან”:

“ დღეს რასის ზეიმია. რასიული თვალსაზრისი უნდა ბატონობდეს ყველგან და ყველაფერზე. ზეიმობს ქართული რასა, ქართული ჯიში, ქართული სისხლი. ქართულმა რასამ გადაარჩინა კაცობრიობა ადამიანის ჯიშის მოსპობისგან. ქართული რასა რასიული დახვეწილობის, სიწმინდის, კრისტალურობის სიმბოლოა და რა იქნებოდა ადამიანთა მოდგმა ამ რასის გარეშე! აიღეთ ერთი ურია, ერთი ბერძენი, ერთი სომეხი – ეს სამი რასა. შედეგიც აუცილებელი და საბედისწერო: ამ სამებაში უბედურება გეწვევათ. არის რაღაც საიდუმლო რასის დომხალში. უზენაესი ძალა განაგებს ამ საიდუმლოს. თვითონ რასაა ეს ძალა უზენაესი...”

1935 წლის 19 აპრილს, საქართველოს საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმმა მოისმინა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის და ნიკოლოზ მიწიშვილის მოხსენებები ფაშისტი გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ და დაადგინა, რომ “მწერალი გამოცხადდეს სოციალისტური სამშობლოს მოღალატეთ და ჩამოერთვას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგების გათვალისწინებით”. ერთ-ერთი ასეთი შედეგი იყო ის, რომ 30 წლის განმავლობაში მისი “ლამარა” ვაჟა-ფშაველას სახელით გამოდიოდა და იდგმებოდა.

1937 წლის რეპრესიები ცისფერყანწელთა უმრავლესობას შეეხო, გრიგოლ მუშიშვილიც ზედ მიაყოლეს.

კატო მიქელაძე კი – ჯერ კიდევ 1925 წელს “ეროტომანებმა” გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. ყოველგვარ სახსარს მოკლებულმა და პირადი დრამებით დატანჯულმა, მარტოობაში დალია სული. 1942 წელის იანვარში, მხოლოდ ოთხმა მეგობარმა გააცილა იგი უკანასკნელ გზაზე: ირინე და ნიკოლო იუშკოვებმა, ანდრო თევზაძემ და მარიამ გარიყულმა.

P.S. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, - მოგვიწევს ჩვენი ახლო და უახლოესი წარსულის კარგად გახსენება და თავიდან წაკითხვა. როგორც პარლამენტარი, გია თორთლაძე გვირჩევს, ისე არ გამოვა: მხოლოდ 1991-1992 წლების პროცესები გამოვააშკარავოთო. ლუსტრაცია დღევანდელი, სახელისუფლო რიგების გამომზეურებასაც გულისხმობს: იმ ადამიანების დადგენას, ვინც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებს და იღებს ანუ ვინც ფლობს ძალაუფლებას და მართავს პროცესებს ქვეყანაში.

საბჭოთა პერიოდს ვერ ავცდებით. რეპრესიების ლაბირინთებშიც უნდა გავიაროთ და კრემლის მიერ საბჭოთა სივრცეში გაბმული ქსელების საიდუმლოებას ჩავწვდეთ. იქნებ წელთა სიმრავლემ ვერაფერი დააკლო ძმურ, საბჭოურ კავშირებს? იქნებ რღვევის საფრთხემ უფრო შეადუღაბა ეს ერთობა?

მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ გზაზე ბევრი, ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი, შეიძლება აღარ მოგვეწონოს: ზოგი მათგანი დიდ კომპრომისზე წავიდა, ზოგი – მცირეზე, ზოგმა ყველაფერს გაუძლო (უფრო სწორად – შეეწირა რეპრესიებს), ზოგმა – რეჟიმთან თანამშრომლობა შეიტკბო კიდეც. ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ, უნდა ავიტანოთ და განვიცადოთ ეს სიმართლე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლუსტრაცია ანუ განწმენდა.

ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N50, 2009