ერთი უცნობი Her-სტორი

სანამ გულის ყურს მათხოვებ, მანამდე უნდა იცოდე, რომ უკვე სამი წელია, რაც აქ - მიხეილის საავადმყოფოს თავშესაფარში, ეს პატარა ოთახი მიჭირავს. ყველას დავავიწყდი, არა და - შეხედე ამ მიწურის კედლებს: ბარბარე ავალიშვილი, მაშო ქობულაშვილი, რაფიელ ერისთავი, ილია და აკაკი, დიმიტრი ყიფიანი, ყაფლან ორბელიანი, ბარბარე ჯორჯაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი – ყველას მოამაგე და მოყვარული ვარ, მაგრამ ან არავის ვახსენდები ან აღარავინაა ჩემი გამხსენებელი! თითები დაკოტიტრბული მაქვს ნიკრისის ქარისგან და საშინლად მეწვის. ლამპის დასანთებადაც კი ექთანს ვეძახი. მხოლოდ წოლა, ჯდომა, ფიქრი და ლაპარაკი შემიძლია. წერით ვეღარ ვწერ, ამიტომ უნდა მომოსმინო, შენი ჭირი მე, უნდა მოიცალო, თორემ სიკვდილი მიახლოვდა და არ მინდა ისე წავიდე, რომ ჩემი ამბავი არ ამოვთქვა!

რაღაი აქ ხარ, ლამპასაც არ ავანთებ, ნავთი დამეზოგება. უკვე ბნელდება, მაგრამ მთვარე ხომ არსებობს, მარადი მეგობარი, ჩემს ოთახს მთელი ღამე რომ ადგას, ვერ მელევა: გაშტერებული დგას და მეც ხშირად შევყეფ, დარდის გასაქარვებლად. რასაც შენ ახლა მოგიყვები, მას, ადრე, უთვალავჯერ მოუსმენია.

- უნდა გაგაწყვეტინოთ, ნინო! მე უკვე გამახსენდა თქვენი ლექსი “მთვარეს” და ახლა რომ არ წავიკითხო, გული წამივა:

“მთვარე იგრძენი და გადმომეც: ვინც გიმზერს შენა
იგიც იმას გრძნობს, რასაც მე ვგრძნობ, თუ აქვს მოლხენა.
ნეტავ შეგეძლოს ჩემის ტანჯვის თვითონ აღწერა,
რომ შენის ძალით, თვალ ხილულად, გამეცნო ყველა.
თვალნი შენს ჭვრეტად მექმნენ სრულად გარდაქცეული
და იგი ჭვრეტა გრძნობად იქმნა სრულად ქცეული,
ასე ვიხრჩობი, გამიკითხეთ მე ბედწყეული,
სიტყვა ვერ მითქვამს, ვიტანჯები, მუნჯად ქცეული.
კიდეც მიხარის ეგ ბრწყინვალე, შენ შუქთა ფენა,
კიდეც მაღონებს გულსევდიანს და მებმის ენა.
მისთვის მოგმართე სანუგეშოდ, რომ მომცე ლხენა,
მსურს განმიმარტო რაიცა აქვს ამ ჩემს გულს წყენა.
შენ უჭვრეტ ყველას ქვეყანაზედ, ხალხთ ცხოვრებასა,
შურის ძიებას, უსამართლო დამცირებასა,
კეთილის წილად ბოროტებით გულგრილობასა,
გაუტანლობას, ორპირობას, განქიქებასა.
მაშ ეგ კაშკაში, ეგ სინათლე სამოთხიური,
რას მოასწავებს? ნათელია მხოლოდ ციური?
მაშ მთელს სამყაროს რათ ანათებ და აბრწყინვალებ?
მცირეს მდინარეს შენის შუქით აამღელვარებ?
რადგან გაქვს მთვარევ, შუქნათელო ეგ ძლიერება,
მაშ იქონიე იმოდენი ლმობიერება,
რომ შუქი ეგე უხვად ჰფინო ყოველს არესა,
მით გზა უჩვენო, სინათლითა, გულმწუხარესა!”
(აგვისტო, 1884)

- გამოგივიდა! შეგატყე - გულით გწადდა ჩემი გახარება, მადლობას გწირავ. კარგი, - ლექსები შენ შემომაშველე, ამასობაში მე ჩაის მოვსვამ, დავისვენებ და დაგელოდები. აფსუსი კია, რომ ჯანი არა მაქვს ყოველ ჯერზე დაშხოშიანად შემოგძახო: “მიდი, ლელაჯან, მიდი, ჭირიმე!” ამიტომ თვითონ უნდა მიხვდე – სად რა ლექსი მოუხდება ჩემს სიტყვას. აბა, მისმინე, არ გაგაწბილებ, იქნებ გაგახალისო კიდეც, ვინ იცის?!

1838 წელს, სოფელ ახალქალაქში, დავბადებულვარ. დედაჩემი, მაკრინე თარხნიშვილი, გიორგი სააკაძის შთამომავალი იყო, - 1832 წლის შეთქმულების მონაწილის, ლუარსაბ თარხნიშვილის ასული. რომ იცოდე, დედის სიმღერების, ზღაპრებისა და არაკების შვილი უფრო ვარ, ვიდრე - ენამჭევრი სვიმონ აბაშიძის ლექსებისა .

ხუთი წლისა გავხდი თუ არა, დედის ძმამ, იასონმა, დილიკაურში წამიყვანა. მისი ცოლი, მაიკო ამირეჯიბი, საათობით მასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს. ორ წელიწადში კი გარიყულაში აღმოვჩნდი, - იმ დროისათვის სახელგანთქმულ მწიგნობარის, თამარ თარხნიშვილის ოჯახში.

ყოველ დილით ყმა, პეტრუა კაპრაშიძე, ზურგზე შემისვამდა და `სასწავლებელში~ მიმაქანებდა. `ვეფხისტყაოსანი~, `დავითნი~, სახარება, `ჟამნობა~ და `დაუჯდომელი~ _ ეს ყველაფერი 1-2 წელიწადში უნდა შემესწავლა. რადგან სახელმწიფო სასწავლებელში შესასვლელი ყველა გზა ჩემთვის დახშული იყო, ოსტატის გაკვეთილებს დავეწაფე. უფრო მეტი განათლების მისაღებად, მე თვითონ უნდა გამომეჩინა მარიფათი, მეძებნა გზები და საშუალებები. თვალი და გონება სულ წიგნისკენ გამირბოდა. სოფლის სიმყუდროვეში გარინდებული, ვხვდებოდი, რომ ჩემს ოცნებებს სხვა, უფრო ვნებიანი, ფართო ასპარეზი სჭირდებოდა. მაგრამ - “ქალი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო”.

12 წლის როგორც კი გავხდი, უფროსები დატრიალდნენ: ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს გამომძიებელს, ევგენი მაისურაძეს შეუთანხმდნენ და ცოლად მიმგვარეს. ენას სად შეუძლია ჩემი წუხილის გადმოცემა? მთელი ქვეყანიერება მძულდა. ეს არ იყო ბედნიერება! ქმარი უცხო ადამიანია და უცნაური ზნისა : სუდში წასვლის წინ, ჩანთაში თოჯინებს ალაგებს - ამათთან საქმე მაქვსო.

უბედობით დამძიმებული, “მოწამეთაში” წავლასლასდი. სხვაგან სად შეაფარებს თავს გზააბნეული და თავზრდაცემული ქალი? სხვა ვინ მოუსმენს თუ არა - ტანჯული სული? ამ საარაკო მდუმარებაში სევდა კი უფრო მემატებოდა, მაგრამ თამამად, ანგარიშმიუცემლად ვტიროდი ჩემს უნუგეშო წუთისოფელზე.

- ვიცი, ეს ლექსი და ვხვდები, კოტეს დაბადებამდეა, 1853-ში, დაწერილი. ახლავე, ახლავე! :

“ჰოი ძლიერო, წმინდავ მოწამე, ყოველი ვნება აწღა მაკმარე,
უწყებული გაქვს ცხოვრება ჩემი, სოფლისგან ტანჯვა, სიცოცხლე მწარე.
წინაშე შენსა მოველ ვედრებით; გულმხურბალებით ცრემლი დავღვარე,
ძლევითა შენით წინა მიძღოდა, დასაყრდნობელად მარჯვენა მხარე;
მას შეეწიე, ჩემად ნუგეშად, მომფინე მადლი და დამიფარე.”

- ქმარს ავი სენი მოერია და 1856 წელს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩემმა პირმშომ ცხოვრებისაკენ ცოტა კი შემომაბრუნა, მაგრამ თავს მაინც დარანში გამომწყვდეულად ვთვლიდი. 16 წლისა, 6 თვის ვაჟით, მამისეულ სახლში დავბრუნდი. იქ პატარა ძმა, ვლადიმერი, დამახვედრეს, ჩემი კოტეს ტოლი. ორივეს პატრონობა ვიკისრე - ერთნაირად ვაწოვებდი ძუძუს და ვეფერებოდი, მე თავად კი ალერსს და დაყვავებას ვინ მომაშავებდა?!

ერთ წელიწადში გადავწყვიტე - არა! უნდა გავიდე კარში, მწერლებსა და პოეტებს დავუახლოვდე, ჩემს ვარამს…სული უნდა გავფრთხობინო. ქუთაისის საზოგადოება გულითადად შემხვდა: გიორგი აგიაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, კესარია იურკევიჩი, ნატალია დადიანი, კეკელა აგიაშვილი, მამია გურიელი. მთელი სულით და გულით გადავეშვი ცხოვრებაში. ქალები განსაკუთრებით მეხმარებოდნენ, ამიტომ მათთან განშორება ძალიან მიჭირდა.

- თქვენ ხომ წერთ კიდეც ამ მეგობარ ქლთა კრებაზე?
“შორს განძებული თქვენის კრებით აწ უცხო მხარეს,
სადაც სიშორით ნისლისაგან ღრუბელთა მფარეს,
ვერ ვსჭვრეტ საამოთ, მოსაწყურსა სამშობლოს მხარეს....”

- ჰო, მათ ბევრი ლექსი ვუძღვენი: კეკელას, ელენე ორბელიანს, ლიზას, ქეთევან ორბელიანს, ელენე გრუზინსკის, სონა თარხნიშვილს... ხშრიად ავიღებდი ფურცელს, დავწერდი რამეს, მაგრამ მაშინვე ვანადგურებდი. არაფერი გამომდიოდა, სად ჩემი ნაბღაჯი და სად პოეზია?
60-იანი წლებიდან ლექსების დაბეჭდვა მაინც დავიწყე ჟურნალ-გაზეთებში: `ცისკარი~, `დროება~, `ივერია~, `კვალი~, `თეატრი~, `თეატრი და ცხოვრება~, `სახალხო გაზეთი~, `ცნობის ფურცელი~, `ნაკადული~, “ჯეჯილი”, გაზეთში “ჩანგი” ცალკე გვერდს “ჭორის ბოღჩას” ვაკეთებდი.

ქალების წაქეზებით, ალექსანდრე II-ის დასახვედრად საგანგებოდ მოვემზადე: დავირაზმეთ და ცხენებზე ამხედრებულები, ჭალადიდში, შევეგებეთ სტუმრებს. თეთრი ამაზონკები და ალისფერი ყაბალახები გვეცვა. კაცები ჩერკეზკებში გამოეწყვნენ. ნადიმზე კი მეფის ამალას ჩემებური “ლეკური” ვუცეკვე. ამან ისეთი ჟრიამული და კმაყოფილება გამოიწვია რუსებში, რომ ერთ-ერთმა მათგანმა პეტერბურგიდან ძვირფასი ქინძისთავი გამომიგზავნა, საჩუქრად.

თეატრი? მან ხომ მოსვენება დამაკარგვინა.

1861 წლის 3 მარტს გიორგი ერისთავის `გაყრაში~ მაკრინეს როლი ვითამაშე. მერე - “მზის დაბნელებაში”. ჭორებსა და მოენეთა შემოტევას ვეღარ აუდიოდი, მაგრამ თამაში ავადმყოფობად მექცა.

აკაკის მოგონება ხომ წაგიკითხავს? (იცი, რომ ამ ბიჭს მამიდად ვერგებოდი?) : `1862 წელს რუსეთიდან დროებით ჩამოვედი ქუთაისში და აქა ვცხოვრობდი. არაფერი გასართობი არ მოიპოვებოდა. რა დიდი მოწყენილობა იყო! გიმნაზიის მასწავლებელი მოსიძე მოვიდა ჩემთან და მითხრა _ მოდი, ერთი ვსინჯოთ და `მზის დაბნელება~ წარმოვადგინოთ როგორმეო, და თუ ქალები არ გამოვლენ სცენაზე, ახალგაზრდა ვაჟები გამოვიყვანოთ მათ მაგიერო. მე გადავეცი ეს ჩემი განზრახვა ახალგაზრდა აბაშიძის ასულს, რომელიც მამიდად მერგებოდა. მან იკისრა სცენაზე გამოსვლა და დაიყოლია მისი მეგობარი კეკელა აგიაშვილისა და შევუდექით საქმეს. ეს პირველად იყო იმერეთში ქართველი ქალების გამოსვლა და ისიც ოჯახისშვილებისა. წარმოდგენამ კარგად ჩაიარა და ცუდიც რომ ყოფილიყო, როგორც უჩვეულო რამ, ხალხს კარგად მოეჩვენებოდა. იმ ზამთარს სამჯერ გაგვამეორებინეს...~

მთხოვნელი მთხოვნელზე მომდიოდა: ორმოცდაათს-სამოცს მიტანებული ქვრივები, გაღატაკებული და დარდიმანდი თავადები.

- ჰო, გამხსენდა, ბევრი ვიცინე, როცა ამ კაცების მოსაგერიებელი სიტყვები წავიკითხე:
`...წელწერწერტა, მონარნარე მრხეველსა, დიდ კრებაში პირველ შესამჩნეველსა,
მშვენიერსა, სურნელების მფრქვეველსა, კეკლუცობით ჭკუის დამაპნეველსა
შენ ვინ მოგცემს, შენთვის ვისა სცალიან, შენ თხოვნაზედ მეცინება ძალიან...~

- ჩემი სითამამე და გამბედაობა ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ შტაბს-კაპიტანი, გიგო კონსტანტინეს ძე ორბელიანი, ისე გავაგიჟე, რომ 25 წლის ქალი, ჩემი შვილიანად, დაღესტანში გამიტაცა. ცოტა ხანში კი - სამხედრო სამსახურს თავი გაანება და თავის მამულში, სოფელ ტანძიაში, ამომაყოფინა თავი. იქაურ თათრის ქალებს ისე დავუახლოვდი, რომ მათი მკერავი, საქმეთა მომრიგე და ექიმი სულ მე ვიყავი. აბა, რა გული გამიძლებდა ქალაქური აურზაურისა და ტარაბუას გარეშე? ამიტომაც თბილისში ჩამოვედით. ჩემი მაზლის სახლში ვცხოვრობდით.

1877 წლის 18 მაისს, სანსუსუს ბაღში, ხალხი ალექსანდროპოლისაკენ საომრად მიმავალ ქართველ მხედრებს აცილებდა. მეც მივედი და სიტყვა ვითხოვე: `ნება მიბოძეთ, მეც გამოვხატო ჩემი გრძნობა თქვენდამი, ძვირფასო ძმანო! ჩვენ, თქვენი დანი და ერთი მიწის შვილნი, მარადის თანამგრძნობელნი ვართ თქვენ ჭირსა და ლხინში; რატომღაც ცხოვრებს ისე დაუკანონებია, თითქოს, ჩვენ, ქალებს, არ გვქონდეს ნება, არც ძალა, რათა აღვიჭურვნეთ მტერთა ზედა საომრად და მამულის დასაცავად! მაგრამ წმინდა გრძნობით და სასოებით მარადის თქვენთან მყოფნი, გილოცავთ გზასა და ვევედრებით ზეგარდმო მამას, რომ განაგრძოს სიცოცხლე თქვენი მრავალჟამიერ, მოგცეთ მხნე გული და ძლევა მტერზედა, დაგაბრუნოთ სიხარულით ჩვენდა დიდებად და იმედად. გილოცავთ დროშას, გიძღოდეთ ჯვარი მფარველად და მხსნელად~.

-კნეინა, თქვენ ხომ იქ ლექსიც წარმოთქვით, მხნე და ლაზათიანი?!
`ოდეს ვიხილე მხედარნი ველად, გამზადებულნი მამულის მცველად,
მათი სურათი მიჩნდა საგრზნობლად, ხან სიხარულად, ხან გულის მწველად.
მამა-პაპანო, მიძინებულნო, ვაჟკაცობითა მარად ქებულნო,
თქვენ ბრძოლის ველზე გამარჯვებულნო და მამულისთვის დღემოკლებულნო,
აწ თქვენი სული ზეცად აღსულნი, ვედრებად ჰყავით განმზადებულნი,
რომ თქვენნი ძენი, თქვენებრივ მხნენი, უკუ მოიქცნენ გამარჯვებულნი~.

- აღტაცებულმა მეომრებმა ტაში დასცხეს და დროშაც ჩამომართვეს.

1879 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და დამზოგავ-გამსესხებელ ამხანაგობის უსტაბაში ვარ. ქალები ითხოვენ და ჩვენც ვეხმარებით ქოხ-სამკითხველოების გახსნაში. მარიამ დემურიას ნაძალადევის ბიბლიოთეკის ამბებმა ჩემს მხრებზეც გადაიარა. სულ მალე თბილისში, დაბებში და სოფლებში წიგნისა და განათლების პატარ-პატარა კელაპტრები ავაგიზგიზეთ.
ჩემი კოტე პეტერბურგში გავამგზავრე, აგრონომობის შესასწავლად. გული და სული გავაყოლე, მაგრამ უამისობაც არ იქნებოდა. დავრჩით მე და გიგო, - ჩემი ერთადერთი თავშესაფარი.

-ალბათ მას უძღვნით ამ ლექსს, ცოტა სევდიანია, მაგრამ ტრფობის ალ-მური ასდის:
`შენ აწაღმართებ ჩემს სიცოცხლეს მწარეს, უგემურს,
შენ აცხოველებ ჩემს არსებას ბედკრულს, უბედურს...
...მინამ ცოცხალ ვარ, შენით ვსულდგმულობ,
შენ გლოცავ, გეტრფი, არ გაგექცევი.
და თუნდ დამკუწონ, არ შევშინდები,
მიწა ვარ, მიწად გადავიქცევი~.

- ხო, ეგ ახალქალაქში დავწერე: ალექსი თარხნიშვილი დუდუკზე უკრავდა, მე ვმღეროდი და ვცეკვავდი თავდავიწყებით. გიგოსთვის ჩემი ჰანგი ნაშუაღამევს მოვმართე და ეგ მიძღვნაც დაიბადა, ყველას მოეწონა.

1880 წელს ისევ თეატრში მიმიწვიეს: მოდი უშენობა დაგვეტყო და რამე გვიშველეო. მივედი თუ არა, გიორგი წერეთელის “დარიაში” ვითამაშე, 1882-ში “ვეფხის ტყაოსნის” სურათებში ფატმან ხანუმი ვიყავი. გაზეთმა “KABKAЗ” ხოტბა შემასხა. “მეფე ლირში” კი რეგინას როლი შემხვდა (1883). კოსტიუმების შეკერვას, ხალხის შოვნა-მოპატიჟებას ძლივს ავუდიოდი. ნატო გაბუნია ჩემთან ცხოვრობდა და რეპეტიციობდა.

აკაკის და რაფიელ ერისთავის იუბილეების საქმის მოგვარება: საჩუქრები, მიძღვნები - ქალთა წრემ მე დამავალა. არც აქ შემირცხვენია თავი.

- მახსოვს, მახსოვს ეგ ლექსები, მაგრამ ახლა არ წავიკითხავ, მირჩევნია მოგისმინოთ, განაგრძეთ!

- ცხოვრებაშიც ვთამაშობდი: გიგოსთან და ლადოსთან ერთად ლაღად ვეძლეოდი ლხენას ორთაჭალის კინტოებთან, ვუკრავდი თარზე და ვმღეროდი განცხრომით.

- “კინტო” ალბათ ამ სერობებზე დაიწერა?.
`დღეს გულით მსურს, ძმებო, თქვენთან ვილხინო,
აბა, კაპლო, მომე ხელადით ღვინო,...
აბა, ლადო, დუდუკი ააკვნესე,
ამ გულიდან ცეცხლები დააკვესე,
ძველი სევდა და სატრფო მომაგონე,
ერთი ტკბილი შიქასტა გამაგონე!..~

1887 წელს გიგო გადაიცვალა, ნათესავებმა დარჩენილი მამულები მიისაკუთრეს და არსებობისთვის ყოველი სახსარი მომისპეს. დაიწყო ჩემი კარდაკარ სიარული. თავიდან ორი ნაეთსავი მეხმარებოდა პეტერბურგიდან:

მულიშვილი, ნინო ოგლობჟიო, 50 მანეთს მიგზავნიდა, ხოლო სამხედრო პირი, ორბელიანი, - 25 მანეთს. ჯერ ნაბერეჟნის ქუჩაზე, როტინოვის სახლში ვცხოვრობდი, მერე - სოფრომ სხირტლაძის სასტუმროში, ცოტა ხანში კი პუშკინის ქუჩაზე – გიორგი კილიტაძესთან დავსახლდი. ბოლოს, როცა პრისტოლის მოიჯარადრემ აქედანაც გამასახლა, ჩემს გაზრდილ ბიჭს, გიორგი თურქაძეს მივეკედლე. იგი უპატრონო და გზააბნეული თბილისის ბაზარში ვიპოვე და სახლში წამოვიყვანე, როცა გაიზარდა, დავაქორწინე და ჩვენი გზებიც გაიყო. ბედმა ასე მიაწყო: გამზრდელი და პატრონი თვითონ გახდა მისახედი. ჩემი გადარჩენილი სული უარს როგორ მეტყოდა?! ერთ წელიწადში ნათესავმა მთაწმინდაზე ოთახი მიქირავა და იქ გადავდი. ასე მეგონა იალბუზის მთის წვერზედ ვიდექ, საცა კუდიანები დიდ ოთხშაბათს კატებზე სხედან და მიაჭენებენ. მაგრამ კენტი (არტემ ახნაზაროვი) `ივერიას~ ყოველთვის მიგზავნიდა და ცოტას ვერთობოდი. ელისაბედ თულაშვილიც მაკითხავდა და ქვეყნიერების ამბებს მაგებინებდა.

1893 წელს, 25 აპრილს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩამოსვენებაზე, გიორგი ჟურულის თხოვნით, პოეტის ცხედართან ჩემი ლექსი წარმოვთქვი, მერე ფურცელი დავკეცე და თან ჩავატანე სამარეში.

“...სამშობლოს მიწა გულს ჩაგიკრავს მამულის შვილსა,
ტკბილად მიგიღებს, მიგითვისებს მისგან აღზრდილსა.
ცვარსა დააფრქვევს შენს საფლავსა ჰაერი თბილი,
და მყუდროებით განგეგრძობა ეგ ტკბილი ძილი.”

ლენქორანიდან დაბრუნებულმა ბარბარე ჯორჯაძემაც დაწერა ლექსი ამ დღისათვის. თავადი ჭავჭავაძე ძალიან გავანაწყენეთ ორივემ - ჩვენი მიძღვნები “კვალს” გავუგზავნეთ და “ივერიაში” არ დავბეჭდეთ. ილია ადვილად შემოვირიგე – 1894 წელს ლექსი მივუძღვენი და მივართვი. აი, გრიგოლ ორბელიანის და აკაკი წერეთლის შერიგებას კი მთელი თხუთმეტი წელი დავახარჯე და მაინც ცალყბად ესალმებოდნენ ერთმანეთს.

-აბა, კნეიკა, თქვენ ნიკოლოზის სასიყვარულო ამბავიც გეცოდინებათ, - ძალიან მაინტერესებს!

- ო, ამის გახსენება ერთ საქმედ ღირს. ნიკოლოზი ეტრფოდა სოფიოს, ბეზირგანოვის ცოლს. ცოტა გაბუტუელბი ყოფილან ერთმანეთში. ამ დროს ერთ მდიდარ სომხის ოჯახში გამართულა ლოტო, მიუწვევიათ მთელი საზოგადოება და იქ თურმე მიდიან სოფიო ბეზირგანოვისა და თავის დობილი, სოფიო გურამიშვილის ცოლი. სხედან ბრაჩკაში, მოდიან სოლოლაკის ქუჩაზე. იმავე დროს, მოდის ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ტროსტით ხელში. ისიც მიუახლოვდა, ასწია ტროსტი და გააჩერა ბრაჩკა, მივიდა ახლო და ჰკითხა _ სად მიდიხართო. სოფიო გურამიშვილმა უპასუხა სადაც მიდიოდნენ.

- ჩამსვით, მეც წამიყვანეთ, - უთხრა პოეტმა.

- არ ჩაჯდეს ეს ჩვენთან, თორე ეხლავე გადავარდები აქედან, - უთხრა დობილს სოფიომ.

_ კარგი, წადით, _ ეტყვის ნიკოლოზი.

მივლენ. დიდი საზოგადოება არის შეკრებილი. ცოტა ხნის შემდეგ ნიკოლოზიც მოვა, მიუახლოვდება დობილებს, დაკეცილ ქაღალდს გადასცემს სოფიო გურამიშვილსას და ეტყვის: `წააკითხე მაგ შენ დობილს!~ გახსნის და წაიკითხავს: `სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოხლის შენ აღმაშფოთად...~. აბა, გადადის ხელიდან ხელში! სოფიოც მიხვდება, რომ ლექსით უსაყვედურებს, რაც სიტყვებით უნდა ეთქვა. გამოირკვევა - საგანი ამ ლექსის ძღვნის იყო მათი სამდურავი ერთმანეთთან.

1899 წელს პეტერბურღში, შვილთან, წავედი. კოტე უკვე 46 წლისაა, სახელმწიფო სამსახურშია. შემოსავალი დიდი არა ჰქონდა, - თავს ინახავდა. ამდენი უპოვარი, მათხოვარი და დაცემული ადამიანი ჯერ არ მინახავს! მარმარილოს სახლებთან, სასახლის კარიბჭეებთან მოდარაჯე, ძონძებში გახვეული ბავშვები საზარელი სანახავია. პეტერბურღი მშვენიერია მათთვის, ვისაც აქვს წლიური შემოსავალი ოცი და ორმოცი ათასი მანეთი.

75 წლის ვიყავი, როცა ქუჩაში გამოგდებული, ყველასაგან მიტოვებული, ოლღა გუბელაძემ მიპოვა და აქ მომიყვანა.

ჩემს ძმის შვილს აქ დასატოვებლად არ ვემეტებოდი და ელისაბედ თულაშვილს მიადგა: ”ლიზა, მოვდივარ შენთან ქედმოხრილი და გთხოვ მამიდაჩემის პატრონობაში მონაწილეობა მიიღო, შენთან დააყენო ცოტა ხანს... შენს ნახვას ნდომულობს ძალიან და გთხოვ, ნახევარი საათით მაინც შეხვდე”. ლიზაც მოვიდა და ამ საშინელი ჯურღმულის ნახვამ ჩემი თავისთან გადაყვანა გადააწყვეტინა.

- მოგისმენია, რას ყვება თულაშვილი ამ დღეებზე? აჰა, წაიკითხე:

“მეორე საღამოს წავედით მე და დათიკო, ძმისწული. მივედით, უკვე დაღამებული იყო, ფანჯრებში სინათლე არ ჩანდა. დაუძახა: `მამიდა, გძინავს თუ არა?~ ხმა გაგვცა; `არა მძიანვს, ლამპა ვერ ავანთე და ვზივარ ბნელში~. ჩვენ ვუთხარით, ხვალ მოვალთ-თქო. `ნუ წახვალთ, თქვენი ჭირიმე! როგორც არის მოვაგნებ კარებს, გავაღებ და შემოდით, მომხედეთ!~ როგორც იქნა მოცოცდა კარებთან, მაგრამ სადღაც აფათრუებდა ხელებს, გასაღებს ვერ მიაგნო ბნელში, დაიწყო საწყალმა ტირილი. დიდხანს უსვამდა კარებს თავის დაკოტიტებულ თითებს და გვეხვეწებდოა: `ნუ წახვალთ, გავაღებ როგორც იქნება~. გააღო კიდეც. შევედით, ავანთეთ ლამპა, დაგვხვდა მტირალი მოხუცი. `რომ წასულიყავით, მე ბნელში უკან ვეღარ მოვაგნებდი საწოლს და იქვე კართან უნდა დამჯდარიყავ იატაკზე~. დავამშვიდეთ და წამოვედით.

...მეორე დღეს გადმოვიყვანეთ ჩემთან. მითხრა: `წუხელ სიხარულით არა მძინებია, იმედი მქონდა, რომ შენ წამიყვანდი, დავმშვიდდები, დავიწყებ წერას .გული სავსე მაქვს მასალით, მაჯაში ღონე არ მაქვს, აზრი ბევრი მიტრიალებს თავში. არა, მოვღონიერდები და უთუოდ უნდა გადავიტანო ქაღალდზე ჩემი აზრები~. მკითხა: `რა არის, ხალხში რა აზრი ტრიალებს? საქმე როგორ მიდის? გაზეთებს ვეღარ ვკითხულობ და აღარც მდგომარეობა მესმის: სად ვართ? რა ვართ? და რა ვიქნებით? მე აღარაფერში ვარ, მკვდარი ვარ საზოგადოებისთვის!...
1913 წელს "Тифлисский журнал"-ის კორესპონდენტი, ჩემი მდგომარეობით აღშფოთებული, წერდა: `მოხუცი მწერალი ქალი კნ. ნ. ორბელიანისა ცხოვრობს განამრტოებით, მივიწყებული ყველასაგან. იგი ცხოვრობს იმ პირობებში და გარემოცვაში, რომელიც სრულაიდ არ შეეფერება არც მის დამსახურებას ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის წინაშე, არც მის წლოვანებას და არც მის სუსტ ჯანმრთელობას. მიუხედავად ცხოვრების მძიმე პრობებისა, მატერიალური გაჭირვებისა, რამდენია ამ ადამიანში სიმხნევე, რწმენა და ჰიუმორი.

- რა სასიაოვნოა, კნეინა ნინოვ, როდესაც ადამიანს, ამა თუ იმ დამსახურების გამო, სიკვდილის შემდეგ პატივისცემა და ყურადღება მოელის.

- უმჯობესია ეს ყურადღება მიექცით სიცოცხლეშივე, როდესაც პატივისცემას და ყურადღებას იგი თვითონვე შეაფასებს! – მპასუხობს მოხუცი...

- აი, ახლა სწერენ დიმიტრი ყიფიანზე და რამდენს ვიტყოდი მე მასზე, მაგრამ არავინ არ შემოდის, არავინ არ არის დაინტერესებული ჩემი მოგონებით და ვერ წარმოიდგინეთ, როგორ მინდა გავუზიარო ვინმეს ყოველივე, სანამ ცოცხალი ვარ!"

- რა კარგია რომ მოვედი, არა?! რასაც მიამბობთ, ხომ ხედავთ, როგორ ვიწერ?! ერთი სიტყვა არ დაგეკარგებათ, პირობას გაძლევთ!

- განა არ მჯერა, გენაცვალე. ასე რომ არ იყოს, აქ რა მოგიყვანდა: მე არც შენი ნათესავი ვარ და არც მეგობარი.

- ჰო, სისხლით ნათესაობა არა გვაქვს, მაგრამ სულიერი მეგობრობა ხომ უფრო მეტია, უფრო გულწრფელი და ძლიერი?

- კარგად განსაჯე, მაგრამ ამ დროში ვინ ფიქრობს ასე?

- მე ვფიქრობ და თქვენ – ეს უკვე საკმარისია! გავაგრძელოთ, გისმენთ!

1917 წელს სიბერის ნუგეშისმცემელი ვაჟი ხელიდან გამომეცალა. ვეღარც დავიტირე და ვეღარც დავასაფლავე, - რუსეთის მიწას მეგობრებმა მიაბარეს, დედის შეცხადებას და ცრემლებს დანატრებული კოტე!

- “ბედის მდურვაში” ხომ სწორედ ამით ხართ თავზარდაცემული?!
“განა მე ბედში არა მაქვს წილი? მეც ვარ არსება ბუნების შვილი,
მეც მოველ სოფლად ვით სხვა ჩვენგანი, უმანკო ბავშვი, ნორჩი და ჩვილი.
ასე რომ მდევნი თვით საფლავამდის გსურის მაწვალო ბოროტო ავო,
შენ უგუნურად უმართლოდ მსვლელო, ჩემო სიყრმიდამ ბედის შთანმთქავო...”

განა ეს მაკმარა განგებამ?! - ორ თვეში ჩემმა ძმამ, უიმედო სიყვარულის მსხვერპლმა, თავი მოიკლა! უნდა იცოდე, რომ თვითმკვლელობა, 1905 და 1917 წელს, ქოლერასავით მოედო საქართველოს: ლუბა თათეიშვილი, თამარ ქუჩუკაშვილი, ელენე თარხნიშვილი, ელენე ხელთუფლიშვილი, ლადო აბაშიძე და სხვა მრავალი...

უკვე მძიმედა ვარ. როცა ქარია, ძლიერ მაწუხებს ხელების ტკივილი, ამ ხელებს რაღა დაუშავე - ვწერდი და ვემსახურებოდი სამშობლოს - კარგისთვის კარგი ვის უქნია?!

ეკატერინე გაბაშვილთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებდა. მისი ძმა, სოსიკო, ჩემი უკანასკნელი და უნუგეშო სიყვარულია! 1889 წელს, ორმოცდაათი წლისამ, გავიცანი და ჩემი გული და გონება ტრფობის ალში გაეხვია. მისმა თვითმკვლელობამ, 1917-ში, კი - საბოლოოდ დამასამარა! კატოს ლექსად თქმული სამძიმარი გავუგზავნე, მაგრამ უკან დამიბრუნდა. შენ პირველი ხარ, ვინც მას წაიკითხავს, მიდი, აბა!

“ხმა სიმღერის, ხმა გოდების გაისმა, ვეღარ მკურნა მომავალმა მაისმა,
რა შეგემთხვა, რა მოგიხდა, რა იყო?
ორმოცი წლის ერთგულო მეგობარო, სიტყვით, საქმით გულო მისაგებარო.
ეს სოფელი მუხთალი და ავია, ზოგი კაცი მარადის პირშავია.
ხან ვიმღერი, ხანა ვსტირი გულითა, საფლავს ჩავალ აწ მეც სიხარულითა,
ამ სოფელში გატანჯულსა მარადის, მაგონდება ის წარსული, მარად ის.
რათ მოიკალ შენი ხელით თავი? ეს სოფელი მუხთალი და ავია! “

უცნაურად მოიწყინა მოხუცმა, ხელები თვალებზე აიფარა და დადუმდა. მაგრამ, მალევე, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, - თავშალი გაისწორა, თავი ასწია, სარკმელში გაიხედა, მთვარეს თვალი გაუსწორა და სწრაფად, თავის მკვეთრი მოძრაობით სული შეუბერა. მთვარე ჩაქრა! მეგონა, დავავიწყდი-თქო, მაგრამ მხნედ მომაძახა: აბა, აგერ ჩემი ძმის ლექსი და დაამღერე შენებურად, გამინათე საიქიოს გზა.

მეც ნინოს მანერით გავიმართე, ღრმად ჩავისუნთქე და ამ სიყვარულის საგალობლის იშხნელების ვერსია დავაგუგუნე.

- “ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო ტურფავ, ლამაზო, ყველა შენ გენაცვალოს, მოციმციმე ალმასო.
მიყვარდი და მიყვარხარ, სულთქმამდინ მეყვარები; მსურდა შენის ხელებით დამხუჭოდა თვალები!

მაგრამ მე შენმა გულმა ახლოს არ მიმიკარა
და შენ, ჩემო ლამაზო, არ მითხარ “ხო”, არც “არა”!...”

ეს უნდა მოისმიოთ! არაფერია უფრო სევდიანი! უსასრულოდ შემიძლია ვიმღერო. ჰანგისთვის ცრემლები აუცილებელია –ყველას თავისი წილი უნა მიუზღო: ნინოს, გიგოს, ლადოს, კოტეს, სოსიკო თარხნიშვილს. რას გაიხარებს აბაშიძის ასული? – იშოვა მარადი დამტირებელი!

წამოვედი! მთელი გზა მისი გარდაცვალების შესახებ წაკითხულ ამბებს ვიხსენებ.

1919 წლის 12 მარტს ნინოს ცხედარი დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარეს. ჭირისუფლები იყვნენ: ელენე ოგლობჟიო, ლიზა და დავით აბაშიძეები, ელისაბედ თულაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია წერეთელი. მთავრობიდან ალექსანდრე გეგეჭკორი მოვიდა. ეკატერინეს ქალთა სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლე და მასწავლებელი გამოცხადდა.

დარია ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა და ლექსი წაიკითხა. საზოგადო მოღვაწე ქალებმა მათი თანამებრძოლი გულმხურვალედ დაიტირეს. თუმცა, ყვეალას დანაშაულის განცდა ტანჯავდა.

მარიამ გარიყული: ”საკვირველად არის მაინც მოწყობილი ჩვენი ცხოვრება: ცხოვრობდე კაცი ისეთ დროს, როცა შენთან ერთად ცხოვრობენ დიდ დროთა შემსწრე და დიდ ადამიანთა თანამედროვე მოღვაწე ადამიანები და შენ კი არ იცნობდე მათ, არ გქონდეს მათთან ურთიერთობა. ნინო ორბელიანი გარდაიცვალა გამოუთქმელ გაჭირვებაში. სად ვიყავით, გვეძინა? და მით უმეტეს, მწერალ ქალებს. დიახ, რომ გვეძინა ჩვენებურის გულგრილობით და დაუდევრობით... და განა დღესაც ისე არ მეორდება?..”




როგორც იქნა მოვახერხე და მოგითხრეთ ნინო აბაშიძე-ორბელიანის ცხოვრებაზე. ძალიან კი დამიგვიანდა, რადგან მას ოთხი წლის განმავლობაში ვეძებდი, ვაკოწიწებდი და ვწერდი. საბოლოოდ კი - პოეტ ქალთან შეხვედრის სახე მივეცი, რადგან მას უკვე ჩემზე ახლობელი არავინა ჰყავს, არავინ იცნობს ისე კარგად, როგორც მისი წყვდიადში აღმომჩენელი მკვლევარი.

ჩვენს ახლო და უახლოეს წარსულში ბევრი ასეთი ბედია. ყველა მათგანი მნიშვნელობის მინიჭებას ელოდება. მე ამ საქმეს ვეშურები და მინდა სხვა მკვლევარი ქალებიც წავახალისო: შემომიერთდით! აღმოვაჩინოთ, წავიკითხოთ, დავწეროთ და გადავწეროთ ჩვენი წინამორბედების Her-სტორიები. იქნებ როგორმე შევცვალოთ ცალთვალა კულტურა და მივიწყრბილთა, გაჩუმებულთა და დაჩაგრულთა აღმოსაჩენად მეორე თვალიც ავუხილოთ!

ლელა გაფრინდაშვილი

6 comments:

  1. Anonymous18/9/09 05:22

    gana his-story cota gvaqvs?

    ReplyDelete
  2. ძალიან შთამბეჭდავია.

    ReplyDelete
  3. გაიხარე ლელა

    ReplyDelete
  4. შენ ძალიან კარგად მოგეხსენება თუ რამდენი რამეა კიდევ გამოსაკვლევი, დასაწერი.

    ReplyDelete
  5. კი მართლა ძალიან საინტერესოა და საინტერესოა კიდე ის რომ რატომ გააყოლეს ცოლად მაისურაძეს. აი ცოტა რამე კიდევ ნინო ორბელიანზე ჩემი პროფილის ლინქში.

    ReplyDelete
  6. Anonymous4/2/22 04:40

    How to Make Money From Betting On Sports Online
    Here you will find an introduction to online sports betting. We cover the หาเงินออนไลน์ basics of sports betting and the ways to win. Learn more and find the best sports

    ReplyDelete