1893 წლის 5 იანვარს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი “კვალი” გამოვიდა. რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი მოწინავე სტატიაში აღნიშნავს:
“გონებით დამშეულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გამოცემა, რომელიც მისთვის სასარგებლო საკითხავს თავის დროზე აწვდის და კვალდაკვალ მისდევს ყოველსავე მოვლენას, რომელიც კი საზოგადოების ყურადრების ღირსია…....
უგაზეთოდ, საჯაროდ ხმის ამოუღებლად და აზრის შეუჯიბრებლად ცხოვრება არამც თუ ძნელია, - შეუძლებელია...
ჩვენ ვეცდებით ჩვენსა და მკითხველს შორის მგრძნობიარე სიმები გავაბათ, იმის სიხარულით გავიხაროთ, იმის მწუხარებით შევწუხდეთ. შევეცდებით ყოველსავე მოვლენაზედ უტყუარი და საფუძვლიანი სიტყვა წარმოვსთქვათ, სამართლიანი აზრი დავადგინოთ. ცხოვრებას მეცნიერება გვერდში ამოვუყენოთ და მეცნიერების ყურით ვუსმინოთ , მეცნიერების თვალი ვადევნოთ ქვეყნის ჩარხის წაღმა-უკუღმა ტრიალს”.
ამ სიახლეს ფელეტონით გამოეხმაურა აკაკი წერეთელი : თქვენი გაზეთის სათაურს პირველი ასო “კ” რომ მოვაცილოთ ანუ კანი გავაძროთ - “ვალს” მივიღებთო. ანასტასიამ დაუდასტურა მგოსანს მიგნება, თომცა დააზუსტა, რომ სარედაქციო ჯგუფის “ვალი” სესხს ან ვალს კი არა, არამედ - საზოგადო მოვალეობას და ვალდებულებას ნიშნავს.
სწორედ ამ ისტორიითა ვარ შთაგონებული ახლა, როცა ჩემს ირაკლი ჩარკვიანთან შეხვედრას ვიხსენებ, როგორც“კანის გაძრობის” ერთ-ერთ მაგალითს.
ყველა ის საკითხი, რომლებიც ხუთი წლის წინ, ზამთრის სუსხიან დილას, ჩვენს გულსა და გონებას აწუხებდა, დღემდე აქტუალურია: ომი და საომარი რიტორიკა, სახელმწიფო მოხელეთა უპასუხისმგებლო და ავტორიტარული ქმედებები, არჩევანის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური და სამოქალაქო უფლებები.
“მეფეს შოუში” გამართული ინტერაქცია კარგად აჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მედიის მიერ სოციალური სინამდვილის, როგორც ორგანიზმის, სრულფასოვანი ასახვა და როგორი ნაკლოვანია მედია, რომელიც “საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის” წერს/მაუწყებლობს. ასეთი პოზიციის მიმდევრებმა ალბათ არც კი იციან, რომ დემოკრატიისთვის მხოლოდ კონკრეტული ადამიანი არსებობს და არა – საშუალო სტატისტიკური. თავისუფალ მედია სივრცეში ყოველი მოქალაქის ხმა/პოზიცია უნდა ისმოდეს და გათვალისწინებულ იქნას ისევე, როგორც - ჩინოვნიკების, მათი მეგობრების და ოჯახის წევრების.
ქალიშვილობა და დემოკრატია
იმ დღეს ისე ციოდა, რომ ”მწვანე ტალღისადმი” ჩემი ერთგულება რომ არა, - სახლიდან ფეხს არ გავადგამდი. ამას ისიც დაემატა, რომ ირაკლი ჩარკვიანი ”მეფეს შოუში” სასაუბროდ მიხმობდა თემაზე ”ქალიშვილობა: ტაბუ რელიგიური ელ-ფერით” .
გადაცემის დაწყებამდე ერთმანეთი გავიცანით და რადგან უკვე 2005 წლის დეკემბერი იყო, ჩვენს საუბარს უფრო დაძაბული და ნერვული სახე ჰქონდა, ვიდრე - მშვიდი და გაწონასწორებული. მასპინძელი ზომაზე მეტად ბობოქრობდა . არც მე შევხვდი მწყაზარი და მოდუდუნე. როგორც კი იგი მსჯელობას წამოიწყებდა, - მეორე წინადადებიდან მე ვაგრძელებდი და - პირიქით. ცოტა ხანში ისეთი ალიაქოთი ავტეხეთ, რომ რადიოს თანამშრომლები, როგორც სანახაობას, ისე გვიყურებდნენ. ჩვენი გაშმაგება პირველი ლედის ერთმა ინტერვიუმ გამოიწვია, მაგრამ ამაზე ბოლოს!
ეთერში გასვლის დრომ რომ მოაწია, მივხვდით რომ ”სიმხურვალე” უნდა დაგვეძლია და ქცევის წესებზე მაინც უნდა შევთანხმებულიყავით: მონოლოგი და სინქრონული მასლაათი არ გვინდა, - პოლიფონიას მივაწვეთ, რადგან მოქალაქეებიც ჩაგვერთვებიან და მათი აზრიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი შეხედულებები.
12 საათზე ირაკლი მსმენელს მიესალმა, მე წარმადგინა და პრობლემაში ”შესვლა” მისი პატარა ესსეთი დაიწყო:
”ბავშვობიდან ქალის საშოსთან დაკავშირებული პრობლემები ყველა ღირსეული და უღირსი ბიჭის განხილვის საგანია. პრიორიტეტული და დაფასებული სწორედ ის ბიჭი ხდება, რომელმაც ნახა ეს იდუმალებით მოცული ”ბერმუდის სამკუთხედი”, რომელიც მხოლოდ ქალებს აქვთ და მათ შორის - ბიჭების დედებსაც. ეს საშინელი, კომფუზის მომგვრელი ფაქტია. ამ ეტაპზე, როგორც წესი, საუბრები ბიჭებს შორის წყდება და სხვა თემებზე გადადის.
პირველად, როცა ქალიშვილთან მქონდა ურთიერთობა, ვერაფერი ვიგრძენი ტკივილის გარდა. ჩემი საწოლი სისიხლით იყო მორწყული და ჩემი პირველი სიყვარული გულამოსკვნილი ტიროდა. იმას კი რა მეკითხებოდა - მიყვარდა თუ არა, არამედ იმას - რა ეთქვა მშობლებისთვის? ყველაზე მეტად მამის ეშინოდა. ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც გავუმხელდით, - ეს იყო დედამისი, მხოლოდ მას გაუხსნიდა გულს.
მიღებული გადაწყვეტილებით გულდამშვიდებულებმა კიდევ რამდენჯერმე გავიმეორეთ ”ის”, რაც ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ცივად და უსიყვარულოდ იყო აღწერილი. სინამდვილეში კი ეს ღვთაებრივი აღგზნება არაფერს შეედრება ამ ქვეყნად. როგორც დიდებული საჩუქარი, სრულფასოვანი სიყვარული მხოლოდ რამდენჯერმე გეძლევა ცხოვრებაში და სხვა ყველაფერი იმ დიდი გრძნობის ლანდები და ანარეკლებია.
როცა პირველ სიყვარულზე ვწერ, მე ყოველთვის პირველი სექსუალური გამოცდილება მიდგას თვალწინ, რადგან სექსუალური ვნების, მიმზიდველი კანის, სურნელის გარეშე ძნელადწარმოსადგენია სიყვარული.
ასე რომ, ქალიშვილობა და მასთან გამოთხოვება სულაც არაა ადვილი არც დემოკრატიულ დასავლეთში და არც - აღმოსავლეთში, სადაც ქალებს ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის.
ნება მომეცით მოვწყდე მსოფლიო კონტექსტს და ქართველ ქალს დავაკვირდე დიდი ლუპით და დავინახო ის აკრძალვები, რომელიც უშლის მას ხელს სრულფასოვან ინტელექტუალურ წინსვლაში ისევე, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის, მათი საჯარო დეკლარირების. მე უნდა გავაღვიძო თქვენში მეფე, რომელიც ათი ათასჯერ მეტს შეძლებს, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვენი მეფე დღეს ლიბერალური დემოკრატიაა!!! რა შუაშია აქ ქალწულობა?
ჩვენი დემოკრატია ხომ ქალწულია და თითქმის ხელუხლებელი ხალხის მიერ.
ჩემი შოუს მიზანია: არ გვეშინოდეს გამოთქმის, გამხელის, მამის და ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ტაბუირებულია. ამ გზით უნდა მოვაღწიოთ მედიაორგაზმს.”
ამ საინტერესო შესავლის შემდეგ, მე ”ქალწულობის” და ”ქალიშვილობის” დაკავშირებას შევეცადე. სავარაუდოა, რომ სწორედ ღვთისმშობლის უმანკოება არის ის სათავე, საიდანაც გოგონებისთვის ქორწინებამდელი სექსუალური ურთიერთობის აკრძალვა მოდის. სწორედ იგი განაპირობებს ქალების დაქვემდებარებას და უუფლებობას:
”არჩევანის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნები ურთიერთდაკავშირებულია. თუ მე, როგორც სუბიექტი არა ვარ თავისუფალი, - ვერასოდეს ვიქნები თავისუფალი მოქალაქე. ვინც საქართველოში ცხოვრობს და არ არის ”ბრმა”, აქვს დაკვირვების და ანალიზის უნარი, ის მიხვდება, რომ ქალის ბედს ჯერ კიდევ ქალწულობა, ბიოლოგია განსაზღვრავს. ამის გამო ინარჩუნებს თავს უამრავი სხვა ჩამორჩენილობები, მაგალითად მოტაცება”.
ირაკლის გაუკვიდა, რომ ბოლოდროინდელი ევროპეიზაციის ნაკადის მიუხედავად მოტაცება, როგორც ქორწინების არქაული და ველური ფორმა, კვლავ სიცოცხლისუნარიანია. ნუთუ ჩვენ ვერ გავიგეთ, არ მივიღეთ დასავლური ღირებულებები? ამაზე მე ვუპასუხე, რომ ლიბერალური, დემოკრატიული იდეები დასავლეთში დაიბადა. ჩვენ ისინი უნდა გავიზიაროთ, ”ვთარგმნოთ”, რათა დემოკრატია ”ჩემოკრატია” არ გვეგონოს, ხოლო ევროპა - ”ევრორემონტი”. (კოტე ყუბანეიშვილის და ემზარ ჯგერენაიას ტერმინები). ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ღირებულებები, რომლებიც აქამდე მხოლოდ მექანიკურად ”ჩავაკერეთ” ქართულ სინამდვილეში და ამიტომ პოსტოპერაციული ტკივილები გვაქვს და შეიძლება განმეორებითი ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდეს. მე რომ “თანასწორობის” იდეა მივიღო, ამისათვის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეთნიკურად არაქართველებსაც, განსხვავებული შეხედულებების, პოზიციების მქონეთაც ჩემს ტოლად და სწორად უნდა განვიხილავდე”.
აქ ირაკლიმ გაიხსენა 90-იანი წლების დასაწყისი: “უზარმაზარი შეცდომები იყო დაშვებული. არანაირი ომი არ ყოფილა. ომი იყო შედეგი. დაიწყო სიტყვებით, (პირველად იყო სიტყვა!), ქსენოფობიით. ნებისმიერი ევროპელი რომ მიგვეყვანა ამ მიტინგებზე, - გული წაუვიდოდა, შეეშინდებოდა.”
უკვე პირველი მსმენელი შემოგვიერთდა. ძალიან ღელავდა , რადგან ის, რაზედაც ჩვენთან საუბარს აპირებდა, მისი პირადი განსაცდელი იყო: თავს ებრძოდა, შიგადაშიგ ხმა უკანკალებდა და ტიროდა, მაგრამ მაინც მოახერხა საუბარი:
”მე ჩემს თავზე ვილაპარაკებ, თუ ნებას მომცემთ. ოცი წელია გათხოვილი ვარ, მყავს ერთი შვილი. ვისთანაც ვცხოვრობ, არასოდეს არ მინდოდა ის ადამიანი. მან ძალა იხმარა, ამიტომ დავრჩი. ჩემი ოჯახის კი არ მრცხვენოდა, არამედ - ხალხის. რომ გამემხილა, ასეთი უბედური არ ვიქნებოდი. ჩემი დედ-მამა ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, - ეგონათ რომ მიყვარდა. შემიძულა დედამთილმა, როგორც მისი შვილის ”შემბმელი”. როცა დავფეხმძიმდი, ამ კაცმა აბორტი გამაკეთებინა, რომ სახლში ამ მდგომარეობაში არ მივეყვანე.
10 წელი არ მყავდა შვილი. ღმერთმა მომცა შვილი, “სახარების” კითხვა დავიწყე. ახლა ბიჭი მყავს და ის რომ არა, - თავს ჩამოვიხრჩობდი” (ტირის!).
ირაკლი ნუგეშად დაიღვარა:
”თქვენ განუყრელად იყავით ღმერთთან და მანაც სიყვარული დაგიბრუნათ. თქვენ გაუძელით გამოცდას. ბოლომდე უნდა გწამდეთ ცხოვრების. ყველას მინდა ვუთხრა, რომ შეუძლებელია შეგიყვარდეთ ადამიანი, რომელიც არ გიყვართ ან რომელმაც თქვენზე იძალადა. მომიკითხეთ შვილი. კარგია რომ მოგვიყევით ეს ყველაფერი. შეკავებული ინფორმაცია და ემოცია დემონია, აკუმულირებული უარყოფითი ენერგიაა, რომელიც გებრძვის, როგორც მარა ებრძოდა ბუდას”.
მეც დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველა, ვინც თქვენს ისტორიას მოისმენს, აუცილებლად თანაგიგრძნობთ და დაინახავს, რომ თქვენ უკვე გამოხვედით მსხვერპლის როლიდან და ამით ბედნიერი უნდა იყოთ. გაუხარდა ნუგეშისცემა და დაგვემშვიდობა.
მუსიკალური პაუზის შემდეგ ვაჟი მსმენელიც შემოგვიერთდა. მისი აზრით ქალიშვილობასთან დაკავშირებული ველური შემთხვევები ბიჭების ბრალია. ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ ეს სულელური ტრადიციული ნორმაა, მაგრამ თვითონ ცოლად მაინც უბიწოებს ეძებენ:
”გლობალიზაცია ჯერ ვერ ავუწყვეთ ფეხი. ინფორმაციულმა ვაკუუმმა განაპირობა უფროსი თაობის ჩამორჩენილობა. რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა მამა ზრდასრულ გოგოს 7 საათის შემდეგ გარეთ არ უშვებს? ”
ამით მშობლების კონსერვატიზმსა და ავტორიტარიზმს მივადექით, ამიტომ გვერდი ვერ ავუარე ქალების დაქვემდებარების საკითხს:
”ჩვენ ვცხოვრობთ მშობლების ოჯახში, მათზე ვართ ეკონომიკურად, ემოციურად, მენტალურად დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება საკუთარი სივრცე, რათა მოვიპოვოთ საკუთარი ადგილი. ვირჯინია ვულფი ამბობს, რომ სანამ ქალს არ ექნება საკუთარი ოთახი, - იგი ვერაფერს სერიოზულს ვერ შექმნის. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი ”ოთახი” აუცილებელია პირად და საჯარო სფეროში.
გლობალიზაციის პროცესი ქალს ახალ, ავტონომიურ ადგილს კი არ სთავაზობს, არამედ სექსუალიზებულ, დეკორატიულ იმიჯს, რომელმაც უნდა გაალამაზოს მამაკაცური წესრიგი. ტრადიციულ დედის ხატს ვნებისაღმძვრელი ლამაზმანის ხატი დაემატა. მოდერნიზაცია ქალებისთვის ”მოდელიზაციად” გაფორმდა.
ხომ ვხედავთ, როგორ შევიწროვდა მედია სივცე, იმისათვის, რომ ”ჯეობარი” დაწყებულიყო, დაიხურა ”ფსიქო’, - განსჯის, ალტერნატიული ხედვების, ანალიზის ასპარეზი.”
რადგან რუსთავი 2-ის ეს პროექტი ვახსენე, მსმენელთა ნაწილი იმ ისტერიკაზე ალაპარაკდა, რომელიც შოუს მონაწილეთა სითამამეს მოჰყვა: ზოგი დახურვას ითხოვდა, ზოგი - ახალგაზრდების დასჯას. ირაკლის ამ ამბავმა საღერღელი აუშალა:
”გახდა, სტრიპტიზი საქართველოს ყოველთვის უჭირდა, საკუთარი სიშიშვლის დანახვა. იდეოლოგებს უნდათ, რომ საქართველომ არ ”გაიხადოს”, არ ჩაიცვას საცურაო კოსტუმი და ტრადიციული, ილუშას და ნინოს სამოსი ატაროს. სანამ ქვეყანა საკუთარ ტანს არ დაინახავს, - მანამ დემოკრატიული ცხოვრება ვერ დაიწყება”.
აქ უკვე მეც ფრთები გავშალე:
”ამ ტანში არის ლამაზიც და უშნოც, მიმზიდველიც და გულისამრევიც, განუმეორებელიც და ორდინარულიც, პროგრესულიც და ჩამორჩენილიც. ჩვენი თვითშეფასება ცალმხრივია, თუ მთლიანობაში არ შევიცანით საკუთარი თავი. დადებითის იდეალიზება იწვევს ინტელექტუალურ კარჩაკეტილობას და სიბრმავეს, ნარცისიზმს.”
შემდეგმა მსმენელმა ეთნოგრაფიული წყაროები მოიშველია და აღნიშნა, რომ ქალწულობის ინსტიტუტს ეკონომიკური საფუძვლები აქვს. მისი საშუალებით ვაჟის ოჯახი სარძლოს ინარჩუნებდა, რადგან ქორწინება ორ ოჯახს შორის ეკონომიკური ხელშეკრულება იყო:
”ქმრის ოჯახისთვის ქალი ახალ მუშახელს, უფროსების მომვლელს წარმოადგენდა. სიყვარულზე და განქორწინებაზე საუბარის არ იყო. დროთა ვითარებაში, როცა წყვილები ცალკე იცხოვრებენ, ეს დრომოჭმული შეხედულებაც აუცილებლად შეიცვლება. თავისუფალი ეკონომიკა შეცვლის ტრადიციულ ნორმებს. ”თავისუფლება” და ”თავისუფალი ბაზარი” ახალ ტრადიციას აყალიბებს. ურბანულ კულტურაში ცვლილებები ხდება, ხოლო სოფლად პატრიარქატული ოჯახი უფრო მომგებიანია ეკონომიკურად.
ამავე მსმენელმა განმარტა, რომ ”ჯეობარი” ვუაიერისტული ვნებების კომერციალიზაციის მაგალითია. გოგი გვახარიას ინტელექტუალური შოუ ტელევიზიას შემოსავალს ვერ მოუტანდა. გაიხსენა ნიკა ტაბატაძის განცხადება, რომ მის მიზანს წარმოადგენს რეკლამის დამკვეთთა და თანამშრომელთა დაკმაყოფილება ანუ ჩვენი, მოქალაქეების, ადგილი მის ღირებულებებში არ არის.
ირაკლი ასეთმა პოზიციამ ძალიან გააღიზიანა:
”გოგი მაგ არხის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, რომელიც შემეცნებით სურვილს გვიკმაყოფილებდა. კულტურა პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნისათვის, რადგან იგი ერთ ადამიანს კი არ ავითარებს, არამედ - მთელს ხალხს. სანამ ამაზე არ იქნება აქცენტი, მანამ ეს ქვეყანა იქნება ველური და ასეთი ხელისუფლება ყოველთვის წააგებს არჩევნებს. სიბნელეს სინათლე ჯობია, - უკეთესია შედეგი.”
გადაცემის ბოლოს ახალგაზრდა ქალი შეგვეხმიანა. აღშფოთებული იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მეგრელიშვილის კომენტარით, რომელიც მან ახალ შრომის კანონთა კოდექსთან დაკავშირებით გააკეთა - ქალს, როგორც პოტენციურ დედას, სამსახურში არასდროს ავიყვანო. ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე ირაკლიმ პრეზიდენტის მუქარაც გაიხსენა: უცხო გემი როგორც კი გამოჩნდება, - ჩავძირავ ან გავანადგურებო. სახელმწიფო მოხელეთა უამრავი ასეთი უპასუხისმგებლო, წინდაუხედავი განცხადება ამოგვიტივტივდა გონებაში.
გადაცემის თემას რომ დავბრუნებოდით , ქალმა ძალადობის პრობლემაზე საუბარი წამოიწყო, მაგრამ დაგვამუნათა: ასეთი თემების ”გარეთ გამოტანა” ჩვენს კულტურაში არ არის მიღებულიო.
ამ პოზიციამ მოთმინება დააკარგვინა ირაკლის და ჩაერთო საუბარში:
”ქალბატონო, არ არის ასე! ჩვენთან მიღებულია არა დუმილი, არამედ - კონსტიტუცია, შეიძინეთ კონსტიტუცია, ის სამოქალაქო ცხოვრების ძირითადი წიგნია , როგორც საეკლესიო ცხოვრებისთვის - ”ბიბლია”. სხვა კანონებიც უნდა შეიძინოთ და გამოიყენოთ ცხოვრებაში”.
ამ მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო მოწოდებით შევეგებეთ შემდეგ მსმენელს, შუახნის მამაკაცს, რომელმაც ანეგდოტი მოგვიყვა:
”გარდაცვლილი მიხოს ცოლმა ტელევიზორის ყურება შეწყვიტა და გაბრაზებული ქმრის სასაფლაოსკენ გარბის: უნდა ამოვთხარო - რამდენი პოზა ყოფილა და ერთში ამომხადა სულიო”.
მსმენელი ჩვენგან აშკარად განრისხებულ შეძახილებს ელოდა, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა ირაკლიმ მოკლე კომენტარი გააკეთა:
- რა ექნა კაცს, თუ ერთი პოზა იცოდა მხოლოდ?
მე კი სული კბილით მეჭირა, მაგრამ ეთერში მუსიკა შემოვიდა და ჩვენც მის ფონზე დავემშვიდობეთ მსმენელებს.
მკაცრი ხელი
სტუდიიდან ისევ სამზრეულოს დავუბრუნდით და გავაგრძელეთ დილით დაწყებული საუბარი სანდრა რულოვსის ინტერვიუზე, რომელიც მას, 2004 წლის თებერვალში, დანიური ჟურნალისთვის მიუცია (ციტირებულია შემდეგი სტატიის მიხედვით ” Georgia On His Mind – George Soros’s Potemkin Revolution”, by Amb. Richard Carlos, Sunday, 23 May 2004)
მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსა და პრეზიდენტის შესახებ პირველ ლედის ასეთი აზრი ექნებოდა:
“საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები: სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს, იმ პერიოდამდე მაინც, ვიდრე მას ძალაუფლების დაუძლეველი წყურვილი შეიპყრობდა. ამ ლიდერთა თვალთახედვა ცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება მკაცრი ხელი.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აღდგეს ხელისუფლებისადმი პატივისცემა, კანონი ნაკლები სიხშირით ირღვეოდეს და ხალხმა როდესმე ისწავლოს გადასახადების გადახდა. პასუხისმგებლობის გრძნობა აქ უაღრესად ნაკლებია... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს. აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინცობაა მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემისტული თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ. დღეს ხომ ყველა ჩვენ გვიყურებს..”
ხუთი წლის შემდეგ ეს ტექსტი გაასკეცებული ინტერესით იკითხება, რადგან ის, რისი ვარაუდიც 2005 წელს არ შეგვეძლო – უკვე მოხდა. თუმცა, მაშივნე რომ ქართულ “თავისუფალ” მედიას ამაზე ემსჯელა და დასკვნები გამოეტანა, შეიძლება ხელისუფალთა თავაშვებული ქმედებათაგან რომელიმე აგვეცილებინა.
ირაკლის მეორედ და უკანასკნელად ნაახალწლევს შევხვდი. პოსტსაცივური სტრესით დაქანცული ქალაქელები კაფეებს შეესივნენ და მეც ერთ-ერთ მათგანში შევძვერი. ერთმანეთი მოვიკითხეთ და რადგან მეპატრონე “რადიო თავისუფლებას “ უსმენდა, - ყურები ვცქვიტეთ:
“სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ ოსი სამართალდამცველები დააპატიმრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, თუ ისინი, როგორც თვითონ განაცხადეს, შობის დღესასწაულზე კონფლიქტის ზონაში ჩავლენ”.
მთელი კაფე ხარხარებდა, მაგრამ ძნელი იყო ამოცნობა : თვითგამოცხადებულებს დასცინოდნენ თუ - საკუთარ ხელისუფლებას. ირაკლის სიტყვები კი კარგად დამამახსოვრდა: “თამაშობენ ბიჭები!”
ლელა გაფრინდაშვილი
სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”, 2010, N65
გადაბეჭდილია: netgazeti.ge, 2010.10.27