ბოლშევიზმი და კონფორმიზმი


პოპოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში რამდენჯერმე მოხდა სტალინის ფენომენის გახსენება, მაგრამ ძალიან იშვიათად ან ძალიან სუსტად – “სტალინიზმის” გააზრება. 1988 წლის ნოემბერში მწერალმა რევაზ მიშველაძემ ლამის ჰიმნოგრაფიული ტექსტი “მთავარი დანაშაული ანუ სტალინი საიქიოში” მიუძღვანა ბელადს. წერილში 20-ე საუკუნის ტირანი წარმოდგენილია, როგორც ისტორიული ხვედრით და პასუხისმგებლობით დაღდასმული კეთილი “ულვაშა”, რომელსაც თურმე ქართველობის, გამორჩეული უნარების გამო განიკითხავენ. “ჰუმანისტი” მწერლისთვის არაა საინტერესო და ანგარიშგასაწევი სისასტიკე, რომელსაც პირსისხლიანი დიქტატორი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ იჩენდა, არ ახსენდება მისი ”სამაგალითო გულმოწყალება” საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავების მიმართ: 

1937 წელს დააპატიმრეს და 1942 წელს დახვრიტეს სტალინის პირველი ცოლის ძმა ალექსანდრე სვანიძე, ხოლო მისი ცოლი, მარია, ამავე წელს ყაზახეთის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. მათი შვილი ჯონი 1956 წლამდე პატიმრობაში იყო. 1937 წელს დააპატიმრეს და ციხეში გარდაიცვალა აგრეთვე პირველი ცოლის და, მარო. მეორე ცოლმა ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა 1932 წელს. ნადეჟდას დის ქმარი სტანისლავ რედენსი დახვრიტეს 1938 წელს, ხოლო თვითონ და, ანა, დააპატიმრეს 1948 წელს და 10 წლით გადაასახლეს.

1947 წელს დააპატიმრეს ნადეჟდას ძმის, პავლეს, ცოლი ევგენია, ხოლო 1948 წელს მათი ქალიშვილი - კირა და ორთავეს 10-10 წელი მიუსაჯეს. 1941 წელს დააპატიმრეს გერმანელთა ტყვეობაში მყოფი სტალინის შვილის, იაკობის, ცოლი იულია მელცერი, რომელიც გაათავისუფლეს მისი ქმრის სიკვდილის შემდეგ. 1943 წელს გადაასახლეს სტალინის ქალიშვილის , სვეტლანას, საქმრო ალექსეი კაპლერი (ოფიციალური ბრალდება: დიდი ბრიტანეთის სასარგებლო ჯაშუშობა) და მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს. სვეტლანამ არ მოინდომა არც მამის გვარი და არც მის აშენებულ ქვეყანაში ცხოვრება. მესამე შვილი კი ლოთობით მოკვდა.

30-იანი წლების საბჭოთა კანონმდებლობას ფაქტიურად  პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტბიურო წერდნენ. სტალინი ამ “რეფორმების” სულისჩამდგმელია და საპროგრამო ხედვებს აყალიბებს: “ისმება კითხვა – რატომ უნდა იყვნენ სახელმწიფო უშიშროების სოციალისტური ორგანოები უფრო ჰუმანურები ბურჟუაზიის ცოფიანი აგენტების, მუშათა კლასისა და კოლმეურნეების დაუძინებელი მტრების მიმართ?

კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი თვლის, რომ ფიზიკური მოქმედების მეთოდები, როგორც გამონაკლისი, გამოყენებულ უნდა იქნას ხალხის ცნობილი და გამოუსწორებელი მტრების მიმართ...” სასამართლო პროცესები მოწმეების, ადვოკატებისა და ხშირად ბრალდებულების მონაწილეების გარეშე იმართება, ხოლო “სამართლის” და “სამართლიანობის” კრიტერიუმებს ტროიკები, საგანგებო საბჭოები (ОСО) ადგენენ. 1934 წლის სპეციალური დადგენილება კი ასეთ პუნქტებს შეიცავს: 1. საბრალდები დასკვნა ბრალდებულს გადაეცეს სასამართლომდე ერთი დღე-ღამით ადრე და 2. საქმეები მოსმენილ იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე. 3. არ იქნას დაშვებული განაჩენის საკასაციო გასაჩივრება და თხოვნა შეწყალების შესახებ 4. სასჯელის უმაღლესი ზომის (დახვრეტა) განაჩენი სისრულეში იქნეს მოყვანილი დაუყოვნებლივ, განაჩენის გამოტანისთანავე.

სტალინის მიერ ნებადართული ანგარიშსწორება ცხოვრების ყველა სფეროს მოედო. 1931 წლის 9 მაისის დადგენილებით, საქართველოს მწერალთა ფედერაციამ საკუთარი რიგების წმენდა დაიწყო:

“მწერალთა ფედერაცია შემავალი დაჯგუფებებით და ორგანიზაციებით უნდა იძლეოდეს მთლიანათ საბჭოთა სინამდვილის დამცველ და მის ინტერესებისთვის მებრძოლ მწერლობას.

სოციალისტურ მშენებლობის მიმდინარე ეტაპზე მწერლების ამოცანები დიდია და მისი ჯანსაღი ორგანიზმი უნდა სჩანდეს ფედერაციის შემადგენლობაში.

ხსენებული დებულება იძულებულს გვხდის გადავსინჯოთ მწერალთა ფედერაციის შემადგენლობა და მისი საზოგადოებრივი საქმეები.

გადასინჯვის შედეგათ ვღებულობთ მწერალთა ფედერაციის მოდუნებულსა და ინერტულ ცხოვრებას, აპოლიტისტურ ტენდენციებს (რომელიც თავის ძირითადში რიაქციონური განწყობილებაა) და უკანასკნელად “წითელ ხალტურის ნიმუშებსაც”.

მართალია, ერთი მხრივ დარაზმულია პროლეტარული მწერლობის ძლიერი ორგანიზაცია და მათთან შეთანხმებით იზრდება და მაგრდება თანამგზავრთა კადრები, მაგრამ მწერალთა ფედერაციაში შეკედლებული თითქოს აპოლიტიკური მწერლები ქმნიან მოდუნებულ ატმოსფერას და ამით ხელს უშლიან რეკონსტრუქციულ პერიოდისთვის საჭირო მწერლობის აღორძინებას. საუკეთესო გამომხატველი ფერშეცვლილი კონტრ რევოლუციისა არის ზედმეტი ესთეტიზმი, აპოლიტიზმი, რომელიც დღიურ საკითხებით დაინტერესების წინააღმდეგია და მწერლობას ჩვენთვის საჭირო პოლიტიკურ სიმახვილეს უკარგავს.

არ არის გარანტია, რომ ეს მწერლები გარდაიქმნებიან ახლო მომავალში და გახდებიან აქტიური მუშაკები პროლეტარიატის საქმიანობისა. “კანის ცვლა”, რომელიც გამოიარეს ბევრჯერ ხსენებულმა პირებმა ვერ სცვლის მათ შინაგან ბუნებას და ისინი ხშირათ ეგრეთ წოდებული “პასიური წინაარმდეგობითაც” იბრძვიან თანამედროვე მწერლობის პოზიციაზე.

მწერალთა ფედერაციაში შემავალი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტად ასეთი ძალებით დამძიმებულია აკადემიურ მწერლების ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობა უმთავრესად მემარჯვენე და რეაქციონერ მწერლობას უჭირავს ხელში. შემდეგ მოდის მათი მიმყოლი და ახლობელი ჯგუფები.

საჭიროა ამ ატმოსფერის გარკვევა და ფედერაციის შემადგენლობის ფილტრაციაში გატარება, საჭიროა მწერალთა ფედერაციიდან ისეთი ხალხის მოშორება, რომელის მწერლების საერთო საქმიანობას ხელს უშლის და რეაქციონურ ატმოსფერას აფართოებს. საჭიროა ახალი ძალების ფედერაციაში დაწინაურება და მწერალთა ფედერაციის აკადემიური და კაბინეტური საქმიანობიდან დაძვრა.

მწერალთა ფედერაციის არსებობა და მნიშვნელობა კითხვის ქვეშ რომ არ იყვეს, მწერალთა ფედერაციამ უნდა გაიწმინდოს თავის ორგანიზმი ყველ მავნე ელემენტებისაგან და მუშაობა გაამძაფროს მასსაში გადატანით.

მწერალთა ფედერაცია უნდა გახდეს მიმდინარე სოციალისტურ მშენებლობაში საჭირო და უშუალო მონაწილე ორგანიზაცია.

დღეს მწერალთა ფედერაცია მოდუნებული ორგანიზმია და მის საბოლოო დაავადებამდე საჭიროა სამკურნალო წმენდის დაწყება.”

თანამედროვე ქართველი მწერალი დუმს ამ ეპოქაში რეპრესირებულ კოლეგებზე, რომელთა დევნა და შევიწროება სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. 1935 წლიდან 1940 წლამდე 55 მწერალთა კავშირის წევრი დააპატიმრეს და მათი უმრავლესობა დახვრიტეს.  არ ახსენდება არც გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც გერმანიაში გაასწრო ჯალათებს, ხოლო მის მეგობრებს სამარცხვინო ჩვენებები მიაცემინეს. აი, ამ სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი:

დაადგინეს - სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმმა განიხილა რა ფაშისტ გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ მწერალთა ერთი ჯგუფის - პ. იაშვილის, ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილის და ნ. მიწიშვილის განცხადება, რომელსაც ერთსულოვნად შეუერთდა საქართველოს საბჭოთა კავშირის მთელი აქტივი, დაადგინა:

ეთხოვოს ს.ს.ს.რ. ცაკის პრეზიდიუმს, რათა გრიგოლ რობაქიძე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხისა თვალთმაქცურად გადასული კონტრევოლუციონურ, ფაშისტურ ბანაკში, გამოცხადებულ იქნას სოციალისტურ სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას მას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგების განხორციელებით.”

ნუთუ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გრიგოლ რობაქიძის საწინააღმდეგო ჩვენების მომცემთაგან რომელიმე კონფორმისტია? როცა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ირჩევ, მაშინ ასეთ ფენომენზე საუბარი წარმოუდგენელია. ნუთუ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებსა და ალპინისტებს კომფორმიზმის გამო მიაქვთ ბერიას, სტალინისა და ვოროშილოვის ბარელიეფები ყაზბეგის მწვერვალზე და იქედან რაიკომს უპატაკებენ? :

РАДИОГРАМА № 21
11 августа 1936 года

Из Казбека

Управлению по делам искусств  - Горделадзе
ЦК Союза рабис  - ШАВГУЛИДЗЕ
Копя:  Дирекции театра   МАРДЖАНИШВИЛИ
РАИКОМУ им СТАЛИНА -  тов.  АРУТЮНОВУ.

Группа альпинистов  им. тов. Лаврентия  БЕРИЯ,  артисты театра им. МАРДЖАНИШВИЛИ в составе 9 человек совершили поход на вершину Казбека 10 Августа в 2 часа 50 минут дня.  Все поднялись и с собой взяли барельеф товарища БЕРИЯ вместе с бюстами СТАЛИНА  и  ВОРОШИЛОВА.

Все товарищи чувствуют себя бодро.
РУКОВОДИТЕЛЬ ГРУППЫ  -  ЧХЕЙДЗЕ.

Передал Начю Связи Зак. Аэрофлота  -  БАРИНОВ
Приняла  -  Ананиашвили.

მაგრამ რა ემართება თანამედროვე მწერალს, რა მიზეზი აქვს თანაგრძნობის ამპუტაციას, რომელიც მის ნააზრევსა და ნამოქმედარში იკითხება? შიში? რისი ეშინია რევაზ მიშველაძეს 1988 წელს? დახვრეტის? ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასჯის? არა! ის კონფორმისტია, მთვლემარე ზნეობის და ფხიზელი მადის კონფორმისტი, რომელსაც ესმის, რომ ხელუხლებელი კერპის კრიტიკა მტრებს შესძენს, “ულვაშას” მიერ გამობრძმედილ და დღემდე არსებულ სისტემას ბზარს გაუჩენს. ეს ყველაფერი კი მწერლის წლობით ნაშენებ და ნალოლიავებ კეთილდღეობას დაემუქრება. ამიტომ არ “ამღვრევს წყალს”.

კონფორმისტია ყველა, ვინც დღეს “ნულოვანი ტოლერანტობისა” და “ესროლეთ დამნაშავეს” წინააღმდეგ ხმას არ იღებს, არაფერს უპირისპირებს ხელისუფლების თავგასულობას და სისასტიკეს, მართვის ავტორიტარულ სტილს. გაგახსენებთ პრეზიდენტის და შსს მინისტრის საპარლამენტო გამოსვლებს:

“თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც რომ არ მოეკლა კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (ვანო მერაბიშვილი, 2005 წლის 10 ნოემბერი, პარლამენტი).

“მოკლეს დამნაშავე ქუთაისში და ძალიან კარგი რომ მოკლეს! მან დაგვიჭრა პოლიციელი და ღმერთმა ქნას, რომ არ დაინვალიდდეს.... მე ვადასტურებ, რომ მექნება ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავის მიმართ. (2011 წლის, 11 თებერვალი, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა).

2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია არსებით კავშირშია ამ მკვლელობისკენ მოწოდებებზე დუმილთან, საბჭოთა პერიოდის რეპრესიების ლაბირინთებთან, კრემლის მიერ საბჭოთა სივრცეში გაბმულ საიდუმლო ქსელებთან. დავფიქრდეთ: იქნებ წელთა სიმრავლემ ვერაფერი დააკლო ძმურ, საბჭოურ კავშირებს? იქნებ რღვევის საფრთხემ უფრო შეადუღაბა ეს ერთობა?

წარსულის და თანამედროვეობის დაკავშირების, წარსულის ხელახალი წაკითხვა-გააზრების გზაზე ბევრი, ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი, შეიძლება აღარ მოგვეწონოს: ზოგი მათგანი დიდ კომპრომისზე წავიდა, ზოგი – მცირეზე, ზოგმა ყველაფერს გაუძლო (უფრო სწორად – შეეწირა რეპრესიებს), ზოგმა – რეჟიმთან თანამშრომლობა შეიტკბო კიდეც. ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ, უნდა ავიტანოთ და განვიცადოთ ეს სიმართლე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლუსტრაცია ანუ განწმენდა.

ლელა გაფრინდაშვილი

მცირედი შემოკლებით დაიბეჭდა ჟურნალში "ცხელი შოკოლადი"
მაისი, 2011, N 71


2 comments:

  1. Anonymous10/6/11 23:56

    ლელა, ბრწყინვალეა... ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს სატიებს და სულიერად ვივსები. თითქმის ყველა სტატია დავაკოპირე, ვორდში შევინახე და ამოვაპრინტერე, რომ ბევრჯერ წავიკითო და კარგად ჩავუღრმავდე. :)
    გიორგი ძნელაძე.

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესოა, დღეიდან თქვენი ბლოგის ერთგული მკითხველი ვარ :)

    ReplyDelete