ცოდნა და ჩიტის გალობა

სიყვარულზე და ძვირფას ადამიანებზე ყველაზე რთულია გზიანი ლაპარაკი - ახლოს მიხვალ და ვნებები აგეშლება, დისტანცირდები და - შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი დაგავიწყდეს. თუმცა, მე მსგავსი არაფერი მემუქრება, რადგან ჩემი სუბიექტური იდენტობა გაჟღენთილია ამ მყუდრო, სვანური თემის წიაღიდან შეთვისებული თვალუწვდენელი მოგონებებით, განცდებით, შთაბეჭდილებებით და ცოდნით.

როდესმე, ალბათ, დავჯდები და აღმოსავლელი მეზღაპრის გულმოდგინებით წვრილად მოვყვები ამ სამყაროზე, მაგრამ ჯერ ხომ უნდა დავიწო?!

დასაწყისისთვის ორი გმირი ავირჩიე: დეიდაჩემი – ცირა გაბიანი და დედამისი, მარიამ სვანიძე ანუ ქალები, ვისაც ჩემს ცოდნის სამყაროსთან ზიარებას უნდა ვუმადლოდე.


მარჯვნიდან: გოგუცა ბაბლუანი, სემნარ გაბიანი და მისი მეუღლე მარიამ სვანიძე, ჟენია სვანიძე, 1935 წელი

ექვსი წლისა ვარ. ერთადერთი ადგილი, სადაც ყოველთვის გულის ფანცქალით მიმეჩქარება, მარიამის სახლია: პატარა მყუდრო, ლექსებითა და არაკებით გაჯერებული. მისი ოთახის კარი სულ ღიაა, დერეფანი კი სავსეა ჩიტებით.

საუზმის შემდეგ უკანმოუხედავად გავრბივარ მასთან. ვიცი, რომ ისიც მელოდება. უკვე ათ წელზე მეტია საწოლსაა მიჯაჭვული და თანამოსაუბრე ჰაერივით სჭირდება.

- მოხვედი?! მოდი, ჩამოჯექი და მითხარი – რა ხდება სოფელქვეყანაზე.

მეც წვრილად ვუყვები სოფლის ამბებს. ერთი სული მაქვს დროზე ჩავარაკრაკო, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოვიახლოო.

როგორც იქნა მოვრჩი, მოხუცს შეკითხვები გამოელია.

ახლა კი დროა საწოლთან ახლოს მოვკალათდე და გავიხსენო, - სად გავჩერდით გუშინ? ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს და მარიამიც თხრობას განაგრძობს.

ლექსია თუ ამბავი – მისთვის ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანია, ერთნაირი გულმოდგინებით იწყებს საუბარს და შიგადაშიგ მზერას ჩემსკენ მომართავს: სმენით კი ვუსმენ, მაგრამ მომწონს თუ არა, - აინტერესებს.

მე კი ისეთი სახე მაქვს, თითქოს ადამიანის ხმას კი არა, - მუსიკას ვუსმენ. რაღაც უცნაური, ენითაუწერელი, მომნუსხველი ჰანგი იფრქვევა გარშემო.

... და აი, დასრულდა დღევანდელი ისტორია. ჯერ კარგად გამორკვეული არ ვარ, როცა დერეფნიდან ჩიტის გალობა მესმის - თითქოს სამადლობელო ჰიმნს უძღვნის მარიამს. უკვე მერამდენე დღეა გულყვითელა ასე იქცევა და დანამდვილებით ვიცი, რომ ხვალაც იგივე განმეორდება.

ახლაც მკაფიოდ ჩამესმის მარიამის დამატყვევებელი, ცოდნის ძიებისკენ მომწოდებელი ხმა: ფრაზები მისეული “ვეფხისტყაოსნიდან”, ლუკა თათეიშვილის პოემიდან “სიყვარული”, ეთიკური არაკებიდან და სკაბრეზული ლექსებიდან. როგორც კი თხრობა მინელდება, - მელოდიას გულყვითელა აგრძელებს. მე ორივეს თანაბარი ინტერესით ვუსმენ, ვსწავლობ და ვტკბები.

ეს უცნაური სამთა კავშირი ბავშვობის უძლიერესი შთაბეჭდილებაა, რომლის წყალობითაც, ჩემთვის, ცოდნა და ჩიტის გალობა უერთმანეთოდ წარმოუდგენელია.


მარიამისადმი ჩემი გრძნობები და სიყვარული დღეს უკვე მის ქალიშვილში გრძელდება. მასთან საუბარი და რაიმე საკითხზე მსჯელობა ერთი სიამოვნებაა. ისე არაფერს დაიჯერებს, თუ გონების თალით არ შეხედა. ცოდნისადმი მისეული მიზანსწრაფვა ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის.

მაგრამ ბედმა უმუხთლა: რეპრესირებული მამის (სემნარ გაბიანი) ქალიშვილმა სკოლის დამთავრება კი მოახერხა, მაგრამ სწავლა ვეღარ გააგრძელა. ჯერ იყო და - 21 წელი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა, შემდეგ – ძმას, გურგენს.

ვარამის მიუხედავად, წიგნთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია.

სკოლისდროინდელი ამბებიდან ხალისით იგონებს: “ ბავშვები ერთმანეთს წიგნებს ვპარავდით. ზოგიერთებს ეს ძალიან გვაწუხებდა. მერე ვირაცამ ამბავი მოიტანა – ლენინს უთქვამს: წიგნის ქურდი ქურდი არ არისო და შვებით ამოვისუნთქეთ.”
მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან გაზეთ “საბჭოთა სვანეთში” აქვეყნებს კორესპოდენციებს და ლექსებს.

2003 წელს კი – წლების ნამუშევარი და რომანი “გაჭირვებამ მათქმევინა” წიგნად გამოსცა. აქვეა მის მიერ მოძიებული, ისტორიული დოკუმენტები ჩვენი წინაპრების შესახებ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ბესარიონ ნიჟარაძის მოგონება სიმონ მღვდელზე, რომელიც მის, 1881 წლის, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებშია შესული.

აი, ეს ადგილი, დეიდაჩემის წიგნიდან:

“ ... ახლა უშგულს მიაქცია ყურადრება უსლარმა, გაიგო, რომ უშგულს გარდა სვანეთი ასე თუ ისე შეერთებულია რუსეთთან. მოინდომა ეს საქმე თვითონ გაეთავებინა და კიდეც გათავდა ერთის კაცის მეცადინეობით, რომელზედაც რამდენიმე სიტყვის უთქმელობა უსამართლობა იქნება. ჩვენ ვამბობთ ლაშხეთელ მღვდელ სიმონ გაბიანზე, რომელიც უეჭველად უნდა ჩაითცვალოს თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერად. მღვდელი სიმონ გაბიანი ბუნებით სვანია. ცხოვრობს სადადიანო სვანეთის, ლაშხეთის საზოგადოებაში, სოფელ შგედს. როგორც დიდი ხნის დამსახურებული იღებს პენსიას, 130 მანეთს. მღვდელი სიმონი დღეს 108 წლის მოხუცია, მაგრამ ისე ცოცხალი, ისე ჯანმრტელი, რომ არავინ დაიჯერებს, თუ იმისი წლოვანება 60 წელს აღემატება. ტანად პატარაა, თმა-წვერ გაყვითლებული, თავისებურად ჩაცმა-დახურვიდა და ცხოვრების მოყვარე. ეს “პატარა ხუცესი” ( სვან. კოტოოლ ბაპ) დანახვისთანავე მიიქცევს მნახველის ყურადღებას. საღმრთო წერილი უსწავლია ცაგერის მონასტერში, მღვდლად კურთხეულა მარტვილში. საღმრთო წერილის ცოდნაში ბევრი რამ აკლია, ნამეტურ ტიბიკონში, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლიდა პატარა ხუცესს, რომ ღმერთი წმინდის გულით შეეყვარა და ხალხის გულიც მოეგო. უშგული დღესაც წმინდანსავით უყურებს ამ ხუცესს. წარსულიდან ბევრი რამ ახსოვს სიმონ მღვდელსა. იგი იცნობდა უწინდელს საქართველოს ეგზარხოსს ისიდორეს, ახსოვს მუხრანბატონი და რაფიელ ერისთავი, როდესაც ისინი ქუთაისში ყოფილან სამსახურში. ბარტოლომეი, დიმიტრი ბაქრაძე, უსლარი, რადდე, - ყველა იმის დროს ყოფილან სვანეთში. ბევრს საინტერესო რამეებს მოჰყვება თავის ნაცნობობის შესახებ დიდკაცებთან. მოვიყვან ორს. როდესაც ეგზარხოსმა ისიდორემ ( ახლანდელი პეტერბურგის მიტროპოლიტი) დამიბარა ტფილისშიო, მიამბო სიმონ მღვდელმა, - დიდი მადლობა მითხრა სვანეთში მოღვაწეობისათვის და სკუპიოთი დამაჯილდოვა. სკუპიოზე უარი განვაცხადე და შევატყვე ეგზარხოსს არ ეჭაშნიკაო. რომ დამემშვიდებინა ეგზარხოსი, მოვახსენე: თქვენო მეუფებავ, მე რომ ეს თქვენი საჩუქარი წავიღო, სვანები სხვანაირად იფიქრებენ რასმე და შეიძლება ისე არ გამიგონონ, როგორც აქამდის მიგონებენ. ჩემის აზრით, ის ემჯობინება ეს სკუპიო იმას უბოძოთ, ვისაც გაუხარდება და მე - კი თქვენი ლოცვა-კურთხევა გამატანეთ სვანეთშიო.

ერთი ახირებული ხასიათი სჭირს სიმონ მღვდელსა: თავის ხანგრძლივს სიცოცხლეში გული (მკერდი) არ შეუკრავს, ასე რომ მუდამ გულღია დადის: პერანგის ღილსაც არ იბნევს. თავად გიორგი ერისთავს არ მოსწონდა ესა და რამდენჯერმე მთხოვა, რომ პერანგი მაინც შემებნია, მაგრამ მე მაინც ჩემი მემართებოდა. ერთხელ, ქუთაისს დამიბარა. გამოვცხადდი ჩვეულებრივ გულგაღებული. როდესაც გამოვეთხოვე, თავადმა ერისთავმა მიბრძანა, რომ ხვალ თქვენ მოგიტანენ ახალ ტანისამოსს, ჩაიცვით და ისე მობრძანდითო. თურმე ერისთავს ებრძანა, რომ ხვალისათვის ახალი ტანისამოსი შეეკერათ ჩემთვის. მეორე დილას თერძმა მომიტანა და თავისი ხელით შემიბნია ახალუხისა და კაბის დუგმები. ავდექი და ერისთავთან მივედი. ლაპარაკის დროს ყველა დუგმა შემხსნოდა ჩემდაუნებურად. ერისთავმა რომ ამას შეხედა, მითხრა: მამაო, როგორც გიწირავს, ისე სწირე, - ეტყობა, ვერაფერი დუგმა შენს გულს ვერ შეჰკრავსო...”

ბესარიონ ნიჟარაძე უდაოდ მოხიბლულია ამ ისტორიებით. განსაკუთრებით კი - სიმონ მღვდლის “გულღიაობით”.

დიახ, სწორედ ეს არის ჩემთვის სოფელი, დედულეთი – გული, რომელიც არანაირი დუგმით და დოგმით არ შეიკვრება. გული, რომელიც ერთნაირად ღიაა ცოდნისა და ჩიტის გალობისთვის.

ლელა გაფრინდაშვილი
”ჩვენი სოფელი” N5 (11), 2008

No comments:

Post a Comment