ჭაბურღილების სქესი

ადამიანი მხოლოდ მაშინაა კეთილშობილი, თუკი იგი ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას თანაბრად თანაუგრძნობს. ასეთი კი თითქოს პირველყოფილი, სამყაროში დედიშობილა მოხეტიალე, შემგროვებელი და მონადირე ადამიანი უფროა, ვიდრე მისი მემკვიდრე – ცივილიზაციისა და მეცნიერული რევოლუციების პირმშო.

მიმოიხედავ და აღმოაჩენ, რომ კეთილშობილება ნელ-ნელა უცხო ხილად იქცა. რა საკვირველია, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ადამიანში სათნოებათა მარაგი ამოიწურა. არა! უბრალოდ, ბუნების ეს უმშვენიერესი ქმნილება ყველას დაავიწყდა და მანაც დაივიწყა საკუთარი თავი.

როცა პირველყოფილი იდილიიდან გამოერკვა და მიხვდა, რომ მისი ტყის გადაღმა სხვისი, უცხო და განსხვავებული სივრცეა, მაშინვე “მიღმურის” მონახულების მიზანსწრაფვამ შეიპყრო. ჰოდა, - დაიწყო “ჩაკეტილი წრიდან გასვლის” და წრეგადასული მოპოვება-მისაკუთრება-დაცვის ეპოქა.

მოხვეჭის ვნება კი დაიკმაყოფილა, მაგრამ ბედნიერების განცდისგან დაიცალა. მოენატრა წარსული – ანიმიზმის პერიოდი, როცა ეგონა, რომ განგებამ ყველა საგანს და არსებას თანაბრად შთაბერა სული. ახლა კი სამყარო, ქარხნებისა და ფაბრიკების ალყაში მოქცეული, თითქოს სულისგან დაიცალა და განივთდა.

ადამიანის არსზე დაფიქრებულმა მკვლევარებმა მისი მარტოობა უფრო გაამძაფრეს: რაც არის, არის! ვერაფერს შეცვლი, შენი ბედი წინასწარგანსაზღვრულია ადრეული ბავშვობის განცდებით (ფროიდი) ან ეკონომიკური პირობებით (მარქსი).

კიდევ კარგი, რომ ქომაგებიც მალე გამოჩდნენ: შენ სამყაროს გვირგვინი ხარ, მისი არქიტექტორი, ძლევამოსილი არსი, სახელმწიფოსა და სამართლის ზრუნვის ობიექტი. ნუ დაგამძიმებს ვალდებულებები, რადგან მათ საპირწონედ, ჩვენ უფლებებით უზრუნველგყოფთ.

... ის მაინც მარტოა, დაღლილი და გაძარცვული. მისტირის წარსულს და ენატრება ადამიანის, ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის ერთადერთობა. თუმცა, ხვდება, რომ ვეღარასოდეს დაუბრუნდება იდილიურ, მოკრძალებულ და თბილ წიაღს, რადგან ჩათრეულია ამაოების ორომტრიალში, - სწორედ ისე, როგორც წყალუხვ მდინარეში შესული გულზვიადი არსება, თავიდან რომ იოლად უმკლავდება აქოჩრილ ზვირთებს, მაგრამ როცა შუამდე მისული აღმოაჩენს, რომ ვეღარაფერს გახდება, - თავადვე ნებდება ბედის მდინარებას.

ადამიანი გვიან მიხვდა იმ სიავეებს, რაც ბუნების უხეშმა დამორჩილებამ, მისი მთლიანობის შერყევამ მოიტანა. მაგრამ დღესაც – ერთი ხელით რომ ხეს რგავს და ცოცხალ არსებას უვლის, მეორე ხელით იარაღს ეფერება, ერთი სიტყვით, რომ სიყვარულს ადიდებს, მეორე სიტყვით – სიძულვილს თესავს.

ბუნება, დედამიწა და ვარსკვლავები მხოლოდ “ომიდან” დაბრუნებულს ან გამოქცელს ახსენდება. ისიც ცოტა ხნით, - სანამ ახალი “ომი” დაიწყება.

დაგწყევლოს თეთრმა გიორგიმ!

ზაფხულის ეს დღე, თეთრი გიორგობა, ყველას უყვარს, რადგან ერთად იკრიბებიან და ლოცულობენ. შემდეგ, მზის ჩასვლამდე, ბალახზე სხედან, სადღესასწაულო კერძებს შეექცევიან და ლაღობენ.

დღესასწაული ჩინებულად წარიმართა. შთამბეჭდავი დღე გამოვიდა. დასასრულს, ხალხი მიმოიფანტა. სანთლის სუნითა და გაუთავებელი ლოცვების წარმოთქმით დაღლილი ხუცესი შვილმა თივით სავსე მარხილით წააბრძანა შინ.

ქალაქიდან ამოსულებიც ჩასხდნენ თავიანთ მანქანებში და კმაყოფილი ღიმილით დაგვემშვიდობნენ. უცნაური ის იყო, რომ ყველასთვის მოულოდნელად, ნახევარი გზიდან მობრუნდნენ და თავიანთი “ბედაურებით” სოფელს რამდენჯერმე შემოუარეს. ეს “აღლუმი” არავის ესიამოვნა და მეც - მთელი დღის ნეტარება რაღაც უცნაური სევდით შემეცვალა. ამას დაღლილობაც დაემატა და სახლში დაბრუნებულს, ძილი ადვილად მომერია. ღრმა ბურანში ჩავიძირე და ...

ვხედავ, ეს ქალაქელი მანქანები არსადაც არ წასულან, უვლიან და უვლიან სოფელს. ბოლოს ხეებზეც ავიდნენ, ყანები და სათიბები გადაჯეგეს, მდინარეში შეიჭრნენ, სიპ ქვებზე ბორბლები აღრჭიალეს და წისქვილებთან დაბანაკდნენ.

მალევე ავზნიანებივით დაირაზმნენ, გეზი ბოსლებისკენ აიღეს – კარები შტურმით შეამტვრიეს და თავზარდაცემული საქონელი შარაზე გამოყარეს. მოკლედ, იავარქმნეს იქაურობა.

ბოლოს, “წავედითო” ვიღაცამ დაიძახა. შარაზე გამოლაგდნენ და ნელი სვლით გაუდგნენ გზას. თუმცა, ყველაზე საშინელი რამ სწორედ მერე დაიწყო.

“მაოხრებლებმა” მდინარის გასწვრივ, რაღაც შავი კვამლი დატოვეს, რომელიც ზანტად ამოძრავდა, სახლებს მოედო და სახურავები გადახადა. ყველანი გარეთ გამოვცვივდით და მომხვდურის ნებას დავმორჩილდით: სულიერ კვამლს ბეღლებიდან გამოაქვს ყველის კასრები, ფქვილის კიდობანები, ჰაერში ატყორცნის და აუჩინარებს.

მალე ადამიანებზეც გადავიდა: სოფლის ბებიაქალი, დაუძლურებული ხუცესი, დურგალი და მისი მასწავლებელი ცოლი, მეთუნუქე, - ყველა ერთად შეყარა, ჩვენი ძაღლი “ბელხვა”, ბებიაჩემის ვარცლი და ქვასანაყიც ზედ მიაყოლა და ავისმომასწავებლად დაიგრიალა.

გული მწუხარებით ამევსო და ხმა ამოვიღე, უფრო ზუსტად – მრისხანება ამოვაფრქვიე:
- შე კუდიანო ქაჯო, დაგწყევლოს თეთრმა გიორგიმ!ამის თქმა იყო და სოფელს პირველადი სახე დაუბრუნდა, მაგრამ მე ისეთი ელდანაკრავი სახით გავიღვიძე, რომ დედაჩემის მამიდა მთელი ღამე შეშინებულის ლოცვას მიკითხავდა: “ შემოგილოცავ ნათალყვისა, ქალისა, კაცისა, დიდისა, პატარეისა, მტერისა, მოყვრისა, შავთვალიანისა, ჭრელთვალიანისა. ვინ იყოს შენი მთვალავი, ვინ იყოს შენი მღალავი, - ქვა დატკვიროს, ქვა შეჭამოს, ქვა გულზე დეიკიდოს, შენ ჯვარი დაგწეროს…... “ (დანარჩენი მერე!)

დაბინდულ ქლიავის ფერი

ეს ჩემი სიზმარი ბევრჯერ გამხსენებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქური რუტინადან გამოქცეული, სადმე ბუნების სავანეში აღმოვჩნდებოდი. მაგრამ სტუდენტობის დროს კი თავი ისეთნაირად შემახსენა, რომ აღარასოდეს დამავიწყდება.

80-იანი წლების მიწურულს, ზურაბ კაკაბაძის პატარა წერილს წავაწყდი - “ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ”.ქართველ ფილოსოფოსი ეკოლოგიის პრობლემათა დასავლური კონტექსტის ქართულ სინამდვილეში ტრანსლიაციას ცდილობს და თვალსაჩინოდ აღწერს ინდუსტრიალიზაციის საფრთხეებს: ბუნების გარდაქმნა და ბუნებრივი რესურსების გაუაზრებელი ხარჯვა როგორ ემუქრება არა მარტო სიცოცხლეს, არამედ - კულტურასაც. “ინდუსტრიული გარდაქმნები აუცილებლად გამოიწვევს ქვეყნების ბუნებრივ თავისებურებათა ნიველირებას და აქედან გამომდინარე კულტურათა წაშლა-დაკარგვას და საბოლოოდ, კაცობრიობის კულტურის უკიდურეს გაღარიბებას. ბუნების, ბუნებრივი გარემოს გადაგვარება, შესაბამისი ხალხის ხასიათისა და კულტურის, მისი ეროვნული სახის გადაგვარებას მოასწავებს”.

არადა, ლანდშაფტის სხვადასხვაობა კულტურათა თავისებურებებს აყალიბებს: კახური “მრავალჟამიერი”-ს მოსმენისას კავკასიონი გვახსენდება, გურული კრიმანჭულის ჰანგზე კი - ხუჭუჭა მთებსა და გორაკებზე “მორბენალი” ნაკადული. ტიპიური რუსული სიმღერა - ვრცელი ტრამალებისა და სტეპების წიაღში დაგვატარებს. გალაქტიონის “დაბინდულ ქლიავის ფერი” იმერეთთან ასოცირდება, ხოლო ლეონიძის ლექსი, - კახური პეიზაჟის მსგავსად, მკვეთრი და ჩახჩახაა.

ბუნების გადაგვარება კულტურათა უთანასწორო აღრევას, “გასაშუალოებას” გვიქადის:

“... ამიტომ გასაგები უნდა იყოს, რომ ბუნების დაცვისათვის აღძრული მოძრაობის აზრი არ ამოიწურება სიცოცხლის ელემენტარული პირობების დაცვის ამოცანით; კიდევაც რომ მოხერხდეს, ბუნების დიდი გარდაქმნების მიუხედავად, სიცოცხლის ელემენტარული პირობების შენარჩუნება, გადასაწყვეტი დაგვრჩება ერის სიცოცხლის გადარჩენის პრობლემა”.

ავტორი დაგვაფიქრებს იმაზეც, რომ ხშირად, ამ დაუოკებელი ნგრევის მესვეურები, თავს იმით იმართლებენ, რომ ბუნებრივი რესურსების ხარჯვის ასეთ ტემპს ადამიანის მზარდი საჭიროებები განაპირობებსო.

ბუნების დამცველები კი აღნიშნავენ, რომ ეს “საჭიროებები” ხელოვნურად არის შექმნილი, თავსმოხვეული და პრობლემის დასასურათხატებლად ასეთ ანეკდოტს იშველიებენ:

“ ერთ პატარა ქალაქში მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ საკუთარ ავტომანქანებს, ისინი მაინცადამაინც არცა გრძნობდნენ საამისო საჭიროებას, რადგან მანძილების შედარებითი სიმცირის გამო, მისვლა-მოსვლას ფეხითაც იოლად ახერხებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ დიდი ქალაქიდან ინდუსტრიული პროგრესისა და, სახელდობრ, ავტოქარხნის მშენებლობის იდეა შემოიტანა. იდეა გავრცელდა და ბოლოს განხორციელდა კიდევაც – ქალაქში ავტოქარხანა ააშევეს, ამას, გასაგებია, თან მოჰყვა ქალაქისა და მასში სამოძრაო მანძილების ზრდა. რამაც, თავის მხრივ, მოქალაქეებისათვის საკუთარი სწრაფმავალი ტრანსპორტის საჭიროება წარმოშვა. რამდენიმე ხანში დიდი ქალაქიდან ავტოქარხნის მასშტაბის ზრდის იდეა იქნა შემოტანილი.; ქარხანა გაიზარდა და მასთან ერთად გაიზარდა ქალაქი, გაიზარდა მასში სამოძრაო მანძილები. მან, თავის მხრივ, გაზარდა საკუთარი ავტომანქანის ყოლის საჭიროება – აქამდე თუ ოჯახში ერთი საერთო მანქანა კმაროდა, ახლა მის თითოეულ წევრს ცალკე მანქანა დასჭირდა... ასე ხელოვნურად, ავტომანქანების წარმოების შედეგად, იქნა ნაწარმოები მათი საჭიროება...”

ეს ადგილი რამდენჯერმე წავიკითხე და რაღაც უცნაური ნაცნობი განცდა დამეუფლა. გამახსენდა ჩემი ბავშვობის სიზმარი: მოულოდნელი, უცხო, ქედმაღლური და თავზარდამცემი ინტერვენცია და წინააღმდეგობის შეუძლებლობით გამოწვეული სასოწარკვეთა.

დედობა და დედამიწა

ადამიანის ადგილს თანამედროვე სამყაროში მისი ძალაუფლების სტატუსი განსაზღვრავს. დაპყრობა-ფლობა-მორჩილების მარათონს ისინი ლიდერობენ, ვინც ყველაზე მეტად და მონდომებით ბურღავს დედამიწას და “ბურღავს” ადამიანის გონებას. კიდევ კარგი, რომ მომპოვებელთა, მონადირეთა და დამმონებელთა მტაცებლური ინსტიქტების წინააღმდეგ მებრძოლები ჯერ კიდევ არსებობენ. მათი ხმა, მბურღველებში, კასტრაციის შიშის ანალოგიურ ფობიებს იწვევს.

სამყაროს მომავლისადმი გულგრილობას, დედამიწის “ქონების” ანგარიშმიუცემელ ამოხაპვას და თქვლეფას გამუდმებით აკრიტიკებენ ფემინისტები და ბუნების “მორჯულების” სათავეს პატრიარქატში ხედავენ. ქალი, თავისი დედობის უნივერსალური უნარით, სამყაროზე ზრუნვის, მისი მთლიანობის გაფრთხილების და შენარჩუნების მომხრეა.

“არაფერი ისე ღრმად არ აკავშირებს ადამიანს ბუნებასთან, როგორც ქალის რეპროდუქციული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მთელ დანარჩენ ცოცხალ სამყაროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს სიცოცხლის დაბადებასა და მხარდაჭერაში. სწორედ ამითაა ქალი ბუნების ჭეშმარიტი შვილი, ამ ბუნებრივ სიმრთელეშია ჩადებული მისი სიძლიერის წყარო. (A. Collard, “Rape of the Wild. Man’s Violence against Animals and Eath”, London: Women’s Press, 1988).

მამაკაცი კი - უკიდეგანო ვოლუნტარიზმით ხარჯავს/ფლანგავს ბუნების და მისი ხელქვეითების რესურსებს, რადგან პატრიარქატის გარიჟრაჟიდან დღემდე, თავს სამყაროს ერთპიროვნულ ბატონ-პატრონად განიცდის. Aაი, რას წერს ამის შესახებ თავის წიგნში “ქალად დაბადებული” ადრიენ რიჩი:

“ადამიანის ცნობიერებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა მაშინ, როცა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ქალს ანაყოფიერებს არა მთვარე, გაზაფხულის წვიმა ან მიცვალებულთა სულები, არამედ - სწორედ ის, მამაკაცი და რომ ქალის მიერ მუცლით ნატარები და გაჩენილი ბავშვი, მისი შვილია, მისი უკვდავმყოფელი.” (Adrienne Rich, “Of Woman Born”, 1977).

ამ ცნობიერების რევოლუციამ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ სიავეთა დიდი ნაწილი განაპირობა. ალბათ ამიტომაა, რომ ნავთობში ამოვლებული ჭაბურღილების შემხედვარეს, სულ ეს აზრი მახსენდება:

“....შეღწევა უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობის აქტია, რომლის საშუალებითაც მჩაგვრელი შედის ჩაგრულის სხეულში და იპყრობს მას, სჯის და აკონტროლებს...შეღწევის ყოველი აქტი თავდასხმაა, რომელიც არყევს მის თავდაჯერებულობას და აძაბუნებს მის შინაგან ძალებს….” (The Leeds Revolutionary Feminist Group). ადვილი მისახვედრია, რომ ამ ციტატაში ნაცვალსახელებში “მას” და “მის” ქალი და დედამიწა თანაბრად იგულისხმება.

ლელა გაფრინდაშვილი
”დრო მშვიდობისა”, 2009

3 comments:

  1. Anonymous1/7/11 22:10

    momwoonss

    ReplyDelete
  2. Anonymous22/5/12 15:03

    მართალია. ბუნების შეურაცხყოფასთან ერთად გინების ფენომენიც იგივე არაა?! და ე.წ. მთიურ-სკაბრეზული "ღადაობები"?! დაკავშირებულია ფალოსის მიერ სხვისი დედის, სხვისი ქალის "დაჩაგვრასთან", დასჯასთან, სხვისი მიწის, ბუნების და სიწმინდის შეგინებასთან და ამ გზით გაბატონებასთან. განა ციხეებშიც არაა დაწესებული პატიმრების ( მამაკაცებისაც!!!) ასე "დასჯა"?!
    აი ეგაა პატრიარქალური კულტურა, ერეგირებულ "ჯოხზე" ნაშენი სამყარო, თავისი პორნოთი, პროსტიტუციით, სადომაზოხიზმით, სილამაზიზ კონკურსებით და ა.შ. ყველაფერს რა ჩამოთვლის....

    ReplyDelete
  3. Anonymous22/5/12 15:29

    P.S. ამას არანაკლებ შეფარვით აკეთებდნენ ბოლშევიკები, ლევ ტროცკი და სხვა "თავისუფალი სიყვარულის" მოქადაგეები. ბურჟუაზიულ პატრიარქატში თუ ქალი ქმრის საკუთრებაა, აქ, სოციალისტურ "სამოთხეში" პირიქით-საზოგადო ნივთი.ხოლო ბავშვი რა გარემოში გაიზრდება, ვისგან მიიღებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეს ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია.

    ReplyDelete