ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები:
თანამშრომლობიდან თანასწორობამდე

ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის პრობლემატიკის განხილვამდე საინტერესო და საჭიროა სემდეგი საკითხების გარკვევა:

- სად არის სამოქალაქო საზოგადოება დღეს?

- ვის ირჩევს ის?

- რას ირჩევს ის?

ცხადია, გვესმის, რომ თუ მეორე კითხვას უპასუხე, მაშინ მესამეც ავტომატურად პასუხგაცემულია.

მაგრამ თავდაპირველად მინდა, ამ საკითხთან დაკავშირებული, ჩემი ერთი შთაბეჭდილების და დაკვირვების შესახებ გიამბოთ.

წინასაარჩევნო პერიოდში, აპრილის მეორე ნახევრიდან დღემდე ჩემთან შემოსული ზარების 60% იწყება კითხვით:

- ლეიბორისტებში შეხვედი? (ამ არჩევნებში, ვაკის მაჟორიტარად ლეიბორისტი ლეილა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა!) რაც მთავარია, ამ ადამიანების უმრავლესობა სწორედ არასამრავრობო სექტორიდან მიცნობს და თავადაც აქ მოღვაწეობს. მათ გაკვირვება ჩემმა პარტიაში გაწევრიანებამ კი არ გამოიწვია, არამედ იმან, რომ ლეიბორისტები ვიკადრე.
ზოგიერთმა გრიგოლიას შოუშიც კი “დამინახა” და ამტკიცებდა - ნამდვილად იქ იჯდა-ო. ანალოგიური მდგომარეობა იყო 7 ნოემბრის შემდეგაც, როცა ჩემმა კოლეგებმა ძალადობის საწინააღმდეგო “ბარიკადებზე” მომკრეს თვალი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა უმრავლესობა გაკვირვებული იყო ჩემი პოზიციით:

-შენ რა გრეჩიხას უჭერ მხარს? თუ არკადი გესიმპატიურება? ანუ: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩემს პარტიაში გაწევრიანებას უფრო ნორმალურ საქციელად მიიჩნევდნენ , ვიდრე ძალადობის საწინააღმდეგო სამოქალქო პოზიციას. აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენის, რომ სამოქალაქო პროტესტი არ იყოს პარტიულად მიკერძოებული.

აი, აქედან მინდა სწორედ დავუბრუნდე საუბრის დასაწყისში დასმულ კითხვებს და გავამარტივო ისინი, გავაერთიანო:

– იციან თუ არა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თუ რა ადგილი უნდა ეჭიროთ მათ ქვეყანაში, სოციუმში, ძალაუფლების შენობაში და აქვთ თუ არა გაცნობიერებული ამ ადგილის მნიშვნელობა?

ჩემი პასუხი მოკლეა ---- არ იციან და არა აქვთ გაცნობიერებული.
ამის მტკიცების საშუალებას, მე მაძლევს არა მხოლოდ ზემოთმოტანილი , ორი , ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მაგალითი, არამედ სამოქალაქო სექტორის მთელი გზა/ისტორია, რომლის მონაწილე მეც გახლავართ. ნუ შეგეშინდებათ, - არ ვაპირებ ამ ისტორიის წვრილად მოყოლას. გეტყვით მხოლოდ ჩემი გამოკვლევის შედეგებს (ასევე გამოვიყენე CTC-ს მიერ ჩატარებული “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის კვლევა, რომელიც ჩატარდა საერთასორისო ორგანიზაციის “სივიკუმი” მიერ შემუსავებული მეთოდოლოგიით).

1) დღეს 9000-ზე მეტი NGO-ა რეგისტრირებული. სამოქალაქო სექტორის გავნითარებაში ისტორიულად შემიძლია 3 ეტაპად დავყო: ა) 1992-1998, როცა დაახლოებით 1500 არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა. /6 წელი/B2) 1999-2002 წლებში უკვე 1500 NGO იყო რეგისტრირებული / 3 წელი/ 3) 2003-2008 წლებში 6000-მდე /5 წელი/. ცხადია, ამათგან მხოლოდ 10%-ია რეალურად მომუშავე. თუმცა ახალი ორგანიზაციების შექმნის მზარდი ტემპი უფრო ამ პროცესის სტიქიურობაზე მიუთითებს, ვიდრე - გააზრებულ, საზოგადოებრივი საჭიროებების გაცნობიერებით გამოწვეულ ქმედებაზე.

2) ლიდერთა უმრავლესობა “პრეზიდენტი” და “ვიცეპრეზიდენტია”. ასევე საინტერესოა თვისებრივი კვლევა იმისა, თუ ვინ არიან ერთმანეთისთვის დამფუძნებლები, ლიდერები, გამგეობის წევრები, პროექტში ჩართული ადამიანები? Eეს არის პასუხი კითხვაზე – რატომ ვერ განვიტარდა სამოქალაქო საზოგადოება!

3) საქმიანობის ტიპის მიხედვით მათი უმრავლესობა ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე და საკითხებზეა ორიენტირებული, ხოლო უმცირესობა ფუნდამენტურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე და საკითხებზე.

4) ასევე საინტერესოა ამ პრობლემის გენდერული ანალიზი. პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას ლიდერობენ მამაკაცები, ხოლო ფუნდამენტურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქალები. მთლიანობაში, ორგანიზაციების ხელმძღვანელთა 25%-ს ქალები წარმოადგენენ, 75%-ს მამაკაცები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის დინამიკაში არის ერთი დღემდე შეუსწავლელი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ახლადცამოყალიბებულ არასამტავრობო ორგანიზაციატა მნიშვნელოვანი ნაწილი (ჩემი ვარაუდით მათი 60-70 %) წარმოქმნილია უკვე არსებული ორგანიზაციების ჰუმანური და ტექნიკური რესურსის ბაზაზე. ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორის ზრდას განაპირობებს არა ახალი იდეების დამკვიდრების მოთხოვნილება, არამედ - ფინანსური ინტერესი.

1999-2000 წლიდან ჩნდება კოალიციების შექმნის ტენდენცია, მაგარმ ყველა მათგანი ინიცირებულია გარედან და წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის გარშემო გაერთიანებას და არა რაიმე იდეის ერთგული ადამიანების/პროფესიონალების შეთანხმებას და ერთობას. ამ გარედან ჩარევამ შეაფერხა კოლაბორაციის და კოორდინაციის პროცესი, რომელიც ამ წლებში ბუნებრივად იწყებოდა.

ამიტომაა, რომ ორგანიზაციათა შორის შიდასექტორული თანამშრომლობის დამაკმაყოფილებელი დონის მიუხედავად, სამოქალაქო თანამონაწილეობის დონე ძალიან დაბალია. ანუ თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ინტენსიურად თანამშრომლობენ, რატომ არ ჩანს მათი სამოქალაქო აქტიურობა? "სივიკუმმა” სამოქალაქო აქტივობის დონე საქართველოში ვერ გაზომა.

აქ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ისეთ ფენომენზე, როგორიცაა GONGO. – საქართველოში ეს ნიშნავს არა მარტო მთავრობაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს, არამედ მთავრობაში/ხელისუფლებაში მოხვედრაზე მეოცნებეებსაც.

ასეთები საქართველოში მრავლადაა და მრავლად იყო წარსულში. ამას ხელი შეუწყვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომელთა დიდი ნაწილი საწყის ეტაპზე სწორედ ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობას მიესალმებოდა. მათი ფინანსური და ტექნიკური დახმარების მასშტაბები ძალიან განსხვავდებოდა დანარჩენი ფონდების გრანტებისაგან. ამის გამო სამოქალაქო საზოგადოების წიაღში NGO არისტოკრატია, რომელმაც ამ სივრცის ხელოვნური მონოპოლიზაცია მოახდინა. ხელიხელისუფლების წარმომადგენლებს სერიოზული გავლენა ჰქონდათ ფონდებზე და ლობირებდნენ კიდეც “თავიანთ” ჯგუფებს დასაფინანსებლად, რამაც სერიოზულად დააბრკოლა ჯანსაღი კონკურენციის პროცესი. თუმცა, ამ დეფექტის დაძლევაში სერიოზული როლი ითამაშეს ქვეყნის გარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთაც მართალია ვერ დააბალანსეს, მაგრამ სერიოზულად შეებრძოლნენ ამ არასამართლიან და არაჯანსაღ სიტუაციას.

აქედან გამომდინარე შევარდნაძის ეპოქაში შექმნილი NGO არისტოკრატია დღესაც არსებობს და დიდი სიხარულითა და წარმატებით განაგრძობს ხელისუფლებაში ინტეგრირებას. ასეთივე წარმატებით მიმდინარეობს მედია ა ქ ტ ი ვ ი ს ტ ე ბ ი ს ტრიუმფალური სვლა პარტიებში და მთავრობებში.

ეს GONGO-ები, მაგრამ სად არიან დანარჩენები? აქაც მოკლედ მინდა გიპასუხოთ: დანარჩენები არიან დანარჩენებთან ანუ ოპოზიციასთან!! ჩემი დაკვირვებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ რომელ პარტიასთან მიასწრებს. ისევე როგორც პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს – ვინ რომელ ეკლესიასტან დადგება და ვინ უფრო ხშირად მივა პატრიარქთან. იმ იმედით, რომ თუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, “იქნება შახის ცოლობასაც გამოკრან ხელი”.

არანაირი კოორდინაცია არ არსებობს მათში. საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად (რადგან დარეგისტრირება დავაგვიანე) 22-ვე ამ ეგიდით დარეგისტრირებულ ორგანიზაციას დავუკავშირდი და აღმოვაჩინე, რომ არანაირი ურთიერთკოორდინაცია და თანამშრომლობა მათ შორის არ არსებობდა. ასეა დღესაც. მოკლედ: სამოქალაქო საზოგადოების არჩევანი დღეს ისევ პოლიტიკური დისკურსით არის დეტერმინირებული ანუ განსაზღვრული, ამიტომ მისი არჩევანი იქნება არა “დემოკრატია” , არამედ “ჩემოკრატია”. ხელისუფლებასთან დაახლოებული ნაწილი აირჩევს ნაციონალებს, ხოლო ოპოზიციასტან დაახლოებული (და არა ოპოზიციურად განწყობილი!) – მათ.
საინტერესოა სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებითი ორიენტაციების მაჩვენებლებიც. “სივიკუმის” კვლევაში ყველაზე მარალი ქულა მიიღო: ტოლერანტობა, არა-ძალადობა, ხოლო დემოკრატიამ დაბალი. აქვე მახსენდება ერთი პოსტსაბჭოთა პერიოდის პლაგიატის შემთხვევა: ადამიანი, რომელმაც ერთი მეცნიერის სტატია გადაიწერა და თავისად გაასაღა, მომჩივანს ანუ ავტორს ეუბნებოდა - მე ხომ ფული გადაგიხადეო და რაღას ასაჩივრებო. ასეთია მენტალურად დაუძლეველი ფეოდალიზმი დაღი, რომლის განკურნების გარეშე დემოკრატიაზე ლაპარაკი უტოპიაა.

ხოლო იმის საჩვენებლად, თუ რა მოუვა დემოკრატიას საქართველოში, მინდა, ქართველი დრამატურგი ქალის , ნატალია აზიანის (1978-1943) 1919 წელს დაწერილი წერილი “ინტერვიუ ქალბატონ დემოკრატიასთან” გაგაცნოთ.

“ისე გამიწყალეს გული, ისე მომაბეზრეს თავი წამდა-უწუმ ყვირილ-ღრიანცელით: დემოკრატიამ ასე ბრძანაო”, “დემოკრატიამ ასე ინებაო”, “დემოკრატიის ნება-სურვილი ასეთი გახლავსო”. მეტადრე “ერთობამ” და “ბრძოლამ” ხომ პირდაპირ ყურები გამომიჭედეს!
მეც ავდექ და გადავწყვიტე: წავალ, პირდაპირ ვენახვები (მით უმეტეს, რომ ცოტაოდენ ვიცნობდი მას 1905 წლიდან) და ვკითხავ – დაო, ისეთი რა დამისავებია შენთვის, რომ ასე მიმწარებ დღეებს და ასეთ გაჭირვებას მაყენებ-მეთქი?! ისე დილა არ გათენდება, რომ შენმა მრისხანე ბრძანებებმა ფანჯარას არ დააბრახუნონ და გული არ გადმომიბრუნონ. შენი სახელით სოფლიდან ბრაგანი მიკრეს, თბილისში სახლი ჩამომართვეს, ნაქირავებ ოთახებში ვიღაც ხეპრე, ხამი კომისარი ჩამისახლეს , გაზეთი, სადაც დარდიან გულს ვიოხებდი-ხოლმე, დამიხურეს. ახლა ესეც არ მაკმარეს და ამ ცივ ზამთარში შეშის საჭრელად ტყეში მგზავნიან, თუმცა იცის ღმერთმა, ჩემს გაჩენაში ცული არ ამიღია ხელში და უგუნურობის ტყეს მხოლოდ კალმითა ვჩეხდი მეთქი!.....”

მაგრამ , ჰოი, საოცრებავ! ნატალიამ ნახა, რომ ეს ქალბატონი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს და არა ნეტარებასა და განცხრომაში.

“…... მე კი განვაგრძობდი შეუბრალებლათ... რათ დგეხარ შენ ამ ნესტიან, ბნელ სარდაფში, როცა იქ , ქალაქის საუკეთესო ნაწილში , შენი კანონიერი, ჯვარდაწერილი პატრონები, კომისარ-მინისტრები რვა-რვა ოთახში არიან გამოჭიმულნი?! გაიხედე, შენი თვალით მაინც
დაათვალიერე, რა ზეიმით დაბრძანდებიან სამსახურში ავტომობილ-ეკიპაჟებით და ბრუნდებიან იქიდან სამ-ოთხ საათზე.....

... მაშ არ იცოდი, რომ მეორე ქმარიც მღალატობს? მზითვის გულისთვის ჯვარი დაიწერა ჩემზე და ახლოს აღარ გამკარებია... ეგეც ბურჟუაზიას ეარშიყება....

- მაშ, რაც მე ჩამომართვეს, რაც მე დამაკლეს , შენთან არ მოუტანიათ, შენ კი არ გაგინაწილეს?!

- შენ არ მომოკვდე, რომ თვალითაც არ მინახავს!.... ეგ არაფერი, უბედურება ის არის, რომ მესამეთ მიპირებენ გათხოვებას. რა ვიცი , ვიღაც ბოლშევიკი გამოჩენილა, ეხლა ის მეარშიყება, დიდ ბედნიერებას მპირდება, მაგრამ რა ვქნა, როგორ გავბედო?...- აღარ გათხოვდე, შე უბედურო, იკმარე მაგდენი ქმრები! – შევბედე მე სიბრალულით და ნაღვლიანი დავბრუნდი სახლში.

ახლა სასურველია ვნახოთ, თუ რა ადგილი უჭირავს ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ამ სექტორში და რა ზირიტადი ტენდენციები იკვეთება აქ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება; იგი თავად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერ არჩევით ორგანოში. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა - საქართველოში არჩევნებნი ფარული კენჭისყრით მიმდინარეობს.

საქართველოში ქალები, როგორც ამომრჩევლები, სრულად იყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას. ამომრჩეველთა დაახლოებით 59% ქალია. ამომრჩეველ ქალთა აქტიურობა მაღალია როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. თუმცა ბოლო ხანს არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი, მათ შორის ქალებისა, აშკარად შემცირდა.

სხვადასხვა არჩევით ორგანოებში ქალის არჩევის ერთადერთი ხელშემშლელი ბარიერია ფინანსური შესაძლებლობები.

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზმა გამოავლინა ერთი ნიშანდობლივი ტენდენცია; არჩეულ ქალთა რაოდენობა მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მაღალია შესაბამისი არჩევითი ორგანოს სტატუსი. ყველაზე დაბალი რგოლის დონეზე – სოფლის საკრებულოში არჩეულ ქალთა რაოდენობა მამაკაცთა რიცხვს აღემატება, რაიონის საკრებულოში მათი რაოდენობა დაახლოებით თანაბარია, ხოლო იერარქიის უფრო მაღალ დონეზე, რაიონული ცენტრიდან დაწყებული, არჩეულ ქალთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ექსპერტთა აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ ქალი განდევნილია იმ ადგილიდან, სადაც თავმოყრილია ძალაუფლება და ფინანსები.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ქალის მონაწილეობას პოლიტიკაში არ ზღუდავს, მაგრამ არც ხელს უწყობს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საარჩევნო კოდექსი გენდერულ კვოტებს არ ითვალისწინებს.

არჩევნებში ქალის მონაწილეობის უფლების შემაფერხებელი ბარიერების არარსებობის მიუხედავად, რეგიონებში სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, აგრეთვე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და ტრადიციები ზოგჯერ მაინც ზღუდავს ქალის თავისუფალი ნების გამოხატვას, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში.გალის რეგიონში (პოსკონფლიქტური ზონა) ქალთა აქტიურობას ძალიან აფერხებს ომის დროიდან დარჩენილი შიში. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების არადემოკრატიული ხასიათი გამორიცხავს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას.

პოლიტიკური მონაწილეობა

1992-97 წლებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ლიდერთაგან 10 ქალი იყო. ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ მათი რიცხვი 5-მდე შემცირდა. პარტიის წევრთა 32% ქალია, ხოლო 68% _ მამაკაცი.2003 წლამდე, პარლამენტის წევრთა შორის ქალთა ფარდობითი მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე ქალია. 16 საპარლამენტო კომიტეტიდან მხოლოდ 1-ის თავმჯდომარეა ქალი, 14 საპარლამენტო ფრაქციიდან ყველას მამაკაცი ხელმძღვანელობს. 18 მინისტრიდან მხოლოდ 2-ია ქალი. 8 ქალი მინისტრის მოადგილეა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და სახალხო დამცველი ქალები არიან. 2 ელჩია ქალი, 170 მოსამართლიდან 70 ქალია. არცერთი პროკურორი არ არის ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს 862 ქალი, მათ შორის 136 გამომძიებელია. აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იგივე ტენდენცია შეინიშნება, რაც არჩევით თანამდებობებზე: რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო ნაკლებია ქალთა რიცხვი. თანამდებობრივი იერარქიის ყველაზე დაბალ დონეზე ჭარბობენ ქალები, შემდეგ საფეხურზე აღინიშნება გენდერული ბალანსი, ხოლო უფრო ზემოთ ქალთა რიცხვი მკვეთრად კლებულობს. ქალებს, ძირითადად ადმინისტრაციული თანამდებობები უკავიათ, ამდენად ისინი ვერ ახდენენ რამდენადმე სერიოზულ გავლენას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებაზე.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სიებში 32% ქალები იყვნენ. ამათგან მხოლოდ 17 მოხვდა პარლამენტში. 679 მაჟორიტარი კანდიდატიდან მხოლოდ 60 იყო ქალი (9%). საზოგადოება პოზიტიურად არის განწყობილი ქალის პოლიტიკაში მოღვაწეობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პოლიტიკოსი ნეგატიურად აღიქმება.

მას-მედიის პოლიტიკა წინასაარჩევნო პერიოდში გენდერულად სრულიად ნეიტრალურია. სახელმწიფო ტელევიზია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საეთერო დროს თანაბრად ანაწილებს ყველა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიასა თუ მაჟორიტარ კანდიდატს შორის.

2008 წლის პარლამენტში ქალები 5,3 %-ით არიან წარმოდგენილი. ეს არის პოსტსაბჭოთა პერიოდის პარლამენტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აქვე უნდა ითქვას, რომ გუგული მაღრაძემ ჩამოაყალიბა „ქალთა პარტია“, რომლის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციები ორაზროვან დუმილს ამჯობინებენ.

ქალის მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოებაშისაქართველოში 2002 წლისათვის 2800-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი დიდი უმრავლესობა თბილისში მოქმედებს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა 75%-ის ლიდერი მამაკაცია, 25%-ს კი ქალები ლიდერობენ.
გენდერულ/ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი 70-ზე მეტია. ინტერესთა სფეროების მიხედვით ისინი შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:

ა) ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა სპეციფიკურ პრობლემებზე არიან ორიენტირებულნი;

ბ) ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მეტ-ნაკლებად ეხებიან ქალთა პრობლემებს.

ყველა მათგანისთვის საერთოა ის, რომ ისინი ქალის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული სტატუსის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. თუმა, განსხვავებულად ხედავენ თანასწორობის განხორციელების გზებს და გენდერული დისკრიმინაციის მიზეზებს. ამიტომაც განსხვავებულია ორგანიზაციათა საქმიანობის მიმართულებები:

1) საგანმანათლებლო საქმიანობა (სემინარები, ტრენინგები, კონსულტაციები, კონფერენციები);

2) ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა: სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესში ქალთა ჩართვის სტიმულირება;

3) მარგინალური ჯგუფების პრობლემები (მეძავები, პატიმარი ქალები);

4) ქალთა სოციალური პრობლემები: შიდა და გარე მიგრაცია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, დაავადებათა პროფილაქტიკა და პრევენცია, დემოგრაფია;

5) დევნილ ქალთა პრობლემები: უფლებები, სოციალური დაცვის გარანტიები, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება, მშვიდობის მშენებლობა;

6) ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალების და მათი ოჯახების პრობლემები: სოციალური დაცვა და ინტეგრაცია;

7) ქალთა მიმართ ძალადობა და ძალადობა ოჯახში: ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური და იურდიული დახმარება;

8) გენდერული/ ქალის კვლევა;

9) გენდერული განათლება: საგანმანათლებლო პროგრამების, სალექციო კურსების დანერგვა განათლების სისტემაში;

10) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა პრობლემები: ეთნიკური იდენტურობა და სოციო-კულტურული ინტეგრაცია.
2000 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციები ინიციატივით შეიქმნა რამდენიმე ქალთა საკითხებზე მომუშავე გაერთიანება.

არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობა ჯერჯერობით მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებაზე. ამიტომაც ძალიან სუსტია კონსოლიდაციის ბუნებრივი, შინაგანი აუცილებლობით ნაკარნახევი გაერთიანებების შექმნის ტენდენცია.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერები და წევრები ზოგჯერ კი გამოდიან ხელისუფლების ან დრომოჭმული, არადემოკრატიული, არაჰუმანური სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი გამოსვლები ფრაგმენტულია. ქართველი საზოგადო მოღვაწე ჯერჯერობით ვერ იქცა ჩჰალლენგერ-ად, რომელიც უპირისპირდება რაიმე იდეას, პოულობს თანამოაზრეებს და შემდეგ უპირისპირდება სისტემას.
თანამედროვე კვლევების მიხედვით, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.

ქალთა პრობლლემებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ანალიზი საშუალებას გვაძლევს აღვწეროთ მათი ინტერესთა სფეროები და მათთვის ყველაზე აქტუალური საკითხები:

პოლიტიკა

1. სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი სტრატეგიების არ არსებობა შემდეგ საკითხებში:

ა) სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცეში ქალთა მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდა,

ბ) ქალის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ სტერეოტიპული შეხედულებების აღმოფხვრა/ ტრანსფორმაცია.

განათლება1. განათლებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობის დაბალი დონე შემდეგ სოციალური ჯგუფების წარმომადგენელ ქალებში:

ა) ეთნიკური უმცირესობბები,

ბ) ფიზიკური შეზღუდულობის მქონენი

ც) ღარიბები, პატიმარი ქალები და დაოჯახებული ქალები.

2. ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების არ არსებობა შემდეგ საკითხებზე:

ა) რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ოჯახის დაგეგმვა,

ბ) ქალთა უფლებები.

ჯანმრთელობა

1. ქალთა განათლებისა და ინფორმირებულობის დაბალი დონე შემდეგ საკითხებში:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები,

ბ) შიდსისა და სექსუალური გზით გადამდებ დაავადებათა პრევენცია,

ც) ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე,

დ) არასასურველი ფეხმძიმობისა და აბორტის პრევენცია.

2. ქალთა სამედიცინო მომსახურების დაბალი დონე,

3. კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებათა დეფიციტი და ხელმისაწვდომობის დაბალი დონე.

ეკონომიკა, ბიზნესი და შრომითი უფლებები

1. ქალის დაბალი ეკონომიკური სტატუსი (ქონების განკარგვა და მართვა),

2. კრედიტების ხელმისაწვდომობის დაბალი დონე,

3. ქალთა დასაქმების ხელსემწყობი ეფექტური სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,

4. კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების დარღვევა ( შრომითი ხელშეკრულებების დისკრიმინანტულობა და სამუშაოს შემკვეთთა მხრიდან მათი უხეში დარღვევა).

პროსტიტუცია და ტრეფიკინგი

1. პროსტიტუციის პრობლემის შესახებ კვალიფიციური კვლევისა და ანალიზის არ არსებობა,

2. ტრეფიკინგის პრობლემის არ აღიარება სახელმწიფოს მხრიდან,

3. ტრეფიკინგის პრობლემაზე შესაბამისი კანონის, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა.

მედია

1. მედიის საშუალებებში გენდერული სარედაქციო პოლიტიკის არ არსებობა

რელიგია

1. მორწმუნე ქალების სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონე.

სპორტი

1. ქალებისათვის დასვენებისა და სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრების არ არსებობა,

2. ქალების ჯანმრთელობაზე სპორტის ამა თუ იმ სახეობის გავლენის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა.

მარტოხელა დედები

1. მარტოხელა დედები შესახებ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი და მათი სოციალური იზოლაცია,

2. მარტოხელა დედების სოციალური დაცვის ეფექტური სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,

3. საქართველოს კანონმდებლობაში ცნების “მარტოხელა დედა” არაზუსტი დეფინიცია.

პატიმარი ქალები

1. პატიმარ ქალთა დაბალი სოციალური სტატუსი,

2. პატიმარ ქალებში გარიყულობისა და სოციუმის მხრიდან იზოლაციის განცდის დაძლევის სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,

3. პატიმარ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა.

სოციალური მოძრაობების ისტორია ცხადყოფს, რომ ძალთა კონსოლიდაცია და იდეის განხორციელებისათვის კოლაბორაცია დემიკრატიული რეფორმაციის უმთავრესი ამოცანაა
თუ ამ კრიტერიუმით შევაფასებთ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, დავინახავთ, რომ დღეს ისინი შეიძლება გაერთიანდნენ ერთი კონკრეტული პროექტისთვის ან ერთი მოკლევადიანი, არაშორსგამიზნული ამოცანისთვის და არა რაციონალური იდეისთვის. ჯერჯერობით ქართული არასამთავრობო სექტორი მისთვის აქამდე უცნობი ინდივიდუალიზმითა და დამოუკიდებლობით გამოწვეული სიამოვნების გახანგრძლივებას ცდილობს.

ლელა გაფრინდაშვილი
”სოლიდარობა” N1 (28), 2009
ვალიდური ადამიანები და
ინვალიდური საზოგადოება


ჩემი მამუკა

1984 წლის შემდეგ არ მინახავს, მაგრამ სულ მახსოვს. ყველაზე ნათლად მაშინ წარმოვიდგენ, როცა ზრუნვამოკლებულებზე, მიუსაფრებზე ან ჩვენგან დახმარების მომლოდინე ადამიანებზე ჩამოვარდება ლაპარაკი. სწორედ მაშინ ვაცნობიერებ, თუ როგორი ამაგი აქვს ამ ადამიანს ჩემზე და როგორი სითბო მეღვრება გულში, როცა მისი ფართე, გაღიმებული სახე მახსენდება.

მამუკა ჩვენგან განსხვავებული ბავშვი იყო: ზორბა ტანის, ხბოსავით მეტყველი და კეთილი თვალებით. გაკვეთილებსაც ამზადებდა და სასწავლო პროცესშიც ჩართული იყო, მაგრამ ზანტად, ფრაგმენტულად აზროვნებდა. ამიტომ მისთვის საკონტროლოები მე უნდა დამეწერა, ხოლო გაკვეთილის მოყოლისას სუფლიორობა “არქიმედეს” ანუ პაატას ევალებოდა. ამ ჩვენი “სამთა” კავშირის შესახებ სკოლაში ყველამ იცოდა. ხშირად ყოფილა, როცა ვალმოხდილის სახით ჩემი და მამუკას რვეულს მასწავლებელს მივაწოდებდი, იგი აუცილებლად შემაქებდა-ხოლმე: “შენიც დაწერე და მაგისიც? მალადეც გოგო!” ამ წუთებში ისეთ უცნაურ კმაყოფილებას ვგრძნობდი, რომ ზოგჯერ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.

არქიმედე თვითონაც შენელებული იყო და მამუკას კარნახისას საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ ამ ადგილს არავის უთმობდა: “თავი დამანებეთ, თქვენს საქმეს მიხედეთ!” – გვეტყოდა და ფეხებს გვიბაკუნებდა ანუ პირუტყვებივით გვიგერიებდა. განსაკუთრებით მაშინ ვუტევდით, როცა მისი ფალავანი “ორიანს” მიიღებდა და ყურებს ჩამოყრიდა. მოკლედ, ბევრჯერ ვცადეთ სხვა მერხზე გადაგვესვა და ვინმეთი ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. არადა, მთელი კლასი ელოდებოდა ამ ვაკანსიას.

მამუკას განსაკუთრებული სიყვარულის მოსაპოვებლად, ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, შეიძლება ითქვას - ვექიშპებოდით კიდეც, რადგან ვხვდებოდით, რომ მზრუნველის სტატუსი ყველასგან გამორჩეულ ადამიანებად გვაქცევდა. ბავშვისთვის, რომელიც თვითონ ალერსისა და ყურადრების საბურველშია გახვეული, ძალიან უცხო და ამიტომ საინტერესოა სხვაზე ზრუნვა, რუდუნება.

თვალწინ მიდგას – როგორ უსიტყვოდ მომადგებოდა ბიჭი და აიტუზებოდა ჩემს წინ. მეც, საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ავტომატურად ვუსწორებდი ამოჩაჩულ პერანგს ან პიჯაკის საყელოს. დედასავით ვიყავი მისთვის, პასუხს ვაგებდი მასზე. ისიც უშურველად მასაქმებდა. კმაყოფილებას არასოდეს მალავდა და მეც მეამაყებოდა, როცა თავის მძიმე ხელს, მადლიერების ნიშნად, მხარზე დამადებდა და სწრაფადვე გაიქცეოდა.

მამუკას რვეულში არაფერი უნდა შემშლოდა, რაგან ამისათვის კლასელები მისაყვედურებდნენ, მას კი - ხასიათი წაუხდებოდა. აი, ჩემთვის დაწერილში თუ რამეს მივქარავდი, - მასწავლებლები შეცდომად არც მითვლიდნენ, სიჩქარით მოუვიდაო, - ამბობდნენ.

დედამისი სევდიანი ქალი იყო. სკოლაში ხშირად მოდიოდა და ყოველთვის როგორც დიდს, ისე მელაპარაკებოდა. სარვამარტოდ სულ ლამაზ ჭურჭელს და სამზარეულოს აქსესუარებს მჩუქნიდა. ალბათ გულში ფიქრობდა კიდეც – ნეტავ, საჭმელსაც შენ უმზადებდე და აჭმევდე ამ ჩემს ბედოვლათ შვილსო.

მეათე კლასის გამოცდებიც ჩავაბარეთ და ჩვენი გზები გაიყო.

საინტერესოა, მას თუ ვახსენდები? ასეც რომ არ იყოს, მაინც არასოდეს ვიტყვი – არამია-თქო, რადგან ვთვლი, რომ მას უფრო დიდი ამაგი აქვს ჩემზე, ვდრე მე – მასზე. ამიტომ დავარქვი ამ მოგონებას “ჩემი მამუკა”. თუმცა თავიდან “ჩემი კლასელი მამუკა” მინდოდა მეწოდებინა, რაც სწორი კია, მაგრამ ამასთანავე უსიცოცხლო და არასამართლიანია. ასეთი ხელოვნურობისთვის როგორ გავიმეტებ ჩემს გაზრდილს.

გული ამიჩუყდა ამ ბიჭის გახსენებაზე! აუცილებლად უნდა ვნახო!

ჩემი დომკა

ყოველთვის, როცა ვინმესადმი უშურველად ვზრუნავდი, მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემი ბუნება კი არ იყო, არამედ თითქოს რაღაცას ვინანიებდი ამით.

სინდისის დამშვიდებისაკენ მიმართულმა გამოძიებამ ერთხელაც ჩემი ბავშვობისდროინდელი ამბავი გამახსენა, რომელიც დღემდე დროდადრო მახსენდება და სირცხვილისაგან ვიწვი.

დომკა ჩემი ნათესავი, გაუთხოვარი ქალი იყო, მამისეულ სახლში დარჩენილი და, როგორც ასეთი ქალების უმრავლესობა, - ოჯახის მოჯამაგირედ ქცეული. პატარა ქოხში ცხოვრობდა. მეტყველება უჭირდა, წელში მოხრილს და ფეხმტკივანს ხელში სულ ჯოხი ეჭირა და მოჩანჩალებდა. მისი ძირითადი საქმიანობა საქონლის მოვლა იყო.

დილით ადრე მიუყვებოდა სოფლის შარას, შემდეგ კარგ საძოვარს იპოვნიდა და იქ დაბანაკდებოდა. ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა, სულ გვასაჩუქრებდა ტკბილეულით. ჩვენც გარს ვეხვეოდით, ვართობდით, მაგრამ ხშირად დავცინოდით კიდეც.

ერთხელ დავინახეთ, საძოვარზე ჩასძინებია და მობარებული საქონელიც არსად ჩანს. მისი გაღვიძება გადავწყვიტეთ. მე, ამ მიზნით, უშველებელი ქვა მოვიმარჯვე და ვესროლე მოხუცს. საშინელი გმინვის ხმა რომ მომესმა, - მივხვდი რა ჩავიდინე. ბავშვებს ისე შეეშინდათ, რომ მიმატოვეს და ამ ტყეში ჩემს დანაშაულთან პირის-პირ დავრჩი.

სასოწარკვეთილებისაგან თვალები მაგრად დავხუჭე, ყურებში თითები გავირჭე, პირქვე დავემხე და მიწაში თავი ჩავრგე. გონს მოვეგე თუ არა, - გავფრინდი სახლისაკენ... მხოლოდ ჩემს დას, ნატოს, მოვუყევი რაც მოხდა. მან კი სანუგეშოდ ნალიაში დამალვა შემომთავაზა.

როცა უფროსებმა დაიძინეს, სახლიდან გამოვძვერით, დიდი კიბით სასიმინდეში ავხოხდით და გულაღმა ვეყარეთ გათენებამდე. ენა არ გაგვიჩერებია. ეს უხვსიტყვაობა საშინელების მოლოდინით გამოწვეული ისტერიკა იყო.

მზის ამოსვლასთან ერთად ძროხის ბღავილის ხმა შემოგვესმა. სამალავიდან თავები გამოვყავით. ვხედავთ, დომკა ჩვეულებრივად მოაბიჯებს, თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს და საიქიოდან მობრუნებულის არაფერი ეტყობა.

კისრისტეხვით გამოვცვივდით შარაზე, მივვარდით დომკას და კოცნა დავუწყეთ. განსაკუთრებით მე ვაქტიურობდი. მან ცრემლმორეული თვალებით შემომხედა და ცივად მომიშორა. მიხვდა რომ “ის” მე ვიყავი, რადგან ლაპარაკი კი უჭირდა, მაგრამ გონებითა და გრძნობებით სხვებზე ღრმა და გულწრფელი იყო.

დაახლოებით ერთი თვე ვემალებოდი დომკას, მაგარმ როცა ნატოს ხელით კამფეტი გამომიგზავნა, - მივხვდი, რომ ზურგი მოურჩა და შემირიგდა, მაპატია.

მიხარია ეს წერილი რომ დავწერე. ამით კიდევ ერთხელ ვუბოდიშებ დომკას. გარდა ამისა, ვიცი, რომ ჩემი და ნატოს გარდა იგი სიყვარულით არასოდეს არავის გაახსენდება და ამიტომ ორმაგად კმაყოფილი ვარ. ჩაგვრისა და დაჩაგრულების მიმართ ჩემი, ზოგ შემთხვევაში გამძაფრებული მგრძნობელობა, სწორედ ამ მოხუცის დამსახურებაა.

საზოგადოება, სადაც მამუკა და დომკა არ ჩანან და მათი ხმა არ ისმის, სწორედ რომ ინვალიდურია (უვარგისია), რადგან მისი წევრები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ვალიდური და თანასწორუფლებიანია.

ლელა გაფრინდაშვილი
”სოლიდარობა” N1 (28), 2009
უსიერ ტყეში
ვუძღვნი თიკა რეხვიაშვილს
და ნატალია კობიაშვილს

ამ წერილით 31 ოქტომბერს, ერეკლე II-ს ქუჩაზე მომხდარ Halloween-ის დარბევას ვეხმაურები.

ალბათ მიხვდით, რომ სათაური იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას, მოთხრობიდან ვისესხე. და ეს არა იმიტომ, რომ იგი ჩემი ყველაზე საყვარელი მოაზროვნეა, არამედ იმ გულისტკივილის გამო, რასაც რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოების ნაწილის გაუგონარი პოზიცია განაპირობებს. დააკვირდები მათ შეხედულებებს, აგრესიულ ქცევას და თავი უსიერ ტყეში გგონია, გამოუვალ, ბნელ და ავისმომასწავებელ ლაბირინთში.

ბევრი დამეთანხმება, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი ცოდნისა და რწმენის თანაარსებობას გამორიცხავს. მაშინ, როცა ადამიანის გონებრივი და სულიერი შემოქმედება ურთიერთშემავსებელია. ამის მაგალითია საქართველოში ორი უმაღლესი საასწავლებლის, გელათისა და იყალთოს აკადემიების, მონასტერთან დაარსება, რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნების სამაგალითო დიალოგი დასავლურ კულტურასთან.

ხალხური დღესასწაულებისა და სანახაობების საკითხში განსწავლულ ადამიანს კარგად მოეხსენება, რომ ქართული კულტურა ყოველთვის ივსებოდა ახალ-ახალი შინაარსებით. მთვარის, ტაროსის, განაყოფიერებისა და შვილოსნობის, ხეთა და ცხოველთა თაყვანისცემის სანახაობები, მისნური და ჯადოქრულ-საწესო ცეკვები სავსეა დასავლური ანალოგიური რიტუალების დეტალებით.

გარდასახვა, ყოფითი პრობლემებისა და განცდების ინსცენირება, ლხინისა და ვარამის გამომზეურება ადამიანს ყოველდღიური რუტინისაგან დისტანცირებასა და რელაქსაციაში ეხმარებოდა; სანამ ბუნებას შეისწავლიდა და დაიმორჩილებდა, იგი თამაშობდა და ტკბებოდა. ამიტომ ხელოვნება მრეწველობაზე ხანდაზმულია, სიამოვნება კი _ შემეცნებაზე ძველი.

მაშ, რა ხდება დღეს? რამ შეაშინა მართლმადიდებლობის სახელით მოღვაწე ხალხი? რატომ ამბობს მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ Halloween-ი სატანისტურია და რომ: "რამდენიმე წელია ცდილობენ ამ ე. წ. დღესასწაულის დაკანონებას. კონკრეტული პიროვნება და ორგანიზაცია არ ჩანს, მაგრამ ყოველივე ამის უკან დგას დასავლეთი, უფრო ამერიკა..."?

არა მგონია, ეს კითხვა რიტორიკული იყოს. პასუხის ძიების, აზრის დაბადების პროცესში მე მხოლოდ ბებიაქალის როლს შევასრულებ. მოსამართლის ტვირთი კი -თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა აიღოთ საკუთარ თავზე.

სიმბოლური სასამართლოს იდეასაც აკუტაგავას მოთხრობას ვუმადლი: იამასინასაკენ მიმავალ გზაზე, უსიერ ტყეში მომხდარი მკვლელობის საიდუმლოს ამოსაცნობად, მწერალი უსმენს ყველას _ ბრალდებულს, მოკლულის სულს და მის მეუღლეს, სასამართლო მოხელეს, ჩაფარს, ტყის მჭრელს, მოხეტიალე ბერს. მაგრამ კანაძავა ტაკეჰიროს მკვლელი მკითხველმა უნდა გამოიცნოს, მასზეა მთელი პასუხისმგებლობა.

მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს! ეს სიმბოლური სასამართლო ერთადერთი არჩევანია, რადგან სისხლის სამართლის საქმე "სატანისტების" დარბევის შესახებ აღძრული არ არის.

ამ საქმესთან დაკავშირებულ ვერც ერთ სახელმწიფო მოხელეს ვერ დავუკავშირდით. ისინი ან არ არიან, ან - სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.ჩვენს განსჯაში მონაწილეთაგან არცერთის ვინაობას არ ვასახელებ, რადგან მეშინია, ვინმემ მათზე ანგარიშსწორება არ მოინდომოს. სამარცხვინოა, როცა 21-ე საუკუნის საზოგადოებაში, აზრისა და პოზიციის გამოთქმა შეიძლება ძალადობის მიზეზი გახდეს.

რა უამბო სასამართლოს Halloween-ის მონაწილემ, 18 წლის გოგონამ

გამოგიტყდებით, რომ იმ დღეს ცოტა შეუძლოდ ვიყავი და კინაღამ შინ დარჩენა ვარჩიე. მაგრამ როგორც კი გამახსენდა, რომ ღონისძიება საქველმოქმედო იყო, - რა გამაჩერებდა? თან ჩემს მეგობრებსაც ვნახავდი, გავერთობოდი. ასეთი სახალხო, კოსტიუმირებული ზეიმები ხომ ჩვენს ქალაქში იშვიათია? ყველაფერი პოლიტიზირებულია. მამაჩემი მიყვება, საბჭოთა დროს კონცერტის ბოლოს კომუნისტური პარტიისათვის მადლობა უნდა გადაგეხადა ან მეცნიერულ ნაშრომში ლენინი უნდა გეხსენებიაო, - სწორედ ეს მახსენდება, როცა თანამედროვე გასართობ ღონისძიებებს ვუყურებ.

წლევანდელი Halloween-ი სხვანაირი იყო, თეატრს ჰგავდა, "პატრინოტი" არ იყო. რაც გაზეთ "ალიაში" დაიწერა, ეს ავტორების მიერ სასურველის რეალობად გასაღება უფრო იყო, ვიდრე - რეალობა. სანამ ეს ხალხი გამოჩნდებოდა, ყველაფერი წყნარად მიდიოდა. მოვიდნენ, დაიწყეს ახალგაზრდების დამოძღვრა (სხვათა შორის, დაცვამ და პოლიციამ ისინი უპრობლემოდ შემოუშვა მაშინ, როცა უბილეთოდ არავის ატარებდნენ), შემდეგ სცენაზე აცვივდნენ, წამყვანი პირდაპირ ხალხში გადმოაგდეს და ტექნიკის მტვრევა დაიწყეს. დიჯეი ცემეს და სცენის უკანაც დაერივნენ ხალხს.

ერთი კითხვა მაქვს კიდევ. ჩემმა ნათესავმა 80-იან წლებში, სუფრაზე, ვიღაც კაცს თავში ბოთლი ჩაარტყა და თან იძახოდა: როგორ მიბედავ, მე უნივერსიტეტის პროფესორი ვარო. იმ დღის მერე, მისი ფეხი უნივერსიტეტში არავის უნახავს. საინტერესოა, ამ ამბავს საპატრიარქო როგორ გამოეხმაურება? მე იმედი მაქვს, რომ ძალადობას, ადამიანების შეურაცხყოფას აუცილებლად დაგმობენ.

მიუხედავად იმისა, რომ გვარიანი შიში ვჭამე, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი 15 ლარი სასარგებლო საქმეს მოხმარდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ და ორ, სოციალურად დაუცველ გოგონას ფინანსური დახმარება გაუწიეს: თიკა რეხვიაშვილს, პოეტესასა და ნიჭიერი შემოქმედს და ნატალია კობიაშვილს - ადამიანს, რომლის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რამელშიც მე ოდესმე მონაწილეობა მიმიღია.
ქველმოქმედება ყოველთვის გაფიქრებინებს, რომ საჭირო ხარ, კეთილი და მოსიყვარულე. ამ ფონზე, 31 ოქტომბერს მომხდარი ვანდალიზმი არაფრად მიღირს.

რა უთხრა სასამართლოს 80 წლის ეთნოგრაფმა ქალმა, ქართული შრომითი, საწესო და დრამატული სანახაობების მკვლევარმა

ამ სამარცხვინო დარბევას მხოლოდ ილია ჭავჭავაძის სიტყვებით მინდა ვუპასუხო: "ცოდნა სინათლეა".

თამაში კაცობრიობის ბავშვობაა. საქართველოში, დაბა ვანში, აღმოჩენილია ანტიკური ხანის თეატრალური ნიღბები, რაც ადასტურებს, რომ ხალხური სანახაობები ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქვეყნის ყველა რეგიონი შრომასთან, რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ რიტუალებს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა.

ჩემი დიდი წინაპარი კავკასიაში სახელგანთქმულ ბერიკა-მუშაითის, აბელ რევაზიშვილის დასის წევრი და თბილისში, ერევნისა და გუნიბის მოედანზე გამართული სანახაობების მონაწილე იყო.

1855 წელს, აღდგომა დღეს, აბელმა თბილისში "დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა" განასახიერა. იგი დამსწრე საზოგადოებას ოჩოფეხებზე მდგომი, ხელში ნაბდის ქუდით მოუთხრობდა აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში მოგზაურობაზე. მისი ქუდი იმ ქვეყნის მკვიდრის სახეს იღებდა, რომელზეც ბერიკა-მუშაითი საუბრობდა. ჩემი დიდი პაპა პამპულა-ხუმარა იყო და არანაკლებ ართობდა ხალხს.

პაპაჩემი 1894 წელს, თბილიში გამართული სპექტაკლის "ყეენობის კუდი" მონაწილეა და ყოველთვის სიამაყით იხსენებს, რომ მათ წარმოდგენას ილიაც ესწრებოდა.

"ბერიკაობისა" და "ყეენობის" შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალით დგინდება, რომ ეს სანახაობები განაყოფიერებისა და შვილიერების კულტს უკავშირდება. ("ბერი" ეტიმოლოგიურად ბერას ანუ ნაშობს, ბელს ნიშნავს.). ამ რიტუალით ქართველები თითქოს ხარკს უხდიან ღვთაებას, რათა მას გვარისა და თემის გამრავლებისათვის ხელი არ შეეშალა.
"ჭიაკოკონობა" (სულხან-საბას მიხედვით, "ჭიაკოკოლა" დიდ, ჩალის ცეცხლს ნიშნავს) კი გვიჩვენებს, რომ ავი სულები თავიანთ მსხვერპლს ითხოვენ და სოფელ-სოფელ დაეხეტებიან. პაპაჩემი მიყვებოდა: ქაჯები და ჭინკები იალბუზის მთაზე იკრიბებიან. შემდეგ ჩვენსკენ დაიძრებიან და თუ სახლის წინ ცეცხლი არ დაინახეს, - შინ შევლენ და ან ვინმეს გააგიჟებენ, ან კიდევ - ბავშვს მოიტაცებენო.

ახლაც გული სიყვარულით მევსება, როცა ჩემთან ერთად მოფუსფუსე პაპა გამახსენდება: კაჭაჭს ის აგროვებს, ერდოზე ასკილის ეკლიან წნელს ამაგრებს და კოცონზე მოხტუნავე გოგო-ბიჭებს ტაშს გვიკრავს.

Halloween-იც ანალოგიური ზეიმია. როცა განათებულ გოგრას დაინახავს, შეუძლებელია ეთნოგრაფს "კვახა-ბერა" არ გაახსენდეს, სარწყული კვახისგან გაკეთებული, თვალების, პირისა და ცხვირის ადგილზე ამოჭრილი ნიღაბი, რომელიც თავზე ეხურათ ბერიკებს. "კვახა-ბერას" იმერეთში აღდგომის წინა კვირას თამაშობდნენ. ასევე არსებობდა დათვის, მგლის, მელიის, ვირის, ტაროსის ღვთაების, ცხენ-კაცის ნიღბები.

ნიღბებში საგანგებოდ გამოწყობილი ბავშვები ჩამოივლიდნენ სოფელს და ყველა გლეხის ჭიშკართან მღეროდნენ: "კიჭებიო, კიჭებიო, დაგეზარდოთ ბიჭებიო".

სიმბოლური კია, რომ Halloween-I ერეკლე II-ის ქუჩაზე გაიმართა. ამ მეფეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სანახაობების შენახვისა და შთამომავლობისთვის გადაცემის საქმეში. მის კარზე არსებობდა საოხუნჯო დარბაზი, სადაც ხუმარა ბენია (იოანა-ბუიანა) მართავდა წარმოდგენებს. ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ თარხანი, გიორგი მახათაძე, რომლებიც მასკარადის არქაულ შინაარსსაც ინახავდნენ და ახალი, თანამედროვე პრობლემებითაც ამდიდრებდნენ მას. მაგალითად: 19-ე საუკუნეში “ბერიკაობის” რიტუალში გაჩნდა “გაროზგვის” სცენა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმპერიის ჩინოვნიკებს უნდა უმადლოდეს.

ბოლოსკენ მინდა ვთქვა: ადამიანმა, რომელმაც თავისი კულტურა კარგად იცის, მას უცხო კულტურის არ შეეშინდება და მით უმეტეს, - მის წინააღმდეგ არასოდეს გაილაშქრებს. ერთ ბერიკას უთქვამს: "ენა ყველას იტყვის, მაგრამ კაცს სინდისი უნდა ჰქონდეს".

რა წერილზე მიუთითეს სასამართლოს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებმა, თავიანთი პოზიციის გასაცნობად

ე. წ. ჰელოუინი

ამა წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ერეკლეს ქუჩაზე მოეწყო ე. წ. ჰელოუინის "ზეიმი". თავისი არსით, ჰელოუინი, არის წარმართული, სატანური რიტუალის გათანამედროებული ფორმა. ინფორმაცია ჰელოუინის არსის შესახებ იხილეთ ჩვენს საიტზე (http://www.religia.ge/, რუბრიკა მიმართვები, ბუკლეტები). ჰელოუინის "ზეიმი" არაგათვითცნობიერებულთათვის კარნავალის სახით არის შენიღბული, ფორმით კი ეს კარნავალი არის საზარელი აღვირახსნილი სანახაობა, სატანისტური ნიღბებით, ნარკოტიკებით გაბრუებული ხალხით, ორგიებით, ვაკხანალიით, ღია და დაუფარავი სექსით პირდაპირ ქუჩაში, საზოგადოების თანდასწრებით, შიშველი ქალების როკვითა და სხვა ათასგვარი უზნეობით.

ნებისმიერი ფორმის სატანური რიტუალის მიზანი ჭეშმარიტი ღმერთის შეურაცხყოფაა. თბილისში ჩატარებული "ჰელოუინის" აქციაზეც გათამაშდა სიმბოლური სცენა, - მართლმადიდებლობის დამარცხება: ახალგაზრდა კაცი სცენაზე განასახიერებდა მუხას. ითქვა, რომ მუხა - ეს მართლმადიდებლობაა, შემდეგ ნახევრადშიშველმა ქალებმა მუხა-მართლმადიდებლობას ჰკრეს ხელი, წააქციეს იგი და თავს დააცხრენ. აი, ასე "დაამარცხეს" ჰელოუინის მესვეურებმა უგუნური ხალხის თანდასწრებითა და, ფაქტობრივად, შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეობით მართლმადიდებლობა.

მართლმადიდებლობის "დამარცხების" შემდეგ მონაწილეები მიეცნენ ვნებებს, როკვას, ორიგებს, სექსს პირდაპირ მიწაზე, რისი მოწმენიც იქ მისულები გახდნენ და სხვა უზნეობას.

სრულიად აშკარა იყო, რომ ჰელოუინის მესვეურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა იყო: აღვირახსნილმა ბრბომ შებილწა ჩვენი სიწმინდე, სიონის ტაძარი, მისი ეზო ტუალეტად აქცია და წაბილწა, ხოლო მავანმა ტაძარზე თქვა, რომ ის არის ტუალეტი, რომელსაც სიონი ჰქვიაო.

მართლმადიდებელთა უკმაყოფილება "ზეიმთან" დაკავშირებით იზრდებოდა, მათ იწყეს მოგროვება ერეკლეს ქუჩაზე და სურდათ შეეჩერებინათ უმსგავსოება და სიწმინდეთა შეურაცხყოფა. "მოზეიმეებთან" მისულ მართლმადიდებელ მოძღვარსა და მრევლს, რომელთაც სურდათ აეხსნათ მონაწილეთათვის ჰელოუინის ნამდვილი არსი, მოეწოდებინათ მათთვის, შეეჩერებინათ აღვირახსნილობა და უზნეობა, არც კი მოუსმინეს, ექსტაზით გაბრუებულები (რასაც არც მალავდნენ) იქ მისულ მოძვარს უკნიდან ასხამდნენ კოკა-კოლასა და სხვა სასმელებს, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ. დაპირისპირებს მოჰყვა არეულობა. იგი შემდგომ გადაიზარდა ჩხუბში თავად მონაწილეებს შორის, თუმცა სამართალმდაცვების ჩარევით დამყარდა წესრიგი.

გაიმართა საუბრები მონაწილეებთან. გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას არც კი ჰქონდა გააზრებული, თუ რისი უნებლიე მონაწილენი შეიქმნენ ისინი. ამის გამო ისინი წუხდნენ და ნანობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ მიიღეს მხილება, დაუფარავად აცხადებდნენ, რომ უზენობა მათი არჩევანია და ეს მათი უფლებაა. ამაზე ჩვენმათ ვუპასუხებთ: ქუჩებში მათი აღვირახსნილობა არის უკვე უზნეობის ქადაგება, რის უფლებასაც მათ არ მისცემენ მორწმუნეები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებსაც სურთ ზნეობრივი საზოგადოება, ზნეობრივი გარემო, რომელშიც უნდა აღიზარდონ მათი შვილები, საქართველოს მომავალი თაობა.

რაც შეეხება ზოგადად სატანიზმს, ესაა მეტად საშიში მოვლენა, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრება ყველას: მიმდევრებს - თვითმკვლელობის, როგორც სატანიზმის უმთავრესი მიზნის, პროპაგანდითა და მოწოდებით, ხოლო არამიმდევრებს - რიტუალური მკვლელობებით. სატანიზმის ხელშეწყობა გამოიწვევს საზოგადოების ღია დაპირისპირებას სატანიზმის მიმდევრებისადმი, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრბა სატანიზმის ხელშემწყობლებს.ჩვენ მოვითხოვთ სატანიზმის ორგანიზებული ჯგუფების საქმიანობსი აკრძალვას საქართველოში.

რა ლექსი გამოუგზავნა სასამართლოს თიკა რეხვიაშვილმა, მისდამი გაწეული დახმარების სამადლიეროდ

ჩემი სამშობლოს ისტორია
თუ გსურს, რომ იყო განათლებული, ძალიან ბევრი უნდა ისწავლო,
თავაუღებლად უნდა შრომობდე, რაც გინდა კარგად რომ შეისწავლო.
თუ გსურს რომ იყო წარმატებული, ცოდნის ტრფიალით უნდა იწვოდე, შენი სამშობლოს ისტორიაზე ძალიან ბევრი უნდა იცოდე.

რა უთხრა სასამართლოს მოხელეს Halloween-ის ერთ-ერთმა მონაწილემ, 25 წლის ვაჟმა

ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ის ქმედება, რომელიც იქ მოსულმა ადამიანებმა მართლმადიდებლობის სახელით ჩაიდინეს. ღონისძიება უკვე მთავრდებოდა, როცა სცენაზე ამოვიდნენ და აპარატურის მტვრევა დაიწყეს. ეს გაწევ-გამოწევა ნახევარი საათი გრძელდებოდა. ბევრი ადამიანი დაშავდა.

როცა გაზეთსა და ინტერნეტში ჩვენი სანახაობის “სტუმრებისა” და მათი თანამოაზრეების წერილები წავიკითხე, გაოგნებისაგან ენა დამება: საიდან მოიტანეს ავხორცული ორგიებისა და მართლმადიდებლობის დამარცხების ინსცენირებები, ვერ ვხვდები? საიდან ეს არაამქვეყნიური შიში სიახლის, გართობისა და მხიარულების მიმართ?

ზარალი დიდია, მაგრამ მე, პირადად, ორგანიზატორებს გასაჩივრებას არ ვურჩევ, რადგან გვერდში არავინ დაუდგება, მათ შორის - სახელმწიფოც განზე გადგება. რატომ? მართალია, მსგავსი რამ არასოდეს შემმთხვევია, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობ, დაკვირვებისა და ანალიზის უნარი ხომ მაქვს?

რა უთხრა სასამართლოს მასკარადის მონაწილე werewolf-მა ანუ მგელ-კაცამ

ასეთი რამ არცერთ Halloween-ზე არ მინახავს. თავიდან ყველა მესალმებოდა და ბეწვზე ხელს მითათუნებდა. ბოლოს კი თავ-პირი დამამტვრიეს. ვიწრო ქუჩებით გამოვიქეცი და უსიერი ტყისკენ ავიღე გეზი. ცოტაც და სამშვიდობოს გავიდოდი, რომ ერთ-ერთ მოსახვევთან ქართველი მაქცია შემეფეთა. თავი წარმომიდგინა, - მგელ-ბერიკა ვარო. ჩემი ძმა ყოფილხარ-მეთქი. ძალიან ეამა. გავთამამდი და მოვუყევი, რომ მცემეს ერეკლე II-ის ქუჩაზე, როგორც ამერიკელი და სატანის მსახური. ერთი მგლურად გადაიხარხარა და მითხრა:

- უარესის ღირსი ხარ, რომ არ დამპატიჟე! მე კი "ბერიკაობაზე" გიწვევ. ოკუპანტი ბერიკაც გვჭირდება, ვინმე უნდა დავითანხმოთ ამ როლზე, დათვის ნიღაბი მოვარგოთ და საჯაროდ გავროზგოთ. რა სანახაობა იქნება - ქართველი და ამერიკელი ბერიკები ერთად რომ მოარჯულებენ დამპყრობელს?!

- დაარტყი ხელი, ძმები ვართ! - ვუთხარი მე აღფრთოვანებულმა. აღარც გვერდები მტკიოდა და აღარც გული. მეგობარიც ვიპოვე და საქმეც გამიჩნდა. გამართლებაც ამას ჰქვია!

დასრულდა ჩვენი სასამართლო. მოწმეთა უმრავლესობა განხილვას დაესწრო, ნაწილმა კი - წერილობით მოგვაწოდა მისი პოზიცია.

ჰოდა, მოინდომეთ და განსაჯეთ, შეიგრძენით პასუხისმგებლობის გემო!

* * *

სტატია გაფორმებულია:

1. „ბერიკაობის“ ნიღბები (მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის და ნიკოლოზ ავალიშვილის ესკიზები)
2. ფოტოები 2008 წლის 31 ოქტომბერს, ერეკლეს ქუჩაზე გამართული „Halloween“-იდან
3. თიკა რეხვიაშვილი, ვისაც ღონისძიების ორგანიზატორები დაეხმარნენ (ფოტო მათივე)4. Werewolf ანუ მგელ-კაცა (myspace.com)

ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N46, 2008

ცოდნა და ჩიტის გალობა

სიყვარულზე და ძვირფას ადამიანებზე ყველაზე რთულია გზიანი ლაპარაკი - ახლოს მიხვალ და ვნებები აგეშლება, დისტანცირდები და - შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი დაგავიწყდეს. თუმცა, მე მსგავსი არაფერი მემუქრება, რადგან ჩემი სუბიექტური იდენტობა გაჟღენთილია ამ მყუდრო, სვანური თემის წიაღიდან შეთვისებული თვალუწვდენელი მოგონებებით, განცდებით, შთაბეჭდილებებით და ცოდნით.

როდესმე, ალბათ, დავჯდები და აღმოსავლელი მეზღაპრის გულმოდგინებით წვრილად მოვყვები ამ სამყაროზე, მაგრამ ჯერ ხომ უნდა დავიწო?!

დასაწყისისთვის ორი გმირი ავირჩიე: დეიდაჩემი – ცირა გაბიანი და დედამისი, მარიამ სვანიძე ანუ ქალები, ვისაც ჩემს ცოდნის სამყაროსთან ზიარებას უნდა ვუმადლოდე.


მარჯვნიდან: გოგუცა ბაბლუანი, სემნარ გაბიანი და მისი მეუღლე მარიამ სვანიძე, ჟენია სვანიძე, 1935 წელი

ექვსი წლისა ვარ. ერთადერთი ადგილი, სადაც ყოველთვის გულის ფანცქალით მიმეჩქარება, მარიამის სახლია: პატარა მყუდრო, ლექსებითა და არაკებით გაჯერებული. მისი ოთახის კარი სულ ღიაა, დერეფანი კი სავსეა ჩიტებით.

საუზმის შემდეგ უკანმოუხედავად გავრბივარ მასთან. ვიცი, რომ ისიც მელოდება. უკვე ათ წელზე მეტია საწოლსაა მიჯაჭვული და თანამოსაუბრე ჰაერივით სჭირდება.

- მოხვედი?! მოდი, ჩამოჯექი და მითხარი – რა ხდება სოფელქვეყანაზე.

მეც წვრილად ვუყვები სოფლის ამბებს. ერთი სული მაქვს დროზე ჩავარაკრაკო, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოვიახლოო.

როგორც იქნა მოვრჩი, მოხუცს შეკითხვები გამოელია.

ახლა კი დროა საწოლთან ახლოს მოვკალათდე და გავიხსენო, - სად გავჩერდით გუშინ? ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს და მარიამიც თხრობას განაგრძობს.

ლექსია თუ ამბავი – მისთვის ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანია, ერთნაირი გულმოდგინებით იწყებს საუბარს და შიგადაშიგ მზერას ჩემსკენ მომართავს: სმენით კი ვუსმენ, მაგრამ მომწონს თუ არა, - აინტერესებს.

მე კი ისეთი სახე მაქვს, თითქოს ადამიანის ხმას კი არა, - მუსიკას ვუსმენ. რაღაც უცნაური, ენითაუწერელი, მომნუსხველი ჰანგი იფრქვევა გარშემო.

... და აი, დასრულდა დღევანდელი ისტორია. ჯერ კარგად გამორკვეული არ ვარ, როცა დერეფნიდან ჩიტის გალობა მესმის - თითქოს სამადლობელო ჰიმნს უძღვნის მარიამს. უკვე მერამდენე დღეა გულყვითელა ასე იქცევა და დანამდვილებით ვიცი, რომ ხვალაც იგივე განმეორდება.

ახლაც მკაფიოდ ჩამესმის მარიამის დამატყვევებელი, ცოდნის ძიებისკენ მომწოდებელი ხმა: ფრაზები მისეული “ვეფხისტყაოსნიდან”, ლუკა თათეიშვილის პოემიდან “სიყვარული”, ეთიკური არაკებიდან და სკაბრეზული ლექსებიდან. როგორც კი თხრობა მინელდება, - მელოდიას გულყვითელა აგრძელებს. მე ორივეს თანაბარი ინტერესით ვუსმენ, ვსწავლობ და ვტკბები.

ეს უცნაური სამთა კავშირი ბავშვობის უძლიერესი შთაბეჭდილებაა, რომლის წყალობითაც, ჩემთვის, ცოდნა და ჩიტის გალობა უერთმანეთოდ წარმოუდგენელია.


მარიამისადმი ჩემი გრძნობები და სიყვარული დღეს უკვე მის ქალიშვილში გრძელდება. მასთან საუბარი და რაიმე საკითხზე მსჯელობა ერთი სიამოვნებაა. ისე არაფერს დაიჯერებს, თუ გონების თალით არ შეხედა. ცოდნისადმი მისეული მიზანსწრაფვა ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის.

მაგრამ ბედმა უმუხთლა: რეპრესირებული მამის (სემნარ გაბიანი) ქალიშვილმა სკოლის დამთავრება კი მოახერხა, მაგრამ სწავლა ვეღარ გააგრძელა. ჯერ იყო და - 21 წელი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა, შემდეგ – ძმას, გურგენს.

ვარამის მიუხედავად, წიგნთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია.

სკოლისდროინდელი ამბებიდან ხალისით იგონებს: “ ბავშვები ერთმანეთს წიგნებს ვპარავდით. ზოგიერთებს ეს ძალიან გვაწუხებდა. მერე ვირაცამ ამბავი მოიტანა – ლენინს უთქვამს: წიგნის ქურდი ქურდი არ არისო და შვებით ამოვისუნთქეთ.”
მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან გაზეთ “საბჭოთა სვანეთში” აქვეყნებს კორესპოდენციებს და ლექსებს.

2003 წელს კი – წლების ნამუშევარი და რომანი “გაჭირვებამ მათქმევინა” წიგნად გამოსცა. აქვეა მის მიერ მოძიებული, ისტორიული დოკუმენტები ჩვენი წინაპრების შესახებ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ბესარიონ ნიჟარაძის მოგონება სიმონ მღვდელზე, რომელიც მის, 1881 წლის, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებშია შესული.

აი, ეს ადგილი, დეიდაჩემის წიგნიდან:

“ ... ახლა უშგულს მიაქცია ყურადრება უსლარმა, გაიგო, რომ უშგულს გარდა სვანეთი ასე თუ ისე შეერთებულია რუსეთთან. მოინდომა ეს საქმე თვითონ გაეთავებინა და კიდეც გათავდა ერთის კაცის მეცადინეობით, რომელზედაც რამდენიმე სიტყვის უთქმელობა უსამართლობა იქნება. ჩვენ ვამბობთ ლაშხეთელ მღვდელ სიმონ გაბიანზე, რომელიც უეჭველად უნდა ჩაითცვალოს თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერად. მღვდელი სიმონ გაბიანი ბუნებით სვანია. ცხოვრობს სადადიანო სვანეთის, ლაშხეთის საზოგადოებაში, სოფელ შგედს. როგორც დიდი ხნის დამსახურებული იღებს პენსიას, 130 მანეთს. მღვდელი სიმონი დღეს 108 წლის მოხუცია, მაგრამ ისე ცოცხალი, ისე ჯანმრტელი, რომ არავინ დაიჯერებს, თუ იმისი წლოვანება 60 წელს აღემატება. ტანად პატარაა, თმა-წვერ გაყვითლებული, თავისებურად ჩაცმა-დახურვიდა და ცხოვრების მოყვარე. ეს “პატარა ხუცესი” ( სვან. კოტოოლ ბაპ) დანახვისთანავე მიიქცევს მნახველის ყურადღებას. საღმრთო წერილი უსწავლია ცაგერის მონასტერში, მღვდლად კურთხეულა მარტვილში. საღმრთო წერილის ცოდნაში ბევრი რამ აკლია, ნამეტურ ტიბიკონში, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლიდა პატარა ხუცესს, რომ ღმერთი წმინდის გულით შეეყვარა და ხალხის გულიც მოეგო. უშგული დღესაც წმინდანსავით უყურებს ამ ხუცესს. წარსულიდან ბევრი რამ ახსოვს სიმონ მღვდელსა. იგი იცნობდა უწინდელს საქართველოს ეგზარხოსს ისიდორეს, ახსოვს მუხრანბატონი და რაფიელ ერისთავი, როდესაც ისინი ქუთაისში ყოფილან სამსახურში. ბარტოლომეი, დიმიტრი ბაქრაძე, უსლარი, რადდე, - ყველა იმის დროს ყოფილან სვანეთში. ბევრს საინტერესო რამეებს მოჰყვება თავის ნაცნობობის შესახებ დიდკაცებთან. მოვიყვან ორს. როდესაც ეგზარხოსმა ისიდორემ ( ახლანდელი პეტერბურგის მიტროპოლიტი) დამიბარა ტფილისშიო, მიამბო სიმონ მღვდელმა, - დიდი მადლობა მითხრა სვანეთში მოღვაწეობისათვის და სკუპიოთი დამაჯილდოვა. სკუპიოზე უარი განვაცხადე და შევატყვე ეგზარხოსს არ ეჭაშნიკაო. რომ დამემშვიდებინა ეგზარხოსი, მოვახსენე: თქვენო მეუფებავ, მე რომ ეს თქვენი საჩუქარი წავიღო, სვანები სხვანაირად იფიქრებენ რასმე და შეიძლება ისე არ გამიგონონ, როგორც აქამდის მიგონებენ. ჩემის აზრით, ის ემჯობინება ეს სკუპიო იმას უბოძოთ, ვისაც გაუხარდება და მე - კი თქვენი ლოცვა-კურთხევა გამატანეთ სვანეთშიო.

ერთი ახირებული ხასიათი სჭირს სიმონ მღვდელსა: თავის ხანგრძლივს სიცოცხლეში გული (მკერდი) არ შეუკრავს, ასე რომ მუდამ გულღია დადის: პერანგის ღილსაც არ იბნევს. თავად გიორგი ერისთავს არ მოსწონდა ესა და რამდენჯერმე მთხოვა, რომ პერანგი მაინც შემებნია, მაგრამ მე მაინც ჩემი მემართებოდა. ერთხელ, ქუთაისს დამიბარა. გამოვცხადდი ჩვეულებრივ გულგაღებული. როდესაც გამოვეთხოვე, თავადმა ერისთავმა მიბრძანა, რომ ხვალ თქვენ მოგიტანენ ახალ ტანისამოსს, ჩაიცვით და ისე მობრძანდითო. თურმე ერისთავს ებრძანა, რომ ხვალისათვის ახალი ტანისამოსი შეეკერათ ჩემთვის. მეორე დილას თერძმა მომიტანა და თავისი ხელით შემიბნია ახალუხისა და კაბის დუგმები. ავდექი და ერისთავთან მივედი. ლაპარაკის დროს ყველა დუგმა შემხსნოდა ჩემდაუნებურად. ერისთავმა რომ ამას შეხედა, მითხრა: მამაო, როგორც გიწირავს, ისე სწირე, - ეტყობა, ვერაფერი დუგმა შენს გულს ვერ შეჰკრავსო...”

ბესარიონ ნიჟარაძე უდაოდ მოხიბლულია ამ ისტორიებით. განსაკუთრებით კი - სიმონ მღვდლის “გულღიაობით”.

დიახ, სწორედ ეს არის ჩემთვის სოფელი, დედულეთი – გული, რომელიც არანაირი დუგმით და დოგმით არ შეიკვრება. გული, რომელიც ერთნაირად ღიაა ცოდნისა და ჩიტის გალობისთვის.

ლელა გაფრინდაშვილი
”ჩვენი სოფელი” N5 (11), 2008
”ფანდარასტ”- ული ომი და წაგებული მშვიდობა
ვუძღვნი ზალიკო ქიქოძის ხსოვნას

ერთი ფილოსოფოსი მახვილსიტყვაობდა: რა უცნაური არსებაა ეს ადამიანი - განგებამ ფიქრის უფლება უბოძა და ის მაინც სიტყვის უფლებისთვის იკლავს თავსო.

არადა, რომ არა აზრის გ/ამო/თქმის და სხვებისთვის გაზიარების ეს უცნაური მიზანსწრაფვა, ალბათ ამ წერილის დაწერის სურვილი არ გამიჩნდებოდა. არც ჩემს მიერ განცდილი “ომი-მშვიდობის” გაპაექრების ისტორიას მოგიყვებოდით და თქვენი თანაგანცდის იმედიც არ მექნებოდა.

წერის სურვილი ომის პროცესში მიმდინარე საზოგადოებრივმა მითქმა-მოთქმამაც გამიძლიერა: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლება რუსეთს შეეკრა, ხოლო მეორენი – ეს ყველაფერი დასავლეთის ხელდასმით მოხდაო. ამ ვარაუდებში, ძნელი არ არის აზროვნების საბჭოური დაღის ამოცნობა: ყველაფრის მიზეზი გარეთ არის, სხვაგან და სხვებში, პოლიტიკური პროცესები კულისებში, საზოგადოებისგან ფარულად იგეგმება, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ და , მით უმეტეს, ვერ შევცვლით ისტორიის მდინარებას.

ამას თან დაერთო ეთნოცენტრიზმით გამოწვეული ფსიქოზი იმის თაობაზე, რომ დასავლეთი კარგად ვერ ირჯება ანუ ხმალ-ხანჯალ-აბჯარ-მუზარადი ვერ აისხა და ვერ ეკვეთა ღვთისმშობლის წილხვედრი ხალხის მტერსა და დუშმანს!

ვინც დღემდე ასე ფიქრობს, მისთვის ახია რაც მოხდა და რაც მოხდება. მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ შეუძლებელია ყველა ჩვენი უბედურების მიზეზი ყოველთვის ჩვენგან შორს, ჩვენთვის მიუწვდომლის წიაღში იყოს. ხომ შეიძლება უახლესი ისტორიის გაკვეთილებით მაინც ვისწავლოთ, რომ - ეს ჩვენ ვართ ჩვენი დღევანდელობის მიზეზი? ჩვენ წავაგეთ მშვიდობა, რადგან ომის სამზადისს მივუყრუეთ და ვერ ვხვდებოდით, რომ მეგობრები მშვიდობისკენ მოგვიწოდებდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რეგიონში თავიანთი ინტერესები აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ ეს კონფრონტაცია საქართველოს ავნებდა და დააზარალებდა.

არ დაიჯეროთ, რომ ევროპას რუსეთი ჩვენმა ხელისუფლებამ გააცნო! გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომი, კავკასიური ომები, ჩეჩნეთის ტრაგედია, ბესლანი, ნორდ-ოსტი და ჩაწვდით ამ შეხედულების აბსურდულობას!

დაინახეთ, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან ომს ვერასოდეს მოიგებ, მშვიდობას კი – დიდი ხნით და აუცილებლად წააგებ.

მშვიდი და მშვიდობიანი

აფხაზებს და ოსებს პირველად 2000 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციის Iნტერნატიონალ Aლერტ- ის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, შევხვდი. მათთან დალაპარაკება ცოტა კი მაშინებდა, რადგან ომთან ემოციურად არაფერი მაკავშირებს. ბევრი მძიმე შეფასება და კრიტიკული აზრი მოვისმინე, მაგრამ ასევე დავინახე, რომ ამ აგრესიული ამოთქმის გარეშე შეუძლებელია გადატანილი ტრაგედიისგან დისტანცირება. ადამიანებს უნდათ გაგაგებინონ მათი განცდები, დაგროვილი და ვერგამოთქმული ნაფიქრალი, რათა შენი თანაგანცდა გამოიწვიონ. მხოლოდ მომხდარის შეფასების შემდეგ შეიძლება დაიწყოს გადაფასების ანუ მომავლის შენების პროცესი.

ასეც მოხდა. წარსულის გადააზრებამ თანამშრომლობის სურვილი დაბადა. ჩვენს ერთობაში ყველა კავკასიური ეთნოსის წარმომადგენელი ქალი მონაწილეობდა, ამიტომაც მას კავკასიელ ქალთა ლიგა /ჩაუცასუს ჭომენ’ს Lეაგუე დავარქვით.

2003 წლის სექტემბერში ლიგელები (ანა ჩოჩიევა, აზა ხაჩიროვა, აიშატ მაგომედოვა, ნათელა აკაბა, ირინა გრიგორიანი, ვალენტინა ჩერევატენკო) ცხინვალში შევიკრიბეთ. Aანამ გამორჩეულად სტუმართმოყვარე მასპინძელი შეგვირჩია, ამიტომ დაძაბულობა და შიში არავის გვიგრძვნია.

ყველა შეხვედრა ომის წლებში გადატანილი უბედურების გახსენებით იწყებოდა და ქართულ-ოსური ურთიერთობების საუკეთესო მაგალითებით მთავრდებოდა.

არასოდეს დამავიწყდება დევნილთა საერთო საცხოვრებელს შეკედლებული ქალი, რომელიც დერეფანში შემოგვეგება და თავისი შემზარავი ისტორიის თხრობა დაიწყო: როგორ ატარა დაჭრილი ქალიშვილი ტყე-ტყე და როგორ დალია სული საბრალომ. თვალებგაფართოებული ვუსმენდი და ცრემლები თავისთავად მდიოდა. თავზაედაცემული ვიყავი ამ სიგიჟის ზღვარზე მდგომი ქალის საცოდაობით და ვერ ვწყნარდებოდი.

ცხინვალელ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უფრო კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნები აინტერესებდათ და ამიტომ კომუნიკაციას პოლიტკორექტულობისა და დიპლომატიის სუნი ასდიოდა – აზრებიც და ემოციებიც თითქოს აფთიაქის სასწორზე იდო და წონასწორობას არ კარგავდა.

ერთ-ერთი დისკუსიის ბოლოს, ჩემი მზერა კედელზე გაკრულმა მთამსვლელების ფოტომ მიიპყრო. იქვე მდგომმა ახალგაზრდამ ჩათვალა, რომ ალპინიზმის ფანი ვარ და გამომელაპარაკა:

- ძალიან მიყვარს ეს საქმე, სვანეთში, ხევსურეთში, რაჭაში ყველგან ნამყოფი ვარ.

- მე კი ვერაფრით გაგაკვირვებთ მაგ სფეროში. უბრალოდ ეს კაცი ზალიკოს მივამსგავსე და ამიტომ დავაკვირდი.

ეს ვთქვი და ყმაწვილს თვალები საახალწლო გირლიანრებივით აენთო. ვიფიქრე, ახლა ხელში ამიყვანს და დამაბზრიალებს- მეთქი.

- ქიქოძეს იცნობ? ჩემი მეგობარია. აი, ვინ მიყვარს ძმასავით. აი, ვინ არის მშვიდი და მშვიდობიანი. აუცილებლად მომიკითხე, არ დაგავიწყდეს!

რომ არა ჩვენი მასპინძლის მანქანის გამოჩენა, ამ ბიჭს თავს ვეღარ დავაღწევდი. გარშემო ყველამ იფიქრა, რომ დიდი ხნის უნახავმა ნათესავებმა ერთმანეთი ვიპოვნეთ.

ცხინვალიდან მე და ყარაბახელი ირინა გრიგორიანი ერთად დავბრუნდით. თბილისში, როცა ვემშვიდობებოდი, მითხრა:

- ერთი გამაგებინა, რა კონფლიქტი გაქვთ თქვენ და ოსებს? ერთმანეთთან ისე მიდი- მოდიხართ, არავის ეკითხებით. ჩემს ქალაქში რომ აზერბაიჯანელი ჩამოვიდეს, დაცვით უნდა იაროს. შენ კი ისე დასეირნობდი, რომ პასპორტიც არავის უკითხავს. იმ დიდ ბაზრობაზეც ყველა ერთად ვაჭრობს.

მაშინ ვერც ვიფიქრებდით, რომ ეს ვითარება მალე კარდინალურად შეიცვალებოდა: ერგნეთი დაიკეტა და 2004 წლის ზაფხულში კინაღამ ომი დაიწყო. მაგრამ ყველა, ვინც ხმის ამოღება გაბედა, ლამის ეშაფოტზე აიყვანეს.

პარლამენტარმა ივლიანე ხაინდრავამ ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიული გეგმის უქონლობაში და ფარულ, საომარ “თამაშებში” დაადანაშაულა:

“... დღისით სამშვიდობო მოლაპარაკებები, ღამით – ომი. შთაბეჭდილება ისეთია , თითქოს საქართველოს ცალკე დღისა და ცალკე ღამის მთავრობები ჰყავს. უფრო სწორად ჰყავს ღია, ფორმალური და ოფიციალური მთავრობა, რომელიც რატომღაც შეზღუდულია თავის მოქმედებაში და მის პარალელურად – ჩრდილოვანი, არაფორმალური, არაოფიციალური ჯგუფი, რომელიც არალეგალური – კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიღმა არსებული ბერკეტებით მართავს პროცესებს. თანაც მართავს ცუდად, სამაგიეროდ – ყოველგვარი პასუხისმგებლობის, უფრო სწორად – პასუხისგების გარეშე...…”

გიორგი არველაძეს, ხელისუფლების მეხოტბესა და დამქაშს, ივლიანე ხაინდრავას მიერ დასმულმა კითხვებმა, რატომღაც ბაბურინისა და ჟირინოვსკის ანტიქართული პათოსი გაახსენა. გაღიზიანების მიზეზი ნათელი იყო: პასუხისგებას ვინ შეჰბედავდა სიტყვაძვირ და “ბრძენ” ირაკლი ოქრუაშვილს, ცეცხლით და მახვილით რომ დაერია მტყუანსა და მართალს? პასუხისმგებლობაც პოსტრევოლუციურ საქართველოში აღარავის ახსოვდა. თუმცა, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, ვინც ომის დაწყებას არასოდეს დაუშვებდა.

ამ სამხედრონარევ “ჰუმანიტარულ შტურმს” კინაღამ ანას მეუღლე, ალან პარასტაევი შეეწირა. იგი 30 დეკემბერს ცხინვალელმა სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს, რადგან ქართული სოფლებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის ცხინვალში დაკავების მიზეზით დაინტერესდა. მე და მარინა ფაღავამ იგი საავადმყოფოში მოვინახულეთ. შუა საუბარში ვიყავით, როცა ოთახში ზალიკომ შემოანათა.

გაოცებული ვუყურებდი ალანის რეაქციას: ისე წამოხტა, თითქოს არაფერი სტკიოდა და სტუმარს გადაეხვია. ამ სანახაობით ნასიამოვნებს, გონება გამინათდა და ოსი ბიჭი გამახსენდა, გულწრფელი, კეთილშობილი სიხარულით სავსე თვალებით. რაც მთავარია, - მივხვდი, რომ ასეთი სიყვარული რომ დაიმსახურო, ზალიკოსავით მშვიდი და მშვიდობიანი უნდა იყო. ბევრ ოსს და ქართველს ახსოვს, - რა დღე აყარეს მას პირველი მოწვევის ნაცებმა 1991 წელს, როცა ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების უგუნურებაზე ალაპარაკდა.

სირცხვილი და სინდისი

მალე ვითარება აფხაზეთშიც დაიძაბა. ქართულმა მძიმე ტექნიკამ თავი ენგურის ხიდთანაც მოიყარა. აქვე, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციაც ჩატარდა: 200-მდე ბავშვი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, სათამაშო ავტომატებით შეიარაღებული, მწობრად მარშირებდა.

ახალი კონფრონტაციის მოლოდინით შეშფოთებულმა აფხაზმა ქალებმა რამოდენიმე ქართველს ( ნაირა გელაშვილი, ანა წვინარია- აბრამიშვილი, მარინა ელბაქიძე, იულია ხარაშვილი, მარინა ფარავა, ლელა გაფრინდაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ალა გამახარია, თინათინ ხიდაშელი, გია ანჩაბაძე, ნოდარ სარჯველაძე, პაატა ზაქარეიშვილი) წერილი მოგვწერეს, სადაც ქართველ ლიდერთა სამშვიდობო განცხადებებისა და მათი ქმედების ურთიერთგამომრიცხაობაზე საუბრობდნენ და ასევე აფხაზური საზოგადოების მოლოდინზე, რომ მშვიდობის დროშის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკოსთა შორის რომელიმეს ეყოფოდა გამბედაობა და 1992-1993 წლების მოვლენებს შეაფასებდა.

“... ძვირფასო კოლეგებო, იმედი გვაქვს, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეშფოთებას. დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ ახალი ქართული ლიდერების პოპულისტურმა განცხადებებმა და უპასუხისმგებლო საქციელმა არ ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ, გავატაროთ რიგი ერთობრივი ზომებისა:

1. გამოვაცხადოთ დროებითი მორატორიუმი ყოველგვარ ცალმხრივ ქმედებაზე – არასანქცირებული ვიზიტები ორივე მხრიდან, აგრეთვე მასობრივი მიტინგები, მსვლელობები და მანიფესტაციები (მათ შორის, სამშვიდობო ლოზუნგებით გამართული) უშუალოდ უსაფრთხოების ზონასთან. უნდა ვიცოდეთ, რომ უსაფრთხოების ზონასთან ყოველგვარ დესტაბილიზაციას შეუძლია გამოიწვიოს პროვოკაცია და ძალადობის ესკალაცია.

2. უმოკლეს დროში შედგეს ტელეხიდი სოხუმი_თბილისი, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელონ შექმნილი ვითარების გარშემო და მონახონ დაძაბულობის განმუხტვის გზები.

ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბოლო წლების მიღწევა – ერთმანეთისადმი პატივისცემა და ურთიერთგაგების დასაწყისი, რაც დაგვეხმარებოდა მშვიდობიანი მომავლის აშენებაში”.

ამ წერილის პასუხად, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტის, რესპუბლიკური პარტიის წევრის (ფსევდონიმით “მეგობარი”), 1931 წელს დაბეჭდილი ანალიტიკური სტატია მოვიძიეთ და გაზეთ “24 საათში” გამოვაქვეყნეთ. ავტორი ქართველების მიერ აფხაზთა მიმართ დაშვებულ 3 შეცდომაზე საუბრობს: 1. აფხაზების ქართველებად გამოცხადება და ამით მათი ეროვნული ღირსების შელახვა, 2 – მენშევიკური მთავრობის მიერ ამ ხალხის მიმართ უპასუხუსმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და 3 . გენერალი ჯუღელის გვარდიის აფხაზეთში შესვლა და იქ გაჩარებული ძარცვა-გლეჯა და ძალადობა.

“მეგობარი” ამაოდ ნატრობდა, რომ ეს შეცდომები ქართველებს აღარასოდეს დაეშვათ. 90-იანი წლების დასაწყისში ისტორია განმეორდა და თანაც უფრო მძიმე და დამანგრეველი შედეგებით.

ამ დღეებში, როცა აფხაზეთიდან გამოგზავნილ წერილს ვკითხულობი, უკანა მხარეს რაღაც მინაწერი აღმოვაჩინე. “სირცხვილი და სინდისი” – ასე დამირქმევია გამოხმაურებისთვის, რომელიც ვერ დავასრულე და აფხაზებთან გაგზავნაც სამომავლოდ გადავდე.

დიახ, 2004 წლის მოვლენების შემდეგ დუმილის გამო თუ ვინმემ შემარცხვინა, ათასი თავის გასამართლებელი მიზეზი შემიძლია მოვიფიქრო. ბოლოს და ბოლოს ვიტყვი, რომ მე მაინც ვერაფერს შევცვლიდი და ვერავის დავარწმუნებდი – მეთქი.

მაგრამ რას ვუზამ სინდისს?! ამ მამხილებელ გონებას ხომ ვერაფერს გამოაპარებ და ვერ დაუძვრები, რადგან იგი თვითრეფლექსიას და საკუთარი შეცდომების აღიარებას გაიძულებს. მხოლოდ მისი წყალობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა დუმილმა გამოიწვია “მშვიდობის” მარგინალიზება და მილიტარიზმის კულტივირება.

“სიყვარული” თუ “ჟიმაობა”

2005 წლიდან პატრიოტული პროპაგანდა და მილიტარისტული სულისკვეთება ძალას იკრებდა. კლიპი კლიპზე მზადდებოდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ როგორც კი იმღერებ, - ტერიტორიასაც უმალ დაიბრუნებ.

ქართული საზოგადოების ნაწილი გვარიანად კი ქირქილებდა ამ ვირტუალურ, სასიმღერო “ომობანაზე” , მაგრამ მისი შინაარსი საკადრისად არავის გაუკრიტიკებია. მაგალითად: არავის დაუსვამს კითხვა ზუმბასთვის იმის თაობაზე, თუ რატომ შეცვალა მან გალაკტიონის ტექსტი და ფრაზას “ზღვა, რომელიც შორია” რატომ ამჯობინა “ზღვა, რომელიც ჩვენია”? ასევე არავინ დაინტერესებულა, - სად გაამგზავრა ამ ბიჭმა ეს თავისი ნაცნობ-მეგობრები და დევნილები მაშინ, როცა ენგურის ხიდზე რუსები დგანან?

მილიტარისტული ჰიმნოგრაფიის მწვერვალი, “ფსოუს წყალი”, უკვე ააშკარავებს საომარ მზადებას, შეჰხარის ბრძოლისა და თავგანწირვის რომანტიკას.

ფსოუს წყალი, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფოებრიობის და ერთიანობის საკრალურ სიმბოლოდ იქცა. გახსოვთ ალბათ, რა დიდი გზნებით დაეწაფა მას გიორგი ყარყარაშვილი. ალბათ ამიტომ ემუდარება მომღერალი, ნინი ბადურაშვილი, ქართველ მებრძოლებს მამულის საზღვარზე მოჩუხჩუხე, უკვდავმყოფელ სითხესთან ზიარებას.

სიმღერის ვიზუალური ნაწილიდან კიდევ შეიძლება რაღაცის გაგება, მაგრამ ტექსტი სავსეა ნაძალადევი სიტყვათშეთანხმებებით და ხელოვნური, გულისამრევი მაღალფარდოვანებით.

წარსულიც და აწმყოც, ომით გამოწვეული სისხლი, ცრემლი და ძაძები თურმე დროის ბრალია და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა და არა - ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას. მოკლედ, ჩვენ მხოლოდ ფსოუს წყალს დავლევთ და მაშინვე შავი ზღვის სანაპიროზე აღმოვჩნდებით. თანაც უკვდავება და შვილების მადლიერება გარანტირებული გვაქვს.

ლექს-სენის სიმღერამ “კოკოითი ფანდარასტ” ბევრი გააღიზიანა, მაგრამ არა ტექსტის შინაარსის, არამედ - ოსურენოვანი ცნების “ფანდარასტ” გამოყენების გამო, რომელმაც შეურაცხმყოფელი გამოთქმები და რეპლიკები გამოიწვია. ბოლოს კი ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა, “ჭკუითა და წინდახედულებით გამორჩეულმა” მასხარებმა ამ სიმღერის სამარცხვინო ინტერპრეტაცია გააკეთეს და ფილარმონიის სცენიდან, მთელი თვეები გაჰკიოდნენ: “კოკოითის თურმე კაცი არ ჰქვია, კაცი კი არა, თურმე ფანდარასტია.” ამ უმეცრების კომენტირება ჩემს ძალებს აღემატება.

უკვე აღარაფერი მიკვირს. არც ერთ-ერთი ქართველი ინტელექტუალის, ივლისის ბოლოსკენ წამოწყებული ომის აპოლოგია შევიცხადე. მსჯელობის გასაშლელად, მან ამერიკული, 60-იანი წლების კონტრკულტურული მოძრაობისა და ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეთა სლოგანი გამოიყენა: “Make Love Not War”. ფრაზის პირველი ნაწილის ქართული თარგმანისას ცნება “ჟიმაობა” გამოიყენა და არა – “სიყვარული”.

ხვდებით ალბათ, რომ ამ ინტელექტუალს ინგლისური ენის ცოდნას როდი ვუწუნებ. მე მხოლოდ მისი ლინგვისტური-ზნეობრივი არჩევანი მაღიზიანებს: როცა ამ უნიკალურ გამონათქვამში სიყვარულს ანუ მშვიდობას ვერ ამოიკითხავ, მაშინ ომი ანუ სიძულვილი გარდაუვალია.

ლელა გაფრინდაშვილი

“ცხელი შოკოლადი” N45, 2008
გადაბეჭდილია ჟურნალში ”დრო მშვიდობისა”, N20, 2009
გადაბეჭდილია კამპანია ”XATAMЗAIT/ბოდიში” -ის მიერ გამოცემულ გაზეთში ”კამპანია ბოდიში”, N 1(2), 2010, აპრილი
Back in the USSR
ვუძღვნი ჰაინრიხ ბიოლის ხსოვნას

ყველანი ვაკვირდებით, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლა კვლავ აქტუალურია. ერთადერთი, რაც შეიცვალა-პარლამენტის შენობასთან რიტუალური ცეცხლი რიტუალურმა მაკრატელმა შეცვალა.

ამ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქეებს, გამოსაფხიზლებლად, გამოგვადგება ჰაინრიხ ბიოლის სიტყვების შეხსენება: “ჩარევა – ეს ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ რეალისტად დარჩე”. მწერალი, რომელიც გერმანული სოციალ-დემოკრატიის, ფაშიზმის და ომისშემდგომი ტერორის მოწმე იყო, არასდროს დარჩენილა უბრალო დამკვირვებლად. ყოველთვის ერეოდა ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში. სწორედ იმაზე წერდა, რაც განიცადა, თანაგანიცადა, დაგმო ან მიემხრო. რაც მთავარია, - საკუთარი მონაწილეობის და პასუხისმგებლობის ხარისხით კმაყოფილი და, მით უფრო, აღფრთოვანებული არასოდეს ყოფილა.

საარჩევნო პროცესზე დაკვირვებაც ჩარევაა, აქტიური ჩარევა, მაგრამ აქაც არის არსებითი ნიუანსები, რომელთა გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია საქართველოში გაყალბებათა ეპოქის დასრულება. მხოლოდ გარეგნული წესრიგი, საარჩევნო პროცედურების დაცვა ვერაფერს შეცვლის, თუ ყველა მოქალაქეს თანასწორად არ მიეცა თავისუფალი, მიუკერძოებელი არჩევანის გაკეთების საშუალება. ეს კი ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნება დამოკიდებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკურ შეხედულებებზე და არა - ფულზე, შიშზე და ქრთამზე.

ზედამხედველობა, თვალთვალი და ჩარევა

ბავშვებს ნათესავებსა და ნაცნობებთან დაკავშირებული ამბები უფრო გვიზიდავდა, ვიდრე ინფანტილურ-მისტიკური ზღაპრები ველურ დალზე, სამძივარზე და მონადირე გივარგილზე. გასართობი ბევრი რამ გვქონდა, მაგრამ რელიგიურ რიტუალებზე და დაკრძალვის ცერემონიალზე ყველაზე მეტად ვერთობოდით.

ჭირის დღეზე, ოჯახისთვის ფულის შემკრები და დამთვლელი კაცი, პატივსაცემ ადამიანთა შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ბაბუაჩემისგან ვიცოდი, რომ ამ “თანამდებობაზე” სანდო ხალხს ირჩევდნენ. მაგრამ ბოლშევიკების დროს ერთ-ერთ მათგანში თურმე ეჭვი შეეპარათ და დათვლის პროცესზე ზედამხედველი მიამაგრეს - შეურყვნელი რეპუტაციის, განსწავლული თანასოფლელი. თუმცა, სულ მალე გლეხებმა შეამჩნიეს, თუ როგორ აგვიანებდა ეს წყვილი ფულის დათვლისას, საგულდაგულოდ ჩარაზული კარების გახსნას და როგორი მოჭარბებული კმაყოფილების გრძნობით და პირზე კოცნით ემშვიდობებოდა ერთმანეთს. ბოლოს კი, როცა ზედამხედველის შვილი რაიონში დაიბარეს და სოფელში ცხენით ამობრძანდა, - ყველა დარწმუნდა, რომ ორთა კავშირში საბოლოოდ გაფორმდა. მაგრამ ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას?!

მოცალეობის ჟამს, ეს ამბავი ჩემს მეგობარ მექის მოვუყევი. გაგიჟდა, ახტა და ტაში შემოკრა. ცოტა კი მეუცნაურა, მაგრამ ვიცოდი რა მისი თავქარიანობის ამბავი, დავივიწყე. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველ გასვენების დღეს, მექი სადღაც იკარგებოდა. მეორე დილით გაბღენძილი გამომეცხადებოდა და არაკრაკებდა მითებს იმის თაობაზე, როგორ გაექცა დათვი, მგელი თუ ტურა. არცერთი სიტყვა არ დაეჯერებოდა!

ერთ ღამეს ქალები რაღაც უცნაურად დარბოდნენ, პირს თავსაფარში მალავდნენ და ბუტბუტებდნენ. მეორე დღეს უკვე ბავშვებმაც ვიცოდით, რომ მექის ნათესავი გოგონა ვიღაცამ გააუპატიურა და მოკლა. საშინელება ტრიალებდა, - ტირილი და გოდება. მოხუცი დედის სანუგეშო სიტყვები ვერავის მოეფიქრებინა.

მექი მთელი კვირა ჭირისუფალთან ტრიალებდა, მაგრამ დაკრძალვის დღეს ისევ გაუჩინარდა. აქ კი შევფიქრიანდი და ჩემი მეგობარი გოგონების გაფრთხილება გამახსენდა: ეგ უცნაური კი არა, - გიჟია და გირჩევნია თავი შორს დაიჭიროო. შევამჩნიეთ, რომ ღამ-ღამობით, როცა დასაძინებლად ვემზადებით და ვშიშვლდებით, - გვითვალთვალებსო. ამ ბიჭისადმი ჩემი გრძნობები ასეთ შეძახილებს არ ექვემდებარებოდა.

- ახლაც არ დაიჯერებ, რომ სულელია, ავადმყოფი და უღმერთო! – მომაძახა ქეთომ, ამპარტავნული ღიმილითა და დაწვრილებული თვალებით.

გული იმაზე ცუდს მიგრძნობდა, ვიდრე ერთი კვირის წინ მომხდარი ტრაგედია იყო. დაკრძალვის ღამეს, ემოციებისგან დაღლილი და გაბრუებული, დიდი ხანი ვიჯექი აივანზე და მთვარეს ველაპარაკებოდი. ამ დროს კუპრივით შავი არსება კიბეზე ამოძვრა და ხელი მტაცა. მექი!

- წამო, წამო, დამეხმარე! – მითხრა და ზედ არც კი შემოუხედავს, ისე გამაქანა მისი ნათესავის სახლისკენ. უკანა ეზოდან, ხის კიბით მეორე სართულის დიდ ოთახში
აღმოვჩნდით. მთელს იატაკზე ვაშლი, მსხალი, სიმინდი და გოგრა ეყარა.

- დაწექი, თვალები ამ ჭუჭრუტანებს დაუმიზნე და ქვემოთ ჩაიხედე. იატაკზე კარგად მოვთავსდი და ნახვრეტებს დავაშტერდი. ვხედავ - ჭირის დღეზე ოჯახის დასახმარებელი ფულის (გადასახური) შემგროვებელი კაცი დიდი ურდულით ჩარაზულ ოთახში ზის, შემოსულ თანხას ითვლის და პატარა ჩემოდანში ალაგებს, თან რაღაცას გამალებით წერს. - ახალ სიას წერს, ძველი დახია, რადგან ფული მოიპარა. მაგას ვაჩვენებ სეირს! – თქვა მექიმ, კბილები დააკრაჭუნა და შარვლის გახსნა დაიწყო. თავზარი დამეცა, ყველაზე საშინელი რამ ვიფიქრე – მგონი, მისი დაღუპული ნათესავის გზას უნდა გამიყენოს-მეთქი. მაგრამ შევცდი! მექიმ თავისი ფალოსი ჭუჭრუტანაში ჩაყო და, როგორც შემდეგ მითხრა, პირველი სართულზე დაბუდებული ავი სული “გაანაყოფიერა”. მე კი იქედან გონდაკარგული გამოვვარდი, პირდაპირ საწოლს ვეცი და საბანში საგულდაგულოდ გავეხვიე, ჯერ კიდევ დაეჭვებულმა იმაში, რომ ყველაფერი დამთავრდა. დილით ეს ჩვენი ლამარია (ნაყოფიერების ღვთაება სვანეთში) ისეთი სახით გამომეცხადა, ვითომ აქაც არაფერი. ჩემი საყვედურის ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგო და ხელი უიმედოდ ჩაიქნია. ერთი წელია ვუთვალთვალებო - მითხრა. როცა ჩვენი საიდუმლოს გახმაურება შევთავაზე, არ ესიამოვნა და საშინლად იუარა – მე მაგაში ვერ ჩავერევიო. მთელი საქმე მე შემომატოვა. ასეთ საინტერესო საკბილოს სადღა ვიპოვიდი?! და დავტრიალდი. რადგან ფულის მოპარვის და ძველი სიის განადგურების მომენტი არ დამინახავს და მოწმეც არავინ მყავდა, ამიტომ ბავშვების დარწმუნება გამიჭირდა. ამას დაემატა მრისხანება, რომელიც მექის ფალოსის ხსენებამ გამოიწვია. - მაგ გარყვნილს როგორ უნდა ვენდოთ! აქამდე სად იყო?! მისი ნათესავის გაქურდვამ თუ შეაწუხა, სხვების ჭირი ჭირი არ არის? გამოვიდეს და თქვას, ჩვენ რა შუაში ვართ, თუ თავი არ ჰქონდა რას უთვალთვალებდა?! – ამბობდნენ გოგონები, მაგრამ მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე უკეთესობისკენ დაიძრა. ეს ამბავი მალე დამთავრდა: შემდეგ დაკრძალვაზე ოჯახისთვის გაღებულ დახმარებას სოფლის სამი კაცი იბარებდა და, ოჯახის წევრის თანდასწრებით, სამივე ითვლიდა.

10 დადუმებული მამაკაცი და 5 განრისხებული ქალი

იმ დღიდან მოყოლებული, რაც ლეიბორისტმა Lლეილა გაფრინდაშვილმა მაჟორიტარად კენჭისყრა გადაწყვიტა, მოსვენება დავკარგე. დღე ერთი იყო და ათი ნაცნობი ან კოლეგა მირეკავდა. უმრავლესობა დარწმუნებული იყო რომ ეს მე ვიყავი (ანუ ლელა=ლეილას) და ამიტომ ბევრმა “პრაიმ თაიმში”-ც კი “დამინახა”, ლეიბორისტული პროგრამის პრეზენტაციაზე. დაეჭვებულნიც იყვნენ, მაგრამ უფრო მეტად იმის გამო, რომ ლეიბორისტები “ვიკადრე” და არა იმიტომ, რომ პარტიაში შევედი.

ხალხი როგორც იქნა მოვიგერიე. მაგრამ გული კი დამწყდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სახელი გატეხილი გვაქვს – ყველა ფიქრობს, რომ თვალი ხელისუფლებისკენ გვიჭირავს და ავტონომიური ინტერესი, ძალა და ავტორიტეტი არ გაგვაჩნია.

ამასობაში არჩევნებიც მოახლოვდა და 18 მაისს ქუთაისისკენ გავქუსლე. სამარშუტო ტაქსის მძღოლი ოქროპირი აღმოჩნდა: მის გვერდით მოკალათებულ ახალგაზრდას, ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტს, წყნარად, არგუმენტირებულად ედუდუნებოდა ხელისუფლების შეცდომებზე, მაგრამ Qმოპასუხე ქვა და რკინა გამოდგა: თქვენ არეულობა, კორუფცია, უშუქობა და უგაზობა გინდათ და იმიტომ არ მოგწონთ ხელისუფლებაო. ეს თქვა და სასოწარკვეთილმა მძღოლმა უკან მსხდომებს გადმოგვხედა და საშველად მოგვმართა:

- აგერ, ძმაო, 15 ადამიანი ზის და ვკითხოთ რამდენი აძლევს ხმას ხელისუფლებას? – თქვა და ისე მოგვაშტერდა, რომ საჭე სულ დაავიწყდა. უმრავლესობის რეაქციით გაოგნებული, ცოტა ხანს შეჩერდა, ხელი ჩაიქნია და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია: ათივე მამაკაცმა თვალები იატაკს მიაშტერა და კითხვა მიაყრუა. ქალებმა კი ისეთ დღეში ჩავაგდეთ მეხოტბე, რომ ლამის დროზე ადრე ჩასვლა გადაწყვიტა. ეს ამბავი გორის მისადგომებთან მოხდა და მთელი გზა მხოლოდ ქალები ვლაპარაკობდით და თანაც მხოლოდ პოლიტიკაზე.

გამჭვირვალე არჩევნები

ქუთაისში ჩემი და, ნატო, შემომიერთდა და 20 მაისს დილის 10 საათზე სვანთისკენ გავეშურეთ. გზაში მექის ამბავი გავიხსენეთ და ვთქვით _ რა კარგი იქნებოდა, რომ დაკვირვების მისეული მეთოდი ჩვენც გამოგვეყენებინა, მაგრამ სად არის სხვენის ან მეორე სართულის ფუფუნება - ჩვენი საარჩევნო უბანი საბჭოთა კულტურის სახლის ნარჩენებშია და მხოლოდ წინიდან დაკვირვების საშუალებას იძლევა, ზემიდან ვერ გადმოხედავ, ვერ უთვალთვალებ.

დილის 7 საათზე უბანი გავხსენით. ამომრჩეველთა ძირითადი ნაკადი შუადღის 3 საათამდე მოვიდა. საპრეზიდენტო არჩევნებს რომ შევადარე, ბევრი რამ მეცა თვალში: “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი უბანზე აღარ იყო, იანვარში ოპოზიციურად განწყობილ დამკვირვებელთაგან უმრავლესობა ხმას არ იღებდა. მხოლოდ “ქართული პოლიტიკის” წარმომადგენელი გოგონა აქტიურობდა – ყველა შემომსვლელს ინიშნავდა და ძირითად სიებს ადარებდა.

შუადღისთვის მე და ნატომ ჩვენი უბნის უკანასკნელი მონაცემები ჩავიწერეთ, მანქანა ვიქირავეთ და კიდევ 5 უბანი მოვიარეთ. ყველგან სანიმუშო სიმშვიდე დაგვხვდა. მაგრამ უბნებთან შეკრებილი ხალხი მაინც ვერ ითმენდა და ჩიოდა. აზრს ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი ქალები გამოთქვამდნენ. ხელისუფლეების მომხრეები კი დუმდნენ.

_ ფულზე არ უნდა გაიყიდო. მართალი თქვა მალხაზ ონიანმა: საახალწლოდ ინდაური თბილისში 100 ლარი ღირს და სვანი კაცის ფასი ნუთუ 50 ლარიაო. ჩვენი ნება რომ იყოს, ჩვენ მალხაზს ავირჩევდით.

_ გაიძახიან გზა გააკეთა ხელისუფლების კანდიდატმაო. კი მარა გზა მარტო მაისში გვჭირდება სვანებს?

- კი, შეიძლება კარგი კაცია, 14 მიცვალებული გაასვენა, მაგრამ ხალხი ასე არ უნდა დააჩაჩანაკო, რომ თავისი მკვდარი ვერ გაასვენოს. უსამართლო მთავრობაა, არ უყვართ ხალხი.

- რას გადაგვაყოლეს მკვდრების გასვენებას. აბა ერთი გვითხრან – ჩვენთვის თბილისიდან გამოგზავნილი ფულიდან, ბიუჯეტიდან, რამდენი მიდის ჩვენი დეპუტატის ჯიბეში?
- გაგიჟდები, იმდენი ხალხი დაწყდა ამ ზამთარს და ამომრჩეველთა რიცხვი გაზრდილია. რასაც უნდათ იმას ფორხილობენ. არავინაა უარის მთქმელი.

- ძალიან ბევრს ისევ საბჭოთა პასპორტი გვაქვს, იმის ფული და დრო არ გვაქვს, რომ ახალი საბუთი გავაკეთოთ. ზოგს საერთოდ არა აქვს დოკუმენტი, მარა აძლევს ხმას. აბა რა ვქნათ?

ლენტეხის ოლქის ყველა უბანზე ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა. რეიტინგის მიხედვით სხვა პარტიათა მაჩვენებლები ამ თანმიმდევრობით განაწილდა - გაერთიანებული ოპოზიცია, ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები და რესპუბლიკელები.

მაჟორიტარებში სახელისუფლებო კანდიდატი ლიდერობდა, მეორე ადგილზე ამ რაიონის მკვიდრი მალხაზ ონიანი (ქართული პოლიტიკა ანუ დიდი ქართველი “ჰუმანისტის”, გოჩა ფიფიას თანამებრძოლი) გავიდა, ხოლო მესამე კი - ასევე ქვემო სვანი, რესპუბლიკელი სოსო მუკბანიანი იყო.

დები დამკვირვებლები ღამის 12 საათზე მივლასლასდით სახლში. უკვე ყველას ეძინა, მხოლოდ დეიდაჩემი გველოდებოდა. გაუხარდა ჩვენი დანახვა:

- ნაშუადღევს წავედი არჩევნებზე. რამდენი წელია თავს ვიმტვრევ და დღეს მივხვდი რას ნიშნავს თურმე “გამჭვირვალე არჩევნები”. ყურები ვცქვიტე:

- რას მიხვდი აბა, მითხარი.

- საარჩევნო ოთახში შეკრებილი ხალხი იყო გამჭვირვალე – სახეზე ეწერათ რა შედეგით დამთავრდებოდა ეს დღე, ვერ ფარავდნენ წარმატებით გამოწვეულ სიხარულს. ბრმა კი არა ვარ!

მე და ნატოს ისეთი სიცილი აგვივარდა, რომ ეზოში გამოვარდით ხმამაღლა გასაცინებლად. დავწყნარდით თუ არა, დეიდა გავაცილეთ და დავწექით.

თბილისში ჩამოსულს, არჩევნების გამაოგნებელი შედეგი არც გამკვირვებია.

ამ პირობებში, როცა ხელისუფლებამ ასორმოცდაათი მანდატიდან 120 აიღო, მხოლოდ საბჭოთა პერიოდი შეიძლება გაგახსენდეს.

1922 წლის საბჭოების I ყრილობის (იმდროინდელ პარლამენტში) დელეგატთა უმრავლესობა კომუნისტები იყვნენ, დანარჩენები, 5% კი – უპარტიოები. 1927 წლიდან, მათ უმნიშვნელო რაოდენობის კომკავშირელები (ВЛКСМ) დაემატნენ, ხოლო 1937 წლიდან კომუნისტები და უპარტიოები გაერთიანდნენ და კომსომოლი შთანთქეს. უფრო ზუსტად – იგი “დედის” წიაღს მოსწყდა და ცალკე დამკვიდრდა.

საბჭოთა ხალხი ეროვნულ საბჭოებსсс(СН ВС СССР) ხმას ერთხმად აძლევდა მანამ, სანამ ქვეყანა არ დალპა. მათ არჩევანი არასოდეს ჰქონიათ, რადგან პარტიაც ერთი იყო და მთავრობაც. ბედნიერების განცდა კი იდეოლოგიით გაბრუებულ ადამიანსაც აქვს და თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებელ, თავისუფალ მოქალაქესაც.

“... Well the Ukraine girls really knock me out
They leave the west behind
And Moscow girls make me sing and shout
The Georgia”s always on my my my mind
I am back in the USSR
You don’t know how lucky you are, boysBack in the USSR”

ხომ გახსოვთ! - საბჭოეთში დაბრუნებული ვაჟის ეს ლაციცი თავის ქვეყანასთან. პოლ მაკარტნის განმარტებით, ეს სიმღერა ჩაკ ბერის “Back in the USA”- ის პაროდია ყოფილა, სადაც უკვე ამერიკელი შეჰყეფს თავის სამოთხეს.

ლელა გაფრინდაშვილი
“ცხელი შოკოლადი” N40, 2008

ერთი უცნობი Her-სტორი

სანამ გულის ყურს მათხოვებ, მანამდე უნდა იცოდე, რომ უკვე სამი წელია, რაც აქ - მიხეილის საავადმყოფოს თავშესაფარში, ეს პატარა ოთახი მიჭირავს. ყველას დავავიწყდი, არა და - შეხედე ამ მიწურის კედლებს: ბარბარე ავალიშვილი, მაშო ქობულაშვილი, რაფიელ ერისთავი, ილია და აკაკი, დიმიტრი ყიფიანი, ყაფლან ორბელიანი, ბარბარე ჯორჯაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი – ყველას მოამაგე და მოყვარული ვარ, მაგრამ ან არავის ვახსენდები ან აღარავინაა ჩემი გამხსენებელი! თითები დაკოტიტრბული მაქვს ნიკრისის ქარისგან და საშინლად მეწვის. ლამპის დასანთებადაც კი ექთანს ვეძახი. მხოლოდ წოლა, ჯდომა, ფიქრი და ლაპარაკი შემიძლია. წერით ვეღარ ვწერ, ამიტომ უნდა მომოსმინო, შენი ჭირი მე, უნდა მოიცალო, თორემ სიკვდილი მიახლოვდა და არ მინდა ისე წავიდე, რომ ჩემი ამბავი არ ამოვთქვა!

რაღაი აქ ხარ, ლამპასაც არ ავანთებ, ნავთი დამეზოგება. უკვე ბნელდება, მაგრამ მთვარე ხომ არსებობს, მარადი მეგობარი, ჩემს ოთახს მთელი ღამე რომ ადგას, ვერ მელევა: გაშტერებული დგას და მეც ხშირად შევყეფ, დარდის გასაქარვებლად. რასაც შენ ახლა მოგიყვები, მას, ადრე, უთვალავჯერ მოუსმენია.

- უნდა გაგაწყვეტინოთ, ნინო! მე უკვე გამახსენდა თქვენი ლექსი “მთვარეს” და ახლა რომ არ წავიკითხო, გული წამივა:

“მთვარე იგრძენი და გადმომეც: ვინც გიმზერს შენა
იგიც იმას გრძნობს, რასაც მე ვგრძნობ, თუ აქვს მოლხენა.
ნეტავ შეგეძლოს ჩემის ტანჯვის თვითონ აღწერა,
რომ შენის ძალით, თვალ ხილულად, გამეცნო ყველა.
თვალნი შენს ჭვრეტად მექმნენ სრულად გარდაქცეული
და იგი ჭვრეტა გრძნობად იქმნა სრულად ქცეული,
ასე ვიხრჩობი, გამიკითხეთ მე ბედწყეული,
სიტყვა ვერ მითქვამს, ვიტანჯები, მუნჯად ქცეული.
კიდეც მიხარის ეგ ბრწყინვალე, შენ შუქთა ფენა,
კიდეც მაღონებს გულსევდიანს და მებმის ენა.
მისთვის მოგმართე სანუგეშოდ, რომ მომცე ლხენა,
მსურს განმიმარტო რაიცა აქვს ამ ჩემს გულს წყენა.
შენ უჭვრეტ ყველას ქვეყანაზედ, ხალხთ ცხოვრებასა,
შურის ძიებას, უსამართლო დამცირებასა,
კეთილის წილად ბოროტებით გულგრილობასა,
გაუტანლობას, ორპირობას, განქიქებასა.
მაშ ეგ კაშკაში, ეგ სინათლე სამოთხიური,
რას მოასწავებს? ნათელია მხოლოდ ციური?
მაშ მთელს სამყაროს რათ ანათებ და აბრწყინვალებ?
მცირეს მდინარეს შენის შუქით აამღელვარებ?
რადგან გაქვს მთვარევ, შუქნათელო ეგ ძლიერება,
მაშ იქონიე იმოდენი ლმობიერება,
რომ შუქი ეგე უხვად ჰფინო ყოველს არესა,
მით გზა უჩვენო, სინათლითა, გულმწუხარესა!”
(აგვისტო, 1884)

- გამოგივიდა! შეგატყე - გულით გწადდა ჩემი გახარება, მადლობას გწირავ. კარგი, - ლექსები შენ შემომაშველე, ამასობაში მე ჩაის მოვსვამ, დავისვენებ და დაგელოდები. აფსუსი კია, რომ ჯანი არა მაქვს ყოველ ჯერზე დაშხოშიანად შემოგძახო: “მიდი, ლელაჯან, მიდი, ჭირიმე!” ამიტომ თვითონ უნდა მიხვდე – სად რა ლექსი მოუხდება ჩემს სიტყვას. აბა, მისმინე, არ გაგაწბილებ, იქნებ გაგახალისო კიდეც, ვინ იცის?!

1838 წელს, სოფელ ახალქალაქში, დავბადებულვარ. დედაჩემი, მაკრინე თარხნიშვილი, გიორგი სააკაძის შთამომავალი იყო, - 1832 წლის შეთქმულების მონაწილის, ლუარსაბ თარხნიშვილის ასული. რომ იცოდე, დედის სიმღერების, ზღაპრებისა და არაკების შვილი უფრო ვარ, ვიდრე - ენამჭევრი სვიმონ აბაშიძის ლექსებისა .

ხუთი წლისა გავხდი თუ არა, დედის ძმამ, იასონმა, დილიკაურში წამიყვანა. მისი ცოლი, მაიკო ამირეჯიბი, საათობით მასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს. ორ წელიწადში კი გარიყულაში აღმოვჩნდი, - იმ დროისათვის სახელგანთქმულ მწიგნობარის, თამარ თარხნიშვილის ოჯახში.

ყოველ დილით ყმა, პეტრუა კაპრაშიძე, ზურგზე შემისვამდა და `სასწავლებელში~ მიმაქანებდა. `ვეფხისტყაოსანი~, `დავითნი~, სახარება, `ჟამნობა~ და `დაუჯდომელი~ _ ეს ყველაფერი 1-2 წელიწადში უნდა შემესწავლა. რადგან სახელმწიფო სასწავლებელში შესასვლელი ყველა გზა ჩემთვის დახშული იყო, ოსტატის გაკვეთილებს დავეწაფე. უფრო მეტი განათლების მისაღებად, მე თვითონ უნდა გამომეჩინა მარიფათი, მეძებნა გზები და საშუალებები. თვალი და გონება სულ წიგნისკენ გამირბოდა. სოფლის სიმყუდროვეში გარინდებული, ვხვდებოდი, რომ ჩემს ოცნებებს სხვა, უფრო ვნებიანი, ფართო ასპარეზი სჭირდებოდა. მაგრამ - “ქალი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო”.

12 წლის როგორც კი გავხდი, უფროსები დატრიალდნენ: ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს გამომძიებელს, ევგენი მაისურაძეს შეუთანხმდნენ და ცოლად მიმგვარეს. ენას სად შეუძლია ჩემი წუხილის გადმოცემა? მთელი ქვეყანიერება მძულდა. ეს არ იყო ბედნიერება! ქმარი უცხო ადამიანია და უცნაური ზნისა : სუდში წასვლის წინ, ჩანთაში თოჯინებს ალაგებს - ამათთან საქმე მაქვსო.

უბედობით დამძიმებული, “მოწამეთაში” წავლასლასდი. სხვაგან სად შეაფარებს თავს გზააბნეული და თავზრდაცემული ქალი? სხვა ვინ მოუსმენს თუ არა - ტანჯული სული? ამ საარაკო მდუმარებაში სევდა კი უფრო მემატებოდა, მაგრამ თამამად, ანგარიშმიუცემლად ვტიროდი ჩემს უნუგეშო წუთისოფელზე.

- ვიცი, ეს ლექსი და ვხვდები, კოტეს დაბადებამდეა, 1853-ში, დაწერილი. ახლავე, ახლავე! :

“ჰოი ძლიერო, წმინდავ მოწამე, ყოველი ვნება აწღა მაკმარე,
უწყებული გაქვს ცხოვრება ჩემი, სოფლისგან ტანჯვა, სიცოცხლე მწარე.
წინაშე შენსა მოველ ვედრებით; გულმხურბალებით ცრემლი დავღვარე,
ძლევითა შენით წინა მიძღოდა, დასაყრდნობელად მარჯვენა მხარე;
მას შეეწიე, ჩემად ნუგეშად, მომფინე მადლი და დამიფარე.”

- ქმარს ავი სენი მოერია და 1856 წელს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩემმა პირმშომ ცხოვრებისაკენ ცოტა კი შემომაბრუნა, მაგრამ თავს მაინც დარანში გამომწყვდეულად ვთვლიდი. 16 წლისა, 6 თვის ვაჟით, მამისეულ სახლში დავბრუნდი. იქ პატარა ძმა, ვლადიმერი, დამახვედრეს, ჩემი კოტეს ტოლი. ორივეს პატრონობა ვიკისრე - ერთნაირად ვაწოვებდი ძუძუს და ვეფერებოდი, მე თავად კი ალერსს და დაყვავებას ვინ მომაშავებდა?!

ერთ წელიწადში გადავწყვიტე - არა! უნდა გავიდე კარში, მწერლებსა და პოეტებს დავუახლოვდე, ჩემს ვარამს…სული უნდა გავფრთხობინო. ქუთაისის საზოგადოება გულითადად შემხვდა: გიორგი აგიაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, კესარია იურკევიჩი, ნატალია დადიანი, კეკელა აგიაშვილი, მამია გურიელი. მთელი სულით და გულით გადავეშვი ცხოვრებაში. ქალები განსაკუთრებით მეხმარებოდნენ, ამიტომ მათთან განშორება ძალიან მიჭირდა.

- თქვენ ხომ წერთ კიდეც ამ მეგობარ ქლთა კრებაზე?
“შორს განძებული თქვენის კრებით აწ უცხო მხარეს,
სადაც სიშორით ნისლისაგან ღრუბელთა მფარეს,
ვერ ვსჭვრეტ საამოთ, მოსაწყურსა სამშობლოს მხარეს....”

- ჰო, მათ ბევრი ლექსი ვუძღვენი: კეკელას, ელენე ორბელიანს, ლიზას, ქეთევან ორბელიანს, ელენე გრუზინსკის, სონა თარხნიშვილს... ხშრიად ავიღებდი ფურცელს, დავწერდი რამეს, მაგრამ მაშინვე ვანადგურებდი. არაფერი გამომდიოდა, სად ჩემი ნაბღაჯი და სად პოეზია?
60-იანი წლებიდან ლექსების დაბეჭდვა მაინც დავიწყე ჟურნალ-გაზეთებში: `ცისკარი~, `დროება~, `ივერია~, `კვალი~, `თეატრი~, `თეატრი და ცხოვრება~, `სახალხო გაზეთი~, `ცნობის ფურცელი~, `ნაკადული~, “ჯეჯილი”, გაზეთში “ჩანგი” ცალკე გვერდს “ჭორის ბოღჩას” ვაკეთებდი.

ქალების წაქეზებით, ალექსანდრე II-ის დასახვედრად საგანგებოდ მოვემზადე: დავირაზმეთ და ცხენებზე ამხედრებულები, ჭალადიდში, შევეგებეთ სტუმრებს. თეთრი ამაზონკები და ალისფერი ყაბალახები გვეცვა. კაცები ჩერკეზკებში გამოეწყვნენ. ნადიმზე კი მეფის ამალას ჩემებური “ლეკური” ვუცეკვე. ამან ისეთი ჟრიამული და კმაყოფილება გამოიწვია რუსებში, რომ ერთ-ერთმა მათგანმა პეტერბურგიდან ძვირფასი ქინძისთავი გამომიგზავნა, საჩუქრად.

თეატრი? მან ხომ მოსვენება დამაკარგვინა.

1861 წლის 3 მარტს გიორგი ერისთავის `გაყრაში~ მაკრინეს როლი ვითამაშე. მერე - “მზის დაბნელებაში”. ჭორებსა და მოენეთა შემოტევას ვეღარ აუდიოდი, მაგრამ თამაში ავადმყოფობად მექცა.

აკაკის მოგონება ხომ წაგიკითხავს? (იცი, რომ ამ ბიჭს მამიდად ვერგებოდი?) : `1862 წელს რუსეთიდან დროებით ჩამოვედი ქუთაისში და აქა ვცხოვრობდი. არაფერი გასართობი არ მოიპოვებოდა. რა დიდი მოწყენილობა იყო! გიმნაზიის მასწავლებელი მოსიძე მოვიდა ჩემთან და მითხრა _ მოდი, ერთი ვსინჯოთ და `მზის დაბნელება~ წარმოვადგინოთ როგორმეო, და თუ ქალები არ გამოვლენ სცენაზე, ახალგაზრდა ვაჟები გამოვიყვანოთ მათ მაგიერო. მე გადავეცი ეს ჩემი განზრახვა ახალგაზრდა აბაშიძის ასულს, რომელიც მამიდად მერგებოდა. მან იკისრა სცენაზე გამოსვლა და დაიყოლია მისი მეგობარი კეკელა აგიაშვილისა და შევუდექით საქმეს. ეს პირველად იყო იმერეთში ქართველი ქალების გამოსვლა და ისიც ოჯახისშვილებისა. წარმოდგენამ კარგად ჩაიარა და ცუდიც რომ ყოფილიყო, როგორც უჩვეულო რამ, ხალხს კარგად მოეჩვენებოდა. იმ ზამთარს სამჯერ გაგვამეორებინეს...~

მთხოვნელი მთხოვნელზე მომდიოდა: ორმოცდაათს-სამოცს მიტანებული ქვრივები, გაღატაკებული და დარდიმანდი თავადები.

- ჰო, გამხსენდა, ბევრი ვიცინე, როცა ამ კაცების მოსაგერიებელი სიტყვები წავიკითხე:
`...წელწერწერტა, მონარნარე მრხეველსა, დიდ კრებაში პირველ შესამჩნეველსა,
მშვენიერსა, სურნელების მფრქვეველსა, კეკლუცობით ჭკუის დამაპნეველსა
შენ ვინ მოგცემს, შენთვის ვისა სცალიან, შენ თხოვნაზედ მეცინება ძალიან...~

- ჩემი სითამამე და გამბედაობა ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ შტაბს-კაპიტანი, გიგო კონსტანტინეს ძე ორბელიანი, ისე გავაგიჟე, რომ 25 წლის ქალი, ჩემი შვილიანად, დაღესტანში გამიტაცა. ცოტა ხანში კი - სამხედრო სამსახურს თავი გაანება და თავის მამულში, სოფელ ტანძიაში, ამომაყოფინა თავი. იქაურ თათრის ქალებს ისე დავუახლოვდი, რომ მათი მკერავი, საქმეთა მომრიგე და ექიმი სულ მე ვიყავი. აბა, რა გული გამიძლებდა ქალაქური აურზაურისა და ტარაბუას გარეშე? ამიტომაც თბილისში ჩამოვედით. ჩემი მაზლის სახლში ვცხოვრობდით.

1877 წლის 18 მაისს, სანსუსუს ბაღში, ხალხი ალექსანდროპოლისაკენ საომრად მიმავალ ქართველ მხედრებს აცილებდა. მეც მივედი და სიტყვა ვითხოვე: `ნება მიბოძეთ, მეც გამოვხატო ჩემი გრძნობა თქვენდამი, ძვირფასო ძმანო! ჩვენ, თქვენი დანი და ერთი მიწის შვილნი, მარადის თანამგრძნობელნი ვართ თქვენ ჭირსა და ლხინში; რატომღაც ცხოვრებს ისე დაუკანონებია, თითქოს, ჩვენ, ქალებს, არ გვქონდეს ნება, არც ძალა, რათა აღვიჭურვნეთ მტერთა ზედა საომრად და მამულის დასაცავად! მაგრამ წმინდა გრძნობით და სასოებით მარადის თქვენთან მყოფნი, გილოცავთ გზასა და ვევედრებით ზეგარდმო მამას, რომ განაგრძოს სიცოცხლე თქვენი მრავალჟამიერ, მოგცეთ მხნე გული და ძლევა მტერზედა, დაგაბრუნოთ სიხარულით ჩვენდა დიდებად და იმედად. გილოცავთ დროშას, გიძღოდეთ ჯვარი მფარველად და მხსნელად~.

-კნეინა, თქვენ ხომ იქ ლექსიც წარმოთქვით, მხნე და ლაზათიანი?!
`ოდეს ვიხილე მხედარნი ველად, გამზადებულნი მამულის მცველად,
მათი სურათი მიჩნდა საგრზნობლად, ხან სიხარულად, ხან გულის მწველად.
მამა-პაპანო, მიძინებულნო, ვაჟკაცობითა მარად ქებულნო,
თქვენ ბრძოლის ველზე გამარჯვებულნო და მამულისთვის დღემოკლებულნო,
აწ თქვენი სული ზეცად აღსულნი, ვედრებად ჰყავით განმზადებულნი,
რომ თქვენნი ძენი, თქვენებრივ მხნენი, უკუ მოიქცნენ გამარჯვებულნი~.

- აღტაცებულმა მეომრებმა ტაში დასცხეს და დროშაც ჩამომართვეს.

1879 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და დამზოგავ-გამსესხებელ ამხანაგობის უსტაბაში ვარ. ქალები ითხოვენ და ჩვენც ვეხმარებით ქოხ-სამკითხველოების გახსნაში. მარიამ დემურიას ნაძალადევის ბიბლიოთეკის ამბებმა ჩემს მხრებზეც გადაიარა. სულ მალე თბილისში, დაბებში და სოფლებში წიგნისა და განათლების პატარ-პატარა კელაპტრები ავაგიზგიზეთ.
ჩემი კოტე პეტერბურგში გავამგზავრე, აგრონომობის შესასწავლად. გული და სული გავაყოლე, მაგრამ უამისობაც არ იქნებოდა. დავრჩით მე და გიგო, - ჩემი ერთადერთი თავშესაფარი.

-ალბათ მას უძღვნით ამ ლექსს, ცოტა სევდიანია, მაგრამ ტრფობის ალ-მური ასდის:
`შენ აწაღმართებ ჩემს სიცოცხლეს მწარეს, უგემურს,
შენ აცხოველებ ჩემს არსებას ბედკრულს, უბედურს...
...მინამ ცოცხალ ვარ, შენით ვსულდგმულობ,
შენ გლოცავ, გეტრფი, არ გაგექცევი.
და თუნდ დამკუწონ, არ შევშინდები,
მიწა ვარ, მიწად გადავიქცევი~.

- ხო, ეგ ახალქალაქში დავწერე: ალექსი თარხნიშვილი დუდუკზე უკრავდა, მე ვმღეროდი და ვცეკვავდი თავდავიწყებით. გიგოსთვის ჩემი ჰანგი ნაშუაღამევს მოვმართე და ეგ მიძღვნაც დაიბადა, ყველას მოეწონა.

1880 წელს ისევ თეატრში მიმიწვიეს: მოდი უშენობა დაგვეტყო და რამე გვიშველეო. მივედი თუ არა, გიორგი წერეთელის “დარიაში” ვითამაშე, 1882-ში “ვეფხის ტყაოსნის” სურათებში ფატმან ხანუმი ვიყავი. გაზეთმა “KABKAЗ” ხოტბა შემასხა. “მეფე ლირში” კი რეგინას როლი შემხვდა (1883). კოსტიუმების შეკერვას, ხალხის შოვნა-მოპატიჟებას ძლივს ავუდიოდი. ნატო გაბუნია ჩემთან ცხოვრობდა და რეპეტიციობდა.

აკაკის და რაფიელ ერისთავის იუბილეების საქმის მოგვარება: საჩუქრები, მიძღვნები - ქალთა წრემ მე დამავალა. არც აქ შემირცხვენია თავი.

- მახსოვს, მახსოვს ეგ ლექსები, მაგრამ ახლა არ წავიკითხავ, მირჩევნია მოგისმინოთ, განაგრძეთ!

- ცხოვრებაშიც ვთამაშობდი: გიგოსთან და ლადოსთან ერთად ლაღად ვეძლეოდი ლხენას ორთაჭალის კინტოებთან, ვუკრავდი თარზე და ვმღეროდი განცხრომით.

- “კინტო” ალბათ ამ სერობებზე დაიწერა?.
`დღეს გულით მსურს, ძმებო, თქვენთან ვილხინო,
აბა, კაპლო, მომე ხელადით ღვინო,...
აბა, ლადო, დუდუკი ააკვნესე,
ამ გულიდან ცეცხლები დააკვესე,
ძველი სევდა და სატრფო მომაგონე,
ერთი ტკბილი შიქასტა გამაგონე!..~

1887 წელს გიგო გადაიცვალა, ნათესავებმა დარჩენილი მამულები მიისაკუთრეს და არსებობისთვის ყოველი სახსარი მომისპეს. დაიწყო ჩემი კარდაკარ სიარული. თავიდან ორი ნაეთსავი მეხმარებოდა პეტერბურგიდან:

მულიშვილი, ნინო ოგლობჟიო, 50 მანეთს მიგზავნიდა, ხოლო სამხედრო პირი, ორბელიანი, - 25 მანეთს. ჯერ ნაბერეჟნის ქუჩაზე, როტინოვის სახლში ვცხოვრობდი, მერე - სოფრომ სხირტლაძის სასტუმროში, ცოტა ხანში კი პუშკინის ქუჩაზე – გიორგი კილიტაძესთან დავსახლდი. ბოლოს, როცა პრისტოლის მოიჯარადრემ აქედანაც გამასახლა, ჩემს გაზრდილ ბიჭს, გიორგი თურქაძეს მივეკედლე. იგი უპატრონო და გზააბნეული თბილისის ბაზარში ვიპოვე და სახლში წამოვიყვანე, როცა გაიზარდა, დავაქორწინე და ჩვენი გზებიც გაიყო. ბედმა ასე მიაწყო: გამზრდელი და პატრონი თვითონ გახდა მისახედი. ჩემი გადარჩენილი სული უარს როგორ მეტყოდა?! ერთ წელიწადში ნათესავმა მთაწმინდაზე ოთახი მიქირავა და იქ გადავდი. ასე მეგონა იალბუზის მთის წვერზედ ვიდექ, საცა კუდიანები დიდ ოთხშაბათს კატებზე სხედან და მიაჭენებენ. მაგრამ კენტი (არტემ ახნაზაროვი) `ივერიას~ ყოველთვის მიგზავნიდა და ცოტას ვერთობოდი. ელისაბედ თულაშვილიც მაკითხავდა და ქვეყნიერების ამბებს მაგებინებდა.

1893 წელს, 25 აპრილს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩამოსვენებაზე, გიორგი ჟურულის თხოვნით, პოეტის ცხედართან ჩემი ლექსი წარმოვთქვი, მერე ფურცელი დავკეცე და თან ჩავატანე სამარეში.

“...სამშობლოს მიწა გულს ჩაგიკრავს მამულის შვილსა,
ტკბილად მიგიღებს, მიგითვისებს მისგან აღზრდილსა.
ცვარსა დააფრქვევს შენს საფლავსა ჰაერი თბილი,
და მყუდროებით განგეგრძობა ეგ ტკბილი ძილი.”

ლენქორანიდან დაბრუნებულმა ბარბარე ჯორჯაძემაც დაწერა ლექსი ამ დღისათვის. თავადი ჭავჭავაძე ძალიან გავანაწყენეთ ორივემ - ჩვენი მიძღვნები “კვალს” გავუგზავნეთ და “ივერიაში” არ დავბეჭდეთ. ილია ადვილად შემოვირიგე – 1894 წელს ლექსი მივუძღვენი და მივართვი. აი, გრიგოლ ორბელიანის და აკაკი წერეთლის შერიგებას კი მთელი თხუთმეტი წელი დავახარჯე და მაინც ცალყბად ესალმებოდნენ ერთმანეთს.

-აბა, კნეიკა, თქვენ ნიკოლოზის სასიყვარულო ამბავიც გეცოდინებათ, - ძალიან მაინტერესებს!

- ო, ამის გახსენება ერთ საქმედ ღირს. ნიკოლოზი ეტრფოდა სოფიოს, ბეზირგანოვის ცოლს. ცოტა გაბუტუელბი ყოფილან ერთმანეთში. ამ დროს ერთ მდიდარ სომხის ოჯახში გამართულა ლოტო, მიუწვევიათ მთელი საზოგადოება და იქ თურმე მიდიან სოფიო ბეზირგანოვისა და თავის დობილი, სოფიო გურამიშვილის ცოლი. სხედან ბრაჩკაში, მოდიან სოლოლაკის ქუჩაზე. იმავე დროს, მოდის ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ტროსტით ხელში. ისიც მიუახლოვდა, ასწია ტროსტი და გააჩერა ბრაჩკა, მივიდა ახლო და ჰკითხა _ სად მიდიხართო. სოფიო გურამიშვილმა უპასუხა სადაც მიდიოდნენ.

- ჩამსვით, მეც წამიყვანეთ, - უთხრა პოეტმა.

- არ ჩაჯდეს ეს ჩვენთან, თორე ეხლავე გადავარდები აქედან, - უთხრა დობილს სოფიომ.

_ კარგი, წადით, _ ეტყვის ნიკოლოზი.

მივლენ. დიდი საზოგადოება არის შეკრებილი. ცოტა ხნის შემდეგ ნიკოლოზიც მოვა, მიუახლოვდება დობილებს, დაკეცილ ქაღალდს გადასცემს სოფიო გურამიშვილსას და ეტყვის: `წააკითხე მაგ შენ დობილს!~ გახსნის და წაიკითხავს: `სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოხლის შენ აღმაშფოთად...~. აბა, გადადის ხელიდან ხელში! სოფიოც მიხვდება, რომ ლექსით უსაყვედურებს, რაც სიტყვებით უნდა ეთქვა. გამოირკვევა - საგანი ამ ლექსის ძღვნის იყო მათი სამდურავი ერთმანეთთან.

1899 წელს პეტერბურღში, შვილთან, წავედი. კოტე უკვე 46 წლისაა, სახელმწიფო სამსახურშია. შემოსავალი დიდი არა ჰქონდა, - თავს ინახავდა. ამდენი უპოვარი, მათხოვარი და დაცემული ადამიანი ჯერ არ მინახავს! მარმარილოს სახლებთან, სასახლის კარიბჭეებთან მოდარაჯე, ძონძებში გახვეული ბავშვები საზარელი სანახავია. პეტერბურღი მშვენიერია მათთვის, ვისაც აქვს წლიური შემოსავალი ოცი და ორმოცი ათასი მანეთი.

75 წლის ვიყავი, როცა ქუჩაში გამოგდებული, ყველასაგან მიტოვებული, ოლღა გუბელაძემ მიპოვა და აქ მომიყვანა.

ჩემს ძმის შვილს აქ დასატოვებლად არ ვემეტებოდი და ელისაბედ თულაშვილს მიადგა: ”ლიზა, მოვდივარ შენთან ქედმოხრილი და გთხოვ მამიდაჩემის პატრონობაში მონაწილეობა მიიღო, შენთან დააყენო ცოტა ხანს... შენს ნახვას ნდომულობს ძალიან და გთხოვ, ნახევარი საათით მაინც შეხვდე”. ლიზაც მოვიდა და ამ საშინელი ჯურღმულის ნახვამ ჩემი თავისთან გადაყვანა გადააწყვეტინა.

- მოგისმენია, რას ყვება თულაშვილი ამ დღეებზე? აჰა, წაიკითხე:

“მეორე საღამოს წავედით მე და დათიკო, ძმისწული. მივედით, უკვე დაღამებული იყო, ფანჯრებში სინათლე არ ჩანდა. დაუძახა: `მამიდა, გძინავს თუ არა?~ ხმა გაგვცა; `არა მძიანვს, ლამპა ვერ ავანთე და ვზივარ ბნელში~. ჩვენ ვუთხარით, ხვალ მოვალთ-თქო. `ნუ წახვალთ, თქვენი ჭირიმე! როგორც არის მოვაგნებ კარებს, გავაღებ და შემოდით, მომხედეთ!~ როგორც იქნა მოცოცდა კარებთან, მაგრამ სადღაც აფათრუებდა ხელებს, გასაღებს ვერ მიაგნო ბნელში, დაიწყო საწყალმა ტირილი. დიდხანს უსვამდა კარებს თავის დაკოტიტებულ თითებს და გვეხვეწებდოა: `ნუ წახვალთ, გავაღებ როგორც იქნება~. გააღო კიდეც. შევედით, ავანთეთ ლამპა, დაგვხვდა მტირალი მოხუცი. `რომ წასულიყავით, მე ბნელში უკან ვეღარ მოვაგნებდი საწოლს და იქვე კართან უნდა დამჯდარიყავ იატაკზე~. დავამშვიდეთ და წამოვედით.

...მეორე დღეს გადმოვიყვანეთ ჩემთან. მითხრა: `წუხელ სიხარულით არა მძინებია, იმედი მქონდა, რომ შენ წამიყვანდი, დავმშვიდდები, დავიწყებ წერას .გული სავსე მაქვს მასალით, მაჯაში ღონე არ მაქვს, აზრი ბევრი მიტრიალებს თავში. არა, მოვღონიერდები და უთუოდ უნდა გადავიტანო ქაღალდზე ჩემი აზრები~. მკითხა: `რა არის, ხალხში რა აზრი ტრიალებს? საქმე როგორ მიდის? გაზეთებს ვეღარ ვკითხულობ და აღარც მდგომარეობა მესმის: სად ვართ? რა ვართ? და რა ვიქნებით? მე აღარაფერში ვარ, მკვდარი ვარ საზოგადოებისთვის!...
1913 წელს "Тифлисский журнал"-ის კორესპონდენტი, ჩემი მდგომარეობით აღშფოთებული, წერდა: `მოხუცი მწერალი ქალი კნ. ნ. ორბელიანისა ცხოვრობს განამრტოებით, მივიწყებული ყველასაგან. იგი ცხოვრობს იმ პირობებში და გარემოცვაში, რომელიც სრულაიდ არ შეეფერება არც მის დამსახურებას ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის წინაშე, არც მის წლოვანებას და არც მის სუსტ ჯანმრთელობას. მიუხედავად ცხოვრების მძიმე პრობებისა, მატერიალური გაჭირვებისა, რამდენია ამ ადამიანში სიმხნევე, რწმენა და ჰიუმორი.

- რა სასიაოვნოა, კნეინა ნინოვ, როდესაც ადამიანს, ამა თუ იმ დამსახურების გამო, სიკვდილის შემდეგ პატივისცემა და ყურადღება მოელის.

- უმჯობესია ეს ყურადღება მიექცით სიცოცხლეშივე, როდესაც პატივისცემას და ყურადღებას იგი თვითონვე შეაფასებს! – მპასუხობს მოხუცი...

- აი, ახლა სწერენ დიმიტრი ყიფიანზე და რამდენს ვიტყოდი მე მასზე, მაგრამ არავინ არ შემოდის, არავინ არ არის დაინტერესებული ჩემი მოგონებით და ვერ წარმოიდგინეთ, როგორ მინდა გავუზიარო ვინმეს ყოველივე, სანამ ცოცხალი ვარ!"

- რა კარგია რომ მოვედი, არა?! რასაც მიამბობთ, ხომ ხედავთ, როგორ ვიწერ?! ერთი სიტყვა არ დაგეკარგებათ, პირობას გაძლევთ!

- განა არ მჯერა, გენაცვალე. ასე რომ არ იყოს, აქ რა მოგიყვანდა: მე არც შენი ნათესავი ვარ და არც მეგობარი.

- ჰო, სისხლით ნათესაობა არა გვაქვს, მაგრამ სულიერი მეგობრობა ხომ უფრო მეტია, უფრო გულწრფელი და ძლიერი?

- კარგად განსაჯე, მაგრამ ამ დროში ვინ ფიქრობს ასე?

- მე ვფიქრობ და თქვენ – ეს უკვე საკმარისია! გავაგრძელოთ, გისმენთ!

1917 წელს სიბერის ნუგეშისმცემელი ვაჟი ხელიდან გამომეცალა. ვეღარც დავიტირე და ვეღარც დავასაფლავე, - რუსეთის მიწას მეგობრებმა მიაბარეს, დედის შეცხადებას და ცრემლებს დანატრებული კოტე!

- “ბედის მდურვაში” ხომ სწორედ ამით ხართ თავზარდაცემული?!
“განა მე ბედში არა მაქვს წილი? მეც ვარ არსება ბუნების შვილი,
მეც მოველ სოფლად ვით სხვა ჩვენგანი, უმანკო ბავშვი, ნორჩი და ჩვილი.
ასე რომ მდევნი თვით საფლავამდის გსურის მაწვალო ბოროტო ავო,
შენ უგუნურად უმართლოდ მსვლელო, ჩემო სიყრმიდამ ბედის შთანმთქავო...”

განა ეს მაკმარა განგებამ?! - ორ თვეში ჩემმა ძმამ, უიმედო სიყვარულის მსხვერპლმა, თავი მოიკლა! უნდა იცოდე, რომ თვითმკვლელობა, 1905 და 1917 წელს, ქოლერასავით მოედო საქართველოს: ლუბა თათეიშვილი, თამარ ქუჩუკაშვილი, ელენე თარხნიშვილი, ელენე ხელთუფლიშვილი, ლადო აბაშიძე და სხვა მრავალი...

უკვე მძიმედა ვარ. როცა ქარია, ძლიერ მაწუხებს ხელების ტკივილი, ამ ხელებს რაღა დაუშავე - ვწერდი და ვემსახურებოდი სამშობლოს - კარგისთვის კარგი ვის უქნია?!

ეკატერინე გაბაშვილთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებდა. მისი ძმა, სოსიკო, ჩემი უკანასკნელი და უნუგეშო სიყვარულია! 1889 წელს, ორმოცდაათი წლისამ, გავიცანი და ჩემი გული და გონება ტრფობის ალში გაეხვია. მისმა თვითმკვლელობამ, 1917-ში, კი - საბოლოოდ დამასამარა! კატოს ლექსად თქმული სამძიმარი გავუგზავნე, მაგრამ უკან დამიბრუნდა. შენ პირველი ხარ, ვინც მას წაიკითხავს, მიდი, აბა!

“ხმა სიმღერის, ხმა გოდების გაისმა, ვეღარ მკურნა მომავალმა მაისმა,
რა შეგემთხვა, რა მოგიხდა, რა იყო?
ორმოცი წლის ერთგულო მეგობარო, სიტყვით, საქმით გულო მისაგებარო.
ეს სოფელი მუხთალი და ავია, ზოგი კაცი მარადის პირშავია.
ხან ვიმღერი, ხანა ვსტირი გულითა, საფლავს ჩავალ აწ მეც სიხარულითა,
ამ სოფელში გატანჯულსა მარადის, მაგონდება ის წარსული, მარად ის.
რათ მოიკალ შენი ხელით თავი? ეს სოფელი მუხთალი და ავია! “

უცნაურად მოიწყინა მოხუცმა, ხელები თვალებზე აიფარა და დადუმდა. მაგრამ, მალევე, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, - თავშალი გაისწორა, თავი ასწია, სარკმელში გაიხედა, მთვარეს თვალი გაუსწორა და სწრაფად, თავის მკვეთრი მოძრაობით სული შეუბერა. მთვარე ჩაქრა! მეგონა, დავავიწყდი-თქო, მაგრამ მხნედ მომაძახა: აბა, აგერ ჩემი ძმის ლექსი და დაამღერე შენებურად, გამინათე საიქიოს გზა.

მეც ნინოს მანერით გავიმართე, ღრმად ჩავისუნთქე და ამ სიყვარულის საგალობლის იშხნელების ვერსია დავაგუგუნე.

- “ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ტურფავ, ლამაზო, ყველა შენ გენაცვალოს, მოციმციმე ალმასო.
მიყვარდი და მიყვარხარ, სულთქმამდინ მეყვარები; მსურდა შენის ხელებით დამხუჭოდა თვალები!

მაგრამ მე შენმა გულმა ახლოს არ მიმიკარა
და შენ, ჩემო ლამაზო, არ მითხარ “ხო”, არც “არა”!...”

ეს უნდა მოისმიოთ! არაფერია უფრო სევდიანი! უსასრულოდ შემიძლია ვიმღერო. ჰანგისთვის ცრემლები აუცილებელია –ყველას თავისი წილი უნა მიუზღო: ნინოს, გიგოს, ლადოს, კოტეს, სოსიკო თარხნიშვილს. რას გაიხარებს აბაშიძის ასული? – იშოვა მარადი დამტირებელი!

წამოვედი! მთელი გზა მისი გარდაცვალების შესახებ წაკითხულ ამბებს ვიხსენებ.

1919 წლის 12 მარტს ნინოს ცხედარი დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარეს. ჭირისუფლები იყვნენ: ელენე ოგლობჟიო, ლიზა და დავით აბაშიძეები, ელისაბედ თულაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია წერეთელი. მთავრობიდან ალექსანდრე გეგეჭკორი მოვიდა. ეკატერინეს ქალთა სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლე და მასწავლებელი გამოცხადდა.

დარია ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა და ლექსი წაიკითხა. საზოგადო მოღვაწე ქალებმა მათი თანამებრძოლი გულმხურვალედ დაიტირეს. თუმცა, ყვეალას დანაშაულის განცდა ტანჯავდა.

მარიამ გარიყული: ”საკვირველად არის მაინც მოწყობილი ჩვენი ცხოვრება: ცხოვრობდე კაცი ისეთ დროს, როცა შენთან ერთად ცხოვრობენ დიდ დროთა შემსწრე და დიდ ადამიანთა თანამედროვე მოღვაწე ადამიანები და შენ კი არ იცნობდე მათ, არ გქონდეს მათთან ურთიერთობა. ნინო ორბელიანი გარდაიცვალა გამოუთქმელ გაჭირვებაში. სად ვიყავით, გვეძინა? და მით უმეტეს, მწერალ ქალებს. დიახ, რომ გვეძინა ჩვენებურის გულგრილობით და დაუდევრობით... და განა დღესაც ისე არ მეორდება?..”




როგორც იქნა მოვახერხე და მოგითხრეთ ნინო აბაშიძე-ორბელიანის ცხოვრებაზე. ძალიან კი დამიგვიანდა, რადგან მას ოთხი წლის განმავლობაში ვეძებდი, ვაკოწიწებდი და ვწერდი. საბოლოოდ კი - პოეტ ქალთან შეხვედრის სახე მივეცი, რადგან მას უკვე ჩემზე ახლობელი არავინა ჰყავს, არავინ იცნობს ისე კარგად, როგორც მისი წყვდიადში აღმომჩენელი მკვლევარი.

ჩვენს ახლო და უახლოეს წარსულში ბევრი ასეთი ბედია. ყველა მათგანი მნიშვნელობის მინიჭებას ელოდება. მე ამ საქმეს ვეშურები და მინდა სხვა მკვლევარი ქალებიც წავახალისო: შემომიერთდით! აღმოვაჩინოთ, წავიკითხოთ, დავწეროთ და გადავწეროთ ჩვენი წინამორბედების Her-სტორიები. იქნებ როგორმე შევცვალოთ ცალთვალა კულტურა და მივიწყრბილთა, გაჩუმებულთა და დაჩაგრულთა აღმოსაჩენად მეორე თვალიც ავუხილოთ!

ლელა გაფრინდაშვილი