ინტელექტუალები და ინწელექტუალები

”ჰომოსოციალური ლოგოცენტრიზმი” - ამ ტერმინით ავტორიტარული საზოგადოების ავადმყოფობა აღინიშნება - როცა სახელმწიფოს მართვაში მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფი მონაწილეობს და მხოლოდ ის ”ლაპარაკობს”, ხოლო დანარჩენები სოციალურ-პოლიტიკური პროცესიდან გამორიცხულნი არიან და მხოლოდ ”მსმენელებს” შეადგენენ. მათი მიზანსწრაფვა, შესაძლებლობები და პოზიციები ან იგნორირებულია ან - მარგინალიზებული.

”მოლაპარაკენი” ტყავიდან ძვრებიან, რათა თავიანთი ადგილის სამართლიანობა დაამტკიცონ. ამისათვის ათასნაირ არგუმენტებს იგონებენ: ”ჩვენ უზენაესის ხელდასმულები ვართ, მისი სიბრძნის და სიქველის ამქვეყნიური ხორცშესხმა გვაკისრია” ან ” ჩვენ საზოგადოების ელიტა ვართ, ყველაზე ზუსტად, სწორად და სამართლიანად ვჭვრეტთ ქვეყნის მომავალს”.

სრულყოფილი დემიკრატია კი - ვერ იტანს სოციალური ჯგუფების პრივილეგიებს, მოქმედ პირთა უსამართლო სელექციას, სოციალურად ძლიერთათვის და სოციალურად სუსტებისთვის თვითგამოხატვის და ღირსეული ცხოვრების თანასწორი გარანტიების არარსებობას. სწორედ აქ იწყება პრივილეგიებს მიჩვეულთა და ხანგრძლივი დუმილის მდგომარეობიდან გამოსულთა ორთაბრძოლა, ახალი/განსხვავებული/რეპრესირებული სინამდვილის აღიარების ტკივილები.

გადავხედოთ ქართულ სინამდვილეს : ”მოლაპარაკეთა” სიმრავლის მიუხედავად , მათი სწრაფვა - იყვნენ მოსმენილები და გაგებულები, ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება.

სოციალური პოლიფონიის მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია და ამ საქმეში განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალთა ამბიციას - შეცვალონ ძველი სურათი და შექმნან ძალაუფლების, გავლენის მოხდენის ახალი, დემოკრატიული კულტურა. ამ სამუშაოს შესრულება მხოლოდ ”სხვების” მოსმენით, ”განსხვავებულის” მიმართ ემპათიითაა შესაძლებელი, რასაც ქართველ ინტელექტუალებს ნამდვილად ვერ დააბრალებ. მათი უმრავლესობა ინარჩუნებს კაბინეტურ, ელიტური მჭვრეტელის პოზას და სოციალური სინამდვილის წიაღისგან დისტანციას. ეს კი უფრო საბჭოთა ტრადიციის ერთგულებაა, ვოდრე - ქართული, ახლო წარსულის მოღვაწეთა დანატოვარის გაგრძელება.
თავად დააკვირდით და შეაფასეთ!

ჰარემის ქალი და სულთნის მევირე

19-ე საუკუნის მეორე ნახევრის პუბლიცისტიკა სავსეა პოლემიკებით, სადაც გაჩუმებული, დაშინებული და დავიწყებული ხალხი ლაპარაკის უნარს იბრუნებს. ამ პროცესის ინიციატორები სწორედ ინტელექტუალები არიან. მიზნის მისაღწევად, პირველი, რასაც ისინი აკეთებდნენ - “ხალხში შერევა” და ყოველდღიური ყოფის მიყურადება იყო. ამ საქმეს ემსახურებოდა მთელი 19-ე საუკუნის მოწინავე მედია: გიორგი წერეთლის , ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, სერგეი მესხის და სხვათა თაოსნობით გამოცემული ჟურნალები _ “საქართველოს მოამბე”, “კრებული”, “ივერია”, “დროება” , სადაც ჟურნალისტებიც და ანალიტიკოსებიც თვითონვე იყვნენ.

საზოგადო მოღვაწეთა პუბლიკაციების და საჯარო გამოსვლების უმეტესობა სწორედ ხალხის წიაღიდან მიღებული ინფორმაციით იყო სავსე და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაზე იყო ორიენტირებული. ქართულ სინამდვილესთან, საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებულ სტატიებში უმეტესად სწორედ ხალხის აზრს ციტირებდნენ და არა – მათი მეგობრების/კლასის ან უცხოელი მკვლევარების შეხედულებებს. მეტიც, დასცინოდნენ კიდეც იმათ, ვინც მისი ნააზრევის წონის და დამაჯერებლობის მისაღწევად, მხოლოდ “პარიჟის აკადემიის წევრთა” ან დასავლელი ორიენტალისტების მიერ კავკასიაში/საქართველოში მოგზაურობის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს ეყრდნობოდა და ქართველ მკვლევართა შეხედულებებით არც ინტერესდებოდა:

“მე თვალით ნახულს და ჩვენებურს ზოგიერთს მივიწყებულ მწერალთა თხზულებებს უფრო პატივს ვცემ, ვიდრე - პარიჟის ორიენტალისტებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნისა და ენის არა იციან რა, მაგრამ მაინც ყველანი იმათი თხზულებების შემწეობით იძიებენ ჩვენს წარსულს ცხოვრებას, რადგან პარიჟის აკადემიის წევრები არიან და სახელი აქვთ გავარდნილი, როგორც ჩვენს ზოგ მეცნიერს ციცერონისგან ნათხოვარი აზრის ნაგლეჯებით. სწორედ მოგახსენოთ, მე არც ამისთანა მეცნიერთა საკითხავად ვწერ, რადგან წინათვე ვიცი, რომ ისინი ჩემს ნაჩხაბნს არ წაიკითხავენ, როგორც მე – იმათსას. ამ შემთხვევაში, მე უფრო მდაბიური მკითხველისა მეშინია – ვაი, თუ გამიწყრეს, ხელი რათ მოვკიდე ამისთანა საგანს, რომელზეც ბევრი ცნობა არ იპოვება და რომლის სიმძიმემ ვაი თუ ისე დაღალოს იგი, რომ პირველ ფურცელზევე ხვრინი გაამართვინოს. მე უფრო ამის რიდი მაქვს და ეს მაწუხებს და არა – ზემოთხსენებულ მეცნიერთა წყენა. ვისაც ძილი ეკიდება, იმას მე ვერ გავაფხიზლებ. მთავარია - ვინც ფხიზელია, იმას ძილი არ მოვკიდო...” (გიორგი წერეთელი).

იგივე ავტორი, უკვე საჯარო მოხელე, ახალგაზრდობის გაუნათლებლობის პრობლემაზე სტატიას ამზადებს, რისთვისაც ერთ გონიერ მოხუცს ეკამათება და მისგან დაუფარავ კრიტიკასაც ისმენს:

“ეგ ჯამაგირი შენი სწავლის ფასი კი არ არის, არამედ შენი მოწმობის ფასია. რაც გეძლევა, შენი ცოდნა იმის მეასიასადესიც არ ღირს. შენ გაქვს იერუსალიმის ბაშპორტი და იმის გამო სამოწყალოს გაძლევენ. აბა, ერთი წელიწადი მოგიკვეთონ თანამდებობის პური, - თუ შიმშილით არ მოჰკვდე?! როგორც კაცს რა შეგიძლია, რა მოხერხება გაქვს ქაღალდის წერის მეტი? შენ ხარ მონა შენი თანამდებობის, რომელიც გაჭმევს და თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მაშინ უბრალო მეურმეც შენზე წინ იქნება ათი ნაბიჯით. შენი ცოდნა არ არის ისეთი თავნი, კაპიტალი, რომ ცხოვრებაში თავისუფალი კაცი იყო”.

მოკამათის პირდაპირობამ და დამცინავმა მანერამ სიბრაზით აავსო წარმატებული მოხელე. ამიტომ დაბეჯითებით განუმარტა სკეპტიკოსს, რომ სამსახურით ძალიანაც კმაყოფილია: “ჩემისთანა ცხოვრება უწინ მეფეებსაც არ ჰქონდათ”-ო.

მოხუცი ამაზე კიდევ უფრო გაცხარდა: “ უკაცრავათ არ ვიყო, ეგ თქვენი კმაყოფილება მომაგონებს სულთნის ჰარემის ლამაზ ქალსა, რომლისთვისაც ბუნებას ერთი რაღაც პაწია საქონელი მიუცია და თურმე სულთანი ისე აფასებს იმ საქონელს, რომ ქალი სულ თვალსა და მარგალიტშია ჩაფლული. მაგრამ ამბობენ, რომ სულთნის მევირეს რომ არჩევინო თავის მდგომარეობის გაცვლა იმ ქალის მდგომარეობაზედ, - უწინ თავს დაიხრჩობს, ვიდრე – გასცვლისო...”

წამოვიდა დაღონებული, ფიქრის, გამოსავლის ძიებისთვის პროვოცირებული გიორგი წერეთელი. უკვე განსწავლულმა, ხალხის ხმას ნაზიარევმა, რეალური სურათი დაინახა:
საეჭვო ზნეობის რუს მოხელეთა გარყვნილება, ქართველობის უმრავლესობის აფიცრებად და კანცელარიის ჩინოვნიკობად ქცევა, თავად-აზნაურთა პრიკაზში ჩაბარებული ქონება, რუსეთში ჩაკარგულ-გარდაცვლილი ახალგაზრდობა ან იქედან დაბრუნებული, მათი გადაგვარებული ნაწილი და ხელმოცარული, დაბნეული და სასოდაკარგული მშრომელი ხალხი.

რუსეთიდან გამოგზავნილ, ხშირად უმეცარ, მოხელეებს დიდი ჯამაგირი ჰქონდათ და განცხრომაში ცხოვრობდნენ. გაჩნდა საზოგადოება, გაუნათლებელი და მდიდარი. ამის შემხედვარე ჩვენებურებმაც იგივე მოინდომეს – კოხტა მხედრული მუნდირი, მშვენიერი სახლის მორთულობა, ევროპულ წესზე მოწყობილი ბალ-ვეჩერები, ევროპული ფარჩა-ტანისამოსი და მებელი, ევროპული სტოლი და მასზე მშვენიერი მუზიკა. ყველაფერი ამის მისაღწევად, დაიწყეს შვილების კორპუსებში გაგზავნა, საიდანაც მათი უმრავლესობა ხელმოცარული და გადაგვარებული ბრუნდებოდა.

ავტორი ხედავს, რომ საზოგადოება შიგნიდან უნდა გაჯანსაღდეს და არა – გარედან (მით უფრო საკმაოდ ჩამორჩენილი რუსეთიდან) შემოსული რეფორმებით.

რეალობის ასეთი მიუკერძოებელი აღწერა-ანალიზის შემდეგ, გიორგი წერეთელმა გამოსავლის ძებნა დაიწყო: “მაშ რა გვეშველება, რა გვეჭირვება?

- გვეჭირვება ისეთი ცოდნის წყარო, რომ იმან ჩვენს ახლგაზრდობას თვალი აუხილოს, ეს დრო კარგად გააცნოს და იმდენათ გაავარჯიშოს მისი გონება, რომ ყოველს ახალს დროს შეეთვისოს. ასეთი რამ უნდა მოახდინოს ჩვენში უმაღლესმა სასწავლებლებმა (ინჟინრების აკადემია, ტეხნოლოგიური ინსტიტუტი ან სამეურნეო/ოჯახობის მასწავლებელი აკადემია) , რომელთაგან გამოირჩევა უნივერსიტეტი – აქ გაზრდილ ყმაწვილს ყოველ საქმეზე მიუწვდება გონება და ცხოვრების მოთხოვნათა გაგებაში განსაკუთრებით გონებამახვილია. იგი ზრდის მოხერხებულს, მშრომელს და ახალ მოთხოვნილების ნათლათ მჭვრეტელ თაობას, ამრავლებს მეცნიერებაში და ბევრსნაირ ხელობაში განვითარებულ კაცებს, სპეციალისტებს...”

ასე მივიდა 19-ე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა ნაწილი საგანმანათლებლო მოძრაობისა და საუნივერსიტეტო განათლების იდეამდე, რომელსაც იმპერია ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა, როგორც მისი ასიმილაციური და დამპყრობლური ზრახვების დასასრულის დასაწყისს.

ქალბატონი დემიკრატია

ქართველი დრამატურგი ნატალია აზიანი აკვირდება 1905 -1919 წლებში ხელისუფალთა მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღმოაჩენს, რომ მათი მცდელობები ადამიანების ცხოვრებას უფრო ამძიმებს, ვიდრე - აუმჯობესებს. თუმცა, ყველა მათგანი ”დემოკრატიის” სახელით ლაპარაკობს. არადა, ვერ დაუჯერებია დემოკრატიის ასეთი ვერაგობა, სისასტიკე და სიბრმავე, ამიტომაც მასთან სტუმრობას გადაწყვეტს:

”მეც ავდექ და გადავწყვიტე: წავალ, პირდაპირ ვენახვები ქალბატონ დემოკრატიას და ვკითხავ – დაო, ისეთი რა დამიშავებია შენთვის, რომ ასე მიმწარებ დღეებს და ასეთ გაჭირვებას მაყენებ-მეთქი?! ისე დილა არ გათენდება, რომ შენმა მრისხანე ბრძანებებმა ფანჯარას არ დააბრახუნონ და გული არ გადმომიბრუნონ. შენი სახელით სოფლიდან ბრაგანი მიკრეს, თბილისში სახლი ჩამომართვეს, ნაქირავებ ოთახებში ვიღაც ხეპრე, ხამი კომისარი ჩამისახლეს , გაზეთი, სადაც დარდიან გულს ვიოხებდი-ხოლმე, დამიხურეს. ახლა ესეც არ მაკმარეს და ამ ცივ ზამთარში შეშის საჭრელად ტყეში მგზავნიან, თუმცა იცის ღმერთმა, ჩემს გაჩენაში ცული არ ამიღია ხელში და უგუნურობის ტყეს მხოლოდ კალმითა ვჩეხდი მეთქი!.....”

ბევრი ძებნის შემდეგ, ნატალია ბნელ და გამოყინულ მიწურს მიადგა, სადაც ქალბატონი დემოკრატია საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს და არა - ნეტარებასა და განცხრომაში.

” - რათ დგეხარ შენ ამ ნესტიან, ბნელ სარდაფში, როცა იქ , ქალაქის საუკეთესო ნაწილში , შენი კანონიერი, ჯვარდაწერილი პატრონები, კომისარ-მინისტრები რვა-რვა ოთახში არიან გამოჭიმულნი?! გაიხედე, შენი თვალით მაინც დაათვალიერე, რა ზეიმით დაბრძანდებიან სამსახურში ავტომობილ-ეკიპაჟებით და ბრუნდებიან იქიდან სამ-ოთხ საათზე...

- მაშ არ იცოდი, რომ მეორე ქმარიც მღალატობს? მზითვის გულისთვის ჯვარი დაიწერა ჩემზე და ახლოს აღარ გამკარებია... ეგეც ბურჟუაზიას ეარშიყება...

- მაშ, რაც მე ჩამომართვეს, რაც მე დამაკლეს , შენთან არ მოუტანიათ, შენ კი არ გაგინაწილეს?!

- შენ არ მომოკვდე, რომ თვალითაც არ მინახავს!.... ეგ არაფერი, უბედურება ის არის, რომ მესამეთ მიპირებენ გათხოვებას. რა ვიცი , ვიღაც ბოლშევიკი გამოჩენილა, ეხლა ის მეარშიყება, დიდ ბედნიერებას მპირდება, მაგრამ რა ვქნა, როგორ გავბედო?...

- აღარ გათხოვდე, შე უბედურო, იკმარე მაგდენი ქმრები! – შევბედე მე სიბრალულით და ნაღვლიანი დავბრუნდი სახლში. ”

მიხვდა ნატალია, რომ მეფის რუსეთის მოხელეებს, სოციალ-დემოკრატებს და ბოლშევიკებს ”დემოკრატია” მხოლოდ ”მზითევისთვის” უნდოდათ და ერთნაირი მონდომებით ღალატობდნენ მას.


ინწელექტუალები

თანამედროვე საქართველოში კი ინტელექტუალების დიდი ნაწილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საბჭოთა “ინწილიგენციისთვის” დამახასიათებელი, მედიდური მანერით დასცქერის. კაბინეტების სიგრილე-სიმხურვალეში ჩაკეტილები, ვიწრო ჭუჭრუტანიდან (ტელევიზორი, ინტერნეტი) აკვირდებიან სამოქალაქო პროტესტს. მათი უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ დემოკრატიის პირობებში საზოგადოებაზე წერა საზოგადოების ცოდნას და შიგნიდან დანახვას ნიშნავს.

სინამდვილეზე რომ კომპეტენტური აზრი გქონდეს, ამ სინამდვილეს უნდა ”შეერიო” და განიცადო იგი: შენს დასავლურ ან საბჭოურ ცოდნას კი არ უნდა მოარგო რეალობა, არამედ რეალობის შეცნობამ უნდა მოგცეს ცოდნა და ანალიზისთვის საჭირო მასალა. მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან ეშინიათ რეალობის, ხალხის, რომელსაც “სუნი ასდის”.
ამ ადამიანებში არიან ისეთებიც, ვისაც საბჭოთა პარტბილეთი 9 აპრილის ტრაგედიამაც ვერ გააგდებინა ხელიდან და ვინც საკუთარი უპირატესობით გაბრუებული, გაავებული დასცინოდა გამსახურდიას მიმდევრებს და არასოდეს გაუპროტესტებია ის ძალადობა/მკვლელობები, რომელიც ჯერ “მხედრიონმა”, ხოლო შემდეგ - შევარდნაძის გოშიებმა ჩაიდინეს “ზვიადისტების” მიმართ. რაც ყველაზე ამაზრზენია, - ხელისუფლებაში მოკალათებული, ყოფილი რეპრესირებულები, თავიანთი წარსულიდან დისტანცირდნენ და ახლა თავად იქცნენ ძალადობის აპოლოგეტებად და წამქეზებლებად.

ამიტომაც არ მიკვირს, როცა ძველი და ახალი “მოაზროვნე გვარდია” არაფერს ამბობს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებზე. არ მიკვირს ინწელექტუალების დამცინავი ქირქილი რუსთაველზე გამოსული პროტესტანტების მიმართ: - არ გეგონოთო, რომ ამ პროტესტს “საკანი” ჰქვია! ეს “გალიაა”, სადაც ისეთი არსებები ბინადრობენ, რომლებიც საკვებს სწორედ იქ ინელებენ, სადაც - ჭამენ. ეს ცინიკური ინტონაცია ბუნებრივად მაბრუნებს იმ ფაქტებთან, რომლებიც ჯერ კიდევ გვახსოვს: აფხაზების “აფსუებად” და კოკოითის “ფანდარასტად” მოხსენიება, ბადრი პატარკაციშვილის სახელზე პამპულაობა და დამცინავი ღიმილით წარმოთქმული “არკადი” , აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მისული, ეროსი კიწმარიშვილისთვის იმის შეხსენება, რომ მას “ერასტი” ჰქვია. იოლი მისახვედრია, თუ რა მცირე მანძილია პიროვნების ღირსების შელახვიდან - მასზე განხორციელებული ძალადობის დაშვება-განხორციელებამდე.

იგივე “ზემოდან მზერით” არის ნაკარნახები, ინწელექტუალთა მიერ, ოპოზიციონერთა და მათ მხარდამჭერთა გამოსვლებიდან მხოლოდ კომიკური და ქსენოფობიური “მარგალიტების” ამოკრება. ეს “სამართლიანი” აღშფოთება უფრო გაუგებარი ხდება, როცა იცი, რომ ამ განსწავლულთაგან არავის გაუპროტესტებია სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობა” და ვანო მერაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა: “ თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც რომ არ მოეკლა კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (2005 წლის 10 ნოემბერი).

ადამიანი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელის მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობისა და მკვლელობისკენ მოწოდებას (რაც წარმოთქმის მომენტიდან უკვე ამ ყველაფრის რეალიზებას ნიშნავს!) არ აპროტესტებს და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გრამატიკის, ლიტერატურის, ისტორიის და ადამიანის უფლებების საკითხების უცოდინარობა აღიზიანებს, ღირსეულ მოქალაქედ და ინტელექტუალად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ინწელექტუალი იქნება მანამ, სანამ თავად არ მობეზრდება.

მიშელ ფუკოს ეს აზრი სწორედ იმათ მინდა შევახსენო, ვინც ძალა/ხელის/უფლების აპოლოგეტად და წამქეზებლად იქცა, ხოლო ფრანგი მოაზროვნის გამონათქვამებს მხოლოდ სტატიებისა და საჯარო გამოსვლების “სამკაულად” იყენებს:“ინტელექტუალმა უკვე აღარ უნდა ითამაშოს მრჩეველის როლი, აღარ უნდა ადგენდეს გეგმებს იმათთვის, ვინც იბრძვის ან თავს იცავს, არ უნდა იგონებდეს მათთვის ტაქტიკას და არ უნდა უსახავდეს მიზნებს.ინტელექტუალს ანალიზის ინსტრუმენტების შეთავაზება შეუძლია...სინამდვილეში, ლაპარაკია იმაზე, რომ გაგვაჩნდეს თანამედროვეობის აღქმის მყარი, ხანგრძლივი უნარი, რომლის საშუალებითაც შევამჩნევთ, თუ სად გადის რღვევის ხაზები, სადაა ძლიერი წერტილები, რომელსაც ძალაუფლება მიეჯაჭვა და დამკვიდრდა. სხვა სიტყვებით, - საჭიროა ბრძოლის ველის ტოპოგრაფიული და გეოლოგიური სურათის გადაღება.... აი, ინტელექტუალის როლი...”

ცხადია, რომ ასეთი სამუშაოს შესრულების უნარს ძალა/ხელის/უფლებისადმი ვნება არა მარტო აჩლუნგებს, არამედ - სპობს. შეუძლებელია ასეთი მიუკერძოებელი ანალიზი იმ ადამიანებმა გააკეთონ, ვინც თავის შეხედულებებს “ზემოდან” წამოსულ ინსტრუქციებს ან კონიუნქტურას არგებს.

ლელა გაფრინდაშვილი

დაიბეჭდა ჟურნალში ”ცხელი შოკოლადი”
დეკემბერი, 2009 N54

14 comments:

  1. სტატიები და კომენტარები
    საინტერესოდ იკითხება…
    ჯანსღად ვითარდება…
    მაგრამ ” ყველა მთავრობა
    ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი,
    ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
    კომსტრუქტურიდან
    ეროვნულზე ცანგალ-ცანგალით,
    პერმანენტულად გარდამავალი...”
    ოღონდ, ”კომსტრუქტურაში” მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი ”კომკავშირლები” არ მოიაზრება… დააკვირდით ე.წ. ელიტარული ნიშნით მობობოქრე ”ცენტერებს”, ყველა თავისკენ ექაჩება ამ ”დემოკრატიას”, ყველას მისი ”ჩაწვენა” სურს…
    მხოლოდ ინტერნეტსივრცეში შეიგიძლიათ მეტნაკლებად ამ დემოკრატიული ხიბლის შეგრძნება, ისიც მეტ-ნაკლებად… ხალხისთვის ”შინაარსის” გაგება ჭირს. სამშობლო-ქვეყანა უნდა იყოს ამოსავალი ამგვარი დემოკრატიისა… ანუ როგორც ვაჟა-ფშაველამ გაგვიმხილა:
    რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად…. ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას.
    და მივადექით სკოლას და კიდევ უუუ…
    როგორც ამბობენ აღზრდას ალტერნატივა არა აქვს…
    სიტყვა გამიგრძელდა…
    პატივისცემით

    P.S სასურვლია დრამატურგი ნატალია აზიანის პიესის ”გასცენიურება” რომელსამე თეტრში…
    სასურველია…
    ზემოთ ”ანოტაციაში” _ უნებლიე ორთ… ”და პოლიკის საკითხებს”

    ReplyDelete
  2. ერთ-ერთი უპირველესი პუბლიკაცია ქართულ სინამდვილეში, რომელიც კი შემხვედრია საქართველოში ეროვნული ინტელიგენციის ("წითელი ინტელიგენციის"-"ინწელიგენციისაგან" განსხვავებული)საჭიროებისა და განვითარების რაობაზე.

    ReplyDelete
  3. თორნიკე ჩივაძე10/11/10 03:08

    კარლო კაჭარავას სტატია გამახსენდა 93 წელს საუბრობდა დაახლოებით ამ თემაზე.. ხელოვნების მეტად გასოციალურებაზე...სამწუხაროა

    ReplyDelete
  4. ზურა5/9/11 11:51

    დარწმუნებული ხართ, რომ ”საკნების” დადგმა ”სუნიანი ხალხის” იდეა იყო? და რომ ”არკადი” და ”ერასტი” მართლაც ხალხის რჩეულები იყვნენ?

    ReplyDelete
  5. Anonymous5/9/11 13:23

    ზურა, აბსოლუტურად არ ვარ დარწმუნებული და ეს არსად არ წერია სტატიაში, რომ ”საკნები” ხალხის ინიციატივაა და
    არკადი და ერასტი” ხალხის რცეულები იყვნენ.
    მე რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, რომ იქ შეკრებილი ხალხი ცხოველები არ იყვნენ და ”გალიები” ინტელექტუალმა მათთან მიმართებაში არ უნდა ახსენოს. ასევე ადამიანს უნდა დაუძახო ის სახელი, რასაც იგი საკუტარ თავს ეძახის.

    ReplyDelete
  6. ზურა5/9/11 13:47

    ინტელექტუალებს... ნამდვილ ინტელექტუალებს, და არა იმათ, ვისაც თქვენ გულისხმობთ, ხალხზე უარესიც უთქვამთ.. ღმერთზეც კი უთქვამთ უარესი, მაგრამ მათ ეს არ ართმევს სახელს ”ინტელექტუალი”. თქვენი წერილის პათოსი გასაგებია და მისაღებიც. თუცა, ჩემი აზრით, მეტისმეტად, თვითდაჯერებული ტონიც არ უხდება ინტელექტუალს.

    ReplyDelete
  7. Anonymous5/9/11 15:19

    ლელა გაფრინდაშვილი:

    თვითდაჯერებული?! ) ეს ჩემი პოზიციაა და არა - აჩემება. ყველა ჩემი აზრის დასამტკიცებლად არგუმენტები მომაქვს, რაზეც საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავ. ამის გამოა, რომ მე ზალიან იშვიათად ვწერ სტატიებს.

    სიამოვნებით მოვისმენდი საპირისპირო პოზიციას, გამაგრებულს კონტრარგუმენტებით.
    სამწუხაროდ, ძალიან იშვიათია და შეიძლება ითქვას, არც არსებობს თანამედროვე საქართველოში პოლემიკა, როცა სტატიის ავტორს ვინმე არგუმენტირებულად სტატიითვე პასუხობს. რაც ასევე დაბალ ინტელექტუალურ კულტურაზე მიუთითებს და იმაზე, რომ ინტელექტუალები ვერ იტანენ მათი შეხედულების საწინააღმდეგო აზრს.

    ”ნამდვილი ინტელექტუალი” გაუგებარი ცნებაა ჩემთვის, მაგრამ მესმის, რასაც გულისხმობთ. ინტელექტუალმა ყველაფერზე უნდა იმსჯელოს, მათ შორის ღმერთზეც, მაგრამ ამ მსჯელობას ხელისუფლება არ უნდა უკვეთავდეს. სწორედ ასეთებს ვუწოდებ მე ”ინწელექტუალებს” და სწორედ ასეთებს აქვთ დრეს ინტელექტუალობის პრეტენზია, რაშიც მე ვერავის დავეთანხმები. ამის შესახებ დავწერე ეს სტატია და ეს ინწელექტუალები შევადარე 19-ე საუკუნის ქართველ მოაზროვნეებს და ნახავდით, რომ დრამატული განსხვავებაა!!!!

    ReplyDelete
  8. ზურა5/9/11 15:35

    ხელისუფლების დაკვეთა სხვაა და ხალხზე ირონიით, ან ცინიზმით საუბარი სხვა. ინტელექტუალი წმინდანი არაა. სწორედაც რომ პირიქით, მეტისმეტად ბევრი რომ იცის ადამიანზე, შეუძლია ცინიკურიც იყოს და ულმობელიც. რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ უყვარს (პირიქით უფრო)
    თვითდაჯერებული პოზიციაც არსებობს.
    ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მაგ საკნებს უწოდოს ”გალია”.. იმისდა მიუხედავად აწყობს ეს ნათქვამი თუ არ აწყობს ხელისუფლებას. ანუ თუკი ამბობს ”გალია” და დასცინის იმას, ვინც ”უცნობს” მოიხსენიებს ილია ჭავჭავაძედ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მთავრობის დაკვეთით მოღვაწე ინწელექტუალია

    ReplyDelete
  9. Anonymous5/9/11 15:43

    ლელა გაფრინდაშვილი:


    ზურა, თქვენ საქართველოში არ ცხოვრობთ ეტყობა. სად წაიკითხეთ, რომ ინტელექტუალს არ აქვს უფლება ვინმე დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიოს. აზრის გამოთქმის და თვითგამოხატვის უფლება უნივერსალური უფლებაა და ყველა ადამიანზე ტანაბრად ვრცელდება!

    თუ საკნებში მყოფი ადამიანების ცხოველებტან გაიგივება სეიძლება, მაშინ ”უცნობის” ილია ჭავჭავაძესთან შედარება რატომ არ შეიძლება? ვინ წაართვა ეს უფლება ამ აზრის გამომთქმელ ადამიანს? მიშისტმა ინწელექტუალებმა?!))))

    აიღეთ, დასავლელი ინტელექტუალის ნებისმიერი ტექსტი და შეადარეთ ჩვენი ინწელექტუალები ტექსტებს. ყველაფერს ზედაპირზე დაინახავთ!

    ReplyDelete
  10. ზურა5/9/11 16:35

    ცხოველებზე მე არა ვარ ცუდი აზრის:)
    ”მიშისტი ინწელექტუალი”:) ასეთი სტიგმატიზაციის კი მართლა არ მესმის. იმედია არ გეწყინებათ, რაღაც არის ბოლშევიკური ამ დაყოფებში
    სად ვცხოვრობ არა აქვს მნიშვნელობა.. მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ასე მარტივად არაა მოწყობილი ყველაფერი
    კეთილი. პატივს გცემთ და იმიტომ ჩავები ამ პოლემიკაში

    ReplyDelete
  11. Anonymous6/9/11 01:14

    demokratia ar arsebobs

    ReplyDelete
  12. Anonymous7/9/11 13:33

    ლელა გაფრინდაშვილი:

    ზურა, ”მიშისტი ინტელექტუალი” ბოლშევიკური კი არა - რეალისტურია. ეს არის ხალხი, ვისზეც სტატიაში ვსაუბრობ: მიშა რომ გაბელადბული ჰყავთ და სწორედ მისგან და ხელისუფლების მაღალჩინოსანტაგან იღებენ ინსტრუქციებს.
    თქვენ ეტყობა მართლა არ ცხოვრობთ საქართველოში)))
    მარტივად არაფერი არაა მოწყობილი, გეთანხმებით! მაგრამ ხელისუფლების კარის მოაზროვნეებს, ვინც მკვლელობებზე და უკიდურეს სისასტიკეზე ჩუმადაა, მე ინტელექტუალებს ვერ დავუძახებ - ეს ჩემი უფლებაა.
    თქვენი უფლებაა არ დამეთანხმოთ და ეს ნორმალურია!

    ReplyDelete
  13. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete