120 წლის მარინოს ანუ “დარდების შემგროვებლის” ნაამბობი
ჩაიწერა მაქსიმე ქალდანმა 1939 წელს, მესტიაში
სვანურიდან თარგმნა ლელა გაფრინდაშვილმა


- რა უნდა გითხრა უსინათლო მოხუცმა ქალმა? ახლანდელ დროს არ ჰგავდა ძველი დრო, ასე დალხინებულად ვერ ვცხოვრობდით მაშინ. თუ კი რამ ჭირი და დაუნდობელი გამოჩნდებოდა, - ყველაფერი საცოდავ ქალს დაეძგერებოდა. რაც მახსოვს და გამახსენდება, - ყველაფერს მოგიყვები.

“ჟამიანობა” (იგულისხმება ქოლერის პერიოდი- ლ.გ) და მზის დაბნელება კარგად მახსოვს . ამას რა დამავიწყებდა. მაშინ კარგა მოზრდილი გოგო ვიყავი.

მე პირველი შვილი ვყოფილვარ და კრიჭა ისეთი შეკრული მქონია, რომ დედას პირი გაუხვრეტია ჩემთვის, - ძუძუ რომ ეჭმია. ამ გზით სული შემარჩინეს და გამომზარდეს. 6-7 წლის ვიყავი, როცა ჯერ ღორების მწყემსვა დამავალეს, შემდეგ – ცხვრების. დედაჩემი მატყლის ჩეჩვას. დართვას, დაგრეხვას, ქსოვას და კანაფის ძაფის დამზადებას მასწავლიდა. მხოლოდ ეს იყო ძველად ქალის საოსტატო საქმე.

ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი, როცა ჩემი საქმროს მშობლებმა “ფეხები გამიხსნეს” (იგულისხმება ადათი, რომლის მიხედვითაც დანიშნულ ქალს მომავალი დედამთილ-მამამთილი უფლებას აძლევს მამისეული სახლი დატოვოს და ქმრის ოჯახში გადავიდეს – ლ.გ.) და ერთი კვირა იქ, მათთან, ვიყავი.. მაგრამ მაშინ “გვირგვინის დადგმამდე” (დანიშნული ქალისა და სასიძოს ცოლ-ქმრად გამოცხადება – ლ.გ) ქმართან წოლა არ შეიძლებოდა.

თავისახლში (დანიშნული ქალის მშობლიური ოჯახი, სადაც იგი , ნიშნობის შემდეგ, 3-4 წელი რჩებოდა – ლ.გ) ყოფნისას ბევრი მოციქული მომდიოდა: ვინმე შეიყვარე, ერთი კაცის ამარა ხომ არ იქნებიო – მეუბნებოდნენ. ამიტომ საყვარელი გავიჩინე, მაგრამ ეს ამბავი, ქმრისა და ოჯახის წევრების გარდა, უამრავმა ადამიანმა იცოდა.

ერთ წელსაც ჩემს ძმას ვიღაც შემოაკვდა. კაცები გარეთ ვერ გამოდიოდნენ სამუშაოდ, ამიტომ კაცის და ქალის საქმე მხოლოდ ქალების გასაკეთებელი შეიქნა.. სათიბში და სახნავში ჩემი ქმარი და სხვა სიძეები მოდიოდნენ. მაშინ ახლანდელივით ცოტა ხალხი არ ცხოვრობდა ერთად (იგულისხმება “დიდი ოჯახი”, სადაც არა მხოლოდ ძმები, არამედ ბიძაშვილები ცხოვრობდნენ თავიანთი მონაგარით – ლ.გ). ძალიან ძნელად და იშვიათად იყოფოდნენ , ამიტომ სახლში უამრავი ადამიანი ირეოდა.

ორი წლის თავზე ჩემი ძმა მოკლეს. მიცვალებულის ჭირისუფალი ხომ ყოველთვის მხოლოდ ქალია?! დაკრძალვის შემდეგ ერთი წელი “ურწყვი” ვიყავი (იგულისხმება წესი, რომლის მიხედვითაც ცხოველური პროდუქტის ჭამა იკრძალება – ლ.გ.) მალე მამაჩემი მოკვდა, მერე – ბიძა და გამოვიდა, რომ სამი წელი “ბალახზე და პურზე გავატარე” .

“ქალის წესი” როცა მეწყებოდა, თუ უპატრონო სახლს ვერ ვიპოვიდი, მაშინ ბოსელში ან წისქვილში ვეგდე. მხოლოდ კვირის თავზე შემიშვებდნენ ხოლმე სახლში. ამის გამო, განსაკუთრებით ზამთარში, ხან რა სენი შემეყრებოდა და ხან – რა. საშინელად ვიტანჯებოდი და მხოლოდ “ცეცხლის მოტარებით” მწამლობდნენ. (გავარვარებულ ხის ნაჭერს მტკივნეულ წერტილებთან მიაახლოებდნენ, რათა სიმხურვალეს ტკივილი “დაეძლია” – ლ.გ.)

20 წლის არ ვიყავი, - ჩემი “ნაჭვლაში” (საქმროს მიერ ქალის მშობლებისთვის მირთმეული გამოსასყიდი - ლ.გ) მოიტანეს, რაშიც მაშინ ორი ყველაზე ნაყოფიერი ყანა, წყილი ხარი, სამი ძროხა და პირგასამტეხლო შედიოდა. ამის შემდეგ, ზუსტად ერთ წელიწადში გამიშვეს ქმართან. იქ ჯერ გოგო, მერე კი – ორი ვაჟი გამიჩნდა, მაგრამ ქმარი გარდამეცვალა და ობლების ბედი ჩემზე დაეკიდა.

მეორედ მოხუც და შეძლებულ კაცზე გამათხოვეს და ჩემიანებმა “ნაჭვლაში” მასაც ძველი წესით და ოდენობით გამოართვეს. ქმარი ოხერი, ავი ზნის გამოდგა: ძუნწი იყო და ყველაფერზე მეჩხუბებოდა, ყველა ჭაბუკის საყვარლობას მწამებდა. მაგრამ მე საცოდავს ეს ყველაფერი უნდა ამეტანა. მალე მეორე ძმაც მომიკვდა და სამი წელი ისევ “ურწვი” ვიყავი.

მეორე ქმართან ქალ-ვაჟი გამიჩნდა. მაგრამ ერთ წელს ქოლერა გაჩნდა და ავადმყოფების გარდა, ყველა შორი_შორს გავიქეცით. ქმარი, მაზლი და მისი ცოლი მოუვლელობისგან დაიხიცნენ. ჭირი სოფელს რომ არ გადასდებოდა, მეზობლებმა ჩვენი სახლი და მიცვალებულები დაწვეს.

როცა ქოლერამ გადაიარა, ყველა გადარჩენილი კერას დაუბრუნდა. შინ აღარაფერი დამიხვდა. კაცებმა, როგორც იქნა, სოფლის დახმარებით, სახლი გადახურეს, ორი გოდორი ფქვილი მოისესხეს ჩემთვის და საშოვარზე წავიდნენ.

მე და ჩემი შვილები კინაღამ შიმშილით დავიხოცეთ, ამიტომ მშობლებმა შემიფარეს უმცროსი ობლებით, უფროსებზეც თავლი მეჭირა.

ქალს მაშინ დიდი ჯაფა ჰქონდა: თოხნა, ფორცხვა, კარ-მიდამოს ქვებისგან გასუფთავება, თესვა, მარცვლეულის მკა, ლეწვა და განიავება, რეცხვა, ფქვილის დამზადება, ძროხის წველა, პურის ცხობა, საჭმლის მომზადება – ქანცის გაცლამდე მუშაობა.

მესამედ ისევ გამათხოვა თავისახლმა, მსუყე ოჯახში. ქმარი მეც მიყვარდა. ახლაც კაი გვარიანი “ნაჭვლაში” აიღეს. მე მხოლოდ სამი ნაბადი და სამი თექის ნაჭერი გადმომიგდეს, მეტი არაფერი! ასეთი წესი იყო მაშინ. ამ სახლში სამი ბიჭი გავაჩინე.

ახლა ყველა შვილი დამიბერდა, ზოგი – გარდამეცვალა. მხოლოდ მე შემრჩა სული და ვცოცხლობ, დარდების შემგროვებლად. სამი ქმარი მომიკვდა, ხუთი – შვილი, ოთხი –ძმა, სამი – და, ექვსი – შვილიშვილი და ამის გარდა – რამდენი ახლობელი და სახლიკაცი?!
თეთრ ლეჩაქს ვერ ვეღირსე თავზე!

სვანური ტექსტი იხილეთ საიტზე:

http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/svan/sc/sc.htm?sc174.htm

დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”, 2010/ N62


19 comments:

  1. Anonymous5/6/10 00:28

    უცნაურია, მაგრამ ამ მონათხრობს რაღაცნაირი, თავისთავადი პოეტურობა აქვს.

    ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგე.

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესოა :) საინტერესო იყო, როგორი ცხოვრება ჰქონდათ ქალებს მასინ, იმ ეპოქაში, კიდევ კარგი მაშინ რომ არ დავიბასდე, თანაც ქალად :D

    მაინტერესებს, საიდან მიპოვეთ ეს წყარო და კიდევ თუ გაქვთ მსგავსი ტიპის მასალები? :)

    ReplyDelete
  3. ტექსტი მხატვრულია, რადგან სწორედ ასეთი ენით ყვება მარინო თავის თავგადასავალს. შევეცადე ყველა ტერმინი და ცნება არსთან მაქსიმალურად მიმეახლოვებინა.

    ასეთი ტექსტი ბევრი მაქვს: ზოგი ჩემი ნათესავებიდან, ზოგი ბაბუაჩემისგან ჩაწერილი ან გადმოწერილი სვანური ენის ქრესტომატიული ტექსტებიდან.

    კიდევ ბევრის თარგმნას ვაპირებ, რადგან აბსოლუტურად უნიკალური მასალაა, როგორც კულტურის კვლევის, ისე - ფემინისტური კვლევის თვალსაზრისით.

    ReplyDelete
  4. guli damecva...

    ReplyDelete
  5. Aza Mdinaradze26/7/10 17:25

    „უნიკალური მასალაა, როგორც კულტურის კვლევის, ისე - ფემინისტური კვლევის თვალსაზრისით.“
    - ორივენაირი კვლევისა და პლუს - ლიტერატურული თვალსაზრისით.

    ReplyDelete
  6. ძალიან საინტერესო ტექსტია, მაგრამ ჩემთვის, როგორც სვანურის ასე თუ ისე მცოდნისათვის, მაინც არაბუნებრივად იკითხება.
    სვანური ტექსტი თუ მოგეპოვებათ, იქნებ ისიც დაგედოთ?
    1939 წელს ჩაწერილი და ზემოსვანური არ ვიცი რამდენად გასაგები იქნება ჩემთვის, მაგრამ მაინც ვცდი.
    გმალდობთ :)

    ReplyDelete
  7. კატიე, თუ გაინტერესებს ეს ტექსტი, მე მაქვს გადმოწერილი მაქსიმეს დაბეჭდილი ტექსტი, რომელიც ბევრ უმლაუტებს (ბგერის დაგრძელება-დამოკლების ნიშნები)შეიცავს, შემიძლია წაგაკითხო.

    თარგმანი სიტყვა-სიტყვითია, მე მხოლოდ სატაური დავარქვი და განვმარტე, ფრჩხილებში, რამოდენიმე ცნება, რომელიც აუცილებელი იყო ტექსტის გასაგებად.

    მე ლაშხური კილო ვიცი კარგად, მაგრამ ზემოსვანური არ გამჭირვებია. თუმცა, ბევრი სიტყვაა ზემოსვანურში, რაც აბსოლუტურად განსხვავდება სხვა სვანური კილოებისგან.

    ახლა მალე მოვრჩები და დავდებ მენსტრუაციისა და შვილოსნობის შესახებ ტექსტს.

    ReplyDelete
  8. ვიპოვე ორიგინალი :)) ფბ–ზე დამიდეს.
    http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/svan/sc/sc.htm?sc174.htm
    მეც ლაშხური ვიცი, კარგად არა, მაგრამ ვიცი (სოფ. სასაში).
    მაგრამ ეს ტექსტი მეც გავიგე, ზუსტად უმლაუტების დამსახურებით, თორე ისე ჩვეულებრივი ქართულით დაწერილ სიტყვებს ვერ აღვიქვამ.

    ველი ახალ ტექსტებს ამ ბლოგზე :)) გამიხარდა :)

    ReplyDelete
  9. კატიე, სასაშელი თუ ხარ, შეიძლება ნატესავებით აღმოვჩნდეთ! :-)))

    ძალიან დამეხმარე ამ გვერდის აღმოჩენით, ძალიან ვწვალობდი, რადგან წიგნიდან გადმოწერილი ტექსტები მაქვს. აქ სხვა ტექსტებსაც ვიპოვი. საინტერესოა, ჩამწერები რატომ არაა მითითებული და წელი. ის, რომ ეს ტექსტი მაქსიმემ 1939 წელს ჩაიწერა , ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მომენტშია მარინო 120 წლის და არა - 2010 წელს.

    ReplyDelete
  10. როგორი ღრმა სვანური ტექსტია, მართალი და მძიმე
    მიხარია რომ აღმოგაჩინე...

    ReplyDelete
  11. საყვარლების ინსტიტუტი.. ))
    ეს ტექსტი უნდა აფრიალო თბილისის ქუჩებში ))

    ReplyDelete
  12. ra ucnauri wesebi hqoniaT gadavirie
    ar megona

    an es sakvarlebi
    an es qalta cesis dros saxlshi ar shesveba :)

    ReplyDelete
  13. თეონა24/12/10 19:27

    ლელა, ძალიან საინტერესო ტექსტია, მასში მოთხრობილი ზოგიერთი წესის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. მსგავსი ტექსტები თუ გაქვს, უნდა გამოაქვეყნო, კულტურის კვლევის თვალსაზრისით საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია.

    ReplyDelete
  14. saintereso da ucnauri wesebi yofila gadavirie:(

    ReplyDelete
  15. Anonymous24/2/11 15:08

    საკმაოდ მძიმე ისტორიააა.. ამაზეა ნათქვამი დედა რომელმაც ყველა შვილზე მეტი იცოცხლაო ..

    ReplyDelete
  16. Anonymous1/4/11 13:30

    საინტერესოა, როგორც ჩანს მთაში ქალებს გარკვეულ საკითხებში მეტი დავისუფლება ჰქონდათ, სხვა მხრივ კი ქალის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება ალბათ ტიპიურია იმ დროისთვის

    ReplyDelete
  17. თამარ საბედაშვილი20/2/12 01:25

    ლელა, წავიკითხე, როგორი მნიშვნელოვანი ტექსტია და ძალიან მძიმე. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარე. სულ ვიცი ეს "დედათა წესის" გამო ბაგაში ქალების გაყვანის ამბავი, მაგრამ პირველ პირში რომ კითხულობ სულ სხვაა: "...ამის გამო, განსაკუთრებით ზამთარში, ხან რა სენი შემეყრებოდა და ხან – რა" - პირდაპირ გულში გირტყამს ადამიანს ამის კითხვა. ბევრი თემაა ძალიან, ჩვეულება (გათხოვება, გლოვა, სექსუალობა), შრომის გადანაწილება და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ტრაგედია ამდენ ხანს რომ იცოცლებ და ამდენ უბედურებას მოესწრები, ბევრი კარგიც იქნებოდა ალბათ, მაგრამ "დარდის შემგროვებელი" ყველაზე ზუსტია... მადლობა კიდევ ერთხელ.

    ReplyDelete
  18. Anonymous28/2/12 15:36

    ლალი გოგავა

    დიდი მადლობა.,სევდიანი ,ნამდვილი და საინტერესოა

    ReplyDelete