ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები:
თანამშრომლობიდან თანასწორობამდე

ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის პრობლემატიკის განხილვამდე საინტერესო და საჭიროა სემდეგი საკითხების გარკვევა:

- სად არის სამოქალაქო საზოგადოება დღეს?

- ვის ირჩევს ის?

- რას ირჩევს ის?

ცხადია, გვესმის, რომ თუ მეორე კითხვას უპასუხე, მაშინ მესამეც ავტომატურად პასუხგაცემულია.

მაგრამ თავდაპირველად მინდა, ამ საკითხთან დაკავშირებული, ჩემი ერთი შთაბეჭდილების და დაკვირვების შესახებ გიამბოთ.

წინასაარჩევნო პერიოდში, აპრილის მეორე ნახევრიდან დღემდე ჩემთან შემოსული ზარების 60% იწყება კითხვით:

- ლეიბორისტებში შეხვედი? (ამ არჩევნებში, ვაკის მაჟორიტარად ლეიბორისტი ლეილა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა!) რაც მთავარია, ამ ადამიანების უმრავლესობა სწორედ არასამრავრობო სექტორიდან მიცნობს და თავადაც აქ მოღვაწეობს. მათ გაკვირვება ჩემმა პარტიაში გაწევრიანებამ კი არ გამოიწვია, არამედ იმან, რომ ლეიბორისტები ვიკადრე.
ზოგიერთმა გრიგოლიას შოუშიც კი “დამინახა” და ამტკიცებდა - ნამდვილად იქ იჯდა-ო. ანალოგიური მდგომარეობა იყო 7 ნოემბრის შემდეგაც, როცა ჩემმა კოლეგებმა ძალადობის საწინააღმდეგო “ბარიკადებზე” მომკრეს თვალი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა უმრავლესობა გაკვირვებული იყო ჩემი პოზიციით:

-შენ რა გრეჩიხას უჭერ მხარს? თუ არკადი გესიმპატიურება? ანუ: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩემს პარტიაში გაწევრიანებას უფრო ნორმალურ საქციელად მიიჩნევდნენ , ვიდრე ძალადობის საწინააღმდეგო სამოქალქო პოზიციას. აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენის, რომ სამოქალაქო პროტესტი არ იყოს პარტიულად მიკერძოებული.

აი, აქედან მინდა სწორედ დავუბრუნდე საუბრის დასაწყისში დასმულ კითხვებს და გავამარტივო ისინი, გავაერთიანო:

– იციან თუ არა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თუ რა ადგილი უნდა ეჭიროთ მათ ქვეყანაში, სოციუმში, ძალაუფლების შენობაში და აქვთ თუ არა გაცნობიერებული ამ ადგილის მნიშვნელობა?

ჩემი პასუხი მოკლეა ---- არ იციან და არა აქვთ გაცნობიერებული.
ამის მტკიცების საშუალებას, მე მაძლევს არა მხოლოდ ზემოთმოტანილი , ორი , ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მაგალითი, არამედ სამოქალაქო სექტორის მთელი გზა/ისტორია, რომლის მონაწილე მეც გახლავართ. ნუ შეგეშინდებათ, - არ ვაპირებ ამ ისტორიის წვრილად მოყოლას. გეტყვით მხოლოდ ჩემი გამოკვლევის შედეგებს (ასევე გამოვიყენე CTC-ს მიერ ჩატარებული “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის კვლევა, რომელიც ჩატარდა საერთასორისო ორგანიზაციის “სივიკუმი” მიერ შემუსავებული მეთოდოლოგიით).

1) დღეს 9000-ზე მეტი NGO-ა რეგისტრირებული. სამოქალაქო სექტორის გავნითარებაში ისტორიულად შემიძლია 3 ეტაპად დავყო: ა) 1992-1998, როცა დაახლოებით 1500 არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა. /6 წელი/B2) 1999-2002 წლებში უკვე 1500 NGO იყო რეგისტრირებული / 3 წელი/ 3) 2003-2008 წლებში 6000-მდე /5 წელი/. ცხადია, ამათგან მხოლოდ 10%-ია რეალურად მომუშავე. თუმცა ახალი ორგანიზაციების შექმნის მზარდი ტემპი უფრო ამ პროცესის სტიქიურობაზე მიუთითებს, ვიდრე - გააზრებულ, საზოგადოებრივი საჭიროებების გაცნობიერებით გამოწვეულ ქმედებაზე.

2) ლიდერთა უმრავლესობა “პრეზიდენტი” და “ვიცეპრეზიდენტია”. ასევე საინტერესოა თვისებრივი კვლევა იმისა, თუ ვინ არიან ერთმანეთისთვის დამფუძნებლები, ლიდერები, გამგეობის წევრები, პროექტში ჩართული ადამიანები? Eეს არის პასუხი კითხვაზე – რატომ ვერ განვიტარდა სამოქალაქო საზოგადოება!

3) საქმიანობის ტიპის მიხედვით მათი უმრავლესობა ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე და საკითხებზეა ორიენტირებული, ხოლო უმცირესობა ფუნდამენტურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე და საკითხებზე.

4) ასევე საინტერესოა ამ პრობლემის გენდერული ანალიზი. პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას ლიდერობენ მამაკაცები, ხოლო ფუნდამენტურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქალები. მთლიანობაში, ორგანიზაციების ხელმძღვანელთა 25%-ს ქალები წარმოადგენენ, 75%-ს მამაკაცები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის დინამიკაში არის ერთი დღემდე შეუსწავლელი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ახლადცამოყალიბებულ არასამტავრობო ორგანიზაციატა მნიშვნელოვანი ნაწილი (ჩემი ვარაუდით მათი 60-70 %) წარმოქმნილია უკვე არსებული ორგანიზაციების ჰუმანური და ტექნიკური რესურსის ბაზაზე. ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორის ზრდას განაპირობებს არა ახალი იდეების დამკვიდრების მოთხოვნილება, არამედ - ფინანსური ინტერესი.

1999-2000 წლიდან ჩნდება კოალიციების შექმნის ტენდენცია, მაგარმ ყველა მათგანი ინიცირებულია გარედან და წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის გარშემო გაერთიანებას და არა რაიმე იდეის ერთგული ადამიანების/პროფესიონალების შეთანხმებას და ერთობას. ამ გარედან ჩარევამ შეაფერხა კოლაბორაციის და კოორდინაციის პროცესი, რომელიც ამ წლებში ბუნებრივად იწყებოდა.

ამიტომაა, რომ ორგანიზაციათა შორის შიდასექტორული თანამშრომლობის დამაკმაყოფილებელი დონის მიუხედავად, სამოქალაქო თანამონაწილეობის დონე ძალიან დაბალია. ანუ თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ინტენსიურად თანამშრომლობენ, რატომ არ ჩანს მათი სამოქალაქო აქტიურობა? "სივიკუმმა” სამოქალაქო აქტივობის დონე საქართველოში ვერ გაზომა.

აქ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ისეთ ფენომენზე, როგორიცაა GONGO. – საქართველოში ეს ნიშნავს არა მარტო მთავრობაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს, არამედ მთავრობაში/ხელისუფლებაში მოხვედრაზე მეოცნებეებსაც.

ასეთები საქართველოში მრავლადაა და მრავლად იყო წარსულში. ამას ხელი შეუწყვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომელთა დიდი ნაწილი საწყის ეტაპზე სწორედ ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობას მიესალმებოდა. მათი ფინანსური და ტექნიკური დახმარების მასშტაბები ძალიან განსხვავდებოდა დანარჩენი ფონდების გრანტებისაგან. ამის გამო სამოქალაქო საზოგადოების წიაღში NGO არისტოკრატია, რომელმაც ამ სივრცის ხელოვნური მონოპოლიზაცია მოახდინა. ხელიხელისუფლების წარმომადგენლებს სერიოზული გავლენა ჰქონდათ ფონდებზე და ლობირებდნენ კიდეც “თავიანთ” ჯგუფებს დასაფინანსებლად, რამაც სერიოზულად დააბრკოლა ჯანსაღი კონკურენციის პროცესი. თუმცა, ამ დეფექტის დაძლევაში სერიოზული როლი ითამაშეს ქვეყნის გარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთაც მართალია ვერ დააბალანსეს, მაგრამ სერიოზულად შეებრძოლნენ ამ არასამართლიან და არაჯანსაღ სიტუაციას.

აქედან გამომდინარე შევარდნაძის ეპოქაში შექმნილი NGO არისტოკრატია დღესაც არსებობს და დიდი სიხარულითა და წარმატებით განაგრძობს ხელისუფლებაში ინტეგრირებას. ასეთივე წარმატებით მიმდინარეობს მედია ა ქ ტ ი ვ ი ს ტ ე ბ ი ს ტრიუმფალური სვლა პარტიებში და მთავრობებში.

ეს GONGO-ები, მაგრამ სად არიან დანარჩენები? აქაც მოკლედ მინდა გიპასუხოთ: დანარჩენები არიან დანარჩენებთან ანუ ოპოზიციასთან!! ჩემი დაკვირვებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ რომელ პარტიასთან მიასწრებს. ისევე როგორც პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს – ვინ რომელ ეკლესიასტან დადგება და ვინ უფრო ხშირად მივა პატრიარქთან. იმ იმედით, რომ თუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, “იქნება შახის ცოლობასაც გამოკრან ხელი”.

არანაირი კოორდინაცია არ არსებობს მათში. საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად (რადგან დარეგისტრირება დავაგვიანე) 22-ვე ამ ეგიდით დარეგისტრირებულ ორგანიზაციას დავუკავშირდი და აღმოვაჩინე, რომ არანაირი ურთიერთკოორდინაცია და თანამშრომლობა მათ შორის არ არსებობდა. ასეა დღესაც. მოკლედ: სამოქალაქო საზოგადოების არჩევანი დღეს ისევ პოლიტიკური დისკურსით არის დეტერმინირებული ანუ განსაზღვრული, ამიტომ მისი არჩევანი იქნება არა “დემოკრატია” , არამედ “ჩემოკრატია”. ხელისუფლებასთან დაახლოებული ნაწილი აირჩევს ნაციონალებს, ხოლო ოპოზიციასტან დაახლოებული (და არა ოპოზიციურად განწყობილი!) – მათ.
საინტერესოა სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებითი ორიენტაციების მაჩვენებლებიც. “სივიკუმის” კვლევაში ყველაზე მარალი ქულა მიიღო: ტოლერანტობა, არა-ძალადობა, ხოლო დემოკრატიამ დაბალი. აქვე მახსენდება ერთი პოსტსაბჭოთა პერიოდის პლაგიატის შემთხვევა: ადამიანი, რომელმაც ერთი მეცნიერის სტატია გადაიწერა და თავისად გაასაღა, მომჩივანს ანუ ავტორს ეუბნებოდა - მე ხომ ფული გადაგიხადეო და რაღას ასაჩივრებო. ასეთია მენტალურად დაუძლეველი ფეოდალიზმი დაღი, რომლის განკურნების გარეშე დემოკრატიაზე ლაპარაკი უტოპიაა.

ხოლო იმის საჩვენებლად, თუ რა მოუვა დემოკრატიას საქართველოში, მინდა, ქართველი დრამატურგი ქალის , ნატალია აზიანის (1978-1943) 1919 წელს დაწერილი წერილი “ინტერვიუ ქალბატონ დემოკრატიასთან” გაგაცნოთ.

“ისე გამიწყალეს გული, ისე მომაბეზრეს თავი წამდა-უწუმ ყვირილ-ღრიანცელით: დემოკრატიამ ასე ბრძანაო”, “დემოკრატიამ ასე ინებაო”, “დემოკრატიის ნება-სურვილი ასეთი გახლავსო”. მეტადრე “ერთობამ” და “ბრძოლამ” ხომ პირდაპირ ყურები გამომიჭედეს!
მეც ავდექ და გადავწყვიტე: წავალ, პირდაპირ ვენახვები (მით უმეტეს, რომ ცოტაოდენ ვიცნობდი მას 1905 წლიდან) და ვკითხავ – დაო, ისეთი რა დამისავებია შენთვის, რომ ასე მიმწარებ დღეებს და ასეთ გაჭირვებას მაყენებ-მეთქი?! ისე დილა არ გათენდება, რომ შენმა მრისხანე ბრძანებებმა ფანჯარას არ დააბრახუნონ და გული არ გადმომიბრუნონ. შენი სახელით სოფლიდან ბრაგანი მიკრეს, თბილისში სახლი ჩამომართვეს, ნაქირავებ ოთახებში ვიღაც ხეპრე, ხამი კომისარი ჩამისახლეს , გაზეთი, სადაც დარდიან გულს ვიოხებდი-ხოლმე, დამიხურეს. ახლა ესეც არ მაკმარეს და ამ ცივ ზამთარში შეშის საჭრელად ტყეში მგზავნიან, თუმცა იცის ღმერთმა, ჩემს გაჩენაში ცული არ ამიღია ხელში და უგუნურობის ტყეს მხოლოდ კალმითა ვჩეხდი მეთქი!.....”

მაგრამ , ჰოი, საოცრებავ! ნატალიამ ნახა, რომ ეს ქალბატონი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს და არა ნეტარებასა და განცხრომაში.

“…... მე კი განვაგრძობდი შეუბრალებლათ... რათ დგეხარ შენ ამ ნესტიან, ბნელ სარდაფში, როცა იქ , ქალაქის საუკეთესო ნაწილში , შენი კანონიერი, ჯვარდაწერილი პატრონები, კომისარ-მინისტრები რვა-რვა ოთახში არიან გამოჭიმულნი?! გაიხედე, შენი თვალით მაინც
დაათვალიერე, რა ზეიმით დაბრძანდებიან სამსახურში ავტომობილ-ეკიპაჟებით და ბრუნდებიან იქიდან სამ-ოთხ საათზე.....

... მაშ არ იცოდი, რომ მეორე ქმარიც მღალატობს? მზითვის გულისთვის ჯვარი დაიწერა ჩემზე და ახლოს აღარ გამკარებია... ეგეც ბურჟუაზიას ეარშიყება....

- მაშ, რაც მე ჩამომართვეს, რაც მე დამაკლეს , შენთან არ მოუტანიათ, შენ კი არ გაგინაწილეს?!

- შენ არ მომოკვდე, რომ თვალითაც არ მინახავს!.... ეგ არაფერი, უბედურება ის არის, რომ მესამეთ მიპირებენ გათხოვებას. რა ვიცი , ვიღაც ბოლშევიკი გამოჩენილა, ეხლა ის მეარშიყება, დიდ ბედნიერებას მპირდება, მაგრამ რა ვქნა, როგორ გავბედო?...- აღარ გათხოვდე, შე უბედურო, იკმარე მაგდენი ქმრები! – შევბედე მე სიბრალულით და ნაღვლიანი დავბრუნდი სახლში.

ახლა სასურველია ვნახოთ, თუ რა ადგილი უჭირავს ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ამ სექტორში და რა ზირიტადი ტენდენციები იკვეთება აქ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება; იგი თავად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერ არჩევით ორგანოში. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა - საქართველოში არჩევნებნი ფარული კენჭისყრით მიმდინარეობს.

საქართველოში ქალები, როგორც ამომრჩევლები, სრულად იყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას. ამომრჩეველთა დაახლოებით 59% ქალია. ამომრჩეველ ქალთა აქტიურობა მაღალია როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. თუმცა ბოლო ხანს არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი, მათ შორის ქალებისა, აშკარად შემცირდა.

სხვადასხვა არჩევით ორგანოებში ქალის არჩევის ერთადერთი ხელშემშლელი ბარიერია ფინანსური შესაძლებლობები.

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზმა გამოავლინა ერთი ნიშანდობლივი ტენდენცია; არჩეულ ქალთა რაოდენობა მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მაღალია შესაბამისი არჩევითი ორგანოს სტატუსი. ყველაზე დაბალი რგოლის დონეზე – სოფლის საკრებულოში არჩეულ ქალთა რაოდენობა მამაკაცთა რიცხვს აღემატება, რაიონის საკრებულოში მათი რაოდენობა დაახლოებით თანაბარია, ხოლო იერარქიის უფრო მაღალ დონეზე, რაიონული ცენტრიდან დაწყებული, არჩეულ ქალთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ექსპერტთა აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ ქალი განდევნილია იმ ადგილიდან, სადაც თავმოყრილია ძალაუფლება და ფინანსები.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ქალის მონაწილეობას პოლიტიკაში არ ზღუდავს, მაგრამ არც ხელს უწყობს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საარჩევნო კოდექსი გენდერულ კვოტებს არ ითვალისწინებს.

არჩევნებში ქალის მონაწილეობის უფლების შემაფერხებელი ბარიერების არარსებობის მიუხედავად, რეგიონებში სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, აგრეთვე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და ტრადიციები ზოგჯერ მაინც ზღუდავს ქალის თავისუფალი ნების გამოხატვას, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში.გალის რეგიონში (პოსკონფლიქტური ზონა) ქალთა აქტიურობას ძალიან აფერხებს ომის დროიდან დარჩენილი შიში. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების არადემოკრატიული ხასიათი გამორიცხავს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას.

პოლიტიკური მონაწილეობა

1992-97 წლებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ლიდერთაგან 10 ქალი იყო. ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ მათი რიცხვი 5-მდე შემცირდა. პარტიის წევრთა 32% ქალია, ხოლო 68% _ მამაკაცი.2003 წლამდე, პარლამენტის წევრთა შორის ქალთა ფარდობითი მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე ქალია. 16 საპარლამენტო კომიტეტიდან მხოლოდ 1-ის თავმჯდომარეა ქალი, 14 საპარლამენტო ფრაქციიდან ყველას მამაკაცი ხელმძღვანელობს. 18 მინისტრიდან მხოლოდ 2-ია ქალი. 8 ქალი მინისტრის მოადგილეა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და სახალხო დამცველი ქალები არიან. 2 ელჩია ქალი, 170 მოსამართლიდან 70 ქალია. არცერთი პროკურორი არ არის ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს 862 ქალი, მათ შორის 136 გამომძიებელია. აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იგივე ტენდენცია შეინიშნება, რაც არჩევით თანამდებობებზე: რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო ნაკლებია ქალთა რიცხვი. თანამდებობრივი იერარქიის ყველაზე დაბალ დონეზე ჭარბობენ ქალები, შემდეგ საფეხურზე აღინიშნება გენდერული ბალანსი, ხოლო უფრო ზემოთ ქალთა რიცხვი მკვეთრად კლებულობს. ქალებს, ძირითადად ადმინისტრაციული თანამდებობები უკავიათ, ამდენად ისინი ვერ ახდენენ რამდენადმე სერიოზულ გავლენას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებაზე.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სიებში 32% ქალები იყვნენ. ამათგან მხოლოდ 17 მოხვდა პარლამენტში. 679 მაჟორიტარი კანდიდატიდან მხოლოდ 60 იყო ქალი (9%). საზოგადოება პოზიტიურად არის განწყობილი ქალის პოლიტიკაში მოღვაწეობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პოლიტიკოსი ნეგატიურად აღიქმება.

მას-მედიის პოლიტიკა წინასაარჩევნო პერიოდში გენდერულად სრულიად ნეიტრალურია. სახელმწიფო ტელევიზია, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საეთერო დროს თანაბრად ანაწილებს ყველა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიასა თუ მაჟორიტარ კანდიდატს შორის.

2008 წლის პარლამენტში ქალები 5,3 %-ით არიან წარმოდგენილი. ეს არის პოსტსაბჭოთა პერიოდის პარლამენტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აქვე უნდა ითქვას, რომ გუგული მაღრაძემ ჩამოაყალიბა „ქალთა პარტია“, რომლის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციები ორაზროვან დუმილს ამჯობინებენ.

ქალის მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოებაშისაქართველოში 2002 წლისათვის 2800-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი დიდი უმრავლესობა თბილისში მოქმედებს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა 75%-ის ლიდერი მამაკაცია, 25%-ს კი ქალები ლიდერობენ.
გენდერულ/ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი 70-ზე მეტია. ინტერესთა სფეროების მიხედვით ისინი შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:

ა) ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა სპეციფიკურ პრობლემებზე არიან ორიენტირებულნი;

ბ) ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მეტ-ნაკლებად ეხებიან ქალთა პრობლემებს.

ყველა მათგანისთვის საერთოა ის, რომ ისინი ქალის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული სტატუსის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. თუმა, განსხვავებულად ხედავენ თანასწორობის განხორციელების გზებს და გენდერული დისკრიმინაციის მიზეზებს. ამიტომაც განსხვავებულია ორგანიზაციათა საქმიანობის მიმართულებები:

1) საგანმანათლებლო საქმიანობა (სემინარები, ტრენინგები, კონსულტაციები, კონფერენციები);

2) ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა: სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესში ქალთა ჩართვის სტიმულირება;

3) მარგინალური ჯგუფების პრობლემები (მეძავები, პატიმარი ქალები);

4) ქალთა სოციალური პრობლემები: შიდა და გარე მიგრაცია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, დაავადებათა პროფილაქტიკა და პრევენცია, დემოგრაფია;

5) დევნილ ქალთა პრობლემები: უფლებები, სოციალური დაცვის გარანტიები, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება, მშვიდობის მშენებლობა;

6) ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალების და მათი ოჯახების პრობლემები: სოციალური დაცვა და ინტეგრაცია;

7) ქალთა მიმართ ძალადობა და ძალადობა ოჯახში: ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური და იურდიული დახმარება;

8) გენდერული/ ქალის კვლევა;

9) გენდერული განათლება: საგანმანათლებლო პროგრამების, სალექციო კურსების დანერგვა განათლების სისტემაში;

10) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა პრობლემები: ეთნიკური იდენტურობა და სოციო-კულტურული ინტეგრაცია.
2000 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციები ინიციატივით შეიქმნა რამდენიმე ქალთა საკითხებზე მომუშავე გაერთიანება.

არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობა ჯერჯერობით მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებაზე. ამიტომაც ძალიან სუსტია კონსოლიდაციის ბუნებრივი, შინაგანი აუცილებლობით ნაკარნახევი გაერთიანებების შექმნის ტენდენცია.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერები და წევრები ზოგჯერ კი გამოდიან ხელისუფლების ან დრომოჭმული, არადემოკრატიული, არაჰუმანური სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი გამოსვლები ფრაგმენტულია. ქართველი საზოგადო მოღვაწე ჯერჯერობით ვერ იქცა ჩჰალლენგერ-ად, რომელიც უპირისპირდება რაიმე იდეას, პოულობს თანამოაზრეებს და შემდეგ უპირისპირდება სისტემას.
თანამედროვე კვლევების მიხედვით, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.

ქალთა პრობლლემებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ანალიზი საშუალებას გვაძლევს აღვწეროთ მათი ინტერესთა სფეროები და მათთვის ყველაზე აქტუალური საკითხები:

პოლიტიკა

1. სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი სტრატეგიების არ არსებობა შემდეგ საკითხებში:

ა) სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცეში ქალთა მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდა,

ბ) ქალის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ სტერეოტიპული შეხედულებების აღმოფხვრა/ ტრანსფორმაცია.

განათლება1. განათლებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობის დაბალი დონე შემდეგ სოციალური ჯგუფების წარმომადგენელ ქალებში:

ა) ეთნიკური უმცირესობბები,

ბ) ფიზიკური შეზღუდულობის მქონენი

ც) ღარიბები, პატიმარი ქალები და დაოჯახებული ქალები.

2. ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების არ არსებობა შემდეგ საკითხებზე:

ა) რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ოჯახის დაგეგმვა,

ბ) ქალთა უფლებები.

ჯანმრთელობა

1. ქალთა განათლებისა და ინფორმირებულობის დაბალი დონე შემდეგ საკითხებში:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები,

ბ) შიდსისა და სექსუალური გზით გადამდებ დაავადებათა პრევენცია,

ც) ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე,

დ) არასასურველი ფეხმძიმობისა და აბორტის პრევენცია.

2. ქალთა სამედიცინო მომსახურების დაბალი დონე,

3. კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებათა დეფიციტი და ხელმისაწვდომობის დაბალი დონე.

ეკონომიკა, ბიზნესი და შრომითი უფლებები

1. ქალის დაბალი ეკონომიკური სტატუსი (ქონების განკარგვა და მართვა),

2. კრედიტების ხელმისაწვდომობის დაბალი დონე,

3. ქალთა დასაქმების ხელსემწყობი ეფექტური სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,

4. კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების დარღვევა ( შრომითი ხელშეკრულებების დისკრიმინანტულობა და სამუშაოს შემკვეთთა მხრიდან მათი უხეში დარღვევა).

პროსტიტუცია და ტრეფიკინგი

1. პროსტიტუციის პრობლემის შესახებ კვალიფიციური კვლევისა და ანალიზის არ არსებობა,

2. ტრეფიკინგის პრობლემის არ აღიარება სახელმწიფოს მხრიდან,

3. ტრეფიკინგის პრობლემაზე შესაბამისი კანონის, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა.

მედია

1. მედიის საშუალებებში გენდერული სარედაქციო პოლიტიკის არ არსებობა

რელიგია

1. მორწმუნე ქალების სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონე.

სპორტი

1. ქალებისათვის დასვენებისა და სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრების არ არსებობა,

2. ქალების ჯანმრთელობაზე სპორტის ამა თუ იმ სახეობის გავლენის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა.

მარტოხელა დედები

1. მარტოხელა დედები შესახებ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი და მათი სოციალური იზოლაცია,

2. მარტოხელა დედების სოციალური დაცვის ეფექტური სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,

3. საქართველოს კანონმდებლობაში ცნების “მარტოხელა დედა” არაზუსტი დეფინიცია.

პატიმარი ქალები

1. პატიმარ ქალთა დაბალი სოციალური სტატუსი,

2. პატიმარ ქალებში გარიყულობისა და სოციუმის მხრიდან იზოლაციის განცდის დაძლევის სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,

3. პატიმარ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა.

სოციალური მოძრაობების ისტორია ცხადყოფს, რომ ძალთა კონსოლიდაცია და იდეის განხორციელებისათვის კოლაბორაცია დემიკრატიული რეფორმაციის უმთავრესი ამოცანაა
თუ ამ კრიტერიუმით შევაფასებთ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, დავინახავთ, რომ დღეს ისინი შეიძლება გაერთიანდნენ ერთი კონკრეტული პროექტისთვის ან ერთი მოკლევადიანი, არაშორსგამიზნული ამოცანისთვის და არა რაციონალური იდეისთვის. ჯერჯერობით ქართული არასამთავრობო სექტორი მისთვის აქამდე უცნობი ინდივიდუალიზმითა და დამოუკიდებლობით გამოწვეული სიამოვნების გახანგრძლივებას ცდილობს.

ლელა გაფრინდაშვილი
”სოლიდარობა” N1 (28), 2009

3 comments:

  1. Anonymous17/5/09 02:35

    მადლობას გიხდით ღრმა და შინაარსიანი ანალიზისთვის.
    ვფიქრობ, სწორედ ასეთი აკადემიზმი აკლიათ ჩვენს ლიდერ მანდილოსნებს

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის
    ძალიან საჭიროა არის ესეთი ანალიზი, არა მარტო ბეჭდურ გამომცემლობაში, არამედ სწორედ აქ ელექტრონულ მედიაში, სადაც ინტერაქტივია შესაძლებელი, დამატებითი მსჯელობა და კომენტარები.

    ReplyDelete
  3. მარტოხელა დედები:

    ,,1. მარტოხელა დედები შესახებ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი და მათი სოციალური იზოლაცია,”-

    ნუ ეს მთლად ასე არაა. ალბათ მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად სოციალური ტიპია. მე შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად ძალიან დიდ თანადგომას და მხარდაჭერას ვგრძნობ საზოგადოების მხრიდან.

    ,,2. მარტოხელა დედების სოციალური დაცვის ეფექტური სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,-”

    ეფექტური? საერთოდ არსებობს ან არსებობდა რაიმე პროგრამა? მე აშკარად არ მომესწრო მაშინ :))

    ReplyDelete